დღეს, 23 ოქტომბერს, კოალიციამ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგი გამართა.
„ქართული ოცნება არიგებს ბიულეტენებს სადემონსტრაციოდ, სადაც ძირითადი პროდასავლური ოპოზიციური პარტიები არის მოხსენიებული, როგორც ომის პარტია. ვითხოვთ ცესკოსგან და უსკოსგან მოახდინონ დაუყოვნებლივი რეაგირება. ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ეწევა ძალადობას პროპაგანდას, მოიხსნას რეგისტრაციიდან. ეს არის ჩვენი მოთხოვნა“, – გვეუბნება „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა ქაშიბაძე.
ქაშიბაძის თქმით, ღიად მიმართეს ცესკოს და უსკოს, რადგან „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენებული ეს ბიულეტენები პირდაპირი მტკიცებულებაა და არ საჭიროებს დამატებით გამოძიებას.
„ეს ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ მეორე პოლიტიკურ ორგანიზაციაზე ზეწოლა და პოლიტიკურ კამპანიაში პირდაპირი ხელშეშლაა“, – ამბობს ენმ-ს წევრი.
ჩვენ ვიცით და ინფორმაციაც გავასაჯაროვეთ, რომ სხვადასხვა ბაღის, უნივერსიტეტების თანამშრომლებს აძალებდნენ თბილისში ჩასვლას „ოცნების“ დღევანდელ შეხვედრაზე. სხვა სახის კამპანია არ აქვთ გარდა იმისა, რომ მოსახლეობა დააშინონ და ეს ბიულეტენებიც ამის ნათელი მტკიცებულებაა“.
ქაშიბაძე ამბობს, რომ ქობულეთის გაერთიანების ხელმძღვანელი, 30 ლარს სთავაზობდა გაერთიანების თანამშრომლებს „ოცნების“ დღევანდელ ღონისძიებაზე წასვლის სანაცვლოდ.
„ინფორმაციას მოქალაქეები გვაწვდიან. ბევრი მათგანი საჯარო სამსახურშია დასაქმებული და არ სურთ მათი ვინაობის გასაჯაროება. მიუხედავად ამისა, ღიად გვეუბნებიან რა ხდება და როგორ ხდება: ბაღების, უნივერსიტეტების ადმინისტრაციის თანამშრომლები და ა.შ. მაგალითად, ვიცით, რომ საზღვაო აკადემიის თანამშრომელმა სტუდენტებს უთხრა, თუ არ წახვალთ „ოცნების“ ღონისძიებაზე შეგექმნებათ პრობლემები და არ დაგიწერენ შესაბამის შეფასებასო. ეს ვიცით, უშუალოდ იმ სტუდენტებისგან, ვისაც ესაუბრა ამის შესახებ“, – გვეუბნება ნიკა ქაშიბაძე.
“ბათუმელები” დავუკავშირდით ცესკოსა და უსკოს და ვკითხეთ, განიხილავენ თუ არა აღნიშნულს დარღვევად და თუ კი, როგორი იქნება რეაგირება.
„ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რასაც არ უნდა ეხებოდეს ის, თუ იქნება მომართვა, საარჩევნო ადმინისტრაცია შეისწავლის საკითხს და ექნება სათანადო რეაგირება. შესაბამისად, თუ აღნიშნული პირები თვლიან, რომ ადგილი აქვს რაიმე სახის დარღვევას არა მხოლოდ საჯარო განცხადებები უნდა გააკეთონ, არამედ უნდა დაწერონ საჩივარი, მოგვმართონ. ჩვენ მოვიკვლევთ და განვიხილავთ საკითხს და გვექნება რეაგირება კანონის შესაბამისად“, – მოგვწერეს ცესკოდან და უსკოდან.