საქართველოში არჩევნების მოახლოების პარალელურად, რუსი პროპაგანდისტები სულ უფრო ბევრს მსჯელობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
ქართული წარმომავლობის რუსი პროპაგანდისტი თინა კანდელაკი, თავის ტელეგრამ არხზე წერს, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნებისგან“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ურთიერთობის დალაგების, კონკრეტული მოდელის ნახვას ისურვებდა.
„პარტია ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ მზად არის ყოფილ ავტონომიებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება და, რა თქმა უნდა, მინდა ვნახო მინიმუმ სამოქმედო გეგმა და მომავლის მონახაზი – შემოთავაზებულია თუ არა კონფედერაციის შექმნა შვეიცარიის მოდელით (იქაც მთები და სამი მთავარი ერია, სხვათა შორის), თუ სხვა რამეზეა საუბარი“, – წერს ის.
კანდელაკმა ამ ტექსტს ფოტოდ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა და გერბი დაურთო და დაწერა, რომ საბჭოთა საქართველო კრახამდე მიიყვანა ზვიად გამსახურდიას ნაციონალიზმმა.
„შეგახსენებთ, რომ რუსეთი 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის სისხლიან ავანტიურამდე ოფიციალურად არ ცნობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობას, რითაც გზას ტოვებდა შერიგებისა და იოსებ სტალინის მიერ გავლებულ საზღვრებთან დასაბრუნებლად. და ახლაც, როცა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კოსოვოსა და ტაივანისგან განსხვავდებიან მხოლოდ იმ სახელმწიფოების რაოდენობით, რომლებმაც აღიარეს მათი დამოუკიდებლობა, სიტუაცია შეიძლება უკეთესობისკენ წარიმართოს ყველა ხალხისთვის, ვინც საბჭოთა საქართველოში ცხოვრობდა“.
რუსმა სამხედრო კორესპონდენტ-პროპაგანდისტმა, ალექსანდრე სლადკოვმა, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადების საპასუხოდ დაწერა, რომ არ ღირს „ძლივს დაწყებული დიალოგში… პირობების წაყენება“ – „… რუსული (რუსული, საბჭოთა) ბაზები იდგნენ ამიერკავკასიაში და იდგებიან მუდამ, როგორც ომის არარსებობის მთავარი ფაქტორი; ჩვენი ბაზები მშვიდად დგანან. მოდიან ამერიკელები – ომი იწყება“.
29 სექტემბერს, საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს კვლავ ეჭვნარევი ტონით გამოეხმაურა რუსული პროპაგანდისტული არხის – Соловьев live-ის თანაწამყვანი, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, სერგეი კარნაუხოვი.
„ირაკლი კობახიძემ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა მათ იცხოვრონ „ერთ ქართულ სახელმწიფოში“. მისი თქმით, საქართველომ უნდა „აღადგინოს ყველა დანგრეული ხიდი“. თუმცა, ჩვენ დიდი ხნის წინ შეგვეძლო გვეცხოვრა ერთ სახელმწიფოში – რუსეთში!“ – წერს ის.
გარდა ამისა, დღეს, 2 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ 4 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრებს შეხვდება.
მისივე თქმით, მინისტრები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს.
„მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის ტრანსფორმაციაზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე. აქცენტი გაკეთდება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიდგომების კოორდინაციაზე“, – თქვა ზახაროვამ.