მთავარი,სიახლეები

მსხვერპლი თავშესაფრით მაშინაც ისარგებლებს, თუ კაცის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემს – კანონპროექტი

09.12.2022 • 847
მსხვერპლი თავშესაფრით მაშინაც ისარგებლებს, თუ კაცის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემს – კანონპროექტი

„თავშესაფრის მომსახურების მიწოდება არ არის დამოკიდებული მსხვერპლის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ან პროკურატურის ორგანოებთან ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ,“ – ეს კანონპროექტის ჩანაწერია, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება. პარლამენტი „სტამბოლის კონვენციის“ შესაბამისად ცვლილებების შეტანას აპირებს კანონში.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით უკვე იმსჯელა.

ცვლილებების მიხედვით, ქალმა შეიძლება თავშესაფრით სარგებლობა მაშინაც ითხოვოს, როცა ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. თავშესაფრის ადმინისტრაცია კი, სპეციალური კრიტერიუმებით დაადგენს, საჭიროა თუ არა ეს.

„მსხვერპლის მიერ თავშესაფრის მოთხოვნისას, როცა მსხვერპლი არ თანამშრომლობს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან [ანუ, მსხვერპლის დაცვის უზრუნველსაყოფად არ მიმდინარეობს შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემის პროცესი ან ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არ ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნის ღონისძიებები] თავშესაფრის მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება თავის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების/სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით იღებს გადაწყვეტილებას მისთვის თავშესაფრის მომსახურების მიწოდების ან მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ,“ – აღნიშნულია საკანონმდებლო ცვლილებებში.

ამავე ცვლილებების მიხედვით, თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსების ვადა 3-დან 4 თვემდე იზრდება. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა შესაძლოა გაგრძელდეს.

———–

2014-დან 2022 წლის ჩათვლით საქართველოში 186 ქალი მოკლეს, 129-ჯერ კი, ქალის მკვლელობა სცადეს.

სახალხო დამცველის ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 2021 წელს ოჯახში ძალადობის 9376, ასევე ქალთა მიმართ სხვა ძალადობის 744 შემთხვევაზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მათგან მხოლოდ 15 მოძალადეს გაუკეთეს ელექტრონული სამაჯური.

ქალთა მკვლელობის მზარდი მაჩვენებლის მიუხედავად, „სისხლის სამართლის კოდექსში“ ფემიციდის მუხლის შეტანის ინიციატივას პარლამენტი წლებია მხარს არ უჭერს. ეს ინიციატივა ჯერ კიდევ 2014 წელს პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიას ჰქონდა.

2017 წელს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ფემიციდის შესახებ „რესპუბლიკელების“ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

ფემიციდი ისეთ მკვლელობას აღწერს, რომლის მსხვერპლიც ქალია და „რომელიც ხდება ქალის გენდერთან დაკავშირებული მიზეზით“.

ამ თემაზე:

ქალთა მოძრაობა კანონში ფემიციდის განმარტებას ითხოვს – რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: