საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 27 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე პერიოდში 6 მილიონ 895 ათასი ლარი დახარჯა საარჩევნო კამპანიისთვის. აქედან 4 მილიონ 650 ათასი ლარი მმართველმა პარტიამ რეკლამაში დახარჯა.
ანტიკორუფციულ ბიუროში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ზემოთ აღნიშნულ პერიოდში უშუალოდ გარე რეკლამისთვის პარტიის საკასო ხარჯმა 3 777 009 ლარი შეადგინა. გარე რეკლამაში შედის – ბილბორდი, ლაით ბოქსი, ქუჩაში დამონტაჟებული ეკრანი, სატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული რეკლამა და სხვა.
ამ თემაზე: ასეთი სამარცხვინო არაფერი მინახავს, კგბ-ს სამჭედლოშია დამზადებული – ზურაბიშვილი „ოცნების“ ბანერებზე
„ოცნებას“ ბეჭდური რეკლამის ხარჯების გრაფა ამ ანგარიშში შევსებული არ აქვს.
ამავე ანგარიშის მიხედვით, იმავე პერიოდში „ოცნებამ“ შემოსავლის სახით 3 020 896 ლარი მიიღო. აქედან 2,6 მილიონი ლარი კერძო პირების შემოწირულობებია, ხოლო 428 335 ლარი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება.
ანტიკორუფციულ ბიუროში 27 აგვისტოდ – 16 სექტემბრის პერიოდის საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში „ოცნების“ გარდა კიდევ 25 საარჩევნო სუბიექტს/პარტიას აქვს წარდგენილი.
ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარდგენილი საფინანსო ანგარიშების სისრულის, სისწორისა და კანონიერების შემოწმება მიმდინარეობს.“
საქართველოს კანონმდებლობით საარჩევნო სუბიექტები ვალდებული არიან ფინანსური ანგარიშები ბიუროს წერილობით პერიოდულად წარუდგინონ.
პარტიებს საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშების წარდგენა შემდეგი გრაფიკის მიხედვით ევალებათ:
- 2024 წლის 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე – 2024 წლის 19 სექტემბრამდე;
- 2024 წლის 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე – 2024 წლის 10 ოქტომბრამდე;
- 2024 წლის 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე – 2024 წლის 29 ოქტომბრამდე;
- საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე – 2024 წლის 8 ნოემბრამდე იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა.
- ინფორმაცია 2024 წლის 27 აგვისტოდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით – არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა აუდიტორული [აუდიტორული ფირმის] დასკვნასთან ერთად. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი არ აღემატება 10 000 ლარს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე.
პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება. პარალელურად აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართება.