მთავარი,სიახლეები

ქალი 30 სული პირუტყვით მთაში – „გაყინვა მელის, არ მაქვს ბოსელი და არც სახლი“ | ვიდეო

27.08.2024 •
ქალი 30 სული პირუტყვით მთაში – „გაყინვა მელის, არ მაქვს ბოსელი და არც სახლი“ | ვიდეო

„სიღარიბეში გავიზარდე და ვიცი, რომ ძალიან ძნელია სიღარიბე. როცა ბავშვები კანფეტს ჭამდნენ და ქაღალდს აგდებდნენ, ავიღებდი და ვყნოსავდი, რა კაი სუნი აქვს-მეთქი. ამის თავიდან აცილება მინდოდა. არ მინდოდა, რომ უბრალოდ მეარსება. მეც მინდოდა მქონოდა ის კანფეტი.

სწორედ ამისთვის ვიბრძვი.

ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი მეთქვა. უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს. წელს მე აქ სიკვდილმისჯილი ვარ.

მინდა მქონდეს პატარა მიწა, სადაც ცალკე სახლი და ბოსელი მექნება, თავშესაფარი ჩემი ცხოველებისთვის, რათა როგორც მუშა ფუტკარმა, ისე ვიფუსფუსო და ვიყო ბედნიერი. აი, როგორც ჭრიჭინა, ისე. აბა დელი დელი დელა…“ – წაიმღერა ნათიამ და ხმა გაუწყდა – „ნეტა რა მაცინებს?“

38 წლის ნათია აბულაძე მთელი ცხოვრებაა იბრძვის, რომ სიღარიბეს თავი დააღწიოს და მშობლებისგან დამოუკიდებლად, მოძველებული ტრადიციული შეხედულებებისგან თავისუფალმა იცხოვროს.

ნათია იხსენებს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ მის ცხოვრებაში იყო დრო, როცა „თვალი მხოლოდ გაპრანჭვაზე ეჭირა“, მაგრამ მალევე მიხვდა, ეს არაფერს მომიტანსო. ორი ხბო იყიდა და მესაქონლეობას მიჰყო ხელი. ამ ორიდან ერთი მგელმა შეუჭამა, მაგრამ ყურები არ ჩამოყარა და ბრძოლა განაგრძო.

ახლა ნათიას 30 სული პირუტყვი ჰყავს, თუმცა არ აქვს ბოსელი და არ აქვს სახლი, სადაც დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებდა. ნათიას წასასვლელი არსად აქვს, ის მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

ბევრჯერ ეცადა საქონლის გაყიდვას, თუმცა მისი თქმით, ის ფასი, რასაც პირუტყვში სთავაზობენ საგრძნობლად დაბალია.

მაგრამ ნათია ბევრს მუშაობს და ოცნებობს პატარა სახლსა და პირუტყვის სადგომზე, რომ მშვიდად იცხოვროს და საქმის კეთება განაგრძოს.

ნათია არ ნებდება. გასულ წელს, პირუტყვისთვის სადგომის შეძენაში დახმარების თხოვნით მან მთავრობასა და ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ნათია გულდაწყვეტით ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოატყუა.

ნათიას ხულოში, სოფელ ვაშლოვანის იალაღზე შევხვდი. მემთეურები უკვე ნელ-ნელა ტოვებენ იალაღს, პირუტყვი ბარში, სოფლებში ჩაჰყავთ, მაგრამ ნათიამ არ იცის, სად უნდა წაიყვანოს თავისი ძროხები.

„ვარ დარჩენილი აქ, იალაღზე, რადგან წასასვლელი არსად მაქვს. საკუთარი არაფერი არ მაბადია, გარდა ამ პირუტყვისა. შარშან 20 სული იყვნენ, წელს – 30. უკვე სამი თვეა, რაც აქ ვარ. მყიდველები რომ მოდიან, იძახიან – „რა პატარაა, მოდი, 50 ლარში მომეცი და წავიღებ“. თან – „წავიღებ“ – ასე ამბობენ. ამდენ შრომას როცა ვდებ, ვერ გავატან ასე, ჰაერზე. მშობელიც ვერ მეხმარება, იმიტომ, რომ 500 მეტრი მიწა აქვს. სახლიც და პატარა ბოსელიც ამ მიწაზეა. მანქანის გასაჩერებელი ადგილიც არ რჩება.

ვწვალობ.

მშობლები მეუბნებიან, საქონელი უნდა გაყიდოო. ჩაი დალიე და ნუ იკლავ თავსო. მე კი არ მინდა უბრალოდ ვარსებობდე. მინდა წინ წავიდე, განვვითარდე და ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ.

იმის გამო, რომ მათხოვარი და მაწანწალა არ ვყოფილიყავი, ვიფიქრე, მოდი, რაღაცას გავაკეთებ, მე შევცვლი ჩემს ცხოვრებას – გამოვალ სიღარიბიდან. სხვა რა უნდა გააკეთო ღარიბმა ადამიანმა? ვიყიდე ორი ხბო და გავზარდე. ორი ოთხი გახდა, ოთხი – ექვსი და ასე შემდეგ. ზოგი დამეღუპა, ზოგი მგელმა შეჭამა, მაგრამ მაინც არ ვნებდები და ვიბრძვი.

ნათია აბულაძე. ფოტო: ბათუმელები/ნინო ართმელაძე

შარშან 20 სული მყავდა და სახელმწიფოს ვთხოვე, რომ დამხმარებოდა. მითხრეს, ჩვენ ასეთი ფონდი არ გვაქვს, ამოწურულია და როგორც გინდა ისე მოიქეციო. ვუთხარი, სოფლის მეურნეობის მინისტრს დამალაპარაკეთ-მეთქი. ჩვენ ვერ ვხვდებით მაგას და შენ საიდან უნდა შეხვდეო.

გული მომიკლეს საბოლოოდ. იალაღზე ვიყავი და ველოდი, ეგებ რაღაც დახმარება გაეწიათ ჩემთვის, მაგრამ ერთ დღეს გავიხედე, რომ ისე თოვდა, შიშით გული კინაღამ გამისკდა.

მთელი დღე ვებრძოდი ქარბუქს. სახლებს მოხადა სახურავი და ხან სად გადააფრენდა და ხან – სად. ძროხებს შესცივდათ. კუდი ამოიჩარეს ფეხებში, კბილების კრაჭუნი დაიწყეს. თოვლმა დაფარა ყველაფერი. არც საკვები მქონდა, არც სითბო, არაფერი. საკუთარი ძალებით ვიბრძოდი საქონლის გადასარჩენად იმის იმედით, რომ მთავრობა რაღაცას დამეხმარებოდა.

ვიფიქრე, ამ სახლში ამოვიტან თივას, დავყრი და გამოვაზამთრებ ძროხებს, მაგრამ წყალი რომ გაიყინოს, რა ვქნა – მეთქი?! შარშან მგლები დამესივნენ, ძროხის სუნზე შეძვრნენ ქვემოთ. ბაგაში ჩავძვერი, რომ აიწყვეტდნენ ძროხები, მივაბამდი. დედაჩემს შიშით გული კინაღამ გაუსკდა. ლოგინში ჩაწვა და ხმას ვეღარ იღებდა.

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარეს ვთხოვე მაშინ, რომ ასეთი სიტუაციაა და იქნებ დამეხმაროთ რამენაირად-მეთქი. ვყიდდი და არ გაიყიდნენ, როგორ ფასშიც მე მინდოდა. უნდათ 1000 ან 500 ლარში. ავუხსენი ჩემი სიტუაცია, ბოსელი არ მაქვს სოფელში და მთაში არ გამიყინოთ პირუტყვი-მეთქი. რაღაც ვქნათ, დამეხმარეთ, მეც რაღაცას ვიზამ და ეგებ… სახელმწიფო ხარ და მეც სახელმწიფო ვარ, ჩემნაირებისგან შედგება სახელმწიფო.

მერს დაველაპარაკებით და რაღაცას ვიზამთო – მითხრა.

სიხარულისგან იცი როგორ ამოვედი იალაღზე?! სირბილით! გახარებული ვიყავი: დამეხმარებიან, მე ეს შევძელი, მე ეს გამომივიდა! და „ჩემი ფეხები“! ბოდიში.

დღეს ისევ ასე ვარ, ჩემი ხელების და ფეხების ამარა. ახლა უკვე მართლა არ მაქვს იმედი, იმიტომ, რომ ბევრნი არიან და ასეთი ბოსელი არავის არ აქვს. რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე? არ ვიცი. ცოტა ხნის მერე რომ დავურეკე საკრებულოს თავმჯდომარეს, მითხრა – მე ჩემი ძროხები მომწყენიაო. გული მომიკვდა. სხვა რაღა უნდა მეთქვა და რა უნდა გამეკეთებინა? შემომითვალეს, სასაკლაოა აგერ თუ ვერ გაყიდა, ჩამოკიდოს ფეხებითო“.

გასულ წელს ნათია იალაღზე პირუტყვთან ერთად რომ არ გაყინულიყო, მათ ჩამოსაყვანად ადგილზე პოლიცია და მაშველები ავიდნენ.

ნათია აბულაძე. ფოტო: ბათუმელები/ნინო ართმელაძე

„იქ შემხვდა ერთი ქალი პოლიციელი და მითხრა, თავს რატომ აკლავ მაგ პირუტყვს, წაისვი მანიკიური, გაიარე, თმები გაისწორე…

დღესაც ჩაფიქრებული დავდივარ, ნუთუ ეს სამარცხვინო საქმეა?! დამამცირა. სილამაზეზე ღირებულიც არსებობს. ჩემნაირი დაკოჟრილი, დახეთქილი ხელები… მას ჰგონია, რომ მე არ ვარ ლამაზი, მე არ მინდა „გაკრასვა“ და არ შემშვენის? მე დღეს უფრო ღირებულად ის მიმაჩნია, რომ სიღარიბეს თავი დავაღწიო. ალბათ მოვა დრო და მეც „გავიკრასკები“.

ნათიამ მიამბო, როგორ მდგომარეობაში მოუწია მთელი ზამთრის გატარება ბარში ჩამოსულს მას შემდეგ, რაც მაშვლებმა იალაღიდან სოფელში ჩამოიყვანეს, სადაც საქონლისთვის სადგომი არ ჰქონდა.

„პირველ დღეს საქონელი სკოლის ეზოში შევრეკე და ღამე იქ გავათიე. კარგა ხანს ვერ ვიპოვე სადგომი. ჩვენი სახლის 10-სულიან ბოსელში 20 სული მყავდა შეშვებული. ერთი ძროხა მომიკვდა.

არავინ არ დამეხმარა და ბოლოს ერთმა ადამიანმა, რომელიც სოფელში არ ცხოვრობდა და ცარიელი ჰქონდა ბოსელი, მითხრა, შეუშვიო. პატარა იყო ეს ბოსელიც, მაგრამ 12 სული შევუშვი როგორღაც. ნახევარი ჩვენი სახლის ბოსელში გამოვაზამთრე, ნახევარი – იქ. ძალიან აღმართში იყო ეს ბოსელი და დღეში სამჯერ ავდიოდი პირუტყვზე რომ მეზრუნა.

მთელი ზამთარი ხის ტოტებზე ვიყავი გამოკიდებული, ოღონდ ეცოცხლათ. აქედან რომ ჩავედი, უკვე ზამთარი იყო და რა დროს ვუყიდდი საკვებს? ყველას გაყიდული ჰქონდა. სულ ხის ტოტებზე ვიყავი ციყვივით შემოსკუპებული. მარტო წვერებს ვუტოვებდი ხეს. დავამტვრევდი ტანებს, მოვიგდებდი ზურგზე… საქონელს რომ ჩავუყრიდი და კნატაკნუტს დაიწყებდნენ, ჩემთვის ყველაფერი იყო ეს, ბედნიერი ვიყავი.

ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ ჩვენ რეგიონებში აღმოვფხვრით სიღარიბესო. მე დიდ სტიმულს მაძლევდა ეს სიტყვები და მუხლმოდრეკად ვშრომობდი, დღე და ღამეს ვასწორებდი, ეგება რამე გვეშველოს – მეთქი. ადამიანო, თუ კი შენ გლეხს არ დაასაქმებ, სასაკლაოზე გამიშვებ…

მეუბნები: უბრალოდ იარსებე და ნუ წვალობ. მე მინდა, რომ ამოვიდე სიღარიბიდან და გთხოვ, მშრომელი ადამიანი ვარ, ვიშრომებ და არ მაშრომებ… ისევე, როგორც მცენარეს სჭირდება ნიადაგი, რომ აღმოცენდეს და ყლორტი და ფოთლები გაშალოს, ისე სჭირდება გლეხსაც მთავრობის ხელშეწყობა. რა გააკეთოს საწყალმა გლეხმა, როცა არის ღარიბი და ღატაკი. უნდა შრომა, მაგრამ არანაირი პერსპექტივა და შესაძლებლობა არ აქვს, მაგალითად, მე – აგერ“.

ნათია აბულაძე. ფოტო: ბათუმელები/ნინო ართმელაძე

ნათია ამბობს, რომ პირუტყვის გაყიდვა ბევრჯერ სცადა, თუმცა, გარდა იმისა, რომ მისი თქმით, მყიდველების შემოთავაზებული ფასი ძალიან დაბალია, ასევე, მას სჭირდება გარანტია, რომ თუ მაინცდამაინც სახორცედ წაიყვანენ საქონელს, ძროხები, რომლებიც ახლა მაკედ არიან, ხბოების დაბადებამდე არ დაკლან.

როგორც ნათია ამბობს, მისთვის დიდი სირთულეა რძის ნაწარმის გაყიდვაც, რადგან იალაღიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს: „მძღოლს გაატანდი და სთხოვდი ჩაებარებინა. მე ვერ მივდივარ, ერთი დღითაც ვერ ვტოვებ საქონელს. ვინ უნდა მიხედოს?“

ნათიას იმედი აქვს ადამიანების, რომლებიც მას გაუგებენ.

„მიწა რომ მქონდეს, ერთი-ორი პირუტყვი გავყიდო და რამე ჩავდგა… მაგრამ მე ხომ მიწა არ მაქვს?!

მშობელმა მითხრა, არ გვაქვს ამდენი საქონლისთვის ბოსელი, მე ვერ გაგიკეთებ და რომ არ გაყიდო, არ ჩამოგიშვებ სახლშიო. არ მინდა ასე, მთელი ცხოვრების ნაწვალებს როგორ გავანიავებ, აბა?! მერე რა ვქნა?! რა ვაკეთო?! დავჯდე და მართლა მანიკიური ვისვა?!

მე მინდა, რომ ჩემი მცირე დანაზოგით და მოქალაქეების დახმარებით, თუ კი გვერდში დამიდგებიან, სადმე მოშორებით, ცალკე პატარა სახლი გავიჩინო, დამოუკიდებლად ვიცხოვრო და ჩემი საქმე ვაკეთო. მივხედო პირუტყვს“.

ჩვენი საუბრისას ნათიამ ბევრჯერ თქვა, რომ მისი უწყვეტი და დაუღალავი შრომა სიღარიბისგან თავის დაღწევის მცდელობაა. მას დღემდე ცხადად ახსოვს, რა გამოიარა სიღარიბის გამო.

„ისე ვიზრდებოდით, რომ ხან გვქონდა საჭმელი და ხან – არა. მეცხრე კლასში მომიწია ბათუმში ექსკურსიაზე წასვლა. ბაბუ, ექსკურსიაზე მივდივართ და ეგებ ხუთი ლარი მომცე-მეთქი. მომცა 8 ლარი. ჩავედით ბათუმში. ზოგი „ეშმაკის ბორბალზე“ დაჯდა, ზოგი – სად. ვიცოდი, რომ ფული არ მეყოფოდა და მოვიმიზეზე, რომ „ეშმაკის ბორბლის“ მეშინოდა. არ დავჯექი. რომ მოვდიოდით, ორი კილო შაქარი ვიყიდე და წამოვიღე. დავმალე, ბავშვებს რომ არ დაენახათ და არ დაეცინათ ჩემთვის. დილას ჩაი რომ მიმეყოლებინა მჭადისთვის და სკოლაში ცუდად არ გავმხდარიყავი.

ეს მხოლოდ არსებობა იყო. არ მინდა ახლაც ასე იყოს. მინდა, ცხოვრება შევცვალო უკეთესობისკენ. ვშრომობ“.

ნათია საუბრობს იმაზეც, რომ „აჭარაში გოგო შვილს დიდ უპირატესობას არ ანიჭებენ“, ქალს ხშირად უთითებენ, რომ დროა დაქორწინდეს და მისი პირადი მიზნებისთვის პირუტყვის მოვლას შეეშვას.

„…სხვისი აზრით ძალიან ძნელია ცხოვრება. ვერა და ვერ მოვახერხე ჩემი შრომით პატარა ქოხი ვიყიდო.

მინდა, სახლში რომ მივალ, მშვიდად ვიყო და დაღლილს აღარ დამიწყონ ყვირილი. ხომ ხვდებით, არა?! იმდენი ვქენი, 30 სული პირუტყვის შეგროვება მოვახერხე. აი, გავიგონებ – „ჭინჭარი 20 თეთრი ღირს“, გავიქცევი და ვკრეფ, რომ ჩავაბარო და პირუტყვს წამალი, ქატო, მარილი, ზამთრის საკვები ვუყიდო“.

იალაღზე დილით პირუტყვის მოვლისა და სადგომის დასუფთავების შემდეგ ნათია მაშინვე კენკრის, ნეგოს, ჭინჭრის ან სხვა მცენარეების შესაგროვებლად მიდის, რომ პირუტყვის საკვების ფული შეაგროვოს.

ნათიას ვკითხე, ბოლოს შენთვის რა იყიდე-მეთქი. მითხრა, რომ თმის საღებავი, გასულ წელს, მაშინ შევხვდი საკრებულოს თავმჯდომარესაცო.

ახლა ნათიას პირუტყვი იალაღზე ორ ბოსელში ჰყავს გადანაწილებული. ერთ მოსახლეს სახლი დაკეტილი ჰქონდა და ნათიამ სთხოვა, მისთვის დაეთმო, სანაცვლოდ კი კარტოფილი გაუთოხნა და კიდევ პატივსაც ვცემო – ამბობს. აქ ნათიას დენი არ აქვს და არც კარგი ფანარი.

ფარანი კი არა, ძალიან მიყვარს ნაყინი და ისე გავა ზაფხული, ერთხელაც ვერ ვჭამო – ცრემლნარევი სიცილით ამბობს.

განსაკუთრებით უყვარს ლექსები და სიმღერა. ყოველთვის მღერის, როცა ძროხებს წველის, ნეგოს კრეფს ან სხვა საქმეშია გართული.

ჩვენი საუბრის დროსაც მოუნდა ემღერა. იქნებ ხვალ და ზეგ აქ, იალაღზე გავიყინო წასასვლელის არ ქონის გამო და ჩემი ეს ნამღერი დარჩესო.

ნათიას საყვარელი სიმღერები სამშობლოზეა. მიყვარს საქართველო, ძალიან მიყვარსო – ბევრჯერ მითხრა ჩვენი შეხვედრის დღეს.

ნათია აბულაძე. ფოტო: ბათუმელები/ნინო ართმელაძე

  • ერთი ადამიანის ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ – სად არის ამ დროს სახელმწიფო და რა შეუძლია? 

„ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რენარ ბოლქვაძეს დაუკავშირდა. მას ვკითხეთ, რა შეუძლია ხულოს მუნიციპალიტეტს ნათიას მხარდასაჭერად, როგორ ჩაიარა ნათიას შეხვედრამ მასთან გასულ წელს და თუ დაინტერესდა, როგორ გადაჭრა ნათიამ პრობლემა, ახლა როგორ ცხოვრობს და რა სჭირდება.

„მას [ნათიას] ჰყავს მშობლები, ბოსელიც აქვთ საქონლისთვის. მამამისმა უთხრა, რომ თქვენ ხართ ახალგაზრდა გოგო და ამდენი საქონელი მე არ მჭირდება, დააცოტავე და გაყიდეო, თორემ მაგას სადგომიც აქვს და დამხმარე ნაგებობაც, სადაც შეუძლია საქონელი დააბინაოს“, – გვითხრა ბოლქვაძემ. მას დავუზუსტეთ, რომ გასულ წელს ნათია სხვის სადგომს იყენებდა.

„ჰო, მაგრამ თვითონ მშობლებთან ვერ ჩამოყალიბდა. მშობლები უკრძალავენ, ამდენი საქონელი ჩვენ არ გვჭირდებაო.

ჩვენ როგორ უნდა დავეხმაროთ? ეროზიაში არ არის. სხვა როგორ უნდა დავეხმარო, ბოსელს აუშენებს ვინმე? არის გეოლოგების დასკვნა, რომ საცხოვრებელი ნორმალურია… უნარშეზღუდული არ არის, შშმ პირი არ არის ან რამე. დღესდღეობით პროგრამაში არ გვაქვს ჩვენ, რომ მოვიდეს ადამიანი და თქვას, მინდა შენობა და ამიშენეთო. როგორ უნდა აუშენო, აბა?!

ნებისმიერი პროგრამა, რაც გვაქვს, ნებისმიერი ის საშუალება, რითაც შეიძლება სახელმწიფომ გაუწიოს მას დახმარება, უნდა აკმაყოფილებდეს რაღაც კრიტერიუმებს. მოვიდა მარტო და თქვა, მე მჭირდება ეს – ასე არ ხდება, იმიტომ, რომ სახლიც აქვს, ბოსელიც, მთაც და ბარიც“.

რენარ ბოლქვაძე გვეუბნება, რომ 20-22 სული საქონლის ყოლა უკვე ფერმად ითვლება და მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხია.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები აქვს, რომ ფერმა გააკეთოს, რაც თანადაფინანსებით კეთდება. ნებისმიერ პროგრამაში ჩაერთოს, რაც დღესდღეობით სახელმწიფოს გააჩნია. სამინისტროს იმდენი პროგრამა აქვს, რომ დაწეროს პროექტი, რა თქმა უნდა, დავეხმარებით ან მეწარმეობა, ან რაღაც გააკეთოს, მაგაზე უკან არავინ არ იხევს, მაგრამ ეს გოგო თავისებურად რაღაცას აკეთებს, ეს არ ვიცი. შარშან ასე იყო, თოვლი მოვიდა, არ მოდიოდა და მერე მერიამ გამოუყო მანქანა და ჩამოვბარგეთ.

ჩემთან არ მოსულა და არ უკითხავს, რაიმე პროგრამა არის თუ არა და რაში დამეხმარებითო… ტელეფონზე რეკავდა და ეუბნებოდა მერს, ან ვიღაცას, რა ვიცი… მეც დამირეკა, პირადად ერთხელ მყავს ნანახი. მე ვუთხარი, თუ სახლი დაზიანებული და ავარიულია, გეოლოგებზე დაწერე განცხადება, დაგეხმარებით. თუ რაიმე პროგრამაში დახმარება გინდა, ინფორმაციის სახით მოგაწვდით, სად როგორ უნდა ქნა. იმის მერე არც შეგვეხმიანა“.

რენარ ბოლქვაძე, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე

რენარ ბოლქვაძე ამბობს, რომ შარშანდელს შემდეგ ნათია მათ აღარ დაკავშირებია და ახლა ისიც არ იცის, საქონელი კიდევ ჰყავს თუ არა.

„მოემართა, დაეწერა განცხადება, მასალა მინდაო, მასალას მივცემდით და თავისით უნდა ააშენოს. როდის იყო, რომ ბოსელს ვინმე ვინმეს უშენებდა“.

„ბათუმელები“ შეეცადა დაეზუსტებინა, იმის შესახებ, რომ მასალის მოთხოვნა შეუძლია, გააცნო თუ არა მან ნათიას ინფორმაცია, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა ნათიას სწორი კითხვები ვერ დაესვა ამ სახის ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობის გამო.

„მე რატომ უნდა გამომეჩინა ინიციატივა, მას თუ არ ჰქონდა ინიციატივა, რომ მოსულიყო და ეკითხა ან ეთხოვა, სადღაც დამარეგისტრირეთო. არ უკითხავს არაფერი და როგორ უნდა გამეზიარებინა ინფორმაცია“, – ამბობს ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე.

  • „ფაქტობრივად, ნათია სრულიად მარტოა. ეს არის სისტემური პრობლემა“

„ფაქტობრივად, ნათია სრულიად მარტოა დარჩენილი, როცა წესით და რიგით, სახელმწიფოს აინტერესებს თავისი მოქალაქის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობა“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, რომელიც სიღარიბეს და მოწყვლად ჯგუფებს იკვლევს.

„ჩვენ რეალურად არ ვიცით, რა ბედი ეწევა ნათიას. როგორ წავა მისი ცხოვრება, როგორ შეძლებს მარტო წელში გამართვას… რა პრობლემებზეც ის საუბრობს, ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა. ეს არის სისტემური პრობლემა და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამაც ასე დაინახოს. ამ პრობლემის გადაჭრისკენ წლების განმავლობაში მოვუწოდებთ სახელმწიფოს არაერთი ორგანიზაცია, აქტივისტი, თუმცა არაფერი, რეალურად ხელშესახები, არ გაკეთებულა.

მარიამ ჯანიაშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი

უშუალოდ ჩემი სამუშაო მიმართულებაა სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობის საკითხი. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის რიტორიკაში ძალიან ფართოდ გვხვდება, რომ თითქოს საქართველოში მთავრობა არის სოციალურ თემებზე ორიენტირებული, ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და ა.შ., სინამდვილეში დღემდე არ გვაქვს სოციალური დაცვის ერთიანი პოლიტიკა და ხედვა.

სად მივდივართ, როგორც სახელმწიფო, სოციალური დაცვის მიმართულებით, არ ვიცით. არ გაგვაჩნია არც სტრატეგია, არც სამოქმედო გეგმა, არც გაცხადებული მიზანი.

ამის მაგივრად ჩვენ ვხედავ პროგრამებს და სერვისებს, რომლებიც, ძირითად შემთხვევებში, უკიდურესად ფრაგმენტულია.

იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, რომ ერთიან ჭრილში ვერც შეაფასებ მუნიციპალურ პროგრამებს. შეიძლება ორ ადამიანს ერთი და იგივე საჭიროება ჰქონდეს, სჭირდებოდეს მხარდაჭერა და ერთმა მუნიციპალიტეტმა მხარი დაუჭიროს იმიტომ, რომ რაღაც პროგრამა ითვალისწინებს ამ მხარდაჭერას, ხოლო მეორე მუნიციპალიტეტმა უარი უთხრას, რადგან მისი პროგრამები ამგვარ მხარდაჭერას არ ითვალისწინებს”, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ქალები ყველაზე მეტად მოწყვლადები არიან არსებულ სოციალურ სისტემაში სიღარიბის მიმართ და ეს არ არის გასაკვირი, რადგანაც ქვეყანაში ქალებზე მოდის მთელი ტვირთი შინშრომის, შვილების, შშმ პირების და ხანდაზმულების მოვლის.

  • „გამოწვევები, რაც ნათიას წინაშე დგას, სპეციფიკურად გენდერული განზომილების მატარებელია“

შეგვიძლია თუ არა ნათიას შემთხვევა განვიხილოთ ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის მაგალითად? – ამის შესახებ ეკატერინე სხილაძეს ვკითხეთ, ექსპერტს გენდერის საკითხებში. მას ასევე ვთხოვეთ ზოგადი სურათის შეფასებაც, რამდენადაა დაცული ქალთა უფლებები საქართველოში.

„საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა, მათ შორის რესურსების გადანაწილების და დასაქმების მიმართულებით.

ქალების ეკონომიკური აქტიურობა არსებითად დაბალია და საქსტატის მონაცემებით 41.5%-ს შეადგენს (კაცების 64%-ია). ამის ძირითადი მიზეზი შეიძლება ვეძებოთ ზრუნვის შრომის არათანაბარ გადანაწილებაში, ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი პროგრამების სიმწირესა და, ზოგადად, ამ საკითხისადმი არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებში.

ნათიას შემთხვევაც ამის ნათელი მაგალითია.

ცხადია, სიღარიბე ზოგადი პრობლემაა, თუმცა ის გამოწვევები, რაც ნათიას წინაშე დგას, სპეციფიკურად გენდერული განზომილების მატარებელიცაა. ეს მისი მონათხრობიდანაც იკვეთება, თუ როგორ აღიქვამენ მისი, როგორც ქალის შრომას, როგორი რთულია მისთვის პრობლემების გადაჭრისთვის გადაწყვეტილების მიმღებთა ყურადღების მიპყრობა და სხვა.

ამ პრობლემების გადაჭრის გზა ადგილობრივ დონეზე მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა და გაძლიერებაა, თუმცა მნიშვნელოვანია არსებული დამოკიდებულებების ცვლილებაც, რაც გავლენას ახდენს ნათიას და სხვა ქალების წინაშე მდგარი გამოწვევების გადაუჭრელობაზე”, – გვითხრა ეკატერინე სხილაძემ.

ეკატერინე სხილაძე, ექსპერტი გენდერის საკითხებში

მკითხველთა თხოვნით ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს. ნათია აბულაძის დახმარების მსურველებს თანხა შეუძლიათ გადარიცხონ შემდეგ ანგარიშზე:

GE61BG0000000589327577 

მიმღები: ნათია აბულაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: