მთავარი,სიახლეები

რას ამბობს იუსტიციის მინისტრი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე

22.09.2022 • 1455
რას ამბობს იუსტიციის მინისტრი რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე

„როგორც რუსეთის ფედერაციიდან, ასევე ნებისმიერი სხვა სახელმწიფოდან შემოდიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე შესაბამისი სახელმწიფოს მოქალაქეები. ბუნებრივია, ამის შესაბამისი სტატისტიკა არსებობს. ეს ექნება საზღვარს. ჩვენც, რა თქმა უნდა, გვაქვს სტატისტიკა.

რაც შეეხება [რუსეთის მოქალაქეების მხრიდან] ბინადრობის მოთხოვნებს, ეს ინფორმაცია არის საჯარო. პრაქტიკულად ყოველდღე გავცემთ ამ ინფორმაციას. ეს შეიძლება ყოველდღიურად იცვლებოდეს. [სტატისტიკა] იუსტიციის მინისტრმა ნამდვილად კარგად იცის, მეც კარგად ვიცი. სტატისტიკა თუ გაინტერესებთ გააგზავნეთ [საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა] და მოგაწოდებენ,“ – ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, დღეს, 22 სექტემბერს, ბათუმში გააკეთა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში 2022 წელს და აქედან რამდენმა ითხოვა ბინადრობა.

იუსტიციის მინისტრს ასევე ჰკითხეს, თუ როგორ ამოწმებენ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებს.

„სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არიან მესაზღვრეები, რომლებიც ამოწმებენ შესაბამის დოკუმენტაციას დადგენილი წესის მიხედვით. ბუნებრივია, ისინი განსაზღვრავენ პირი გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს თუ ვერა,“ – თქვა მინისტრმა.

მისივე მტკიცებით სუს-ი კარგად მუშაობს და თუკი რაიმე სახის რისკი იარსებებს, მას აღმოფხვრიან.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს ძალიან კარგად, მას ჰყავს ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი, რომელსაც პირადად ვცემ ძალიან დიდ პატივს. ზოგადად, ეს სამსახური ნამდვილად არის მოწოდების სიმაღლეზე და დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც რაიმე სახის რისკი არსებობს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, სამსახური ახდენს შესაბამის რეაგირებას და პრევენციას,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრი დღეს, 22 სექტემბერს, ბათუმში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას  ესწრება.

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც რეზერვში იმყოფება/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

ორი დღეა სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომლის თანახმადაც, ლარსში, საქართველო რუსეთის-საზღვარზე კილომეტრიანი რიგებია – რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას ცდილობენ.

___

მთავარი ფოტო: სქრინი ფეისბუქში კერძო პირის მიერ გავრცელებული ვიდეოდან – ავტომანქანების კილომეტრიანი რიგები ლარსში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: