განათლება,მთავარი,სიახლეები

სამინისტრო პედაგოგების ხელფასზე კითხვებს უპასუხოდ ტოვებს, პოსტების რეკლამაში $6 ათასს ხარჯავს

09.12.2022 • 1322
სამინისტრო პედაგოგების ხელფასზე კითხვებს უპასუხოდ ტოვებს, პოსტების რეკლამაში $6 ათასს ხარჯავს

რატომ ვერ იღებენ პედაგოგები სტატუსის სრულ დანამატს და რატომ აისახება საათების რაოდენობა დანამატის მიღებაზე, მაშინ, როცა სტატუსის ასამაღლებლად და იმისთვის, რომ ხელფასი გაეზარდოთ, პედაგოგებს პროფესიული გამოცდების ჩაბარება უწევთ?

ეს და სხვა კითხვები თავად მასწავლებლებს აქვთ და ამაზე სოციალურ ქსელშიც წერენ ხოლმე ღიად. ამბობენ, რომ კითხვებს სამინისტროსაც უსვამენ, თუმცა ვერ იღებენ პასუხებს. საქართველოს კანონმდებლობით ამ კითხვებზე პასუხის მიღება შეიძლება რამდენიმე გზით – მათ შორის სამინისტროს შეუძლია ხშირად დასმულ კითხვებს უპასუხოს უწყების ოფიციალურ გვერდებზე, თუმცა სამინისტროს ეს ფუნქცია გვერდზე დამატებული არ აქვს. 

განათლების სამინისტროს ფეისბუქგვერდის დათვალიერებით კი ჩანს, რომ უწყება ძირითადად მინისტრის ვიზიტებს არეკლამებს. 

განათლების მინისტრმა ფეისბუქზე რეკლამაში ბოლო ორ წელიწადში 6 175 დოლარი დახარჯა. დაფინანსებული პოსტები ძირითადად მინისტრის უცხოეთში ვიზიტებსა და საზეიმო ღონისძიებებს ასახავს.

განათლების სამინისტრო არც მედიისთვისაა ღია, მათი ურთიერთობა მედიასთან ძალიან ხშირად ერთი სიტყვით შემოიფარგლება – „მოგვწერეთ“.

უწყება თითქმის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე დუმილს ამჯობინებს და ძირითადად მისი ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან სოციალურ ქსელებში დაფინანსებული პოსტებით შემოიფარგლება.

მაგალითად, ორი დღეა ცდილობს „ბათუმელები“ განათლების სამინისტროსა და მასწავლებლის სახლისგან მიიღოს პასუხები კითხვებზე მასწავლებლების ხელფასების ზრდის პრინციპთან დაკავშირებით, თუმცა ორივე უწყება თითს ერთმანეთისკენ იშვერს და მედიასთან საუბარზე უარს ამბობს.

სამინისტროსთვის ასევე გვინდოდა გვეკითხა, ხომ არ გადახედავს სახელმწიფო ამ პოლიტიკას მომავალში, ხომ არ აპირებს სახელმწიფო გაზარდოს მასწავლებლის საბაზო ხელფასი და ამით მაინც გაათანაბროს დღეს არსებული დისბალანსი. ან თავის დროზე რატომ გადაწყვიტეს, რომ სტატუსიანი მასწავლებელი მხოლოდ მაშინ შეძლებს სრული დანამატის მიღებას, თუ ფლობს 15 საათს ან მეტს სკოლაში, თუმცა ჯერჯერობით ამაზე ოფიციალური კომენტარი მათ არ გაუკეთებიათ.

 

განათლების სამინისტროს პოსტების რეკლამები ფეისბუქში

2021 წლის მონაცემებით, უფროსი მასწავლებლისათვის სტატუსის დანამატი განისაზღვრება 670 ლარით, წამყვანი მასწავლებლისათვის – 1050 ლარით, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი 1350 ლარს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 15-ზე მეტი საათი  ექნება. სკოლებში მასწავლებლის საბაზო ხელფასის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა განათლება აქვს პედაგოგს და მუშაობის რამდენწლიანი სტაჟი.

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის, რომელსაც აქვს მაგისტრის დიპლომი და 15-წლიანი მუშაობის სტაჟი,  მინიმალური ხელფასი 548 ლარი იქნება, სხვა შემთხვევაში – 400 ლარი.

პედაგოგი სტატუსის დანამატს იმ შემთხვევაში აიღებს სრულად, თუ მას 15 ან მეტი საათი აქვს.

მასწავლებლების თქმით, მიდგომა არასამართლიანია და ანაზღაურების სისტემა უნდა შეიცვალოს.

________________________

მსგავს თემაზე:

რაზე უნდა იყოს დამოკიდებული პედაგოგის ანაზღაურება – სტატუსსა თუ საათებზე?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: