განათლება,მთავარი,სიახლეები

„გაოგნებულები და გაბრაზებულები ვართ“ – ილიაუნის რექტორი პირობით აკრედიტაციაზე

01.10.2024 •
„გაოგნებულები და გაბრაზებულები ვართ“ – ილიაუნის რექტორი პირობით აკრედიტაციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა, ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა – როგორც ადგილობრივმა, ასევე უცხოელმა ექსპერტებმა ყველა სტანდარტში უმაღლესი შეფასება მისცეს. „გაოგნებულები და გაბრაზებულებიც ვართ“, – ამბობს ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“.

  • ქალბატონო ნინო, ჩვენ ვნახეთ უნივერსიტეტის განცხადება, სადაც ამბობთ, რომ პრინციპულად არ ეთანხმებით ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. როგორ ფიქრობთ, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული უდევს და რატომ?

განცხადებაშიც ვთქვით, რომ ჩვენ ჯერჯერობით არ მიგვიღია ავტორიზაციის საბჭოს წერილობითი გადაწყვეტილება. თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება, რადგან ზეპირად რასაც გამოგვიცხადებენ, იგივე გადაწყვეტილება უნდა გამოგვიგზავნონ.

ერთი პრინციპული ამბავია, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არანაირად არ ეფუძნება მთელ იმ პროცესს და დოკუმენტაციას, რაც მათ ხელთ ჰქონდათ.

საბჭოს გადაწყვეტილებას რაღაც ხომ უნდა ჰქონდეს საფუძვლად. ჩვენ გვაქვს უმაღლესი შეფასებები ყველა სტანდარტში. მათ კი, ისე, რომ ახალი გარემოებები არ გამოუვლენიათ, ეს სტანდარტები შეცვალეს. თავისთავად, ეს არის ყველაზე დიდი დარღვევა. იმიტომ, რომ თუ ცვლი სტანდარტებს, მაშინ უნდა აცნობო ამის შესახებ უნივერსიტეტს და განმარტო, რის საფუძველზე ცვლი. მათ ეს ჩვენ არ განგვიმარტეს.

ვფიქრობ, ამას რაღაც სხვა საფუძველი უდევს, რადგან ავტორიზაციის პროცესში მათ არ გამოუძიებიათ დამატებითი გარემოებები. ეს აჩენს ეჭვს, რომ საბჭოს სხვა მიზანდასახულობა ჰქონდა. ამას აუცილებლად გავიგებთ, როცა გვექნება წერილობითი გადაწყვეტილება.

სიმართლე გითხრათ, ამ პროცესში ჩვენ მარტო არ ვართ. გაოგნებული ვართ ყველანი. გაოგნებული ვართ როგორც ჩვენ, გაოგნებულები არიან ექსპერტებიც, თუკი ვინმეს საგანმანათლებლო სფეროში უმუშავია, ყველანი, ასევე, ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც, რადგან ილიას უნივერსიტეტი 14 სხვადასხვა საბაკალავრო. სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებაზე ახორციელებს საერთაშორისო პროგრამებს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ამ პროცესის მონაწილეები და ისინიც გაოგნებულნი არიან.

ეს არ არის ასეთი მარტივი, რადგან „ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“ გახლავთ ევროპის ხარისხის მიმნიჭებელი ინსტიტუტების (EQF LLL/QF-EHEA) წევრი და ამ ორგანიზაციების წევრობა მას ავალდებულებს, დაიცვას ხარისხის მინიჭების სტანდარტი. ჩვენს შემთხვევაში კი ნამდვილად დარღვეული იყო ყოველგვარი სტანდარტი და რა იყო ამის საფუძველი, აუცილებლად გამოჩნდება, როგორც კი მივიღებთ წერილობით დასკვნას.

  • საბჭოს ყველა წევრი ესწრებოდა ამ სხდომას? რას ამბობდნენ ისინი ამ შეხვედრაზე, ჰქონდათ რაიმე კონკრეტული შენიშვნა.

შეხვედრა მიმდინარეობდა ZOOM-ით, ამიტომ მიჭირს ამაზე საუბარი. ჩვენ დაახლოებით 60 ადამიანი დავთვალეთ, ოღონდ ეს იყვნენ ჩვენი პროფესორები, მათ შორის უცხოელი პროფესორები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამიტომ საბჭოს რამდენი წევრი ესწრებოდა, ზუსტად ვერ გეტყვით. კვორუმი რომ არ ყოფილიყო, სხდომა უბრალოდ ვერ ჩატარდებოდა.

  • თქვენ თქვით, რომ საბჭოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებთ სააპელაციოში. თუკი ამ პროცესს პოლიტიკური საფუძველი აქვს, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ სააპელაციომაც იგივე გადაწყვეტილება დატოვოს ძალაში – მდუმარედ და უარგუმენტოდ. რა ბერკეტი არსებობს, რომ სააპელაციო ვერ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის?

სააპელაციოს შემდეგ არსებობს სამართლებრივი დავა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ხარისხის ეროვნული ცენტრი არის დიდი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. მან, როგორც ამ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრმა, უხეშად დაარღვია ამ ორგანიზაციის წესები. ამიტომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამ მიმართულებითაც აპირებენ ბრძოლას, რომლებიც ჩვენზე მეტად არიან შეშფოთებულები. ყველა სტანდარტში გვქონდა დადებითი შეფასება ამ ექსპერტებისგან.

  • არც ერთი არგუმენტი არ მოგისმენიათ ამ შეხვედრაზე, აბა რის საფუძველზე იმსჯელა საბჭომ?

კი, რამდენიმე კითხვა დაგვისვეს და არსებობს ამის ჩანაწერი. თვითონ აწარმოებდნენ ჩაწერას და ეს ჩანაწერი უნდა იყოს გამოყენებული სხდომის ოქმის შესადგენად. ჩვენ იმ დღესვე გავაგზავნეთ მოთხოვნა ცენტრში, რომ არ განადგურდეს ეს ჩანაწერი, რადგან უნდა გამოვიყენოთ სააპელაციო პროცესებისთვის.

დაგვისვეს ისეთი კითხვები, რომლებიც არანაირ შეხებაში არ იყო სტანდარტების აწევა-დაწევასთან.

ერთი რეკომენდაცია იყო, რომ უნივერსიტეტმა ჩაწეროს სტუდენტების რაოდენობა, რომელ ინსტიტუციაში რამდენ სტუდენტს უშვებს პრაქტიკაზე.

კომისიას, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში მუშაობდა ჩვენთან, მაშინ არ ჰქონია ამაზე შენიშვნა, გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რადგან ჩვენ დავუსაბუთეთ, რომ ყველგან, ყველა მემორანდუმში, სადაც იგულისხმება სტუდენტების პრაქტიკა, მითითებული გვაქვს  სტუდენტების რაოდენობაც.

მაგრამ არსებობს მემორანდუმები, რომლებიც წმინდა კვლევითი ხასიათისაა ან არსებობს მემორანდუმები, რომლებსაც ხანგრძლივი ვადა აქვს და საერთოდ იქამდეა დადებული, სანამ ჩვენ, მაგალითად, ინჟინერიის ან მედიცინის პროგრამას დავიწყებდით. ამ მემორანდუმებს მაშინ შევცვლით, როცა გაუვა ვადა.

საქართველოს ეროვნულ არქივთან როცა მაქვს დადებული 15-წლიანი მემორანდუმი, რატომ უნდა შევცვალო, თუკი ის კვლევითი მემორანდუმია.

ამიტომ მათ ეს გაიზიარეს და გადაიტანეს რჩევებში. ახლა ისევ ამაზე დაგვისვეს კითხვა, რომ „ბოლოს და ბოლოს როდის შეცვლით?“ ეს, სიმართლე გითხრათ, სრულიად გაუგებარი კითხვაა.

  • წინა აკრედიტაციის დროს ჰქონდა საბჭოს რაიმე შენიშვნა ან მინიშნებები, რაზეც ახლა გააკეთა აქცენტი თუნდაც?

2018 წელს მივიღეთ სრული აკრედიტაცია ყოველგვარი პირობების გარეშე. ამიტომ ჩვენ ზუსტად იგივე შეფასებას ველოდით ახლაც, რადგან პირიქით, უკეთესი დასკვნა გვქონდა. ყველა სტანდარტში მაქსიმალური შეფასება.

ახლა ვერც ვხვდებით, რამდენად შეგვიცვალეს ეს შეფასებები, რადგან სამწუხაროდ არ გამოგვიცხადეს. უბრალოდ გვითხრეს, რომ მე-4, მე-3, მე-7 და ასე შემდეგ სტანდარტებში შეიცვალა შეფასება. ეს არის ავტორიზაციის წესების ძალიან უხეში დარღვევა, რადგან თუკი რაიმე იცვლება სტანდარტებში, ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყვნენ უნივერსიტეტები.

საბჭოს აქვს ამის ვალდებულება. თავმჯდომარემ კი განგვიცხადა, ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება განგვიმარტოთ რა შეფასებებს ვცვლითო. შემდეგ შეხვედრიდან გავიდა, გამოაცხადა რაღაც ტექნიკური შეფერხებააო. როცა დაბრუნდნენ, ჩვენ მივმართეთ აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენელს, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას და ვთხოვეთ განემარტა იყო თუ არა ვალდებული საბჭოს ეცნობებინა ჩვენთვის თუკი სტანდარტებს ცვლიდა. ცენტრის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ კი.

ეს მითითებულია საბჭოს ფუნქციონირების წესებშიც, ასევე ყველა საერთაშორისო წესი ითვალისწინებს ამას, რომელსაც იზიარებს ხარისხის ეროვნული ცენტრიც.

თუკი საბჭოს წერილობით გადაწყვეტილებაში იქნება ისეთი განსხვავებული გადაწყვეტილება, რომელთა შესახებაც არ ყოფილა ზეპირი განხილვისას საუბარი, ეს იქნება ოქმის შეცვლა, ანუ გაყალბება. ოქმში უნდა მოხვდეს მხოლოდ ის, რაც ზეპირ განხილვაზე იყო.

  • გაქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება გააყალბონ სხდომის ოქმი?

ძალიან მარტივად დავადასტურებთ, როცა მივიღებთ იმ ჩანაწერს.

  • შეიძლება, რომ ჩანაწერი გაანადგურონ?

ჩვენ მოვითხოვეთ, რომ არ განადგურდეს ჩანაწერი. ჩვენ არ მოგვცემენ, მაგრამ სასამართლოს შეუძლია გამოითხოვოს.

ჩვენ გამოვიყენებთ სამართლებრივი ბრძოლის ყველა გზას. გავაგრძელებთ მუშაობას, რადგან ეს არის რეპუტაციული ზიანი, რომელსაც უპასუხოდ ვერავის დავუტოვებთ.

არ შეიძლება ასეთი რეპუტაციული ზიანის მიყენება, როცა ამას არანაირად არ იმსახურებს უნივერსიტეტი და როცა ამის საფუძველი არ არსებობს. თუ არსებობს და ამას არ გიმარტავენ, გამოდის, პროცესი მიდის ძალიან დიდი დარღვევებით და რა არის ამის საფუძველი, მალე გამოჩნდება.

  • ქალბატონო ნინო, თუ არ ვცდები, თქვენ იყავით ერთადერთი რექტორი, რომელმაც ღიად გააპროტესტა რუსული კანონი და ილიაუნმა ასევე გამოხატა ღია მხარდაჭერა სტუდენტების მიმართ, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდნენ. ამის გამო ხდება ეს ყველაფერი? „ქართული ოცნება“ ასე ცდილობს შურისძიებას, დაშინებას ან თქვენ განეიტრალებას?

შარშან, როდესაც ჩემზე იყო პიროვნული თავდასხმა, რაც ასევე ნიშნავდა თავდასხმას უნივერსიტეტზე, სხვათა შორის, იმავე დღეს, როგორც კი ეს მოხდა, გავეცი პასუხი ამ ადამიანებს და ვთქვი, რომ ჩემი პირადი ტრაგედიის გამოყენება უნივერსიტეტის დაზიანების მცდელობაა და არა მარტო მე, მთელმა აკადემიურმა საზოგადოებამ გასცა ამას პასუხი.

ასეთი შეტევებით ჩვენ არ დავზიანდებით. არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, მინდა, რომ მქონდეს გადაწყვეტილება, ოქმი და ამის შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ სამართლებრივ და უმაღლესი სასწავლებლებისთვის დადგენილი აკრედიტაციის ფარგლებში ჩვენი უფლებების დაცვას.

გარდა იმისა, რომ გაოგნებულები ვართ, გაბრაზებულებიც ვართ ყველანი, რადგან ასე არ შეიძლება. ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანა და ძალიან დიდი ძალისხმევით ვაშენებთ ინსტიტუციებისადმი ნდობას. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და იმ პროცესების მიმართ ნდობა, რასაც ეს ცენტრი ემსახურება.

  • საბჭოს წევრების მიმართ იმ დღესვე გაჩნდა კრიტიკული კითხვები საზოგადოების მხრიდან, წერდნენ, რომ მათ თავი შეირცხვინეს პროფესიულ წრეებში. ეს ადამიანები ხომ თავად წარმოადგენენ სხვადასხვა უნივერსიტეტს. როგორ ფიქრობთ, რატომ უღირთ მათ პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობა?

ამიტომ ვამბობ, უნდა მივიღო ჯერ ეს დოკუმენტი, რომ ვთქვა, რა დგას ამის მიღმა.

  • პიროვნული თავდასხმის გარდა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან სულ იყო იმაზე საუბარი, რომ ილიაუნი „ნაცების“ თავშესაფარია, რომ იქ პროფესორები პოლიტიკური ნიშნით ინიშნებიან და მსგავსი ბრალდებები. შემდეგ კი კობახიძემ თქვა, რომ მხოლოდ ორი უნივერსიტეტია ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული – თსუ და KIU. არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება იმ უნივერსიტეტების დასუსტებას ცდილობს, სადაც მეტი თავისუფლება და კრიტიკული ხმა ისმის?

ამ ქვეყანაში არსებობს წვალებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ნაშენები ინსტიტუციები, რომლებიც წყვეტენ, რომელ უნივერსიტეტებს უნდა ჰქონდეთ ავტორიზაცია, ვინ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ამისთვის კიდევ არსებობს საერთაშორისო რეიტინგები და არა ვიღაც პარტიის თავმჯდომარეები და დირექტორები.

ეს უნდა გადაწყვიტონ ინსტიტუციებმა, თუკი ისინი მოქმედებენ წესებით. როცა ისინი არღვევენ ამ წესებს, მათ ამისთვის მოეთხოვებათ პასუხი.

  • ჩვენ ვხედავთ, ივანიშვილის ხელისუფლება როგორ არყევს იმ ინსტიტუციების მიმართ ნდობას, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს. მათ შორის სასამართლო სისტემა მიტაცებულია. ასეთ პირობებში ვისი იმედი გაქვთ, ვინ იქნება თქვენი დასაყრდენი – სამეცნიერო საზოგადოება, საერთაშორისო ინსტიტუტები? რა არის თქვენი ძალა ამ შემთხვევაში, როგორც რექტორის?

საუნივერსიტეტო საზოგადოება საკმაოდ მტკიცე საზოგადოებაა. ილიაუნის არსებობის ისტორიაში მახსოვს რაღაც რყევები, მაგრამ საუნივერსიტეტო საზოგადოება არ ყოფილა დამარცხებული ამ რყევებში. საერთაშორისოდ გაზიარებული წესების ფარგლებში ვფუნქციონირებთ ჩვენ და ამის შეცვლა ასე მარტივი არ არის. ეს ამ შემთხვევამაც დაადასტურა.

მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან როცა მართალი ხარ, არ გეშინია.

ჩვენ გვერდით დგას მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება, სტუდენტები და სიმართლე ჩვენს მხარესაა. ეს სიმართლე ასახულია ჩვენი თვითშეფასების ანგარიშში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაში და შემდეგ პროცედურებში, რომლებიც საბჭომ დაარღვია და ამაში ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით.

10 სამუშაო დღეში უნდა გამოგვიგზავნონ წერილობითი შეფასება და ამის შემდეგ გავაგრძელებთ სამართლებრივ პროცესებს.

  • ბოლოს მაინც გკითხავთ, ორი წელია „ქართული ოცნების“ მხრიდან ვისმენთ ანტიდასავლურ, ანტიევროპულ რიტორიკას. ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ ხარისხის ეროვნულმა ცენტრმაც დაკარგოს სახე და გადააბიჯოს საერთაშორისო სტანდარტებს? 

გამორიცხულია. ეს ასე ვერაფრით ვერ იქნება.

ჩვენ ვითხოვთ მათ მიერ შეთანხმებული, ჩვენთან ერთად დადგენილი წესების მიხედვით ავტორიზაციის პროცესის გაყვანას.

ჩვენ სამართლებრივი ნორმებით დავიცავთ იმას, რაც ჩვენს დასკვნასა და თვითშეფასების ანგარიშში წერია.

________________

ამავე თემაზე:

ილიაუნს ავტორიზაციის პრობლემებს უქმნიან – „ოცნება“ ცდილობს უნივერსიტეტი დაატეროროს“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: