ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის საბაგიროსთან რესტორანს აშენებენ, აქ ზღვა ამოავსეს და ტომრებით შემორკალეს – ნებართვა მერიამ გასცა

26.09.2024 •
ბათუმის საბაგიროსთან რესტორანს აშენებენ, აქ ზღვა ამოავსეს და ტომრებით შემორკალეს – ნებართვა მერიამ გასცა

აქაც კუნძულს აშენებენ? – ეს კითხვა „ბათუმელებს“ მკითხველმა გამოუგზავნა, თანდართული ფოტოთი, რომელზეც ბათუმის საბაგიროსთან მიმდინარე სამუშაოებია ასახული.

საბაგიროსთან, სანაპიროს გასწვრივ არსებულ ვიწრო და მოგრძო ადგილზე რესტორნის მშენებლობას რომ იწყებდნენ, ამაზე „ბათუმელებმა“ 2024 წლის 24 აგვისტოს დაწერა, შენობის რენდერიც გამოვაქვეყნეთ. თუმცა მშენებლობის დაწყების შემდეგ, მის მასშტაბთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები ისევ გაუჩნდა, არაერთი შეტყობინება მივიღეთ. მეტი ინფორმაციისთვის „ბათუმელებმა“ მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები შეისწავლა.

ადგილზე არსებული ვითარების მიხედვით, მშენებელი კომპანია, შპს „555“ სახელშეკრულებო პირობებს არღვევს. ის ზღვის აკვატორიაში შეიჭრა და საიჯარო წესით გადაცემული ფართობის გაფართოება დაიწყო. ადგილზე ჯერ ქვებით სავსე ტომრები რკალისებურად ჩაალაგეს, შემდეგ კი ამ რკალის ამოვსება დაიწყეს. ფაქტობრივად, ხელოვნურად შექმნეს მიწის ნაკვეთი ზღვაში. 

როგორ შეიცვალა სანაპირო ზოლი საბაგიროსთან ბათუმში / ფოტოები გადაღებულია 2024 წლის აგვისტოს ბოლოდან ამავე წლის 22 სექტემბრამდე პერიოდში

ფოტოზე კარგად ჩანს „ზემოქმედება საზღვაო აკვატორიაზე“ – დამცავი ბეტონის კონსტრუქციიდან მინიმუმ 5 მეტრით ზღვის სიღრმეში კომპანიის მიერ ხელოვნურად შექმნილი მიწის ნაკვეთი ზღვაში და რკალისებურად გაფართოებული სანაპირო ზოლი. ხელოვნურად შექმნილ ნაკვეთზე კი რკინა-ბეტონის ხიმინჯები განათავსეს.

კიდევ უფრო მარტივად რომ ავხსნათ, კომპანია გავიდა იჯარით გადაცემული ტერიტორიის საზღვრებიდან, შევიდა ზღვის აკვატორიაში. ამასთან, განათავსა რკინა-ბეტონის ხიმინჯები, რაც ხელშეკრულებით ეკრძალება.

სქრინი ხელშეკრულებიდან

დააკვირდით ქვემოთ მოცემულ კიდევ ერთ ფოტოს – მწვანე ხაზით მონიშნულია მშენებლობისთვის ბათუმის მერიის მიერ იჯარით გაცემული ტერიტორია, ხოლო წითელი ხაზით დაახლოებით ის ტერიტორიაა მონიშნული ზღვაში, რომელიც კომპანიამ ამოავსო და ხმელეთად აქცია.

მწვანე ხაზით მონიშნულია მშენებლობისთვის ბათუმის მერიის მიერ იჯარით გაცემული ტერიტორია, ხოლო წითელი წყვეტილი ხაზით დაახლოებით ის ტერიტორიაა მონიშნული ზღვაში, რომელიც კომპანიამ ამოავსო და ხმელეთად აქცია

საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით, მშენებელ კომპანიას ზღვის აკვატორიაში მოქმედების უფლება არ ჰქონდა. შეთანხმების პირობებში ვკითხულობთ, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთი ემიჯნება საზღვაო სივრცეს, რომელიც არის შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ შიდა ტერიტორიის ნაწილი. ე.წ. ბუფერული ზონა და გამოიყენება გემების მოძრაობისა და მანევრირებისთვის:

„მოიჯარეს ეკრძალება საზღვაო აკვატორიაზე ზემოქმედება, ზღვაში ნებისმიერი სახის რკინა-ბეტონის ან და ლითონის კონსტრუქციის მოწყობა, მიწის ნაკვეთის ნავმისადგომად გამოყენება.“

დააკვირდით ამ ფოტოს და შეადარეთ ზემოთ მოცემულ ფოტოებს – აქ კარგად ჩანს, რომ მშენებელმა ადგილი ზღვის ხარჯზე გააფართოვა, შემდეგ კი რკინა-ბეტონის კონსტრუქცია მოაწყო, რაც ხელშეკრულებით ეკრძალება.

ხელშეკრულებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დაგეგმილი მშენებლობის საკითხი მოიჯარემ წინასწარ უნდა შეათანხმოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“.

მშენებლობის ადგილი, საბაგიროს შუშის შენობისა და ტურისტული საინფორმაციო ცენტრის უკან – სანაპიროს გასწვრივ, ბათუმის მერიამ 2023 წლის ივნისში 15-წლიანი ვადით, საიჯარო წესით გაასხვისა. ხელშეკრულება შპს „555“-თან გააფორმეს.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, საკადასტრო კოდზე არსებული 1790 კვ.მეტრიდან, კომპანიამ 670 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთით უნდა ისარგებლოს. თუმცა სამშენებლო ღობე კონკრეტული მიწის ნაკვეთის მთელ პერიმეტრს აქვს შემოვლებული. კომპანიას ხელშეკრულებითვე დაავალეს დარჩენილი ფართობის კეთილმოწყობა. თუმცა, ამ კეთილმოწყობილ ფართობს პრაქტიკულად თავად კომპანია გამოიყენებს, ანუ გადაიხდის 670 კვ.მეტრის საიჯარო ფასს 15 წლის განმავლობაში და სარგებლობაში ექნება 1790 კვ.მეტრი ზღვასთან.

რაც შეეხება მშენებლობის მასშტაბს, ერთი მხრივ, ამაში გასაკვირი ალბათ არაფერი უნდა იყოს, რადგან საბაგიროს შუშის შენობისა და ტურისტული საინფორმაციო ცენტრის უკან – სანაპიროს გასწვრივ, ბათუმის მერიას მეოთხე კლასის შენობის მშენებლობის ნებართვა აქვს გაცემული. ასე წერია ბრძანებაში, რომელიც კომპანიას სამშენებლო მოედანზე აქვს გამოკრული.

თუმცა, იმავე ბრძანებაში შეიძლება იმის ამოკითხვაც, რომ ნებართვა მესამე კლასის ობიექტის მშენებლობაზეა გაცემული. მშენებლობის პარამეტრები ასეთია: მიწის ნაკვეთის ფართობი 1790, განაშენიანების ფართობი – 413, საერთო ფართობი 790, სამშენებლო მოცულობა 5 172, ნული ნიშნულის ზევით 3 964 და ნული ნიშნული ქვევით – 1 208.

სამშენებლო კოდექსის მიხედვით, „მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობა, ხასიათდება მაღალი რისკით.“  ამ შემთხვევაში კი ეს რისკი უფრო მაღალი შეიძლება იყოს, რადგან სანაპიროსთან გვაქვს საქმე, ასეთ შემთხვევაში მხედველობიდან არც წყლის დაცვის შესახებ კანონი უნდა გამოგვრჩეს. საზოგადოების ყურადღებას სწორედ ამ სამუშაოების მასშტაბი იწვევს.

ბათუმის მერიის განმარტებით ადგილზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის სამუშაოები ყველა უწყებასთან შეთანხმებით, ნებართვის საფუძველზე, პროექტისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.“  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჯერ პასუხი არ მოუწოდებია, თუმცა დაგვპირდნენ. სააგენტოს პასუხს მისი მიღების შემთხვევაში აქვე გამოვაქვეყნებთ. 

შპს „555“ ბათუმში 2010 წელსაა რეგისტრირებული. მისი მესაკუთრე და დირექტორი მარად აბულაძეა. 2020 წელს მან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 10 ათასი ლარი შესწირა.

მიმდინარე სამუშაოები

კომპანიის დირექტორი, მარად აბულაძეც ამბობს, რომ პროექტი ადგილის გაფართოებას ითვალისწინებდა და სამუშაოები კანონის შესაბამისად შეთანხმებულია ყველა უწყებასთან. მისივე თქმით, დაცულია უსაფრთხოების ნორმებიც:

„ყველაფერი მიდის პროექტის და კანონის სრული დაცვით. დიახ. გაფართოება პროექტის ნაწილია და მერიასთან შეთანხმებულია. ყველა სტრუქტურასთან შეთანხმებულია.“

კითხვაზე, მომზადდა თუ არა გარემოზე ზემოქმედების შესაბამისობის პროექტი, მარად აბულაძემ გვიპასუხა:

„ყველა კანონიერი გზა გავლილია. თუ არ გჯერათ მიმართეთ მაშინ მერიას, მიმართეთ საზღვაო სააგენტოს, მე ყველა კანონიერი გზა გავლილი მაქვს. ერთი მილიმეტრითაც არ გავცდები არაფერს. გარდა მაგისა, იქ რაც პრობლემა იყო, სუნის და ასე შემდეგ, ყველაფერი იქნება მოგვარებული. მეტი რა ვთქვა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოება არის გათვალისწინებული“.

მარად აბულაძეს ვკითხეთ ასევე, არის თუ არა ის თორნიკე რიჟვაძის ნათესავი. მან გვითხრა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს.

„მე დიდი ხანია ბიზნესში ვარ, მაქვს სასტუმრო, მაქვს გაქირავებული ფართობები, ვარ მშენებელი. შეგიძლიათ ყველაფერი გადაამოწმოთ“.

აუქციონის პირობების მიხედვით, ქონების წლიური საწყისი ფასი 70 350 ლარი იყო, ბიჯი – 2200. კომპანიამ ელექტრონულ აუქციონზე ერთი ბიჯით უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

___

ამავე თემაზე:

საბაგიროსთან, სანაპიროზე ორსართულიან რესტორანს აშენებენ – მერია თანახმაა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: