სოფელ კვირიკეში ფერდობი ჩამოიშალა და 50-წლამდე კაცი მოიყოლა

დღეს, 16 მაისს, სოფელ კვირიკეში ფერდობი ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. დაღუპული კაცი 50-წლამდეა.

ინფორმაციას სოფელ კვირიკეში მერის წარმომადგენელი ზურაბ ლაზიშვილი გვიდასტურებს.

„სანიაღვრეს აკეთებდნენ, მოწყდა ფერდობი და ერთი ადამიანი მოიყოლა. საკმაოდ დიდი მასაა მიწის ჩამოშლილი, ერთი საათი დასჭირდა კაცის ამოყვანას, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო“, – ამბობს ზურაბ ლაზიშვილი.

მისი თქმით, დაღუპულია კაცი სოფელ ხუცუბანში ცხოვრობდა.

კითხვაზე, იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული სამშენებლო ობიექტზე, ზურაბ ლაზიშვილი ამბობს, რომ ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

რა დააშავა ჩემმა შვილმა, სანქცია რომ დაუწესონ? – „ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე

„ეს არის დემოკრატია, რომ უდანაშაულო ადამიანს სანქცია დაუწესოს? რა დააშავა ჩემმა შვილმა? გეკითხებით. ვთქვათ, მე დავაშავე. ეგ არის დემოკრატია? მე ეგეთი დემოკრატია არ მომწონს“, – ასე უპასუხა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტების შეკითხვას მისი და მისი ოჯახის წევრების შესაძლო სანქცირებაზე.

ვიქტორ ჯაფარიძე თავდაპირველად ენმ-ის მმართველობის დროს, 2004-08 წლებში იყო მაჟორიტარი დეპუტატი; მოგვიანებით, 2012 წელს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი გახდა, 2016-2020 წლებში ჩატარებულ არჩევნებში კი პროპორციული წესით გახდა პარლამენტარი კვლავ „ქართული ოცნებიდან“. ახლა იგი პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალა“, წევრია. ჯაფარიძე ფლობს ტელეკომპანია „პოსტტივის“ საკონტროლო პაკეტს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ცნობით, მხოლოდ 2018-20 წლებში ჯაფარიძისა და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის ნაწილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა 6 254 688 ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, გამარტივებული შესყიდვის წესით.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ რუსული კანონის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ მასზე პასუხისმგებელ კონკრეტულ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს.

აქტივისტი ხულოდან აცხადებს, რომ ხულოს მერის დავალებით აქცია ჩაუშალეს – „არა რუსულ კანონს“

ახალგაზრდა აქტივისტი ხულოდან, ლაშა ბოლქვაძე გვიყვება, რომ ხულოში 30-მდე აბიტურიენტი და სტუდენტი რუსული კანონის გაპროტესტებას გეგმავდა, თუმცა დაანონსებული აქცია ხულოს მერის დავალებით ჩაუშალეს.

„ახალგაზრდებს რუსული კანონის გაპროტესტება გვინდოდა. უფრო აბიტურიენტებისა და სტუდენტების ინიციატივა იყო. ოცდაათნი ვიყავით. უფრო მეტი არ ეთანხმება რუსულ კანონს, მაგრამ ეშინიათ სხვადასხვა მიზეზით, ძირითადად კი საჯარო სამსახურში დასაქმებული ახლობლების გამო. თუმცა, 30-მა დანამდვილებით თქვა, რომ აქცია უნდა გაგვემართა. დავგეგმეთ, მაგრამ ამბავი გავიდა და აქცია ჩაგვიშალეს“ – გვიყვება ლაშა ბოლქვაძე.

მისი ინფორმაციით, აქციის ინიციატორების მშობლებს ხულოს მერის სახელით დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ აქციას გამართავდნენ, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა, პრობლემები შეექმნებოდათ, განსაკუთრებით კი აქტივისტების საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ახლობლებს.

„ზოგმა კი პირდაპირ თქვა, რომ ოჯახში მივიდნენ ხულოს მერის დავალებით. ზოგის ოჯახის წევრს კი დაურეკეს. ვფიქრობ, ზოგს იმის თქმა ეუხერხულა კიდეც, რომ მამა არ უშვებს კონკრეტული მიზეზის გამო“ – ამბობს ლაშა.

ამის შემდეგ ახალგაზრდებმა აქციის გამართვა გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს ვიდეო გადაეღოთ, რომლითაც რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდნენ, შემდეგ კი ამ ვიდეოს გაავრცელებდნენ. ლაშას თქმით ესეც გაიგეს და ხულოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა, ვალერი შავაძემ გადაღებიდან დაბრუნებისას მათ ფოტოები გადაუღო.

„საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ვიდეო გადავიღეთ, როცა წამოვედით პოლიციელმა ბავშვებს ვიდეო გადაუღო, მათგან უმეტესობა არასრულწლოვანია. შემდეგ ოჯახებს შეუთვალა, ამ ფოტოებს გადავაგზავნი სადაც საჭიროა, თუ რამეს დააპირებთო, გულისხმობენ აქციას, ცხადია“ – ამბობს ლაშა. 

„ბათუმელები“ ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს დაუკავშირდა. ხულოს მერმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ჩვენს კითხვას ხულოში საპროტესტო აქციის მისი ჩარევით ჩაშლის შესახებ პროვოკაციულად მიიჩნევს და შეურაცხყოფად აფასებს:

„საქმეზე მირეკავთ თუ პროვოკაციაზე, რა შუაშია, ეს საიდან მოიტანა, ან ვინ მოიტანა? ეს არის პროვოკაციული კითხვა. დღეს საერთოდ ვინ ვის რა დაუშალა. ან თქვენ საიდან მოიტანეთ? ასეთი ლაპარაკი ქვეყანას არ წაადგება. ძალიან გთხოვთ იმ ხალხს, რომელსაც ქვეყანაზე გული შეგვტკივა, ქვეყნის სასიკეთოდ ვზრუნავთ დღე და ღამე, ამის მეტი საქმე არა აქვთ? ქვეყნის დაქცევისკენ და უკან სვლისკენ რომ იბრძვით, რა კითხვებია?“ – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ.

მერს ვკითხეთ, გვგულისხმობს თუ არა ჩვენ, მედიას, როცა ამბობს, რომ „პროვოკაციას ვუწყობთ“.

„მუნიციპალიტეტის მერი ვარ და მაგის გარდა საქმე დამელია, რომ მე ვიღაცის საქმეებში ჩავერიო? ამდენი საქმე მაქვს, ამდენ საქმეს ვაკეთებ და ხალხს ვემსახურები. დიახ, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი კითხვა იყო. ასეთი შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო ადამიანს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ხალხს ვემსახურები და ჩემი ქვეყნის სამსახურში ვარ დაბადების დღიდან დღემდე.

დიახ, მე შეურაცხყოფად მივიღე. მე თქვენ კი არ გეჩხუბებით. ვამბობ, რომ ეს არის ძალიან არასწორი პროვოკაცია. ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც 75 პროცენტს ხმა აქვს ჩემთვის მოცემული, არჩეულ მერს ამის მეტი საქმე არა მაქვს? მე გეუბნებით, ეგ საიდანაც წამოვიდა, არის პროვოკაცია ქვეყნის მტრების, ქვეყანა რომ არასწორ გზაზე წავიდეს და თითქოსდა თავისუფლებას საფრთხე შეუქმნას, თუმცა მე გარწმუნებთ, რომ ვერცერთი ადამიანი, ჩვენი ქვეყნის მტერი ვერ მიაღწევს მის საწადელს, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება, გაბრწყინდება და ევროპაში შევა თავის ღირსებით, კულტურით და ღირებულებებით“ – ამბობს ხულოს მერი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა დასახელებულ პოლიციელს, ვალერი შავაძესაც. ის ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ აქციის შესაძლო გამართვის შესახებ არც კი გაუგია. მან რუსული კანონის წინააღმდეგ ვიდეოს გადაღების შემდეგ, მონაწილეებზე ფოტოების გადაღება და მუქარა უარყო:

„მე არც ვიდეოს გადაღება დამინახავს და არც სურათები გადამიღია. მე ვარ ფორმიანი პოლკოვნიკი. რა აქციას ატარებდნენ, რა ფოტოები გადავიღე… ვიღაცას ეშლება. 6-7 თვე ვიყავი განყოფილების უფროსი და აღარ ვარ, ალბათ ესეც არ იციან. დიახ, განყოფილებაში ვარ, მაგრამ უფროსი აღარ ვარ. გეუბნებით, რომ არაფერი ვიცი. თქვენ შაირზე ხართ?! მე თუ სადმე აქცია დავშალე, მაგას სახალხოდაც ვიტყვი“.

ლაშა ასევე გვიყვება, რომ მის ერთ-ერთ მეგობარს, რომელიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლაც მოსთხოვეს: „მაგრამ არ დაწერა, სახლშიც მივიდნენ, გააფრთხილეს, მაგრამ ვერ აშინებენ, არ აინტერესებს. მოგვიანებით კი მისი ზეწოლის მიზნით გაავრცელეს, რომ ვაკანსია ჰქონდათ და სწორედ მისი თანამდებობა დაასახელეს, თუმცა ამ მეგობრის გათავისუფლების ბრძანება არ დაუწერიათ“.

ლაშა ბოლქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს კრიტიკულ პოსტებს. მან ცოტა ხნის წინ შენიშნა ისიც, რომ მის გვერდზე კონკრეტული კომენტარები წაშალეს ავტორებმა.

„დავინტერესდი რა ხდებოდა, მითხრეს, რომ ოჯახის წევრებს დაურეკეს და კომენტარის თაობაზე შენიშვნა მისცეს. ვიცი, რომ ერთის დედას დაურეკეს, რომელიც საჯარო მოხელეა. მე ვერ დავასახელებ იმ ადამიანებს ვისაც ურეკავენ და ემუქრებიან“ – ამბობს ლაშა.

____________

ფოტოზე: ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე

საკრებულოებს ბოიკოტს ვუცხადებთ – ენმ-ის გადაწყვეტილება აჭარაში

ვიდრე ქვეყანაში ათასობით მოქალაქე რუსულ კანონს ქუჩაში აპროტესტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციები აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ბოიკოტის რეჟიმზე გადავლენ, ისინი სხდომებს არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას საკრებულოების მუშაობაში – ამის შესახებ ბრიფინგზე ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ- დან ალექსანდრე ვარშალომიძემ დღეს, 16 მაისს, განაცხადა.

„პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან“ – ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება 15 მაისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის ფრაქციამაც გაავრცელა.

აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში რჩება „ლელოს“ ფრაქცია და „გახარია – საქართველოსთვის“.

„ამ დროის შეიძლება გააპარონ ისეთი საკითხები, რაზეც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია. როგორც უკვე განაცხდა პარტიამ, ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ვეტოს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“ – გვითხრა აკაკი გვიანიძემ, ბათუმის საკრებულოს წევრმა გახარიას პარტიიდან.

საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს, რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მესამე მოსმენით მიღების შემდეგ რუსული კანონი პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.

„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების პარალელურად გაიფიცა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი გაკვეთილი ახლა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ტარდება, მთავარი გამოცდა კი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვაა.

„ღმერთი ყოველთვის ჩაგრულების მხარესაა და არა მჩაგვრელების“ – მალხაზ სონღულაშვილი

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

გთავაზობთ მის მოსაზრებას, რომელიც მალხაზ სონღულაშვილმა 15 მაისს გამოაქვეყნა ფეისბუქის გვერდზე.

„მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა: „სამყაროს ვექტორი სამართლიანობისკენ არის მიდრეკილი”, რაც იმასა ნიშნავს, რომ ადამიანი სამართლიანობას ესწრაფვის თუ ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად. იმისათვის, რომ ამ სწრაფვამ ხორცი შეისხას, სამართლიანობის შენებაში უკლებლივ ყველა თაობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამის გარეშე არ არსებობს არც თავისუფლება, არც დემოკრატია, არც მრავალფეროვნების დაფასება, არც ძმობა და არც ერთობა.

ის, რაც ახლა ჩვენს საქართველოს დედაქალაქსა და ჩვენს ქვეყანაში ხდება, დიახაც რომ ბრძოლაა სამართლიანობისათვის. ყველაზე საუკეთესო რაც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, როგორც ქვეყანას, კულტურას, ადამიანთა ერთობას, ეს არის თავისუფლებაში გაზრდილი ახალგაზრდობა, რომელიც სრულად არის ჩაბმული სამართლიანობის შენებაში.

მათი უძლეველი იარაღია გულწრფელობა, სიალალე და სიყვარული. თითოეულ მათგანს ყველანი თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.

ჰოდა, ამიტომ უსამართლობაზე კიდევ უფრო დიდი უსამართლობაა ჩვენი ახალგაზრდობის დემონიზება, დაჩაგვრისა და გაშავების მცდელობა. გარდა ამისა, უსამართლობაა მათი ხმების შეუსმენლობა და მათ წუხილებზე ყურის მოყრუება და თვალების დახუჭვა.

ასევე, უსამართლობაა, როცა დიდსა და პატარას ნაცარს გვაყრიან თვალში და უტიფრად გვარწმუნებენ, რომ შავი თეთრია და თეთრი – შავი. როგორც ამას ძველები იტყოდნენ, მაწონი შავია და კამეჩი – თეთრი.

უსამართლობაა, როცა სამშობლოს სამსახურში დამაშვრალსა და სამშობლოს საზღვრების ჯიუტად დამცველ ადამიანის ცემა-ტყეპით უსწორდებიან თავისიანები და თავ-პირს უერთიანებენ.

უსამართლობაა, როცა ახალგაზრდას უსაფუძვლოდ ციხეს ახეხინებ და რამდენიმე დღეში თავისუფლებაზე გამოსულს, დასტაცებ ხელს და დაიჭერ. რისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის?

უსამართლობაა, როცა აკეთებ იმას, რაც მოყვარეს გულსა სტკენს და შენს მტერს ახარებს. რატომ?

უსამართლობაა, როცა ქალებს, დედებს თმებით ათრევინებ ქუჩაში იმათ, ვისაც ამავე ქალების დასაცავად, ამ ქალების ჯიბიდან ამოღებული ფულით უხდი ჯამაგირს. ეს რა სიშლეგეა?

უსამართლობაა, როდესაც შენი ხალხის მრავალსაუკუნოვან და სანუკვარი ოცნების აღსრულებას, იყოს თავისუფალი, გალაღებული, დემოკრატიული, თანასწორი – გველეშაპივით წინ ეღობები. რატომ გინდა შენი შვილების მომავალს ძირი გამოუთხარო? რატომ?

უსამართლობაა, როცა თავისუფლებაზე შეყვარებულ გოგო-ბიჭებს, იმის მაგივრად რომ მადლობას უხდიდე და გულში იკრავდე, ხელკეტებით დასდევ, ტყვიებს უშენ და წიწაკის სპრეით უმასპინძლდები. ოჯახში არ გაიზარდე? სიყვარული და ადამიანის თანაგრძნობა არავინ გასწავლა?

უსამართლობაა, როცა სამართლიანობის დასაცავად ხარ დადგენილი და სამართალს ამრუდებ. რატომ ვერ ჩერდები? რატომ ვერ ხედავ ზღვარს, რომელსაც არ უნდა გადახვიდე?

უსამართლობაა ისიც, როცა საკუთარ თავს არწმუნებ, რომ ეს უსამართლობა სამართლიანობაა! ცოდო ხარ, ამას რატომ უკეთებ საკუთარ თავს?

ყველამ უნდა იცოდეს, ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, უმჯობესია, დაჩაგრული იყო, ვიდრე სხვასა ჩაგრავდე! სჯობია, გცემდნენ სამართლიანობისთვის, ვიდრე სცემდე უსამართლოდ.

ჯობია, ტელეფონით გემუქრებოდნენ (აზერბაიჯანული და თურქული ნომრებიდან) და სადარბაზოში გისაფრდებოდნენ, ვიდრე შენ ემუქრებოდე ვინმეს და შენ უსაფრდებოდე.

სჯობს შენს რეპუტაციას აშავებდნენ, ვიდრე შენ აშავებდე სხვის სახელს. სჯობს თავისუფლების ძახილში ყელი გქონდეს ჩახლეწილი, ვიდრე გატრუნული იყო და უყურებდე შენი შვილები და და-ძმები როგორ ჩაგრავენ შენს შვილებსა და და-ძმებს.

სჯობს, ჩაგრულის მხარეს იყო და რამე დაკარგო, ვიდრე მჩაგვრელის მხარეს იყო და ამით ხეირი ნახო. ჯობს ყინულივით ცივი ჭავლის ქვეშ იდგე და წიწაკის სპრეის სუნთქავდე, ვიდრე შენ ასხამდე სხვას წყლის ჭავლსა და წიწაკის სპრეის.

რატომ? რატომ?? რატომ?? ნუთუ ეს ძნელი გასაგებია?!

იმიტომ, რომ ღმერთი ყოველთვის ჩაგრულების მხარესაა და არა მჩაგვრელების.

ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის ასე იქნება. ღმერთი იმათ მხარესაა, ვინც სამართლიანობისათვის იბრძვის უანგაროდ და არა – იმათ მხარეზე, ვინც სამართლიანობას ებრძვის ანგარების მიზნით. ღმერთი იმათ მხარეს კი არაა, ვინც ადამიანს სალოცავის კარს უკეტავს, არამედ იმათ მხარეზე, ვისაც უკეტავენ.

რაც ახლა უნდა გითხრათ, შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ამით ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვიხდი,მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ასე არ არის.

ჩემი სათქმელი აი, ეს არის, სამართლიანობისათვის ბრძოლა ლოცვის გარეშე არ არსებობს. (გთხოვთ, ბოლომდე ჩაიკითხოთ ეს ტექსტი და ლოცვის რელიგიურ ალუზიას ნუ დააფრთხობინებთ თავს).

ლოცვა მარტო დაზეპირებული ლოცვების ჩამორაკრაკება არ არის და არც სალოცავებში მუხლებზე ხოხიალი. ლოცვა არის სიმართლისათვის გარჯა, წვიმასა და სიცივეში კარში ყოფნა, ლოცვა არის თანადგომისა და შერიგებისათვის ბრძოლა! ლოცვა არის ნამდვილი მშვიდობისათვის სწრაფვა! ლოცვა არის ქუჩაში გამოსული ადამიანის გამხნევება, ჩვენ ოთხფეხა მეგობრებზე მზრუნველობა, რომლებიც რობოკოპებს უყეფენ და მომიტინგეებს ესარჩლებიან (ნეტა ამათ საიდან იციან ვის უნდა გამოესარჩლონ და ვის – არა?!)

აღდგომა ღამეს ყველანი ჩვენს ტაძრებში ვიხდიდით სააღდგომო ლიტურგიას, მაგრამ ყველაზე დიდი ლიტურგია იმ ღამეს გადაიხადეს ჩვენმა ახალგაზრდებმა, რუსთაველის გამზირზე, სადაც სამშობლოსა და სამართლიანობის სიყვარულით გაერთიანებული სრულებით განსხვავებული ადამიანები ერთად იდგნენ, ხელში სანთლები ეჭირათ და ერთად აგუგუნებდნენ საგალობლებს; სხვადასხვა ყაიდის ქრისტიანები, მუსლიმები, ებრაელები, ეზიდები…რელიგიურები, არარელიგიურები, ყველანი.

ახლა კი ნამდვილად მივადექი ჩემს მთავარ სათქმელს: ჩვენ ახლა ისე უნდა ვილოცოთ, როგორც არასდროს გვილოცია! უნდა ვილოცოთ, ვინც მლოცველები ვართ და ვინც მლოცველები არა ვართ.

ლოცვა არის სამართლიანობისთვის ბრძოლა. სამართალი პურს შეჭამს უსათუოდ. ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის ასე იქნება. გამხნევდით, გამაგრდით, გაძლიერდით სამართლისა და თავისუფლების სიყვარულში. ნუ დაიღლებით იმის კეთებაში, რის გამოც სიცოცხლე ღირს და ფასი აქვს.

უსამართლობა უკვე დამარცხებულია, სამართლიანობისთვის ჩაგრული უკვე გამარჯვებულია. გებრალებოდეთ ისინი, ვინც სამართლიანობას ეწინააღმდეგებიან და გთხოვთ, მათზე გულს ნურასოდეს გაიბოროტებთ.

ისინი დაკარგული შვილები არიან, რომელნიც ზოგჯერ შინ ბრუნდებიან ხოლმე!“ – წერს მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 488 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 520]
  • ტანკი – 7 529 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 14 538 ერთეული [+30]
  • საარტილერიო სისტემა – 12 565 ერთეული [+27]
  • MLRS – 1 070 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 798 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 351 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 028 ერთეული [+13]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 200 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 048 ერთეული [+93]
  • სპეცტექნიკა – 2 062 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 16 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 600 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 111 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 521 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 053 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 300 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 607 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 753 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დაფიონი: ყოველდღე გვატერორებენ მთავრობის დაქირავებული მოძალადე ზონდერ-კრიმინალები

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ აცხადებს, რომ მათი გუნდის წევრებს ყოველდღიურად ატერორებენ. ამის შესახებ „დაფიონი“ ფეისბუქზე წერს.

„დაფიონის გუნდის წევრებს ყოველდღე გვატერორებენ მთავრობის მიერ დაქირავებული მოძალადე ზონდერ-კრიმინალები!

როგორც ჩანს, ჩვენი პატრიოტული მუხტის და შიშველი ხელების ეშინიათ. აღსანიშნავია, რომ დაფიონის გაჩერება ან არ გაჩერება „რუსული ოცნებისთვის“ ვერ შეცვლის ვერაფერს, რადგან ჩვენ უკვე მოვასწარით ერის გაღვიძება და გაერთიანება, დღესდღეობით ხალხი დამოუკიდებლად აპროტესტებს, ამიტომ ჩვენზე ნადირობას არანაირი აზრი არ აქვს; ჩვენ ინფორმაციული ომი უკვე მოგებული გვაქვს, ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, რადგან ერი უკვე გაღვიძებული და გაერთიანებულია და ამ ერთიანობის მუხტს ვერავინ ვეღარ შეაჩერებს.

ქართველებო არ მოდუნდეთ! ამ ბრძოლის მოსაგებად მთავარი იარაღი თქვენი ერთიანობა და სიმტკიცეა, არ შეგეშინდეთ და არ გაუშვათ ერთმანეთს ხელი! ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ“ – წერს „დაფიონი“.

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ მაისს „ძალადობრივ ჯგუფებს“ შორის მოიხსენია „ჯენზისთან“ ერთად.

„დაფიონის“ერთ-ერთ თანადამფუძნებელის, 18 წლის  ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურა ცეცხლაძეს შვილის უსაფრთხოებით დაემუქრნენ.

ბათუმის 12 საჯარო და 3 კერძო სკოლის მოსწავლეები რუსულ კანონს გააპროტესტებენ

16 მაისს ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმელი მოსწავლეების მესამე საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელშიც ქალაქის 15 სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

საპროტესტო აქცია 16:00 საათზე ცენტრალური პარკის კოლონადებიდან დაიწყება.

აქციის ორგანიზატორი ბათუმელი სკოლის მოსწავლეები არიან.

„მომავალი ჩვენია და მას ჩვენვე ვირჩევთ!

ქალაქ ბათუმის მოსწავლეების ევროპული გაერთიანება მოგიწოდებთ: ქალაქ ბათუმის საჯარო თუ კერძო სკოლების თითოეულ მოსწავლესა და ჩვენს ქალაქში არსებული თითოეული სასწავლებლის თვითმმართველობებს, ხვალ, 16 მაისს, 16:00 საათზე, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ 6 მაისის პარკის კოლონადებთან ბათუმის მოსწავლეების ევროპული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მშვიდობიან აქციაზე და ერთიანი ძალისხმევით შევაჩეროთ და გავანადგუროთ ის ილუზია, რომელიც განსაზღვრავს ევროპულ მომავალს და გვიშენებს უტოპიურ „ოცნებებს“! – ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროტესტს უერთდებიან: 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-13, მე-14, მე-16, მე-18, „ქართულ-ამერიკული“, ბათუმის სასულიერო გიმნაზიისა და „ევრო 2000“-ის მოსწავლეთა თვითმმართველობები და მოსწავლეები.

„ზოგი სკოლა არ აღინიშნა სიაში, დირექციისა და მასწავლებლების დაშინებების გამო, თუმცა მთავარ სათქმელს ხვალ ღიად დააფიქსირებენ. მოქმედების დროა! არა რუსულ კანონს!“ – წერენ ორგანიზატორები.

ეს კანონი უამრავ მიუსაფარ ცხოველს დახმარების გარეშე დატოვებს – ცხოველთა უფლებადამცველები

საქართველოში მოქმედი ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები ღია წერილით მიმართავენ მთავრობას და მოუწოდებენ, ძალაში არ მიიღონ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ორგანიზაციები, ასევე, მოითხოვენ გამჭვირვალობას ყველა მუნიციპალური თუ ეროვნული სახელმწიფო ინსტიტუტისგან, რომელიც ამ სექტორში მუშაობს.

„ბოლო ოცი წელია, ვერცერთმა მთავრობამ ვერ შექმნა ჰუმანური და ეფექტური პროგრამები ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველთა უზარმაზარ პოპულაციასთან გასამკლავებლად.

მთავრობის მუდმივი მარცხის ფონზე ჩვენ, არაკომერციული ორგანიზაციები, დაუღალავად ვშრომობთ, რომ შევამსუბუქოთ ქუჩაში მცხოვრები ცხოველების ტანჯვა.

ჩვენ არ ვიღებთ მხარდაჭერას მთავრობისგან. საქართველოში ძალიან რთულია ჩვენი საქმისთვის დაფინანსების სხვა წყაროების მოპოვება. ამიტომ, დამოკიდებული ვართ უცხო ქვეყნების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებზე და მცირე საერთაშორისო გრანტებზე.

ჩვენთვის მიუღებელია, რომ ამის გამო უნდა დაგვესვას უცხოური გავლენის აგენტის დაღი.

რასაც არ უნდა გვიმტკიცებდეს სამთავრობო პროპაგანდა, არაკომერციული ორგანიზაციების სექტორი გამჭვირვალეა. როგორც სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია, ეს ორგანიზაციებიც ვალდებული არიან, შეავსონ ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციები და შემოსავლების სამსახურის შესაბამის საიტებზე აღრიცხონ საკუთარი ხარჯი და შემოსავალი.

ჩვენ, ასევე, ვიხდით დიდი ოდენობით გადასახადებს ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სექტორი. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამ ყველაფერს არ ცვლის. ის გამჭვირვალობას არ აუმჯობესებს. სანაცვლოდ, ეს კანონი ორგანიზაციებს დააკისრებს იმხელა ადმინისტრაციულ ხარჯს, რომ მოგვიწევს, შევწყვიტოთ მუშაობა“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ცხოველთა უფლებების დაცვის სფეროში გაუმჭვირვალობის პრობლემა უკავშირდება სამთავრობო სექტორს, უცნობია, რამდენს და როგორ ხარჯავენ მუნიციპალური პროგრამები მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის ჰუმანურად გადაჭრაში:

„ეს პროგრამები არაეფექტურია, ამასობაში კი დიდი ოდენობით იხარჯება გადასახადის გადამხდელთა ფული.

გამჭვირვალე არაა, თუ ვინ, როგორ და რა რეგულაციებით მართავს რამდენიმე მუნიციპალურ თავშესაფარს, სადაც ცხოველები არ იღებენ საბაზისო საჭიროებებს, საკვებსა და ვეტერინარულ დახმარებას.

ჩვენ ვმუშაობთ პრობლემებზე, რომლებიც მთავრობის სისტემატიური კრახის შედეგად ჩნდება. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მოსახლეობას, ამ კანონით კი მთავრობა უცხოური გავლენის აგენტებად გვაცხადებს“ – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: Dog Organization Georgia; Animal Project (პროექტი ცხოველებისთვის); Peteasy (ფეთიზი); ფისომოყვარულთა კლუბი; თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი; უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება; მიუსაფარ ცხოველთა კლუბი; ცხოველთა უფლებების კომიტეტი; Animal Rescue Georgia; და „ერთად მიუსაფარი ცხოველებისთვის“.

ორგანიზაციები მოუწოდებენ თითოეულ ცხოველმოყვარულს, აიმაღლოს ხმა კანონის წინაშე, „რომელიც არამხოლოდ ამორალურია, არამედ შეუძლებელს გახდის ჩვენს მუშაობას და უამრავ მიუსაფარ ცხოველს დახმარების გარეშე დატოვებს“.

„მოვუწოდებთ ქალბატონ პრეზიდენტს, დაადოს ვეტო რუსულ კანონს. დამოვუწოდებთ მთავრობას, არ დაძლიოს ვეტო“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • რა ხდება

საქართველოში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ “ოცნებამ” უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა პუტინის რეჟიმი.

______________

ილუსტრაცია: ნუცა ხამხაძე

16 მაისს ბათუმში დედების აქცია გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ

ბათუმში ხვალ, 16 მაისს, დედების აქცია გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ.

აქცია, რომლის სლოგანია – „არა რუსულ კანონს“, 17 საათზე, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან დაიწყება.

ბოლო ორი დღეა ბათუმში, სტუდენტების გარდა, სკოლის მოსწავლეებიც მართავენ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ. მოსწავლეების აქცია დღესაც, 15 მაისს გაიმართა. რუსული კანონის წინააღმდეგ მოსწავლეებმა მსვლელობა გამართეს ქალაქის ქუჩებში.

უკვე თვეზე მეტია ბათუმში სისტემატურად იმართება აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ. თითქმის ყოველ საღამოს ბათუმის ქუჩებში ასობით და რიგ დღეებში – ათასობით ახალგაზრდა მოითხოვს რუსული კანონის გაწვევას.

  • რა ხდება

საქართველოში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ “ოცნებამ” უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა პუტინის რეჟიმი.

ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამსახური დატოვა და სტუდენტურ მოძრაობას უერთდება

„არა ანტიდემოკრატიულ კანონს, რომელმაც კიდევ ერთხელ გახლიჩა ქართული საზოგადოება“ – წერს გოჩა სურგულაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე. თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში დაუდასტურა.

გოჩა სურგულაძის თქმით, ის დღეიდან აქციებზე სტუდენტებთან ერთად იქნება.

„სტუდენტების გაფიცვა არის ლეგიტიმური!

კრიზისულ სიტუაციებში, მაშინ როცა საზოგადოებას პოლიტიკური ძალების (პარტიების) მიმართ აქვს უნდობლობა, მხოლოდ სტუდენტებს შეუძლიათ სახალხო-სამოქალაქო პროტესტს ჩაუდგნენ სათავეში. სტუდენტებს უფლება კი არა, არამედ აქვთ დაუწერელი ვალდებულება საზოგადოების წინაშე, რომ იყვნენ პროგრესის ავანგარდი და ჩაუდგნენ მსგავს საპროტესტო მუხტს სათავეში.

სტუდენტებს შეცდომების დაშვების უფლებაც აქვთ! ….და საბოლოოდ #არა ანტიდემოკრატიულ კანონს, რომელმაც კიდევ ერთხელ გახლიჩა ქართული საზოგადოება. #კი მხარდაჭერა ყველას, ვინც მონაწილეობას იღებს ანტისახელისუფლება/ანტიბიძინა მანიფესტაციებში.

P.S.: არ მსურდა საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს“ – წერს გოჩა სურგულაძე ფეისბუქზე.

სტუდენტური მოძრაობა ბათუმში რუსული კანონის წინააღმდეგ ყოველდღე მართავს საპროტესტო აქციებს. ისინი პოზიციის დაფიქსირებას ლექტორებისგან და რექტორისგანაც ითხოვდნენ. დღეს კი მათ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, მერაბ ხალვაშის გადაწყვეტილება დაგმეს, რომლის მიხედვითაც ის შეუერთდა 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას.

ამ განცხადებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე.

„ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი გადავდგი, არ მინდა სტუდენტები მარტო დავტოვო“ – გვითხრა გოჩა სურგულაძემ. ის მიიჩნევს, რომ სტუდენტებს ახლა მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება ქუჩაში სჭირდებათ.

„ვფიქრობ, რომ სტუდენტებს მხარდაჭერა სჭირდებათ ქუჩაში, სადაც არის აქციები.

დიახ, ვიქნები მათთან ერთად. ერთ-ერთი მონაწილე ვიქნები, ვიცი, რომ ყველაფერს სწორად გააკეთებენ, მივყვები მეც. თუ საჭირო იქნება, გადავეფარები. ხელისუფლება რას გააკეთებს ამის შემდეგ, არ ვიცით, ამიტომაც მათ სჭირდებათ გამოცდილი ადამიანები, რომლებიც გვერდში დაუდგებიან და არ მისცემენ გარკვეულ ძალებს პროვოკაციების საშუალებას, დარბევის საშუალებას.

ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ჩვენ ვიბრძოდით ორი ხელისუფლების დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც და „ოცნების“ დროსაც სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის, მათ შორის უნივერსიტეტის ავტონომიისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის. მინდა, რომ ეს ბრძოლა მათთან ერთად გავაგრძელო, არცერთი თანამდებობა, არცერთი სამსახური არ ღირს იმად, რომ შეუერთდე უსამართლობას, არადემოკრატიულ გადაწყვეტილებებს და ავტორიტარიზმს.“

გოჩა სურგულაძის თქმით, საკუთარი პოზიციის გამო ხელმძღვანელისგან ზეწოლას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია და სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო:

„ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც პერიოდულად გარკვეული წნეხი ყველა ინსტიტუტზე არის, შესაძლებელია დღეს უნივერსიტეტზე იმ დოზით არ იყოს, მაგრამ ხვალ და ზეგ აუცილებლად იქნება.

მირჩევნია დღეს ეს პრობლემა გადაიჭრას, ვიდრე თავშეკავებული გავყვე უნივერსიტეტს რაღაც პროცესებში… მირჩევნია ვიყო გარეთ, სამსახურის გარეშე, ხელფასის გარეშე, რაც დიდი პრობლემაა. მირჩევნია ვიყო მართლა ღირსებით და დასავლურ ღირებულებებზე და არა რაღაცა ფსევდო ავტორიტარულ იდეალებზე“.

რაც შეეხება უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ხალვაშის გადაწყვეტილებას, ხელმოწერას რექტორთა განცხადებაზე იმის შესახებ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე, გოჩა სურგულაძე არ ეთანხმება:

„უნივერსიტეტი და პოლიტიკა ცალკე ვერ იქნება და უნივერსიტეტის მორალური ვალდებულებაა, რომ ჰქონდეს მკაფიო პოზიცია აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით, რადგან აქ არის საუბარი სახელმწიფოს საგარეო ორიენტირზე, გვექნება დემოკრატიული თუ არადემოკრატიული გარემო. უნივერსიტეტი არის ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებული. თუ ამ ღორებულებებს სახელმწიფოში ხელი ეშლება, უნივერსიტეტს აქვს მორალური ვალდებულება, რომ პოზიცია ჰქონდეს“ – ამბობს გოჩა სურგულაძე.

 

ბათუმში საჯარო სკოლების მოსწავლეები რუსულ კანონს აპროტესტებენ

დღეს, 15 მაისს, ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ რუსული კანონის წინააღმდეგ.

სკოლის მოსწავლეები ამ წუთებში იკრიბებიან ცენტრალური პარკის შესასვლელთან. მათი თქმით საპროტესტო აქცია დღის 2 საათისთვის დაიწყება.

„მეექვსე და მეათე სკოლა ვართ ჯერ გამოსული. ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, არ მოგვწონს ის რაც ხდება საქართველოში. მთავრობა და პოლიცია უნდა იყოს ხალხის მხარეს, ჩვენ უნდა გვიცავდეს და არა ძალადობდეს ჩვენზე და უკანონოდ გვიჭერდნენ. დემოკრატიულ ქვეყნებში ასეა – ხალხის აზრს და ძალას წარმოადგენს მთავრობა, ჩვენ ვართ რეალურად ამ ქვეყნის მმართველები და ჩვენ უნდა წარმოგვადგენდეს მთავრობა.

ამდენი ხალხი, მოსახლეობის უმრავლესობა გამოსულია, ამბობს რომ ეს კანონი არ უნდა. მთავრობამ ძალადობით და უკანონობით მაინც გაიტანა ეს კანონი. თან პარალელურ რეჟიმში თვალებში ნაცარს გვაყრიან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ.

დღეს ბათუმში კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი. საღამოს 19:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის წინ სტუდენტები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ რუსული კანონის მიღებას.

ვგმობთ ბსუ-ს რექტორის სამარცხვინო ქმედებას – ბათუმის სტუდენტური მოძრაობა

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვგმობთ ჩვენი რექტორის მიერ ჩადენილ სამარცხვინო ქმედებას, რექტორთა სამარცხვინო განცხადებაზე ხელმოწერასა და უნივერსიტეტის კარის დახურვას სტუდენტებისთვის“ – წერს ბათუმში არსებული სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ფეისბუქის გვერდზე.

საკითხი ეხება 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე.

რექტორების განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, 13 მაისს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ამ პოზიციის დაფიქსირებას განათლების სამინისტრო აიძულებს. ტელევიზიას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ წერილი სამინისტროში დაიწერა და უნივერსიტეტებში ხელმოსაწერად გადაიგზავნა.

ამავე თემაზე: უნივერსიტეტების რექტორები სტუდენტებისა და ლექტორების გაფიცვას ეწინააღმდეგებიან

ბათუმელი სტუდენტები ამ საკითხთან დაკავშირებით აკადემიური საბჭოს მოწვევას ითხოვენ:

„მოვითხოვთ, შეიკრიბოს აკადემიური საბჭო, განიხილოს აღნიშნული ქმედება და დაგმოს მერაბ ხალვაშის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, გამოითხოვოს რექტორის ხელმოწერა. სტუდენტების ჯგუფი აუცილებლად უნდა დაესწროს შეხვედრას. მოვითხოვთ გარანტიას, რომ გაფიცულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აღადგინონ გაცდენილი ლექციები, სემინარები და გამოცდები. სტუდენტები მუდამ დავიცავთ ჩვენი უნივერსიტეტის სახელსა და ღირსებას“ – წერენ „მარტიანელები“.

„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების პარალელურად გაიფიცა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი გაკვეთილი ახლა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ტარდება, მთავარი გამოცდა კი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვაა.აღსანიშნავია, რომ გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ სტუდენტებმა გამოაცხადეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდა მათ პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საკუთარ სტუდენტებს, მათ გვერდით იდგებიან, მათ შორის აქციებზე და გაცდენილი ლექცია-სემინარებს მათთან შეთანხმებით, მოგვიანებით აღადგენენ.

არა რუსულ მომავალს – სკოლის მოსწავლეები ბათუმში აქციას გამართავენ

„მომავალი ჩვენია და მას ჩვენვე ვირჩევთ“, „არა რუსულ მომავალს“ – ბათუმის სკოლის მოსწავლეები დღეს, 15 მაისს 14:00 საათზე ცენტრალური პარკის შესასვლელთან აქციას გეგმავენ.

აქციას ბათუმის რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები უერთდებიან. ამ დროისთვის არ ვიცით იქნებიან თუ არა მათთან ერთად მასწავლებლები.

სკოლის მოსწავლეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარკის კოლონადებთან გუშინ, 14 მაისსაც შეიკრიბნენ.

მოგვიანებით კი, მოსწავლეები სტუდენტების აქციას შეუერთდენ.

რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას სტუდენტები დღეს, 15 მაისს, ბათუმში 19:00 საათიდან აანონსებენ.

მიუხედავად იმისა, რომ აქციებისა და დაკავებების ფონზე საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით გუშინ 14 მაისს დაამტკიცა, აქციის მონაწილეები გამოსვლების შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან საქართველოს კურსის ცვლილებას.

სტუდენტების ანტირუსული აქცია განახლდება დღეს ქვეყნის დედაქალაქშიც.

„საბოლოოდ დავანახოთ ევროპას, რომ ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ! სტუდენტები, 15 მაისს 15 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში – საქართველოს გზა ევროპაშია!“ – წერს ახალგაზრდების ორგანიზაცია „დაფიონი“.

ვწყვეტთ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან – აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია

„პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან“ – ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება დღეს, 15 მაისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმზე გადადის.

„პირველ რიგში გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პატრიოტ, დაუღალავ და სამაგალითო ახალგაზრდა თაობას, რომელიც ითხოვს თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, ევროპისკენ სვლას – რისთვისაც დგანან ქუჩაში, სამშობლოს სადარაჯოზე წვიმაში თუ დარში, დღისით თუ ღამით. გვინდა სოლიდარობა გამოვუცხადოთ აქციებზე დაკავებულ, უმოწყალოდ ნაცემ, დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც თავს ესხმის ხელისუფლება.

საქართველოს მოსახლეობის სურვილს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, წინ აღუდგა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და რუსული ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება ჩვენს მოქალაქეებს.

გუშინ ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, დაარღვია მისი 78-ე მუხლი და მიიღო რუსული კანონი. სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად ჩვენ ვწყვეტთ ყოველგვარ თანამშრომლობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან, შეუძლებელია მათ ესაუბრო რაიმე საკითხზე გარდა ერთისა, რომ დატოვონ ხელისუფლება.“ – აცხადებს ოპოზიცია.

ენმ-ს ფრაქციის ინფორმაციით ამ გადაწყვეტილებას უერთდება უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი კირთაძეც, ის პარტია „ახალს“ წარმოადგენს.

„მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ერთად შევუერთდეთ ახალ ეროვნულ მოძრაობას და ხალხთან ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დღეს არის ერთობის დრო და გვინდა მოვუწოდოთ ყველა პროდასავლურ პარტიას: გვერდით გადავდოთ პარტიული საკითხები თუ ინტერესები, გავერთიანდეთ მთავარი ეროვნული იდეის გარშემო, ფარად აღვუდგეთ სამშობლოსათვის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლაში მყოფ ახალგაზრდობას და დავიცვათ ისინი რუსული რეჟიმის ძალადობისგან. ძალა ერთობაშია!“  -ვკითხულობთ ფრაქციის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს, რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მესამე მოსმენით მიღების შემდეგ რუსული კანონი პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

რუსული კანონის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე კვირაა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.

„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების პარალელურად გაიფიცა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი გაკვეთილი ახლა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ტარდება, მთავარი გამოცდა კი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვაა.

გარდა ამისა, გუშინ, 14 მაისს,  პარტიებმა „ლელომ“  და  „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში გადასვლის შესახებ განაცხადეს.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით დროგამოშვებით წვიმა;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 17 და 18 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ბათუმის უნივერსიტეტთან აქცია საღამოს 7 საათზე განახლდება – სტუდენტების გაფიცვა გრძელდება

დღეს, 15 მაისს მოძრაობა „მარტიანელები“ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას ბათუმში 19:00 საათიდან აანონსებენ.

„პროტესტი და გაფიცვები გრძელდება! 19:00 შევიკრიბოთ ბსუ-ს კიბეებთან, წამოვიყვანოთ მეგობრები, ოჯახის წევრები, მეზობლები – დღეს ყველას ვალია იდგეს ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე, დუმილი დანაშაულია!

გამოდი და დაგმე ქვეყნის შეცვლილი საგარეო კურსი, ძალადობა, სადარბაზოებთან ჩასაფრებული ზონდერები, მუქარის ზარები და ის, რამაც ამ ყველაფრამდე მიგვიყვანა – რუსული კანონი!

ჩვენი არჩევანი ევროპაა.“ – წერენ „მარტიანელები“ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

„მარტიანელები“ საპროტესტო აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში ყოველდღე მართავენ. აქვთ მსვლელობები, რა დროსაც მოქალაქეებს მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ და გააპროტესტონ რუსული კანონი.

გუშინ, 14 მაისს, სტუდენტების აქციას ათასობით მოქალაქე შეუერთდა. აქციას შეუერთდნენ ასევე სკოლის მაღალი კლასების მოსწავლეებიც.

აქციის მონაწილეები გუშინ, 14 მაისს მსვლელობისას ადმინისტრაციულ შენობებთანაც მივიდნენ, მათ რუსული კანონი გააპროტესტეს აჭარის მთავრობის სახლთან, ბათუმის მერიასთან და აჭარის უმაღლეს საბჭოსთან.

მიუხედავად იმისა, რომ აქციებისა და დაკავებების ფონზე საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით გუშინ 14 მაისს დაამტკიცა, აქციის მონაწილეები გამოსვლების შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ არ შეეგუებიან საქართველოს კურსის ცვლილებას.

სტუდენტების ანტირუსული აქცია განახლდება ქვეყნის დედაქალაქშიც.

„საბოლოოდ დავანახოთ ევროპას, რომ ჩვენ მისი განუყოფელი ნაწილი ვართ! სტუდენტები, 15 მაისს 15 საათიდან ვიკრიბებით თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში – საქართველოს გზა ევროპაშია!” – წერს ახალგაზრდების ორგანიზაცია „დაფიონი“.
  • რა ხდება

საქართველოს დიდ ქალაქებში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 486 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 510]
  • ტანკი – 7 510 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 14 508 ერთეული [+48]
  • საარტილერიო სისტემა – 12 538 ერთეული [+23]
  • MLRS – 1 070 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 798 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 351 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 015 ერთეული [+30]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 199 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 16 955 ერთეული [+48]
  • სპეცტექნიკა – 2 061 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 15 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 597 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 086 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 521 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 035 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 299 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 595 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 728 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 ამავე თემაზე:

პუტინმა შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

საპროტესტო აქციაზე 13 პირია დაკავებული – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 მაისს საპროტესტო აქციის 13 მონაწილეა დაკავებული.

„პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრის აღკვეთის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს, კანონით დადგენილი პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა.“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში მესამე მოსმენით განხილვის გაპროტესტების მიზნით, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 14 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყეს შეკრება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

იმისთვის, რომ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს საპარლამენტო ორგანოში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელები. პარალელურად, აქციის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირსა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჰქონდათ შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი.

პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება და შედეგად მოახერხეს პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაზე საღებავებით გააკეთეს სხვადასხვა სახის წარწერები.

შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტი, სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი…

სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.“ – აცხადებს შსს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტ დავით ქაცარავას, რომელიც პოლიციამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავა, ოპერაცია ჩაუტარდა. ქაცარავას ცოლის, სოფია ხაჭაპურიძის ინფორმაციით მას სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს.

ანტირუსული პროტესტი თბილისში ამ წუთებშიც გრძელდება. მოქალაქეები შეკრებილნი არიან როგორც პარლამენტის შენობასთან, ასევე გმირთა მოედანზე, სადაც პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების დაშლა პოლიციამ უსაფუძვლოდ დაიწყო. მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.


რუსული კანონის მიღების შემდეგ სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებები დაიწყო. პარლამენტის მიმართულებით თავისუფლების მოედნიდან დაიძრა სპეცრაზმი და ჭავლის მანქანები.

დაკავებულები პარლამენტის შიდა სივრცეში შეიყვანეს. თვითმხილველების თქმით, დაკავებულებს შორისაა ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული ლაზარე გრიგორიადისი.

 

 

მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ რუსული კანონი შეაფერხებს ევროკავშირში გაწევრიანებას – Edison Research

ტელეკომპანია „ფორმულა“ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

გამოკითხვის თანახმად, საქართველოში მოსახლეობის 73% ფიქრობს, რომ რუსული კანონი, მიღების შემთხვევაში, შეასუსტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს, ხოლო 27%-ის აზრით, კანონი გააძლიერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს.

ამავე გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, თქვენი აზრით, [რუსული] კანონი უფრო სავარაუდოა რომ დაიცავს საქართველოს გარე გავლენისგან თუ გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოზე, მოსახლეობის 69% ფიქრობს, რომ კანონი გააძლიერებს რუსეთის გავლენას საქართველოზე, ხოლო 31%-ს აზრით დაიცავს საქართველოს გარე გავლენისგან.

კითხვაზე, თქვენი აზრით, რას ემსახურება [რუსული] კანონი, მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების შეზღუდვას, ხოლო 35%-ის აზრით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

გამოკითხულთა 68% თვლის, რომ საქართველოში რუსული კანონი საჭირო არ არის.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა Edison Research-მა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა.

„ფორმულას“ ცნობით, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, 18-24 წლის მოსახლეობის 82%-ის აზრით, რუსული კანონი საჭირო არაა.

კვლევის ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. გამოკითხვა მიმდინარეობდა 16-26 აპრილის შუალედში.

ვწუხვართ კანონის მიღების გამო – გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში წუხილს გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო.

„კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება.

აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პროტესტების მიმდინარეობისას და მათ შემდეგ.

გაერო განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორებთან თანასწორი და სამართლიანი საქართველოს მხარდასაჭერად“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს, 14 მაისს, „ქართულმა ოცნებამ“ მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო რუსული კანონი მასშტაბური დემონსტრაციებისა და საზოგადოების პროტესტის მიუხედავად.

დღეს, 19:00 საათზე, ბათუმში სტუდენტების აქცია გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ

დღეს, 14 მაისს, 19:00 საათზე, ბათუმში, სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, რუსთაველის ქუჩაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.

აქციას სტუდენტები მართავენ, რომლებიც მეორე დღეა გაფიცული არიან და აცხადებენ, რომ არ შევლენ აუდიტორიებში მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არ გაიწვევს რუსულ კანონს.

სტუდენტები აქციების გაგრძელებას იმ შემთხვევაშიც აპირებენ, თუ ხელისუფლება მასობრივი პროტესტის მიუხედავად, მაინც მიიღებს რუსულ კანონს.

საპროტესტო მსვლელობა დღეს ბათუმში საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმაც გამართეს რუსული კანონის წინააღმდეგ.

„არა რუსულ კანონს, არა რუსულ ხელისუფლებას“, „კი ევროპას“- აცხადებდნენ ახალგაზრდები.

სკოლის მოსწავლეები ცდილობენ ასე გააგონონ ხმა მმართველ პარტიას, რომელიც ცდილობს მიიღოს რუსული კანონი ქვეყანაში მიმდინარე მრავალათასიანი დემონსტრაციების ფონზე.

მოსწავლეებს მოგვიანებით სტუდენტებიც შემოუერთდნენ, ახალგაზრდებმა შემოიარეს ქალაქის ქუჩები და საზოგადოებას მოუწოდებდნენ გაერთიანებისკენ.

სტუდენტების პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში.

დღეს, 14 მაისს, პარლამენტში „ქართული ოცნება“ მესამე მოსმენით აპირებს რუსული კანონის მიღებას. ამ დროისთვის მიმდინარეობს საპარლამენტო განხილვები.

  • რა ხდება

საქართველოს დიდ ქალაქებში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში.

„შემოგვიშვით“ – ბათუმის უნივერსიტეტის ჩაკეტილ კართან სტუდენტები სკანდირებენ

დღეს, 14 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დილას დაწყებულმა აქციამ ჯერ ქუჩებში გადაინაცვლა და მსვლელობით გაგრძელდა, 13 საათის შემდეგ კი სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც დღეს შეუერთდნენ აქციას, ისევ უნივერსიტეტთან მივიდნენ. ამჯერად ბსუ-ს კარები ჩაკეტილი აღმოჩნდა.

„შეგვიშვით“ – სკანდირებენ სტუდენტები უნივერსიტეტის კარებთან.

მოგვიანებით სტუდენტებმა უნივერსიტეტის მეორე მხარეს, რუსთაველის ქუჩაზე გადაინაცვლეს და კიბეებზე ჩამოსხდნენ.

სტუდენტები ბსუ-ს წინ

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა, ასევე, ბათუმში მდებარე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტურმა მოძრაობებმა 13 მაისს განაცხადეს, რომ იწყებდნენ გაფიცვას რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით.

საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური მოძრაობების დიდი ნაწილი გაფიცულია.

დღეს, 14 მაისს, 38 უნივერსიტეტის რექტორმა ერთობლივი განცხადებით უპასუხა სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილის გაფიცვას. რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე. განცხადების ხელმომწერთა შორისაა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტიც.

ამის პარალელურად, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა შეაჩერა სწავლა 20 მაისამდე. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება“ – ნათქვამია განცხადებაში.

N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები – სტუდენტების გაფიცვის პარალელურად ვუერთდებით პროტესტს

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა აპროტესტებს რუსულ კანონს და დღეს ბათუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდება.

„ჩვენ, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის #1 საჯარო სკოლის თვითმმართველობა, სოლიდარობას ვუცხადებთ რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს. როგორც ჩვენი სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.

ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის თვითმმართველობა, ვაღიარებთ სუვერენიტეტის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას. ილია ჭავჭავაძე, რომელიც საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან ინტეგრაციის გულმხურვალე ქომაგი იყო, თავიდანვე ხაზი გაუსვა ევროპული მომავალის ჩამოყალიბების მნიშვნელობას. მისი ხედვა ევროპულ პრინციპებთან შესაბამისობაში მყოფი საქართველოს შესახებ, ჩვენთვის განსკუთრებით მნიშველოვანია, დღეს, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი და გავაპროტესტოთ ის რაც ქვეყნის ევროპულ წინსვლას საფრთხეს უქმნის, ამიტომ, სტუდენტების გაფიცვის პარალელურად ვუერთდებით პროტესტს ჩვენი ერის და ჩვენი ქვეყნის პოზიციის მხარდასაჭერად.

ასევე ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავდგეთ ჩვენი ქვეყნის ნათელი და თავისუფალი მომავლის მხარეს, ჩვენი გზა ევროპაშია!!!

14 მაისი 10:30 საათზე,  პარკის კოლონადებთან,

#კიევროპას!! #წინევროპისკენ!!,“ – ნათქვამია სკოლის თვითმმართველობის განცხადებაში.

დღეს, 14 მაისს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით გეგმავს რუსული კანონის მიღებას. მოქალაქეები კანონის მიღების წინააღმდეგ თბილისში, საქართველოს პარლამენტთან არიან შეკრებილები და მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“ არ მიიღოს კანონი. საპროტესტო აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

 

ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროტესტს უერთდებიან – დღეს დუმილი სირცხვილია

დღეს, 10:30 საათიდან, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები გაკვეთილებზე დასწრების ნაცვლად უნივერსიტეტების სტუდენტებთან ერთად რუსულ კანონს გააპროტესტებენ.

„შევიკრიბოთ 6 მაისის პარკის კოლონადებთან ბათუმის სკოლების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მშვიდობიან აქციაზე და ერთიანი ძალისხმევით შევაჩეროთ და გავანადგუროთ ის ილუზია, რომელიც განსაზღვრავს ევროპულ მომავალს და გვიშენებს უტოპიურ „ოცნებებს“!“ – დაწერეს წუხელ, გვიან ღამით საჯარო სკოლის თვითმმართველობის გვერდზე.

მოსწავლეების მიერ გავრცელებულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა კვლავაც ემიჯნება და უარყოფს საქართველოს პარლამენტის მიერ შემოთავაზებულ „რუსულ კანონპროექტს“, რომელიც გარდა ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვისა, ცხადად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნისა და თავისუფალი თაობის მომავალს.

ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების შელახვისა და არაერთხელ სისხლად და ცრემლად დაღვრილი სამშობლოს შეურაცხყოფის ტოლფასია, რის საშიშროებასაც ნათლად გვისახავს მიმდინარე მოვლენები.

რთული წარმოსადგენია, ერთი შეხედვით მთავრობა, რომლის მიზანიც საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანსაღ მომავალზე ზრუნვაა, თელავდეს მოაზროვნე საზოგადოებას ილუზიებით, ეწინააღმდეგებოდეს უმრავლესობის ჯანსაღ აზრს და რაც მთავარია, უპირისპირდებოდეს ერისა და ქვეყნის მთავარ ღირებულებებს, რომლებმაც ეს ქვეყანა შემოგვინახა ღირსეული სახელითა და ნათელი მომავლის უდრეკი იმედით.

დღეს დუმილი სირცხვილია!

მიმდინარე მოვლენები ეხება თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ქართველს, თითოეულ ახალგაზრდასა თუ საქართველოს მოქალაქეს, რომლებსაც შესაძლოა ამ კანონპროექტმა შეუზღუდოს საკუთარი თავისა თუ ქვეყნის დემოკრატიულ და სრულფასოვან გარემოში განვითარება.

უმოქმედობა თითოეული იმ გმირისა თუ მოვლენის შებილწვაა, რომლებმაც დღეს მოგვცეს ევროპის ღირსეულ ნაწილად საქართველოს აღქმის შესაძლებლობა.

14 მაისს, მესამეჯერ განიხილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და კიდევ ერთხელ გადმოგვესხმება ლაფი ჩვენი კეთილგანწყობით ირიბად აღჭურვილი თანამემამულეების მიერ.

მოქმედების დროა! იმოქმედეთ თქვენთვის, ჩვენთვის და ნათელი მომავლისთვის! ხვალ, გარდა ევროინტეგრაციისა და ნათელი მომავლის ბედის გადაწყდომისა, აწმყოს პერსპექტიული განვითარების შესაძლებლობაც საფრთხის ქვეშ დგება. ️

ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა და თვითმმართველობის თავმჯდომარე ალექსანდრე მჟავანაძე მოგიწოდებთ:

ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლის თითოეულ მოსწავლეს, ჩვენს ქალაქში არსებული თითოეული სასწავლებლის მოსწავლე-სტუდენტებსა და ჩვენი ქალაქის თანამედროვე საზოგადოებას, ხვალ, 14 მაისს, 10:30 საათზე, შევიკრიბოთ 6 მაისის პარკის კოლონადებთან ბათუმის სკოლების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო მშვიდობიან აქციაზე და ერთიანი ძალისხმევით შევაჩეროთ და გავანადგუროთ ის ილუზია, რომელიც განსაზღვრავს ევროპულ მომავალს და გვიშენებს უტოპიურ „ოცნებებს“!

მომავალი ჩვენია და მას ჩვენვე ვირჩევთ!

„სინდისმა შეგვაწუხა“ – ბათუმში სკოლის მოსწავლეები აქციას მართავენ რუსული კანონის წინააღმდეგ

დღეს, 14 მაისს, ბათუმი ოთხი სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ ბათუმის ცენტრალური პარკთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად. აქციაზე არიან პირველი, მეორე და მეოთხე საჯარო სკოლის და „ევრო2000“-ის მოსწავლეები.

„გამოვდივართ, რომ გავაპროტესტოთ რუსული კანონი. ჩვენი სლოგანია სწავლა – ხალისით გზა ევროპისკენ და არა გზა მოსკოვისკენ. სინდისმა შეგვაწუხა, სირცხვილია ამ დროს სახლში რომ იყო“ – უთხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ „ბათუმელებს“.

ბათუმის №1 და №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებმა განცხადებებიც გაავრცელეს, რომელშიც აცხადებენ, რომ მიმდინარე მოვლენები ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს:

„მოქმედების დროა! იმოქმედეთ თქვენთვის, ჩვენთვის და ნათელი მომავლისთვის! ხვალ, გარდა ევროინტეგრაციისა და ნათელი მომავლის ბედის გადაწყდომისა, აწმყოს პერსპექტიული განვითარების შესაძლებლობაც საფრთხის ქვეშ დგება“ – ვკითხულობთ №2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის განცხადებაში.

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 485 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400]
  • ტანკი – 7 496 ერთეული [+11]
  • ჯავშანტექნიკა – 14 460 ერთეული [+43]
  • საარტილერიო სისტემა – 12 515 ერთეული [+28]
  • MLRS – 1 070 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 798 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 351 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 985 ერთეული [+49]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 16 907 ერთეული [+29]
  • სპეცტექნიკა – 2 054 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 596 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 046 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 521 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 016 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 296 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 570 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 701 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 ამავე თემაზე:

პუტინმა შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გერმანიის საგარეო მინისტრი – ევროპის გულისცემა თბილისის ქუჩებში ისმის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალინა ბერბოკი თბილისში მიმდინარე უწყვეტ ანტირუსულ პროტესტს ეხმიანება. გერმანელი მინისტრის თქმით, „ახლა მთავრობის პასუხისმგებლობაა, შეისმინოს ხალხის ხმა“.

„შეიძლება ახალ ამბებში უკვე ნახეთ. საქართველოში ათობით ათას ადამიანს საქართველოში საპროტესტო გამოსვლები აქვს უკვე კვირებია და საკუთარი ქვეყნის ევროკავშირისკენ გეზს იცავს: სტუდენტები, მათი მშობლები, ბებია-ბაბუები შვილიშვილებთან ერთად გარეთ დგანან. ყველა მათგანი მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს აპროტესტებს.

ამ კანონპროექტის მიზანი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა, რომლებიც ნაწილობრივ უცხოეთიდან ფინანსდებიან.

კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება არსებითად მნიშვნელოვანია ევროკავშირში გასაწევრიანებლად. საქართველოს ათობით ათასმა მოქალაქემ გვაჩვენა, რომ ევროპის გული სადღაც ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ფეთქავს მხოლოდ.

ეს გულისცემა თბილისის ქუჩებში ისმის, მის დემოკრატიულ, ცოცხალ და კრიტიკულ სამოქალაქო საზოგადოებაში. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება ისტორიული შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ახლა მთავრობის პასუხისმგებლობაა, შეისმინოს ხალხის ხმა“, – დაწერა ანალენა ბერბოკმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინტაგრამზე, სადაც რამდენიმე კადრი განათავსა თბილისის უწყვეტი ანტირუსული პროტესტიდან.

„გაყინული 2 მლრდ დოლარი გლობალური ომის პარტიის ხელშია“ – რატომ არ ხვდება ივანიშვილი ობრაიანს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ასისტენტს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 14 მაისს ეწვევა, შეხვედრაზე უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ავრცელებს.

„იყო ბიძინა ივანიშვილთან თხოვნა, ობრაიანთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. გარდა ამისა, გასული თვეების განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებს ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა შეხვედრაზე.

ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც, რეალურად, მან დასავლეთ მიანდო და ეს თანხა აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი მკაფიო პოზიცია. როგორც კი შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები დასრულდება, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს,“ — თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან არაერთხელ გაიმეორა „ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივი, თითქოს ივანიშვილი დაასანქცირა გლობალური ომის პარტიამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ და მიუხედავად ამისა, ის არ ემორჩილება მსგავს შანტაჟს.

კობახიძემ ასევე თქვა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, „ქართული ოცნება“ 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღებს მედიისა და არასამთავრობოების შემზღუდავ რუსულ კანონს.

„დიახ, შვილის სიცოცხლით დამემუქრნენ“ – 18 წლის ბათუმელი აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის მამა 

ანტირუსული მოძრაობის აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის მამა აცხადებს, რომ მას და მის მეუღლეს ემუქრებიან, რომ მათ შვილს საფრთხე ემუქრება. ზვიად ცეცხლაძე მოძრაობა „დაფიონის“ თანადამფუძნებელი და თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

ზვიად ცეცხლაძის მამა ზურა ცეცხლაძე წერს, რომ გუშინ, 12 მაისს მას და მის მეუღლეს ღამის საათებში დაურეკეს და შვილის უსაფრთხოებით დაემუქრნენ:

„არაორაზროვნად მითხრა, რომ თუ არ გავაჩერებდი, ჩემს შვილს, ზვიად ცეცხლაძეს, პრობლემები შეგვექმნებოდა მთელს ოჯახს, განსაკუთრებით მე და ზვიადს და თუ ამას არ გავითვალისწინებ მერე ყველაფერი ჩემს თავს უნდა დავაბრალო.

ზვიად ცეცხლაძის მამა ზეწოლასა და მუქარაში „ოცნების“ ხელისუფლებას ადანაშაულებს:

„ამჯერადაც მუქარის ავტორი ხელისუფლების წახალისებული და მისი დაკვეთის შემსრულებელია. პირდაპირ „ოცნების“ ხელისუფლებას მივმართავ, ასეთი საშინელი ფსიქოლოგიური ტერორი ნაცებსაც არ უკადრიათ, უბრალოდ სამსახურიდან გაგვყარეს მე, ჩემი და ნარგიზ ცეცხლაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ჩემი ძმა რამაზ ცეცხლაძე. თქვენ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეთ როცა შვილის უსაფრთხოებაზე დამემუქრეთ, ამიტომ მოგიწოდებთ დროულად შეწყვიტოთ არაადამიანური ზეწოლა და მუქარა ჩემს ოჯახზე, სხვა შემთხვევაში ყველაფერზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ“, – წერს ზურა ცეცხლაძე.

ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს ეფექტურად გამოიძიოს მუქარის ფაქტი, თუმცა პოსტის გამოქვეყნებიდან 15 საათზე მეტი გავიდა და ამ დრომდე ზურა ცეცხლაძეს არავინ დაჰკავშირებია. ის არ გამოუკითხავთ. ის საელჩოებისგანაც ითხოვს:

„ასევე მივმართავ შსს-ს დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჩემს ოჯახზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორი და აღკვეთოს ასეთი ფაქტები. ასევე მივმართავ საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს, დიპლომატებს და საქართველოს პრეზიდენტს, დაიცვან ჩემი შვილის ზვიად ცეცხლაძის სიცოცხლე და უსაფრთხოება“.

ზურა ცეცხლაძე შესაბამის მოქმედებას სახალხო დამცველისგანაც ითხოვს:

„და ბოლოს, სახალხო დამცველს ვთხოვ სასწრაფოდ მოახდინოს ამ ფაქტზე რეაგირება, ვიდრე არ განახორციელეს მუქარა და ეს ყველაფერი არ დასრულდა ტრაგიკულად. ჩემი შვილი ზვიად ცეცხლაძე არ წარმოადგენს არცერთ პარტიას, არის აბსოლუტურად მშვიდობიანი მომიტინგე, ყოველგვარი რადიკალიზმისა და კანონდარღვევის გარეშე, არასდროს მოუწოდებია არეულობისა და რევოლუციისაკენ, შესაბამისად მისი ყველა მოქმედება ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ყველას გთხოვთ დროულ რეაგირებას“.

ჩვენ ზურა ცეცხლაძეს დამატებითი დეტალების დასადგენად ტელეფონით დავუკავშირდით. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მას და მისი ოჯახის წევრებს ჯერ საგინებლად დაურეკეს:

„როცა ყველას სატელეფონო ზარებით აგინებდნენ, ჩვენთანაც შემოვიდა ზარები სამხრეთ აფრიკიდან. ასევე, რუსეთიდან. მაშინ დედის გინებაზე იყვნენ ორიენტირებული. ამას ყურადღებას არ ვაქცევდით.  რაც შეეხება გუშინდელ ზარს. ზარი განხორციელდა ქართული ნომრიდან, ქართულ ენაზე მოსაუბრე პირდაპირ მიმითითებდა გააჩერე შენი შვილი, ზვიად ცეცხლაძე, წინააღმდეგ შემთხვევაში გემუქრებათ საფრთხე, განსაკუთრებით კი შენ და ზვიადსო.

შევეცადე გამეგო, ვინ იყო და რატომ რეკავდა. ისე მესაუბრა თქვენი სიკეთისთვის ვაკეთებ ამას, რომ გაფრთხილებთო. მე ვუთხარი, რომ თუ სიკეთისთვის აკეთებდა ეთქვა სახელი და გვარი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვსო. ასევე ვუთხარი, უნდა მითხრა, რა საფრთხე ემუქრება ჩემს შვილს-მეთქი. მე ჩემი გითხარი და რაც მოგივა თქვენს თავს დააბრალეთო. ეს იყო და გათიშა ტელეფონი. “

ამის შემდეგ იგივე ნომრიდან დაურეკეს ზვიად ცეცხლაძის დედას:

„ჩემს მეუღლეს ჰკითხა, სად ხართო. მან უპასუხა მიტინგზე ვართო და იგივე უთხრეს მასაც. აიძულე მეუღლე და შვილი გამოეთიშონ ამ პროცესს, თორემ საფრთხე რეალური გახდებაო. დიახ, მე ასე გავიგე, რომ შვილის სიცოცხლით დამემუქრნენ.“

ზურა ცეცხლაძის თქმით, ამ ამბავზე პოსტის გამოქვეყნების შემდეგ იგივე ნომრიდან დაურეკეს, დღეს, 13 მაისს დილის საათებში.

„რამდენჯერმე დამირეკა, მაგრამ მე აღარ მქონდა საუბრის ხასიათი. როგორც ვხედავ, სიტუაცია მართლაც საფრთხის შემცველია, ამიტომ მოვუწოდე სამართალდამცავებს და სხვებს. ჩემი შვილი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. არის 18 წლის. არის თანამედროვე ახალგაზრდა, რომელიც სწორად კითხულობს ყველაფერს, ჩემზე უკეთესად წაიკითხა, დაამუშავა და იცის, რომ ეს არის რუსული კანონი.

მეც, როგორც იურისტმა შევისწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ არის რუსული. ამ თემაში ჩვენ ოჯახი ვთანხმდებით. ასეც, რომ არ იყოს, ის სრულწლოვანია და გადაწყვეტილებებს თავად იღებს, ეს არის სწორი გადაწყვეტილებები და ჩვენ ოჯახი ამ შემთხვევაში მხარს ვუჭერთ მას.

ის არცერთ პარტიას არ ეკუთვნის და არცერთ მის მოწოდებაში არეულობისკენ, რევოლუციისკენ ან ექსტრემიზმისკენ არ არსებობს. მშვიდობიანი, მოწესრიგებული აქციები აქვს. ერთადერთი, რის გამოც ხალხი ქუჩაში გამოდის რუსული კანონის უკან გაწვევაა. როგორც კი ამ კანონს გაიწვევენ, ყველა დაუბრუნდება ოჯახს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას დროული რეაგირება მოახდინონ, განსაკუთრებით სახალხო დამცველს და სამართალდამცავ ორგანოებს.“

ზურა ცეცხლაძეს ჯერ არ გადაუწყვეტია მიმართავს თუ არა პოლიციას ოფიციალური განცხადებით. ის ამბობს, რომ საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პოლიციას უნდა ჰქონოდა რეაგირება:

„ფაქტზე შეუძლიათ დაიწყონ მოკვლევა. აუცილებელი არ არის განცხადების შეტანა. ვფიქრობ, არ აქვს აზრი განცხადების შეტანას, თუმცა ჯერ საბოლოდ არ მაქვს გადაწყვეტილი. თუ დღესაც განმეორდა ზარი, შეიძლება უკვე ოფიციალური განცხადებაც შევიტანო“.

მუქარის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად ზვიად ცეცხლაძემაც დაუდასტურა.

___

მთავარი ფოტო: ზვიად ცეცხლაძე დედასთან ერთად აქციაზე

„პროტესტი გრძელდება, ხვალ გაფიცულ სტუდენტებს გელოდებით ბსუ-ში“ – განცხადება

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ აცხადებს, რომ პროტესტი გრძელდება და ხვალ, 14 მაისს, ბსუ-ში ელოდებიან გაფიცულ სტუდენტებს.

„ხვალ, დილის 10 საათიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში გელოდებით გაფიცულ სტუდენტებს:

  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან
  • საზღვაო აკადემიიდან
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან
  • ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტიდან
  • ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტიდან
  • ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან
  • ბათუმის საზღვაო ნავიგაციის უნივერსიტეტიდან

მოგეხსენებათ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გაცდენილი სემინარების აღდგენაზე, ყველა უნივერსიტეტთან.

ამჟამად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ პირობა დადო გაცდენილი ლექციების, სემინარებისა და გამოცდების აღდგენაზე.

ვიბრძოლებთ ყველა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის“ – წერს სტუდენტური მოძრაობა ფეისბუქზე.

დღეს, 13 მაისს, იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა რუსული კანონი მესამე მოსმენით რეკორდულად მცირე დროში მიიღეს, ქვეყნის 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა გაფიცვა გამოაცხადეს.

გაფიცვის შესახებ განაცხადეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზღვაო აკადემიის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.

„დუმილი დანაშაულია“ – პროტესტს უერთდებიან ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები

ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის [BAU] ქართველი სტუდენტები აცხადებენ, რომ სტუდენტების საყოველთაო პროტესტს უერთდებიან და განცხადებას ავრცელებენ.

„ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები ვუერთდებით საყოველთაო პროტესტს.

მაშინ, როდესაც ჩვენს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება, დუმილი დანაშაულია. ჩვენ სასტიკად ვგმობთ ხელისუფლების მიერ ჩადენილ ქმედებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

როგორც მომავალ ექიმებს, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასიურები მაშინ როცა გვართმევენ სიტყვის თავისუფლებას, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას და ევროპულ მომავალს.

ეს კანონი შექმნილია იმისთვის,რომ გააჩუმოს განსხვავებული აზრი, ჩაახშოს მრავალფეროვნება და შეარყიოს დემოკრატიის არსი.

დღეს ჩვენ ვუერთდებით პროტესტს, არა როგორც სამედიცინო სტუდენტები, არამედ როგორც მოქალაქეები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ჩვენი ქვეყნის ღირებულებებისა და თავისუფლების დასაცავად.

ვიმედოვნებთ, რომ უნივერსიტეტი მკაფიოდ დააფიქსირებს საკუთარ აზრს და დაგვიჭერს მხარს.

ჩვენ ვდგავართ და ყოველთვის ვიდგებით ისტორიის სწორ მხარეს! შინ, ევროპისკენ,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს, 13 მაისს, იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა რუსული კანონი მესამე მოსმენით რეკორდულად მცირე დროში მიიღეს, ქვეყნის 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა გაფიცვა გამოაცხადეს.

გაფიცვის შესახებ განაცხადეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზღვაო აკადემიის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.

„გაიფიცე რეჟიმის წინააღმდეგ” – საქართველოს 3 ქალაქში საპროტესტო ბანერები გამოფინეს

დღეს, 13 მაისს, საქართველოს სამ ქალაქში – ზუგდიდში, ქუთაისსა და თბილისში მოქალაქეებმა „რუსული პოლიციური რეჟიმის“ საწინააღმდეგო პლაკატები გამოფინეს. 

ყველგან პოლიცია, არსად – სამართალი! გაიფიცე, პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ! ჩვენ ვაცხადებთ: გაიზრდება წნეხი – გაიზრდება სამოქალაქო რეგიონული წინააღმდეგობა!

 სახელმწიფოს მხრიდან პოლიციური მუშტით გვისწორდებიან სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს იმ უღირსი, მჩაგვრელი, სოციალური უთანასწორობის გაპროტესტების გამო, რომელშიც გვაცხოვრებს მმართველი კლასი!

შიში გაქრა! გაბრაზებულ ხალხს აღარაფერი გვაქვს დასაკარგი, ბოლო სიტყვა ყოველთვის ჩვენზეა! დამხობა რუსულ მთავრობას, დამხობა მყვლეფავი პოლიტიკური კლასის ბატონობას! რეგიონების სოლიდარობა გაფიცულ სტუდენტებს!“ – ვკითხულობთ მათ განცხადებაში. 

ზუგდიდში რამდენიმე მესიჯი გადმოიფინა: „ყველგან სანახაობა არსად პური“; „ყოველთვის დაშინება – არასდროს თავისუფლება“; „გაიხსენე, 2007 წელს რუსეთის ბეტეერი იდგა აქ“.

ზუგდიდი, შალვა დადიანის სახელობის თეატრი, ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.
ქუთაისში წერილი “გაიფიცე პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ” – ქუთაისის მერიაზე გადმოიფინა.
თბილისი, მშრალი ხიდი

ბსუ-ს და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ლექტორებს სთხოვენ ისინიც გაიფიცონ

ბათუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის და საზღვაო აკადემიის სტუდენტები უნივერსიტეტის ეზოში აქციას მართავენ. მანამდე უნივერსიტეტის სტუდენტები შენობის ფოიეში მოძრაობდნენ და სკანდირებენ – გამოდით, გამოდით, გამოდით… ამ ფორმით სტუდენტები მოუწოდებენ ლექტორებს, რომ ისინიც გაიფიცონ და მათ გვერდით დადგნენ.

დღეს, 13 აპრილს, თბილისში პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების ფონზე, სადაც აქციის მონაწილეები პოლიციამ სცემა და დააკავა 20 პირი, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ და გაიფიცნენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით სტუდენტების გაფიცვას რამდენიმე ლექტორიც შეუერთდა.

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დილის 09:00 საათზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავ რუსულ კანონს.

კომიტეტის სხდომა ზუსტად 67 წამს გაგრძელდა. ამ ეტაპზე, როგორც წესი, პროცედურა მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ცვლილებებს ითვალისწინებს.

პარალელურად, პოლიცია გარეთ შეკრებილების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა, რისი ამსახველი კადრებიც არაერთმა მედიამ გადაიღო.

ხელისუფლებამ რუსული კანონი ჩაკეტილ, პოლიციითა და სპეცრაზმით გარშემორტყმულ შენობაში განიხილა, სადაც მედია შეზღუდულადა იყო დაშვებული. უკვე რამდენიმე კვირაა, საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა აკრძალული აქვს ყველა მედიას, გარდა ტელევიზიებისა. მათთვის ნებადართულია მხოლოდ 2 გადამღები ჯგუფის შეშვება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 484 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 740]
  • ტანკი – 7 485 ერთეული [+31]
  • ჯავშანტექნიკა – 14 417 ერთეული [+42]
  • საარტილერიო სისტემა – 12 487 ერთეული [+15]
  • MLRS – 1 070 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 797 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 350 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 936 ერთეული [+26]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 197 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 16 878 ერთეული [+59]
  • სპეცტექნიკა – 2 048 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 596 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 020 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 518 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 008 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 295 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 526 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 678 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 ამავე თემაზე:

პუტინმა შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას“ – ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები უერთდებიან პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ და ხვალ, 13 მაისს, პროტესტის ნიშნად, სხვა სტუდენტების მსგავსად გაიფიცებიან.

„ჩვენი ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია არ გაგვჩენოდა პროტესტის გრძნობა. სწორედ ამიტომ, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, რათა გავაგებინოთ ჩვენი ხმა ყველა ლექტორს, მასწავლებელს, სტუდენტს თუ სხვა პროფესიის ადამიანს, რომ დღეს დუმილი დანაშაულია.

სწორედ ამიტომ, ორშაბათს, 13 მაისს, საზღვაო აკადემიის მთავარ შესასვლელთან ვიკრიბებით ყველა სტუდენტი და ლექტორი, რათა დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ნათელ, თავისუფალ და ევროპულ მომავალს“- ნათქვამის სტუდენტების განცხადებაში.

სტუდენტები ასევე გაიფიცნენ თბილისშიც.  ისინი არ აპირებენ სასწავლო პროცესში მონაწილეობას მანამ, სანამ ხელისუფლება არ გაიწვევს რუსულ კანონს. საპროტესტო აქციები პარლამენტის წინ, გრძელდება.

ამავე თემაზე: ათამდე უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას აანონსებენ

Exit mobile version