ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა

05.12.2022 •
ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე  – კვლევა

„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა. სამუშაო სპეციალისტების მიერ შესაბამისი კვლევების ჩატარებასაც მოიცავდა.

აჭარის მთავრობიდან, ასევე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და ბათუმის მერიიდან „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე – დაწყებულია თუ არა მუშაობა ზღვისგან დაცვის ახალ სტრატეგიაზე.

დოკუმენტის მომზადება, რომელშიც გარდაუვალ კატასტროფაზეა საუბარი, კერძო კომპანიას ტენდერის გარეშე შეუკვეთა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ.

„ბათუმში შავი ზღვის სანაპირო ზოლში – გამწმენდი ნაგებობის მოპირდაპირედ, ასევე, აეროპორტის ასაფრენი ბილიკის და  ახალი ბულვარის მიმდებარე მონაკვეთზე პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოების (პლაჟის გასამაგრებელი სამუშაოების) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე“, – შპს „ქოსთ დიზაინთან“ ხელშეკრულება 2022 წლის 22 მარტს გააფორმა სამინისტრომ.

თუმცა ბათუმის პლაჟის გასამაგრებლად ზღვის ხელოვნური კვება [ხრეშის შეტანა] აუცილებელი რომ იყო, ეს საქართველოს, აჭარისა და ბათუმის მთავრობებმა მანამდეც, სულ ცოტა, სამი წლის წინ მაინც იცოდნენ [იცოდნენ 6 წლის წინათაც].

2019 წლის ბოლოს ხრეში ნაპირდამცავ ნაგებობასთან იმ კომპანიამ შეიტანა და ხელოვნური პლაჟი მოაწყო, რომელმაც ნაპირის გასამაგრებლად ლოდების ბერმა გააკეთა. მაშინდელი გათვლებით ახალი ბულვარის გაგრძელებაზე მოწყობილ ნაპირდამცავ ნაგებობასთან ყოველწლიურად მინიმუმ 25 ათასი კუბური მეტრი ხრეში უნდა დაეყარათ.

თუმცა არ დაყარეს და… ზღვამ აქ ხელოვნურად მოწყობილი პლაჟი წაიღო და იმ ლოდების დაშლაც დაიწყო, რომელთა დალაგებაშიც სახელმწიფომ 50 მილიონზე მეტი ლარი გადაიხადა. „ბათუმელებმა“ ოფიციალურ უწყებებში დღემდე ისიც ვერ გაარკვია, ვინ უნდა უპატრონოს ამ ნაგებობას.

ხელისუფლება მოქმედებას მაშინ იწყებს, როცა ზღვა პლაჟს, სანაპირო ზოლს და ინფრასტრუქტურას ერთად ანგრევს.

ამის მაგალითად ისიც კმარა, რომ ბოლო, 2022 წლის 27 ნოემბრის შტორმამდე, ბათუმში დამანგრეველი შტორმი 2021 წლის 22 დეკემბერს და 2022 წლის 5 თებერვალსაც იყო.

ბათუმის ახალ ბულვარში 2022 წლის თებერვალში შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო [ლურჯი ხაზით] და მის გაგრძელებაზე, 27 ნოემბერს დაზიანებული სანაპირო [წითელი ხაზით]

სანაპიროზე ხრეშის შეტანა კი, აჭარის მთავრობამ 2022 წლის მარტში გადაწყვიტა და პროცესი 7 თვის შემდეგ, ნოემბერში დაიწყო:

ხრეშის შეტანა „ქოსთ დიზაინის“ მიერ მომზადებული პროექტის საფუძველზე დაიწყო, რომელშიც „გარდაუვალ კატასტროფულ მოვლენებზე“ მთავრობას კიდევ ერთხელ მიუთითეს. ამასთან, პროექტით, ხრეშის შეტანა მხოლოდ პლაჟის აღდგენა-შენარჩუნებას გულისხმობდა უკვე დაზიანებულ ადგილებში და არა ნაპირგამაგრებას. ამ დოკუმენტის მომზადებიდან დღემდე კი, ზღვამ დამატებით სულ ცოტა 300 მეტრი სიგრძის სანაპირო წარეცხა და ინფრასტრუქტურაც დააზიანა.

1-2 და 3 წერტილებით აღნიშნულია ადგილები, სადაც ამჯერად ხრეში ხელოვნურად შეაქვთ [წითელი და ლურჯი ხაზებით კი ბოლო შტორმების დროს დაზიანებული ნაპირია აღნიშნული]. აღსანიშნავია, რომ ხელოვნურად შეტანილი ხრეშის ნაწილი [წერტილი – 1], როგორც აქ დასაქმებულმა „ბათუმელებს“ უთხრა, ზღვამ უკვე წაიღო. ხრეში ამჯერად შეაქვთ წერტილში – 1, აეროპორტის ასაფრენი ზოლის მოპირდაპირედ.

„ვიცით, რომ 5-6 ბალი შტორმის დროს, ბათუმის სანაპიროს პრობლემები აქვს. 400 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანას რაც შეეხება, მე რამდენადაც მახსოვს, იმ 800-900 მეტრ მონაკვეთზე იყო გათვლილი, სადაც წარეცხა პლაჟი. ახლა თუ დამატებით კიდევ წარეცხა, რაღაც კორექტირება შეიძლება დასჭირდეს პროექტს – ახალი მონაკვეთი არ ვიცი, სად მოხდა. ეს 400 ათასი რაღაც სტაბილიზაციისთვის უნდა ეყოს, მომავალში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყოველწლიურად შეტანა“, – გვითხრა გეომორფოლოგმა თემურ მეტრეველმა, რომელიც, როგორც თავად ამბობს, პროექტის მომზადების დროს ერთ-ერთი კონსულტანტი იყო და ბათუმშიც იმყოფებოდა.

აუცილებელია თუ არა ხრეშის შეტანის პროექტში ცვლილებები, „ბათუმელებს“ აჭარის სამინისტროდან არც ამ კითხვაზე უპასუხეს.

რაც შეეხება ახალ სტრატეგიაზე მუშაობას, მთავრობას და მის ქვემდებარე სამსახურებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შტორმის შედეგად ბათუმის სანაპიროსთვის მიყენებული ზარალიც არ აქვთ დათვლილი.

თემურ მეტრეველის თქმით, ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია კვლევებისა და მათემატიკური მოდელირების შემდეგ უნდა გადაწყდეს.

„ეს სტრატეგია მომავალში აუცილებლად იქნება გასაკეთებელი. სხვადასხვა ვარიანტი არსებობს ზღვისგან დაცვის – წყალქვეშა ტალღმტეხები შეიძლება გაკეთდეს, შეიძლება წყალზედა… „მე ვფიქრობ წყალზედა ტალღმტეხების აშენება მომავალში იქნება კარგი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კვლევებისა და მოდელირების საფუძველზე, იმიტომ, რომ ასეთი ტალღმტეხები საქართველოში არსად გვაქვს, იტალიაში აკეთებენ, მაგალითად.

თემურ მეტრეველის თქმით, ტალღმტეხი უნდა მოეწყოს მთელი ბათუმის პლაჟის გასწვრივ ყოველ 100-150 მეტრში [2-3 მეტრ სიღრმეზე] ლოდების ჩაწყობით [წყალქვეშა – ეს არის მთლიანად წყალში, არ ჩანს ნაპირიდან, წყალზედა კი – ნაგებობები, ანუ ლოდების კონსტრუქცია, რომლებიც ზღვის ზედაპირზე ამოდის და ხილულია.]

მისივე თქმით, ეს ხელს შეუშლის აბრაზიულ პროცესებს, ნაპირის წარეცხვას, თუმცა რაღაც მასალა მაინც შესატანი იქნება ხელოვნურად, იმიტომ, რომ მხოლოდ ტალღმტეხების გაკეთება არ იქნება საკმარისი, მით უმეტეს, პლაჟების შესანარჩუნებლად: „მასალის შემოტანა საჭირო იქნება, მაგრამ, ადრე თუ შემოგვქონდა ვთქვათ, 100-120 ათასი კუბური მეტრი ხრეში, შემდეგ შეიძლება 20-25 ათასი კუბური მეტრი იყოს საჭირო, ანუ ბევრად ნაკლები.“

როგორ იმუშავებს ხრეშის ხელოვნურად შეტანა – რა დროში და რა მონაკვეთზეა პლაჟის აღდგენა მოსალოდნელი ამჯერად, თემურ მეტრეველი ამბობს, რომ ზუსტი პროგნოზის გაკეთება ვერ მოხერხდება: „ვნახოთ, როგორი მდგომარეობა იქნება, იმიტომ რომ ზღვის აქტივობა ყოველთვის არ ჰგავს ერთმანეთს – შეიძლება ისე გავიდეს წელი, რომ საერთოდ არ იყოს შტორმი… მთავარი პრობლემა ბათუმის სანაპიროსთვის არის ის, რომ ჭოროხიდან ზღვაში პრაქტიკულად აღარაფერი შემოდის ნატანის სახით“.

2022 წლის 27 ნოემბრის შტორმის დროს დანგრეული სანაპირო ბათუმის ახალ ბულვარში / ფოტო: 3.12.2022

 

 

ამავე დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმის კონცხზე, „როდესაც მასალის დაგროვება აღწევს გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს, საკმარისია ერთი ძლიერი შტორმი ან მცირე სიმძლავრის მიწისძვრა, რათა მოხდეს პლაჟის მნიშვნელოვანი ტერიტორიის მოწყვეტა და ჩაზვავება 50 მეტრზე მეტ სიღრმეზე, როგორც მოხდა 1999 წლის იანვარში. მას შემდეგ, დღემდე, იახტკლუბთან მუდმივად ხდება მასალის დაგროვება და წინ წაწევა…

ნაპირის ბუნებრივი ფლუქტუაცია ბათუმის კონცხზე, საფრთხეს უქმნის ნებისმიერ ნაგებობას, რომელიც პლაჟზე არის განლაგებული. მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში.

როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო ჩვენთვის უცნობია.“

ბათუმის სანაპიროს პრობლემებზე „ბათუმელები“ წლებია წერს და ყველა სპეციალისტი პრობლემად ზღვაში ნატანის დეფიციტს ასახელებდა:

  • ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით.
  • გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგებოდა;
  • თავის დროზე მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობამ თურქეთში, მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა;
  • ამას დაერთო ჰესების მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე და ჭოროხზე საქართველოში; ასევე ჭოროხის დელტაში თავმოყრილი ინერტული მასალების მშენებლობებზე გამოყენება;
  • შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა
  • შეწყდა ხელოვნური კვებაც, რამაც გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის მიმართულებით, რაც დღესაც გრძელდება.

ნაპირის გამაგრებას ლოდების ჩაწყობით ზოგი სპეციალისტი ადრეც ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ნაგებობები ისე მოაწყვეს, რომ ზღვისგან დაცვის სტრატეგია სახელმწიფოს არ გააჩნდა და არც დღეს აქვს. შედეგად კი, ზღვამ ადლია-ბათუმთან ჯამში ჰექტრობით ხმელეთი მიიტაცა.

ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/63452/

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: