წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევა – აგიტაცია, უკანონო აგიტაცია, იძულება, აგიტაცია საჯარო მოხელეების მხრიდან სამუშაო საათებში, ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებების „ოცნების“ კანდიდატების სასარგებლოდ გამოყენება, სამსახურის მანქანების გამოყენება, გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის წესის დარღვევა, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა – ამ და სხვა საკითხებზე საარჩევნო ოლქებსა და ცესკოში ასობით საჩივარი შევიდა.
ამ საჩივრების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის განხილული. ნაწილის პასუხად კი საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებს ახნა-განმარტებები დააწერინეს, ან ერთმა დაწერა და შემდეგ დააკოპირეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] ცესკოს წერს, რომ რუსთავის #25-ე საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა, მანონი მეურმიშვილმა თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე წასვლა აიძულა. საია მიუთითებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე აგიტაციისთვის, რაც უკანონოა.
საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამ დარღვევასთან დაკავშირებულ საჩივარში დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ითხოვს. საჩივარი 24 ოქტომბერს არის შესული ცესკოში, ის ჯერ განხილული არ არის.
საიას საჩივრის მიხედვით, გარდაბანში პედაგოგებს პროფესიული დღე ნაცვლად 27 ოქტომბრისა მიულოცეს 19 ოქტომბერს. ღონისძიებაზე პედაგოგებს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები და სამახსოვრო ბარათები: „ბარათზე მილოცვის ტექსტთან ერთად დატანილია „ოცნების“ პარტიული ნომერი. ღონისძიებაზე „ოცნების“ კანდიდატი სავალან მირზოევიც იმყოფებოდა.
საია აგიტაციის წესის დარღვევასა და რესურსის გამოყენებაზე მიუთითებს.
საჩივრები დაწერეს ასევე საარჩევნო უბნის უყურადღებოდ დატოვებისა და უფლებამოსილი პირების არყოფნის გამოც.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო წერს, რომ 2024 წლის 21 ოქტომბერს დევნილთა სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულთა მინისტრი, დავით ფაცია ქობულეთში იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. აქვე სამინისტროს აქვს გაზიარებული თავად დავით ფაციას პოსტი, სადაც ის აღნიშნავს, რომ ქობულეთში შეხვედრაზე მასთან ერთად იმყოფებოდნენ „ოცნების“ კანდიდატები – გია ჭყონია და ცოტნე ანანიძე.
ხელვაჩაურიდან ცესკოში 12 საჩივარი შევიდა, მათ შორის 3 წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევას, 2 სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებას, ხუთი კი გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციას შეეხებოდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ცესკომ საპასუხოდ შესაბამისი უბნების კომისიების წევრების ახსნა-განმარტებები ატვირთა. ამ ბარათებით რეალურად დარღვევა დასტურდება, თუმცა ცესკომ უბნის წევრების „მობოდიშება“ საკმარისად მიიჩნია.
ერთ-ერთ საჩივარში მომჩივანი წერს, რომ ხელვაჩაურის ოლქში #31-ე საარჩევნო უბანზე კედლის სიაში შეტანილი არ არის გადასატანი ყუთის სიაში დარეგისტრირებული ამომრჩევლები და არაერთი გაფრთხილების მოუხედავად ეს დარღვევა არ აღმოფხვრეს.
გადასატანი ყუთის სიის აღრიცხვის წესის დარღვევის გამო უჩივლა მომჩივანმა ხელვაჩაურის ოლქის 30-ე საუბნო-საარჩევნო კომისიას. მომჩივანი წერს, რომ კედლის სიაში გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლები არ არიან დაფიქსირებული. ცესკო აქაც ახსნა-განმარტებას დასჯერდა, შინაარსი ზემოთ მითითებული შინაარსის იდენტურია.
„ლელომ“ გაასაჩივრა ასევე ცესკოს გადაწყვეტილება საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა ანაზღაურების შესახებ, ცესკოს განკარგულებით, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრს ხელფასის სახით განესაზღვრა 390 ლარი, ხოლო პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრის – 260 ლარი.
„ლელომ“ თავის საჩივარში მიუთითა დისკრინიმაცილ მოპყრობაზე. ეს გადაწყვეტილება „ლელომ“ სასამართლოშიც გაასაჩივრა, მოსამართლე ციცინო როხვაძემ პირველ ინსტანციაში მოთხოვნა გადაწყვეტილების ბათილობაზე არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც „ლელომ“ სააპელაციო საჩივარი შეიტანა, სარჩელი მეორე ინსტანციაში ჯერ განხილვაშია.