ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა ხდება ბათუმში ახალი ავტობუსების შესყიდვაზე, რისთვისაც 7 მილიონია გამოყოფილი

30.08.2022 • 1729
რა ხდება ბათუმში ახალი ავტობუსების შესყიდვაზე, რისთვისაც 7 მილიონია გამოყოფილი

ბათუმისთვის ახალი მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად ტენდერი ამ დრომდე არ არის გამოცხადებული. ბათუმის მერიაში და „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამ ეტაპზე ვერც ის გვითხრეს, რამდენი ავტობუსის შეძენაა წელს დაგეგმილი.

ბათუმის ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყებაზე ბათუმის მერმა თითქმის ორი თვის წინ განაცხადა. ქალაქის ბიუჯეტში კი, ავტობუსების შესაძენად 7 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უნდა გამოაცხადოს. როგორც ვიცით, ბაზრის კვლევა უკვე დასრულებულია. კონკრეტულად როდის გამოაცხადებენ ტენდერს და რამდენი ავტობუსის შესყიდვაზე, ჩვენთვის ამ დროისთვის უცნობია“, – უთხრეს „ბათუმელებს“ მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

„ტენდერის გამოცხადებამდე გარკვეულ დეტალებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ამ დროისთვის უცნობია, როდის და რა პირობებით გამოცხადდება ტენდერი. მით უმეტეს, უცნობია შესასყიდი ავტობუსების რაოდენობაც და სავარაუდო ღირებულებაც“, – გვითხრეს შესყიდვების სააგენტოში.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ვერ დაგვიკონკრეტეს, რატომ არის უმჯობესი, ტენდერი სააგენტომ გამოაცხადოს და არა თავად „ავტოტრანსპორტმა“ ან ბათუმის მერიამ.

„გამჭვირვალობა იქნება მაღალი. ამასთან, ჩვენც იგივე დრო დაგვჭირდებოდა ტენდერის გამოსაცხადებლად, რაც სააგენტოს დასჭირდება. წინა შემთხვევაშიც, 40 ავტობუსის შესყიდვაზე, ტენდერი სააგენტოს ჰქონდა გამოცხადებული“, – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“.

„კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში კონკურენციის ხარისხი გაცილებით მაღალია, შესაძლოა შესყიდვა საერთაშორისო დონეზეც გავიდეს“, – გვითხრეს შესყიდვების სააგენტოში.

„დავიწყეთ პროცედურები ბათუმის ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით. აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ფინანსური რესურსის მობილიზებით, ბათუმს 60 ერთეული, თანამედროვე სტანდარტის, ახალი ავტობუსი შეემატება“, – ეს განცხადება ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა 2022 წლის 7 ივლისს გააკეთა.

ავტოპარკის განახლებაზე მერმა განცხადება 19 ივლისსაც გააკეთა: „ბათუმის ბიუჯეტი 38 მილიონ 252 ათასი ლარით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად განპირობებულია ორი კომპონენტით. ერთი, საკუთარი შემოსავლების ზრდით, რომელიც 34 მილიონ ლარზე მეტია და მეორე, კაპიტალური ტრანსფერით, რომელიც 4 მილიონ ლარს შეადგენს და მიმართულია მუნიციპალური ავტოპარკის განახლებისკენ.“

ბათუმის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებებით გაიზარდა „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირება. თუ ამ კომპანიას ქალაქის ბიუჯეტიდან თვეში 895 833 ლარი ერიცხებოდა [ანუ წლის განმავლობაში ჯამში 10 750 000 ლარი იყო განსაზღვრული], ბიუჯეტში ცვლილების შემდეგ, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სუბსიდირება [საოპერაციო დეფიციტის დაფარვა], თვეში გაიზარდა 1 308 558 ლარამდე [ანუ წლის განმავლობაში 15 702 700 ლარი].

პარალელურად, „ბათუმის ავტოტრანსპორტისათვის“ მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად, დამატებით გამოიყო 7 მილიონი ლარი.

ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ასევე აღნიშნულია, რომ „2022-2024 წლებში 65 ერთეული ავტობუსი იქნება შეძენილი“. ამასთან, „მუნიციპალური ავტობუსების შეძენა მრავალწლიანი პროექტია (2022-2024 წ.წ.), რომლის ღირებულება – 45 884 533 ლარია“.

„წლის განმავლობაში კომპანია უზრუნველყოფს საშუალოდ 16 500 000 მგზავრის გადაყვანას… ამასთან, თვითმმართველობა იღებს ვალდებულებას, შეინარჩუნოს მგზავრობის ფიქსირებული მინიმალური საფასური. არსებული ფინანსური გაანგარიშებით, საწარმოს შემოსავლები არ არის საკმარისი მისი შეუფერხებელი მუშაობისათვის. საწვავისა და სათადარიგო ნაწილების ფასის მზარდი ტენდენციიდან გამომდინარე, საწარმოს შემოსავლები ხარჯებთან მიმართებაში უარყოფითია. საწარმოს დაფინანსებით მოიხსნება მიმდინარე პერიოდში არსებული პრობლემები, რაც სამომავლოდ აისახება საქალაქო ტრანსპორტის გამართულ და შეუფერხებელ მუშაობაზე“, – აღნიშნულია ქალაქის ბიუჯეტით დაფინანსებულ შესაბამის პროგრამაში.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ავტოპარკში შემდეგი ავტობუსები აქვთ:

  • 60 ერთეული „ზონდა“ – ე.წ. ყვითელი ავტობუსები [რომლებიც მთლიანად ჩასანაცვლებელია];
  • 40 – „ისუზუ“ [ლურჯი, ახალი]
  • 40 – „ისუზუ ატამან“ [ლურჯი, ახალი]
  • 8 – ელექტროავტობუსი
  • 6 – „ბოგდანი“ [საგარეუბნო]

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/431912/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: