„ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ მინდოდა წასვლა ქვეყნიდან, მაგრამ ფეხს ვითრევდი. არ წასვლის მიზეზი იყო ოჯახი – მათ ვჭირდებოდი. მშობლები ასაკში არიან, ცალკე ჩემს დას ვეხმარებოდი – ბავშვები ჰყავს დატოვებული, თავად საზღვარგარეთაა.
39 წლის ვარ და მთელი ეს წლები საკუთარი თავისთვის არ მეცალა. მთელ ენერგიას ვხარჯავდი ოჯახზე. სამწუხაროდ, არავის სჭირდება თურმე შენი შრომა. ერთხელ რომ ფეხი ამოგიბრუნდება, თან გამოგაგდებენ გარეთ. ნეტავ, ადრე წავსულიყავი,“ – ერთწუთიან მონოლოგში ატევს ლაშა ლ. [სახელი შეცვლილია] საკუთარ ამბავს.
ლაშა გეი კაცია. მისი თვითგამოხატვა არაფრით გამოირჩეოდა სხვა ქართველი კაცებისგან მანამ, სანამ საკუთარი იდენტობის დამალვას ახერხებდა. ლაშას ცხოვრება ორი თვის წინ შეიცვალა დრამატულად, როდესაც მისი ორიენტაციის შესახებ ოჯახის რამდენიმე წევრმა შეიტყო, მათ შორის დედამ.
დედამ ლაშას უთხრა, რომ სახლიდან წასულიყო.
„იმიტომ, რომ ჩვენისთანა ადამიანები სირცხვილად მიიჩნევიან საქართველოში და ესაა მთავარი პრობლემა. იძულებული ხარ, დამალო შენი იდენტობაც და ყველაფერი,“ – ამბობს ლაშა და თავის ამბის მოყოლას იმ დროიდან იწყებს, როცა საკუთარი იდენტობის გარკვევის პროცესი დაიწყო.
ლაშა მშობლიური სოფლიდან ბევრი წლის წინ წავიდა. დამოუკიდებელი ცხოვრება და შრომა დაიწყო, რადგან მშობლებს სჭირდებოდათ დახმარება. მუშაობდა თურქეთში, ჩაის კრეფდა და იქ აღებული ფულით მშობლებს ეხმარებოდა. მუშაობდა საქართველოშიც. აქ ნამუშევარი თანხაც მშობლებისა და ოჯახის საჭიროებებს ხმარდებოდა.
ამიტომ მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა დედის პოზიცია – თვალით აღარ ენახა ,,ოჯახის შემარცხვენელი შვილი“.
„გავბრაზდი ძალიან, იმდენად გავბრაზდი, რომ მანქანა დავქოქე და წამოვედი სახლიდან. აზროვნების უნარი არ მქონდა.
საცობში მოვყევი. უაზროდ ვიგინებოდი. მერე მოვედი, აქ, მე სადაც ვცხოვრობ, ერთი ძველი ხიდია. ამ ხიდზე გავჩერდი. ვიფიქრე, ახლა დავადებ გაზს ფეხს და წავალ ხიდიდან… მერე ცოტა, ცოტა, ცოტა და გადამიარა. დავმშვიდდი, თავი ხელში ავიყვანე. მეორე დღეს სამუშაოზე წასვლამდე სახლში გავიარე. კიდევ ვიჩხუბე დედაჩემთან. ჩემი ყველა ნივთი ავიღე და საბოლოოდ წამოვედი. ორი დღე და ქვეყნიდანაც წავალ“, – გვიყვება ლაშა.
- თვითგამორკვევა
„არავისთვის ცხოვრებაში არაფერი არ დამიშავებია. არც მომიპარავს, არც წამირთმევია.
39 წლის ვარ ახლა. ყოველთვის მომწონდა განსხვავებული ცხოვრება. ბავშვობაში მანერები მქონდა, ამას ყველა ამჩნევდა. სკოლის ასაკიდან ასე ვცხოვრობ. მერე და მერე უფრო გავცნობიერდი, როცა გავიზარდე. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ყველაფერი უნდა დამალო.
ჯარში ვიყავი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. მაშინ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, 2008 წელს. ჩემი მანერების გამო გამლახეს, მერე სექსუალურად იძალადეს ჩემზე. ორნი იყვნენ.
ამაზე სასამართლოც ჩატარდა, ის პიროვნებები დაისაჯნენ კიდეც, გაასამართლეს და დაიჭირეს. დაზარალებულის ცნობაც მაქვს. მადლობა ღმერთს, მაშინ გადავრჩი. ძალადობის ფაქტის მერე გამათავისუფლეს სავალდებულო სამსახურიდან.
ძალიან რთული ცხოვრება გავიარე და ბევრი ვიწვალე. ჯარის ამბის შემდეგ საკუთარ იდენტობას ყოველთვის კარგად ვმალავდი. ცოტა ხნის წინ მოხდა საბედისწერო ამბავი – მე და ჩემი მეგობარი დავიწვით ურთიერთობაში და აქედან დაიწყო მთელი არეულობა. პოლიციისთვის არ მიმიმართავს, როცა კანონი შენ წინააღმდეგ მუშაობს, აზრი აქვს მიმართვას? ახლა ხელისუფლებამ ახალი კანონი მიიღო სექსუალურ უმცირესობებზე. თან არჩევნები მოდის, არავის არ სცალია ჩემი პრობლემებისთვის,“ – ამბობს ლაშა.
ჰომოფობიური კანონი, რომელზეც ლაშა საუბრობს, 17 სექტემბერს მიიღო საქართველოს პარლამენტმა. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ – ოფიციალურად ასე ჰქვია კანონს, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
ლაშა ამბობს, რომ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება ბევრი ფაქტორის გამო მიიღო. ერთი მხრივ, მისი ორიენტაცია მიუღებელი აღმოჩნდა ოჯახისთვის, უპირველესად დედისთვის, მეორე მხრივ კი, რაც უფრო მეტი ადამიანი იგებდა მის შესახებ სიახლეს – მით უფრო დაუცველად გრძნობდა თავს.
დროებითი საცხოვრებლის კარზე, სადაც ლაშა ცხოვრობდა, სამჯერ დახვდა მუქარის შემცველი წერილი.
„ბევრი ვიფიქრე. დაახლოებით ერთ თვეზე მეტი ტვინს ვიჭყლეტდი რა მექნა. მთელი ჩემი ცხოვრება აირია. ახლა იძულებული ვარ, საქართველო დავტოვო,“ – ამბობს ლაშა.
- „დედაჩემი ჰომოფობია“
„დედაჩემი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია. გადავყრივარ მის კომენტარებს – სულ ლანძღავდა განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს. სხვის შვილებს ლანძღავდა, მე ვკითხულობდი და მეღიმებოდა – დედა, ნეტა იცოდე მე როგორი ვარ.
არასდროს მიცდია დედაჩემის განწყობები შემეცვალა. აზრი არ ჰქონდა უბრალოდ. დედაჩემი ჰომოფობია.
ბიბლიაში იცი რა წერია? „არა არს დაფარული, რომელიც არა გაცხადდეს“. ამაზე სწორი ნათქვამი არაფერია.
დედაჩემმა ჩემი ორიენტაციის ამბავი როცა გაიგო, გამწარდა. საშინელი სიტყვებით მლანძღავდა. საშინელი რეაქცია ჰქონდა. მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი მისთვის. ახლა აღარ მელაპარაკება საერთოდ.
ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმედი მაქვს, რომ მიმიღებს. დრო გავა, გადახარშავს. არც მშობლები ირჩევენ შვილებს და არც შვილები მშობლებს. ასე რომ, ყველა უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის. ცხოვრებაში პირველად მიწევს ანონიმურად ლაპარაკი და სახის დაფარვა.
დედაჩემზე გაბრაზებული არ ვარ. ვერ გავუბრაზდები, არ შეიძლება. როგორ გავუბრაზდე ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება მზარდა?
არავისზე არ ვარ გაბრაზებული. უბრალოდ ჩემს თავზე ვარ. ძალიან დავიღალე. მთელი ჩემი ცხოვრება აქ ჩავალპე. ადრე მქონდა შანსი, რომ აქედან წავსულიყავი და არ წავედი. ალბათ ბევრად უკეთესად ვიქნებოდით მეც და სხვებიც.
ახლა ვფიქრობ, სწორად ვიქცევი, რომ მივდივარ. ყველაფერს აქ ვტოვებ, არაფერი არ მაქვს ზურგზე მოკიდებული,“ – ამბობს ლაშა.
მას ვკითხეთ, თუკი აქამდე უნდოდა წასვლა, რატომ არ წავიდა და რატომ იცხოვრა ბევრი წელი საკუთარი იდენტობის დამალვით.
ლაშა ამბობს, რომ ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ფინანსურად დედ-მამაზე მზრუნველობა შეეძლო და ევალებოდა. ამიტომ მთელი თავისი ახალგაზრდობა მძიმე ფიზიკურ შრომაში გაატარა იმისათვის, რომ ოჯახი შეენახა.
„ბევრი საზრუნავი მქონდა, ვერ დავტოვებდი მშობლებს ღია ცის ქვეშ, იძულებული ვიყავი, მემუშავა. მამაჩემმა ჩემი ამბავი არ იცის. კარგი კაცია, მაგრამ ოპერაცია აქვს გაკეთებული. ინერვიულებს ძალიან, გაუჭირდება ამ ამბის მიღება.
ახლა, როცა ყველაფერი გავაკეთე, ჩემს მშობლებს ჭერი აქვთ, უზრუნველყოფილები არიან, ყველაფერს ვტოვებ და მივდივარ. როცა მეგონა, რომ ყველაფერი ავაწყვე, მაშინ დაინგრა ყველაფერი.
მანქანა მქონდა – გავყიდე, ოქრო რაც მქონდა, გავყიდე და იმდენი ფული მოვაგროვე, რომ ორ ადამიანს – მე და ჩემს ბოიფრენდს ევროპამდე გვეყოფა. იქ მერე უკვე რაღაცას ვიზამთ. შრომა არ გვეზარება არც ერთს.
მეგობარმა იცი რა მითხრა?! – სახელმწიფო სოციალურს გადაგიხდის და ვერ იმუშავებო. ყველაზე მეტად მაგაზე ვნერვიულობ – იქ უმუშევრად როგორ უნდა გავჩერდე? ნევროზი დამემართება, გავგიჟდები.
დედაჩემი და სხვა ჩემი ახლობლები ვინც ჩემი ამბავი იცის? დაფიქრდებიან, გადახარშავენ და ისეთს მიმიღებენ, როგორიც ვარ. ამის იმედს არ ვკარგავ“.
ლაშამ ქვეყნის დატოვება და ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ლტოლვილად ჩაბარება გადაწყვიტა. ამბობს, რომ ჯერ არ იცის, იქ რას გააკეთებს.
„ახლა მთავარია დანიშნულების ქვეყანაში ჩავიდე. მერე რა იქნება, არ ვიცი. არაფერი არ მაქვს დაგეგმილი. მინდა ვიცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობენ დანარჩენები. როგორც ცხოვრობს თავისუფალი სამყარო. არაფერი განსაკუთრებული არ მინდა. უბრალოდ მინდა მეც მისმენდნენ, როგორც უსმენენ სხვას. მეტს არაფერს არ ვითხოვ.
როცა ამ ვიდეოს დაამონტაჟებ, ისე დაამონტაჟე, რომ ყველამ იცოდეს – შეიძლება მისი შვილიც მოკლან ხვალ. შეიძლება მისი შვილიც მალავდეს იდენტობას და მან არ იცოდეს. უბრალოდ ოდესმე დაფიქრდნენ, გაიაზრონ, რომ თავიანთი სიძულვილით შეიძლება საკუთარ შვილს უწერდნენ ვერდიქტს.
დედაჩემს ყოველთვის სძულდა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები. სადმე თუკი რამე იყო, ყოველთვის მისი კომენტარი მხვდებოდა – რომ აი, საზიზღრები, გაეთრიონ, წაეთრიონ და ა.შ.
როგორც მან არ იცოდა ჩემზე, ისე შეიძლება არ იციან სხვებმა საკუთარ შვილებზე.
ყველა ქვეყნის საზღვარი რომ გადაკვეთო, მარსზეც რომ გაფრინდე, ეს ტკივილი მაინც წაგყვება. ეს ჭრილობები არასდროს არ შეხორცდება. არასდროს.
ყველაზე მეტად ქვეყანა მომენატრება. აქ რაღაცას ვაკეთებდი. აქ ჩემს ენაზე ვლაპარაკობდი.
პატარა ბავშვივით კალამი უნდა აიღო და სწავლა დაიწყო თავიდან. ენა უნდა ისწავლო, იქაურ კულტურას მოერგო. ფაქტობრივად, ყველაფერი უნდა შეცვალო შენს ცხოვრებაში.
არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ უნდა წავიდე ქვეყნიდან. ასე ისინიც დაისვენებენ, მეც დავისვენებ და ყველა დაისვენებს, რადგან ამ ქვეყანაში ზიზღი არ დამთავრდება“.
ლაშასთან ინტერვიუ „ბათუმელებმა“ ოქტომბრის დასაწყისში ჩაწერა. ლაშამ და მისმა მეგობარმა საქართველო უკვე დატოვეს. მათ ქვეყნიდან წასასვლელად მწირი ფინანსების გამო სახმელეთო გზა აირჩიეს. რამდენიმედღიანი მგზავრობის შემდეგ ისინი უკვე დანიშნულების ქვეყანაში არიან და ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადებიან.
- როგორ ცხოვრობს ქვიარ თემი საქართველოში
მუდმივი საფრთხის შეგრძნება, იდენტობის ღიად გამოხატვის შემთხვევაში მიუღებლობა – ეს საქართველოში მცხოვრები ქვიარ თემის ყოველდღიურობაა.
სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიშის მიხედვით – „ლგბტ+ ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება საქართველოში“ – საქართველოს საზოგადოებაში კვლავ ნარჩუნდებოდა ჰომოფობიური დამოკიდებულებები. ამას ხელს უწყობს სახელმწიფოს მხრიდან ლგბტ+ ადამიანთა მიმართ არსებული სტიგმისა და წინასწარგანწყობების მიმართ იგნორირების პოლიტიკა, პოლიტიკოსთა მხრიდან ტირაჟირებული სიძულვილის ენა და ჯგუფის მიმართ არსებული გამოწვევების საჯაროდ არ აღიარება.
კვლევაში მოყვანილია მონაცემები, თუ რამდენმა ადამიანმა მიმართა სახალხო დამცველს. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით სახალხო დამცველისთვის მიმართვის სტატისტიკა წლების მიხედვით ასე გამოიყურება.
„ლგბტ+ სათემო ორგანიზაციათა პრაქტიკაში, სოგი-ს ნიშნით დისკრიმინაციის ფორმების თვალსაზრისით, ყველაზე გავრცელებულია უთანასწორო მოპყრობა მომსახურების გაწევაზე, პროდუქტსა თუ აქციით სარგებლობაზე უარის თქმის ფორმით.
ასევე, ხშირია დისკრიმინაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც დისკრიმინაციული სახელმძღვანელოების არსებობის, ასევე, სასწავლებლებში დასაქმებული ლექტორებისა და ადმინისტრაციის მხრიდან სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის მხრივაც,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.
კიდევ ერთი კვლევა, რომელმაც ლგბტ(ქ) ადამიანებისადმი ქართული საზოგადოების განწყობა შეისწავლა, 2022 წელსაა ჩატარებული „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ.
კვლევაში სახელწოდებით – „წინარწმენიდან თანასწორობამდე საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ(ქ)ი თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ“ გაანალიზებული და შედარებულია 2016 და 2021 წლებში ჩატარებული კვლევები.
„2016 და 2021 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგების შედარება აჩვენებს, რომ ჰომო/ბი/ტრანსფობიის ინდექსები კლების ტენდენციას ამჟღავნებს. მნიშვნელოვნადაა შემცირებული იმ რესპონდენტების წილი, ვინც ლგბტ(ქ)ი ადამიანების მიმართ ზიზღს განიცდის, ურთიერთობებს გარყვნილებად აღიქვამს ან მორალურად განიკითხავს ასეთ ადამიანებს.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ტრანსფობიის ინდექსმა უფრო მკვეთრად დაიკლო, ვიდრე ჰომოფობიამ ან ბიფობიამ. გენდერის ბინარული მოდელი უფრო ნაკლები პოპულარობით სარგებლობს,“ – ნათქვამია კვლევაში.
კვლევის თანახმად, ამას ხელი შეუწყო გენდერული როლებისა და თანასწორობის მიმართ დამოკიდებულების ცვლილებამ.
მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ტრანსქალების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევების ხილვადობა, დამოკიდებულებები ტრანს და გენდერულად არაკონფორმული ადამიანების მიმართ უფრო ნეგატიური რჩება, ვიდრე ბისექსუალების ან ჰომოსექსუალების მიმართ.
„2016 და 2021 წლების კვლევები, შედეგების ანალიზისას აჩვენებს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება მნიშვნელოვნად არის შეცვლილი ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებრივი თანასწორობის მიმართ. იმ რესპონდენტთა წილი, ვინც ლგბტ(ქ)ი თემის წევრთათვის ცალკეული უფლების შეზღუდვას ემხრობა, მკვეთრადაა შემცირებული.
თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ცვლილება ავტომატურად არ კონვერტირდება პოზიტიურ დამოკიდებულებებში – 2016 წელთან შედარებით, გაიზარდა იმ რესპონდენტთა წილი, ვინც ნეიტრალურ დამოკიდებულებას აფიქსირებს ან თავს არიდებს კითხვაზე პასუხის გაცემას. ამასთან, ამ რესპონდენტთა ჰომო/ბი/ტრანსფობიის ინდექსი ხშირ შემთხვევაში უფრო მაღალია, ვიდრე მათი, ვინც ნეგატიურ დამოკიდებულებას ღიად გამოხატავს. შესაძლოა ითქვას, რომ ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებრივი თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით ნეგატიური პოზიციის ღიად გამოხატვა ნაკლებად მისაღებად ითვლება,“ – ნათქვამია კვლევაში.
- გაქცევა, როგორც გამოსავალი – სად მიდიან ქართველი ქვიარები
თემის წევრები საჯარო ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავენ, რომ 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ ქვიარ თემის ცხოვრება საქართველოში დამძიმდა. ბევრმა სწორედ მაშინ დაიწყო ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრი, თუმცა ამას ბოლო წლებამდე მასობრივი სახე მაინც არ ჰქონია.
არ არსებობს ღია სტატისტიკური მონაცემი, საქართველოს რამდენმა მოქალაქემ მოითხოვა ევროპის ქვეყნებში თავშესაფარი იდენტობის ნიშნით. ზეპირ ისტორიებზე დაყრდნობით, კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოდან წასულმა ქვიარებმა უცხო ქვეყნებში თავის დამკვიდრება და თავშესაფრის მიღება ერთმანეთის დახმარებით შეძლეს.
პროცესი, რომელიც ქვიარ თემში ახლა მიმდინარეობს დაახლოებით იმას ჰგავს, რაც ერთხელ უკვე მოხდა საქართველოში. 2000-იანები წლების დასაწყისში, როცა ქართველი ქალები საბერძნეთსა და იტალიაში წავიდნენ სამუშაოდ, დანიშნულების ქვეყანაში ჩასულებმა აქ დარჩენილების წაყვანა დაიწყეს. შედეგად, დღეს ორივე ქვეყანაში ათასობით ქართველი ქალი ცხოვრობს და მუშაობს.
ქართველი ქვიარებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმღები ქვეყანა ბელგია გახდა. ასევე მიდიან გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ლაშა ლ. რომელმაც ახლახანს დატოვა ქვეყანა და ბელგიაში წავიდა, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ბელგიაში ჩასულს „პატარა საქართველო დახვა“, იმ განსხვავებით, რომ იქ არ დევნიან და შეურაცხყოფას არ აყენებენ. ლაშას და მის მეგობარს ბელგიაში ქართველი მეგობრები დახვდნენ, რომლებსაც უკვე აქვთ თავშესაფარი მიღებული და ახლა სხვებს ეხმარებიან იმ გზის გავლაში, რაც თავად გაიარეს.
ბელგიაში ქართველი ქვიარების თავმოყრას ორი მიზეზი აქვს – ერთი შედარებით იოლი საემიგრაციო პროცედურა [ბელგიაში შეგიძლიათ მოითხოვოთ საერთაშორისო თავშესაფარი თუ თქვენს ქვეყანაში იდევნებით ან გემუქრებათ რაიმე საფრთხე], მეორე კი უკვე დიდი ქართული ქვიარ თემია, რომელიც ერთმანეთს და ახალჩასულებს ეხმარება უცხო ქვეყანაში გზის გაკვლევაში.
- რატომ ტოვებენ ქვიარები ქვეყანას
„დღეს საქართველოში მაღალია რისკი, რომ ქვიარ ადამიანები ძალადობის მსხვერპლი გახდებიან.
ქვიარ ჯგუფი არის ყველაზე უფლებაშელახული ჯგუფი, მთლიანად არის გარიცხული, განსხვავებით სხვა ჯგუფებისგან, საჯარო პოლიტიკისგან. მათი ხსენებაც კი არ არის ეროვნული მასშტაბის დოკუმენტებში, თუ როგორ უნდა მიიღწეს ქვიარ ჯგუფის უფლებების დაცვა.
ქვიარ ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი არის იმის გამოც, რომ სახელმწიფო მიზანმიმართულად აწარმოებს სიძულვილს და აღვივებს ნეგატიურ საზოგადოებრივ განწყობებს ქვიარების მიმართ. ხელისუფლება ლგბტ თემას ააქტიურებს იმისათვის, რომ ამით გადაფაროს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლის წინაშეც საზოგადოება ვდგავართ.
ამას გარდა, დღეს ხელისუფლება იღებს ისეთ კანონებს, რომლებითაც თავად ხდება დამნაშავე, მოძალადე, ნაცვლად იმისა, რომ ჰომოფობიურ დანაშაულებს ებრძოლოს, რომელიც ქვიარებს სიცოცხლის ხარისხს უქვეითებს, აყენებს სხვადასხვა რისკის და დისკრიმინაციის ქვეშ,“ – ამბობს მარიამ ქაჯაია, ქვიარ აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „პერიფერიის“ წარმომადგენელი.
მარიამი საუბრობს ჰომოფობიურ კანონზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ სექტემბრის თვეში მიიღო და რომლითაც ქვიარ თემის ცხოვრება ქვეყანაში კიდევ უფრო დაამძიმა.
„იმედიც კი, რომ ვიღაცამ შეიძლება დაგიცვას, ვიღაცა გამოგექომაგოს, კრიმინალიზებული ხდება. ამ კანონით არათუ არ დაგიცავს სახელმწიფო, არამედ ვინმე თუ შენი უფლებების დაცვას შეეცდება, მას მიუყენებს სხვადასხვა ტიპის სასჯელს.
ეს ჰომოფობიური კანონი ქმნის სიცოცხლის ხელყოფის რისკს, ახალისებს ძალადობას და შეუძლებელს ხდის ჯანდაცვის სერვისების მიღებას თემის წევრებისთვის,“ – ამბობს მარიამ ქაჯაია.
ქვიარ აქტივისტები ამბობენ, რომ ბოლო ხანს საზოგადოებრივი განწყობები ქვიარ ადამიანების მიმართ გარკვეულწილად დადებითისკენ შეიცვალა, მაგრამ ამ დადებით განწყობებს ხვდება პოლიტიკური ჰომოფობია, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიტიკური შტოსგან მოდის.
„ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი ხშირად იყენებს ჰომოფობიურ ენას, ჰომოფობიურ კანონებს. შედეგად გვაქვს ხოლმე დაუსჯელობის სინდრომი და პირდაპირპროპორციულად იმატებს ძალადობა.
დღისით, მზისით, ადამიანს შეიძლება სცემონ განსხვავებული გარეგნობის გამო.
საქართველოში გარემო ზოგადად ჰომოფობიურია, მაგრამ მინდა გავიხსენო ერთი კვლევა – „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ მიერ ჩატარებულმა საზოგადოებრივი განწყობების კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობები გარკვეულწილად შემცირდა.
თუმცა ვხედავთ, რომ გაზრდილია პოლიტიკური ჰომოფობია. ერთის მხრივ გვაქვს საზოგადოებაში ჰომოფობიის შემცირება, მეორეს მხრივ მაღალი პოლიტიკური რანგის ფიგურები ხელს უწყობენ ჰომოფობიის გაღვივებას,“ – ამბობს ირა სილანტევა, „თანასწორობის მოძრაობის“ სოციალური მუშაკი.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ქვიარ თემის მუდმივი დემონიზება ხდება პოლიტიკოსთა მხრიდან, აისახება საზოგადოებაზეც და ქვიარ თემის წევრთა ოჯახებზეც.
„ხშირად ოჯახებისთვისაც ასეა; რომ ჰკითხო, ურჩევნიათ საერთოდ არ ჰყავდეთ შვილი, ვიდრე ის ქვიარ თემის წარმომადგენელი იყოს. თქვენი ისტორია რაც არის, ადამიანზე, რომელიც წლების განმავლობაში არჩენდა ოჯახს, ოჯახმა მასზე უარი თქვა ორიენტაციის გამო. ეს არის კატასტროფა და ამიტომაა ასეთი კატასტროფიული ჰომოფობიური პოლიტიკა, რომ ეს პოლიტიკა ოჯახებს ანგრევს,“ – ამბობს ირა სილანტევა.
სოციალური მუშაკი საუბრობს ჰომოფობიურ კანონზე, რომელიც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მიიღო და რომელმაც საფრთხეში ჩააგდო თემის წევრები.
„ეს ჰომოფობიური კანონი ეხება ცხოვრების ყველა სფეროს და გარდა ცენზურისა, მოიცავს ჰომოფობიის კიდევ უფრო მეტად გაღვივებას. შესაბამისად, ამას შეიძლება მოჰყვეს თავისი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. მაგალითად, ქვიარ თემისთვის ისედაც პრობლემურია დასაქმება. კანონის ფონზე ეს კიდევ უფრო გართულდება. ამ კანონის პირდაპირი შედეგია ის, რომ ძალიან ბევრმა ქვიარმა უკვე დატოვა საქართველო.
არჩევნების შედეგი თუ კარგი იქნება, მაინც არაა თემში იმის მოლოდინი, რომ შემდეგი ხელისუფლება ლოიალური იქნება და თანასწორობის პრინციპებს დაიცავს. სწორედ ამიტომ ხდება ქვეყნიდან თემის წევრების მასობრივი მიგრაცია“, – ამბობს ირა სილანტევა.