სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მრევლს მიმართავს, ილოცონ “ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა“, რომლებიც ბაბილონის მეფემ დასჯის მიზნით ღუმელში ჩაყარა, ისინი კი სრულიან უვნებლები გადარჩნენ.
„ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა,- ყოვლადწმინდა სამება.
მინდა შეგახსენოთ ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა: – ანანია, აზარია და მისაელისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით ისეთ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, რომ მის ახლოს მყოფი ადამიანებიც ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან და ცეცხლის მხურვალებამ ვერაფერი დააკლოთ.
შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს”, – წერს პატრიარქი.
განახლება 04:23 – საპატრიარქო აცხადებს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის.
“ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება. შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო” – საქართველოს საპატრიარქო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ანდრეი ბელუსოვი, რომელიც მანამდე პირველი ვიცე-პრემიერი იყო.
„ტასის“ ცნობით, უშიშროების სამინისტროებისა და სამსახურების ხელმძღვანელები, ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, შეინარჩუნებენ თავიანთ პოსტებს მთავრობაში, შოიგუ კი უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს დაიჭერს.
სერგეი შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. მანამდე ის მოსკოვის ოლქის გუბერნატორი და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსი იყო. შოიგუ პროფესიით ინჟინერ-მშენებელია.
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ იწყებენ გაფიცვას რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით და აღარ გამოცხადდებიან აუდიტორიებში.
12 მაისი მონაცემებით, სტუდენტურ გაფიცვას ერთდებიან:
საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტები
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები
ალტეს უნივერსიტეტის სტუდენტები
საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები
სტუდენტების გაფიცვის ტალღა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიწყეს. 11 მაისს სტუდენტების ჯგუფმა საგანგებო განცხადება გააკეთა თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში, მათ უარი თქვეს აუდიტორიებში შესვლაზე და გაფიცვისკენ სხვა სტუდენტებსა და ლექტორებსაც მოუწოდეს.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება აუდიტორიებში მშვიდად ჯდომა. ეს არ არის ორდინალური ვითარება და ასეთი რეალობა ადეკვატურ ქცევას მოითხოვს“.
12 მაისს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ისინი დადგებიან მათი სტუდენტების გვერდით, მათ შორის აქციებზე, გაცდენილ ლექცია-სემინარებს კი მოგვიანებით აღადგენენ. განცხადებას ამ დროისთვის 150-ზე მეტი ლექტორ-მასწავლებელი აწერს ხელს.
საკუთარი სტუდენტების პროტესტს შეუერთდნენ ილიას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც. „რუსული კანონის მიღებით ზიანდება ჩვენი და ჩვენი სტუდენტების მომავალი და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მათ ვასწავლით – აზრს კარგავს. მაშინ, როდესაც ჩვენ და ჩვენს სტუდენტებს ქუჩაში უმოწყალოდ გვცემენ – საჭიროა გაერთიანება და ერთიანი ძალებით წინააღმდეგობის გაწევა“, – აცხადებენ ილიაუნის ლექტორები.
რა ხდება
საქართველოს დიდ ქალაქებში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს პეტიცია, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ დააფიქსირონ, რომ უერთდებიან გაფიცვას.
„ჩვენ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ილიას გზას და დღეიდან, 2024 წლის 12 მაისიდან ვემიჯნებით სასწავლო პროცესს იქამდე, სანამ ჩვენი გაფიცვა არ გამოიღებს შედეგს, სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროპულ გეზს და უარს იტყვის რუსული კანონის ამოქმედებაზე.
ამ განცხადებით ვადასტურებ ჩემს მონაწილეობას ამ ისტორიულ პროცესში და ვუერთდები გაფიცვას.“ – აღნიშნულია პეტიციაში, რომელსაც ხელს ამ დროისთვის 400-მდე სტუდენტი აწერს.
ბსუ-ს სტუდენტების ნაწილმა 11 მაისს განაცხადა, რომ უერთდებიან სტუდენტების გაფიცვას და არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში. განცხადება სტუდენტურმა მოძრაობა „მარტიანელებმა“ გაავრცელა, რომელიც ბოლო კვირებია ხალხმრავალ ანტირუსულ აქციებს მართავს ბათუმში.
ორშაბათიდან, 13 მაისიდან გაიფიცება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილიც. გაფიცვას უერთდებიან ასევე სტუდენტები სხვა უნივერსიტეტებიდანაც. მათ შორის თავისუფალი უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ალტე უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილიც.
საქართველოს დიდ ქალაქებში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მაისის 21 საათიდან 13 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 3-4 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 14 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 15 მაისს კი – უმეტესად უნალექოდ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 482 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260]
ტანკი – 7 454 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 14 375 ერთეული [+22]
საარტილერიო სისტემა – 12 472 ერთეული [+30]
MLRS – 1 066 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 797 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 350 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 910 ერთეული [+42]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 194 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 819 ერთეული [+64]
სპეცტექნიკა – 2 042 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
595 თვითმფრინავი
274 ვერტმფრენი
23 987 უპილოტო საფრენი აპარატი
516 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 992 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 290 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 526 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 634 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„2025 წლისთვის რუსეთს დაეწყება შიმშილი აღჭურვილობაში,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსეთს უკრაინელები ბრძოლის ველზე გაცილებით მეტ აღჭურვილობას უნადგურებენ, ვიდრე რუსეთი აწარმოებს.
კომპანია „ვისოლის“ მარკეტინგის გუნდმა სამსახური დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა სალომე გველესიანმა გაავრცელა.
„ბოლოდროინდელი მოვლენების რთული განვითარების გამო, ვემშვიდობები ვისოლს, კომპანიას და ბრენდს, რომლის ხელახლა დაბადებისთვისაც ბოლო წლებია ძალიან ბევრს ვშრომობ.
ვისოლის ლოგო შემთხვევით არ ქცეულა გზამკვლევ ვარსკვლავად. გვჯეროდა, რომ მომხმარებლებისთვის ის გახდებოდა გზებზე სიმშვიდის და უსაფრთხოების მთავარი სიმბოლო, ხოლო ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე – მოციმციმე შუქურად, მთავარ გულშემატკივრად და ძალის მიმცემ ბრენდად ფორმირდებოდა.
ვწუხვარ, რომ მოვლენები ისე განვითარდა, ამ გზაზე კომპანიასთან გამომშვიდობება გადავწყვიტეთ. დარწმუნებული ვარ, ქვეყნის ამ გამრუდებულ მიმართულებას გავასწორებთ და ერთად აღვასრულებთ ჩვენი თაობის მთავარ მისიას – გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
კეთილი მგზავრობა საქართველოს ამ გზაზე.
პ.ს. ცალკე დიდი პოსტი უნდა მიეძღვნას იმ გუნდს, ვისთან ერთადაც ამ ყველაფერს საოცარი ენთუზიაზმით და სიყვარულით ვაკეთებდი, მაგრამ ამაზე ცალკე…“ – წერს სალომე გველესიანი.
—
საქართველოში რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ფონზე „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა, ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
„ბუნებრივია, ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. თუმცაღა, აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამ, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, უმძიმეს განსაცდელში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა და მრავალი წლით დაგვწია უკან განვითარებული სამყაროსგან…
ქვეყნის ხელისუფლების გონივრული მიდგომებით უზრუნველყოფილია ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, და მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი დესტაბილიზაცია, რომელიც, მერწმუნეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებზე დაასხამს წყალს…“ – წერს სოსო ფხაკაძე.
დაახლოებით ერთი კვირის წინ კი, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ბიზნესმენებსა და მათ დაფუძნებულ ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს. ამ ჩამონათვალში არის „ვისოლიც“.
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ უერთდებიან სტუდენტების გაფიცვას და არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში. განცხადებას ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ავრცელებს, რომელიც ბოლო კვირებია ხალხმრავალ ანტირუსულ აქციებს მართავს ბათუმში.
„მიგვაჩნია, რომ ახლა ყველაზე დიდი გაკვეთილი რუსთაველის გამზირზე ტარდება.
არ შეიძლება მშვიდად ვუყურებდეთ სახელმწიფოს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას, კრიტიკულ აზრზე სასტიკი მეთოდებით გასწორებასა და მუქარის ზარებს.
ამრიგად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი/B S U-ს სტუდენტები ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და ვაცხადებთ, რომ გაფიცვის უფლების ფარგლებში არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში.
მოვუწოდებთ სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებს, საჯარო მოხელეებს, ახალგაზრდებსა და ზოგადად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ ვისაც ადარდებს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ვინც გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და მუქარის ზარებს – დადექით ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის, ენის, მამულის, სარწმუნოებისა და ქართველი ხალხის ერთობის სადარაჯოზე!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უარს ამბობს აუდიტორიებში შესვლაზე და გაფიცვისკენ სხვა სტუდენტებს და ლექტორებსაც მოუწოდებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საგანგებო განცხადება დღეს, 11 მაისს, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში გააკეთეს:
„დღეს უკვე საუბარი აღარ არის მხოლოდ ევროპული მომავლის დაცვაზე, რომლის დაკარგვასთანაც ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება აუდიტორიებში მშვიდად ჯდომა. ეს არ არის ორდინალური ვითარება და ასეთი რეალობა ადეკვატურ ქცევას მოითხოვს“.
საქართველოს დიდ ქალაქებში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ფეისბუქზე წერს, რომ მხარდაჭერას უცხადებენ თსუ-ს სტუდენტებს.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროტესტის ნიშნად, ორშაბათიდან უნივერსიტეტის აუდიტორიებს დატოვებენ და დილის 9 საათიდან პარლამენტის შენობასთან შეიკრიბებიან.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები მხარდაჭერას ვუცხადებთ თსუ-ს სტუდენტებს, რადგან ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ის ევროპული ღირებულებები და მომავალია, რომლის დაკარგვის პირასაც ვიმყოფებით ახლა“ – ვკითხულობთ სტუდენტური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უარს ამბობს აუდიტორიებში შესვლაზე და გაფიცვისკენ სხვა სტუდენტებს და ლექტორებსაც მოუწოდებენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საგანგებო განცხადება დღეს, 11 მაისს, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში გააკეთეს:
„დღეს უკვე საუბარი აღარ არის მხოლოდ ევროპული მომავლის დაცვაზე, რომლის დაკარგვასთანაც ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაპირებთ მდუმარედ შევეგუოთ ქვეყანაში მიმდინარე გაცხადებულ დიქტატურულ პროცესს. როგორც ჩანს, საკმარისი აღარაა მხოლოდ აქციებზე დგომა და ამ გზით პროტესტის გამოხატვა. როცა ქუჩაში ხმის ამოღება ბრუტალური მეთოდებით ისჯება, ჩვენთვის შეუძლებელი ხდება აუდიტორიებში მშვიდად ჯდომა. ეს არ არის ორდინალური ვითარება და ასეთი რეალობა ადეკვატურ ქცევას მოითხოვს“.
თბილისში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის შენობასთან, ასევე „ოცნების ქალაქში“ ქარმა ხეები წააქცია.
როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა უთხრა, 26 მაისის ქუჩაზე წაქცეული ხე რამდენიმე ადამიანს დაეცა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური.
ძლიერი ქარი ბათუმში. ფოტო: ევა ართმელაძე/ბათუმელები
მრავალსართულიან კორპუსს ქარმა სამშენებლო მასალები შემოაცალა.
მრავალწლოვანი ხე წააქცია ქარმა ასევე „ოცნების ქალაქში“, რომელიც სახლს დაეცა.
ადგილობრივი მცხოვრების თქმით, დაზიანდა სახლის სახურავი, თუმცა არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, „მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ დგას რამდენიმე ალვის ხე, რომლებიც გადაბელვას საჭიროებს. რამდენიმე თვის წინ მივწერეთ აჭარის ფინანსთა სამინისტროს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ.“
„ოცნების ქალაში“ ქარმა ხე წააქცია, რომელიც სახლს დაეცა / 11.05.2024
სინოპტიკოსთა ცნობით ბათუმში დღეს ქრის დასავლეთის ქარი 17-22 მეტრი წამში. პროგნოზით ქარი და წვიმაა მოსალოდნელი ბათუმში ხვალაც, 12 მაისს.
ირაკლი წიგნაძე, რომელიც სპეცრაზმის წევრებმა 11 მაისს ღამით, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მანქანიდან გადმოიყვანეს და სასტიკად სცემა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კარგადაა და საშიში არაფერი სჭირს.
ის მომხდარ ამბავს ასე აღწერს:
„ლეონიძეზე ავდიოდი და წინ მომადგა ამათი ავტობუსი. მე გავჩერდი რო გაეარათ. ყოველგვარი გაწევ-გამოწევის გარეშე თავისუფლად შეეძლოთ გაეარათ გვერდიდან, მაგრამ აიჩემეს შენ გაიწიეო. ანუ მე უნდა წავსულიყავი ზადნით, იმიტო რო ამათ გვერდიდან მოვლა არ უნდოდათ. ხან ერთი მოვარდა, ხან მეორე, მე ძალიან წყნარად და მშვიდად ვეუბნებოდი რო შეეძლოთ გაევლოთ გვერდიდან.
ბოლოს ალბათ მივხდნენ რო სრულ სიდებილეს ჩალიჩობდნენ და რო მე არ გავიწეოდი, ამიტომ დააპირეს მოვლა, მაგრამ ამ ოცმეთაურს გამჩენი არ ასვენებდა მაინც ალბათ – ჩემკენ გამოიშვირა ხელი და თავის „პაძელნიკს“ ეუბნება „ეს დედამ**** თუ არ გაიწევა რა ვქნათ გავიდეთ ჩვენო“. დიდად არ გავბრაზებულვარ მაგ კაცუნას გინებაზე მართალი რო ვთქვა. უბრალოდ, არ მინდა ეგონოთ რო მაგათი მუსკულების და ნიღბების ვინმეს ეშინია, ამიტომ მეც შევაგინე.
ეგ იყო და გადმოხტა მთელი ჯგრო და დამიწყეს რტყმა. არც ხელი შემიბრუნებია და მე მგონი მეტი აღარც შემიგინებია, მეცინებოდა ისეთი სახეებით და ისეთი შემართებით იბრძოდნენ ერთი ავტობუსი განრისხებული მამაკაცები ერთი ბიჭის და ორი გოგოს წინააღმდეგ )))) და ასჯერ რო მცემეს მერე ავტობუსთან რო დავდექი კიდე ერთმანეთს ახტებოდნენ, ვინმე უფრო მაგრა მაგინებდა შგნიდან, მაგაზე დავცინი ვიდეოში )))))
ოღონდ საერთოდ არ ვარ გაბრაზებული ამათზე, თვითონ არ იციან, სად არიან და რას ემსახურებიან და გონიათ რო კაცობენ რაღაცას. მთავარი პრობლემა არის ის, ვინც ესენი აუშვა. ვერც რუსეთი და ვერც ვერანაირი კანონი ვერ დაგვაზიანებს ისე, როგორც ეს ერთამენთის ჯიჯგვნა. უდიდესი სიბოროტეა ახლა რის კეთებაზეც გადავიდნენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რო არ გამოუვათ და ვერ გადაგვკიდებენ საბოლოოდ ერთმანეთს.
ამ კანონს კიდე ვერ გაიტანენ!“ – წერს ირაკლი წიგნაძე.
ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, სადაც საუბარია, რომ ნასვამმა მძღოლმა გზა არ დაუთმო სპეცრაზმის ავტობუსს, თუმცა არაფერია ნათქვამი სამართალდამცველების მიერ მოქალაქის სასტიკ ცემაზე:
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმის ინფორმაციით კი, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 481 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 320]
ტანკი – 7 449 ერთეული [+15]
ჯავშანტექნიკა – 14 353 ერთეული [+40]
საარტილერიო სისტემა – 12 442 ერთეული [+55]
MLRS – 1 064 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 796 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 349 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 868 ერთეული [+42]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 193 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 755 ერთეული [+64]
სპეცტექნიკა – 2 040 ერთეული [+9]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
594 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 951 უპილოტო საფრენი აპარატი
515 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 981 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 286 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 494 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 600 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„2025 წლისთვის რუსეთს დაეწყება შიმშილი აღჭურვილობაში,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსეთს უკრაინელები ბრძოლის ველზე გაცილებით მეტ აღჭურვილობას უნადგურებენ, ვიდრე რუსეთი აწარმოებს.
„2025 წლისთვის რუსეთს დაეწყება შიმშილი აღჭურვილობაში,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, რუსეთს უკრაინელები ბრძოლის ველზე გაცილებით მეტ აღჭურვილობას უნადგურებენ, ვიდრე რუსეთი აწარმოებს.
გადამდგარ გენერალს ასევე ვკითხეთ: რამდენად რეალურია მუქარა, რომ საყოველთაო პროტესტის ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ დასახმარებლად რუსეთს მიმართოს და რუსეთმაც საქართველოსთან ომი განაახლოს?
ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ პროვოკაციის დაწყება რუსეთს შეუძლია, თუმცა მთავარია, რა რეაგირება გვექნება საფრთხეზე. გადამდგარი გენერლის პოზიცია მკაფიოა: „რუსეთთან არავითარ შემთხვევაში მარტოდ დარჩენა არ შეიძლება. დღეს რუსეთთან პირისპირ მარტოდ დარჩენა ძალიან დიდი რისკის მატარებელია. არსებობს მარტო დარჩენის საფრთხე იმ სიგნალის მიხედვით, რაც ახლა დასავლეთიდან მოდის,“ – გვითხრა მან.
„ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ბატონო ვახტანგ, უკრაინის ომის შემდეგ, რა სამხედრო რესურსი აქვს მობილიზებული რუსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – როგორც პირადი შემადგენლობა, ისე ტყვია-წამალი, მძიმე ტექნიკა თუ საფრენი აპარატები?
ეს ძნელი სათქმელია, რამდენი გავიდა და რით შეივსო. როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალში ეს არის მეოთხე და მეშვიდე ბაზები, თითო გაძლიერებული ბრიგადის რაოდენობით [დაახლოებით 4000-4000 კაცი],რასაც ემატება ეფესბე-ს ძალები, რომელიც იქ ვითომდა ადმინისტრაციული საზღვრის დაცვაზე, უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული. ადგილობრივი ძალებია ასევე, რომელიც შეიძლება განხილული იყოს ამ მიმართულებაზე, თუმცა ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მის გაძლიერებას ვერ შეძლებს – მომიჯნავედ არიან საზღვარზე და შეუძლია ნაციონალური გვარდიით გააძლიეროს ეს მიმართულება.
ამას უნდა დავუმატოთ გიუმრის 102-ე ბაზა, რომელიც არ გასულა და ისევ სომხეთშია. აქვე საზღვართან არის კადიროვის ნაცგვარდიის ჩეჩნური დანაყოფიც – თავს არ იკლავენ უკრაინის ომში და ძირითადად მაინც ჩრდილოეთ კავკასიაში არიან კონცენტრირებული. რუსებს გააჩნია ძალა, რომ განახორციელოს პროვოკაცია და ეს პროვოკაცია გადაზარდოს შეიარაღებულ დაპირისპირებაში.
ძირითადად ეს ძალები დაკომპლექტებული არიან წვევამდელებით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დანაყოფით, რადგან კონტრაქტორები ძირითადად ფრონტის წინა ხაზზე არიან. ესენი პირველხარისხოვანი ძალები არ არიან, მაგრამ ადგილობრივ ძალებთან ერთად გარკვეულ ძალას ქმნის.
საქართველოში საყოველთაო პროტესტის ფონზე რუსი პროპაგანდისტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება დასახმარებლად მიმართოს რუსეთს, ძალაუფლება რომ შეინარჩუნოს. თქვენი ანალიზით, რამდენად რეალურია ეს მუქარა? იმის გათვალისწინებით, რომ „ოცნების“ რუსულ კანონს მხარს უჭერს კრემლი და არავინ იწონებს დასავლეთში, გაჩნდა შეხედულება, რომ შესაძლოა რუსეთმა ომი განაახლოს საქართველოსთან, თუნდაც უკრაინაში განცდილი წარუმატებლობის დასაბალანსებლად. ეს რამდენად რეალურია?
ეს შეკითხვა უფრო პოლიტიკურია, თუმცა გიპასუხებთ ჩემი გადასახედიდან. თუკი ხელისუფლება თვითონ იწვევს სხვა ქვეყნის ძალებს, მაშინ მათ ქვეყანაში შემოსვლის ლეგიტიმური უფლება აქვთ. თუ ომს აცხადებს და აგრესიას ახორციელებს რუსეთი, მაშინ შენი თავდაცვითი მექანიზმი ირთვება.
რუსეთს ომის გამოცხადება საქართველოსთან არც სჭირდება, ვინაიდან ომი ისედაც აქვს საქართველოსთან. ახლა არის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე ხელშეკრულება. ომი არ დამთავრებულა. ჩვენ ახალა ვიმყოფებით რუსეთთან გაყინული კონფლიქტის პირობებში.
მეორეცაა: რუსეთს სულ არ სჭირდება ომის გამოცხადება, შეუძლია პროვოკაცია მოაწყოს აფხაზეთში, ან ოსეთში და ისე ჩაგაბას ომში, მერე თქვას, მე არ დამიწყია ომიო… საუბარია პროვოკაციაზე და იმაზე, თუ რა მასშტაბი შეიძლება ჰქონდეს ამას. რუსეთის ნაციონალურ გვარდიას აქვს რესურსი, რომ გააძლიეროს ეს მიმართულება: ჩვენი 4 თუ 5 ბრიგადის წინააღმდეგ 6-10 ბრიგადის შეგროვება არ გაუჭირდება.
რა რესურსი აქვს ამ დროს ქართულ შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ნატოს სტანდარტით არის გაწვრთნილი – შეუძლია მას ამ ეტაპზე ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხეს გაუმკლავდეს?
გააჩნია მასშტაბს. მიმაჩნია, რომ დღევანდელი მდგომარეობისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია, შეიარაღება და ბიუჯეტი აბსოლუტურად არ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს. ერთი, მეორე და მესამეც უნდა გადაიხედოს და გაძლიერდეს. საფრთხეები არ მცირდება ქვეყნის გარშემო და ამ დროს მშპ-ს მხოლოდ 1,8 % იხარჯება თავდაცვის ბიუჯეტზე. ეს აბსოლუტურად არასაკმარისია.
თქვენ კარგად იცნობთ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალიტეტს, ოფიცრებს, ზოგადად განწყობებს ჯარში… თუ ვიღაცამ პირობითად, მართლა მოინდომა რუსეთის შეიარაღებული ძალების „მოწვევა“ საქართველოში, როგორ იმოქმედებს ჯარი, თქვენი მოლოდინი როგორია?
აღარ ვიცნობ რა განწყობებია. ძალიან ბევრი „თუა“ ამ საკითხში: თუ მოინდომა ვიღაცამ „მოწვევა“, თუ შემოვიდა და ასე შემდეგ. დღეს ჯარი არის ხელისუფლების მიმართ აბსოლუტურად ლოიალური. ხვალ რა იქნება, ვერ გეტყვით.
მთავარსარდალი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტია. ომის დროს როგორ ნაწილდება ძალაუფლება ხელისუფლებას შორის და როგორ მიიღება სამხედრო ტიპის გადაწყვეტილებები?
არსებობს უკვე თავდაცვის ძალების უფროსის თანამდებობა. თავდაცვის უფროსი პრემიერ-მინისტრთან ერთად იქნება საომარი მოქმედებების წარმმართველი. პრეზიდენტი ფაქტობრივად იგნორირებულია ამ პროცესში.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები რომ გაგრძელდეს, ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ „კურსი უნდა შეცვალოს“. რას ნიშნავს აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვა ჯარისთვის, შესაბამისად, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის?
დღეს საქართველოს ნამდვილად ძალიან სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა.
დავიწყოთ იქიდან, რომ არცერთი სახელმწიფო უწყებიდან იმდენი თანამშრომელი არ დადიოდა უცხოეთში, როგორც ეს ხდებოდა თავდაცვის სამინისტროდან. აშშ-ის სასწავლო და საწვრთნელ პროგრამებს ემატებოდა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის აქტიური ჩართულობა, ბალტიისპირეთის კოლეჯები და თურქეთი. მე ძალიან არ ვისურვებდი, რომ ამერიკამ დახმარება შეუწყვიტოს საქართველოს.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ამერიკელების პროექტის ფარგლებში ამზადებენ ჩვენს ბატალიონებს კონვენციური საომარი მოქმედებებისთვის. კრწანისში ნატოს სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს. 60 მილიონამდე სამხედრო დახმარება მარტო აშშ-დან მოდის. ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება ეს პროგრამები, ის მილიონები, რომელსაც დახმარების სახით გვაწვდიან. საქართველოს ამ მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაჭირდება. ამან შეიძლება სერიოზული საფრთხე შექმნას ჩვენი ქვეყნისთვის.
მარტოდ დარჩენა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების კუთხით ძალიან დიდი გამოწვევაა.
ხელისუფლება ფაქტობრივად აუქმებს ვაზიანის სამხედრო ბაზას, რაც ნატოს საწვრთნელი ბაზაა. ამ კონტექსტში რას ნიშნავს ვაზიანის სამხედრო ბაზის ნაცვლად იქ სამოქალაქო აეროპორტის მოწყობა?
ჯერ არ გვინახავს პროექტი, რას როგორ აპირებენ. არც ის ვიცით, გადააქვთ თუ არა ეს ბაზა სხვა ლოკაციაზე. იქ თუ სტადიონი და აეროპორტი მოეწყობა, რა უნდა მაშინ პოლიგონს?
ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბაზის არსებობა – აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ სხვა, ამ მასშტაბის ბაზა არ გაგვაჩნია სტანდარტების გათვალისწინებით. კითხვის ნიშნების არსებობს იმაზე, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ისეთი ადგილის შერჩება, სადაც შეიძლება ბაზისა და პოლიგონისთვის ტერიტორიის გამოყოფა თავისი უსაფრთხოების ზონებით.
თუ არ გადაიტანენ ამ ბაზას და გაუქმდება პოლიგონი, რა თქმა უნდა, ეს ჯარების მომზადების კუთხით ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება. ეს გარკვეულწილად აისახება ჯარების მზადყოფნაზე.
პერსონალურად თქვენი აზრი გვაინტერესებს, რას ფიქრობთ რუსულ კანონზე?
ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საფრთხეა ევროპელი და მსოფლიო ლიდერების განცხადებები, რომ არ მიიღოთ ეს კანონი – ესაა ყველაზე დიდი საფრთხე. როცა გინდა ითამაშო ფეხბურთი ევროპის ჩემპიონატზე, მიდიხარ და ეუბნები, რომ მე ჩემი წესით ვითამაშებ, მაგალითად, არ გვექნება თამაშგარე ნდგომარეობა… ასე ვერ გამოვა და თავისთავად გეტყვიან უარს. როცა ამბობ, რომ მინდა ევროპაში შესვლა და გეუბნებიან, რომ ვერ შემოხვალ იქ ამ კანონით, არ გამოვა ასე გაჯიქება.
ერთი არის ნათელი: ჩვენი ადგილი არის ევროპაში, საქართველო ევროპის ნაწილია და ეს მნიშვნელოვანია, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით.
რუსეთთან არავითარ შემთხვევაში მარტოდ დარჩენა არ შეიძლება. დღეს რუსეთთან მარტოდ დარჩენა სასიცოცხლო რისკის მატარებელია. არსებობს მარტო დარჩენის საფრთხე იმ სიგნალების მიხედვით, რაც ახლა დასავლეთიდან მოდის.
რა ხდება ფრონტის ხაზზე: რა რესურსი შერჩა რუსეთს უკრაინაში და რამდენად იცვლება უკრაინის სამხედრო შესაძლებლობა, რომ ის ახალ ეტაპზე გადავიდეს?
ახალ ეტაპზე არ არის საუბარი. რა თქმა უნდა, ძლიერდება უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები, მაგრამ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ უკრაინამ მნიშვნელოვანი, შეტევითი მოქმედებები დაიწყოს. ვგულისხმობ ოპერატიულ, სტრატეგიულ დონეს, ტაქტიკურ დონეზე შეტევა-კონტრშეტევა მუდმივად მიმდინარეობს მცირე მასშტაბით.
შეიარაღება, რასაც ახლა იღებს უკრაინა, დაახლოებით 3-4 თვის საბრძოლო მასალაა. ახლა მთავარია შეიარაღების შეჯიბრში ვინ აჯობებს ერთმანეთს: დასავლეთი, თუ რუსეთი. დასავლეთმა ერთხელ უკვე აჯობა საბჭოთა კავშირს. არ ვიცი, მეორედ რამდენად მოინდომებს იგივე შედეგის დადებას.
მნიშვნელოვანია, რუსეთი შეძლებს თუ არა იარაღის წარმოებას იმ რაოდენობით, რომ შეიტანოს გარდატეხა, თუ უკრაინა მიიღებს იმდენს, რომ არ მისცემს რუსეთს წარმატების საშუალებას. ამ ეტაპზე რასაც აწვდიან უკრაინას, ეს არის საშუალება, არ მისცე რუსეთს მნიშვნელოვანი შეტევის დაწყების შესაძლებლობა.
2025 წლისთვის რუსეთს დაეწყება შიმშილი აღჭურვილობაში, ეს უკვე ჩანს: მისი დანაკარგები ფრონტზე უფრო მეტია, ვიდრე ახერხებს, რომ აწარმოოს. მას ეხმარება ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი, თუმცა ჩინეთი მხოლოდ ტექნოლოგიურ საკითხებში ეხმარება რუსეთს, იარაღს არ აწვდის რუსეთს.
2025 წლისთვის გამოჩნდება სურათი, რამდენად შეძლებს რუსეთი თავისი ინდუსტრიალიზაციით იმდენი იარაღის წარმოებას, რომ შეძლოს მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა საბრძოლო მოქმედებებში. დღევანდელი მონაცემებით, თუ უკრაინა არ მიიღებს საჭირო დახმარებას დასავლეთიდან, რუსეთი ამას შეძლებს, მაგრამ თუ უკრაინა მიიღებს საჭირო დახმარებას, რუსეთი ამას ვერ შეძლებს.
დღეს ევროპა ეხმარება უკრაინას იმისთვის, რომ უკრაინა არ დამარცხდეს, მაგრამ არ ეხმარება იმ მასშტაბით, რომ რუსეთი დამარცხდეს.
რა ნიშნები გაფიქრებინებთ, რომ 2025 წელს დაეწყება რუსეთს შეიარაღების კრიზისი?
თუ ომის დასაწყისში 12:1-თან გვქონდა ჭურვების გაშვების დღეღამური ხარჯი, დღეს 6:1-ზეა.
ამას დაემატა ისიც, რომ ჩრდილოეთ კორეისთვის სათხოვარი გაუხდა რუსეთს რაკეტები და საბრძოლო მასალა. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი უკვე ამას ვერ აწარმოებს.
გათვლები არსებობს: რამდენ საბრძოლო, საბრძოლო ქვეითთა მანქანას აწარმოებს რუსეთი თვეში და რამდენი ნადგურდება ბრძოლის ველზე. ბრძოლის ველზე უფრო მეტი ნადგურდება, ვიდრე რუსეთი აწარმოებს. ძველი ტანკები გამოჩნდა უკვე ბრძოლის ველზე: ძველი საბრძოლო ქვემეხები და რაკეტა „ტოჩკა-უ“ დააბრუნეს შეიარაღებაში, აღარ აქვთ საკმარისი „ისკანდერი“.
რუსეთი ისევ აპირებს, რომ გავიდეს დონბასის საზღვარზე, ხარკოვი რჩება მის მთავარ ამოცანად, თუ ეს შეძლეს, იტყვიან, რომ ამოცანა შესრულებულია. ხარკოვზე არა მგონია რამე შეძლონ, დაბომბვების და ქალაქის განადგურების გარდა. თუ უკრაინა ვერ შეძლებს მნიშვნელოვან შეტევს, რუსეთი გაამაგრებს დაკავებულ ტერიტორიებს და დანარჩენი უკვე პროპაგანდის საქმეა.
უკრაინასაც დიდი ხარჯი აქვს, როგორც საბრძოლო მასალის, ასევე ადამიანური რესურსი, სჭირდება მობილიზაციაზე ფიქრი. თუ დასავლეთმა მოინდომა, უკრაინის გაძლიერება შესაძლებელია.
საქართველოს მთავრობამ სპეციალური მონაცემთა ბაზის შექმნა დააანონსა, რომელშიც თავს მოიყრის ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“.
პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ სია საჯარო იქნება და მასში მოხვედრილი ადამიანების წინააღმდეგ „საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“.
კონკრეტული ზომები პარლამენტის თავმჯდომარეს, არ დაუსახელებია.
ონლაინ სივრცეში კრიტიკული აზრისა და დისკუსიის ჩასახშობად, ადმინისტრაციული ბრალდებების გამოყენება რუსეთში ხშირი პრაქტიკაა. მაგალითად, რუსეთში მთავრობის მიერ, ექსტრემისტულად მიჩნეული კონტენტის ონლაინ სივრცეში გაზიარება კანონით დასჯადი ქმედებაა.
ექსტრემისტულ კონტენტად ითვლება, როგორც ნაცისტური სიმბოლიკა, ისე სხვადასხვა სახის მასალები, მაგალითად ვიდეო, სადაც მღვდელმა დაწყევლა პუტინი და მისი ბირობიჟანში გაძევება მოითხოვა; ნაბეჭდი გამოცემა „ისლამური რწმენის საწყისი“; აკრძალულია ლგბტ ორგანიზაციების კონტენტის გავრცელება, თავად ლგბტ ორგანიზაციები კი რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციებად არიან აღიარებული; რუსეთის ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსი „ექსტრემისტული ორგანიზაციების ატრიბუტების ან სიმბოლოების პროპაგანდა და საჯარო ჩვენება“ (მუხლი 20.3);
რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლი: „სიძულვილის ან მტრობის გაღვივება, ასევე ადამიანის ღირსების დამცირება“, მათ შორის განხორციელებული ინტერნეტით, ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას – ჯარიმის და რიგ შემთხვევებში თავისუფლების [15 დღით] აღკვეთის სახითაც.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedomhouse წერს, რომ რუსეთში უამრავ პირს წაუყენეს ბრალი სოციალურ ქსელში მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტების ან სხვების მიერ გამოქვეყნებული პოსტების გაზიარების გამო.
რუსულ ტელეკომპანია Дождь-მა 20 22 წელს გააშუქა პირველი შემთხვევა, როცა სასამართლომ ამ მუხლით დამნაშავედ ცნო ადამიანი არა პოსტის გამოქვეყნების ან გაზიარებისთვის, არამედ უკრაინაში ომის საწინააღმდეგო სხვების პოსტების ქვეშ ე.წ. ემოჯების გამოყენებისთვის.
„ფილოსოფიის ლექტორ ალექსეი არგუნოვს, მოწყენილი სმაილებისა და ლაიკების გამო, რუსეთის ფედერაციის 30 ათასი რუბლი მართებს“, – წერს მედია.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში 14.5 ათასი ადამიანია. ფედერალური კანონის მიხედვით, სიაში მოხვედრის 25-ზე მეტი მიზეზია, მათ შორის არის როგორც ტერორისტული აქტი (მუხლი 205) და ტყვეს აყვანა (მუხლი 206), ისე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული საჯარო მოწოდებები (მუხლი 280.1) და სიძულვილის ან მტრობის გაღვივება, აგრეთვე ადამიანის ღირსების დამცირება (მუხლი 282).
შალვა პაპუაშვილმა თავის გამოსვლაში განმარტა, თუ ვის შეეხება სპეციალური ბაზა.
„ბოლო კვირების განმავლობაში საზოგადოებამ იხილა პარლამენტის შენობის ძალადობრივი შტურმი, სამართალდამცავებზე თავდასხმა, კანონსაწინააღმდეგო მეთოდებით მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა და ამით უკმაყოფილო მოქალაქეებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა. აგრეთვე მუქარა და შანტაჟი, რომელსაც ისინი ხელოვანების, სპორტსმენების, პოლიტიკოსების და საზოგადოების სხვა ცნობილი წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ იყენებენ“, – თქვა მან.
„ამ მიზნით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს.
ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ამ პირთა წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“.
შალვა პაპუაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება რეაგირებაში ან რომელ საზოგადოებას ექნება რეაგირების უფლება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში სტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულები არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1972 წელს დაბადებული ვ.ა., 1972 წელს დაბადებული ნ.მ., 1961 წელს დაბადებული ა.ბ., 1993 წელს დაბადებული ი.ბ., 1994 წელს დაბადებული ბ.ბ., 1990 წელს დაბადებული უ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1987 წელს დაბადებული ა.ბ.
ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული ძარცვის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2008 წელს დაბადებული ნ.მ., 2009 წელს დაბადებული ა.ფ., 2000 წელს დაბადებული კ.ბ., 1988 წელს დაბადებული ა.ბ., 1987 წელს დაბადებული შ.ბ. და 1995 წელს დაბადებული მ.ბ. და წარსულში ნასამართლევი პირები 2004 წელს დაბადებული ა.ბ., 2005 წელს დაბადებული მ.მ.
დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – წერს უწყება.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის სქემა შეიმუშავეს. აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, არასრულწლოვან შვილებს, სხვადასხვა ქალაქში, აიძულებდნენ ეთხოვათ მოწყალება, ხოლო მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდნენ.
იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანები არ დაემორჩილებოდნენ ბრალდებულების მოთხოვნებს, ისინი მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და იძულებულს ხდიდნენ დამორჩილებოდნენ მათ მითითებებს.
კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე დადგინდა, რომ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.
ბრალდებულები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში, სხვადასხვა ადგილას, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, საქართველოში ჩამოსული ტურისტების კუთვნილ ფულად თანხებს ეუფლებოდნენ.
გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე დადგენილ იქნა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს უკანონოდ და საქართველოში იმყოფებოდნენ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა, 178-ე და 344-ე მუხლებით მიმდინარეობს – იუწყება შსს.
შაბათს, 11 მაისს, 18 საათზე, არასამთვრობო ორგანიზაცია „საორსა“ ცოცხალ ჯაჭვს, პერფორმანსს აანონსებს.
„11 მაისს, 18:00 საათზე ერთობით ვერთიანდებით, რათა ერთად ვუთხრათ არა – რუსულ კანონს.
ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურის ტბის ირგვლივ ერთად შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, ერთად გავაზიაროთ ევროპული მომავლის შესაძლებლობები.
გელოდებით – დროა ჩვენი გაერთიანების: ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის, ჯანმრთელობისთვის და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის“ – ვკითხულობთ ღონისძიების ანონსში ფეისბუქზე.
რა ხდება
რამდენიმე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
შაბათს, 11 მაისს, 16 საათიდან, ბათუმის პირსის ტერიტორია დროებით გადაიქცევა სივრცედ გამოფენისთვის, პერფორმანსებისთვისა და საჯარო საუბრებისთვის. ბათუმში უკვე მეორედ იმართება პროექტი Liquid Structure.
პროექტი აერთიანებს 7 მონაწილეს საქართველოდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან, რომლებიც სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს წარადგენენ ინსტალაციის, სკულპტურის, პერფორმანსისა და სხვა სახით და, ასევე, ერთ კოლექტივს, რომელიც გამოფენას დახურავს ცოცხალი ელექტრო- აკუსტიკური იმპროვიზაციით.
„წყალი სუბსტანციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიკურია. დღევანდელ სოციო-ეკონომიკურ კონტექსტში წყალი განიხილება, როგორც მუდმივ კომოდიფიკაციას დაქვემდებარებული რესურსი; როგორც მატერია, რომელიც აუცილებლად უნდა მონეტიზირდეს. წყლის მდგომარეობა – ჩვენი, გლობალური [პოლიტიკური] კლიმატის მდგომარეობაა.
წლევანდელი ლიქუიდ სთრაქჩერი ცდილობს შავი ზღვა ამ სამომხმარებლო ნარატივისგან გაათავისუფლოს და გვთავაზობს ის აღვიქვათ, როგორც თანაბარი „წყლის სხეული“. ფიქრის ეს მიმართულება შთაგონებულია ჰიდროფემინისტური თეორიით, რომელიც წყლის მეშვეობით განიხილავს თანა/არსებობის ალტერნატიულ გზებს. გზებს, რომელიც ეფუძნება ინტერსექციურობას, კოლექტიურობას და მდგრადობას”- ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი ნონა მარკარიანი.
სქრინი ინსტაგრამ გვერდიდან
გამოფენის მონაწილეები არიან: ანა გზირიშვილი, ანკა ბენერა და არნოლდ ესტეფანი, მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე, ნიკოლაი კარაბინოვიჩი, თამუნა ჭაბაშვილი.
პერფომანსის ნაწილში წარმოდგენილნი იქნებიან სელინ დავასე და ქეთევან დავითაშვილი.
9 მაისს მუქარის შემცველი ზარები განხორციელდა რუსული კანონის აქციების მონაწილე ერთ-ერთი აქტივისტის ოჯახის წევრის ტელეფონზე.
ვიდეოჩანაწერში, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, უცნობი პირი აქტივისტის ოჯახს ემუქრება, თუკი მისი ოჯახის წვერი არ შეწყვეტს აქტივიზმს და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობას.
„…მომისმინე კარგად, რასაც გეტყვი, შენ დას გადაეცი, აქტივისტობას თავი დაანებოს, გაიგე?! და ვისი მხარდამჭერიც ხართ მთელი ოჯახი, მაგას შეეშვით სუყველა.
ხომ გაიგე, სანამ სიმშვიდეა თქვენ ოჯახში.
მიიღებთ პასუხს, გაიგე, აქციაზე გამოსულები არ დაგინახოთ, გადაეცი!“- ასე ემუქრება უცნობი პირი აქტივისტის ოჯახის წევრს.
აქტივისტი, რომლის ოჯახის წევრის მიმართაც განხორციელდა მუქარის ზარი, დღეს, 10 მაისს, აპირებს განცხადებით მიმართოს პოლიციას.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი კვირაა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მონაწილე პირებს და სამოქალაქო აქტივისტებს საქართველოში და უცხოეთში რეგისტრირებული ნომრებიდან ურეკავენ და ემურებიან.
რუსული კანონის საწინააღმდეგო მასობრივი აქციები თბილისში, ასევე სხვადასხვა რეგიონებში გრძელდება. დღეს, 10 მაისს, ასევე დაგეგმილია ფართომასშტაბიანი აქცია.
აქციების პარალელურად „ქართული ოცნება“ რეპრესიების ტალღას ზრდის და აძლიერებს სიძულვილის ენას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 მაისის 21 საათიდან 11 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში, რომელიც ზოგან გაძლიერება 17-22 მ/წამამდე;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 12 და 13 მაისს აჭარაში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 479 710 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980]
ტანკი – 7 434 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 14 313 ერთეული [+32]
საარტილერიო სისტემა – 12 387 ერთეული [+47]
MLRS – 1 062 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 795 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 349 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 826 ერთეული [+51]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 192 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 691 ერთეული [+73]
სპეცტექნიკა – 2 031 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
594 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 905 უპილოტო საფრენი აპარატი
512 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 964 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 282 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 437 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 570 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენც მოგვცეს მაგალითი.
საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, არ ნიშნავს საკუთარ პრინციპზე უარის თქმას.
ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის და არანაირი, არცერთი პარტიის ერთგული არ უნდა იყო ბოლომდე.
ასეთი საქართველო, ერთგული საქართველო, სინდისით და ღირსებით აღსავსე ნამდვილად შევა ევროპაში“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.
ღონისძიება თბილისში, ათონელის ქუჩაზე, დღეს, 9 მაისს, საღამოს მიმდინარეობს და მას მოქალაქეებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების ელჩებიც ესწრებიან.
პრეზიდენტმა მაგალითად საქართველოს უკვე ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი დაასახელა. ის გადადგა და ეს გადაწყვეტილება რუსული კანონის გამო მიიღო. ჯავახიშვილი ამბობს, რომ ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო საქართველოს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას
სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში პროცესის მშვიდობიანი გზით წარმართვის აუცილებლობაზეც გააკეთა აქცენტი:
„იმის დრო არ არის, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ვინმე გამოიყენოს, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ სცადოს, რომ თავისი თავი წარმოაჩინოს.
აქ იმის დროა, რომ გაერთიანებული საზოგადოება, ერთად შეკრული საზოგადოება გავიდეს იმ გზაზე, რომელიც უნდა დამთავრდეს მშვიდობიანი გამარჯვებული არჩევნებით.
მე ამ მშვიდობიან გზაზე თქვენთან ერთად ვიქნები და ვიქნები ბოლომდე, მე ვიცი გამოცდილებით და ეს არის ალბათ წლების მიერ მოპოვებული გამოცდილება. ვიცი, რომ სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს თუ არა მშვიდობიანი გზა. თუ არა იქნება ის გზა, რომელიც მტერს გაახარებს.
ერთობით მშვიდობით უნდა გავიაროთ ყველამ ეს გზა.
მე არ დავამთავრებ დღევანდელ სიტყვას, ისე, რომ არ აღვნიშნო ერთი მაგალითი. ჩვენი ერთი ელჩი, თავის დროზეც იყო ერთი მაგალითი, ლევან მიქალაძე და დღეს გაგვიჩნდა მეორე მაგალითი იმისა, რომ ერთმა ადამიანმა შეიძლება თავისი სინდისი შეინარჩუნოს და ჩვენც მოგვცეს მაგალითი“ – განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაუყოვნებლივ შეისწავლონ ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი მუქარის, სისტემური დევნის და პერსონალური მონაცემების დამუშავების დარღვევის ფაქტები – აცხადებს მედიაომბუდსმენი.
„დღეს, 2024 წლის 9 მაისს შესაბამის უწყებებს შევატყობინეთ „სტუდია მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარის, ნინო ზურიაშვილის და ამავე ორგანიზაციის მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, „TOK TV“ დამფუძნებელის და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის ნათია კუპრაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ.
ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების დაშინების ტენდენცია უკიდურესად საშიშ ფორმებს იღებს. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ერთის მხრივ, ხელს უშლის ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში, მეორეს მხრივ, ქმნის რისკებს ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც კი“, – აღნიშნულია მედიაონბუდსმენის განცხადებაში.
დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა ასევე ონლაინ მედიებმა.
„ქართულ ოცნებას“ რუსული კანონი ჯერ არ მიუღია და თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ უკვე აამოქმედა რეპრესიული მეთოდები, რაც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობას…
შექმნილი ვითარება – ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების შემცველი ქმედებები ხელს გვიშლის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.
ნებისმიერი ჟურნალისტის და მათი ოჯახის წევრების მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას მთლიანად ვაკისრებთ ხელისუფლებას“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს ოცამდე ონლაინ მედია აწერს.
„ერთადერთი ვარიანტი, რომ მე აქციებზე დგომა არ გამეგრძელებინა, იყო ციხეში თუ ჩამსვამდნენ. რამდენი დღითაც შემაბრუნებდნენ, იმდენი დღე ვერ გამოვიდოდი. ცოტა ცინიკურიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს უსამართლო სასამართლო მოტივაციას უფრო მეტად გიზრდის. შეუძლებელია, შეწყვიტო ბრძოლა ქვეყნისთვის,“ – ეს მეთორმეტეკლასელი სანდრო ჯოხაძის სიტყვებია, რომელიც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რამდენიმე დღის წინ 2200 ლარით დააჯარიმა.
სანდრო ჯოხაძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ბოლო დღეებში რუსულ კანონს აპროტესტებს. ხელისუფლება პროტესტის ჩახშობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევის გზითაც ცდილობს, აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობით… აქციაზე დაკავებულებს შორის სკოლის მოსწავლეც მოხვდა. ისიც სამართალდამრღვევად მიიჩნია მოსამართლემ.
მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში სამართალდამრღვევად აფასებს.
„ორკესტრირებულად მოქმედებენ შსს და სასამართლო,“ – ამბობს ადვოკატი მარიამ პატარიძე. უფლებადამცველების პოზიცია პირდაპირია: სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და პროტესტის მოგუდვას ცდილობს – გვიყვებიან ისინი.
მას აქეთ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი მოატყუა და რუსული კანონი შემოაბრუნა პარლამენტში, აქციებზე 70-მდე პირი დააკავეს. მათ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს, ვისაც იურიდიული დახმარება შეუძლია. უფლებადამცველების განმარტებით, ამ დრომდე 10 დაკავებულის საქმის განხილვა დასრულდა. ორ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველაზე მკაცრი ზომა – ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა, ძირითადად მოსამართლე 2000-2600 ლარამდე აჯარიმებს მოქალაქეებს, რომლებიც რუსული კანონის მიღებას აპროტესტებენ, ერთ შემთხვევაში კი, მოსამართლეს შენიშვნა გამოუყენებია.
რამდენიმე მოსამართლის შესახებ გიყვებით, რომლებიც პროტესტის გამოხატვის დასჯას, რეალურად რუსული რეჟიმის და ავტორიტარიზმის განმტკიცებას უწყობენ ხელს.
„ამ მოსამართლეების გადაწყვეტილებას საერთო არაფერი აქვს კანონთან, სამართალთან, სამართლიან სასამართლოსთან“ – კატეგორიულია, მაგალითად, ადვოკატი გიორგი ტაბატაძე. ისიც აქციაზე დაკავებულებს იცავს სასამართლოში.
უფლებადამცველების თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების მონაწილეებს ყველაზე ხშირად მოსამართლეები: კობა ჩაგუნავა, ლელა ცაგარეიშვილი და კობა ჩიკაშუა სჯიან. ადვოკატების თქმით, მოსამართლეების მიდგომა იდენტურია: პოლიციელების სამხრე კამერები გამორთულია, ადვოკატების მიერ წარდგენილ ვიდეომტკიცებულებას, ანუ ნეიტრალურ მტკიცებას კი, რასაც ეროვნული, თუ საერთაშორისო კანონმდებლობით მოსამართლე უპირატესობას უნდა ანიჭებდეს, მოსამართლე საერთოდ არ იზიარებს – მოსამართლეები ძირითადად პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობიან.
აქციაზე დაჯარიმებული მე-12 კლასელი: „მაგრამ ეს უსამართლო სასამართლო მოტივაციას უფრო გიზრდის“
კობა ჩაგუნავა მოსამართლეა, რომელიც ხშირად ხვდება პროტესტის გამოხატვის გამო დაკავებულ აქტივისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში – მოსამართლე თითქმის ყველას აჯარიმებს.
ამ მიდგომის ბოლო მაგალითი მე-12 კლასელი სანდრო ჯოხაძე – სკოლის მოსწავლე რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე 16 აპრილს გამოვიდა და დააკავეს. ის მოსამართლემ 2200 ლარით დააჯარიმა.
სანდრო ჯოხაძე
„ორი მოწმე, ორი პოლიციელი ჰყავდათ. ერთი, მანქანაში რომ ჩამსვეს მაშინ ვნახე და მეორე საერთოდ თვალით არ მინახავს აქამდე. ჩვენ მტკიცებულებებად ვიდეოები გვქონდა, მოწმეებიც გვყავდა ოთხი. შსს-ს ვიდეოებზეც კი ჩანდა, რომ ეს პოლიციელები იტყუებოდნენ და საერთოდ არ ყოფილან ახლო-მახლო. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე ხშირად, სასამართლომ ის გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც შსს-ს უნდოდა და 2200 ლარი დამაკისრეს“.
სანდრო ჯოხაძე დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე სპეცრაზმელებთან საუბარს ცდილობდა. ის ძმასთან, „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარ გიგა ჯოხაძესთან ერთად, 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დააკავეს. ორივე მათგანი ამბობს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს.
სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის შემთხვევებზე გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გრძელდება. ეს სისხლის სამართლის საქმეა, რაც დღემდე არ დასრულებულა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა
2500 ლარით დააჯარიმა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ირაკლი კუპრაძე, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 2024 წლის 16 აპრილს დააკავეს. ირაკლი კუპრაძე „ლელოს“ გენერალური მდივანია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კობა ჩაგუნავამ „2011 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა იურიდიული განხრით“, ხოლო მანამდე, 2008 წელს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი.
კობა ჩაგუნავა 2011 წლიდან მუშაობს სასამართლოს ადმინისტრაციაში. „სასამართლოს გუშაგის“ ინფორმაციით, კობა ჩაგუნავამ სასამართლო კლანთან დაახლოება მოახერხა:
„რევაზ ნადარაიას [თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2017-2020 წლები] სახელს უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულის, კობა ჩაგუნავას კარიერული წინსვლა. კობა ჩაგუნავა ნადარაიას თანასოფლელია [სოფელი დიდი ჭყონია], მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ როდესაც ნადარაია ფოთის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა, კობა ჩაგუნავაც ამავე სასამართლოს მენეჯერი იყო; როდესაც ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, კობა ჩაგუნავაც ამავე წელს გადმოვიდა ამავე სასამართლოში; ხოლო, როდესაც ნადარაია გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, კობა ჩაგუნავამაც ამავე სასამართლოში, ამავე პალატაში დაიწყო კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა. ვინაიდან ჩაგუნავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლის მსმენელი გახდა, არ არის გამორიცხული, ჩაგუნავა უახლოეს მომავალში საბჭომ მოსამართლედ დაინიშნოს, რადგან სკოლის დამთავრება მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობაა,“ – ამბობდა ნაზი ჯანეზაშვილი ნეტგაზეთთან“ 2020 წელს.
2020 წლეს კობა ჩაგუნავა მართლაც მოსამართლედ გაამწესეს, 2023 წლიდან კი, იგი უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კობა ჩაგუნავამ 2019 წელს მემკვიდრეობით მიიღო მიწის ნაკვეთი [10 227 კვ. მეტრი] მარტვილში, სოფელი დიდი ჭყონია. საკარმიდამო მიწის
ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი 257.4 კვ. მეტრი.
კობა ჩაგუნავას 2021 წელს შეუძენია ავტომანქანა TOYOTA CAMRY 9253 აშშ დოლარად. მას „საქართველოს ბანკის“ სესხი აქვს 2018 წლიდან 14 ათასი ლარი. დეკლარაციიდან არ ირკვევა, კიდევ ვინ არიან მისი ოჯახის წევრები, ან სად ცხოვრობს მოსამართლე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობს.
„სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს ადამიანების დაშინებას, საპროტესტო მუხტის შემცირებას“ – ადვოკატი
ბოლო პროცესიდან ადვოკატს მარიამ პატარიძეს შსს-ს წარმომადგენელი დაამახსოვრდა, როცა მან მოსამართლე ირაკლი ჩუკაშუას მიმართა, დაკავებულის მიმართ მკაცრი ზომა გამოიყენეთ, ამას შემაკავებელი ფუნქცია ექნებაო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ანდრო ჭელიძეს 2024 წლის 19 აპრილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 5 დღით.
ანდრო ჭელიძე საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან დააკავეს. დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს.
„სინამდვილეში იგულისხმებოდა მსუსხავი ეფექტი, რაც აქვს ასეთ გადაწყვეტილებებს… ჩვენი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსამართლე დაკავებულებს უწესებს მაღალ ჯარიმებს და იყენებს პატიმრობასაც, როცა კონვენცია ამბობს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას, სისხლის სამართლის სტანდარტი უნდა ვრცელდებოდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა შსს-ს არ წარმოუდგენია, რაც დაადასტურებდა ანდრო ჭელიძის მხრიდან სამართალდარღვევას. სასამართლო მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებას დაეყრდნო.
ჩვენ წარვადგინეთ ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანდა ანდრო ჭელიძეზე განხორციელებული ძალადობა. მოსამართლემ გადაწყვეტილება მაინც შაბლონურად მიიღო და გვითხრა, რომ ძალადობის სავარაუდო შემთხვევა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოიძიოს.
მანკიერი პრაქტიკა გრძელდება – მოწმე პოლიციელების ჩვენება საკმარისია, რომ მოხდეს პირის პასუხისგებაში მიცემა. შსს-ს მოთხოვნა უპირობოდ დააკმაყოფილა მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ,“ – გვითხრა მარიამ პატარიძემ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატმა.
მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუა
ირაკლი ჩიკაშუა 2021 წლიდან გაამწესეს მოსამართლედ იმ დროს, როცა სამოქალაქო ორგანიზაციები და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები დაჟინებით ითხოვდნენ, ვიდრე სასამართლოში რეფორმები არ ჩატარდებოდა, მოსამართლეების უვადოდ გამწესება შეწყვეტილიყო.
მოსამართლედ გამწესებამდე ირაკლი ჩიკაშუა სხვადასხვა ბანკის იურისტად მუშაობდა. 2010 – 2019 წლებში ჩიკაშუა „საქართველოს ბანკის“ იურისტი იყო.
2024 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლეს მხოლოდ ერთი – 57 კვ. მეტრი ბინა აქვს თბილისში, წერეთლის გამზირზე. ეს ბინა 2011 წელს 40 ათას ლარად შეუძენია.
მოსამართლედ გამწესებიდან რამდენიმე თვეში, 2021 წელს, ირაკლი ჩიკაშუას სესხი აუღია 34 880 ლარი აუღია – მოსამართლეს ავტომანქანა hyundai tucson 2017 შეუძენია.
ირაკლი ჩიკაშუას ჯამაგირი 2023 წელს 84 977 ლარი იყო. დეკლარაციის მიხედვით, მას საკრედიტო ბარათიც აქვს გახსნილი.
„უნდათ, რომ ხალხს აქციაზე გამოსვლის შეეშინდეს, მოსამართლე არ იცავს ადამიანს“ – ადვოკატი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის შესახებ
„მოსამართლის მხრიდან მიკერძოება ცხადი იყო: არ მაძლევდა კითხვების დასმის შესაძლებლობას, როცა ხედავდა, რომ პოლიციელი ვერ პასუხობდა შეკითხვას, ან მათი მხრიდან სიცრუე გამოაშკარავდა, მაწყვეტინებდა კითხვას თავისი ინიციატივით,“ – ამბობს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან“. ის აქციაზე 2024 წლის 28 აპრილს დაკავებული ირაკლი [ბუკა] პეტრიაშვილის ინტერესებს იცავდა.
ალექსი პეტრიაშვილი 2012-14 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ამჟამად კი „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარია.
ალექსი პეტრიაშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
ადვოკატი გიორგი ტაბატაძე გვიხსნის, რას ედავებოდა ალექსი პეტრიაშვილს შსს – კორდონის გარღვევას ცდილობდა და თან პოლიციელებს მონებს გვეძახდიო.
„თუმცა ეს არ ჩანდა არცერთ ვიდეოში, რაც მათ წარმოადგინეს. „ტვ პირველის“ ჩანაწერი წარმოადგინეს, ასევე შსს-ს პრესცენტრის ვიდეოჩანაწერი, თუმცა იქ ალექსი პეტრიაშვილი საერთოდ არ ჩანს,“ – გვიყვება გიორგი ტაბატაძე. – „ჩვენ კი წარვადგინეთ „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ კადრები, რომლითაც დასტურდება, რომ ბუკა პეტრიაშვილის მხრიდან არავითარ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ნანახი გექნებათ კადრები, ხელებაწეული დგას ბუკა და პოლიციელებს სთხოვს სცენაზე შეუშვან რამდენიმე მონაწილე, დროშებით აქ დადგებიანო. დააკავეს და მიუყვანეს ადამიანებს მანქანასთან, მათ მისცეს ჩვენება სასამართლოს. ისინი არ იღებდნენ ბუკას დაკავებაში მონაწილეობას, ასევე მათი ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი იყო.
კადრებში ჩანს, რომ ბუკას წინ დგას გიგა მემანიშვილი [ საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი], სავარაუდოდ მან მიიღო ბუკას დაკავების გადაწყვეტილება. როცა ხელმძღვანელი იქ დგას, მის გარეშე არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. ჩვენ მოვითხოვეთ მემანიშვილის მოწმის სახით დაბარება სასამართლოში, რაც მოსამართლემ გაუგებარი მიზეზით არ დააკმაყოფილა.
ჩვენ მოწმეების სახით წარვადგინეთ ასევე ლაშა ბუღაძე და ხათუნა ლაგაზიძე, ისინი რომ იქ იმყოფებოდნენ, ეს დასტურდება ვიდეოჩანაწერებით, თუმცა არც ეს გაიზიარა მოსამართლემ.
ტრადიციად დაამკვიდრეს აბსურდული გადაწყვეტილებების მიღება. გაუგებარია, რას დაეყრდნო მოსამართლე. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილებები არის დასამარება გამოხატვის თავისუფლების, ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა“, – უკმაყოფილებას არ მალავს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი
რა როლს ასრულებს ამ პროცესში მოსამართლე, როცა ხელისუფლება საპროტესტო მუხტის ჩახშობას სხვადასხვა უკანონო გზით ცდილობს?
„არ ვიცი, რა როლს ასრულებს მოსამართლე, მაგრამ ფაქტია, ის არ იცავს მოქალაქეს სახელმწიფოს თვითნებობისგან, შსს-ს უკანონო დაკავებისგან. მოსამართლემ უნდა აღკვეთოს მოქალაქის უკანონო დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, მაგრამ ის ფორმალურად აფორმებს დაკავებას.
მე არ მსმენია ამ საპროტესტო აქციებზე, სადაც რუსულ კანონს აპროტესტებენ, ერთ წელზე მეტია სრულად გამამართლებელი გადაწყვეტილება მიეღოს მოსამართლეს. გამონაკლისი გურჯაანის მოსამართლეა, რომელმაც ყვარელში ლავროვის საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე დაკავებული გაამართლა. თუ ხედავს მოსამართლე, რომ დაკავებული სიღარიბის ზღვარს მიღმაა, შშმ პირია, დევნილია, მაშინ შეიძლება შენიშნა მისცეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ადგენს სამართალდარღვევას.
ჩემი დაკვირვებით, შემთხვევითობის პრინციპით აკავებენ. არავინ იცის, მაგალითად, რატომ დააკავეს ბუკა პეტრიაშვილი. უნდათ, რომ ხალხს აქციაზე გამოსვლის შეეშინდეს, ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება დაგაკავონო. მოსამართლე კი, არ იცავს ადამიანს. ამ ყველაფერს სამართლიანობის დადგენასა და წესრიგის დაცვასთან საერთო არ აქვს,“ – უთხრა გიორგი ტაბატაძემ „ბათუმელებს“ და დასძინა: ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს განზრახ, 24 საათის ნაცვლად 48 საათს რომ აყოვნებენ.
ეს კონსტიტუციის დარღვევაა, როცა 24 საათში უნდა გაათავისუფლონ, უხანგრძლივებენ 48 საათამდე, თითქოს რაღაც მტკიცებულებები უნდა მოიპოვონ. ეს არის დასჯის მიზნით“.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის მეუღლე დავით მჭედლიძე რამდენიმე უძრავი ქონების, ასევე ავტომანქანების მესაკუთრეა. იგი ადვოკატია და ამავდროულად რამდენიმე კომპანიის დირექტორი, მეწილეც, თუმცა მისი შემოსავალი ჯამურად 2022 წელს 27 318 ლარი იყო, მოსამართლისა – 76 380.
დავით მჭედლიძისთვის 2022 წელს მშობელს უჩუქებია 8 ათასი ლარი.
2022 წელს დავით მჭედლიძეს 1500 ლარად შეუძენია აბაშაში, სოფელ ზანათში 6700 კვ. მეტრი მიწა. ამავე წელს მჭედლიძეს 6 ათას ლარად ახმეტაში, სოფელ ზემო ალვანაში უყიდია 4986 კვ. მეტრი მიწა.
2022 წელს დავით მჭედლიძეს Hyundai tucson უყიდია 6630 დოლარად, 2020 წელს მას იგივე მარკის ავტომანქანაში 37 500 ლარი გადაუხდია.
მოსამართლის ქმარს წინა წლებშიც გახდა რამდენიმე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
დავით მჭედლიძეს 2017 წელს აჩუქეს თიანეთში, სოფელ დევენაანთხევში 2650 კვადრატული მეტრი მიწა. დეკლარაციაში არ ჩანს, ვინ აჩუქა დავით მჭედლიძეს მიწის ნაკვეთი.
დავით მჭედლიძეს 2013 წელს 2500 ლარად შეუძენია თიანეთში, სოფელ ღულელებში 2,3468 კვ. მეტრი მიწა, სადაც მშენებარე ნაგებობებია. 2015 წელს კი, 40 000 ლარად შეუძენია ამავე სოფელში 86824 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი.
დეკლარაციის მიხედვით, 2013 წელს დავით მჭედლიძეს აჩუქეს ბინა თბილისში ნუცუბიძის ფერდობზე. 2011 წელს კი, 27 900 დოლარად უყიდია 105 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე.
ლელა ცაგარეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობა მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე 2015 წელს დაიწყო, ლელა ცაგარეიშვილი მოსამართლედ 2020 წელს გაამწესეს. ის უვადოდ 2023 წელს გაამწესეს.
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ
ნინო შჩერბაკოვიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ხშირად განიხილავს საპროტესტო აქციებზე დაკავებულების საქმეებს.
ნინო შჩერბაკოვის ანგარიშზე სამაგალითო საქმეებია, როგორ შეიძლება ხელი შეუწყოს მოსამართლემ პროტესტის ჩახშობას: მაგალითად, 2024 წლის თებერვალში მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა სამოქალაქო აქტივისტს, ნატა ფერაძეს. მოქალაქე მოსამართლემ იმიტომ დასაჯა, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხა.
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი
ამავე მოსამართლემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც 2024 წლის იანვარში თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესს აშუქებდა, პოლიციელებმა კი, პროფესიულ საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს და დააკავეს.
ამ საქმეში ჟურნალისტმა მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს აქციაზე ვიდეო აჩვენა, სადაც ჩანს, რომ ვიდეოს გადაღების დროს სრულიად უმიზეზოდ პოლიციელებმა ხელი შეუშალეს და დააკავეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მანქანაში გუდავდნენ, აგრესიულად ექცეოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ თანამშრომელი საბა ბრაჭველი 2023 წელს 500 ლარით დააჯარიმა ბანერისთვის, რომელზეც ეწერა „ირაყლი“. მან ასევე 500 ლარით დააჯარიმა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი, რომელსაც ხელში მხოლოდ ცარიელი ფურცელი ეკავა და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი შოთა თუთბერიძე, რომელიც დაკავების მომენტში პარლამენტის კიბეებთან იჯდა ბანერით ხელში.
მოსამართლემ იგივე ოდენობის ჯარიმა კიდევ ორი აქტივისტს დააკისრა. შჩერბაკოვმა ყველა მათგანი ხულიგნობის მუხლით სამართალდამრღვევად მიიჩნია. აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობასთან, რომლის გათვალისწინების ვალდებულებაც ქართულ სასამართლოებს აკისრიათ.
მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ნინო შჩერბაკოვმა 2014 წელს ჩააბარა, ის მოსამართლეობას 2020 წლიდან შეუდგა. მანამდე იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მთავარი კონსულტანტი – მწერალი თანაშემწე იყო, ხოლო 2018-2019 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მწერალ-თანაშემწის პოზიციაზე.
რაც შეეხება ქონებას: 2023 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ნინო შჩერბაკოვს მხოლოდ საბანკო ანაბრები აქვს და ავტომანქანა ჰიუნდაი ელანტა, რაც მას 2019 წელს 6800 აშშ დოლარად შეუძენია.
ნინო შჩერბაკოვს ერთ საბანკო ანაბარზე 2023 წლის მდგომარეობით 19 370 ლარი აქვს, მეორეზე – 18 008 ლარი, რასაც წლის განმავლობაში ხელშეკრულებით „მიღებული მატერიალური შედეგი“ – 1364 დაემატა. მოსამართლეს აქვს ანაბარი დოლარშიც: 3150 აშშ დოლარი.
მოსამართლეს, რომელმაც ლაზარეს 9 წელი მიუსაჯა, მშობელმა 10 ათასი დოლარი აჩუქა
ზვიად შარაძე ის მოსამართლეა, რომელმაც რუსული კანონის მოწინააღმდეგე ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უფლებადამცველების შეფასებით, ამ საქმეში არაერთი შეუსაბამობა იყო.
ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის მარტის აქციებზე რუსულ კანონს აპროტესტებდა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, საპროტესტო აქციის შემდეგ კი, უკან გაიწვია და საჯარო დაპირების მიუხედავად, 2024 წელს უკან დააბრუნა. ლაზარე გრიგორიადისი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე ზვიად შარაძეს 2023 წელს ახალი ბინა ბათუმში შეუძენია: ბაგრატიონის ქუჩაზე, 31 კვ. მეტრი ბინა მოსამართლეს 17 500 დოლარად უყიდია.
ზვიად შარაძე ფლობს საცხოვრებელ ბინას თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე – 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა მოსამართლეს 2014 წელს 43 ათას დოლარად უყიდია. თბილისში ბინა აქვს ზვიად შარაძის ცოლსაც: თამარ ფასიეშვილს 2020 წელს თბილისში, ფარნავაზ მეფის გამზირზე 85 719 ლარად შეუძენია 51.7 კვ. მეტრი ფართობის ბინა.
ზვიად შარაძე, მოსამართლე
მოსამართლეს 2 ავტომანქანა აქვს: 2017 წლიდან ავტომანქანა TOYOTA PRIUS 5 ათას დოლარად შეუძენია, 2021 წელს – TOYOTA CAMRY 14 ათას დოლარად.
ზვიად შარაძის წლიური შემოსავალი 2022 წელს 76 380 ლარი იყო – თვეში მოსამართლე 6365 ლარს იღებდა ჯამაგირის სახით.
სამაგიეროდ მოსამართლის ცოლს ჰქონია 2022 წელს მოსამართლეზე მეტი შემოსავალი: 83 755 ლარი. მას ერთდროულად 12 სამსახური აქვს. თამარ ფასიეშვილი 3 კომპანიაში [რუსთავის ავტობაზრობა, მიკადო ჯორჯია და მიდას თრეიდინგი] ერთდროულად მთავარი ბუღალტრის პოზიციას იკავებდა, დანარჩენ 9 კომპანიაში კი, ბუღალტერი იყო.
დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლემ 15 ათასი დოლარი 2022 წელს ფიზიკური პირისგან ისესხა „ბათუმში ბინის შესაძენად“. 10 ათასი დოლარი კი, ზვიად შარაძეს მშობლისგან მიუღია საჩუქრად. მშობლისგან საჩუქარი – 10 ათასი ლარი მიუღია მოსამართლის ცოლს, თამარ ფასიეშვილსაც.
ზვიად შარაძე 2019 წლიდან გამწესდა უვადო მოსამართლედ და თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობს. 2013 – 2015 წლებში ზვიად შარაძე პროკურორად მუშაობდა, მანამდე 2007-2011 წლებში კი, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ იურისტად.
მოსამართლე ზვიად შარაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებს – მან დაცვის მხარეს სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე უარი უთხრა. მოსამართლე ზვიად შარაძემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე.
ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 2021 წლის 28 იანვარს მიიღო.
ზვიად შარაძე მედიაში მის მიერ 2014 წელს გაზიარებული პოსტის გამოც მოხვდა. მოსამართლე ხის მორის ფოტოს აზიარებდა, წარწერით „ღვთისმშობელი ხეზე“.
მოსამართლე ბათუმიდან, რომელიც საკუთარ ვიტრინაზე პროტესტის გამოხატვისთვის აჯარიმებს
ბათუმის შემთხვევაში საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯით ყველაზე ხშირად მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეა დაკავებული.
ჯერჯერობით პროტესტი საქართველოში მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯება და მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ყველაფერს აკეთებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუწყოს რუსული მმართველობის დამყარებაში.
პროტესტის ჩახშობის ბოლო მცდელობა ამ მოსამართლეს „რუსული გემის საქმეზე“ ჰქონდა – 2023 წლის აგვისტოში, აქციაზე ის ხალხი იდგა, ვინც რუსული გემიდან ჩამოსული რუსი ტურისტის მიერ ნათქვამმა ფრაზამ გააბრაზა, „აფხაზეთის საქართველოსგან გათავისუფლებას“ რომ ეხებოდა. აქციაზე დაკავებულები მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა.
მოსამართლე ამ საქმეში დაეყრდნო არა უტყუარ ვიდეო მტკიცებულებებს, არამედ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს.
„ნეიტრალური მტკიცებულება არის ვიდეომასალა, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ დაკავებულები არც ილანძღებოდნენ, არც იგინებოდნენ, არც მონას იძახდნენ, რაზეც პოლიციელები მიუთითებდნენ, თუმცა თუნდაც „მონის“ ან სხვა სიტყვების დაძახება, ვინმესთვის შეურაცხმყოფელი გამოხატვა, ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მათ შორის ევროსასამართლოს პრაქტიკით,“ – ამბობდა სასამართლო პროცესის შემდეგ თამარ წულუკიძემ, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.
ალექსანდრე გოგუაძე
არამხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის მიერ განხილულ საქმეებს შორისაა „ვაჟა თავართქილაძის საქმე“. ეს ის მოქალაქეა, რომელმაც ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე, საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე 2023 წელს გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“.
კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის მოქალაქე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ მოქალაქე პროტესტის გამოხატვისთვის რომ უკანონოდ დააჯარიმა, ეს სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა – ვაჟა თავართქილაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა.
საპროტესტო აქციების სიმრავლის კუთხით ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგი პერიოდი გამორჩეული იყო – ბათუმში არჩევნები ჯამურად ოპოზიციამ მოიგო, თუმცა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე მაინც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გახდა. ამ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი სამუშაო დაუგროვდა ალექსანდრე გოგუაძეს. მაგალითად, 2022 წელს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი, თამარ კურატიშვილი დააჯარიმა სამშენებლო ღობეზე მინაწერისთვის – „რიჟვაძე, მოდი“.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც პროტესტის გამოხატვას უკავშირდება ბათუმში და მოსამართლემ პროტესტის გამომხატველები დასაჯა – „24 ოპოზიციონერის საქმეა“: ალექსანდრე გოგუაძემ დააჯარიმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები იმიტომ, რომ მათ აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს.
ეს 2022 წლის მაისის მოვლენებია – აქცია პოლიციელებმა დაშალეს და დეპუტატებს კარვები ჩამოართვეს. მაშინ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ოპოზიციონერები ჯამში 38 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე გოგუაძემ სასამართლოსხდომიდან გააპარა აჭარის პოლიციის უფროსი. ის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე მთავარი მოწმე იყო და სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერების კრიტიკულ კითხვებზე უწევდა პასუხის გაცემა.
ალექსანდრე გოგუაძის საქმეებს შორისაა „ბაჩი მექვაბიშვილის საქმეც“ – ამ შემთხვევაშიც იმდენად აშკარად გამოჩნდა მოსამართლის მხრიდან პროტესტის ჩახშობის მცდელობა, რომ სასამართლოს იმიჯის დაცვა ქუთაისის სააპელაციომ სცადა – საბოლოოდ მოქალაქე გამართლდა.
ბაჩი მექვაბიშვილი ბათუმის საკრებულოს წევრია და ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“ ირაკლი კობახიძესთან მაშინ ითხოვდა შეხვედრას, როცა ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო. დაკავებული მექვაბიშვილი პოლიციელებმა ავტომანქანაში ჩასვეს, მაგრამ ის მანქანიდან გაექცათ. ბაჩი მექვაბიშვილი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 3500 ლარით დააჯარიმა.
ალექსანდრე გოგუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ 2019 წელს გაამწესეს. მოსამართლეობამდე, 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, იგი ფოთის მთავარ პროკურორად მუშაობდა.
2016 წლის იანვარში პროკურორის ავტომანქანას, რომლითაც ალექსანდრე გოგუაძე გრიგოლეთში მიდიოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი ტყვია ესროლეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ალექსანდრე გოგუაძის შვილი ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე დღეში კი, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. „ბათუმელებს“ მოსამართლემ ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა, რომ მისი პროკურატურიდან წასვლა ამას არ უკავშირდება.
ალექსანდრე გოგუაძე 2018 წელს გაამწესეს უვადო მოსამართლედ. პროკურორობამდე, 1999 – 2009 წლებში, იგი ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. ბათუმში გამწესებამდე კი, 2018 წელს, გოგუაძე სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე იყო აბაშის მუნიციპალიტეტში.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის ჯამაგირი 2023 წელს 85 080 ლარი იყო.
მთავარი ფოტო: 2023 წლის12 მაისს, მოსამართლეების ქეიფი გორში. კადრში ჩანს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე [შემოხაზულია წითლად] და სასამართლო კლანის ლიდერი ლევან მურუსიძე.ალექსანდრე გოგუაძის დეკლარაციის მიხედვით, იგი მხოლოდ მიწის ნაკვეთებს ფლობს გრიგოლეთში – 325 კვ.მ და 324 კვ. მეტრს. ეს უკანასკნელი ქონება მოსამართლისთვის 2017 წელს საკუთრების აღიარების კომისიას გადაუცია.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ალექსანდრე გოგუაძეს ბათუმში საცხოვრებელი ბინა არ აქვს. მას და მის მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, არც სხვა შემოსავალი აქვთ. მოსამართლის დეკლარაციაში მხოლოდ მისი ცოლის შესახებ მონაცემი გვხდება – მარინა კრიუკოვა რუსეთშია დაბადებული და მემკვიდრეობით მიუღია ბინა სანკტ-პეტერბურგში, მას ასევე 2015 წელს 59,7 კვ.მეტრი ფართობის ბინა უყიდია თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, 35 000 აშშ დოლარად.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა წერეთლისა და ბაქოს ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.
შეზღუდვის გამო, მუნიციპალური ავტობუსი #1 შავშეთისა და მაიაკოვსკის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს ბაქოსა და ნონეშვილის ქუჩების გავლით. # 1ა ავტობუსი მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს გოგოლის, ნონეშვილისა და ბაქოს ქუჩებით.
#8 და #4 ავტობუსები უკუმიმართულებისას მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს მაიაკოვსკისა და წერეთლის ქუჩებით.
#15 ავტობუსი შავშეთისა და მაიაკოვსკის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს ნონეშვილისა და ბაქოს ქუჩებით.
შეზღუდვა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
მერიის განმარტებით, შეზღუდვა შავშეთის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს უკავშირდება.
ანტირუსული აქცია ახალგაზრდებმა დღეს, 9 მაისს, ქობულეთშიც დააანონსეს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია ქობულეთის მერიასთან 18:00 საათზე დაიწყება, იქნება მსვლელობაც.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი კაკალაძის ინფორმაციით, „ეს ახალგაზრდების ორგანიზებული აქციაა. ასევე, შემოგვიერთდება ყველა, ვინც ეთანხმება ჩვენს მოთხოვნებს.“
აქცია დაგეგმილია ბათუმშიც. დღეს, 9 მაისს, ევროპის დღეს, ევროპული მარში გაიმართება. მარშის გზავნილია: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“.
ევროპული მარში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საღამოს 7 საათზე დაიწყება.
მარშის დაწყებამდე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან, 17 საათზე, ევროპის დღის აღსანიშნავად საჯარო შეხვედრას ჟან მონეს კათედრა მოაწყობს. 9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.
მოთხოვნით – „არა რუსულ კანონს“ საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე ხვალ, 10 მაისს, საღამოს 7 საათზე დაიწყება.
რა ხდება?
საზოგადოებისთვის რუსული კანონის სახელით ცნობილი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც კანონი საბოლოოდ შევა ძალაში.
რამდენიმე კვირაა მოქალაქეები რუსულ კანონის მიღების მცდელობას უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ. აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
დღეს, 9 მაისს ბათუმში, ევროპის დღეს, ევროპული მარში გაიმართება. მარშის გზავნილია: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“.
ევროპული მარში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საღამოს 7 საათზე დაიწყება. მარშს სტუდენტური ორგანიზაცია „მარტიანელები“ აანონსებს.
მარშის დაწყებამდე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან, 17 საათზე, ევროპის დღის აღსანიშნავად საჯარო შეხვედრას ჟან მონეს კათედრა მოაწყობს. 9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.
მოთხოვნით – „არა რუსულ კანონს“ საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე ხვალ, 10 მაისს, საღამოს 7 საათზე დაიწყება.
რა ხდება?
საზოგადოებისთვის რუსული კანონის სახელით ცნობილი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც კანონი საბოლოოდ შევა ძალაში.
რამდენიმე კვირაა მოქალაქეები რუსულ კანონის მიღების მცდელობას უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ. აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 478 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
ტანკი – 7 429 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 14 281 ერთეული [+35]
საარტილერიო სისტემა – 12 340 ერთეული [+23]
MLRS – 1 058 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 793 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 349 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 775 ერთეული [+47]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 192 ერთეული [+41]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 618 ერთეული [+69]
სპეცტექნიკა – 2 027 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
594 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 856 უპილოტო საფრენი აპარატი
512 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 960 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 280 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 415 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 563 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილს 8 ცალ საათში ზუსტად 439 400 დოლარი აქვს გადახდილი. ამის შესახებ დეპუტატს თავის ქონებრივ დეკლარაციაში უწერია. „ქართული ოცნების“ დეპუტატისთვის ეს პირველი ქონებრივი დეკლარაციაა, გიორგი ბარვენაშვილმა პარლამენტში ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლა.
დროის მაჩვენებელ ნივთში ყველაზე ძვირი ფასი დეპუტატ ბარვენაშვილის 2022 წელს გადაუხდია – დეკლარაციაში წერს, რომ Audemars Piguet-ის საათი 110 000 ამერიკულ დოლარად შეიძინა. დეპუტატის საათების კოლექციაში ყველაზე იაფფასიანი ასევე 2022 წელს ნაყიდი Rolex-ია, რომელშიც 12 400 აქვს გადახდილი.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული გიორგი ბარვენაშვილი შემდეგი ღირებულებისა და ფირმების საათებს ფლობს:
Richard Mille – 55 000 USD
Bvlgari – 33 000 USD
Bvlgari – 25 000 USD
Rolex – 80 000 USD
Richard Mille – 72 000 USD
Audemars Piguet – 110 000 USD
Rolex – 12 400 USD
Patek Philippe – 52 000 USD
დეპუტატის საათები
რაც შეეხება სხვა ქონებებს, დეპუტატი თბილისსა და მცხეთაში, 5 სხვადასხვა მისამართზე ფლობს მიწის ნაკვეთს, ასევე აქვს 5 საცხოვრებელი სახლი თბილისსა და მცხეთაში. პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენი სხვა არაერთი ქონების მფლობელია. თუმცა, არაფერს ფლობს მისი მეუღლე.
გიორგი ბარვენაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 71-ე ნომერი იყო. ის 2023 წლის 21 თებერვალს შეუდგა საპარლამენტო საქმიანობას.
საქართველოს მოქალაქეების პირად ნომრებზე უცნობი სატელეფონო ზარებიდან გინებისა და მუქარის გახშირებული ფაქტების გამო, საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დაინტერესდნენ ამ მოვლენით და კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პოზიცია.
„2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება.
პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით.
ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.
მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს, ასევე, მოცემულ საკითხზე სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, დაინტერესდნენ ამ მოვლენით, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ, და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პოზიცია“ – აცხადებს საია.
მიმდინარეობს თუ არა გამოძიება მოქალაქეების მიმართ შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტების გამო? – ამ კითხვით გვინდოდა მიგვემართა შს სამინისტროსთვის, თუმცა ამ დროისთვის „ბათუმელების“ ზარებს სამინისტროს პრესსამსახური არ პასუხობს.
10 მაისს, პარასკევს, 19 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე, მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება სლოგანით – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“
უკვე სამი კვირაა საქართველოს ქალაქებში, მათ შორის ბათუმში, მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება რუსული კანონის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პარლამენტში ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონს და ქვეყნის კურსის ცვლილებას.
გუშინ, 7 მაისს, აქცია გაიმართა კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში.
პარასკევს, 10 მაისს, მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ დასვენების დღეს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაინიშნა.
დღის წესრიგის მიხედვით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 10 მაისს 3 საკითხი უნდა განიხილოს, თუმცა მათ შორის არ არის რუსული კანონი.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, 10 მაისს სხდომა იმიტომ დაინიშნა, რომ იურიდიულ კომიტეტს ბევრი საკითხი დაუგროვდა, რასაც კომიტეტი პარასკევს განიხილავს. რუსულ კანონს კი, ამავე წყაროს თანახმად, კომიტეტი, სავარაუდოდ, ორშაბათს, 13 მაისს, განიხილავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 477 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970]
ტანკი – 7 418 ერთეული [+13]
ჯავშანტექნიკა – 14 246 ერთეული [+19]
საარტილერიო სისტემა – 12 317 ერთეული [+30]
MLRS – 1 057 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 792 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 349 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 728 ერთეული [+11]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 151 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 549 ერთეული [+40]
სპეცტექნიკა – 2 019 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
594 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 785 უპილოტო საფრენი აპარატი
512 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 923 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 279 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 339 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 508 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„საზოგადოება არ შეიკეტება სახლში, ხალხს არ შეეშინდება. ასლან აბაშიძესაც ეხმარებოდა კრემლი, მაგრამ რა გააწყო?!“ – ამბობს მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე. მას „ბათუმელები“ სახალხო პროტესტსა და „ოცნების“ ძალადობრივ პოლიტიკაზე ესაუბრა.
ბატონო ლევან, თქვენი ხედვით, როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა, რუსული კანონი რომ ვერ მიიღოს ხელისუფლებამ?
წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა იმ ფორმით, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კონსტიტუცია და ყველგან, სადაც ეს შეგვიძლია: საჯარო სივრცეებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამსახურებში, პარლამენტის შიგნით თუ გარეთ. იქნება ეს პასიური პროტესტი ერთ ადგილზე თუ აქტიური, გაფიცვით, საქართველოს შიგნით და საქართველოს გარეთ. ყველაფერ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
ხშირად შეიძლება ადამიანებს ეგონოთ – „მიტინგით რას მივაღწევთ“ ან „რა იქნება“, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო ნათელი იქნება საზოგადოების ნება, მით უფრო გაუჭირდება ხელისუფლებას თავისი ამოცანების მიღწევა.
20 დღეზე მეტია, რაც ეს პროტესტი დაიწყო და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ყველაფრის შედეგად, რასაც ქართული საზოგადოება აკეთებდა, ჩვენ პირწმინდად მოვიგეთ არგუმენტების ომი, პირწმინდად მოვიგეთ საინფორმაციო ბრძოლა, პირწმინდად მოვიგეთ ბრძოლა დემოკრატიული ქუჩისთვის. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა, რაც სწორედ ამ ყველაფრის დამსახურებაა.
დავუშვათ საპროტესტო აქციაზე მოვიდა 150 ათასი ან მეტი ადამიანი, მაგრამ ხელისუფლებამ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა მოქალაქეების აბუჩად აგდება, ასეთ შემთხვევაში თუ არსებობს მოქმედების სხვა გეგმა, რაზეც ნაფიქრია?
რა თქმა უნდა, არსებობს. უბრალოდ, აქ რაღაც ცალკე აღებული ერთი ჯგუფი არ არის ამ ყველაფრის ხელმძღვანელი და ეს ისედაც ნათელია. ბევრი სხვადასხვა ჯგუფია და ეს არის სწორედ ჩვენი ძალა – ეს არ არის რაღაც ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც გეგმავს ამ ყველაფერს. ეს რომ ასე ყოფილიყო, ამ პროტესტს გაანადგურებდა მთავრობა.
რაც შეეხება გეგმებს, რაც უფრო მეტი ადამიანი ვიქნებით, მით უფრო ნაკლები მხარდამჭერი ეყოლება ხელისუფლებას ამ საქმეში. ეს რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ისინი ახლა უკვე ხედავენ, რომ კარგავენ საკუთარ ბაზას, კარგავენ პოლიტიკურ ბაზას ქართულ საზოგადოებაში და უფრო და უფრო მეტად რჩებიან მხოლოდ ერთმანეთის, სპეცრაზმების და აი, ამ ძალოვანი, ოფიციალური თუ არაოფიციალური ჯგუფების იმედად. ეს მათთვის ძალიან მყიფე სიტუაციაა. ამიტომ, ჩვენი ყოველი შეკრება არის ჩვენი ნაბიჯი გამარჯვებისკენ.
არის ხედვა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ სხვადასხვა სიტუაციაში, ასევე არის გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმ პირობებში, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ წაიღებს უკან ან თუ შეეცდება ჩუმად მოაწყოს მესამე მოსმენა. თუმცა მე ვერ ვხედავ დადებითს იმაში, რომ წინასწარ გამოვაცხადოთ ყველა გეგმა. იმიტომ, რომ ჩვენ ვიმყოფებით პოლიტიკურ წინააღმდეგობაში მთავრობასთან და წინასწარ, დროზე ადრე გამოცხადება ყოველი ნაბიჯის, წამგებიანი იქნება პროტესტისთვის.
„ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს მაინცა და მაინც დიდი არჩევანი, მაგრამ შეუძლია ეს კანონი წაიღოს უკან და ეს მისთვის არის უკეთესი არჩევანი. სხვა შემთხვევაში ის ბევრად უარეს პოლიტიკურ სიტუაციაში ჩავარდება, თუკი ის ამ კანონს მაინც გაიტანს, რადგან ეს იქნება ძალადობა საზოგადოებაზე.
მათთვისაც ნათელია ეს, თუ მთლად თავს არ იტყუებენ ბოლომდე.
რეალურად, ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ერთი კაცი, ერთი მუჭა პოლიტიკური ჯგუფი არის მთელი საზოგადოების წინააღმდეგი და თუ ეს პატარა პოლიტიკური ჯგუფი იძალადებს საზოგადოებაზე, ეს მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ. ამას წესით უნდა ხვდებოდნენ, თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე მაინც.
და თუ ამას ვერ ხვდებიან, ეს უკვე მათი დიდი პრობლემაა.
„ქართული ოცნების“ 29 აპრილის აქციის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მათ არამხოლოდ მეგობრები გამოაცხადეს მტრებად, არამედ „კუდიანებზე ნადირობაც“ ლეგალური გახდა და თავს დაესხნენ არაერთ ადამიანს. რა არის ეს, რა წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“ და რა ეტაპზე არიან გადასული?
თავდაჯერება დაკარგა ამ ხალხმა. მიხვდნენ, რომ არგუმენტებში ვერ იგებენ, ვერ მიხვდნენ, რომ საზოგადოება მათ მხარს არ უჭერს, აღარ იციან რა ქნან, დაკარგეს კონტროლი და ფიქრობენ, რომ ვიღაცას შეაშინებენ ამით, მაგრამ ჩვენ საქართველოს ისტორიიდანაც ვიცით, რა მოჰყვება ამას.
ანუ ეს არის ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი პოლიტიკური დასასრულის წინ. ასე იყო შევარდნაძის მმართველობის ბოლო, როცა ოპოზიციას და არასამთავრობოებს ესხმოდნენ თავს, სააკაშვილის დროსაც ასე იყო, ასლან აბაშიძის დროსაც. ეს ხალხი არ არის წიგნის ხალხი და არ არის ისტორიის ხალხი, მაგრამ რაღაც უნდა ვიცოდეთ ჩვენ ყველამ, ვინც ამ ამბავში ვართ ჩართული და თვალს ვადევნებთ, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი.
როდესაც ხელისუფლებას აღარ შეუძლია საზოგადოებას დაუსაბუთოს და აუხსნას რაღაც, როდესაც ხელისუფლებას აღარ შეუძლია ჰქონდეს იმედი ნამდვილი დემოკრატიული მხარდაჭერის. ერთხელ ჩამოიყვანა ეს ხალხი ძალით, მეორედ იმდენს ვეღარ ჩამოიყვანს, მესამედ ეტყვიან „წადი ძმაო თავი დამანებე“, ესენი მაგ ეტაპზე არიან გადასული და ეს ყოველთვის ცუდად უბრუნდება ყველა მთავრობას.
ძალადობა, თავდასხმა, უსამართლობა – ეს საზოგადოებაში წარმოშობს უკურეაქციას.
წარმოიდგინეთ, ეს არის ხელისუფლება, რომელიც სანდრო გირგვლიანის ტრაგედიას იყენებდა და გამოიყენა ხელისუფლებაში მოსასვლელად. ახლა რას აკეთებენ? ახალგაზრდებს ასევე უქსევენ ვიღაც-ვიღაცებს, ბანდებს, დაჯგუფებებს. ეს ხომ იგივე გზაა და ამას საქართველომ უპასუხა თავის დროზე შესაბამისად. ახლაც იგივე იქნება.
ღმერთმა არ ქნას რამე ტრაგედია მოხდეს, მაგრამ ასეთი თავდასხმები წარმოშობს უკურეაქციას, საზოგადოება არ შეიკეტება სახლში, ხალხს არ შეეშინდება. პირიქით, ვიღაც ჩემს ახლობელს და მეგობარს რომ დაჩაგრავს, მე გამოვალ და მხარში დავუდგები, ასეთია თბილისი, ბათუმი, ასეთია საქართველო და ეს არაფერს არ მოიტანს მათთვის ცუდის გარდა.
ხელისუფლება ცდილობს შეგვაშინოს ომით. ამ ეტაპზე მას რუსი პროპაგანდისტებიც ეხმარებიან – რუსულ არხებზე უფრო და უფრო ხშირად განიხილავენ, თუ რატომ უნდა დაუძახოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს დასახმარებლად. სხვათა შორის, რუსეთში ასევე აქტუალურია ზურაბიშვილის მოცილებაზე მსჯელობაც. ეს რას ნიშნავს?
ეს არის ჩვენი დაშინების მცდელობა და ყოველთვის ასეა ხოლმე, ხელისუფლება რომელიც ვეღარ აგვარებს კრიზისს, ყოველთვის ამბობს, რომ ხალხო, ჩემს მხარეს თუ არ დადგებით, რაღაც ბუა მოდის და ჩემ ზურგს ამოეფარეთ, ისევ მე გიშველით.
ასლან აბაშიძესაც ეხმარებოდა კრემლი, მაგრამ რა გააწყო. როცა ხალხის მხარდაჭერას კარგავ, სხვა ქვეყანა ვეღარ გიშველის. ჩვენ არა მარტო საქართველოს, მსოფლიო ისტორიიდანაც კარგად ვიცით, ცივი ომის დროინდელი ისტორიებიც ბევრი ვიცით, მაგალითად როცა ამა თუ იმ დიქტატორს მხარს უჭერდა ან აშშ, ან საბჭოთა კავშირი, მაგრამ როდესაც შიგნით საზოგადოება, ხალხი გადაწყვეტდა, რომ ეს დიქტატორი მას აღარ უნდა, ვერც ვაშინგტონი და ვერც მოსკოვი ვერაფერს ვეღარ აკეთებდა.
მით უმეტეს ახლა, როცა რუსეთი ასეთ ამბავშია გახვეული, ეს არის მხოლოდ ჩვენი დაშინების შესაძლებლობა და ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი საქმეა. ვერავინ ამაში ვერ ჩაერევა და ვერავინ ვერაფერს გვიზამს, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც აქამდე ვმოქმედებდით.
ვმოქმედებთ როგორ? – მშვიდად, კონსტიტუციურად, არაფერს ვარღვევთ, მივდივართ წინ, ეს არის არაძალადობრივი პროტესტი, ჩვენი მომხრეების რაოდენობა იზრდება, „ოცნების“ პოლიტიკის მომხრეთა რაოდენობა იკლებს. ქალაქებში უფრო და უფრო დიდი პროტესტია, უფრო და უფრო მეტ ქალაქშია პროტესტი, ცოტა ხანში ამას ვნახავთ უფრო პატარა დაბებშიც, სოფლებში, მთელ საქართველოს გადაედება ეს და მერე უკვე რაღას იზამენ?
ეს ძალადობის მცდელობებიც აგონიაა, ამის მაჩვენებელია მხოლოდ, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა. საზოგადოებას ავუხსენით, გავაგებინეთ რაში იყო საქმე, საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახეთ, რომ საქართველო არ არის უიმედო ერი და შეიძლება ამ ერის მხარში დგომა, ამ ხალხის იმედის ქონა, რომ ეს ხალხი არ დათმობს თავისუფლებას ასე ადვილად. ჩვენ რომ ჩუმად ვყოფილიყავით, არც ის განცხადებები და მოვლენები იქნებოდა საერთაშორისო არენაზეა ახლა, ამიტომ ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, საქართველოსთვის, ჩემი აზრით.
ამაზე უარესს, რასაც დღეს აკეთებს „ოცნება“, რას შეიძლება კიდევ ველოდოთ და როგორ „მუშაობს“ ის, თქვენი აზრით?
მე ვერ ვიტყოდი, რომ ის მუშაობს, რადგან ისინი არ იცნობენ საქართველოს, ისინი არ იცნობენ ქართველ ხალხს, ისინი საქართველოს უყურებენ დაცვის ზურგს უკნიდან და დამონტაჟებული კამერებით, თავიანთი გალავნის იქიდან გადმოხედვით და ამიტომ მე არ მგონია, რომ ისინი ადეკვატურად იქცევიან.
ასე რომ ყოფილიყო, ისინი ამ კანონს საერთოდ არ დააბრუნებდნენ და ამ შარში არ გახვევდნენ საკუთარ თავს. სამწუხაროა, რომ ქვეყანაზეც ზემოქმედებს ეს. ისინი არ არიან რაციონალური აქტორები ახლა, არიან რაღაც პარანოიაში ჩავარდნილები, ცდილობენ ყველა საშუალება გამოიყენონ ძალაუფლების შესანარჩუნებლად და რაც უფრო მეტ ასეთ უაზრო ნაბიჯს გადადგამენ, მით უფრო სწრაფი იქნება მათი პოლიტიკური დასასრული.
აქციები აქამდე ფაქტობრივად იყო თვითორგანიზებული, ანუ პოლიტიკური პროცესი ფაქტობრივად პოლიტიკოსების ჩართულობის გარეშე მიდიოდა. ასე გაგრძელდება, თუ არის მზად პოლიტიკური ოპოზიცია გაერთიანდეს და აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა?
შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიციაზეც თავის საქმეს აკეთებს. ჩვენ შეიძლება უფრო მეტად ვხედავთ ბრძოლას პარლამენტს გარეთ ამ ბოლო დღეებში, მაგრამ ის, რაც შიგნით ხდება, იქნება ეს საკომიტეტო მოსმენა თუ პლენარული სესიები, სადაც ოპოზიცია მართლა ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე ყველა შესაძლებლობის გამოყენებისთვის იბრძვის კანონის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ეს დასაფასებელია და ნამდვილად იმსახურებს წახალისებას და აღნიშვნასაც.
იმიტომ, რომ მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დამოუკიდებელი დეპუტატები იქნებიან თუ ოპოზიციური პარტიები.
ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია უფრო გაიზარდა ბოლო პერიოდში, უფრო მეტად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და მე ვიტყოდი, რომ ახლა არის დრო, როდესაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ეძებოს გზა ერთმანეთისკენ და არა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ.
მე თვითონაც ვაპირებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ მოხდეს ოპოზიციური ჯგუფების კონსოლიდაცია. იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების როლისა და პასუხისმგებლობის გარეშე არაფერი გამოვა. პოლიტიკას სჭირდება პოლიტიკური პარტიები, არჩევნებს სჭირდება პოლიტიკური პარტიები, პარლამენტს სჭირდება პოლიტიკური პარტიები.
და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან, რომლებიც გვყავს.
ავტორი:გიორგი ლებანიძე, ფილოსოფიის და რელიგიის ფაკულტეტი, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი
__
„რუსული კანონის“ ხელახალი ინიციირებით ივანიშვილის რეჟიმი რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური მედიასაშუალებების შევიწროება, დასავლეთისთვის სხვა არჩევანის არდატოვება, გარდა იმისა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩეროს, რუსი ფაშისტ-იმპერიალისტების გულის მოსაგებად (თუ საქმე მათი პირდაპირი მითითების შესრულებასთან არ გვაქვს).
რეჟიმის თითოეულ ამ მიზანზე ბევრი დაიწერა და ითქვა, ამდენად მათზე არ ვისაუბრებ. მე მინდა, რომ იმ მიზანზე ვისაუბრო, რაზეც საკმარისი ანალიზი არ მომისმენია, არადა საკმაოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
დღეს, ისევე როგორც 26 მარტის ღამეს, თბილისის ქუჩები ახალგაზრდებით გაივსო. ამ ორ მოვლენას შორის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი კავშირია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ამ კავშირის ადეკვატურად გააზრება ქართულ საზოგადოებას მოქმედების სწორად განსაზღვრაში დაეხმარება.
ივანიშვილის რეჟიმი ემყარება საზოგადოების პოლარიზებას, მის გახლეჩასა და ოპონენტთა დემონიზებას. ეს მეთოდი მათი მოგონილი არაა, მსგავს ხრიკებს ბევრ სხვა ქვეყნებში არსებული დესტრუქციული პოლიტიკური აქტორები იყენებენ. ამ მიდგომის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია გერმანელი ნაცისტი ინტელექტუალი, კარლ შმიტი, რომელიც ამტკიცებს, რომ პოლიტიკა იწყება იმის განსაზღვრით, თუ ვინ არის მტერი.
ივანიშვილის რეჟიმის შმიტისეული ფორმულაა: ყველა ვინც არ არის ქოცი, არის მტერი, ანუ არა-ქოცი = მტერს = ნაცს = უსამშობლოს = ქართველთმოძულეს = არაადამიანს = მონსტრს = „ლგბტქ-ს“ = კონჩიტა ვურსტს = ანტიქრისტეს = ომის პარტიის წევრს = გლობალისტ-მასონს = ლიბერასტს = ფაშისტს = ქართველთყლაპიას, და ა.შ.
ოპონენტთა ეს დემონიზებული იმიჯი ივანიშვილის კორუმპირებულ, პრორუსულ და სახელმწიფოს მიმტაცებელ რეჟიმს აძლევს საშუალებას, საკუთარი თავი მისაღებ არჩევანად გაასაღოს დაშინებული, დაზაფრული და მოტყუებული მომხრეებისთვის. ლოგიკა ასეთია: სჯობს, ცხვირზე თითები მოიჭიროთ და ისე მისცეთ ხმა ჩვენს გახრწნილ პარტიას, რადგან ერთადერთი ალტერნატივაა ომის პარტია, კონჩიტა, ქართველობის დაკარგვა, გაჰომოსექსუალება, მეორე-ფრონტი, მიშა და ა.შ.
სწორედ ამ აპოკალიფსურ მითს დაემუქრა დანგრევით საერთო ეროვნული დღესასწაული, რომელმაც 25 აპრილის ღამეს მთელი საქართველო მოიცვა და რამდენიმე კვირა გაგრძელდა. ფაქტობრივად ყველა – ქოციც, ნაციც, ანტი-ქოციც, ანტი-ნაციც, ანტი-ქოცნაციც, ლიბერალიც, კონსერვატორიც, აპოლიტიკურიც, ათეისტიც, მუსლიმიც და ქრისტიანიც მოიცვა ერთობის განცდამ.
საყოველთაო დღესასწაულში ჩართულ რეჟიმის ყველაზე მძაფრად დაშინებულ მომხრეებსაც კი ბუნებრივად გაუჩნდებოდათ კითხვა – იქნებ მთლად ისეც არაა საქმე, როგორც პროპაგანდა ქადაგებს? იქნებ ჩემი მეზობელი, ნათესავი, კოლეგა, მთლად ისეთი მონსტრიც არაა, როგორადაც მას იმედი, პოსტ-ტივი და რეჟიმის სხვა პროპაგანდისტული საშუალებები წარმოადგენენ? იქნებ მათ ჩემი და ჩემი შვილების გაჰომოსექსუალება არ აქვთ არსებობის ერთადერთ მიზნად ქცეული? იქნებ შესაძლებელია ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, რომელშიც ჩემი მეზობელი და ნათესავი მონსტრად, არაადამიანად და მოსისხლე მტრად არ მიმაჩნია?
თურმე სანაცეთის წიაღიდან (წალენჯიხა) აღმოცენებულ კვარას, ანტიქოცი კაცის შვილს – ქოჩორას, „ლგბტ“ სამკლავურის მომრგებ კაშიას, ევროპა-მადიდებელ ბუდუს და რუსოფობ ჯაბას შეუძლიათ, რომ მეც და ჩემი მტრად-მონათლული ანტი-ქოცი თანამემამულე ერთნაირად გაგვაბედნიეროს.
საზოგადოების ერთმანეთის მტრებად გახლეჩას რომ დაემუქრა საფრთხე, სწორედ ეს გახდა იმისი ერთ-ერთი, თუ არა უმთავრესი მიზეზი, რის გამოც რეჟიმმა „რუსული კანონი“ მკვდრეთით აღადგინა.
მიზანია „აზრზე მოიყვანოს“ თავის დაზაფრული და მოტყუებული მომხრეები, შეახსენოს მათ, რომ ვინც არ არის ქოცი, არის მტერი, მონსტრი, ქართველთყლაპია, ანტიქრისტე, კონჩიტა-სტეროიდებზე და ა.შ.
ამდენად უმნიშვნელოვანესია, რომ იმ სახალხო მოძრაობამ, რომელიც ამ დღეებში თბილისის ქუჩებში იბადება, მკაფიოდ შეინარჩუნოს ეროვნული ერთობის გზავნილი. მუდმივად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ მიზანი არა რუსეთთან ომი, არამედ ამ ომის არდაშვებაა, არა ნაცების დაბრუნება – არამედ ორივე ბელადის (სააკაშვილის და ივანიშვილის) წარსულში დატოვება და ევროკავშირში ინტეგრირების იმ ისტორიული შანსის გამოყენებაა, რომელიც შეიძლება მეორედ აღარასოდეს მოგვეცეს.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი X-ზე [ყოფილი ტვიტერი] წერს, რომ 13-15 მაისს თბილისს ეწვევა ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენელ კოლეგენთან ერთად.
„13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს!
ჩემთან ერთად იქნებიან კოლეგები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან.
მოუთმენლად ველით შეხვედრას მთავრობასთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან და გაბედულ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან“ – წერს მიხაელ როთი.
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე უკვე მეორედ უწოდებს თბილისს ევროპის დედაქალაქს.
„ამ დღეებში ევროპის დედაქალაქი არის არა ბრიუსელი, არა პარიზი, არა მადრიდი, არამედ თბილისი, სადაც ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული, რათა დაიცვას არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენი ერთობლივი ევროპული ფასეულობები“, – განაცხადა როთმა 25 აპრილს.
მან აღნიშნა, რომ რუსული კანონი აგენტების შესახებ შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან.
9 მაისს, 17 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ევროპის დღეს აღნიშნავენ.
ინფორმაციას ამის შესახებ ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე ავრცელებს ფეისბუქზე შექმნილი ღონისძიების გვერდზე.
ღონისძიების გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 1950 წლის შუმანის ისტორიულ დეკლარაციას, რომელშიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ. შუმანის მიერ გამოცხადებულ დეკლარაციას საფუძვლად დაედო ფრანგი პოლიტიკოსის ჟან მონეს იდეები ევროპის გაერთიანების შესახებ, ხოლო მოგვიანებით ამ იდეების საფუძველზე ჩამოყალიბდა ევროკავშირი, რომელიც დღეს 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ღონისძიების გვერდზე პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე წერს ევროკავშირის მხარდაჭერაზე საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის და რუსულ კანონზე:
„რუსული კანონი“, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს და ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ევროკავშირის სამართალს და მისი მიღების შემთხვევაში, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში. სამწუხაროდ, დღეს ბსუ-ს ადმინისტრაცია, რომელსაც აქვს თანამშრომლობა 200-ზე მეტ უცხოურ უნივერსიტეტთან, და პროფესორების უმრავლესობა, რომლებიც გაცვლითი პროგრამებით მოგზაურობენ ევროპაში, არ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ამ კანონის წინააღმდეგ“.
ამავე ტექსტში საუბარია ჟან მონეს კათედრის მნიშვნელობასა და შედეგებზე:
„ევროკავშირის მხარდაჭერა განსაკუთრებულია საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში. მათ შორის გამორჩეულია ერაზმუს + თავისი გაცვლითი პროგრამებით და ჟან მონეს პროგრამა ევროკავშირის სწავლებისა და კვლევის მხარდაჭერის უნიკალური შესაძლებლობით. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოში ევროპულ უნივერსიტეტებთან მოქმედი გაცვლითი პროგრამებით. ჩვენი სტუდენტები და პროფესორები პერიოდულად მოგზაურობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
2020 წელს ბსუ-ში ევროკავშირის მხარდაჭერით ჟან მონეს პირველი კათედრა ჩამოყალიბდა. ჟან მონეს კათედრა მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, 2020-2023 წლებში, მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით. ამ პერიოდში, ბსუ-ში ჩატარდა 3 საზაფხულო სკოლა, 3 სტუდენტური კონფერენცია, 8 საჯარო ლექცია და დისკუსია, 2 მრგვალი მაგიდა ევროინტეგრაციის საკითხებზე, 30 „ევროპული საუბრები“ ტელევიზიასა და რადიოსთან, მომზადდა 10 სამაგისტრო, საბაკალავრო და საკონფერენციო ნაშრომი ევროკავშირის საკითხებზე, 6 საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპაში და აშშ-ში წარდგენილი იყო მოხსენება ბსუ-ს და საქართველოს სახელით, გამოქვეყნდა 4 სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში, ერთი წიგნის თავი და 1 წიგნი (ინგლისურ ენაზე) ევროინტეგრაციის საკითხებზე ქართველი და უცხოელი ავტორების მონაწილეობით.
ასევე, გამოქვეყნდა 20 ბლოგი ევროკავშირის საკითხებზე, საგანმანათლებლო პროგრამებს დაემატა 3 ახალი სასწავლო კურსი ევროკავშირის შესახებ და შეიქმნა ელექტრონული ბიბლიოთეკა.
2023 წელს ჩატარდა ჟან მონეს საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა 100-მდე ევროკავშირის საკითხებში სპეციალიზებული ქართველი და უცხოელი პროფესორი, დოქტორანტი, სტუდენტი, ჟან მონეს კათედრების, მოდულების, წამყვანი ცენტრების წარმომადგენლები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან (საქართველო, გერმანია, რუმინეთი, უნგრეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია, მოლდოვა, თურქეთი, ისრაელი, პაკისტანი).
საბოლოდ 3 წლის განმავლობაში ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის აქტივობებში მონაწილეობდა ათასზე მეტი ადამიანი (სტუდენტი, მოსწავლე, მასწავლებელი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მოქალაქეები) მთელი საქართველოდან, ხოლო არაპირდაპირ გაცილებით მეტი ბენეფიციარი ჰყავს პროექტს. 2023 წელს ბსუ-ს სახელით წარდგენილი მეორე პროექტი, ჟან მონეს მოდული – „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია“ მხარდაჭერილ იქნა ევროკავშირის მიერ და ჩვენს კათედრას დაემატა ზამთრის სკოლა და ახალი სამაგისტრო სასწავლო კურსი ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივ-პოლიტიკური გამოწვევების შესახებ.
ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის მხარდაჭერის, რის გარეშეც ვერ იარსებებდა ჟან მონეს კათედრა და ზემოთ მოყვანილ აქტივობებს ვერ განვახორციელებდით.
ჩვენ, როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვაცხადებთ, რომ ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება სრულად შეწყდეს ერაზმუს + პროგრამის განხორციელება, როგორც ეს მოხდა რუსეთსა და ბელორუსში. გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს კანონის წინააღმდეგ და მოვუწოდებთ ყველა პროფესორს, სტუდენტს გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირის სამართლის საწინააღმდეგო კანონის წინააღმდეგ.
ჩვენ ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, ბსუ-ში ყოველ წელს აღვნიშნავთ ევროპის დღეს. წელსაც გიწვევთ ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულს, მონაწილეებს, სტუდენტებს, პროფესორებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, შევიკრიბოთ 2024 წლის 9 მაისს, 17 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ (ბულვარის მხარეს, შადრევანთან) და ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე“ – წერს მალხაზ ნაკაშიძე.