განათლება,მთავარი,სიახლეები

რა თქვა განათლების ახალმა მინისტრმა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრაზე

02.10.2024 •
რა თქვა განათლების ახალმა მინისტრმა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრაზე

საქართველოს განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე წულაძე იქნება. ის დღეს, 2 ოქტომბერს წარადგინეს აღნიშნულ თანამდებობაზე.

ალექსანდრე წულაძე მოქმედი მოსამართლე იყო, როცა განათლების სამინისტროში 2023 წლის დეკემბერში, მაშინდელი მინისტრის გიორგი ამილახვრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ალექსანდრე წულაძისგან რაიმე განსაკუთრებული ინიციატივა არ არის საჯაროდ ცნობილი, უცნობია მისი პოზიციაც სკოლაში კვების დანერგვასა თუ სხვა პრობლემურ საკითხებზე.

თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ალექსანდრე წულაძესთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ, მისი პასუხი იყო კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრაზე.

2019 წელს ალექსანდრე წულაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი იყო. გასაუბრებაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ მას ჰკითხა, მისი აზრით, რა შეიცვალა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში უარესობისკენ, რაზეც ალექსანდრე წულაძემ უპასუხა, რომ „ქორწინების განსაზღვრების შეცვლის აუცილებლობა არ ყოფილა“.

„ადამიანის უფლებების ნაწილში, პირადად ჩემი შეხედულებით, ქორწინების დეფინიციის, როგორც აი, ამ სამოქალაქო ინსტიტუტის ამ ხარისხში აყვანა არ იყო აუცილებელი კონსტიტუციით, რადგან ამით არათუ ჩვენ განვსაზღვრავთ პირებს ვისთანაც შეგვიძლია (ქორწინება) და ეს მხარეთა თანასწორობაზე და სამოქალაქო სამართლის ყველა პრინციპის გამტარებელი ინსტიტუტია, არამედ შეგვიძლია ხელშეკრულებაც დავდოთ ხომ ამ ადამიანებთან და აქედან გამომდინარე, როგორც ცივილისტმა, არ მიმაჩნდა, რომ კონსტიტუციაში ამის ჩაწერის აუცილებლობა იყო“,- ამბობდა ალექსანდრე წულაძე.

2022 წელს ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ალექსანდრე წულაძემ ხელფასის სახით საქართველოს უზენაესი სასამართლოდან 116 620 ლარი მიიღო. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან, როგორც სასწავლო მოდულის ხელმძღვანელმა კი, – 10 305 ლარი.

2023 წელს კი, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ანაზღაურების სახით 129 532 ლარი მიიღო.

მინისტრის მოადგილის პოსტზე კი, დანიშვნიდან სამ დღეში, მისი ანაზღაურება 694.89 ლარი იყო. მიმდინარე წლის დეკლარაცია წულაძეს ჯერ არ წარმოუდგენია.

____________

ამ თემაზე:

განათლების მინისტრმა პირველ მოადგილედ მოქმედი მოსამართლე დაინიშნა

გადაბეჭდვის წესი