ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

პლაჟის მოწყვეტის და ზღვაში ჩაზვავების რისკი მაღალია – რა ხდება ბათუმის კონცხზე

10.12.2022 • 15428
პლაჟის მოწყვეტის და ზღვაში ჩაზვავების რისკი მაღალია – რა ხდება ბათუმის კონცხზე

ნატანი მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში. როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო ჩვენთვის უცნობია – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მთავრობის შეკვეთით მომზადდა და რომლის საფუძველზეც ბათუმში ზღვის სანაპიროზე ხრეშის ხელოვნურად შეტანა დაიწყო.

„მიუხედავად იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს კონცხის სხვა მონაკვეთებზე, იახტკლუბთან ხდება ნაპირის მუდმივი წინ წაწევა და მასალის ჩაზვავება. ნაპირის ბუნებრივი ფლუქტუაცია ბათუმის კონცხზე, საფრთხეს უქმნის ნებისმიერ ნაგებობას, რომელიც პლაჟზე არის განლაგებული“, – აღნიშნულია ამავე დოკუმენტში, რომელიც სპეციალისტების ჩართულობით, შპს „ქოსთ დიზაინმა“ 2022 წელს მოამზადა.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს დოკუმენტი მთავრობის დაკვეთით მომზადდა, სავარაუდოდ ამ რისკების შესახებ ცნობილია, როგორც აჭარის, ისე საქართველოს მთავრობისთვის. თუმცა, უცნობია, რას გეგმავენ ბათუმის სანაპიროს დასაცავად.

ბათუმის კონცხი / 10.12.2022

ბათუმის სანაპირო ზოლი ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში. ჭოროხის შესართავიდან ახალი ბულვარის მიმართულებით აქ ნაპირი ირეცხება, ბათუმის კონცხზე კი, გროვდება დიდი რაოდენობით ნატანი, რომელიც დროთა განმავლობაში ზღვის სიღრმეში [ბათუმის კანიონში] იკარგება.

ბათუმის კონცხთან 1999 წლის 14 იანვარს, ბათუმის დეზის აღმოსავლეთით, ნაპირს მოწყდა და მყისიერად დაიკარგა ზღვაში დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი [დაახლოებით 1,2 ჰექტარი].

ზღვის კანიონი ბათუმის კონცხთან. 1999 წელს დეზსა და იახტკლუბს შორის დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის და 60 მეტრი სიგანის პლაჟი მოწყდა ნაპირს და კანიონში ჩაიკარგა.

ბათუმის კონცხი / პლაჟი დეზის მიმდებარედ / 10.12.2022

„ქოსთ დიზაინის“ მიერ მომზადებული დოკუმენტიდან:

  • „აჭარის სანაპირო ზოლის ექსპოზიციამ, აქ გაბატონებული დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ტალღების მიმართ, განაპირობა მყარი ნატანის ნაპირგასწვრივი ნაკადის მოძრაობა სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით, მდ. ჭოროხის შესართავიდან მდ. ნატანების შესართავის რაიონამდე.
  • აღნიშნული ნაპირგასწვრივი ნაკადი ახლო წარსულში თითქმის მთლიანად საზრდოობდა მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში გამოტანილი მყარი ნატანით, რომლის მოცულობა ბევრად აღემატებოდა იმავე ნაკადის ტევადობას.
  • მე-19 საუკუნის ბოლოს (1885-1892 წ.წ.) დაიწყო ბათუმის პორტის მშენებლობა. იმ დროისათვის ბათუმის კონცხს არ გააჩნდა ამჟამინდელი მკვეთრი მოხაზულობის ფორმა, ხოლო მისი დისტალური ნაწილი ჯერ არ იყო მიბჯენილი ბათუმის წყალქვეშა კანიონის სათავეებთან, ამიტომ სამხრეთიდან მოსული ნაპირგასწვრივი ნატანის ის ნაწილი, რომელიც კიდევ სცდებოდა კონცხს, იწვევდა პორტის აკვატორიის დასილვა-გამეჩხერიანებას.
  • ამის თავიდან ასაცილებლად კონცხის დისტალურ ნაწილში აშენდა 170 მეტრი სიგრძის მოლი, რამაც დააჩქარა კონცხის წინ წაწევის ბუნებრივი პროცესი. მოლის გასწვრივ ნაპირი გაიზარდა დაახლოებით 200 მეტრით, ხოლო წყალქვეშა ფერდის დახრილობამ მიაღწია მაქსიმალურს.
  • ბათუმის კონცხმა მიაღწია განვითარების ზღვრულ ფორმას და მიებჯინა ბათუმის წყალქვეშა კანიონს. ამის გამო ციცაბო წყალქვეშა ფერდზე ხდება დიდი მოცულობის ნატანის დაგროვება და შემდეგ მისი გადაადგილება დიდ სიღრმეებზე, რაც ხელს უწყობს წყალქვეშა ფერდზე მეწყრული პროცესების განვითარებას.
  • ბათუმის პორტის მოლების აშენების და ბათუმის კონცხის თანამედროვე ფორმით ჩამოყალიბების შემდეგ პლაჟწარმომქმნელი მასალის გადაადგილება ნავსადგურის ჩრდილოეთით მდებარე ზღვის სანაპირო ზონაში მთლიანად შეწყდა – დაიწყო ქ. ბათუმის ჩრდილოეთით მდებარე სანაპირო ზონის წარეცხვის პროცესი…“

ბათუმის კონცხის შესახებ [ამავე დოკუმენტიდან]

პლაჟი ბათუმის კონცხთან / 10.12.2022

„ბათუმის კონცხის დისტალური ნაწილი მეტად არამდგრადი წარმონაქმნია. ზოგადად, მუდმივად გროვდება მოტანილი მასალა კონცხზე და შემდგომ შესაბამისი მიმართულების ღელვებით, ეს მასალა იახტკლუბის შესასვლელის მიმართულებით გადადის, რის შედეგადაც ამ უბანზე ნაპირი მუდმივად წინ იწევა.

ნაპირის წინ გაწევას აქ ზღუდავს ბათუმის კანიონის სათავე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ნაპირს.

როდესაც მასალის დაგროვება აღწევს გარკვეულ კრიტიკულ ზღვარს, საკმარისია ერთი ძლიერი შტორმი ან მცირე სიმძლავრის მიწისძვრა, რათა მოხდეს პლაჟის მნიშვნელოვანი ტერიტორიის მოწყვეტა და ჩაზვავება 50 მეტრზე მეტ სიღრმეზე, როგორც მოხდა 1999 წლის იანვარში.

მას შემდეგ, დღემდე, იახტკლუბთან მუდმივად ხდება მასალის დაგროვება და წინ წაწევა. სანაპირო ხაზების შედარება გვიჩვენებს, რომ 2007-2009 წლებში, ნაპირის ხაზი, ორ დეზს შორის, შესაბამისად 54-40 მეტრზე იყო უკან დახეული 2015-თან შედარებით.

ამავე დროს დელფინარიუმის საკომპრესოროს წინ ნაპირის ხაზი 18 მ-ით წინ იყო გაწეული 2015-თან შედარებით.

დელფინარიუმის საკომპრესორო ბათუმის იახტკლუბთან / 10.12.2022

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იახტკლუბთან ხდებოდა მასალის დაგროვება და ნაპირის წინ წაწევა, საშუალოდ 2 მ/წელიწადში სიჩქარით.

მიუხედავად იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობენ კონცხის სხვა მონაკვეთებზე, იახტკლუბთან ხდება ნაპირის მუდმივი წინ წაწევა და მასალის ჩაზვავება.

ნაპირის ბუნებრივი ფლუქტუაცია ბათუმის კონცხზე, საფრთხეს უქმნის ნებისმიერ ნაგებობას, რომელიც პლაჟზე არის განლაგებული.

მასალის მუდმივი დაგროვება იახტკლუბთან აუცილებლად გამოიწვევს პლაჟის მოწყვეტას და ჩაზვავებას კანიონში. როდის მოხდება ეს პროცესი და ექნება თუ არა მას კატასტროფული ხასიათი, დამოკიდებულია ბევრ შემთხვევით პროცესზე და მისი ზუსტი დრო ჩვენთვის უცნობია.“

პლაჟი ბათუმის კონცხთან / 10.12.2022

დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა, აღნიშნულია ასევე, რომ „ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“.

____

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ ბმულზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/451501/

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: