მთავარი,სიახლეები

რატომ გაქრნენ ქალები „ოცნების“ საარჩევნო კამპანიიდან

23.10.2024 •
რატომ გაქრნენ ქალები „ოცნების“ საარჩევნო კამპანიიდან

თუ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას გადაავლებთ თვალს, მარტივად შენიშნავთ, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოების უდიდეს ნაწილზე, რომლებიც „ოცნების“ ამომრჩევლებთან შეხვედრას ასახავს, ამომრჩევლები ძირითადად კაცები არიან.

ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია მაღალმთიან აჭარაში, სადაც „ოცნების“ კამპანია, მმართველი პარტიის მიერვე გამოქვეყნებული ფოტომასალის თანახმად, ფაქტობრივად, ქალების გარეშე მიმდინარეობს.

მაგალითად, აი, ეს ფოტო, სწორედ ამ ტენდენციას ასახავს.

„ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანია ღორჯომში. ფოტო/ ვახტანგ ბერიძის Facebook გვერდი.

ეს და სხვა ფოტოები, სადაც ასევე მხოლოდ კაცებს ვხედავთ, ხულოს ყოფილმა მერმა, ვახტანგ ბერიძემ თავის ფეისბუქგვერდზე 27 სექტემბერს გამოაქვეყნა. ფოტოები ღორჯომშია გადაღებული, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ადგილობრივებს სცენიდანაც მხოლოდ კაცებმა მიმართეს.

„ბათუმელებმა“ სცადა ხულოში „ოცნების“ კანდიდატისთვის, ვახტანგ ბერიძისთვის [ის მერის თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც კანდიდატად დაასახელეს] ეკითხა, რატომ არ ესწრებიან მასთან შეხვედრებს ქალები და კამპანიაში ქალების ნაკლებობა თუ არის მისთვის პრობლემა. იმავე შეკითხვით მივმართეთ პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძეს. ვახტანგ ბერიძემ სატელეფონო ზარს არ უპასუხა, ანზორ ბოლქვაძემ კი „ქართული ოცნების“ შტაბის პრესსამსახურში გადაგვამისამართა, რომელმაც ასევე არ უპასუხა სატელეფონო ზარებს.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ნარგიზ დეკანაძეს, ხულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა ღორჯომში საარჩევნო შეხვედრაზე. დეკანაძეს ვკითხეთ, ხომ არ იცის, რატომ არ ესწრებიან „ოცნების“ კანდიდატების შეხვედრას ქალები?

ნარგიზ დეკანაძემ სმს შეტყობინებით გვიპასუხა და დაგვიდასტურა, რომ ეს იქნებოდა მისი ოფიციალური კომენტარი. მან მოგვწერა:

მე თითქმის ყველა შეხვედრას ვესწრები. წელს განსაკუთრებული სიმრავლეა ქალების სწრებადობისმე ჩაგიყრით ფოტოებს შეძლებისდაგვარად. როგორც რაიონული გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს, მიმაჩნია, რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა იყოს ჩართული პოლიტიკაში და ყველა საზოგადოებრივ საქმიანობაში და ბოლო წლებია საკმაოდ გააქტიურებულებიც არიან, დამოუკიდებლები და ეკონომიურად გაძლიერებულებიც“.

ნარგიზ დეკანაძემ რამდენიმე ფოტო გამოგვიგზავნა. გთავაზობთ ერთ-ერთს.

„ბათუმელებმა“ სცადა ამ სოფლებში ქალებისთვისაც ეკითხა, რატომ არ/ვერ ესწრებიან მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ წინასაარჩევნო შეხვედრებს. მათ ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.

„საარჩევნო შეხვედრა შუახევში, წყალსაყრის თემის მოსახლეობასთან“ – ამ აღწერით ფოტოს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე.

ეს ფოტო კი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე, 4 ოქტომბერსაა გადაღებული თბილისში. აქაც კარგად ჩანს, რომ შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობა კაცია.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნის დღე. ფოტო/ ქართული ოცნების ფეისბუქგვერდი.

,,ქართული ოცნების” პროგრამის პრეზენტაცია თბილისში

ეს ფოტო 13 ოქტომბერს თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა ბიზნესმენმა გია ჭყონიამ აღწერით, „შეხვედრა ახალგაზრდებთან. ახალგაზრდების აზრი და შეხედულებები ჩვენი რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია“. გია ჭყონია „ოცნების” დელეგატია ქობულეთიდან.

ქალების ნაკლებობა შეიმჩნევა „ოცნების“ პარტიულ სიაშიც, სადაც 170 კანდიდატიდან ქალი 27-ია. ხოლო ეგრეთ წოდებულ „გამსვლელ სიაში“ კიდევ უფრო შემცირებულია ქალების რაოდენობა –  50 პირს შორის ქალი მხოლოდ ხუთია.

  • რას ამბობენ უფლებადამცველები

უფლებადამცველი იდა ბახტურიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას თუ შევხედავთ, ქალ ამომრჩეველთან საერთოდ არ ჩანს არანაირი კომუნიკაცია, მაშინ, როცა საქართველოში ამომრჩევლების 54 პროცენტი ქალია. „ეს არის ძალიან დიდი რიცხვი იმისთვის, რომ ასე დააიგნორო ქალები“, – ამბობს ის.

უფლებადამცველი „ოცნების“ პოლიტიკას განსაკუთრებულად „ანტიგენდერულს“ უწოდებს ბოლო სამი წლის განმავლობაში. ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას„ კომუნიკაცია არ აქვს ქალ ამომრჩეველთან, რაც აისახება შინაარსზეც: „ისინი არანაირად არ საუბრობენ იმ საჭიროებებზე, რაც გამოწვევად აქვთ ქალებს დღეს საქართველოში“.

ბახტურიძის თქმით, „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად აუქმებს მიღწევებს, რასაც წლების განმავლობაში ქალთა უფლებადამცველებმა და ადამიანის უფლებადამცველებმა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად მიაღწიეს.

„გარდა იმისა, რომ გააუქმეს გენდერული კვოტირების კანონი, შემოაქვთ სრულიად საწინააღმდეგო კანონები. აუქმებენ და ხელს უშლიან არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას ქვეყანაში, რომლებმაც უნდა დაიცვან ქალთა უფლებები. ღიად ესხმიან თავს აქტიურ ქალებს. ყველანაირად აჩვენებენ, რომ ქალთა უფლებები მათთვის პრიორიტეტი აღარ არის და ეს თანდათანობით უფრო მძიმედ აისახება ჩვენს რეალობაზე, თან იმ მოცემულობაში, როცა ოჯახში ძალადობის თუ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე საკმაოდ გართულებულია სამართლებრივი რეაგირება. უფლებადამცველებს უფრო მეტი ძალისხმევის გაღება გვიწევს, რომ იყოს ადეკვატური რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან“, – ამბობს იდა ბახტურიძე.

უფლებადამცველმა გენდერული კვოტირების გაუქმების პირველ ეფექტზეც გაამახვილა ყურადღება – „ჩვენ უკვე ვნახეთ პოლიტიკური პარტიების გამოქვეყნებული სიები და განსაკუთრებით შემაშფოთებელია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია.

ეს სია ახლოსაც კი არ არის მის მიერ შემოთავაზებულ და შემდეგ გაუქმებულ კვოტირების სისტემასთან. მათი საარჩევნო სიის მხოლოდ მეექვსედია ქალი. ესაა გაუარესებული ვითარება და ახლოსაც კი არ არის წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპებთან. იმასთან, რა ვალდებულებებიც აქვს საერთაშორისო კონვენციებით აღებული საქართველოს ხელისუფლებას და მათ შორის – ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით, რადგან თანასწორობის პრინციპის დაცვას ჩვენ კონსტიტუციაც გვავალდებულებს“, – გვეუბნება იდა ბახტურიძე.

იდა ბახტურიძე, უფლებადამცველი

„როდესაც გენდერული კვოტები გააუქმა ოცნებამ, უკვე ცხადი გახდა, რომ აღარ აპირებდნენ ქალების [პარტიულ] სიაში შეტანას. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ კი არა, ყველაზე უარყოფითად აისახება“, – გვეუბნება ბაია პატარაია, ქალთა უფლებადამცველი.

ბაია პატარაია უფრო მკაცრია მმართველი პარტიის შეფასებებში: „აშკარაა, რომ [ქართულ ოცნებას] სინამდვილეში არ აინტერესებს არც ერთი პრობლემა. მათი ერთადერთი მიზანია სინამდვილეში ხელისუფლებაში დარჩენა და შეუძლიათ, რომ თავისივე რეფორმები, თავისივე წინსვლა მომენტალურად გაყიდონ, გადააგდონ სანაგვეზე თუ პარტიულ ინტერესებს აღარ ეთანხმება.

ჩვენ გაზაფხულიდანვე ვამბობდით, რომ არაფერ შუაში არ იყო „გირჩი“ და ეს იყო თვიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ ინიციატივა. უბრალოდ, მაშინ გადაწყვიტეს, რომ დარტყმა გადაენაწილებინათ ან რამენაირად მოსახლეობა მოეტყუებინათ და „გირჩისთვის“ დაებრალებინათ ეს ყველაფერი”, – ამბობს ბაია პატარაია, ქალთა უფლებადამცველი.

პატარაიას თქმით, ოპოზიციურ პარტიებში მეტ-ნაკლებად დაცულია კვოტები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქალები გამსვლელ პოზიციაზე არიან თუ არა.

„თუ ქალები სიის ბოლოში იყრიან თავს, მაშინ აზრი აღარ აქვს… როდესაც ჩვენ კვოტებზე ვსაუბრობთ, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. მთლიან მაჩვენებელს და ასევე რამდენადაა დაცული რიგითობა”.

უფლებადამცველის შეფასებით, საქართველოში პარტიები შიდაპარტიულადაც არ არიან ჯერ დემოკრატიულები: „პრაქტიკულად არ არსებობს პარტია, რომელსაც მკაფიოდ აქვს გაწერილი და სამართლიანი წესები, თუ როგორ დგება სია ამ პარტიაში… როგორც წესი, პარტიას, რომელსაც მართავენ კაცები და გადაწყვეტილების მიმღები და ლიდერები არიან კაცები, სწორედ ეს ერთი, ორი თუ სამი კაცი ადგენს საბოლოო სიას და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, რა დროსაც ყოველთვის გამოტოვებულები არიან ქალები“.

პატარაია ამბობს, რომ პოლიტიკა ბევრი ქალისთვის აღარც არის საინტერესო, რადგან აქ ისინი თანამდებობებს დამსახურების მიხედვით ვერ იღებენ: „ვხედავთ, რომ ქალ პოლიტიკოსებზე იერიშის მიტანა ბევრად უფრო, მდაბიო და ველური მეთოდებით ხდება“.

ბაია პატარაია

  • გაუქმებული გენდერული კვოტირება

გენდერული კვოტა წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ ნორმას პოლიტიკურ ინსტიტუციებში – საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ქალთა მონაწილეობის გასააქტიურებლად. კვოტირების იდეა მოიაზრებს ქალთა დაცვას პოლიტიკური იზოლაციისგან და ხელს უწყობს ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორი პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას.

გენდერული კვოტირების მექანიზმი საქართველოში მეცხრე მოწვევის პარლამენტმა 2020 წელს მიიღო „ქართული ოცნების“ ინიციატივით.

26 ოქტომბერს კი საქართველოში პირველი არჩევნები ჩატარდება გენდერული კვოტირების გაუქმების შემდეგ.

საქართველოს პარლამენტმა გენდერული კვოტირება ამ წლის 4 აპრილს გააუქმა. კანონპროექტის გაუქმებას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22 კი წინააღმდეგი იყო. კვოტების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარტია „გირჩმა“ ბიუროზე პირველ აპრილს წარადგინა, „ქართულმა ოცნებამ“ კი მხარი დაუჭირა მის განხილვას დაჩქარებული წესით.

ამჟამად „ქართულ ოცნების“ პარტიული სიის პირველ ოცეულში მხოლოდ 4 ქალია. ეს მაჩვენებელი პროცენტებში რომ წარმოვიდგინოთ, პირველი ოცეულის 80 პროცენტს კაცები იკავებენ.

პირველ ოცეულში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებელი შემდეგნაირადაა გადანაწილებული ოპოზიციურ პარტიებში:

  • „გახარია საქართველოსთვის“ – 6 ქალი, 30%.
  • „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 8 ქალი, 40%
  • „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 5 ქალი, 25 %
  • კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ – 9 ქალი, 45 %.

  • რას ამბობენ „ქართული ოცნების“ ქალი დეპუტატები

„ბათუმელებმა“ სცადა „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ნინო წილოსანს დაჰკავშირებოდა. მისთვის გვინდოდა გვეკითხა, როგორ აფასებს პარტიის წინასაარჩევნო კამპანიებში ქალების ჩაურთველობას. ასევე, გვაინტერესებდა, რას ფიქრობს „ქართული ოცნებისა“ თუ ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო სიებში ქალთა რაოდენობაზე გენდერული კვოტირების გაუქმების ფონზე.

ნინო წილოსანმა გვითხრა, რომ დრო არ აქვს.

გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარს უჭერდა დეპუტატი მარიამ ლაშხი, რომელიც გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრიცაა.

ლაშხის თქმით, ესა თუ ის ფაქტი პარლამენტში გენდერული ნიშნით შეურაცხყოფად თუ კვალიფიცირდება – „ვიღაც უნდა იყოს განმცხადებელი, [გენდერული თანასწორობის] საბჭომ პოზიცია რომ დააფიქსიროს“.

მმართველი პარტიის დეპუტატის თქმით, „სამწუხაროდ, ალბათ ოპოზიციის წარმომადგენლებს ვერ ექნებათ დაფიქსირებული [ფაქტები], რადგან საერთოდ არ აქტიურობენ და არც იმაში მონაწილეობდნენ წინა მოწვევის პარლამენტში, რომ გენდერული კვოტები არსებულიყო…

მაგალითად ირაკლი ბერაიას მხრიდან, როდესაც იყო მსგავსი შემთხვევა, ამ საკითხზე განხილვა გვქონდა შიგნიდან. უმრავლესობის ქალბატონები ვესაუბრეთ დეპუტატსაც და შემდეგ ბოდიში მოიხადა. სამწუხაროდ, იდეალურად არ არის და გადაცდომები არსებობს“.

მარიამ ლაშხი ამბობს, რომ გადაცდომაა, როდესაც ხელით გეხებიან და იხსენებს, რომ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თმებზე მოქაჩა – „ხელით შეხება უმრავლესობის მხრიდან, მით უმეტეს ქალის მხრიდან ისტორიაში არ მახსოვს მე საქართველოს პარლამენტის მოწვევაში“.

მარიამ ლაშხი „ბათუმელებთან“ საკუთარ თავს გენდერული კვოტირების „დიდ ადვოკატს“ უწოდებს: – „ჩემი აზრით, ჯერ ადრე იყო ამის [გენდერული კვოტირების] გაუქმება და კარგი იქნებოდა, რომ გაგრძელებულიყო. მით უფრო, რომ ჩვენ თვითონ გვქონდა დაპირება, კიდევ უფრო უნდა გაზრდილიყო პროცენტული მაჩვენებელი [ქალების ჩართულობის პოლიტიკაში] თუმცა პირდაპირ და ღიად ითქვა, რომ ეს გახდა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ჩვენსა და „გირჩს“ შორის. დავთმეთ ჩვენ…“

ლაშხი გვეუბნება, რომ ისურვებდა „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში თანაბრად ყოფილიყვნენ ქალები და კაცები – „…ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ კულტურაში გვაქვს ის, რომ უმეტესად დელეგატები არიან მამრობითი სქესის. შესაბამისად, აი, ამ დელეგატების სიაში ჭარბობს მამაკაცების რაოდენობა…“

ლაშხს ვკითხეთ, რას აჩვენებს მისთვის „ქართული ოცნების“ პირველ ოცეულში მხოლოდ ოთხი ქალის მოხვედრა. დეპუტატი თვლის, რომ რიგითობა მნიშვნელოვანი არ არის – „თუ ასე მივიჩნევთ ჩემს შემდეგ ნინო წილოსანი არ უნდა იყოს იმ მიღწევებით, ისტორიით და პოლიტიკური კარიერის ცხოვრებით, ვიდრე მე მაქვს“.

პარტიულ სიაში მარიამ ლაშხი 59-ეა, ნინი წილოსანი კი – 61-ე.

დეპუტატი მარიამ ლაშხი

  •                 ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები

პარლამენტარი ანა ნაცვლიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის, თუ როგორ კომპლექტდება და რა პრინციპებზე დაყრდნობით ხდება პარტიის სიის ფორმირება, აჩვენებს, თუ როგორ უყურებს პარტია საკუთარ მოქალაქეებს, პოლიტიკურ პროცესს და ზოგადად, საქმეს.

დეპუტატის შეფასებით, ქალის და კაცის თანასწორობის იდეას „ქართული ოცნება“ არ აღიარებს და „ოცნების“ პოლიტიკა და პარტიული სიაც ამის მაგალითია.

„გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების 12 წინაპირობის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, მაგრამ „ოცნება“ არ არის ღირებულებებზე დაფუძნებული პარტია. კარგად ჩანს, რომ აქვთ მომხმარებლური დამოკიდებულება… ამიტომ რაიმე მყარი პრიორიტეტები, ღირებულებები, პრინციპები არ აქვთ. მათი პარტიული სიაც სწორედ ამას ავლენს…

როცა საუბრობენ კეთილდღეობაზე, დაცულობაზე თუ უსაფრთხოებაზე, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი შედეგი მოაქვს სწორედ დაბალანსებულ პარტიულ სიებს, სადაც მეტი ქალი და შშმ პირია წარმოდგენილი”, – ამბობს ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილის აზრით, „ქართულ ოცნებას“ ქალების ეშინია, რადგან ამ მოწვევის პარლამენტში მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ სწორედ ქალი დეპუტატები აქტიურობით.

„ამის უკან იდგა რეალური შრომა, კომპეტენცია, გამბედაობა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მოწვევის ქალმა დეპუტატებმა მოვახერხეთ, რასაც ხშირად კაცები ვერ ახერხებენ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ქალი დეპუტატები საკვანძო საკითხებში ერთად ვმდგარიყავით, ერთმანეთისთვის სოლიდარობის გამოხატვა არ გაგვჭირვებია“, – გვითხრა ანა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს „ოცნების“ დეპუტატების ქცევასა და ლექსიკაზეც და ამბობს, რომ იმ კონტექსტში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით, პოლიტიკოს ქალებზე ვერბალური თავდასხმა გაცილებით უფრო ხშირი, უფრო მძიმე ამბავია თვითონ ამ ქალებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისთვის.

„პირდაპირ ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნების“ მთელი ხაზი, რომელიც ვითომ ტრადიციების დაცვაზეა აგებული, პირიქითაა. ისინი პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ ქართულ საზოგადოებას, როგორ ანგრევდნენ ქართულ ტრადიციებს და ღირებულებებს. იმ ხარისხის სიტყვიერი თავდასხმა ქალებზე, როგორიც განახორციელეს და რა თემებსაც შეეხნენ, რა მასშტაბის სიძულვილიც ანთხიეს ქალების მიმართ…

პოლიტიკაში დისკუსია, რა თქმა უნდა, უნდა იყოს, ვერ გავექცევით პერსონალურ თავდასხმებსაც, მაგრამ აქ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილი იყო – რაც თეონა აქუბარდიას, ხატიას, ჩემთან დაკავშირებით ილაპარაკეს…“ – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ანა ნაცვლიშვილი

მისი თქმით, ამ ყველაფრით „ქართული ოცნება“ ცდილობდა, ნებისმიერ ფასად გაეჩერებინა ქალი დეპუტატები.

დეპუტატი აღნიშნავს იმასაც, რომ პარლამენტში მსგავსი ტიპის თავდასხმებზე უნდა რეაგირებდეს მაგალითად, გენდერული თანასწორობის და ეთიკის საბჭოები, თუმცა ქალებზე თავდასხმის შემთხვევაში არც ერთი საბჭო ფუნქციური არ ყოფილა.

ანა ნაცვლიშვილი იხსენებს, რომ გენდერულმა საბჭომ ერთადერთი საქმე განიხილა და მერე შეწყვიტა ამ ტიპის საქმეების განხილვა:

„ეს საქმე იყო თინა ბოკუჩავას „გადადგმა“ შალვა პაპუაშვილის მიერ. ამ სხდომაში მე ვიღებდი მონაწილეობას. საბჭომ დაადგინა, რომ აქ არანაირი გენდერული ნიშანი არ იყო და პრობლემა ვერ დაინახა. ეს იყო უმრავლესობის გადაწყვეტილება. ერთადერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ჩემი ძალიან პრინციპული მოთხოვნით, რომ საქმეს დართვოდა განსხვავებული აზრი, სადაც დავასაბუთე, თუ რატომ იყო მიუღებელი ასეთი ქცევა პარლამენტში და მათ შორის, რატომ იყო ეს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობა პარლამენტის დარბაზში“.  

დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ ქალი პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასებას ყოველთვის ახლავს თან მას გენდერული განზომილება. მაგალითად, ბილწსიტყვაობა, რასაც, როგორც წესი, ქალები ერიდებიან და საბოლოოდ იკარგებიან ამ პროცესში – თავს ანებებენ აქტიურობას.

„მერე მამაკაცები, მაგალითად, „გირჩის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალებს არ აინტერესებთ პოლიტიკა. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის – უბრალოდ ნაკლებ კონფლიქტურები არიან და ამიტომაც შეიძლება არ შედიოდნენ მსგავს ორთაბრძოლაში, რასაც ჰქვია „უწესო ბრძოლები“.

კორძაიას თქმით, გენდერული კვოტების გაუქმებამ აჩვენა, რომ პატრიარქალურმა საზოგადოებამ იმძლავრა და პოლიტიკაში ე.წ. „კაცური მოლაპარაკებებია“.

თამარ კორძაია

„გადამწყვეტ არჩევნებს რასაც ვეძახით ჩვენ ახლა, ეს არ გადის წესიერ კამპანიასა და წესიერ პოლიტიკურ ბრძოლაზე. ეს გადის დაშინებაზე, მოსყიდვაზე… ისეთი ტიპის კავშირებზე, რომელშიც ქალი ზედმეტია, იმიტომ, რომ მაგალითად ქალი არ დაივლის და არ გასცემს ბრძანებებს ქუჩის ბიჭებთან“.

დეპუტატის შეფასებით, როცა კაცები იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სფეროში პოლიტიკის წარმართვაზე, ის ვერ იქნება სრულფასოვანი, თუ ამ პროცესში არ იქნებიან ქალები.

„ჩვენ აუცილებლად დავინახავთ ამის მავნე შედეგებს. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო პარალელი, რომ რუსეთში გააუქმეს ოჯახში ძალადობა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. თუ ასე გაგრძელდა, მე არ გამიკვირდება, რომ ჩვენც მივიდეთ აქამდე, მაშინ როდესაც ამ ფორმების პრევენციაზე უნდა ვმუშაობდეთ…“, – გვითხრა კორძაიამ.

დეპუტატ თეონა აქუბარდიას თქმით, გარდა იმისა, რომ ქალი პოლიტიკოსები ოპოზიციიდან იყვნენ თავდასხმის ობიექტები „ქართული ოცნების“ მხრიდან, ვხედავთ იმას, რომ მათ საერთოდ გააქრეს თავიანთი თანაგუნდელი ქალები საარჩევნო კამპანიიდან.

„ვხედავთ სრულიად არქაულ მიდგომას, როცა მხოლოდ კაცები დგანან პოლიტიკურ სცენაზე, ისევე როგორც მედიასთან საუბრობენ ისინი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს საფრთხის შემცველია, როგორც ზოგადად დემოკრატიისთვის, ასევე ისეთი საკითხების მოგვარებისთვის, რომელიც ამ ქვეყნის 50 პროცენტს, ქალებს აწუხებთ“.

თეონა აქუბარდია

____

გადაბეჭდვის წესი


ასევე: