ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე დარწმუნებულია, რომ დასავლეთი ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებს, თუ ის არჩევნების მიტაცებას ეცდება. გიორგი ბადრიძის აზრით, ფინანსური სანქცია მთავარი ბერკეტია ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ საქართველოში ივანიშვილმა არჩევნების გაყალბება არ სცადოს.
რა მექანიზმები არსებობს ქვეყნის შიგნით? – „ბათუმელებმა“ ინტერვიუ გიორგი ბადრიძესთან ჩაწერა, ის „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარია. 2009-2013 წლებში გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
- ბატონო გიორგი, რა მექანიზმები არსებობს ქვეყნის შიგნით და გარეთ იმისთვის, რომ თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს, ის არჩევნებს ვერ მიიტაცებს?
პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, თუ როგორ დამყარდა დიქტატურა ქვეყნებში, სადაც ხალხის საპირისპირო ნება იყო გამოხატული. იმისთვის, რომ საქართველო არ დაემსგავსოს მესამე სამყაროს, განუვითარებელ, იზოლირებულ დიქტატურებს, 26 ოქტომბერს უბრალოდ ყველა კი არ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, არამედ ვინც გვყავს ოჯახში, სამეგობროში, სანაცნობოში, სამეზობლოში, ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ არამხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ მთლიანად ქვეყნის ისტორია და პირადად მათი ბედი წყდება.
ბედი იმისა, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ. ერთადერთი საშუალება, რომ საქართველო დარჩეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, გახდეს ცივილიზებული, წარმატებული, დამოუკიდებელი და მართლაც სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხის არ არის მონდომებული გასაქცევად, არის არჩევნებში მისვლა და საკუთარი არჩევანის გაკეთება.
- თუ ყველა წავალთ არჩევნებზე, ეს ამცირებს გაყალბების რისკებს?
ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ გააყალბოს არჩევნები.
მინდა შევახსენო ასევე ყველას, რომ იმის მიუხედავად, ვინმე დასაქმებულია თუ არა რომელიმე სახელმწიფო, თუ ადგილობრივ ორგანოში, ეშინია თუ არა სამსახურის დაკარგვის, არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეეძლებათ იმის გაგება, თუ ვის მისცა მან ხმა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დაშინების მექანიზმი.
თითოეული ჩვენგანის ხმა გარანტირებულად ფარულია. თუ ვინმესგან მოითხოვენ წინასწარ დათანხმებას, შეუძლია დათანხმდეს, მაგრამ საბოლოოდ მას შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც თავად თვლის საჭიროდ.
- რა ხდება არჩევნების შემდეგ, რა ბერკეტები რჩება ჩვენს ხელში იმისთვის, რომ ჩვენივე ხმების დაცვა შევძლოთ? გვინახავს წინა არჩევნებზე შეცვლილი ციფრები შემაჯამებელ ოქმებში.
ყველაზე დიდი რაოდენობაა ახლა დამკვირვებლების მობილიზებული. ეს არის ყველაზე დიდი მექანიზმი. მათი მთავარი ფუნქციაა, რომ დააფიქსირონ ის, რაც არჩევნების დრო, ან კენჭისყრის შემდეგ მოხდება.
ქვეყნის გარეთ კი, არსებობს სანქციების მექანიზმი, რომელიც დაუწესდება ხელისუფლებას, თუ იგი უკანონოდ შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს შეეხება არამხოლოდ ქვეყნის ხელისუფლებას – საქართველო აღმოჩნდება პოლიტიკურად და ეკონომიკურად სრულ იზოლაციაში.
- რა ჩანს ამ გადასახედიდან – იზოლაციაში აღმოჩენა არის ივანიშვილისთვის ანგარიშგასაწევი?
ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილს არ ადარდებს, თუ საქართველო აღმოჩნდება გარიყული ცივილიზებული ქვეყნებისგან; არც ის, რომ მათ უკვე შეწყვიტეს მრავალასეულ მილიონიანი დახმარება საქართველოსთვის, რასაც დასავლეთი წლების განმავლობაში გვიწევს.
ფაქტია, რომ ივანიშვილს სულაც არ აქვს პრობლემა იმასთან, რომ საქართველო იყოს იზოლირებული და ჩაკეტილი, ღარიბი. ის თვლის პირიქით, რომ ასეთ ქვეყანას უფრო ადვილად მართავს.
სამაგიეროდ, ივანიშვილისთვის ანგარიშგასაწევია ის, რომ სანქციები მას შეეხება პირადად. ეს შეეხება მის ქონებას პირადად, ასევე, მისი გარემოცვის ქონებას დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებში. ივანიშვილის ფინანსური და ქონებრივი აქტივების ძალიან დიდი ნაწილი დასავლეთშია კვლავაც.
მე დიდი იმედი მაქვს, რომ ადამიანი, ვისი მთავარი მოტივაცია ფული და უსაფრთხოებაა, ამას გაითვალისწინებს.
- ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ პირადად აღარ ელის სანქციებს და ვისაც სანქცია დაუწესეს, ამან უკუშედეგი გამოიღო.
ივანიშვილი რამდენად კავშირშია რეალობასთან, ზუსტად ვერ გეტყვით. ვიდრე ის შემოიღებდა რუსულ კანონს, მას თითქმის გარანტირებული ჰქონდა არჩევნებში გამარჯვება, იმდენად დაქსაქსული და დასუსტებული იყო ოპოზიციური, პოლიტიკური სპექტრი, უიმედობაში იყო ქართული საზოგადოება.
მან ამ კანონით გამოაცოცხლა, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისე პოლიტიკური პარტიები და ახლა უკვე დიდი ალბათობით კი არა, გარანტირებულად, სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, ის ძალაუფლებას დაკარგავს, პირველ რიგში, საკუთარი წინდაუხედაობის გამო.
ივანიშვილის გათვლები ძალიან დიდი ალბათობით აღარ არის საიმედო. ის, რომ სანქციები იქნება, ამის შესახებ შეერთებული შტატების ხელისუფლებამაც ნათლად განაცხადა იმის მიუხედავად, რომ შეიცვლება თუ არა ადმინისტრაცია ნოემბერში.
ევროკავშირის პოზიციაც ძალიან ნათელია, თუ სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება საქართველოში.
ასე რომ, ივანიშვილის იმედი, რომ დასავლეთი იძულებული იქნება, ბოლოს და ბოლოს, რაღაც გარიგება დადოს მასთან, ძალიან ამცდარია რეალობას.
- ივანიშვილის ფინანსური დასანქცირების მოლოდინი ყველაზე გავლენიანი ინსტრუმენტია ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ არჩევნები „ოცნებამ“ ვერ მიიტაცოს?
მთავარი გარე ინსტრუმენტი სანქციებია. დასავლეთი არ აპირებს რუსეთისგან განსხვავებით, მასთან პარტნიორობას და მეგობრობას. ევროკავშირი და ნატო ძალით არ ექაჩება საქართველოს თავის რიგებში, პირიქით, ნატოს და ევროკავშირის ყველა კანდიდატს უწევს უამრავი წინაპირობის შესრულება.
როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არის მონდომებული, იცხოვროს დემოკრატიული ქვეყანაში და იყოს ევროკავშირის, ნატოს წევრი, ამ დროს კი ხელისუფლება საპირისპიროს აკეთებს, ამ ხელისუფლებას არ უნდა გაუკვირდეს ის, რომ იქიდან წამოვა სანქციები. სანქციები, რომელიც შეეხება ყველას, ვინც ეცდება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ძალაუფლების შენარჩუნებას, ვინც შეეცდება ძალადობას, ყველას მოუწევს საფასურის გადახდა ინდივიდუალურად.
აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას ვიზას არ მისცემენ, საუბარია ფინანსურ სანქციებზე. შესაძლოა, ეს ვიღაცას არ აღელვებს და დიდი ანგარიშები არ აქვს დასავლეთის ქვეყნებში, მაგრამ ეს უშუალოდ შეეხება ბიძინა ივანიშვილს და იმ ადამიანებს, მის გარემოცვას, რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში უზარმაზარი ქონება მოიხვეჭეს. სხვათა შორის, სანქცია შეეხება არამხოლოდ დასავლეთის ქვეყნებში არსებულ ქონებას, არამედ მათ უნარს აწარმოონ ბიზნესი, თუნდაც სხვა ქვეყნებთან, მაგალითად, შუა აზიის ქვეყნებთან.
დასანქცირებულ პირებთან და კომპანიებთან საქმის დაჭერა არ სურთ ხოლმე, თუნდაც ეს იყოს მესამე სამყაროს ქვეყანა. არაერთი მაგალითია ამის, რომ თუნდაც რუსეთის მოკავშირე ქვეყნებსაც უარი უთქვამთ სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან ბიზნესის გაგრძელებაზე.
- ის ვერსია რამდენად ლოგიკურია თქვენთვის, რომ ივანიშვილი ე.წ. ოფშორებიდან წამოიღებს ფულს და სწორედ ამისთვის მან რუსული კანონის მიღებისთანავე ამ კუთხითაც შეცვალა შესაბამისი კანონმდებლობა?
ივანიშვილს ჰქონდა მცდელობა, რომ თავი დაეღწია სანქციებისგან, რომ გარკვეული ფინანსური აქტივების ევაკუაცია მოეხდინათ, მაგალითად, კახი კალაძემ გამოაცხადა, რომ აღარ ენდობა დასავლურ ბანკებს, მაგრამ მათი პრობლემა არ შემოიფარგლება მხოლოდ რომელიმე ბანკში ანგარიშის გაყინვით, ეს ეხება მათი და მათი კომპანიების უნარს, აწარმოონ ბიზნესი საერთაშორისო მასშტაბით.
ასე რომ, ეს ფინანსური სანქციები ნამდვილად ანგარიშგასაწევია ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის.
- მოქალაქის ხელში რა ბერკეტია – გარდა იმისა, რომ არჩევნებზე უნდა წავიდეთ, კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთ?
მთავარია, მოქალაქეები მივიდნენ არჩევნებზე და იმდენად დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს ოპოზიციამ – დემოკრატიულმა, პროდასავლურმა და პროქართულმა ნაწილმა ჩვენი საზოგადოებისა – ივანიშვილის რეჟიმის უბრალოდ აღარ დარჩეს შესაძლებლობა, გააყალბოს რამე.
მეორეა არჩევნების შემდეგ ამ ნების სრულიად ნათლად დემონსტრირება, თუ ეს საჭირო გახდება, მათ შორის, აქციების მეშვეობით. თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აქციები იქნება მხოლოდ საზეიმო, რომელიც ქართველი ხალხის გამარჯვებას აღნიშნავს. ეს არჩევნები გადაწყვეტს ჩვენს ისტორიას ძალიან დიდი ხნით.
ამ ბარიერის პირობებშიც, ცხადია, რომ ოთხივე დიდი ოპოზიციური გაერთიანება ბარიერს კომფორტულად კვეთს და მოქალაქეებმა უნდა იფიქრონ იმაზე, რომ ხმა არ დაკარგონ ისეთი პარტიისთვის ხმის მიცემით, რომელიც ვერ კვეთს ამ ბარიერს. სამწუხაროდ, ასეთი პარტიები არსებობენ. მგონი, ახლა არ არის ის დრო, როდესაც ადამიანმა უნდა ეძიოს ისეთი პარტია, რომელიც 100 %-ით გამოხატავს მის ყველა ინტერესს და სურვილს. იდეალური პარტიები და იდეალური პოლიტიკოსები არ არსებობენ.
- გამოდის, თუ გამოცხადების მაჩვენებელი იქნება მაღალი და სხვაობა დიდი იქნება ოპოზიციის და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას შორის, არჩევნების მიტაცების საფრთხე მინიმალურია?
დიახ, ზუსტად ასეა. კვლევები აჩვენებს, რომ ჯამი ოპოზიციური ხმებისა იმდენია, რომ ეს საკმარისი იქნება სტაბილური კოალიციური მთავრობის შექმნისთვის. არჩევნების დასაცავად საჭიროა ერთადერთი მექანიზმი არსებობს: იმდენი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რომ გაყალბებამ და ადმინისტრაციულმა რესურსმა ეფექტი ვეღარ გამოიღოს.