„რაც გვქონდა პოსტსაბჭოთა პერიოდში, ისედაც დემოკრატიის ფასადი ჰქონდა, თუმცა ამ ფასადს ჰქონდა ფუნქციური დატვირთვა. დღეს „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ ამ ფასადიდანაც გამოვიდნენ და ავტორიტარიზმის კი არა, პირდაპირ ტოტალიტარიზმის დამკვიდრებას ვაპირებთო. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ რუსული შეკვეთა,“ – ამბობს ისტორიკოსი თამარ ჩხეიძე.
ის გვესაუბრა, რატომ არის დღევანდელ მოცემულობაში არჩევნებში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
„ბათუმელებმა“ ისტორიკოს თამარ ჩხეიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:
- ქალბატონო თამარ, რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობა, განსაკუთრებით დღევანდელ კონტექსტში?
დღევანდელი მოცემულობა სრულიად განსხვავებულია აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნებისგან. მანამდე ჩატარებულ არჩევნებში იყო საფრთხეები, რომ ცუდი შედეგი დამდგარიყო, ცუდი მდგომარეობა გაგრძელებულიყო, დღეს კი ეს არჩევნები სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
ეს ხელისუფლება პრორუსი იყო ყოველთვის და რუსეთიდან გამოგზავნილი. ეს აშკარა იყო ჩემთვის ყოველთვის, ვინც შეგნებულად იბრმავებდა თვალს, ზედაპირზე იყო ეს ამბავი.
რუსეთის გეგმები ყოველთვის ეტაპობრივად ხორციელდებოდა საქართველოში. დღეს დადგა ეტაპი, როცა პირდაპირ გამოგვიცხადეს, რომ ხელისუფლების მიზანია ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრება – ყველას დაგვიჭერენ, ვინც სისტემას უპირისპირდება, მრავალპარტიულ სისტემას აუქმებენ, სამოქალაქო ორგანიზაციებს აუქმებენ და ასე შემდეგ. ეს უკვე მოწოდება კი არა, ანონსია.
რაც გვქონდა პოსტსაბჭოთა პერიოდში, ისედაც დემოკრატიის ფასადი ჰქონდა, თუმცა ამ ფასადს ჰქონდა ფუნქციური დატვირთვა. დღეს „ქართული ოცნება“ გვეუბნება, რომ ამ ფასადიდანაც გამოვიდნენ და ავტორიტარიზმის კი არა, პირდაპირ ტოტალიტარიზმის დამკვიდრებას ვაპირებთო. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ რუსული შეკვეთა – საქართველოს ხელისუფლება, ჩემი აზრით, რაც არ უნდა უვარგისი ყოფილიყო, ამას თავისით ვერ გაბედავდა. ის ვერც კი იოცნებებდა ამაზე.
ეს არის პირდაპირ რუსული შეკვეთა, რომ ქართული საზოგადოება მოისპოს, საერთოდ განადგურდეს, არ იყოს სიცოცხლისუნარიანი დამპყრობლისადმი.
- აღნიშნეთ, რომ ეს არჩევნები სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიაო. მიგაჩნიათ, რომ თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩება პირდაპირ უქმნის საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას?
კი, „ქართული ოცნება“ პირდაპირ იმას აცხადებს, რაც რუსეთს სურს. ხელისუფლებას პირდაპირ არ უთქვამს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას ცნობს, მაგრამ კონსტიტუციური ცვლილებები გვჭირდება გაერთიანებისთვისო. რა გაერთიანებაზეა საუბარი, როცა ბოდიშის მოხდაზე საუბრობენ? ესე იგი, საერთაშორისო მასშტაბის დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ, გენოციდი, რაც ჩატარდა საქართველოს მიმართ, დააბრალეს აქეთ საქართველოს.
- თანაც, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს არ ჩაუდენია სამხედრო დანაშაული…
რა თქმა უნდა, საერთაშორისო სასამართლოებმა დაადასტურეს, რომ არავითარი დანაშაული საქართველოს არ ჩაუდენია. ამ დროს კი, საქართველოს ხელისუფლებად წოდებული მხარე თვითონ აცხადებს, რომ საქართველო ყოფილა თურმე ამაში დამნაშავე თავისივე ქვეყნის აკლებაში, ამდენი დევნილი გაჩენასა თუ ხოცვა-ჟლეტაში.
მთელი მსოფლიოს მიერაა ცნობილი და რაც მთავარია ფაქტია: საქართველოში შემოიჭრა რუსეთი, საქართველო ხომ არ შეჭრილა რუსეთში? რაც ჩაიდინა რუსეთმა, ესეც საყოველთაოდ ცნობილია. ტომები არსებობს იმ დანაშაულებსა და წამებაზე, რაც მათ დაატრიალეს.
ამგვარ განცხადებებს თავისი იურიდიული შედეგები აქვს. ამიტომაც, თუ ესენი დარჩებიან ხელისუფლებაში, ამას სავალალო შედეგი მოჰყვება.
შესაბამისად, საქართველოში მუდმივად არსებობდა საფრთხეები. არასდროს ვიყავით კმაყოფილი დემოკრატიის ხარისხით და ადამიანის უფლებების მდგომარეობით, მაგრამ დღეს უკვე სხვა საფრთხესთან გვაქვს საქმე, სხვა მასშტაბთან და შინაარსთან. დღეს ლაპარაკია დემოკრატიული ინსტიტუტების მთლიანად გაუქმებასა და ტოტალიტარიზმის შექმნაზე, საქართველოს დაქუცმაცებასა და მტრისთვის ჩაბარების იურიდიულად გაფორმებაზე.
- „ქართული ოცნება“ ცდილობს საკითხი ისე წარმოაჩინოს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება შეძლეს, სამაგიეროდ კი დაკარგული ტერიტორიებს დააბრუნებენ. თქვენ პარლამენტის წევრი იყავით 1992 – 1995 წლებში. მას აქეთ რამდენად შეიცვალა რუსეთის ქცევა დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ?
ეს არის უდიდესი ტყუილი, რომ აი, თუ რუსეთთან მლიქვნელურად მოიქცევი, ის ტერიტორიას დაგიბრუნებს. ახლახან ვნახეთ ამის დემონსტრაციული მაგალითი, როცა ივანიშვილმა ბოდიშები იხადა, რუსეთიდან კი მიიღო პასუხი, რომ როგორც მეზობლებთან, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ისე დაამყარეთ კეთილმეზობლური ურთიერთობაო. ესეც იგივე ოპერიდან იყო, რასაც მანამდე ვისმენდით.
ეს არის პირდაპირ რუსეთის დავალების შესრულება. თავდაპირველად მიზანი იყო საქართველოსთვის ამ მიწების ჩამოშორება, ამ ეტაპზე ჩათვალეს, რომ საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ უნდა გადავიდეს იურიდიულ ნაწილზე, თუ მას ხელისუფლებაში დარჩენა სურს.
- გამოდის, რომ საქმე გვაქვს პირდაპირ ღალატთან?
დიახ, ეს ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებაა და პირდაპირ ღალატი. რასაც რუსეთი ამბობს, პირდაპირ, სიტყვასიტყვით იმეორებს „ქართული ოცნება“. აქ უკვე სამსჯელო და დასამტკიცებელი აღარაფერია.
ამიტომაც აუცილებელია, რომ საქართველომ ამ ჯურღმულს დააღწიოს თავი. აუცილებელია, დიდი რაოდენობის ხალხის არჩევნებზე მისვლა. მხოლოდ მისვლაც არაა საკმარისი – დიდი აქტიურობაა საჭირო, რადგან ამ ხმებს დაცვა სჭირდება.
- რომ ვერ მოხერხდეს გაყალბება?
ზოგი ლაპარაკობს, რომ ვერაფრით ვერ გააყალბებენ არჩევნებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს თავისთავად ასე არ მოხდება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ უფრო ის, რომ შეგვიძლია, არ დავუშვათ გაყალბება. ბევრი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ არჩევნები არ გაყალბდეს.
- რა შემთხვევაში ვერ უშველის „ქართულ ოცნებას“ გაყალბება?
დიდი ძალისხმევაა ამისთვის საჭირო, ისეთი ძალისხმევა, რაც ვნახეთ ამ წლის გაზაფხულზე, როდესაც მთელი საზოგადოება გაერთიანდა, უზარმაზარი ტალღა იყო ახალგაზრდების. ასეთივე ტალღა უნდა წარმოიშვას არჩევნების დაცვის მიმართულებით.
- თქვენი დაკვირვებით, რაზე აქვს გათვლა „ქართულ ოცნებას“, თუ ყველასთვის ცხადია, რომ „ოცნებას“ საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას კი, ევროპა სურს?
ქართველი ხალხის უმრავლესობა პროდასავლურია, მაგრამ ხელისუფლება მუშაობს ხალხის შეშინებაზე, დეზინფორმაციაზე მუშაობენ და საკმაოდ ახერხებს ამას. რეიტინგები რაც ცხადდება, ეს 30 %-იც ანომალიურია „ქართული ოცნებისთვის“. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამდენი ადამიანის მოტყუებას ახერხებენ. თუმცა უნდა დავუშვათ ისიც, რომ ვინც გამოკითხვაში აზრს აფიქსირებს, შესაძლოა შიშს განიცდიდეს და ბიულეტენთან სხვა არჩევანი გააკეთოს.
ჩემი აზრით, ხელისუფლება ახერხებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი დეზორიენტაციას იმ დემაგოგიით, რომ „აბა, ომი გინდათ?“. ისინი ასევე საუბრობენ ხშირად იმაზე, რომ ჩვენი დამსახურებაა მშვიდობა, ბომბები რომ არ გვაცვივა თავზე.
ამას ოპოზიციის მხრიდანაც აქტიურად უნდა გაესვას ხაზი, თითოეულ სოფელში უნდა ელაპარაკონ ადამიანებს: საქართველოში რომ ომი არ არის, ეს საქართველოს ხელისუფლების დამსახურება კი არაა, არამედ უკრაინელების გმირული ბრძოლის დამსახურებაა. წარმოიდგინეთ, კიევი რომ დაცემულიყო, წამოვიდნენ პირდაპირ თბილისში.
ამიტომაც, ამაზრზენია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებიც, თითქოს ომისგან გვიცავენ. სწორედ უკრაინელები გვიცავენ ჩვენ ომისგან და პირიქითაა საქმე, ისევე, როგორც ევროპაშია მშვიდობა და კეთილდღეობა და როცა რაღაც გლობალური ომის პარტიაზე საუბრობს „ოცნება“, რუსეთია სწორედ ეს ომის პარტია. ევროკავშირში ომი არ არის და არც ყოფილა. რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც ომობს და მთელს მსოფლიოს ემუქრება ომით.
არამხოლოდ ოპოზიციამ, მაგრამ ოპოზიციამ თავის დროზე შეძლო საზოგადოებამდე იმის მიტანა, რასაც ნიშნავდა რუსული კანონი. ის, რომ ამ კანონის მიზანი რეალურად გამჭვირვალობა არ არის. ანალოგიურად, ამ შემთხვევაშიც დიდ ნაწილთან უნდა იყოს მიტანილი ამბავი, რომ მშვიდობა სწორედაც ევროკავშირის მხარესაა, რომ ომია რუსეთში და მშვიდობა – ევროპაში.