მთავარი,სიახლეები

პოლიციელებს მთავრობა თბილისში 1000 ბინას ჰპირდება, ბათუმში კი 88 ბინა ვერ აუშენა

05.05.2023 •
პოლიციელებს მთავრობა თბილისში 1000 ბინას ჰპირდება, ბათუმში კი 88 ბინა ვერ აუშენა

საქართველოს პრემიერი 1000-ზე მეტ პოლიციელს თბილისში ახალ ბინებს 2 წელიწადში ჰპირდება მაშინ, როცა მთავრობამ ბათუმში 88 ბინის მშენებლობა მეხუთე წელია ვერ დაასრულა. ბათუმში პოლიციისთვის ბინების მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ათასბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა ერთი წლის წინ დააანონსა. დღეს, 2023 წლის 5 მაისს კი, „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიის შემდეგ, განაცხადა, რომ „ამ პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 125 მილიონ ლარს… ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი. „პოლიციის ქალაქების“ მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და ჩვენი, ჩემი სურვილიც არის, რომ ეს საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული.“

ღარიბაშვილის განცხადებით, „პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, მე ასე ვიტყოდი, კვ.მ.-ში 300 ლარს დაახლოებით, ასე გამოვა, დანარჩენს მთლიანად დაფარავს ხარჯებს სახელმწიფო, სამინისტრო.“

როგორ დაფარავენ ბინის საფასურს ბათუმში, ამის შესახებ ნახეთ „ბათუმელების“ არქივიდან: რამდენს გადაიხდიან შსს-ს თანამშრომლები ბინებში, რომლებსაც სამინისტრო მათთვის აშენებს

თბილისში 1 100-ბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობაზე ხელშეკრულება შსს-ს კომპანია „ანაგთან“ აქვს გაფორმებული. ხელშეკრულება 2022 წლის 21 დეკემბერს დაიდო 124 963 260 ლარზე.

„ანაგს“ მშენებლობის დასასრულებლად 2,5 წელზე მეტი დრო აქვს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას „სხვადასხვა დოკუმენტებზე/კონცეფციაზე თანხმობის მიღებიდან 915 დღე აქვს სამშენებლო სამუშაოებისთვის, ამ ვადაში შედის შენობების ექსპლუატაციაში მიღებაც“.

„პოლიციის ქალაქი“ თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N69-ში შენდება.

რაც შეეხება ბათუმს, პოლიციელებისთვის ბინები ადლიის დასახლებაში შენდება. მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და ის 2020 წელში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მშენებლობის დასასრულებლად შსს-ს მესამე ტენდერის გამოცხადება მოუწია.

გამარჯვებულად აქაც „ანაგი“ გამოვლინდა და მასთან ხელშეკრულება 3 980 000 ლარზე დაიდო – 2022 წლის 29 დეკემბერს.

„ანაგმა“ ბინების მშენებლობა ბათუმში „ხელშეკრულების გაფორმებიდან 200 კალენდარული დღის განმავლობაში“ [ანუ, 2023 წლის ივლისში] უნდა დაასრულოს.

რა მდგომარეობა იყო აღნიშნული მესამე ტენდერის გამოცხადებამდე – დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე:

რატომ ვერ მიიღეს ბათუმში პოლიციელებმა დაპირებული ბინები 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: