12-წლიანი ემიგრაციის შემდეგ ცისანა ხიმშიაშვილი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ახლა მის ოთხსულიან ოჯახს ბათუმში, „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში, შუქისა და წყლის გარეშე უწევს ცხოვრება.
ცისანას უმცროსი შვილი ორი წლისაა, უფროსი კი – 13 წლის. ბავშვები თითქმის ორი თვეა ცივ და უშუქო ქოხში ცხოვრებენ.
„საკუთარ ქვეყანაში მინდოდა დაბრუნება, რომ ჩემი შვილებისთვის რაღაც ფუძე დამედო. ვალები მქონდა, ამიტომ წავედი ემიგრაციაში. 12 წლის შემდეგ დავბრუნდი და ჩემი წინაპრის ქვეყანაში ერთი მუჭა მიწა დამიძვირდა“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ცისანა ხიმშიაშვილი.
ცისანა სოციალურად დაუცველია. მისი მეუღლის ხელფასი 800 ლარია, ოჯახს საკმარისი შემოსავალი არ აქვს იმისთვის, რომ ნაქირავებ ბინაში გადავიდეს ან საკუთარი შეიძინოს.
„თვე-ნახევარია შუქი საერთოდ არ მაქვს. ვრეკავ ენერგოკომპანიაში და ვეკითხები, რატომ არ მირთავენ შუქს. იქიდან მეუბნებიან, ზემოდან გვავალებენო. არ ვიცი, ვინ ავალებს და რატომ.
ვრეკავ მთავრობაში, ტელეფონზე არ მპასუხობენ.
მთელი კვირაა წვიმს, ბავშვი სკოლიდან სველი მოვიდა, სახლში გათბობა არ არის, შუქი არ გვაქვს, იყინებიან.
ბავშვს თავიც კი ვერ დავბანე. მამიდაჩემთან გადავიყვანე დასაბანად და ამ ცივ სახლში რომ მოვიყვანე, ყურები ასტკივდა და სასწრაფოთი გამიხდა გადასაყვანი.
სარეცხია, საჭმელი უნდა მოუმზადო ბავშვებს ხომ?! ვერ მეცადინეობს ბავშვი სიბნელეში, ტელევიზორიც ხომ უნდათ ბავშვებს, ცოტა რომ გაერთონ, არაფერი არ აქვთ.
მით უმეტეს, პატარას აუტიზმის ნიშნები აქვს, ნერვიულია“ – გვითხრა ცისანამ.
ქალი გვიყვება, რომ წლების წინ ემიგრაციაში, ერაყში, ვალების გამო წავიდა და ამბობს, რომ ისევ ვალების აღება აღარ სურს. უნდა, რომ საკუთარ ქვეყანაში არსებობდეს ისეთი გარემო, რომ შვილების მიტოვება და უცხო ქვეყანაში შრომა აღარ მოუწიოს.
„ემიგრაციაში არავინ არის დალხენილი. სამი წელი ჩემი შვილი ბიცოლას მეძახდა, ვეღარ გავუძელი და შვილიც წავიყვანე ერაყში. იქ დაიბადა ჩემი პატარა შვილიც.
60 გრადუს სიცხეში ვმუშაობდი. ახლა დავბრუნდი და აქაც ასეთ მძიმე ყოფაში გვიწევს ცხოვრება.
4 წლის წინ დავბრუნდი იმიტომ, რომ მინდა ჩვენს ქვეყანაში შევუქმნა რაღაც საფუძველი შვილებს. ვალები გავისტუმრე, მაგრამ ბინა რომ შეგვეძინა, ამას ვერ გავწვდი.
რომ ჩამოვედი, „ოცნების ქალაქში“ ვცხოვრობდი მამასთან. შემდეგ, როცა ეს კორპუსები ააშენა მთავრობამ, მამაჩემის ქოხი მოჰყვა დანგრევაში, რადგან სამშენებლო ტერიტორიაზე იყო და ჩემი ოჯახი ამ ქოხში გადმოგვამისამართეს, მამაჩემს კი შეხვდა ბინა იმ კორპუსში. მე ვერ გადავიდოდი მამაჩემთან, რადგან ვერ დავეტეოდით იმ ბინაში, რადგან ჩემი ძმები ცხოვრობენ მეუღლეებით და ჩემი მშობლებიც იქ ცხოვრობენ.
აქ ვინც ცხოვრობდა, იმ ოჯახს ჰქონდა შუქი, მაგრამ მე რომ გადმოვედი, ჩამიჭრეს, აღარ მირთავენ. არ ვიცი რა უნდათ და რატომ. ასი ოჯახი ცხოვრობს აქ, ჩემ გარდა ყველას შუქი აქვს და მე, 101-ე ვცხოვრობ უშუქოდ.
აქ გვყავს ელექტრიკი ლევან ქამადაძე და როცა ვკითხე თუ რატომ არ მირთავდა შუქს, მითხრა „ზემოდან მავალებენ და ვერ ჩაგირთავო“. მერე ბინას მოგვთხოვსო, ასე უთქვამთ მისთვის.
დილით სკოლაში იყო ბავშვი, წელამდე სველი მოვიდა. „დედა მცივა“ რომ მეუბნება ბავშვი, რა ვქნა? მეც ხომ დედა, ვარ, ხომ უნდა დავახვედრო ბავშვს თბილი სახლი.“- ამბობს ცისანა ხიმშიაშვილი.
„ბათუმელები“ ლევან ქამადაძესაც დაუკავშირდა. მან არაერთმნიშვნელოვანი პასუხი გაგვცა და ახსენა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც.
„თვითნებურად ცხოვრობს ალბათ მაგ ქოხში. ასე რომ არ იყოს, ექნებოდა შუქი. მე თუ მეტყვის ედუარდ ნაკაშიძე [ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე], ჩავურთავ. სამი ოჯახი მყავს უშუქოდ ახლა და ალბათ, ეგეც ერთ-ერთია“- გვითხრა ლევან ქამადაძემ.
13 წლის გოგონა ხელებს გაზის ფარანზე ითბობს, რომელიც ახლახან სოციალური დახმარებით შეიძინა ცისანამ.
ამ ფარნის შუქზე უწევს გოგონას წიგნის კითხვა და გაკვეთილების მომზადება.
ახლა არჩევნებია, არავინ მოსულა თქვენთან, არ დაინტერესებულან თქვენი პრობლემით? – ვკითხეთ ცისანას. მისი თქმით, მმართველი პარტიის არც ერთი წარმომადგენელი მისი მდგომარეობით არ დაინტერესებულა.
„ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან რომ ვიყავი, მითხრა, აქ ბავშვით ნუ მოდიხარო. ვერ აიტანა, ბავშვი რომ ტიროდა და ყურებზე იფარებდა ხელს“ – ამბობს ცისანა.
„ისეთ საქართველოში მინდა ცხოვრება, სადაც ქართველები ვიქნებით ერთმანეთის ამტანი და გამტანი. არ მინდა ისეთი საქართველო, რომ გახვიდე ნაქირავებში და ქირის ფასს ვერ მისწვდე, მიხვიდე სუპერმარკეტში და ბავშვი რომ ხელს წაიღებს, ის ვერ უყიდო. არ მინდა, რომ მხოლოდ ტურიზმზე იყოს ყველაფერი აწყობილი.
ქირის ფასს მოიკითხავ და დოლარია, როცა მე დოლარი არ მაქვს. კვადრატის ფასი, 280 დოლარი რომ ღირდა, ახლა 500 დოლარადაც აღარ არის, როგორ ვიყიდო?
სოცდაუცველებს სამუშაოს სთავაზობს სახელმწიფო 300 ლარად, მაშინ, როცა ბინის ქირაში 700-800 ლარს, დოლარს გთხოვენ.
ჩემს კლასელს სთავაზობდნენ დასაქმებას, მთელი დღე ავტობუსები უნდა რეცხოო, ან დილიდან საღამომდე მაგისტრალზე ძროხა რომ არ გადმოვიდეს, იქ იდექიო 300 ლარად, ეს არის სამუშაო?
… იმის უფლება აქვთ, რომ ჩემს შვილებს შუქი არ ჩაურთონ?
აი, ამ პატარას სჭირდება შუქი, აი, იმ მეორე ბავშვს სჭირდება, რომ გაკვეთილები მოამზადოს, რადგან წარმატებული მოსწავლეა.
ბავშვებს სჭირდებათ გათბობა. დაზამთრდა უკვე, აცივდა“ – ამბობს ცისანა ხიმშიაშვილი.
13 აგვისტოს, ზუგდიდში, სოციალურად დაუცველი ბავშვები ხელისუფლებამ ასევე დატოვა შუქის გარეშე.
უშუქოდ დარჩენილ სახლში (სავარაუდოდ სანთლისგან) ხანძარი გაჩნდა, რასაც ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.
________________
ცისანა ხიმშიაშვილის დახმარების მსურველებს, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ მითითებულ ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი – GE08BG0000000549881735
მიმღები, რუსლან ივანაძე (ცისანა ხიმშიაშვილის მეუღლე)
ასევე, ივანაძის პირად ნომერზე – 61004019124