მთავარი,სიახლეები

„ოჯახური ღირებულებების“ დაცვა უსახლკაროების დაცვის გარეშე – „ოცნების“ დაპირებები

25.10.2024 •
„ოჯახური ღირებულებების“ დაცვა უსახლკაროების დაცვის გარეშე – „ოცნების“ დაპირებები

დალი თებიძე 25 წელია ქირით ცხოვრობს, რვა წელია მასთან ერთადაა მისი შვილი სოფო, რომელიც მოძალადე ქმრისგან წამოვიდა და დედასთან ზრდის ორ შვილს. ბავშვები 11 და 13 წლის არიან. ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარება და სოფოს კონსულტანტობის ხელფასია, რომელიც საბაზისო საჭიროებებსაც კი ვერ სწვდება.

„უმცროს შვილიშვილს შაქრიანი დიაბეტი აქვს, ჯანდაცვიდან უფასოდ ეკუთვნის ჩხირები, სენსორი, წამლები, მაგრამ მაინც ბევრი რამ არის, რასაც ვერ ვუკეთებ. ბოლოს ექიმთან რომ მყავდა, მითხრა ჩიყვის და მუცლის ექოსკოპია გაუკეთეო, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვუკეთებ. 

მეორე ბავშვს კბილი სტკივა და ექიმთან ვერ მივიყვანე, 80 და 100 ლარი ღირს კბილის უბრალოდ „დაპლომბვა“ და ამოღება. როგორ მივიყვანო, რა ვქნა, მთელი ღამე ბავშვი კბილის ტკივილით ათენებს, ნუროფენს ვაძლევ, რომ გაუყუჩდეს“, – ჰყვება დალი, რომელსაც თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და გადაადგილება უჭირს.

„ქართლმა ოცნებამ“, რომელმაც თავისი წინასაარჩევნო კამპანია ანტიდასავლურ პროპაგანდაზე დააფუძნა, გასულ თვეში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიიღო, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ სახელწოდებით. თუმცა ამ კანონის შინაარსს რეალურად არაფერი აქვს საერთო სახელწოდების გაცხადებულ მიზანთან.

საკანონმდებლო ცვლილებების რეალური მიზანი ცენზურის დაწესება და ლგბტქი ადამიანებს დისკრიმინაციაა.

დალი მთავრობის ამგვარ პრიორიტეტებს „არაადეკვატურს“ უწოდებს და განმარტავს, რომ ქვეყანაში, სადაც ოჯახები ბავშვებს სიღარიბეში, უსახლკაროდ ზრდიან, სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი მათი სოციალური დაცვა უნდა იყოს:

„როგორც ჩანს, ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, სახელმწიფო [პრიორიტეტების განსაზღვრაში] არაადეკვატურია, მაგას არ აინტერესებს გაჭირვებული ხალხის ბედ-იღბალი – ვინ, სად და რანაირად ცხოვრობს. ამდენი აქცია ჩავატარეთ, არავინ გამოსულა, არც მოუსმენია… მაგათთვის საერთოდ ნულია ეს ჩვენი ცხოვრება.

უამრავი უსახლკარო ადამიანია ქუჩაში, ვინც „ბალოტებში“ [ჭაობში] ზრდიან მცირეწლოვან ბავშვებს. მთავრობაში ვინც არ უნდა მოვიდეს, პირველ რიგში, ჩვენისთანა გაჭირვებულ ხალხს უნდა დაეხმაროს, ოჯახები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ნორმალური საცხოვრისით, ბავშვები არ უნდა იძინებდნენ მშიერი და ჯანმრთელობის დაცვა უნდა იყოს სამინისტროს მხრიდან… მე მაგათგან დაცინვის და ქირდად აღების მეტი არაფერი არ გამიგია“, – ამბობს დალი. – „რაც არ უნდა შეიცვალოს და ვინც არ უნდა მოვიდეს, პირველ რიგში უნდა მოგვხედონ ხალხს – საცხოვრისი იქნება ეს თუ სხვა დახმარება“.

მერიაში რომ შევედი და ვიდეო ვაჩვენე რა პირობებში ვცხოვრობდი, მე დამცინა წარმომადგენელმა, ჩემ შვილებს მასეთ ბინაში რა უნდაო; აბა, ჩემს შვილებს რა უნდათ ისეთ ბინაში? ღმერთს ვფიცავარ თუ ვტყუოდე. „მე მამაჩემმა დამიტოვაო ჩემი ქონება და ჩემი ცხოვრებაო“. მე თუ მშობელმა ვერ დამიტოვა, იმიტომ მთავრობის წარმომადგენელმა ეს უნდა მითხრას და დამცინოს? – იხსენებს დალი.

სათემო ორგანიზაცია „პერიფერიას“ კოორდინატორი, აქტივისტი მარიამ ქაჯაია ამბობს, რომ კანონი, რომელიც თითქოს „არასრულწლოვანთა და ოჯახური ღირებულებების დაცვას“ ისახავს მიზნად, სწორედ ბავშვების და ოჯახების დაუცველობას, მათი რეალური საჭიროებებისთვის თვალის დახუჭვას და პრობლემების გადაფარვას ემსახურება:

„თუ ბავშვების და ოჯახების დაცვა გინდა, რატომ აშიმშილებ ბავშვებს, რატომ არ უზრუნველყოფ მათ სათანადო საცხოვრებელი პირობებით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობით, საცხოვრისით?! რატომ ხდი მშობელს, მეურვეს იძულებულს ქვეყნიდან გადაიხვეწოს იმისთვის, რომ ნორმალური ანაზღაურების სამსახურში დასაქმდეს?! „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვით, ბავშვები არათუ ვერ დაპურდებიან, ეს კანონი ხელისუფლების ხელში მცდელობაა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს და მძიმე პრობლემების მოგვარების დაპირების გაცემაზეც კი მოიხსნას პასუხისმგებლობა.

ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ ხალხს, ამომრჩეველს იმავე სატყუარით იტყუებს ხაფანგში, რომელსაც ყოველი არჩევნების წინ მიმართავდა – აღვივებს სიძულვილს საზოგადოების ერთი ჯგუფის მიმართ და დანარჩენებს ამ სიძულვილის წარმოებას კარგ საქმედ უფუთავს; ფაქტობრივად, ეუბნება „იკმარეთ ანტი-ლგბტ კანონი, იკმარეთ, რომ ისედაც აკრძალულს ვკრძალავთ“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 454 165 ადამიანი იღებს. აქედან, 16 წლამდე ასაკის 245 218 ბავშვია.

ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის დაახლოებით 30 პროცენტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.

რაც შეეხება ოჯახებს, საქართველოში საარსებო შემწეობა 126 973 ოჯახზე გაიცემა. გასულ წელს ეს რიცხვი 122 416 იყო.

დალი წლებია ბათუმში ე.წ. უსახლკაროთა აქციების მონაწილეა და მთავრობისგან ითხოვს ბინას:

„თითქმის ოთხი-ხუთი წელია ჩართული ვარ ამ აქციებში, მაგრამ უშედეგოდ. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. 25 წელია ქირით ვცხოვრობ და მამისამართებენ ქედაში [სოფ. პირველი მაისი], სადაც დედაჩემს გადასცეს ბინა [დაზარალებულები ვართ, ავარიული იყო სახლი, გეოლოგიური დასკვნაც მაქვს], მაგრამ ძალიან პატარა ფართობია, ხუთი სული იქ ვერანაირად ვერ მოვთავსდებით. ამიტომ მინდა მე ჩემი თავშესაფარი მქონდეს, რომ ჩემი ბავშვები, ეს ორი ანგელოზი, ნორმალურ პირობებში გავზარდო და არა ქირიდან-ქირაში“.

სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფა საქართველოში კვლავ ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „მიუხედავად საკითხზე მომუშავე არაერთი სუბიექტის რეკომენდაციისა, უსახლკარობისა და საცხოვრისის საჭიროების მიმართულებით საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ მოუხდენია პრობლემის მასშტაბის, ფორმებისა და გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება. 

რელევანტური მონაცემებისა და პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, შეუძლებელი ხდება ადამიანებისათვის მათ საჭიროებებზე მორგებული საცხოვრისის მისაწვდომობის უზრუნველყოფა“.

დალი თებიძე: „ვის უშენებენ ამდენი ცათამბჯენი რომ შენდება… ან კუნძული რად უნდა ადამიანს ბათუმში, ყველგან წყალდიდობა არის, მაგ კუნძულში რომ ფულებს ყრიან, უსახლკარო ხალხი შეიყვანონ, ზღვაში რომ ყრიან ამდენ ფულებს, ზღვაში. 

ვის უშენებენ ამდენ ცათამბჯენებს, ფეხს ვერ გადადგამ იმდენი უცხოელია და მე, მაგალითად, მთელი სეზონი ისე დამთავრდა, ბავშვები ვერც ზღვაზე გავიყვანე და ვერც ბულვარში, ეს არის სამართალი და ეს არის ადამიანობა?”

დალის ოჯახი მესამე ღამეს ათევს ახალ ნაქირავებში, რომელშიც ყოველ თვეში 500 ლარი უნდა გადაიხადონ. სახლში გაზი არ არის – „ბუხარს დავანთებ“, – მეუბნება ის. კედლებზე ჭერიდან ჩამოსული წყლის კვალი ჩანს. სახლში მხოლოდ ძველი და გაფუჭებული ტექნიკა დგას. 

დალი ამბობს, რომ ტელევიზორი არ აქვთ და მთავრობის წინასაარჩევნო კამპანიას, სრულად ვერ ადევნებს თვალ-ყურს, თუმცა მათი აღარ სჯერა:

„აღარ მჯერა მაგათი არაფერი, ისე მაქვს გული გატეხილი ამ ცხოვრებაზე, აღარც დაპირება მინდა, აღარც არჩევნები მინდა, მაგრამ არჩევნებზე მაინც მივალ, მე მაგათ ხმას არ მივცემ. ამდენი ხანია ქუჩაში ვარ, ოთხი წელია ვყვირივარ მომეხმარეთ, მომეხმარეთ, რამდენჯერ წვიმაში ეს ბავშვები გამიყვანია, ჩემი ხმა მაგენს არ ესმით, ამ ბავშვების ხმა მაგათ არ ესმით და მე მაგათ ჩემს ხმას არ მივცემ“, – ამბობს დალი.

დალი ოჯახის შემოსავალს ითვლის: „ჩემი სოციალური დახმარება 640 ლარია, რა ვქნა ჯანმრთელობიდან გამომდინარე მე ვეღარ ვმუშაობ ვერსად,  ხანდახან თურქეთში თუ გადავალ-გადმოვალ [გულისხმობს საზღვარზე სიგარეტის გადატანას], იმაზეც ერთი ამბავია, შვილი კი მუშაობს ერთ-ერთ მაღაზიაში 600-700 ლარი აქვს ხელფასი, მაგრამ არის რომ 6 რიცხვამდე ვერ იღებს ხელფასს. ეს ხელფასი ქირაში გადავიხადო თუ შაქრიან ბავშვს საჭმელი ვაჭამო?

ჩემს ჯანმრთელობაზე ზედმეტია ლაპარაკი. იმას ვცდილობთ, რა კაპიკსაც ვნახავთ ბავშვებს მოვასარგებლოთ, ყოველ დღე ბავშვს რომ ვუშვებ სკოლაში, თითო და ორ-ორი ლარი მაინც უნდა. ერთ ბავშვს რომ მისცემ შაქარი არ დაუვარდეს, ცუდად არ გახდეს, მეორე ბავშვს ხომ ვერ დატოვებ ისე, იმასაც უნდა. მე ხომ ციდან არ მიცვივა, არ არის, ფაქტიურად არ არის“. 

დალი იხსენებს, რომ ამ სახლში გადმოსვლამდე, სამი თვით სოფელ ყოროლისთავში იყვნენ იცხოვრეს. „ბებიასთან მომვლელად ვიყავი, თან ვუვლიდი, თან ვცხოვრობდით, მაგრამ იქიდან ბავშვები ვერ ვატარე სკოლაში, ბავშვები აღარ ვანერვიულე და ისევ ვიქირავეთ“.

ყოროლისთავში სწორედ იმიტომ წავიდნენ, რომ ქალაქში ქირას ვეღარ იხდიდნენ: „ძალიან „სირისტიან“ ოთახში ვიყავით, მეორე ბავშვი ავად გამიხდა, გაუჩნდა დაჩრდილვა, არანაირი წამლები არ მქონდა და იმ ქალმა [ექიმმა] საჩუქრად გაუკეთა ხუთი სეანსი“.


„ქართული ოცნების“ ჰომოფობიურ კანონს სამოქალაქო საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ქვიარ აქტივისტებმა ფაშისტური უწოდეს. მათი შეფასებით, კანონი ქვიარების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს, ახალისებს ძალადობას და დისკრიმინაციას მათ მიმართ, იჭრება განათლების სფეროში, ზღუდავს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: