მთავარი,სიახლეები

„ოცნებას“ ყველაზე მეტად ეშინია რუსეთის, პირადი ლიკვიდაციის შიშია – აშშ-ის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი 

20.10.2024 •
„ოცნებას“ ყველაზე მეტად ეშინია რუსეთის, პირადი ლიკვიდაციის შიშია – აშშ-ის უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი 

ავტორი: ნათია როყვა

ბესიკ ქუთათელაძე სისხლის სამართლის წარმოების და კრიმინოლოგიის პროფესორი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 23 წლის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობს და ახლა პირველად მონაწილეობს საქართველოს არჩევნებში.

გასული პერიოდებისაგან განსხვავებით, იგი აქტიურად ერთვება არჩევნებთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიებში და კრიტიკულად აფასებს მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შინაარსს, ასევე მმართველი პარტიის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

„ბათუმელებთან“ პროფესორი ამბობს, რომ „ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე“ სურს მისმა შვილებმა საქართველოში იცხოვრონ.

ინტერვიუში შესაძლებლობა გვქონდა დაგვეზუსტებინა, როგორ აფასებს ის წინასაარჩევნო გარემოს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას და რა პერსპექტივას ხედავს ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეის მიღმა, რატომ მიაჩნია პროდასავლური ოპოზიციური ძალების ერთმანეთთან სწორი კომუნიკაცია ისტორიული შანსის გამოყენებად.

  •  ბატონო ბესო, როცა „ქართული ოცნების“ ბანერები და ვიდეო ნახეთ, უკრაინაში დაბომბილი სკოლები, საავადმყოფოები, რა გაგახსენათ  ამ  კადრებმა?

გამახსენდა 2008 წელი. მე მაშინ ნიუ იორკში ვცხოვრობდი, სადოქტორო მქონდა დაცული და ვმუშაობდი. ომი რომ დაიწყო, სამსახურიდან გამათავისუფლეს. საქართველოს დაახლოებით  50 მოქალაქე  შევიკრიბეთ გაეროს წინ დროშებით და ლოზუნგებით, ვყვიროდით, პანიკაში ვიყავით. ვშიშობდით, რუსის ჯარი თბილისში შევიდოდა.

იმ დროს, როცა გაეროს უსაფრთხოების საბჭო იღებდა  რეზოლუციას, თუ როგორ უნდა შეეკავებინათ რუსეთის შეჭრა საქართველოში, აქციაზე მოვიდა  ახალგაზრდა კაცი, უკრაინის უზარმაზარი დროშით, ის მოვიდა ჩვენს დასახმარებლად.

მახსოვს, ოთხი-ხუთი დღე გრძელდებოდა ჩვენი აქციები გაეროსთან და ყოველ დღე ეს ადამიანი მოდიოდა უკრაინის დროშით ხელში და „გაუმარჯოს საქართველოს“ ყვიროდა. აი, ამ კაცის სახე გამახსენდა, როცა ეს ბანერები დავინახე. გამახსენდა მისი მხურვალე გულშემატკივრობა და ჩვენი მადლიერება.

ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, რთულია, როცა დანგრეული სკოლების და საავადმყოფოების ექსპლუატაცია ხდება ხმების მოსაზიდად, ხალხის დასაშინებლად. ვერ წარმომიდგენია საქართველოს მოქალაქე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ამ პროპაგანდის გამო მხარს დაუჭერს.

შემიძლია ვთქვა, რომ წინასაარჩევნო პროცესების ბოლოს, შიშის რიტორიკა ერთადერთია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პორტფოლიოდან, რომელიც მუშაობს. „ქართული ოცნება“ ცდილობს ადამიანების შეშინებას, ეს არ არის ახალი. მმართველმა პარტიამ აიყვანა ყველაზე ბინძური კონსულტანტები, რომლებიც ყველაფრის ფასად იგებენ არჩევნებს სხვადასხვა ქვეყანაში. მათ გააკეთეს ყველაფერი, რასაც შეეძლო ემუშავა. ომის შიშმა აჩვენა ყველაზე დიდი მაჩვენებელი და დაიწყეს დაშინების მეთოდებით მუშაობა.

ვფიქრობ, კვლევებმა შეცდომაში შეიყვანა ისინი. მაგალითად,  ლგბტქ თემის პროპაგანდასთან დაკავშირებით იყო უფრო დიდი იმედი, ვიდრე  რეალურად აღმოჩნდა,  ისევე როგორც ეკლესიის თემებთან მიმართებაში იყო გეგმა.

ჩემი აზრით, შიშმა იმუშავა, ამავდროულად უნდოდათ რუსეთისადმი  ზეთისხილის ტოტის გაშვერა, უკრაინის დაცინვაც, წაქცეულ ადამიანზე წიხლის მირტყმა.

მე კი, აგერ 16 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მკაფიოდ მახსოვს საქართველოს მხარდასაჭერ აქციაზე მოსული უკრაინის მოქალაქე, ახალგაზრდა კაცი. ის თან ჩვენ გვაძლიერებდა და თან თავის ქვეყანაზე ზრუნავდა. ის შიშობდა, რომ შემდეგი იქნებოდა უკრაინა.

  • თქვენი აზრით, ქართულ ოცნებას რისი ეშინია ყველაზე მეტად?

„ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად ეშინია რუსეთის. დასავლეთი საფრთხეს არ უქმნის არავის, რუსეთისგან კი არსებობს რეალური საფრთხე. გნებავთ უფრო ზუსტად ვთქვათ – პირადი ლიკვიდაციის საფრთხე.

შიშის ფაქტორი, რომელსაც მმართველი გუნდი გამოხატავს საარჩევნო კამპანიაში, არის პირადი შიშების ანარეკლი. მე მესმის ეს შიშები. მათ ადგილზე ძალიან შემეშინდებოდა ჩემი უსაფრთხოების გამო. რაც უკვე ნათლად ჩანს, ესენი ძალიან ღრმად შევიდნენ ამ ურთიერთობაში. ჩვენ გვაქვს არჩევანი, მაგრამ მათ არ აქვთ არჩევანის საშუალება.

  •  თქვენ  ფიქრობთ, რომ რუსული კანონი შიშის გამო მიიღეს?

რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ამერიკასთან, ევროკავშირთან, ნატოსთან ურთიერთობაში – ეს ყველაფერი არის რუსული დავალება, რომლის შესრულებაზეც უარის თქმის შანსი „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს, პიროვნული უსაფრთხოების გამო.

მაგალითად,  პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი, ან ის დეპუტატები, რომლებსაც განათლება ევროპაში აქვთ მიღებული, არ მჯერა ისე შეიცვალნენ, რომ რუსეთი მოსწონთ. საქართველოს ხელისუფლება იმდენად არის რუსული კონტროლის ქვეშ, არჩევანი არ აქვთ. ისინი ამ ბრძოლას უნდა შეეწირონ.

მე, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ვაკვირდები ამ მოვლენებს,  ვერ ვიჯერებ დეპუტატების ამ რაოდენობაში იყოს პრორუსული განწყობები. ივანიშვილს აქვს ახლო კავშირები, თუმცა ბევრი პარლამენტარი და თანამდებობის პირი პრორუსი არ არის. უბრალოდ, მათ  არჩევანი არ აქვთ. არ მჯერა, ადამიანმა გერმანიაში დაიცვას სადოქტორო,  უნდა რომ პატივისცემით მოექცნენ,  ამერიკაში ჩამოდის და მას რუსეთი უნდოდეს.

  • საქართველოს საარჩევნო სისტემა რამდენად უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას,  თუ შეგიძლიათ  შეადაროთ ქართული და ამერიკული საარჩევნო რეგულაციები?

ეს იქნება ჩემი პირველი  არჩევნები, დიდი გამოცდილება ქართულ არჩევნებში მონაწილეობის მიღების არ მაქვს. ვიცი, ამ დრომდე მეტის გაკეთება შემეძლო, მაქვს საკუთარი თავის მიმართ ბრაზი, მინდა გამოვასწორო ეს ნიჰილიზმი, რომლითაც აქამდე მოვედი. ჩემნაირმა ხალხმა გააძლიერა ეს რეჟიმი. ეს არის დიდი სირცხვილი და შეცდომა, ამიტომაც  ახლა ვცდილობ, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო და ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სხვებსაც ვეხმარები, როგორც შემიძლია.

  • როგორ ეხმარებით ადამიანებს არჩევნებში  მონაწილეობის მისაღებად?

თვითმფრინავის ბილეთებიც ვუყიდეთ ადამიანებს, ვისაც საშუალება არ ჰქონდა, ხმის მისაცემად ერთი შტატიდან მეორეში რომ წასულიყვნენ, თუმცა არიან ისეთები, ვისაც ეკონომიური პრობლემა არ აქვთ, მაგრამ პატარა ბავშვი ჰყავთ და ფრენას ვერ ახერხებენ, ჯერ ბავშვი აცრილი არ არის.  ზოგი მუშაობს და ვერ თავისუფლდება სამსახურიდან.

წარმოიდგინეთ, ქუთაისიდან რომ გიწევდეთ გადაფრენა ბერლინში ხმის მისაცემად, დაახლოებით ამ გზის გავლა მიწევს. დილის 6 საათზე მივფრინავთ ვაშინგტონში,  2.5 საათი არის ფრენა, ისე დავგეგმეთ, რომ ვაშინგტონიდან ბოლო რეისს მოვყვებით. რიგები რომ იყოს, ამისთვისაც მზად ვართ.

  • თქვენ ამერიკულ არჩევნებშიც მონაწილეობთ, როგორია დისტანციურად ხმის მიცემის პროცედურა?

გავიარე რეგისტრაცია ვებგვერდზე, ბიულეტენი მივიღე სახლში დალუქული, მე და ჩემი მეუღლე ამ შაბათ-კვირას გავხსნით, შემოვხაზავთ და გავაგზავნით ფოსტით.

ბოლო პერიოდში საარჩევნო კამპანიები არის უფრო ბინძური ამერიკაში, ვიდრე წინა პერიოდებში იყო. ტრამპის შემოსვლამ შემოიტანა რიტორიკის დაბალი დონე. მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით,  არ არის დაშინება, არის თავისუფლება.

მე  უნივერსიტეტში ვასწავლი, სრული პროფესორი ვარ, უამრავ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, უხერხულობა ან ზეწოლა აქ არ არის ხმის მიცემის დროს. სახელმწიფო ინსტიტუტი  რაიმე რჩევას აძლევდეს ადამიანებს საარჩევნოდ, გამორიცხულია.

საქართველოში კი ტერორი ხდება, ხალხს აშინებენ, ცდილობენ მოსყიდვას, ძველი ბიჭების ჩართულობაა ხმების შეგროვების და დაშინების პროცესში. არ არის თავისუფალი გარემო. ამერიკაში კი ყველას აქვს არჩევანის თავისუფალი გამოხატვის ნება. პირადი არჩევანის გამო სამსახურებს არ დაკარგავენ.

  • რატომ ვირჩევთ  ევროპას?

უკეთესი მომავლის გამო – ჩვენს ახალგაზრდებს არ უნდათ რუსეთი. ემიგრაცია არ არის ახალი პრობლემა საქართველოსთვის, თუმცა ახლა ისეთი ხალხი მირეკავს, ვისაც წამოსვლა უნდა, ან ჩამოსულები არიან გაცვლითი პროგრამით და უკან დაბრუნებას არ აპირებენ, ეს არის უფსკრულისკენ დაშვება. ამ პოლიტიკის გამო, ყველაზე ნიჭიერი, უნარიანი, განათლებული ხალხი საქართველოს ტოვებს.

ბესიკ ქუთათელაძე

თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი საქმე რუსი ტურისტებისთვის ხაჭაპურის ცხობა გახდება. ასეთ ქვეყანაში კი გონიერ ადამიანს ცხოვრება არ უნდა. მე რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, რუსული მშვენივრად ვიცი, თუმცა არ მინდა რუსულად საუბარი, მე მინდა ვისაუბრო უკეთესი ქართულით. მყავს სამი შვილი და მინდა, ისინიც ქართულად ლაპარაკობდნენ, მშობლიურ ენაზე, საქართველოში იცხოვრონ, შეიყვარონ ეს უძველესი კულტურა. არა მხოლოდ საზაფხულო არდადეგებისას, არამედ იქ ცხოვრების დროს.

ასე, რომ ევროპას ვირჩევ, რადგან სახელმწიფოებრიობის დაკარგვის მეშინია. მეშინია, რომ სხვაგვარად საქართველო დაიცლება ყველა ნიჭიერი, განათლებული  და ამბიციური ადამიანისგან.  

  • პრეზიდენტის როლზეც გკითხავთ – რა გავლენა შეიძლება იქონიოს მან ევროპული კურსის შესანარჩუნებლად?

ძალიან მომწონს, რასაც ახლა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აკეთებს. სამი ფაქტორის გამო ჩვენ გაგვეხსნა კარიბჭე ევროკავშირისკენ: პირველი, ეს არის ქართველი  ხალხის სურვილი, ეს არის განათლების წყალობა, რომელიც ხალხს დაუგროვდა, მეორე უკრაინის ომი და რუსეთის ქმედებების რეალისტურად აღქმა დასავლეთის  მიერ, მესამე ზურაბიშვილის ფაქტორი.

სწორედ ზურაბიშვილმა ითამაშა არაჩვეულებრივი როლი ჩვენი  პროდასავლური კურსის განსამტკიცებლად, ამის ასახსნელად დასავლურ მედიაში და პოლიტიკოსებთან. ასევე დიდი გავლენა იქონია დაქუცმაცებული და  სამიზნეარეული ოპოზიციური ფლანგის ფოკუსში მოსაყვანად, გასაძლიერებლად.

მჯერა, პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს, ოთხივე ოპოზიციური ფლანგი აუცილებლად  გადალახავს ბარიერს და იმედია, შექმნიან ჯანსაღ კონკურენციას (Checks and balances) ურთიერთკონტროლისა და შემოწმების სისტემას. ამ სისტემის გარეშე სახელმწიფო  ვერ იარსებებს.

მისაღებია პრეზიდენტის ინიციატივა ტექნიკური მთავრობის შესახებ. ვშიშობ, ვერც ერთი პროდასავლური ოპოზიცია  ცალკე ვერ მოიპოვებს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარის მანდატს. ამიტომაცაა  ტექნიკური მთავრობა გამოსავალი.

სავარაუდოდ, ტექნიკური მთავრობა არ დასახელდება არჩევნებამდე, არჩევნების  შემდეგ ვნახოთ – ახლა ვერ წარმომიდგენია ნომერი 5-ის და ნომერი 25-ის ერთი მაგიდის გარშემო დისკუსია მთავრობის დაკომპლექტებისთვის, მაგრამ იმედია, ისინიც გამონახავენ საერთო ენას.

სხვაგვარად, ქართველი ხალხის ყველა მონაპოვარს და ნაშრომს, ჩემნაირი რიგითი მოქალაქეების თანამონაწილეობას წყალში ჩაყრიან. თუ პროდასავლური ძალები ვერ გაერთიანდებიან, ისინი თავს იპოვიან პოლიტიკურ სანაგვეზე. ეს სიტყვები მე არ მომწონს, მაგრამ უდიდეს კრიზისში მყოფი ამომრჩეველი ამ ხალხს არ აპატიებს ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებას. დიდი იმედი მაქვს, პრეზიდენტის როლი კვლავაც გადამწყვეტი იქნება მთავრობის დაკომპლექტების პროცესში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: