სახელმწიფოს მხრიდან დაშვებული ერთი შეცდომაც კი, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებში, უპატიებლად უნდა შეფასდეს – ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.
ამავე სასამართლომ უპატიებლად შეაფასა პოლიციის, პროკურატურის უმოქმედობა, რამაც 2014 წელს ახალგაზრდა ქალის – მარიამ წივწივაძის მკვლელობა გამოიწვია. 33 წლის ლექტორი მოძალადე ქმარმა უნივერსიტეტის დერეფანში მოკლა.
საქმე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ აჩვენებს, თუ რამდენად მიუტევებელია, როცა სამართალდამცავი ორგანოები გულგრილობას იჩენენ ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ და არ რეაგირებენ.
მსხვერპლი ქალი შვიდი თვის განმავლობაში სისტემატურად ატყობინებდა პოლიციას, რომ საფრთხე ელოდა ქმრისგან, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და მოითხოვდა პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირებას. პირველი განაცხადის დროს, პოლიციელმა ქალს აუხსნა, რომ არ შეეძლო მისი ქმრის დაპატიმრება, რადგან მისი (ქმრის) ძალადობრივი საქციელის თვითმხილველი პოლიცია არ ყოფილა და მხოლოდ იმიტომ, რომ მას მოკვლით ემუქრებოდა, „მაშინ როცა ფიზიკურად არ დასხმია თავს“, მოძალადეს ვერ დააკავებდა.
პოლიციელმა ქალს ურჩია პრობლემის მოსაგვარებლად ძმებისთვის მიემართა და „ძვლების დამტვრევით“ ეძიათ მასზე შური.
პოლიციამ ვერც მაშინ შეაფასა სათანადოდ საფრთხე, როცა ქმარი ახალგაზრდა ქალს სამსახურში მივარდნითა და ხელყუმბარით აფეთქებით დაემუქრა.
ევროპული სასამართლო გაოცებულია იმით, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა არ გამოიყენეს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული არც ერთი შემაკავებელი ზომა მოძალადესთან მიმართებაში, მათ შორის არც შემაკავებელი ორდერი, რომელიც პოლიციას დაუყოვნებლივ შეეძლო გამოეცა.
„პოლიციის უმოქმედობა კიდევ უფრო მიუტევებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობის ჩათვლით, იყო მთავარი სისტემური პრობლემა ქვეყანაში“ – ამბობს ევროპის სასამართლო. მისი შეფასებით, ახალგაზრდა მოკლულ ქალთან მიმართებაში სამართალდამცავმა ორგანოებმა აჩვენეს „იმ ნაბიჯების გადადგმის ხანგრძლივი უუნარობა,“ რასაც რეალურად შეეძლო ტრაგიკული შედეგის შეცვლა ან ზიანის შემცირება.
„აღმაშფოთებელი უგულებელყოფით“ ხელისუფლების ორგანოებმა ვერ გამოიჩინეს განსაკუთრებული მზრუნველობა მოკლული ქალის მიმართ, რისი კულმინაციაც მისი სიკვდილი იყო.
2014 წელს საქართველოში 33 ქალი მოკლეს.
სტრასბურგის სასამართლოს მიერ „სისტემის მარცხად“ შეფასებულმა საქმემ სახელმწიფოს ვერც მომდევნო წლებში ასწავლა რაიმე, რადგან 2014-დან 2022 წლის ჩათვლით საქართველოში 186 ქალი მოკლეს, 129-ჯერ კი ქალის მკვლელობა სცადეს.
- რატომ ვერ ხდება დანაშაულის პრევენცია?
„ჩვენი კანონმდებლობა ძალიან კარგად განსაზღვრავს, რას ნიშნავს პრევენცია“, – ამბობს შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გოგა ხატიაშვილი „ბათუმელებთან“.
მისი თქმით, კანონი კონკრეტულად თვლის იმ ღონისძიებებს, რაც კარნახობს სახელმწიფოს, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოს პრევენცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე.
„პრევენცია არის ეკონომიკური, სამართლებრივი და სხვა ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია ძალადობის აღკვეთისკენ, დამნაშავეთა დასჯისკენ, მათი ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლთა რეაბილიტაცია-ადაპტაციისკენ.
სამწუხაროდ, ეს ღონისძიებები ან საერთოდ არ სრულდება პრაქტიკაში, ან სრულდება ძალიან ფრაგმენტულად“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
ფემიციდის პრევენცია მსხვერპლი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასაც გულისხმობს, რასაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს.
„მოძალადეზე ეკონომიკური დამოკიდებულების გამო მსხვერპლი იძულებულია არ ისაუბროს ძალადობაზე ან დაგვიანებით მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს დასახმარებლად.
გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, შესაძლოა მსხვერპლმა განაცხადოს, რომ არ აქვს პრეტენზია მოძალადის მიმართ, სწორედ ამ დამოკიდებულების გამო. თუ გვინდა, რომ მსხვერპლმა სამუდამოდ დააღწიოს თავი ძალადობრივ გარემოს, ეს მათი ეკონომიკური გაძლიერების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
ხატიაშვილის თქმით, ფემიციდი, როგორც წესი, არ ხდება სპონტანურად, მანამდე მიმდინარეობს ქალის დაქვემდებარება სხვადასხვა ფორმით. „ხდება ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა, ფემიციდი კი ამ ყველაფრის კულმინაციაა“, – ამბობს ხატიაშვილი.
მისი აზრით, პოლიტიკის სისუსტეს ასევე განაპირობებს ისიც, რომ სახელმწიფოს არ აქვს ყოვლისმომცველი და ერთიანი კოორდინირებული ხედვა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.
- გენდერულად ნაკლებად მგრძნობიარე სასამართლო
„პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან არასათანადო ძალისხმევის გაღების გარდა, ხშირად სასამართლოც ლოიალურია დამნაშავეების მიმართ და არ ხდება სათანადო სიმძიმის აღკვეთი ღონისძიებების და სასჯელის გამოყენება, რაც იქნება ერთგვარი გარანტორი იმისა, რომ ბრალდებული აღარ გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას“, – გვეუბნება გოგა ხატიაშვილი.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მოსამართლეებს გენდერული მგრძნობელობა აკლიათ? – გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ ასეა და ხშირად მოსამართლეებიც კი, ისევე როგორც პოლიციელები, წინასწარი განწყობით და სტერეოტიპებით მოქმედებენ, რაც განაპირობებს შეცდომებს.
ამის შესახებ გვესაუბრება ეკა მუზაშვილიც, „საფარის“ იურისტი აჭარაში, რომელიც საუბრობს კონკრეტულ შემთხვევებზე, როცა მოსამართლემ, დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, მოძალადე მაინც გაათავისუფლა გირაოთი.
„ამჟამად ორი ასეთი საქმე მაქვს, როცა სასამართლომ გირაოთი გამოუშვა ძალადობაში ბრალდებული და მან ამის შემდეგ ისევ ჩაიდინა დანაშაული, სასამართლომ ისევ გამოუშვა გირაოთი და მხოლოდ დანაშაულის მესამედ ჩადენის შემდეგ დააკავეს მოძალადე“, – ამბობს ეკა მუზაშვილი.
ის ისეთ შემთხვევასაც იხსენებს, როცა მოძალადემ ნახევარ წელიწადში დააგროვა ორი ნასამართლობა. მოძალადე მუდმივად აკითხავდა მსხვერპლს სახლში, სამსახურში და მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.
„წარმოიდგინეთ, დაშორდით ადამიანს და ის ყოველდღე გხვდებათ სახლთან, სამსახურთან, გთხოვს, რომ შეურიგდე, გეუბნება – „რა პასუხს გასცემ შვილებს?“ და ასე შემდეგ.
ოთხი შემაკავებელი ორდერი გამოიცა ამ პერიოდში, მაგრამ მაინც არ მიიღო სასამართლომ ამ პირის დაკავების გადაწყვეტილება. მოსამართლემ მიიჩნია, რომ რა პრობლემაა, თუკი ვიღაცას ვიღაც უყვარს და სადღაც დახვდება“, – ამბობს ადვოკატი.
რა არგუმენტი აქვს მოსამართლეს, როცა დამნაშავეს გირაოთი ათავისუფლებს? – ვკითხეთ ადვოკატს. ეკა მუზაშვილი ამბობს, რომ სწორედ არგუმენტების სიმწირეა პრობლემა სასამართლოს მხრიდან.
„როცა არაერთი დანაშაული აქვს ადამიანს ოჯახში ჩადენილი და სასამართლო პროცესზეც კი ეტყობა აგრესია, ისედაც უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომ ეს პირი დანაშაულს გაიმეორებს. თუმცა ამ რისკებს მაინც ვერ აფასებს“ – ამბობს ის.
მუზაშვილის თქმით, სასამართლოსგან განსხვავებით, პროკურატურა უფრო იღებს ზომებს და ოჯახში ძალადობაზე ხშირად ითხოვს პატიმრობას, „მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესეც შაბლონური გამოდის, რადგან პატიმრობას როცა ითხოვ, მეტი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინო, რისი მოძიება ნამდვილად შეუძლია პროკურატურას, მაგრამ არ ცდილობენ.
თუმცა პროკურატურამ ის მიდგომა მაინც დაამკვიდრა, რომ ძალადობაზე – იქნება ეს ხელის მოჭერა, თმაში მოქაჩვა თუ დარტყმა, ითხოვს პატიმრობას“, – ამბობს ეკა მუზაშვილი.
სასამართლოს მხრიდან რისკის ვერშეფასების პრობლემაზე საუბრობს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძეც.
„ჩვენს პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა მოსამართლეს გირაო გამოუყენებია აღკვეთ ღონისძიებად, თუმცა მსხვერპლთან მიახლოება, ტელეფონით კომუნიკაცია არ აუკრძალავს მოძალადისთვის და ამის შემდეგ ისევ გრძელდებოდა მსხვერპლზე ძალადობა.
აქამდე არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ შეცდომებზე ვერ სწავლობს სასამართლო და თუკი, აქამდე გირაოთი გამოსულმა რომელიმე მოძალადემ ფემიციდი არ ჩაიდინა, ესეც შემთხვევითობა ან იღბალია“, – ამბობს ანა თავხელიძე.
იურისტის თქმით, არც ერთი სამართალდამცავი უწყება რისკებს არ აზღვევს. შესაბამისად, არ აანალიზებს, არ აფასებს იმას, თუ რომელ რგოლში იყო ჩავარდნა, რა ვერ შეაფასა სწორად პოლიციამ, პროკურატურამ ან მოსამართლემ.
„ბათუმელებმა“ ქვეყანაში მოქმედ ყველა სასამართლოს მიმართა წერილობით და მოითხოვა გირაოთი გათავისუფლებული იმ პირების სტატისტიკური მონაცემები, ვინც ფემიციდი ჩაიდინა. სასამართლოებმა ინფორმაცია არ მოგვაწოდეს და მიზეზად დაასახელეს, რომ „აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება მოითხოვს დიდ დროს და რესურსს, რაც სასამართლოს არ გააჩნია“.
ანა თავხელიძის თქმით, ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის სტამბოლის კონვენციით, სახელმწიფო ვალდებულია დეტალურად დაამუშაოს სტატისტიკური მონაცემები, აწარმოოს კვლევები, შეაფასოს არსებული მდგომარეობა და ამის შემდეგ თქვას, რამდენად ეფექტურია არსებული მექანიზმები ფემიციდის შესაჩერებლად, რა ბარიერებს აწყდებიან შესაბამისი უწყებები და რამდენად მწვავეა პრობლემა.
„შსს ამბობს, რომ დანერგა რისკის შეფასების მექანიზმი, თუმცა ფაქტია, რომ ეს მექანიზმი არ არის ეფექტური ფემიციდის შემთხვევების ზრდიდან გამომდინარე. სახელმწიფო, ისე, რომ არ სწავლობს ამ პრობლემას, ქაოსურად მუშაობს ფემიციდის პოლიტიკაზე.
ამ პოლიტიკის არაეფეტურობის კიდევ ერთი მაგალითია ახალგაზრდა ქალის საქმე, რომელიც საიამ და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) წაიღეს სტრასბურგში 2018 წელს.
ეს არის შემთხვევა, როცა მსხვერპლმა, მარიამ წივწივაძის მსგავსად, 16-ჯერ მიმართა პოლიციას ყოფილი მეუღლისგან თავის დაცვის მიზნით, „თუმცა სახელმწიფო ორგანოებმა მას სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს“, – წერს საია.
საბოლოოდ ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს, მას სხეულზე ყოფილი მეუღლის მიერ მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა, მოძალადეს კი მსჯავრი დაედო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
ევროპულ სასამართლოში საია და EHRAC-ი ამტკიცებდნენ, რომ გარდაცვლილ ქალთან მიმართებაში დარღვეული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები.
სახელმწიფომ ვერ დაიცვა ქალი განგრძობადი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან მეუღლის/ყოფილი მეუღლის მხრიდან, არ გამოიძია თვითმკვლელობამდე მიყვანა ფემიციდის თვალთახედვით, დანაშაულის გამოძიებისა და დასჯის პროცესში არ გაითვალისწინა გენდერულად სენსიტიური მიდგომები და საქმეში არსებული დამამძიმებელი გარემოებები“, – წერს საია.
სწორედ ასეთი გარემოებები შეაფასა სტრასბურგის სასამართლომ „უპატიებლად“, როდესაც სახელმწიფო უწყებების უმოქმედობის შედეგად დაიკარგა სიცოცხლე ან საჯარო მოხელის ან დაწესებულების გულგრილობის ან შეცდომის შედეგად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ქალი.
- ელექტრონული ზედამხედველობა, როგორც ფემიციდის პრევენციის მექანიზმი
2020 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა ელექტრონული ზედამხედველობის სისტემა, რაც მანამდე არ არსებობდა ქვეყანაში. ზედამხედველობის ეს ფორმა გამოიყენება მაშინ, როცა მოძალადეზე გაცემულია შემაკავებელი ორდერი და მას აკრძალული აქვს მსხვერპლთან მიახლოება, რადგან არსებობს ძალადობის გამეორების რეალური საფრთხე.
ელექტრონულ ზედამხედველობას მოძალადეზე აწესებს პოლიცია, მსხვერპლის თანხმობით.
„როცა ზედამხედველობის ეს სისტემა გააკეთა შსს-მ, მაშინ მეც ამ უწყებაში ვიყავი და კანონპროექტზეც მომიწია მუშაობა. გაეროს ქალთა ორგანიზაციაც დაგვეხმარა ამ პროექტის განხორციელებაში, მაგრამ პრაქტიკაში რომ შევხედოთ, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
ჩემი ინფორმაციით, 2020-2021 წლებში მხოლოდ 21 პირის მიმართ იყო გამოყენებული ეს ზომა“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი. ეს მაშინ, როცა ამ წლებში საქართველოში ფემიციდის 40 შემთხვევა იყო.
ხატიაშვილის აზრით, ელექტრონული ზედამხედველობის გამოუყენებლობას შესაძლოა ჰქონდეს ორი მიზეზი. პირველი, ეს არის მსხვერპლის თანხმობა ელექტრონულ სამაჯურზე, რაზეც ხშირად უარს ამბობს თავად მსხვერპლი და მეორე – ეს არის რისკების შეფასების ინსტრუმენტთან დაკავშირებული ხარვეზები.
„პირველი მიზეზის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლს პოლიციელმა სათანადოდ აუხსნას, თუ რას გამოიწვევს ელექტრონული სამაჯურის გამოუყენებლობა, რა რისკებთანაა ეს დაკავშირებული.
საფრთხის რეალურობას აფასებს პოლიციელი, რისკების შეფასების ინსტრუმენტის საფუძველზე.
რისკის შეფასების ინსტრუმენტი არის კითხვების ჩამონათვალი. მსხვერპლს შესაძლოა არ ესმოდეს კითხვის შინაარსი და შესაძლოა ეს იყოს უარის თქმის საფუძველი მსხვერპლის მხრიდან, ამიტომ მხოლოდ ტექნიკურად ამ შეკითხვების დასმა საკმარისი არ არის“, – ამბობს გოგა.
მისი თქმით, თუ რისკის შეფასების ინსტრუმენტს აქვს ხარვეზები, ეს არის დროულად გადასახედი, რადგან ელექტრონული ზედამხედველობა პოლიციელის ხელში არის პრაქტიკული ბერკეტი, რომელიც მას გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.
ხატიაშვილის თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის შემდეგ მინიმუმამდე დავიდა როგორც ფემიციდის შემთხვევები, ასევე ფემიციდის მცდელობა.
უნდა დადგეს თუ არა იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ვერ შეაფასა რისკი და არ მიიჩნია საჭიროდ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება? – ვკითხეთ მას. ხატიაშვილის თქმით, პოლიციელთა მხრიდან გადაცდომები ან მათ მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადების ფაქტები უნდა შეისწავლოს შესაბამისმა უწყებამ, რაც ფემიციდის შემთხვევებში, ფაქტობრივად, არ ხდება საქართველოში.
პოლიციელისა, პროკურატურის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხრიდან რისკების ვერშეფასების შედეგი იყო ის, როცა 2021 წელს, ქობულეთში, 14 წლის მოზარდმა, რომელიც ფსიქოლოგიური, სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, თავი მოიკლა.
ანა თავხელიძის თქმით, ეს ფაქტიც ფემიციდის შემთხვევად უნდა განვიხილოთ, „რადგან ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანა სამართალდამცავი უწყებების უმოქმედობამ გამოიწვია“.
პარლამენტარ თამარ კორძაიას თქმით, დღეს არსებული სისხლის სამართლის კოდექსი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ფემიციდის მოტივით ჩადენილი მკვლელობის გამო დამნაშავე დაისაჯოს ძალიან მკაცრად. თუმცა შესაბამისი უწყებების არაეფექტურად მოქმედების გამო, ძალადობა ხშირად სრულდება ფემიციდით.
- „შენი სიჩუმე კლავს“… „არ დახუჭო თვალი“
„თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ფემიციდს უნდა ვებრძოლოთ, ეს ვერ მოხდება მხოლოდ პოლიციისა და პროკურატურის დონეზე, არამედ კომპლექსურად უნდა დაიწყოს ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა“, – გვითხრა გოგა ხატიაშვილმა.
მისი აზრით, რადგან ფემიციდი რეალურად ეს არის გენდერული უთანასწორობის პროდუქტი – როცა კაცი ქალს აღიქვამს დაქვემდებარებულად და ცდილობს მოიპოვოს მასზე უფლებები, ამ უთანასწორობის აღმოსაფხვრელად აუცილებელია ერთობლივი ბრძოლა.
„არც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უნდა გვესმოდეს ისეთი შეფასებები, რაც პირდაპირ ან ირიბად ახალისებს ქალების ჩაგვრას, მათ დისკრიმინაციას. ამიტომ საჭიროა ცნობიერების ამაღლების კამპანია, როგორც პრევენციის ერთ-ერთი ნაწილი.
მაგრამ ცნობიერების ამაღლების კამპანიას მაშინ აქვს აზრი, თუ ეს კამპანია ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებას, მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამების განხორციელებას და ასე შემდეგ.
მე არ ვაკნინებ არც ერთი სახელმწიფო უწყების ძალისხმევას, თუმცა ცნობიერების ამაღლებაზე, ინფორმირებულობაზე, ერთი რომელიმე უწყების ძალისხმევა ვერ იქნება საკმარისი. ის ღონისძიებები, რომლებსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს ამ მიმართულებით, არის სუსტი და ფრაგმენტული, ამიტომ ვერ ვაღწევთ პრევენციას“, – ამბობს ხატიაშვილი.
მიმდინარე წელს საქართველოს პროკურატურამ ფემიციდის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო – მოამზადა 7 ვიდეორგოლი და გამოფინა 38 ბილბორდი, მათ შორის, დაამზადეს 15 ციფრული ბილბორდი. რამდენიმე ქალაქში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს მოქალაქეებთანაც.
თუმცა, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სახელმწიფოს ამ კამპანიისთვის ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს. კლიპებისა და ბილბორდების დამზადება საქართველოში აშშ-ის საელჩომ დააფინანსა, რისთვისაც $28,612 გამოყვეს.
საელჩოს ინფორმაციით, ბილბორდები საქართველოს მასშტაბით უნდა განთავსდეს, კლიპები კი სატელევიზიო ეთერში გადის.
„ერთ კამპანიას გააკეთებენ სოციალური ქსელის საშუალებით ან დაამზადებენ სატელევიზიო რეკლამას და ეს ჰგონია სახელმწიფოს მთელი ამბავი. ფრაგმენტული, ერთჯერადი კამპანიები კეთდება ძირითადად და სტრატეგიულად დაგეგმილი, კომპლექსური ხედვა ამასთან დაკავშირებით არ არის.
ამ კლიპებსაც ხშირად არაკვალიფიციური ადამიანები ამზადებენ და არც სამიზნე ჯგუფებია სწორად შერჩეული. კამპანიებს არ ახასიათებს პერმანენტულობა, ამიტომაც არ აქვთ ძალადობის მსხვერპლებს ინფორმაცია არც სახელმწიფო სერვისებსა და არც იმაზე, საჭიროების შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ“, – ამბობს იდა ბახტურიძე, ორგანიზაციის – „ქალები საერთო მომავლისთვის“ წარმომადგენელი.
მისი აზრით, სახელმწიფო უწყებების მხრიდან ერთიანი სტრატეგია მნიშვნელოვანია, რადგან ანტიფემიციდური ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს ყველგან, სადაც კი ადამიანებს ხელი მიუწვდებათ.
„იქნება ეს სავაჭრო ცენტრები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, აფთიაქები თუ სხვა, რადგან მხოლოდ ტელევიზიაში დატრიალებული კლიპი ეფექტს ვერ მოგვცემს.
როცა ადამიანი დახმარებას ითხოვს, ყველა უწყება უნდა იყოს მობილიზებული, დღეს არც ერთია და არც მეორე“, – ამბობს იდა ბახტურიძე.
2020-2021 წლებში ანუ პანდემიის დროს საქართველოში ფემიციდის 40 შემთხვევა აღირიცხა, თუმცა სამართალდამცავი უწყებები ირწმუნებოდნენ, რომ ოჯახში ძალადობაზე მიმართვიანობა შემცირებული იყო.
„შემცირებული იყო იმიტომ, რომ მსხვერპლი ვერ აღწევდა პოლიციამდე. კარანტინი იყო, არ მოძრაობდა ტრანსპორტი და ეს არ ნიშნავს, რომ ქალებზე არ ძალადობდნენ“, – ამბობს იდა ბახტურიძე.
მისი აზრით, ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ ქალების ბრძოლა.
„მე მგონია, რომ კაცებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რადგან ის, რაც ხდება, არის მათი შესაცვლელიც.
სამწუხაროა, რომ ქალების მკვლელობები დღემდე ვერ გახდა საზოგადოებისთვის პრიორიტეტული და ვერ გამოიწვია საზოგადოების ემპათია. ფაქტია, რომ ამ სიტუაციის გარდატეხა რეალური უნდა გახდეს“, – ამბობს იდა ბახტურიძე.
2014 წლიდან დღემდე ანუ მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ფემიციდის სტატისტიკის წარმოება დაიწყო, ფემიციდის შედეგად დაობლებული რამდენი ბავშვი განთავსდა სახელმწიფო ზრუნვაში ან დარჩა მეურვის მზრუნველობის ქვეშ, უცნობია.
„ბათუმელებმა“ მხოლოდ ბოლო ორი წლის მონაცემები მოიპოვა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ზრუნვაში 20 არასრულწლოვანი ბავშვი გაიყვანეს. ამ წლებში საქართველოში 31 ქალი მოკლეს.
ამ ოციდან, როგორც ბავშვზე ზრუნვის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, 3 ბავშვი მინდობით აღზრდაში განთავსდა, 11 ბავშვზე დაწესდა მეურვეობა/მზრუნველობა, ხოლო 6 ბავშვთან დაკავშირებით სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ განუსაზღვრავს ზრუნვის ფორმა.
____________
მთავარ ფოტოზე: „წითელი ფეხსაცმელები“ – აქცია ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ, ბრიუსელი, 2019 წელი. ფოტო: EPA-EFE/STEPHANIE LECOCQ