მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ გვტკივა წელი და როგორ ვიმკურნალოთ – ექიმის რჩევები

09.12.2022 • 36880
რატომ გვტკივა წელი და როგორ ვიმკურნალოთ  – ექიმის რჩევები

დაჭიმულობა და ტკივილი წელის არეში შესაძლოა უხერხულმა მოძრაობამ, მძიმე ნივთის აზიდვამ ან სულაც სიცივემ გამოიწვიოს. თუმცა ბათუმის სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი, ნუგზარ გურგენიძე ამბობს, რომ ყველა შემთხვევაში ეს სწორედ ხერხემლის პრობლემაა, რომელიც მოსახლეობის დიდ ნაწილს მცდარად, მხოლოდ „ძვლოვან სტრუქტურად წარმოუდგენია“.

  • ბატონო ნუგზარ, რატომ გვტკივა წელი?

პირველ რიგში, მაინც მივდივართ იქითკენ, რომ წელის ტკივილის ძირითადი მიზეზი არის ხერხემლის სვეტის დაზიანება, მაგრამ თავად ხერხემლის სვეტი არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურა. ეს არის ძვლოვანი სტრუქტურა, რომელსაც იჭერს მისი კუნთები და ასევე, შემაერთებელი ქსოვილი, ყვითელი იოგები და კუნთები, მალთაშუა დისკი, რომლის პულპოზური ბირთვის დაზიანების ძირითადი გამოვლინებაც არის წელის ტკივილი და მალების სახსრები.

უხშირესად წელის ტკივილის ძირითადი გამომწვევი არის, რა თქმა უნდა, ფიზიკური დატვირთვა, უხერხული მოძრაობა, ჭარბი წონა და კუნთების გადაციება.

ხშირად, პაციენტები, რომელთაც ტკივილი ეწყებათ, მიზეზს თირკმელში ეძებენ და თავიდან უროლოგს მიმართავენ ხოლმე. რა თქმა უნდა, შარდკენჭოვანი დაავადებაც იწვევს წელის ტკივილს, მაგრამ ის ცოტა განსხვავებული ტკივილია, მაგალითად: ძლიერი, მკვეთრი ტკივილი გვერდებსა და უკან, ნეკნების ქვემოთ, ტკივილი ტალღებად, რომლის ინტენსივობაც იცვლება, ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვის დროს და სხვა.

  • როგორი ტკივილი ახასიათებს ხერხემლის სვეტს წელის არეში?

როცა ტკივილი წელის არეში აღმოცენდება სიმძიმის აღების, რაიმე მანიპულაციის ან შემცივნების შემდგომ, ამ შემთხვევაში ტკივილის სინდრომი არის ძალიან მაღალი, ის იწყება წელის არეში, კუნთები იჭიმება, პაციენტი შეიძლება გაშეშდეს ერთ პოზაში [ე.წ. წელკავი] და ვეღარ გაექანოს, ვერ დაჯდეს, ვერ ადგეს, რადგან ნებისმიერი მოძრაობა იწვევს ტკივილის მომატებას. ასეთი ტკივილი რთული დასათმენია.

თუ ასეთ შემთხვევაში წამალი თავის დროზე არ გაკეთდა, ტკივილის სინდრომი იქნება ძალიან მაღალი დონის.

შესაძლოა წელის არეში პაციენტს ჰქონდეს ქრონიკული, მუდმივი ტკივილი, მაგრამ ხან დაბალი, ხან მაღალი ინტენსივობის, რომელიც წამლის მიღების შემდეგ იკლებს. ასეთი ტკივილით წლობით დადის ხალხი, თუ პაციენტი სიმძიმეს არ აზიდავს, წონაშიც არ მოიმატებს ძალიან, ასეთ შემთხვევებში თიაქარი არ ყალიბდება.

წელის ტკივილი, რომელიც არ გადადის ქვემო კიდურებში, არ იწვევს ქვემო კიდურების ტკივილს, ნერვული ფესვების დაზიანებას და ა.შ., არის ყველაზე იოლი გამოვლინება.

  • სიმძიმის გამო კუნთის დაჭიმვა გასაგებია, მაგრამ კუნთების გადაციებისას რა ხდება?

კუნთის გადაციება იწვევს კუნთის შეკუმშვას, მის დაჭიმვას, რის გამოც ამ კუნთებში მდებარე ნერვული დაბოლოებები განიცდიან ზეწოლას, ამის გამო იკვრება ე.წ. მანკიერი წრე – როგორც კი ნერვი გაღიზიანდება, ესე იგი, კუნთი უნდა შეიკუმშოს, შეიკუმშა კუნთი – უფრო მეტად გაღიზიანდა ნერვული დაბოლოება. ასეთ შემთხვევაში ტკივილის სინდრომი მატულობს და კუნთების, მისი შემაერთებელი აპარატის, ყვითელი იოგების დაჭიმულობა იწვევს დამატებით მალთაშუა დისკის ირგვლივ ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებასაც.

შემოდგომასა და ზამთარში წელს სჭირდება მოფრთხილება, მიზეზი შეიძლება გახდეს ორპირი ქარიც, კონდიციონერის ზეგავლენა.

ანუ ცივი ჰაერის ზემოქმედების ან ცივი ობიექტის, მაგალითად, ქვის/რკინის კედელზე მიყრდნობის შედეგად აღმოცენებული ტკივილი, კუნთებისა და ნერვის გადაციების ერთ-ერთი გამოვლინებაა.

  • რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს წელის ტკივილი და როდის მივმართოთ ექიმს?

ამ ტკივილის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხსა და მკურნალობის კურსზე.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი მკურნალობის საწყის ეტაპზე – პირველ და მეორე დღეს შეიძლება რაღაც ეფექტი მივიღოთ, მაგრამ თუ მკურნალობა არ გაგრძელდა 7-10 დღის განმავლობაში და მკურნალობას შევწყვეტთ იმის გამო, რომ აღარ გვაქვს ტკივილის სინდრომი, ის განახლდება, იმიტომ, რომ ეს არის არაინფექციური ბუნების ანთების გამოვლინება კუნთებში, ანთებითი პროცესი 1 და 3 დღეში არ გადის, მას აქვს თავისი მკურნალობის მეთოდი.

თუ 5 დღის შემდეგ ვერ მივიღეთ ეფექტი და ტკივილი გაგრძელდა, პაციენტმა უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა, კერძოდ, ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია. ეს არის უნივერსალური გამოკვლევა, სადაც კარგად ჩანს ძვლოვანი სტრუქტურაც, რბილქსოვილოვანი სტრუქტურა, კარგად ჩანს მალთაშუა დისკი, ფესვები, ნერვული სისტემა და ჩვენ კარგად ვხედავთ, არის თუ არა ზეწოლა ფესვზე, რა დონის ზეწოლა არის მასზე ან რა დონეზე არის მალთაშუა დისკი დაზიანებული.

  • როგორია ამ დროს პირველადი დახმარება და რამდენად უსაფრთხოა თვითმკურნალობა?

როგორც წესი, ასეთი ტკივილის დროს მოსახლეობა იწყებს თვითმკურნალობას, მეზობლების, ახლობლების გამოცდილების მიხედვით, მათ შორის, იკეთებენ ნემსსაც, რაც არ არის რეკომენდებული.

პირველი დახმარება ასეთი ტკივილისას არის წელის შალით შეხვევა, სითბო და ამასთან ერთად შეგიძლიათ ყოველგვარი გართულების გარეშე გამოიყენოთ სხვადასხვა მალამო, თერმო-კრემები, მაგრამ მედიკამენტების მიღება/ნემსის გაკეთება, მეზობლის, ნაცნობის გამოცდილებით, ექიმის გარეშე არ შეიძლება.

მაგალითად, წამალს, რომელიც ამ დროს გამოიყენება და განსაკუთრებით უხდება ნერვულ დაბოლოებებს, ფესვს, ნერვს, აქვს ძალიან დიდი გამაღიზიანებელი ეფექტი კუჭ-ნაწლავზე. თუ ადამიანს აქვს კუჭის წყლული, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კოლიტი, სხვა წყლულოვანი დაავადება, შეიძლება ეს წყლული გაურთულდეს სისხლდენით, რაც შემდგომში დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანს. ამიტომაც არის, რომ მის გაკეთებამდე საჭიროა კუჭის დამცავის მიღება.

ამ დროს გამოიყენება ჩვეულებრივი გამაყუჩებლებიც, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი ეფექტი, უმჯობესია ექიმთან კონსულტაციის შედეგად გამოიყენონ არა ჰორმონული ან ჰორმონული სტეროიდები, მიორელაქსანტები, რომლებიც კუნთებს ადუნებს.

როცა პაციენტს ტკივილი უხანგრძლივდება 5-ზე მეტი დღე, აგრძელებს თვითმკურნალობას მედიკამენტებით, რომლებიც არც ისე იაფია და თან შედეგი არ ჩანს, ვურჩევთ, რომ გაიკეთონ ე.წ. ბლოკადა.

ბლოკადა არის მათთვის, ვისაც აქვს ტკივილის სინდრომი წელის არეში, ის არის ძვირი, მისი მოქმედება 6-8 თვეა, ზოგს კი წელიწადი, წელიწად-ნახევარი ჰყოფნის, თუ რაიმე მძიმე არ ასწია.

  • რა პროცედურაა ბლოკადის დაყენება?

ეს არის ეპიდურალური ბლოკადა და ნევრალური ხვრელის ბლოკადა, რომელიც კეთდება, რა თქმა უნდა, საოპერაციოში, რენტგენის კონტროლქვეშ.

თუ მედიკამენტური მკურნალობა 5-7 დღის შემდეგ არ გვაძლევს შედეგს, გამოკვლევის შემდეგ კეთდება ეს პროცედურა. ხერხემალში წვეტიან მორჩებს შორის ხდება ნემსით შესვლა, თვითონ ხერხემლის არხში, მაგრამ ამ დროს არ ხდება შეხება ფესვებთან, ზურგის ტვინთან, ეს კეთდება რენტგენის კონტროლქვეშ, ამ დროს გამოიყენება სპეციალური მეთოდები, მაგალითად, საკონტრასტო ნივთიერება, რომლის დახმარებითაც ვხედავთ, სად ვიმყოფებით.

პაციენტები ინტერესდებიან ხოლმე – ბლოკადა გამაყუჩებელია თუ სამკურნალო. საქმე ის არის, რომ ეს არ არის უბრალოდ გამაყუჩებელი ნემსი, ის პრეპარატები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, მუშაობენ ნერვის შეშუპების მოსახსნელად, სისხლის მიმოქცევის აღსადგენად ფესვში და მუშაობენ ძალიან კარგად.

  • როგორია პროფილაქტიკა ჯანმრთელი წელის შესანარჩუნებლად?

ნაკლები მოძრაობა ან უმოძრაობა იწვევს კუნთების მოდუნებას და ეს ხდება ერთ-ერთი მიზეზი შემდეგ განვითარებული პრობლემებისა, ამიტომ ადამიანი უნდა იყოს აქტიური.

გარდა ამისა, ოსტეოქონდროზი მაინც არის ქრონიკული დისტროფიული პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ხერხემალში, ამიტომ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა დღეს იმუნურ სისტემას და იმას, თუ როგორ იკვებება ადამიანი, რომ კვების რაციონი იყოს კალციუმითა და D ვიტამინით მდიდარი.

შემდგომი არის წონის კონტროლი, რომ არ მოვიმატოთ წონაში და არ გაიზარდოს ზეწოლა ხერხემალზე.

ასევე მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომელთაც ხშირად უწევთ სიმძიმის აზიდვა, ყურადღება მიაქციონ ამ პროცესს, ყველაფერს აქვს თავისი წესი, ზედმეტი გადახრით აღებული სიმძიმე ძალიან დიდ და არასწორ ფიზიკურ დატვირთვას ახდენს ხერხემლის შემაკავშირებელ აპარატზე, ყვითელ იოგებზე, კუნთებზე და შეიძლება, მალთაშუა დისკი დაზიანდეს.

ასე, რომ ფიზკულტურა, ცურვა, წონის კონტროლი და სიმძიმის აზიდვასთან სიფრთხილე – ეს არის მთავარი პროფილაქტიკა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: