მთავარი,სიახლეები

როგორ იქცა სიღარიბე „ოცნების“ მოკავშირედ

22.10.2024
როგორ იქცა სიღარიბე „ოცნების“ მოკავშირედ

ავტორიტარული მმართველებისთვის სახასიათოა ასეთი ქცევა, როცა ხელისუფალს ადამიანების სიღარიბეში დატოვება სურსო, ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი სალომე კანდელაკი. ასეთი ხელისუფლებისთვის სიღარიბე საყრდენად იქცევა, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალაუფლება რომ შეინარჩუნოს.

პოლიტიკის ანალიტიკოსს სიღარიბის დაძლევის სახელით მოქმედ რამდენიმე პროგრამაზე ვესაუბრეთ, მაგალითად, სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებაზე, რასაც ხშირად ფორმალური ხასიათი აქვს: მაგალითად, ქედაში, წონიარისში ტანკს ორი ადამიანი ალაგებს. ამდაგვარად დასაქმებული ბევრი ადამიანი ადასტურებს, რომ „ოცნების“ კოორდინატორია ან ხელისუფლებასთან ვალშია.

რა სქემით იყენებს სიღარიბეს „ქართული ოცნება“? – „ბათუმელები“ ამ თემაზე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პოლიტიკის ანალიტიკოსს, სალომე კანდელაკს ესაუბრა.

  • ქალბატონო სალომე, თქვენს ბოლო კვლევაში ხაზგასმულია, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგი შეიცვალა სოციალური საკითხებიდან კონსერვატიულ გზავნილებამდე. ასევე, „ოცნება“, ძირითადად, ომით დაშინებაზე მუშაობს. 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ჰპირდებოდა 200 ათას სამუშაო ადგილს, დღეს „ოცნება“ აღარ ახსენებს სიღარიბეს, მაგრამ ფაქტია, რომ სიღარიბის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს. თქვენი აზრით, რა სქემით იყენებს სიღარიბეს „ქართული ოცნება“? 

ძირითადად პანდემიის დროს დაიწყო ხელისუფლებამ რამდენიმე სოციალური პაკეტის ამოქმედება, მათ შორის, საზოგადოებრივ სამუშაოზე სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმება. ვიცით, რომ სოციალური შემწეობის მაძიებელთა რაოდენობა გაიზარდა. ერთი მილიონია რიგში და ნახევარი იღებს აქედან დახმარებას. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მაშინ ამბობდა ინტერვიუებში, ასევე პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს აქვთ შიში, დასაქმების შემთხვევაში არ დაკარგონ სამსახური, ამიტომაც, ადამიანებს, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას, უნდა შეეძლოთ ხელფასის მიღებაც, თუმცა ვიცით, რომ ხშირ შემთხვევაში გამოგონილ პოზიციებზე დაასაქმეს ადამიანები: სასაფლაოების დამლაგებლად, ძეგლების მცველად, გამოგონებულ ბიბლიოთეკაშიც დაასაქმეს ადამიანი. ყველაზე მეტი, როგორც ვიცი, ხარაგაულში დაასაქმეს ფორმალურად ხალხი.

შესაბამისად, სოციალური დახმარება და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმება პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა მმართველი პარტიისთვის. ამას ადასტურებს „ქართული ოცნების“ 29 მარტის აქციაც – მედიაში ვნახეთ ფაქტები, როცა დასაქმებული სოცდაუცველები ჩამოიყვანეს აქციაზე რეგიონებიდან. იმის გამო, რომ უმუშევრობის დონე მაღალია და სიდუხჭირეა, განსაკუთრებით რეგიონებში ადამიანებს უწევთ კომპრომისებზე წასვლა.

პოლიტიკური ინსტრუმენტია ასევე სოციალური დახმარების გაცემა, რადგან არ არსებობს შემწეობის გაცემის ობიექტური კრიტერიუმები და ადამიანებს აქვთ განცდა, რომ შეიძლება ეს დახმარება დაკარგონ.

კიდევ ერთი ინსტრუმენტია სოციალური დახმარების ერთჯერადად გაცემა, მაგალითად, მედიკამენტებისთვის, ოპერაციების ჩატარება… თითქოს ვალში ამყოფებენ ხელისუფლებასთან ამ ადამიანებს.

სალომე კანდელაკი

  • ბათუმის შემთხვევაში არსებობს „ოცნების ქალაქიც“, სადაც წინასაარჩევნოდ „ოცნების“ კოორდინატორებმა წაიყვანეს, მაგალითად, ის ადამიანები საჯარო რეესტრში, ვისაც ბიუჯეტის ხარჯზე აშენებულ კორპუსში ბინა მისცეს… 

დიახ, ცნობილია „ოცნების ქალაქის“ შემთხვევა, როგორც დევნილების განსახლების პროგრამა. ეს ადამიანები ექცევიან „ქართული ოცნების“ მხრიდან ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, რომ ხელისუფლებასთან თავი ანგარიშვალდებულად იგრძნონ. სინამდვილეში მათ რეალურად საარსებო საკითხებზე უწევთ ბრძოლა – სახლის ქონა მათი უფლებაა, თანაც, როცა კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

ასევე, მათი პირადობის მონაცემები აქვთ და ამ მონაცემებსაც იყენებენ.

ვინც კოორდინატორობას თანხმდება, მას ავალებენ, რომ დამატებით სხვებთან იმუშაოს, დარეკონ, სთხოვონ ხმის მიცემა. შესაძლოა ყველა ერთმანეთს ატყუებდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს სქემა მოქმედებს, რადგან ამ ადამიანებს უწევთ შიშის ქვეშ ცხოვრება: არ დაკარგონ სამსახური, შემწეობა, ზოგს გამბედაობა არ ჰყოფნის და ასე შემდეგ.

როგორც საჯარო მოხელეების ნაწილი გამოდიოდა ანტირუსულ აქციაზე და შემდეგ „ოცნების“ აქციაზეც მივიდა, სოცდაუცველებიც ორმაგ წნეხში არიან: ერთი მხრივ, არის სირცხვილის გრძნობა, ემალებიან ახლობლებს და ნების საწინააღმდეგოდ იქცევიან, მეორე მხრივ კი – ხელისუფლებას უნდა დაემალონ.

  • თქვენი დაკვირვებით, რატომ არჩია „ოცნებამ“ ამ არჩევნებზე სიღარიბეზე საერთოდ აღარ ისაუბროს? კვლევების მიხედვით, საქართველოს მთავარი პრობლემა სიღარიბე და უმუშევრობაა, ამ დროს კი მმართველი პოლიტიკური პარტია ლაპარაკობს ოპოზიციის გაუქმებასა და არარსებული გეი ქორწინების აკრძალვაზე? 

„ქართულ ოცნებას“ გააზრებული აქვს, რომ სოციალური საკითხებია პრიორიტეტული ამ ქვეყანაში, ასევე ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ევროინტეგრაცია სურს სწორედაც ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მიღების მიზნით, ამავდროულად კი, მოსახლეობისთვის ნათელი გახდა – „ოცნება“ თავისი რიტორიკით, თავისი ქმედებებით არ მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით.

ამიტომაც, „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა ამომრჩევლის შევსება და ცდილობს იმ ელექტორატის დაბრუნებას, რომელიც ნაწილობრივ 2014 წელს დაკარგა, როცა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. მაშინ სინოდი და საპატრიარქოც, როგორც გახსოვთ, იყო ამ პროცესში ჩართული და თქვეს, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა ჩვენს რელიგიას, იდენტობას და ასე შემდეგ.

გარკვეული პერიოდი „ქართული ოცნება“ მოქმედებდა სიტუაციურად „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად, შემდეგ იყო დავით გარეჯის საქმე, გაჩნდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები, მათ შორის, „ალტ-ინფო“, რომელსაც ტელევიზიაც აქვს. ამჯერად ამ კონსერვატორულად განწყობილი ელექტორატის მიმხრობას ცდილობს „ქართული ოცნება“.

„ქართულ ოცნებას“ აღარ აწყობს საუბარი სიღარიბის აღმოფხვრაზე, რადგან მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგაც იმავე და უარესი პრობლემების წინაშეა საქართველო.

„ოცნებას“ ურჩევნია ილაპარაკოს იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეების შემოდინება დაიწყო საქართველოში, ტურიზმი აყვავდა და გვაქვს ეკონომიკური წინსვლა. ისინი არ საუბრობენ იმაზე, თუ ამ ფონზე როგორ გაიზარდა სოციალური უთანასწორობა, როგორ გაიზარდა ფასები საკვებზე, მედიკამენტებზე, მიწაზე და ასე შემდეგ.

  • თუმცა წინასაარჩევნო პროგრამაში „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ 2028 წლისთვის სიღარიბე საქართველოში 4 %-მდე შემცირდება და თუ ახლა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 440 ათასი მოქალაქეა, 4 წლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 150 ათასამდე შემცირდება.

კი, პროგრამაში იმას აღნიშნავენ, რასაც ადრე ამბობდნენ, მაგრამ მათი მთავარი პოლიტიკური გზავნილები შეიცვალა: თუ 2020 წელს „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილი იყო სიღარიბის აღმოფხვრა და ევროინტეგრაცია, ახლა მთავარია ომის და მშვიდობის შეპირისპირება, მშვიდობის გარანტად საკუთარი თავის გამოყვანა.

  • რა ტიპის ხელისუფლებისთვისაა დამახასიათებელი სიღარიბის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება? როგორც ვიცი, უნგრეთშიც გამოიყენა ორბანმა სოცდაუცველების საკითხი საარჩევნო მიზნებისთვის.

ავტორიტარული მმართველებისთვის სახასიათოა ასეთი ქცევა, კი. ასეთ მმართველს სჭირდება არა განათლებული და ეკონომიკურად ძლიერი ამომრჩეველი, არამედ ადამიანი, რომელიც სიღარიბეშია და მეტწილად მანიპულირებადია. მასლოუს პირამიდა რომ გავიხსენოთ, ადამიანებს მას შემდეგ შეუძლიათ რეალურად საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობა, როცა მათ ძირითადი საჭიროებები დაკმაყოფილებული აქვთ.

ხელისუფლებას ამიტომაც აწყობს, ეს ადამიანები დარჩნენ სიღარიბეში, მათთვის კარგი და ხარისხიანი განათლებაც არ არის ხელმისაწვდომი.

  • თუმცა „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მაგალითად, სოცდაუცველების დასაქმების მიზანი მათი გაძლიერებაა, რომ პროფესიული უნარი გამოიმუშაონ, დასაქმდნენ და შემწეობის იმედად აღარ დარჩნენ…

ეს კეთილშობილურ მიზნად ჟღერს, მაგრამ თავად სახელმწიფო ინსტიტუტებსაც კი არ აქვთ შეფასება: რამდენად მუშაობს ეს პროგრამა? რამდენად ეფექტურია? ამის გაზომვა უნდა ხდებოდეს, რაც არ ხდება.

ეს არც მოხდება, თუ ხელოვნურად შექმნეს სამუშაოები.

  • რა შეიძლება უთხრათ სოცდაუცველებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათი დასაქმება ძალაუფლებაში დარჩენის ინსტრუმენტად არ გამოიყენოს? 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ეს არის არა მთავრობის დახმარება, არამედ სახელმწიფოს დახმარება. დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება კი შესაძლებელია ჩვენი ევროპული განვითარების შემთხვევაში.

ამის გარანტი ზუსტად ევროინტეგრაციაა. ევროინტეგრაციის გარეშე ეს ადამიანები მუდმივად იქნებიან დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე, ისიც პერიოდულად და არჩევნების წინ. თუ მათ სურთ გრძელვადიან პერსპექტივაში რაღაც ეკონომიკური სარგებელი მიიღონ, უნარ-ჩვევები განავითარონ, ვფიქრობ, ფართოდ უნდა შეხედონ საკითხს.

რაც მთავარია: მათ ვერავინ უკარნახებს, როგორ შეავსონ ბიულეტენი, არავინ ნახულობს მათ ბიულეტენებს, ვერავინ შეამოწმებს მათ არჩევანს.

______________

მთავარ ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი. ფოტო: „ქართული ოცნება“/facebook

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: