ბათუმის შემოვლითი გზა საქართველოს მთავრობამ დღეს, 11 ოქტომბერს ოფიციალურად გახსნა, თუმცა „გახსნიდან“ რამდენიმე საათის განმავლობაში გზა ავტოტრანსპორტისთვის ისევ გადაკეტილია.
ამ დროისთვის [18:00 სთ] „ბათუმელებმა“ ვერ დაადგინა, როდის გაიხსნება ახალი გზა ავტოტრანსპორტისთვის.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „ბათუმის შემოვლითი გზა გახსნილია“, დეპარტამენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე კი ჩვენს შეკითხვას საერთოდ არ უპასუხეს.

ბათუმის შემოვლითი გზა, რომელიც მთავრობამ დღეს ოფიციალურად გახსნა, ავტომანქანებისთვის ამ დრომდე ჩაკეტილია. 11.10.2024
ახალი გზა დაახლოებით 14 კილომეტრია და ის ქალაქის ცენტრალური უბნების გვერდის ავლით, მახინჯაურის გვირაბიდან ხელვაჩაურში [ფრიდონ ხალვაშის გამზირთან] გადის.

ბათუმის შემოვლითი გზა / ფოტო: გზების დეპარტამენტი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) მიღებული სესხების ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ კი 330 მილიონი ლარი შეადგინა.
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელისუფლების თავდაპირველი გათვლებით, 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ამის შემდეგ მშენებლობის დასრულების თარიღი რამდენჯერმე გადაავადეს და მოგვიანებით 2023 წელიდაასახელეს, ბოლოს კი –2024 წელი.

ბათუმის შემოვლითი გზა / ფოტო: გზების დეპარტამენტი
ახალი გზა 2-ზოლიანია, რომელიც მოიცავს 20 ხიდს და 5 გვირაბს, მოწყობილია 4 სატრანსპორტო კვანძი.
ბათუმის შემოვლითი გზა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან ქობულეთის შემოვლითი გზის გაგრძელებაა.
სამინისტროს განცხადებით ახალი გზა ქალაქს 43 პროცენტით განტვირთავს ავტოტრანსპორტისგან.
შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ სამინისტროდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ შლიან სცენას, რომელიც გახსნის ცერემონიისთვის იყო მოწყობილი უშუალოდ გზის სავალ ნაწილზე. როდის დასრულდება ეს სამუშაოები და როდის გაიხსნება გზა ავტოტრანსპორტისთვის, სამინისტროში ვერ დაგვიკონკრეტეს.
განახლება: 12 ოქტომბრიდან ბათუმის შემოვლითი გზა გახსნილია და ავტოტრანსპორტი თავისუფლად მოძრაობს:
ბათუმის შემოვლითი გზა გახსნილია / საგზაო კვანძი ხალვაშის გამზირთან / 12.10.2024
ბათუმის შემოვლითი გზა გახსნილია / საგზაო კვანძი ხალვაშის გამზირთან / 12.10.2024
სამომავლოდ ბათუმის შემოვლითი გზა ხალვაშის გამზირიდან სარფის საბაჟომდე უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც, პროექტის მიხედვით, დაგეგმილია მდინარე ჭოროხზე ახალი ხიდისა და ასევე, 7,5 კილომეტრიანი გვირაბის აშენება.
ჭოროხი-სარფის ახალი მაგისტრალის პროექტირების დასრულება თავიდან 2017 წლის მაისამდე იგეგმებოდა, ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება – 2020 წლის გაზაფხულზე, თუმცა, დღეს მშენებლობაზე ტენდერიც კი არ არის გამოცხადებული.
ამ თემაზე ვრცლად:
ბათუმი-სარფის ავტობანი 112 კერძო მიწაზე გაივლის და სარფის პლაჟს არ შეეხება – პროექტის გზშ მზადაა








