მთავარი,სიახლეები

„ოცნების კოორდინატორი ვარ“ – 30 000 სოცდაუცველის დასაქმების სქემა წინასაარჩევნოდ

11.05.2023 •
„ოცნების კოორდინატორი ვარ“ – 30 000 სოცდაუცველის დასაქმების სქემა წინასაარჩევნოდ

„მათი ამომრჩეველი დაასაქმეს, ოთხ სოფელში მარტო 150 კაცი დამლაგებელი გახადეს. რომ დეინახავ ერთად, გეგონება მიტინგიაო,“ – ირონია ეტყობა შალვა ქობულაძეს, რომელსაც ქედის ერთ პატარა სოფელში – ზვარეში შევხვდით. მან გვიამბო, რა ხდება სოფელში, სადაც სხვა სოფლების მსგავსად სოციალურად დაუცველი ადამიანები დაასაქმეს.

შალვა ქობულაძე ეჭვობს, რომ „ოცნებამ“ სოციალურად დაუცველები პოლიტიკური, უფრო ზუსტად კი, საარჩევნო მიზნით დაასაქმა სოფლებში – ფორმალურად დაასაქმეს ბიუჯეტის ხარჯზე, რეალურად კი, საარჩევნოდ კოორდინატორებად გამოიყენებენო, ვარაუდობს.

საზოგადოებრივი სამუშაოების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა – სოციალურად დაუცველ ადამიანებს ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებში დასაქმება შესთავაზა შემწეობის შენარჩუნების პარალელურად. ნებისმიერ ასეთ სამუშაო ადგილზე ხელფასი 300 ლარია.

დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ პროგრამის დეტალებზე კანონით სავალდებულო საჯარო ინფორმაცია „ბათუმელებს“ არ მიაწოდა.

2022 წლის საპარლამენტო ანგარიშში დასაქმების სააგენტო წერს: „საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, დასაქმების სააგენტოს მიმართა 71 319-მა მოქალაქემ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა 29 323 სოციალურად დაუცველი“.

მაგალითად, მხოლოდ სოფელ ზვარეში, სადაც სულ 57 კომლია რეგისტრირებული, 12 სოციალურად დაუცველი დასაქმდა. ზვარეში დასაქმებულ სოციალურად დაუცველებს სოფლის საავტომობილო გზაზე შევხვდით, სადაც ისინი სანიაღვრე არხს ასუფთავებდნენ. სოცდაუცველები აქ და სხვა სოფლებშიც ერთნაირად ამბობენ: „სოფელს ვალაგებთ“, თუმცა უჭირთ დაკონკრეტება: რა არის მათი მოვალეობა ყოველდღიურად, როცა ერთ სოფელში დასაქმებულია 12 დამლაგებელი.

„დაასაქმეს ხალხი სასაფლაოების გასუფთავებაზე, სტადიონის დაცვაზე, ბაღის დაცვაზე. წონიარისში რომ ტანკი დგას, იმას დაცვა რად უნდა?“ – ეს კითხვა, მაგალითად, სოცდაუცველების დასაქმებაზე ქედის ცენტრიდან გამოგვაყოლა მოქალაქე ხასან ბერიძემ.

„ბათუმელები“ ბათუმში და შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ქედის სოფლებში: ზვარესა და ზესოფელში, ასევე, შუახევის სოფელ ბარათაულში არკვევდა – რეალურად რა არის სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა.

ზვარეში დასაქმებული: „მე ვარ ქართული ოცნება და სხვა არ ვიცი“ 

ზვარეში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა ნანა გათენაძემ, რომელიც დამლაგებლად დასაქმდა, პირდაპირ გვითხრა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და არჩევნებზე „ოცნების“ კოორდინატორად მუშაობს.

„…ვარ პედაგოგი, მაგრამ უმუშევარი ვარ დროებით, მოვხვდი ამ დასაქმებაში და ვმუშაობ. კმაყოფილი ვარ ჩვენი გამგებლის.

ახლა ვარ დაფიქსირებული სკოლაში, გავდივარ გამოცდებზე, მე ვარ დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი. ადრე ვმუშაობდი, ბავშვებს ახლაც ვამეცადინებ,“ – გვითხრა ნანა გათენაძემ.

„მე ვარ ქართული ოცნება და სხვა არ ვიცი,“ – გვიპასუხა დასაქმებულმა და იქვე დასძინა, რომ „ნაციონალებიც არიან დასაქმებული“, როცა ვკითხეთ – სავალდებულოა „ოცნების“ მხარდაჭერა იმისთვის, რომ დასაქმდე?

„თქვენი დასაქმება უკავშირდებოდა ამას, რომ „ოცნებას“ უჭერთ მხარს?“ – ვკითხეთ მოქალაქეს.

„მე ქართულ ოცნებაში ვარ, კოორდინატორად ვმუშაობ,“ – თქვა ნანა გათენაძემ.

ნანა გათენაძე

ზვარეს გზაზე მომუშავე დასაქმებულ სოციალურად დაუცველებს ცალ-ცალკე ვესაუბრეთ. ისინი ერთნაირად აღწერენ, რომ დასაქმებაში „სოფლის გამგებელი“ დაეხმარათ და ხელშეკრულება სოციალური მომსახურების სააგენტოში გააფორმეს. ხელშეკრულება არ შეგვინახავს, ვიცით, რომ დავალებები უნდა მოგვცეს სოფლის გამგებელმაო – იდენტურია მათი პასუხები.

ნანა გათენაძისგან განსხვავებით, „ბათუმელებთან“ გასაუბრების დროს სხვები გამორიცხავენ კავშირს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, თუმცა შენიშნავენ იმასაც, რომ „ყველა ვერ საქმდება“.

სოციალურად დაუცველი დასაქმებული ქედაში, სოფელი ზვარე

დასაქმებული სოფელ ზვარეში

„ყველას სურვილი აქვს, რომ იმუშაოს, არავინ თაკილობს. ბევრმა მთხოვა, რომ მეც მივიღებ მონაწილეობას ამ პროგრამაშიო,“ – გვიყვება ბადრი გოგიტიძე. ისიც სოციალურად დაუცველია სოფელ ზვარედან და დამლაგებლად დასაქმდა.

რატომ ვერ საქმდებიან სხვები თქვენი ინფორმაციით? – ვკითხეთ მას.

„არ ვიცი, მაგ დონეზე არ ვარ ჩახედული,“ – ეღიმება ბადრი გოგიტიძეს და შემდეგ გვიყვება, როგორ დასაქმდა თავად: „მე რამე არ შემივსია, სოფლის თავკაცის დამხმარედ ჩამსვეს.

ყველას მისი უბანი აქვს, მაგრამ დღეს შაბათობა მოვაწყვეთ. ყველას მისი ადგილი აქვს, მონაკვეთები და იმას აკონტროლებს, სისუფთავე რაც იქნება, ფოთოლი იქნება ჩამოვარდნილი. ამას პლუს სხვა სოფლებშიც თუ რამე იქნება საჭირო, ეტაპობრივად გავდივართ. დავუშვათ, მეწყრული პროცესებია და ვერ გაართვეს თავი, იქაც ვიღებთ მონაწილეობას,“ – გვითხრა ბადრი გოგიტიძემ.

ბადრი გოგიტიძე

დასაქმებულების თქმით, ისინი მუშაობენ დილის 10-დან საღამოს 5 საათამდე, თუმცა ვერ აზუსტებენ, რა სამუშაოს ასრულებენ. მათ ხელშეკრულებები ვერ წარმოგვიდგინეს, სახელმწიფო კი, ასაიდუმლოებს მონაცემს – რა პირობებით დაასაქმა 30 ათასი სოციალურად დაუცველი.

„ეკლესია რომ იყო ზევით, ის ადგილი მომიწია, მაგალითად. მე, უნდა დავალაგო ყველაფერი, რაც თუ რამე არის, არაფერს არ ვტოვებ,“ – გვიყვება ირინა ბერიძე. ის ქედაში, სოფელ ზესოფელში ცხოვრობს, მუშაობს და გვეუბნება, დილის 10-დან 5-მდე ვმუშაობო.

ირინა ბერიძე

ეკლესია ზესოფელში

ამდენი დრო სჭირდება ყოველდღე ტაძრის დასუფთავებას? – ვკითხეთ მას. ირინა ბერიძეს უჭირს იმის თქმა, რომ 8 საათი სჭირდება ყოველდღე სოფლის ეკლესიის დასალაგებლად.

„არა, ამდენი დრო არ სჭირდება. ერთი საათი, ნახევარ საათზე დავალაგებ უცბად… მალ-მალე ავდივარ და ვათვალიერებ,“ – უხერხულობა ეტყობა ირინა ბერიძეს.

„ზოგჯერ მიწევს მუშაობა ქვევით ან ზევით, ვის როგორ მოუწევს დანაწილებით, პრობლემა არ გვაქვს, როგორც დაგვასაქმებენ, იმის მიხედვით ვაკეთებთ საქმეს,“ – უთხრა მან „ბათუმელებს“.

„ყველას მისი ფართი აქვს და ასუფთავებენ, მე რა შუაში ვარ,“ – გვითხრა თენგიზ გათენაძემ, ქედის მერის წარმომადგენელმა ზვარეს თემში. მან დაგვიდასტურა, რომ მხოლოდ სოფელ ზვარეში, სადაც 57 ოჯახი ცხოვრობს, 12 კაცი დალაგებაზე მუშაობს, ზესოფელში კი, 13 სოციალურად დაუცველი დასაქმდა დამლაგებლად.

„ზოგი სეზონურად ცხოვრობს, სულ არ არის, მიდიან-მოდიან… 40 ოჯახი არის დაახლოებით ზვარეში მუდმივად.

სოცდაუცველებს თავიანთი სპეციალისტი ჰყავთ და მონიტორინგი, ამოწმებენ სოციალური დაცვის სააგენტოდან. არც ერთი არაა ბავშვი, ყველას მისი სამოქმედო ტერიტორია აქვს და ალაგებენ თვითონ,“ – გვითხრა თენგიზ გათენაძემ.

„ტანკი რა შუაშია, ცენტრს ალაგებენ ისინი და ტანკი ცენტრში დგას“ – რა ირკვევა წონიარისის ტანკის „დაცვაზე“ 

„ტანკი რა შუაშია, ცენტრს ალაგებენ ისინი, სოფლის ცენტრს და ტანკი ცენტრში დგას. ისინი არ არიან ტანკის ყარაულები, ტანკს ხომ ვინმე არ წეიყვანს?“ – განაწყენებული დაგვხვდა ქედაში მერის წარმომადგენელი, რესან ბერიძე. მას „ბათუმელებში“ 2023 წლის 10 აპრილს გამოქვეყნებული, ქედაში მცხოვრები ხასან ბერიძის ვიდეოკომენტარი უნახავს.

„წონიარისში რომ ტანკი დგას, იმას დაცვა რად უნდა?“ – იკითხა მოქალაქე ხასან ბერიძემ.

„ბათუმელებს“ სოფელ წონიარისში დაუდასტურეს, რომ ორი სოციალურად დაუცველი მუშაობს ტანკის „დაცვაზე“. ამ ადამიანებს „ბათუმელები“ დაუკავშირდა, თუმცა ერთმა მათგანმა თქვა, რომ ტანკის დაცვაზე აღარ მუშაობს და სხვა კითხვას ვერ უპასუხებს, მეორემ კი თქვა, რომ ჟურნალისტებთან საუბარი საერთოდ არ სურს.

„ის ერთი უკვე გათავისუფლდა, სხვაგან მუშაობს,“- უთხრა „ბათუმელებს“ ქედის მერის რწმუნებულმა წონიარისში, რესან ბერიძემ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს სოფელ წონიარისის ცენტრში, მათ შორის, ტანკის დალაგებაზე.

სულ რამდენი სოცდაუცველი დასაქმდა წონიარისში? – რესან ბერიძემ გვითხრა, რომ მონაცემებს დააზუსტებს და თვითონ დაგვიკავშირდება.

წონიარისის ადმინისტრაციულ ცენტრში საბჭოთადროინდელი ტანკი ათწლეულებია დგას. ეს ადგილი ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის მიმდებარედაა. სოფელ წონიარისში გვითხრეს, რომ ტანკს და ცენტრსაც ამ დრომდე არც დამლაგებელი ჰყოლია და არც ყარაული.

ტანკი, რომელიც წონიარისის ცენტრშია – ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სოფელი ბარათაული – დასაქმებულია 32 სოცდაუცველი, 5 კაცი მარტო სოფლის ცენტრის შენობას ალაგებს

შუახევში, ბარათაულის თემის 5 სოფელში 32 სოციალურად დაუცველია დასაქმებული. დასაქმებულები სოფელს ალაგებენ, 5 კაცი კი, მხოლოდ თემის ადმინისტრაციული ცენტრის შენობას, ე.წ. „კანტორას“ ალაგებს – „კანტორაში“ მერიის წარმომადგენელი მუშაობს 2 თანაშემწესთან ერთად.

აქვეა უბნის ექიმი და კიდევ ერთი ადამიანი, ვისაც კლუბი და ბიბლიოთეკა აბარია.

„ჩემი პოზიცია არის სამლოცველოს და მისი მიმდებარე ტერიტორიების დალაგება. დილის 6 საათზე გავდივარ სამსახურში, რომ სამლოცველო მივალაგო, მერე ვბრუნდები სახლში,“ – თავის სამუშაოს აღწერს სოციალურად დაუცველი თემურ ქათამაძე, რომელიც შუახევში, სოფელ ბარათაულში ცხოვრობს.

„სამლოცველოს ყოველდღე უნდა დალაგება, დილით ადრე მივდივარ, მტვერია რამე, გადავწმინდავ, დავაპილასოსებ და ესაა. ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიის დალაგებაც ჩემი საქმეა და მოსაცდელის.

საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ გამოგვიძახონ გზებზე დასახმარებლად. სულ 4 ადამიანი ვმუშაობთ ცენტრში დალაგებაზე. ცენტრში მუშაობს მერიის წარმომადგენელი, ერთი მის კაბინეტს ალაგებს,“ – ამბობს თემურ ქათამაძე.

შუახევი, სოფელი ბარათაული, ფოტო ფეისბუქგვერდიდან „ბარათაული“

შუახევი, სოფელი ბარათაული – ფოტო ფეისბუქგვერდიდან – „ბარათაული“

მას უჭირს აღწეროს, როგორ ინაწილებს 4 დამლაგებელი საქმეს ერთი პატარა სოფლის ცენტრში:

„გეტყვით: ერთი დამლაგებელი ექიმის ოთახს ალაგებს… კიდევ საკრებულოს დარბაზია და კიბეები – ერთი ადამიანი მაგას ალაგებს, ერთი – სამლოცველოს, ერთიც რწმუნებულის კაბინეტს ალაგებს,“ – გვიყვება თემურ ქათამაძე.

ყოველდღე? – ვეკითხებით დასაქმებულს.

„ზამთარში გზები რომ მოიყინა, მაგაზე ვმუშაობდით – სილა მოვაყარეთ გზაზე, ტრანსპორტი არ შეფერხდესო.

არიან კიდევ სხვები, რომლებიც მუშაობენ წყლის აუზების გასუფთავებაზე, სანიაღვრე არხებს წმენდენ. სულ რამდენია, არ ვიცი დასაქმებული,“ – ამბობს თემურ ქათამაძე.

„სულ 5 სოციალურად დაუცველი მუშაობს სოფლის ცენტრში, ერთი ადამიანი სტადიონს ალაგებს, იქ დავასაქმეთ,“ – მონაცემს გვიზუსტებს ჯუმბერ ქათამაძე, შუახევის მერიის წარმომადგენელი ბარათაულის თემში.

გაირკვა, რომ ბარათაულის ცენტრში ამ ეტაპზე 5 დამლაგებელი მუშაობს ყოველდღე.

სხვა რწმუნებულებისგან განსხვავებით, ჯუმბერ ქათამაძე დასაქმებულების შესახებ გვესაუბრა. მან გვითხრა ისიც, რომ დასაქმებულებს თვითონ განუსაზღვრავს სამუშაოს, რა უნდა გააკეთონ და მონიტორინგიც მის ხელშია.

„აღრიცხვასაც ჩვენ ვაწარმოებთ, ყოველი დღე დაანგარიშებულია, ეს არის 10 ლარი დღეში. თუ არ იმუშავა, აკლდება ამ 300 ლარს.

ბათუმიდან იყვნენ შემოწმებაზე, 32 თანამშრომლიდან 7 გამოჰკითხეს. მერია უფორმებს მათ ხელშეკრულებებს მას შემდეგ, როცა სააგენტო მოსარგებლეთა სიაში შეიყვანს,“ – გვიყვება ჯუმბერ ქათამაძე.

ლოგიკურია, რომ სოფლის ცენტრში მდებარე შენობას ყოველდღე 5 ადამიანი ალაგებს? – ვკითხეთ მერიის წარმომადგენელს ბარათაულში.

„მე მგონია, რომ ლოგიკურია. აქვეა განთავსებული ბიბლიოთეკა, მედპუნქტი, სათავსოები, რომლებითაც სარგებლობს სოფლის მოსახლეობა“, – ამბობს ჯუმბერ ქათამაძე.

მას ვეკითხებით, რამდენი დამლაგებელი იყო სოფელში 2022 წლის გაზაფხულამდე, ვიდრე ეს პროგრამა დაიწყებოდა.

„მანამდე დამლაგებელი საერთოდ არ გვყავდა, არ არსებობდა ასეთი შტატი, მანამდე ვალაგებდით საკუთარი ძალებით“, – აღნიშნა ჯუმბერ ქათამაძემ „ბათუმელებთან“.

მერიის წარმომადგენელი კატეგორიულად გამორიცხავს პარტიული ნიშნით ადამიანების შერჩევას, რომლებიც დამლაგებლად საქმდებიან და თვეში 300 ლარს იღებენ.

„პარტიის მიხედვით როგორ შეარჩევ? ეს გამორიცხულია. ყველანაირი პარტიის წარმომადგენელი საქმდება. მე ვიცი რამდენიმე მაგარი აქტივისტი ნაციონალი, რომელიც დასაქმებულია,“- ირწმუნება ჯუმბერ ქათამაძე, თუმცა მან უარი გვითხრა, რომელიმე ისეთ დასაქმებულთან დაკავშირებაში დაგვხმარებოდა, რომელიც ღიად ოპოზიციის მხარდამჭერია.

ბარათაულში „ბათუმელები“ კიდევ ერთ დასაქმებულს ესაუბრა. დავით კილაძე ამბობს, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია და გამგებლის მადლიერია, რომელიც მას დასაქმებაში დაეხმარა.

იგი აღწერს, რომ სოციალურ სააგენტოში უთხრეს, სოფლის რწმუნებული მოგცემთ საქმესო. თავდაპირველად ამ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა საჯარო სამსახურმა გამოაცხადა ვაკანსია სოციალურად დაუცველი პირებისთვის. როგორც ირკვევა, დასაქმებულ ადამიანებს „საქმეს“ ძირითადად სოფელში მერიის წარმომადგენელი განუსაზღვრავს.

დასაქმებულების თქმით, სამუშაო საჭიროების მიხედვით განისაზღვრება.

„სოცსააგენტოში ვიყავი გასაუბრებაზე და მითხრეს, რასაც დაგავალებს თემის რწმუნებული, იმას გააკეთებო.

გააჩნია, რას დამავალებს რწმუნებული, ეს იქნება სათავე ნაგებობა, საბავშვო ბაღის წყალი, თუ რაც იქნება. თემის რწმუნებული, როგორც კი დამირეკავს, „სტარტზე“ ვარ.

მე ხელშეკრულებაში მიწერია წყლის სათავე ნაგებობის მოვლა-პატრონობა, მაგრამ მერე მითხრეს, დაქლორვაა საჭირო, სპეციალისტი არ ხარო. თემის რწმუნებული რასაც მავალებს, იმას ვაკეთებ,“ – გვითხრა დავით კილაძემ.

„ბათუმელები“ სხვა მუნიციპალიტეტების სოფლებშიც დაინტერესდა სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებით: მაგალითად, ქედაში, სოფელ კოკოტაურში სოფლის გზას 23 კაცი ალაგებს და ასუფთავებს, ხულოს სოფელ დიდაჭარაში კი, საბავშვო ბაღში, სადაც სულ 33 ბავშვია, 20 თანამშრომელია, მათ შორის, 5 სოციალურად დაუცველი.

„ქართული ოცნების“ კოორდინატორი ვიყავი, ყველა არჩევნებზე დავდივარ – სადაც ჩემი ძმა არის, ისე მე,“ – გვითხრა თეონა შავაძემ, ის სოციალურად დაუცველია და პროგრამის ფარგლებში დიდაჭარის საბავშვო ბაღში დასაქმდა მზარეულის თანეშემწედ.

„ფოტოებს ვუღებ დაზიანებულ სკვერებს“ – კიდევ რას ჰყვებიან ბათუმში დასაქმებულები

ბათუმში დასაქმებულმა რუსუდან ტარიელაძემ 2022 წლის აპრილში უამბო „ბათუმელებს“, რა კუთხით დაასაქმეს ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში. „ფოტოებს ვუღებ დაზიანებულ სკვერებს“, – გვითხრა მან.

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ასევე ლერმონტოვზე მდებარე უფასო სასადილოებთან „ბათუმელები“ რამდენიმე სოციალურად დაუცველ ადამიანს ესაუბრა. გაირკვა, რომ მათი ნაწილი დასაქმებას ვერ ახერხებს, ან მათ, სოფლებისგან განსხვავებით, სთავაზობენ ისეთ სამსახურს, სადაც მთელი დღე მუშაობაა საჭირო, მაგალითად, ძიძა საბავშვო ბაღში.

„სულ უმუშევრობას სჯობია, მაგრამ ჯერ არ მიმიღია პასუხი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მაია შარაძემ.

„მე უარი მითხრეს, ახალი ბენეფიციარი ხართ და ჯერ თქვენ ვერ დაგასაქმებთო, საოჯახო პაკეტით ვსარგებლობ,“ – გვითხრა ინგა სურმანიძემ. მას სურდა იმ საბავშვო ბაღში ემუშავა ძიძად, სადაც მისი შვილები დადიან.

ინგა სურმანიძე

„ვიცი, სხვები მუშაობდნენ ასეთი ხელშეწყობით, დილით მიდიოდნენ ბავშვებთან ერთად ბაღში და საღამოს ბრუნდებოდნენ.

ჩვენ მაისიდან ვიღებთ დახმარებას და დავდივართ სასადილოში, მე ვერაფერი შემომთავაზეს… ჩემი ქმარია მხოლოდ თვითდასაქმებული- რასაც ნახავს, იმაზე მუშაობს,“ – გვითხრა ინგა სურმანიძემ 2022 წლის დეკემბერში.

რამდენიმე სოციალურად დაუცველმა „ბათუმელებს“ მაშინ უთხრა, რომ დასაქმდა და ამ პროგრამით კმაყოფილია, ან დასაქმება 300 ლარად საერთოდ არ სურს, რადგან მცირეწლოვან შვილებს ვერავის დაუტოვებს.

„ვმუშაობ სასაფლაოების დალაგებაზე, მარტოხელა ადამიანი ვარ, 4 საათით მიწევს გასვლა ყოველდღე,“ – გვითხრა მალხაზ ქარცივაძემ.

მალხაზ ქარცივაძე

მალვინა ბოლქვაძე: „მე შემომთავაზეს დასაქმება, მაგრამ ვუთხარი, ჩემს შვილებს ვინ მიხედავს-მეთქი? რამდენიმე საათი რომ იყოს კი, მაგრამ მთელი დღე ვის დავუტოვო ბავშვები?“

ნინო სურმანიძე: „მე დავსაქმდი ბათუმის 33-ე ბაღში, ვმუშაობ, როგორც დამხმარე, დალაგებაში ვეხმარები: მაკარონს ავწონი, კარტოფილს გადავარჩევ, მაწონს მაცივარში დავაწყობ… მანამდე სულ სახლში ვიჯექი და ეს 300 ლარიც მილიონს ნიშნავს. მე ათის ნახევარზე მივდივარ სამსახურში და ოთხის ნახევარზე თავისუფალი ვარ“.

ეს შემთხვევები არ არის გამონაკლისი, როცა არამიზნობრივად დასაქმებულ სოცდაუცველებს ხვდები და გიჩნდება კითხვა: რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ ათასობით [ამ ეტაპზე 30 ათასი] სოცდაუცველის დასაქმება იმ ფონზე, როცა დასაქმებულები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულნი არიან, დასაქმების საჭიროება კი, კონკრეტულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში არ არსებობს? რამდენად შეიძლება პრაქტიკულად ფიქტიურად, სახელმწიფოს ხარჯზე დასაქმებულმა სოცდაუცველებმა არჩევნების დროს ანგარიში არ გაუწიონ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას ან „ოცნების“ კოორდინატორებს, მათ რიგებში რომ არიან? 

გასათვალისწინებელია, რომ სოცდაუცველების დასაქმების პროგრამა 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება – საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, არჩევნებამდე კი, „ოცნება“ ამოფარებულია პოზიციას, რომ „საქმეს აკეთებს“ და სოციალურად დაუცველ ადამიანებს მასობრივად ასაქმებს. 

„აღმოჩენილ შეუსაბამობებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები“ – დასაქმების სააგენტო სოცდაუცველების დასაქმებაზე

სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამას დასაქმების სააგენტო ახორციელებს სოციალური დაცვის სააგენტოსთან ერთად. დასაქმების სააგენტოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით „ბათუმელებმა“ 2022 წლის ბოლოს მიმართა, თუმცა ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

„პროგრამის განხორციელების პროცესში სააგენტოს უმთავრეს პარტნიორობას და მხარდაჭერას უწევდნენ მხარის რწმუნებულები და ადგილობრივი თვითმმართველობები,“ – აღნიშნულია დასაქმების სააგენტოს 2022 წლის საპარლამენტო ანგარიშში „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება“.

„პროგრამა ხორციელდება 2022 წლის პირველი მარტიდან. პროგრამის განხორციელებისთვის დაკომპლექტდა სპეციალისტების გუნდი, რომელთაც დაევალათ პროგრამის ადმინისტრირებისთვის საჭირო პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია.

დასაქმების საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირდა 1 069 მომწოდებლის მიერ მოწოდებული 30 000-მდე ვაკანტური ადგილი. საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით, დასაქმების სააგენტოს მიმართა 71 319-მა მოქალაქემ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმდა 29 323 სოციალურად დაუცველი, აქედან ქალი – 15 602.

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ 2022 წელს განახორციელა ფართომასშტაბიანი მონიტორინგი, ადგილობრივ თვითმმართველობასთან და შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად სრულად მოიცვა სპეციალურ სარეგისტრაციო სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლები და მათთან დასაქმებული პირები, ხოლო აღმოჩენილ შეუსაბამობებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები როგორც ზეპირსიტყვიერად, ასევე წერილობით…“, – აღნიშნულია ანგარიშში. აქ არ არის დაკონკრეტებული, რა სახის „შეუსაბამობა“ აღმოჩნდა პროგრამის ფარგლებში.

დასაქმების სააგენტოს პრესცენტრში ვერც 2023 წლის 11 მაისს მოგვაწოდეს საჯარო ინფორმაცია და განახლებული მონაცემი სოცდაუცველების დასაქმებაზე. აქ ვერც ის განმარტეს, რატომ ვერ მოგვაწოდეს საჯარო ინფორმაცია უკვე ნახევარ წელზე მეტი ხანია.

შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიხედვით, „საზოგადოებრივი სამუშაო“ ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.

დასაქმების პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართოს სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს. პროგრამის ბენეფიციარები 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.

დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.

ამავე პროგრამის მიხედვით, თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსი ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.


გადაბეჭდვის წესი


ასევე: