ოთხი ქვეყანა: თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და საქართველო იწყებს შავ ზღვაში მიტოვებული ან დაკარგული სათევზაო ბადეების ამოღებას, რომლებშიც დღემდე იხლართებიან და იღუპებიან შავი ზღვის ბინადრები.
„BlackNETs – შავი ზღვის ჩუმი მკვლელების განდევნა“ შავი ზღვის აუზის ინტერრეგიონალური პროგრამაა ევროკავშირის დაფინანსებით, რომელშიც ოთხი ქვეყნის უნივერსიტეტი ერთიანდება. პროექტს ხელმძღვანელობს რუმინეთი, ხოლო პარტნიორები არიან: თურქეთის შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტის საზღვაო მეცნიერებათა ფაკულტეტი; ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის ოკეანოლოგიის ინსტიტუტი და საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტი.
„ვინაიდან მიტოვებული სათევზაო აღჭურვილობა მიიჩნევა ზღვის ნაგვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფორმად, მნიშვნელოვანია პრობლემის არა მხოლოდ მასშტაბის და ბუნების გაგება, არამედ შესაძლებელია თუ არა არსებული მართვის რეჟიმებით ამ რთულ საკითხზე რეაგირება.
დადასტურებულია, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი მავნე ზემოქმედება ზღვის ჰაბიტატებსა და აქ მობინადრე სახეობებზე (მათ შორის მრავალ საფრთხის წინაშე მყოფ სახეობაზე)” – ვკითხულობთ პროექტის აღწერაში.
პროექტის მიზანია, ერთობლივი ქმედებებით, რომლებიც განხორციელდება თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში, ამოღებულ იქნას სულ ცოტა 8000 კილოგრამი მიტოვებული სათევზაო ბადე შავი ზღვის წყლებიდან.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი საქართველოში, ნათია კოპალიანი ამბობს, რომ საქართველოში ოთხი სამიზნე ლოკაციაა შერჩეული, საიდანაც, გეგმის მიხედვით, 2000 კგ. მიტოვებული სათევზაო ბადე უნდა იქნეს ამოღებული, თუმცა აქვე დასძენს, რომ ამის წინასწარი ზუსტი პროგნოზი შეუძლებელია.
„ძალიან ბევრი ცხოველი იხლართება ამ ბადეებში, დელფინებიც ამოგვიღია ასე გახლართული. გარდა ამისა, როდესაც ეს ბადე წყალშია, აგროვებს ათასგვარ ნაგავს, მათ შორის პლასტიკსაც, ხდება ნაგვის შემგროვებელი „ხელსაწყო“ . თუ ბადე დიდხანს არის წყალში და ხანგრძლივი დროის მანძილზე ხდება აქ ნაგვის შეგროვება, შეიძლება ამ პროცესმა გამოიწვიოს ეკოსისტემის თანდათანობითი დეგრადაცია.
სწორედ ამიტომ ამიტომ უკვე მთელ მსოფლიოში ძალიან სერიოზულ ყურადღებას აქცევენ მიტოვებული, მოწყვეტილი, დაკარგული ბადეების პრობლემას. სერიოზულად სწავლობენ რუმინეთში, თურქეთსა და ბულგარეთში. პრინციპში ჩვენთან ეს საკითხი საერთოდ არ იყო შესწავლილი. ჩვენ ვეშაპისნაირების ეკოლოგიას ვსწავლობთ, ანუ დელფინებისა და ზღვის ღორების ეკოლოგიას და ხანდახან თუ წავაწყდებოდით ხოლმე მიტოვებულ ბადეებს.
ამ პრობლემაზე აქამდე არ გვიფიქრია, ახლა ვაპირებთ ამის კვლევას“ – ამბობს პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
ნათია კოპალიანის განმარტებით, რამდენიმე ჩაყვინთვა უნდა განხორციელდეს, რაშიც პროფესიონალი მყვინთავები და ილიაუნის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან, რომელთაც აქვთ ყვინთვის სერტიფიკატი.
„ბადეების ამოღების შემდეგ მოხდება მათში არსებული ორგანიზმების ამოღება, იდენტიფიკაცია რაღაც დონემდე მაინც; შემდეგ ამ ბადეების აწონა და დადგენა, თუ რა სახის ბადეა. ასევე, უნდა გამოვკითხოთ მეთევზეები, როგორც სათევზაო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, ე.წ. მოყვარული მეთევზეები, რომლებიც სამოყვარულოდ თევზაობენ ხოლმე, თუ წასწყდომიან მოტივტივე ბადეებს, ან წყალში უნახავთ, ან თვითონ კარგავენ და რა პირობებში კარგავენ, რომელი ტიპის ბადეები უფრო იკარგება და ა.შ.“
ნათია კოპალიანი: ილიას უნივერსიტეტს აქვს თავისი საკვლევი გემი, რომელსაც აქვს სპეციალური ამწე. მყვინთავები უბრალოდ მოაბამენ ბადეებს ამწეს და ამწე ამოიღებს. გვაქვს სპეციალური მოწყობილობა, ე.წ. კალათა, რომელთა საშუალებით მოხდება მყვინთავების ჩაშვება.
ოთხი ლოკაცია, სადაც ჩაყვინთა მოხდება, მონიტორინგის საფუძველზე შეირჩა.
„გვაქვს ჩანიშნული ადგილები სადაც გვხვდება ჩაგებული ბადეები მაღალი სიხშირით; ლოკაციები დაახლოებით განსაზღვრულია. სექტემბრის ბოლოს განხორციელდება ერთი დაზვერვითი ჩაყვინთვა, სადაც ვვარაუდობთ, რომ შეიძლება იყოს ბადეები.
ეს არის კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო აკვატორიის მახლობლად, ყულევთან, სადაც არის ჩაძირული გემი და შესაძლებელია აქ გროვდებოდეს ჩაძირული ბადეები. ორი ადგილი გვაქვს შერჩეული აჭარის სანაპიროსთან. პროექტში ჩართულია სამი მკვლევარი, ორი პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ორი პროფესიონალი მყვინთავი; პროექტის კოორდინატორია სოფიო კიკნაველიძე“ – გვითხრა ნათია კოპალიანმა.
პროექტის თანახმად, შავი ზღვიდან რვა ტონა ძველი სათევზაო ბადეების ამოღება 2025 წლის დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.