6 წლის “ყოვლისშემძლე” არამი: არცახში დაბრუნებაზე ვოცნებობ

“მე არამი ვარ და ყველაფერი შემიძლია!” – საკუთარი თავის გასაცნობად, 6 წლის არცახელი [ აზერბ. მთიანი ყარაბაღი-  რედ.], არამ კარახანიანი ცნობილი ანდაზით პასუხობს. 

(სომხურ ენაზე „არამი“ ირითმება სიტყვასთან “შემიძლია” – რედ.)

მას ვესაუბრებით ერევნის, 196-ე სკოლის აშოტ ნავასარდიანის სახელობის სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც 2023 წლის სექტემბერში არცახიდან (მთიანი ყარაბაღი) სომხების იძულებით გადასახლებისას მისი ოჯახი სომხეთში ჩამოვიდა.

როგორც სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 2023 წლის 27 სექტემბერს განაცხადა: „არცახიდან სომხეთში ჩამოსული ყოველი მესამე ბავშვია“. 

2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, არცახიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებულია ჩვილობიდან 5 წლამდე ასაკის 7 996 ბავშვი და 21 266 6-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდი.


არამ კარახანიანი
ფოტო: მედიამაქსი

დამალობანა, დაჭერობანა და „პოსტი“ სახლის დასაცავად

„ყარაბაღში ვცხოვრობდით. იქ ძალიან მომწონდა. ვთამაშობდი, ზაფხულში აუზზე დავდიოდი. დედა ცურვაში მეხმარებოდა, ასე ვცხოვრობდით. ერთ დღეს გავიგონეთ პირველი გასროლა, შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი, წავედით ერევანში“, – გვიყვება 6 წლის არამი არცახულ დიალექტზე. 

2023 წლის სექტემბერში არამის ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური სტეფანაკერტი 100 ათასზე მეტ სომეხთან ერთად.

„სტეფანაკერტში დავდიოდი საბავშვო ბაღში “სოსე” , შემდეგ სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ჩემს მასწავლებელს ერქვა ანა. მეგობრები მყავდა, დამალობანას და დაჭერობანას ვთამაშობდით. ჩვენ გვქონდა სათამაშო იარაღი და ავაშენეთ „პოსტი“ ჩვენი სახლის დასაცავად“, – იხსენებს 6 წლის ბავშვი, რომელმაც ამ მცირე ასაკში გაიგო – სახლი ყოველთვის საჭიროებს დაცვას.


ფოტო: მედიამაქსი

არამის დედა ლირა მირზოიანი იხსენებს, რომ არცახიდან წასვლისას სახლის კარი ისე დაკეტა, თითქოს 10-15 დღეში დაბრუნდებოდა. 

„მოვიხურე კარი და ვიფიქრე რომ მალე დავბრუნდებით. მაგრამ რეალობა მეტად რთული ასატანია”, – ამბობს ახალგაზრდა ქალი. 

„მადლობა ღმერთს, ჩემი ქმრის ძმა ერევანში ცხოვრობს და აქ, მათ სახლში, დიდი სითბოთი დაგვხვდნენ. დროთა განმავლობაში ვიქირავეთ ბინა, გადავედით და დავიწყეთ ფიქრი ჩვენი შვილების განათლებაზე. არამი “აშოტ ნავასარდიანის” 196-ე სკოლაში სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შევიდა.

არასოდეს დამავიწყდება რა სითბოთი მიგვიღეს დირექტორმა და მთელმა კოლექტივმა პირველსავე დღეს. მყავს ორი ქალიშვილი, ერთი 16 წლის, მეორე 12-ის. უფროსი წელს სკოლას ამთავრებს და აპირებს ეკონომიკის სწავლას.

მართალია, ჯერ არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ რეპეტიტირთან მოვამზადო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, მაგრამ ის ცდილობს თავისით ისწავლოს და მიიღოს საჭირო ცოდნა. 

ჩემი 12 წლის ქალიშვილი კი სტეფანაკერტის “ანანია შირაკაცის” სახელობის სემინარიაში სწავლობდა. ჩამოსვლის შემდეგ სემინარიის ერევნის ფილიალი დაგვიკავშირდა და შემოგვთავაზა სწავლის უფასო გაგრძელება, ასევე ტრანსპორტირება სემინარიამდე. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

“ბლოკადაც კი დავძლევთ, ოღონდ ჩვენს სამშობლოში ვიცხოვროთ”

2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანმა დაბლოკა ერთადერთი „სიცოცხლის გზა“ – ჰუმანიტარული დერეფანი, რომელიც არცახს მსოფლიოსთან აკავშირებს. არცახი დარჩა საკვების პროდუქტების, მედიკამენტების, პირველადი მოხმარების საგნების, ელექტროენერგიის და გაზის გარეშე.

„ბლოკადის დროს სათამაშოები არსად იყიდებოდა, არც ნაყინი, არც წვენი, საერთოდ არაფერი…”, – იხსენებს არამი.


ფოტო: მედიამაქსი

არამის დედა ამბობს, რომ მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ოჯახი ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა მათ სამ  შვილს არ ეგრძნო გაჭირვება.

„ჩვენ ფაქტიურად პური გამოვწურეთ ქვისგან. ჩვენ საკუთარ სახლში ვცხოვრობდით და ბაღში სწრაფად გავაშენეთ ბოსტანი. სოფლის მეურნეობაზე არაფერი ვიცოდით, მაგრამ გაუმარჯოს ინტერნეტს! – მოვიპოვეთ, ვისწავლეთ და გავაკეთეთ. სასოწარკვეთილებას არ ჰქონდა ადგილი, მუდმივად ვიმეორებდით: ეს არის ჩვენი ბრძოლა, უნდა დავძლიოთ ბლოკადა, რადგან გვინდა ჩვენს სამშობლოში ცხოვრება“.

არამის და მისი ორი დის საგანმანათლებლო დაწესებულებები მათი სახლიდან საკმაოდ შორს იყო, ქალაქის მეორე მხარეს. ამის მიუხედავად, როგორც ლირა მირზოიანი გვიყვება, ბავშვებს არასდროს გაუცდენიათ გაკვეთილები. ამისთვის სახლიდან ძალიან ადრე გადიოდნენ. 

„ამ დროს არამი სოსეს საბავშვო ბაღში დადიოდა. აქ ცდილობდნენ, როგორმე ოთახები გაეთბოთ, რომ ბავშვები არ გაყინულიყვნენ. 

ბუნებრივია, გაზი არ იყო, მაგრამ დენი როცა ირთვებოდა, თანამშრომლები უმალ რთავდნენ ელექტრო გამათბობლებს და ასე ახერხებდნენ გათბობას“, – იხსენებს არამის დედა.

აზერბაიჯანის მიერ არცახის ბლოკადა 2023 წლის სექტემბერში სრულმასშტაბიანი ომით დასრულდა. [აზერბაიჯანული ვერსიით “ანტიტერორისტული ოპერაცია”] 

“ვიმგზავრეთ, ვიმგზავრეთ და ბოლოს მოვაღწიეთ აქაურ სახლამდე”

არამი, ომის დაწყების დღის მოგონებისა, და შემდეგი მოვლენებიდან ზღაპარს თხზავს და ისე გვიყვება. მაგრამ ამ ზღაპარში სიკეთე არ იმარჯვებს.

„როდესაც ომი დაიწყო, მე და დედა საბავშო ბაღიდან ვბრუნდებოდით. პირველი აფეთქება რომ გავიგეთ, გავიქეცით და ავტოფარეხი დავინახეთ. ავტოფარეხთან კაცი იდგა. მან გამოგვძახა: “სწრაფად, აქეთ!”.

შიგნით შევედით. იქ უამრავი ბავშვი იყო, ისინი ტიროდნენ. მე ვთქვი: ნუ ტირით! ეს ჩვენები ისვრიან! დიდხანს ვისხედით იქ, მერე უცნობი ადამიანის მანქანაში ჩავსხედით და სკოლის სარდაფისკენ გავემართეთ. მომშივდა, დედაჩემს ვუთხარი და ერთმა გოგომ პურის ნაჭერი მომცა. შემდეგ ვიღაც კაცმა წყალი მომცა, დავლიე და დედაჩემის კალთაში ჩამეძინა. სარდაფში დიდხანს დავრჩით. შემდეგ კი ორი დღე გზაში გავატარეთ (არცახიდან სომხეთში – რედ.). დავიღალე. 

მამაჩემის მეგობარი ყურძნით გამიმასპინძლდა, დედაჩემმა პურის ნაჭერი მომცა, მეზობლებმა კი წყალი. ვიმგზავრეთ, ვიმგზავრეთ  და ბოლოს მოვაღწიეთ აქაურ სახლამდე. სახლიდან არაფერი წამომიღია. ყარაბაღში დაბრუნებაზე ვოცნებობ“.


ფოტო: მედიამაქსი

არამის დედა იხსენებს, რომ 19 სექტემბერს ბავშვის საქციელით უბრალოდ შოკირებული იყო. 

„მასზე ვნერვიულობდი, და ის ყველასთან ავტოფარეხში და სარდაფში ყველას ეუბნებოდა: „დამშვიდდით! არ იტიროთ!”. წარბები ორივე ხელით შემისწორა და მითხრა: ასე დაიჭირე, აღარ იტირო!

ახალი სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულება

არამი ახალ სასწავლო დაწესებულებაში თავს კარგად გრძნობს.

“მე აქ მომწონს. ვთამაშობთ, ვხატავთ. ახალი მეგობრები მყავს: სამველ, ალექს, არსენ და სხვები”.

აქ მისი ყოველდღიურობა სავსეა არა მხოლოდ თამაშებით, არამედ განათლებითა და სხვადასხვა აქტივობებით.

„ახლა ჭადრაკის მატჩისთვის ვემზადებით. დავამთავრებ და სკოლაში წავალ. ძალიან მინდა სკოლაში წასვლა, ოღონდ მართლა!” – ამბობს 6 წლის ბიჭი.

არამის მასწავლებელი მარინე მურადიანი ამბობს, რომ სომხების იძულებით გადასახლების შემდეგ აშოტ ნავასარდიანის 196-ე სკოლამ 8 ბავშვი მიიღო. 

„ამ ხნის განმავლობაში ქვეყანა ორმა ოჯახმა დატოვა, ახლა კი ექვსი ბავშვი გვყავს არცახიდან. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია, რომ აქ ჩვენ ყველანი ერთი ოჯახივით ვიყოთ. ასე რომ, ბავშვებმა, რომლებმაც განიცადეს ეს რთული მოვლენები, სხვა მოსწავლეებისგან იგრძნეს ზრუნვა და სიყვარული“.

მარინე მურადიანის თქმით, არამი საკმაოდ უნარიანია, მაშინვე ითვისებს მოსმენილს და აქტიურად მონაწილეობს ყველა ღონისძიებაში.

”მასში ისეთი თვისებები შევნიშნე, როგორიცაა დაცვისა და დახმარების სურვილი. ერთ დღეს მან დახატა სურათი წარწერით: „ადრე მე ვიცავდი ჩემს არცახს, ახლა კი ვიცავ ზოვუნის ქუჩებს“ (იმ დროს არამის ოჯახი ერევნის მახლობლად სოფელ ზოვუნში ცხოვრობდა – რედ.). 

მაშინაც კი, როცა ვინმე ცდილობს მის გვერდით მჯდომ გოგონას აწყენინოს, ის დგება და გაბრაზებული ყვირის: “ამხანაგო მარინა, კმარა, ამას ვერ ავიტან, ამ გოგოს აწყენინებენ!”.

მოგონებები და ოცნებები 

არამის დედა ამბობს, რომ ბავშვი მხოლოდ მის ყოფილ სახლზე, არცახზე და დაბრუნებაზე ოცნებობს. 

„გასულ კვირას მოვინახულეთ გარნის ტაძარი და გეღარდის მონასტერი. არამი მომვარდა: “დედა, მომეცი მონეტა, სწრაფად”. გეღარდის ტაძარში არის წმინდა ჭა, შეგიძლია სურვილი ჩაიფიქრო და მონეტა ჭაში ჩააგდო. გავყევი და დავინახე, რომ ხმამაღლა ამბობდა: “მე მინდა, რომ არცახი იყოს ჩვენი, მინდა ჩემი დაბადების დღე იქ აღვნიშნო” და წყალში ჩააგდო მონეტა. გამუდმებით იხსენებს თავის სახლს. ნაქირავებ ბინაში რომ გადავედით, შემოვიდა და თქვა: დედა, ეს კარგი სახლია, მაგრამ ჩვენი უკეთესია, ხო მართალი ვარ? ვამჩნევ, რომ ის მუდმივად აკეთებს შედარებას: „არცახში, აი, ეს აქ იყო, საქანელაც სხვა იყო“.


ფოტო: მედიამაქსი

– არამ, ერევანი და სტეფანაკერტი ჰგვანან ერთმანთს? – ვეკითხები ბავშვს.

– დროშებში მსგავსება არის, უბრალოდ ერევანში თეთრი ხაზი არ არის, ყარაბაღში კი არის“, – პასუხობს ის.

ბოლოს ვბედავ და ვეკითხები: რა ახსოვს და რა ენატრება არცახში? 

– იქ მქონდა დიდი ეზო, საქანელა, მეგობრები, ველოსიპედი. მინდა, რომ არცახი ისევ ჩვენი გახდეს.

– გინდა დაბრუნება? – ვეკითხები მე. 

“ძალიან!”, – პასუხობს ექვსი წლის ბიჭი ერთი სიტყვით და ურყევი მონდომებით.


ავტორი: იანა შახრამანიანი

ვიდეო: გაიანე ენოქიანი

ფოტო: ემინ არისტაკესიანი

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 მაისის 21 საათიდან 22 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 23-24 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

დღეს ბათუმში სტუდენტები დილიდან უნივერსიტეტის კიბეებთან შეიკრიბებიან – „არა რუსულ კანონს“

დღეს, 21 მაისს, დილის 11 საათიდან ბათუმის სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ სტუდენტების გაფიცვას აანონსებს.

სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან შეიკრიბებიან.

ბათუმში სტუდენტური მოძრაობა რუსული კანონის გამო 13 მაისს გაიფიცა და ამ დრომდე საპროტესტო აქციებს მართავენ ბათუმში.

რა ხდება 

საქართველოში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ „ოცნებამ“ უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ „ოცნებამ“ კანონპროექტი უკან დააბრუნა.

ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტ და გაამყარა პუტინის რეჟიმი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 495 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 380]
  • ტანკი – 7 605 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 14 699 ერთეული [+34]
  • საარტილერიო სისტემა – 12 779 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 077 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 811 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 354 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 290 ერთეული [+54]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 207 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 27 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 383 ერთეული [+72]
  • სპეცტექნიკა – 2 085 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 601 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 464 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 523 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 114 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 306 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 717 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 872 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როდის დასრულდება სამუშაოები ახალ ბულვარში – ზღვაში კიდევ 110 ათას კუბამეტრ ხრეშს შეიტანენ

ბათუმის ახალ ბულვართან ხელოვნური პლაჟის შესაქმნელად წელს 110 ათასი კუბური მეტრი ხრეშის შეტანაა დაგეგმილი. პლაჟის შენარჩუნების გარდა ხრეშის შეტანა აუცილებელია სანაპირო ზოლის დასაცავად. ხრეშს, რომელიც ზღვაში უნდა ჩაყარონ, მდინარე ჭოროხიდან ამოიღებენ.

ხრეშის შეტანას 2 თვე დასჭირდება. სამუშაოები ზაფხულში ალბათ არ დაიწყება, თუმცა, საზაფხულო სეზონის წინ, ბათუმის ახალ ბულვარში დღეს სხვა, ნაპირგამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც გასული წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. ამასთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის დაიწყება სამუშაოები ბათუმის კონცხზე, სადაც ბანაობა საფრთხის შემცველია.

ნაპირსამაგრი ნაგებობა და პლაჟზე ჩასასვლელი კიბე ახალ ბულვარში / 20.05.2024

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ხრეშის შეტანასთან დაკავშირებით სკრინინგის ანგარიში გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 16 მაისს გააგზავნა.

„გაცნობებთ, რომ სამმართველო 2024 წელს გეგმავს პროგრამის – „პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები“ განხორციელებას. ამ მიზნით შესყიდული იქნა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ამასთან, მომზადებული იქნა შესაბამისი სკრინინგის ანგარიში. გთხოვთ განიხილოთ და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – წერს აჭარის სამმართველო ეროვნულ სააგენტოს.

სამუშაოების დაწყება სააგენტოს მიერ მიღებული სკრინინგის გადაწყვეტილების შემდეგ იქნება შესაძლებელი. პლაჟის ხელოვნური კვებისთვის კი, აჭარის 2024 წლის ბიუჯეტში 2 მილიონ 300 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ჭოროხიდან ამოღებული ხრეშს ზღვის სანაპიროზე ორ ადგილზე შეიტანენ – აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ზღვისგან დანგრეული პირსის მიმდებარედ.

„პირველ უბანზე რეცხვადი ბერმის [რომელიც ხრეშის შეტანით მოეწყობა] სიგრძე შეადგენს 325 მეტრს, ხოლო სიგანე იცვლება 30 მეტრიდან 40 მეტრამდე. ამ უბანზე [აეროპორტის მიმდებარედ] შეტანილი იქნება 35 ათასი კუბური მეტრი პლაჟწარმომქმნელი მასალა.

მეორე უბანზე რეცხვადი ბერმის სიგრძე შეადგენს 290 მეტრს, ხოლო სიგანე იცვლება 50 მეტრიდან 55 მეტრამდე. ამ უბანზე [დანგრეულ პირსთან] შეტანილი იქნება 75 ათასი კუბური მეტრი მასალა.

რეცხვადი ბერმის პარამეტრები, არის პირობითი და მისი განზომილება შეიცვლება შტორმული რეჟიმიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.

კარიერი მდინარე ჭოროხზე, საიდანაც ამოღებულ ხრეშს ახალ ბულვართან ზღვაში ორ უბანზე ჩაყრიან [აეროპორტის ასაფრენი ზოლისა (უბანი 1) და ზღვისგან დანგრეული პირსის (უბანი 2) მიმდებარედ]

სკრინინგის ანგარიშში აღნიშნულია ასევე, რომ „ინერტული მასალის მოპოვების გამოყოფილ კარიერზე გათვალისწინებულია არსებული გზის აღდგენა და ადგილობრივი მასალისგან 424 მეტრი სიგრძის წყლის ასაცილებელი დამბის [ფოტოზე აღნიშნულია წითელი ხაზით] მოწყობა“.

  • „მდინარე ჭოროხის მიერ გამოტანილი ნალექების დიდი ნაწილი გადაადგილდება კანიონში დიდ სიღრმეზე და არ იღებს მონაწილეობას ჭოროხი-ბათუმის რაიონის სანაპირო ზონის ფორმირებაში… კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს მდინარეთა შორის ჭოროხის მყარი გამონატანის რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო თურქეთში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის აშენებამდე.
  • პლაჟებისთვის, მდინარით ჩამოტანილი მკვებავი მასალის მიწოდების მექანიზმი დღეისათვის მთლიანად მოშლილია. თურქეთის ტერიტორიაზე, ჰიდროტექნიკური ნაგებობებით გადაკეტვის გამო, რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მყარი ჩამონადენის მქონე მდინარე ჭოროხს, თითქმის აღარაფერი აღარ გამოაქვს სანაპიროზე,“ – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.
ხელოვნურად შექმნილი პლაჟი ახალ ბულვარში, სადაც წელს ხრეში დამატებით უნდა შეიტანონ / 20.05.2024

აღსანიშნავია, რომ ახალი ბულვარის მიმდებარედ იმ ადგილებში, სადაც წელს ხრეში უნდა შეიტანონ, 2022-23 წელსაც შეიტანეს დაახლოებით 410 ათასი კუბური მეტრი პლაჟწარმომქმნელი მასალა, რის შედეგადაც ნაწილობრივ აღდგა შტორმით თითქმის მთლიანად წარეცხილი პლაჟის ზოლი.

ამ თემაზე: ახალ ბულვარში ზღვის ხელოვნური კვება დასრულდა – მოაწყობენ თუ არა პლაჟს

განახლება: 2024 წლის 5 ივნისს, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სკრინინგის პროცედურა საერთოდ შეწყვიტა, ვინაიდან სამუშაოები ჩაითვალა არა ახალი ნაგებობის [რეცხვადი ბერმის] მოწყობად, არამედ ძველი ბერმის რეკონსტრუქციად, რაც შესაბამისი კანონმდებლობით არ საჭიროებს სკრინინგის დასკვნას.

„ვინაიდან, თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ნაპირდაცვითი სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული რეცხვადი ბერმის რეკონსტრუქცია, რაც არ საჭიროებს სკრინინგის პროცედურების გავლას, სააგენტო წყვეტს ქ. ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ შავი ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი (ნაპირსამაგრი) სამუშაოების განხორციელებაზე სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.“ – მიწერეს ეროვნული სააგენტოდან აჭარის სამმართველოს.

ზღვის ხელოვნური კვების პარალელურად, ადგილობრივმა მთავრობამ ახალ ბულვარში შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენისა და ნაპირის დაცვის მიზნით ხელოვნური ნაგებობის აშენება გადაწყვიტა.

პროექტი, რომელშიც 15,6 მილიონი ლარი იხარჯება, 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ეს ვადა ჯერ 2024 წლის მარტამდე, შემდეგ კი ივნისამდე გადაწიეს. სამუშაოებს შპს „გზა“ ახორციელებს.

ცვლილების ტექსტში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დეტალი პროექტში არ იყო თავიდანვე გათვალისწინებული, რის გამოც აუცილებელია ვადის გადაწევა.

მაგალითად:

  • „გაირკვა, რომ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ პლაჟზე, პერიოდულად იმისათვის შედის ინერტული მასალა, რომ იქ მოძრავმა მძიმე ტექნიკამ არ დააზიანოს მოწყობილი პრომინადი, საჭიროა ჟილინის არხის მიმდებარედ მძიმე ტექნიკის დერეფნის მოწყობა, რაც თავის თავში გულისხმობს 25 სმ სისქის ორმაგად არმირებული რკინაბეტონის ფილას.
  • შესაცვლელია კობალაძის არხის ზღვაში გამსვლელის ფორმაც, რომლის საშუალებითაც შტორმისას მოხდება პროექტით გათვალისწინებული არხის შევსება ინერტული მასალებით. ამჟამინდელი კონსტრუქცია პრაქტიკულად არ იძლევა მისი გაწმენდის საშუალებას, რაც ძლიერი წვიმის შემთხვევაში გამოიწვევს ქალაქის დატბორვას.
  • ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ პრომინადზე მუდმივად გადაადგილდება ბათუმის ბულვარის, სანდასუფთავებისა და ბათუმის წყლის სატვირთო მანქანები თუ მძიმე სპეცტექნიკა, საჭიროა პრომინადის სისქის გაზრდა პროექტით გათვალისწინებული 10 სანტიმეტრიდან 18 სანტიმეტრამდე, რათა არ მოხდეს ახლად აღდგენილი პრომინადის მალევე დაზიანება;
  • აუცილებელია პრომინადზე ზედაპირული ნალექის დაგროვებისგან თავის არიდების მიზნით, ტალღამრიდი ბლოკების გასწვრივ, სანიაღვრე არხის მოწყობა.
  • პროექტში არ იყო გათვალისწინებული პლაჟზე გადასასვლელი შშმ პირთათვის. ერთკილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ შენდება 1 მეტრი სიმაღლის კედელი, ხოლო იმისათვის, რომ პლაჟის ეს მონაკვეთი ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, აუცილებელია რამდენიმე ერთეული ადაპტირებული პანდუსის მოწყობა საპროექტო მონაკვეთის გასწვრივ, ქუჩის გადასასვლელების წინ.
შშმ პირებისთვის პანდუსი პლაჟზე ჩასასვლელად ახალ ბულვარში / 20.05.2024
  • გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პროექტის მიმდინარეობისას, ნოემბერ-დეკემბრის თვეებში ხშირი იყო ძლიერი წვიმები, ასევე მოხდა დიდი მასშტაბის სტიქია, რამაც მთელ სანაპირო ზოლთან ერთად განსაკუთრებულად დააზიანა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორია. აგრეთვე დააზიანა კომპანიის მიერ მოწყობილი ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც მათ მოუწიათ უკვე ჩატარებული სამუშაოების ხელმეორედ შესრულება.
  • ამასთან სტიქიის შემდგომ პერიოდშიც ობიექტზე ვერ განახლდა სამუშაოები, რადგან სტიქიამ ფაქტობრივად წაიღო პლაჟი, დააზიანა და დაანაგვიანა ბულვარის ტერიტორია. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა მისი აღდგენა-მოსწორება, რომლის გაწმენდის გარეშეც ობიექტზე სამუშაოები ფაქტობრივად ვერ განახლდებოდა.
  • ზემოაღნიშნული, განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ხელშეკრულებაში შევიდეს ცვლილება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვროს 2024 წლის 10 ივნისი.“

ამ თემაზე: რატომ ვერ აღადგინეს ახალ ბულვარში სანაპირო – პროექტში ბათუმი 15,6 მილიონს ხარჯავს

2024 წლის 20 მაისის მდგომარეობით, შპს „გზისთვის“ უკვე გადახდილია 10 692 505 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 68%].

განახლება: 2024 წლის 7 ივნისს სამუშაოების ვადა კიდევ ერთხელ გადაწიეს. ამჯერად 2024 წლის 2 ივლისამდე, თუმცა კომპანია გადავადებას 21 ივლისამდე ითხოვდა. რაც შეეხება მიზეზებს, შესაბამის შეთანხმების ოქმში ბათუმის მერიის სამმართველო აღნიშნავს, შემდეგს: 

  • „მიმდინარე წლის 6 ივნისს შპს „გზა“-მ მოგვმართა წერილობით და გვაცნობა ობიექტზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, კერძოდ, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დაკვეთით ბულვარის სანაპირო ზოლის გასწვრივ მიმდინარეობს ველობილიკის მოწყობის სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ასევე უნდა აღდგეს ველობილიკი ჩვენი საპროექტო ტერიტორიის გასწვრივაც.
  • აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობამ და საპროექტო ტერიტორიაზე მძიმე სპეცტექნიკის მოძრაობამ გარკვეული ვადით შეაფერხა კონტრაქტორი კომპანიის სამუშაოები, კერძოდ დღემდე შეუძლებელია „მძიმე ტექნიკის დერეფნის“ მოწყობა, რადგან ისინი ამ მონაკვეთს იყენებენ საკუთარი ტექნიკის გადასაადგილებლად, ასევე შეუძლებელია სამუშაო ფრონტის სრულად გაშლა იმ ტერიტორიზე სადაც უნდა მოეწყოს სავალი ბილიკი, პრომინადი (10მ სიგანე) რომლის ნახევარზეც მოძრაობს სსიპ „ბათუმის ბულვარის“ კონტრაქტორი კომპანიის სპეცტექნიკა. აღნიშნულ მონაკვეთებზე სამუშაოების სრულად ჩატარება გამოიწვევს მათ პარალიზებას.
  • აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოები აგრეთვე შეაფერხა შსს სათვალთვალო კამერებისათვის დამატებითი კაბელის გაყვანამ.
  • ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კომპანია ითხოვს ვადის გაგრძელებას მიმდინარე წლის 20 ივლისის ჩათვლით, მაგრამ ჩვენს მიერ შერჩეულ გონივრულ ვადად განისაზღვრა 2024 წლის 1-ლი ივლისის ჩათლით პერიოდი. ამასთან, განხორციელებულ ცვლილება N4-ში ფიქსირდება მექანიკური ხარვეზი მოცულობებთან დაკავშირებით, რაც დაკორექტირდა ერთეული ფასის შეუცვლელად. განსახორციელებელი ცვლილების შედეგად საბოლოო სახელშეკრულებო ღირებულება რჩება უცვლელი.“
ახალი ბულვარი / აქ პრომინადისა და ველობილიკის მოწყობა შეცვლილი ხელშეკრულების მიხედვით 2024 წლის 11 ივნისამდე უნდა დასრულდეს / 20.05.2024

ბათუმის სანაპიროზე კიდევ ერთი ავარიული უბანია, სადაც პრობლემას ჭარბი ნატანი წარმოადგენს.

ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან ამ ეტაპზე, ჯამში, 43 000 კუბური მეტრი ნატანია ამოსაღები. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრას, წინასწარი გათვლებით 3,5 მილიონი ლარი დასჭირდება.

ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხის შემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს. ამას კი შესაძლოა კატასტროფული შედეგიც კი მოჰყვეს.

ჭარბი ნატანის კონცხიდან ამოღება-მახინჯაურში ჩაყრის პროექტთან დაკავშირებით სკრინინგის პროცედურა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა იმავე წლის დეკემბერში შეწყვიტეს – „ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო“.

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სკრინინგის ანგარიში და სხვა დოკუმენტები გარემოს ეროვნულ სააგენტოში ხელახლა, 2024 წლის პირველ აპრილს წარადგინა.

ამ თემაზე: ბათუმის კონცხის სახიფათო ადგილებიდან ხრეშის გატანას 6 თვე დასჭირდება

ამ შემთხვევაშიც სკრინინგის პროცედურა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა და სამმართველოს გარკვეული დეტალების დაზუსტება მოსთხოვა.

ბათუმის კონცხი

„ახლო მომავალში აუცილებლად უნდა შემუშავდეს [ბათუმის] სანაპიროს ექსპლოატაციის და ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგია. წინააღმდეგ შემთხვევაში კატასტროფული მოვლენები გარდაუვალია, ვინაიდან ამოწურულია ზღვის სანაპიროს ბუნებრივი დინამიკის აღდგენის ყველა შესაძლებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში, რომლის მომზადებაშიც აჭარის ბიუჯეტიდან 19 700 ლარი დაიხარჯა.

ვრცლად: ბათუმში კატასტროფა გარდაუვალია ზღვისგან დაცვის ახალი სტრატეგიის გარეშე – კვლევა

 

თიბისის მობაილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას მომენტალურად შეძლებთ

თიბისის მისიაა, გაუმარტივოს ადამიანებს ყოველდღიურობა, სწორედ ამ მოტივაციით შეიქმნა ფუნქციონალი მობაილბანკში, რომელიც სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას შესაძლებელს ხდის, თანხა კი ბარათზე მომენტალურად აისახება.

მომენტალური გადარიცხვის ტექნოლოგია ქმნის მობაილბანკიდან გადარიცხვის/გადმორიცხვის შესაძლებლობას დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ბანკის ბარათით და მომენტალური ასახვით.

გადარიცხვა შესაძლებელია:

  1. თიბისის ბარათიდან ნებისმიერი სხვა საქართელოში მოქმედი ბანკის ბარათზე 
  2. სხვა ბანკის ბარათიდან თიბისის ბარათზე.  
  3. სხვა ბანკის ბარათიდან ისევ სხვა ბანკის ბარათზე. 
  4. ციფრული საფულიდან, apple pay/google pay-ს მეშვეობით თანხის დამატება თიბისის ბარათზე.

თანხის გადარიცხვა ან გადმორიცხვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერი ბანკის Visa და MasterCard ბარათებიდან იქნება შესაძლებელი 24/7-ზე.

გადარიცხვა აუცილებლად უნდა შესრულდეს “საკუთარ ანგარიშზე” ღილაკის გამოყენებით, რომ თანხა მომენტალურად აისახოს. გადარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ლარის ვალუტაში და თითო გადარიცხვის საკომისიო ერთი ლარია.

ამ ფუნქციონალით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აუცილებელი პირობაა, რომ მომხმარებელი სარგებლობდეს თიბისის მობაილბანკით.

აპირებს თუ არა ბსუ გაფიცული სტუდენტების მოთხოვნების შესრულებას

მას შემდეგ რაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ხელი მოაწერა 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, სადაც ნათქვამი იყო, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე, ბათუმში სტუდენტური მოძრაობის წევრებმა ბსუ-ს რექტორს, მერაბ ხალვაშს ხელმოწერის უკან გამოთხოვა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

სტუდენტები ასევე მოითხოვდნენ, შეკრებილიყო აკადემიური საბჭო და ემსჯელათ რექტორის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე და მათთვის მიეცათ უფლება, დასწრებოდნენ აკადემიური საბჭოს სხდომას.

„ასევე, მოვითხოვთ გარანტიას, რომ გაფიცულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, აღადგინონ გაცდენილი ლექციები, სემინარები და გამოცდები“- აცხადებდნენ სტუდენტური მოძრაობის წევრები, რომლებიც რუსული კანონის გამო 13 მაისის შემდეგ გაფიცულები არიან და ამ დრომდე საპროტესტო აქციებს მართავენ ბათუმში.

„ბათუმელები“ ბსუ-ს ადმინისტრაციას დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებენ თუ არა სტუდენტების მოთხოვნების შესრულებას და რა პროცესშია მოლაპარაკებები.

უნივერსიტეტის პრესსამსახურმა ჩვენს კითხვებს წერილობით ნაწილობრივ უპასუხა.

„ლექცია-სემინარების აღდგენასთან დაკავშირებით, რექტორი შეთანხმდა სტუდენტებთან. აღდგენა მოხდება გონივრულ ვადაში. ველოდებით სტუდენტების განცხადებებს, რის საფუძველზეც დაიწყება აღდგენების გრაფიკისა შედგენა, მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით“ – აცხადებენ უნივერსიტეტში.

რაც შეეხება აკადემიური საბჭოს მოწვევას და მსჯელობას რექტორის ხელმოწერაზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან ასევე გვიპასუხეს, რომ „მზადდება პასუხი და წერილობით ეცნობება განცხადების ავტორებს“.

_______________

ფოტოზე: „არა რუსულ კანონს“ – აქცია ბსუ-სთან

მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკი მონაწილეებს ელის!

მედიის განვითარების ფონდი (MDF), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით, აცხადებს კონკურსს მედიაწიგნიერების საზაფხულო ბანაკის მონაწილეების შესარჩევად.

4-დღიანი საზაფხულო ბანაკის მონაწილეები ქართული და ესპანური ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების – „მითების დეტექტორის“ და „მალდიტასა“ ერთობლივ, ინტენსიურ მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგს გაივლიან და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურის გამოცდილებას გაეცნობიან. 

საზაფხულო ბანაკი ინტერაქტიული ფორმატით წარიმართება, რა დროსაც მონაწილეები ცოდნასა და უნარებს შემდეგ საკითხებში გაიღრმავებენ:

  • ინფორმაციული ქაოსი და ახალი მედიაეკოსისტემა
  • ფაქტების გადამოწმება და ვერიფიკაცია
  • ვიზუალური მანიპულაციის ტიპები და მათი გადამოწმების ტექნიკები
  • გეოლოკაციის მეთოდისა და ინსტრუმენტების გამოყენება
  • სოციალური მედიის ყალბი ანგარიშების ვერიფიკაცია
  • სოციალურ მედიაში კონტენტის შექმნის ტექნიკები

ბანაკი ყაზბეგში, 11-14 ივლისს გაიმართება.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • თუ ხარ 18-25 წლის ახალგაზრდა;
  • გაქვს მედიაწიგნიერების პროექტის იდეა, რომელსაც საზაფხულო ბანაკის დროს განავითარებ;
  • შეავსე აპლიკაციის განაცხადი:  https://forms.gle/8wpeUdKsbVe9eVUw5
  • და სააპლიკაციო ფორმაში ფაილის სახით ატვირთე ან განათავსე ბლოგის ან ვლოგის ბმული.
  • აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე

საკონკურსო ბლოგი/ვლოგი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • შეეხებოდეს მედიაწიგნიერების და დეზინფორმაციის თემას
  • ბლოგი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას და გამოიგზავნოს ვორდის დოკუმენტის ან ბმულის სახით
  • თუ მონაწილე ბლოგის ნაცვლად ვლოგის ფორმატში გადაწყვეტს საკუთარი მოსაზრების გამოხატვას, ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წთ-ს.

საკონკურსო აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა 31 მაისია. 

მედიის განვითარების ფონდი გამარჯვებულ აპლიკანტებს ივნისში დაუკავშირდება.

ბანაკში მგზავრობა, ცხოვრება და ტრენინგი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. ტრენინგის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით. 

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

მედიის განვითარების ფონდი 2008 წელს შეიქმნა და დღეს დეზინფორმაციის კვლევის, მედიის მონიტორინგისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით წამყვანი ადგილობრივი ორგანიზაციაა.  

Maldita.es (მალდიტა.ეს) 

Maldita.es არის დამოუკიდებელი ესპანური ჟურნალისტური პლატფორმა, რომელიც ფაქტების გადამოწმებისა და მონაცემთა ჟურნალისტიკის მეშვეობით დეზინფორმაციისა და საჯარო დისკურსის შესწავლაზეა ფოკუსირებული.  

 EUvsDisinfo

EUvsDisinfo არის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის „აღმოსავლეთ სტრატკომის” (East Stratcom Task Force) ფლაგმანი პროექტი.

ის 2015 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ევროკავშირზე, მის წევრ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებზე გავლენის მქონე რუსეთის ფედერაციის დეზინფორმაციის მიმდინარე კამპანიების უკეთ პროგნოზირებას, მათ მიმართ მოქმედებას და მათზე რეაგირებას.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა არის ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) და ბრიუსელში მომუშავე ევროკომისიის წარმომადგენელი სტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების წარმოდგენაში, კავშირებისა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

წარმომადგენლობის როლი არის საქართველოში ევროკავშირის წარმოდგენა, ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაცია და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განმტკიცება.

ტენდერი ონლაინ მედიებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს ტენდერს.

ტენდერი ცხადდება პროექტის ფარგლებში – „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას, საზოგადოების ფართო ჩართულობითა და თანამშრომლობით; ქვეყანაში დემოკრატიის, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების, მედიის, ბიზნესის, ახალგაზრდა ადვოკატებისა და აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერასა და გაძლიერებას; სამეცნიერო კვლევებისა და საზოგადოებრივი დიალოგის ინიციირებას; საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების ზრდას.

პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა მედია კონტენტის და ასევე სოციალურ ქსელებში კამპანიის წარმოება – „ძალა ევროკავშირშია“ (Strength is in the EU).

„ძალა ევროკავშირშია“(Strength is in the EU) – ამ კამპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის პროცესს აქტიური მედიაკამპანიის გზით, ევროპული ღირებულებების დაცვასა და განმარტებას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული ხელოვნური წინაღობების იდენტიფიცირებასა და მხილებას, მნიშვნელოვანი თემების ინიციირებასა და დისკუსიას.

ტენდერის ფარგლებში შექმნილი მასალების მიზნები:

ცნობიერების გაზრდა – საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინფორმირება საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობის ეფექტურ შედეგებზე.

ინფორმირებულობის გაზრდა – საქართველოს იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გასახსნელად.

მითების დამსხვრევა – ევროკავშირთან დაკავშირებული არასწორი ინფორმაციის გაბათილება და მის სანაცვლოდ გადამოწმებული, ფაქტებზე და შედეგებზე დაფუძნებული ინფორმაციის გავრცელება.

დადებითი შედეგების ჩვენება – საქართველოს და ევროკავშირის მეგობრობის და პარტნიორობის შედეგად მიღებული მრავალმხრივი დადებითი მაგალითების ჩვენება მარტივი, ხელმისაწვდომი და დასამახსოვრებელი ფორმით.

მხარდაჭერის გაზრდა – საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის, ინდივიდების ჩართულობის ზრდა და თანამონაწილეობის განცდის გაჩენა, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი თითოეულ მათგანს, მათ ოჯახის წევრს ეხება და უკეთესობისკენ ცვლის მათი ცხოვრების ხარისხს.

მნიშვნელოვანია: სატენდერო მასალების წარმოებისას აქცენტი გაკეთდეს ევროკავშირის, როგორც საქართველოს მეგობრის და პარტნიორის სტატუსზე, რაც ხელს შეუწყობს მცდარი აღქმის – ევროკავშირის, როგორც მეურვის და ზედამხედველის იმიჯის ცვლილებას, რომლის დამკვიდრებას და ამ გზით ადამიანების შეცდომაში შეყვანას აქტიურად ცდილობენ. შესაბამისად, უნდა გაძლიერდეს კომუნიკაცია, რომ უკვე მრავალი წელია, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან აკავშირებს მეგობრული, თანასწორ უფლებებზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომლის საბოლოო მიზანი ისტორიული მიზნის მიღწევა და საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებაა.

სამიზნე ჯგუფები: ფართო საზოგადოება; სტუდენტები, ახალგაზრდები; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები; მცირე, რეგიონული მეწარმეები; ბიზნესკომპანიები; საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები; საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

საკომუნიკაციო არხები: სატენდერო მასალები უნდა გავრცელდეს სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმის (Facebook; Instagram; TikTok; YouTube) საშუალებით და უნდა ეფუძნებოდეს, ტენდერში გამარჯვებული ონლაინ მედია საშუალების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებს.  

მონიტორინგი და შეფასება

კოალიციის წევრები გამოიყენებენ მონიტორინგისა და შეფასების შემდეგ მეთოდებს:

  • ყოველთვიური ანგარიში დასრულებული სამუშაოს დეტალური აღწერა, მათ შორის გამოქვეყნებული მასალები ჰიპერბმულებით
  • აუდიტორიის ჩართულობის მონიტორინგი და შეფასება;
  • სოციალური მედიისა და ვებგვერდის სტატისტიკის ანალიზი;

წინამდებარე ტენდერში კამპანიის წარმოებისთვის შეირჩევა 10 ონლაინ მედია საშუალება.

ტენდერში გამარჯვებული მედია საშუალებებისთვის მომზადდება კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა აწარმოოს ტენდერში გამარჯვებულმა მედიამ კამპანია – „ძალა ევროკავშირშია“.

ტენდერში მონაწილეობის პირობები: 

    • მოსამზადებელი მედია პროდუქტის ერთეულის ფასის ზედა ზღვარი: 200 ევროს ეკვივალენტი ლარში, თანხის ჩარიცხვის დღეს არსებული შეღავათიანი საბანკო კურსით; თანხაში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი; 
    • მოსამზადებელი მედია პროდუქტის მინიმალური რაოდენობა 25 ერთეული, მაქსიმალური რაოდენობა 80 ერთეული. 
  • მომზადებისა და გამოქვეყნების პერიოდი: ივლისი – ოქტომბერი, 2024

ტენდერში მონაწილეობის პროცედურა 

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა ონლაინ მედია საშუალებებმა უნდა წარმოადგინონ:

  • სრულყოფილად შევსებული სატენდერო წინადადება 
    • განმცხადებელი ორგანიზაციის დასახელება 
    • მედია პლატფორმა 
    • რეგიონული ფოკუსი არსებობის შემთხვევაში 
    • გამომცემლობის ენა 
    • სოციალური მედიის ქსელები [გამომწერების რაოდენობის მითითებით] 
    • განხორციელების პერიოდი
    • საკონტაქტო პირი 
    • ინფორმაცია განმცხადებელი ორგანიზაციის შესახებ – ისტორია და საქმიანობის მოკლე აღწერა, აუდიტორიის დახასიათება და გავლენები. 
    • სატენდერო წინადადება – მიუთითეთ რა ფორმატის და რაოდენობის მედიაპროდუქტს შექმნით თანამშრომლობის შემთხვევაში 
    • გამოცდილება და მაგალითები – მიუთითეთ თუ გქონიათ საინფორმაციო კამპანიის წარმოების გამოცდილება ან/და ის მედიაპროდუქტები, რომელთა მსგავსის შექმნასაც გეგმავთ კამპანიის ფარგლებში  
    • ბიუჯეტი 
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ. 

კონკურსში მონაწილეთა შეფასების სქემა

  • შეფასების კომპონენტი – გამოცდილება, პროფესიული მედიასტანდარტები და რეპუტაცია; შეფასების წონა – 30%
  • შეფასების კომპონენტი – კრეატიული კონცეფცია და ხედვა; შეფასების წონა – 30%;
  • შეფასების კომპონენტი – ერთი საინფორმაციო ნიმუში (პოსტის ტექსტი და ვიზუალი), შეფასების წონა – 20%;
  • შეფასების კომპონენტი – მომსახურების ღირებულება; შეფასების წონა – 20%.

პროექტის განმახორციელებელი გუნდი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დამატებით ინტერვიუს ჩატარების საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

პრეტენდენტს შეარჩევს პროექტის გუნდი. შემსყიდველი ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელიც დააკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს.

განაცხადი მიიღება ელექტრონულად 2024 წლის 25 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: batumi_ijh@yahoo.com. სათაურში მიუთითეთ „ძალა ევროკავშირშია“.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მისამართზე: ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი #48;

საკონტაქტო პირი: ასლან ჭანიძე. ელ.ფოსტა: batumi_ijh@yahoo.com

_____

პროექტი მხარს უჭერს ევროკავშირი, მას ახორციელებს კონსორციუმი „კონრად ადენაუერის ფონდის“ (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (IJH).

დღეს მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა

დღეს 20 მაისს, საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა მე-12 კლასელებისთვის.

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-12 კლასელები სამახსოვრო წარწერებს უტოვებენ თანაკლასელებს მაისურებზე.
ასე აღნიშნავენ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე-12 კლასელები ბოლო ზარს.
„შინ ევროპაში“ – ბოლო ზარზე მე-8 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი გოგოსთვის
ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა ერთმანეთს თეთრი პერანგები სამახსოვრო წარწერებით მოუხატეს.

დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია მე-12 კლასელების „თეთრპერანგიანების მარში“ – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. ამით ახალგაზრდები გამოხატავენ თავიანთ მისწრაფებას და სურვილს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირი წევრი და ვერ შეძლოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყნის რუსულ ორბიტაზე გადაყვანა.

„მათ საქართველო უნდათ ქართველების გარეშე, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ“ – 18 წლის აქტივისტი ბათუმიდან | ვიდეო

„როცა წლების წინ, პირველად შევხედე საქართველოს რუკას, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო პატარა ხაზებით იყო გამოყოფილი, ამ ტერიტორიებზე მისვლა, ჩვენი ისტორიის და კულტურის დაფასება კი არ შეგვეძლო, ალბათ ეს იყო ის მომენტი, როცა მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც წარმომედგინა“, – ამბობს 18 წლის გიორგი დუმბაძე.

სამოქალაქო აქტივისტი თითქმის ერთი თვეა ანტირუსულ აქციებზე დგას და სხვა თანატოლებთან ერთად ებრძვის რუსეთის რბილ ძალას საქართველოში.

გიორგი მიიჩნევს, რომ რუსულ ძალას, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უნდა ვებრძოლოთ, რადგან ოკუპანტმა ქვეყანამ ვერ შეძლოს ფეხის მოკიდება, ვერც ქვეყნის ეკონომიკაში და ვერც კულტურაში.

„თბილისში როცა გვიწევს მე და ჩემს მეგობრებს ტაქსით გადაადგილება, მაგალითად არ ვიძახებთ რუსულ ტაქსის და ვიძახებთ ისეთს, რომელიც არ ემსახურება რუსულ მიზნებს.

აი ის ფაქტი თუნდაც, რომ რუსული კანონის მხარდამჭერ კომპანიებს ბოიკოტი გამოუცხადეს ადამიანებმა, ესეც არის ჩვენი სამოქალაქო პოზიცია და ბრძოლა რუსულ ძალასთან.

ასევე შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსული პროდუქციის მოხმარებაზე და ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი ბრძოლა.

შარჟად ქცეული რუსული ზეთისთვის უარის თქმაც არის ასევე ნაბიჯი იქითკენ, რომ არ გააძლიერო რუსული ეკონომიკა.

ამის მაგალითია თუნდაც  ის, რომ წინა წლის მონაცემებით „გაზპრომმა“, თითქმის 7 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა. ასეთი პატარ-პატარა და მკვეთრი ნაბიჯებით შეგვიძლია ვებრძოლოთ რუსეთს ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც საკმაოდ კარგად აქვს ფესვი გადგმული სამწუხაროდ“, – ამბობს გიორგი დუმბაძე.

გიორგი დუმბაძე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ბათუმში.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში შესამჩნევია ის ფაქტი, რომ სამომხმარებლო ბიზნესი ნაკლებად უტოვებს არჩევანს მომხმარებლებს და თითქოს ნელ-ნელა იდევნება ევროპული პროდუქცია სამომხმარებლო ბაზრიდან.

„ბუნებრივია, ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანი, როცა მაღაზიაში შედის პროდუქტის საყიდლად. ამიტომ ქსელური მაღაზიების ასეთ პოლიტიკასაც უნდა ვებრძოლოთ, რომლებიც დევნიან არარუსულ პროდუქციას და აღარ უტოვებენ ადამიანებს არჩევანის შესაძლებლობას.

თუმცა ამაზეც აქვთ ადამიანებს მყისიერი რეაგირება ხოლმე, იქმნება ჯგუფები, იქმნება გვერდები და ძალიან მარტივად ამბობენ უარს იმ მაღაზიის თუ კომპანიის მომსახურებაზე, რომლებიც ქვეყნისა და ხალხისთვის საზიანო რაღაცებს აკეთებენ, ბოიკოტს უცხადებენ.

გიორგი დუმბაძე/აქტივისტი

რაც შეეხება რუსულ მუსიკას, გიორგი ამბობს, რომ აქ ცალსახა პოზიცია არ აქვს.

„შეიძლება ჩემს ტელეფონშიც ნახოს ვინმემ რუსულენოვანი მუსიკა, რადგან არიან მაგალითად უკრაინელი მუსიკოსები, რომლებიც რუსულად მღერიან, არიან ისეთი რუსულენოვანი მომღერლები, რომლებმაც მთელი კარიერა უკრაინას მიუძღვნეს და მაქსიმალურად ეხმარებიან.

თუმცა, მეორე მხრივ, გვაქვს რუსული შანსონი, რომელიც მართლაც გამაღიზიანებელია ჩემთვის პირადად, როცა მანქანებიდან მესმის. ასეთ მუსიკაში შეიძლება წავაწყდეთ იმპერიალისტურ ნარატივს, რომელიც მართლა პროპაგანდასავით მუშაობს.

მაგალითად, თბილისში როცა შარდენზე რუსები შეიკრიბნენ და ჩართეს თავიანთი პროპაგანდისტული მუსიკა, აი ეს იყო ის მომენტი, როცა ჩვენ ყველამ ერთხმად ამის უფლება არ უნდა მივცეთ. რადგან ამ სიმღერებსა და ტექსტებში მართლა იკითხება ის, რასაც მთელი გულით და სულით ვებრძვით“, – ამბობს გიორგი.

მისი აზრით, ოკუპანტებზე მეტად მასში ის ქართველები იწვევენ ბრაზს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსულ ძალას ამ ქვეყანაში.

 

2023 წელს, ბათუმში რუსული გემის შემოსვლას მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ.

„აქ ვიყავი გასულ ზაფხულს, როცა რუსული გემიდან ჩამოსული რუსები საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ „გაათავისუფლეს“ აფხაზეთი ჩვენგან და ასე შემდეგ. არ მიკვირს, ყველაზე მტკივნეული და ყველაზე გასაბრაზებელი არის იმ ადამიანების, იმ ქართველების არსებობა, რომლებმაც შეიძლება წამითაც კი მაინც მხარი დაუჭირონ ასეთ რუსულ პოლიტიკას.

თბილისი/რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციიდან.

როცა ხედავ, რომ შენი თანამოქალაქე, შენი ძმა, რომელთანაც ძალიან ბევრი რამ გაკავშირებს, ერთი ქვეყნის შვილები როცა ვართ და ამ დროს ხედავ, რომ იმ ყველაფრის მერე, რაც რუსეთმა გაგვიკეთა, საუკუნეების განმავლობაში რასაც გვიკეთებდა და ახლაც აკეთებს, როცა სასაზღვრო ქალაქებიდან და სოფლებიდან ადამიანებს იტაცებენ და ამის ფონზე  ხედავ, რომ ვიღაც მხარს უჭერს რუსულ პოლიტიკას, ეს არის ყველზე გამაღიზიანებელი. ჩემი აზრით, ჯერ ეს პრობლემა უნდა აღმოვფხვრათ.

1783 წლიდან მოყოლებული ვხედავთ, ვინ არის რუსეთი. ოკუპანტი, ტერორისტული ქვეყანა და უნდა გავიაზროთ, რომ ყველანაირი გაგებით დიდი ბრძოლა გველის წინ იმ იმპერიასთან, რომელსაც ჩვენი სამშობლოს ჩაყლაპვა და განადგურება სურს.

მათ უნდოდათ და უნდათ საქართველო ქართველების გარეშე. ამას ისინი ვერასდროს მიაღწევენ“, – ამბობს გიორგი დუმბაძე.

„რუს ოკუპანტზე საშიში გარუსებული ქართველია“ - 18 წლის აქტივისტი

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 493 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400]
  • ტანკი – 7 590 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 14 665 ერთეული [+35]
  • საარტილერიო სისტემა – 12 737 ერთეული [+50]
  • MLRS – 1 076 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 807 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 354 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 236 ერთეული [+81]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 205 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 27 ერთეული [+1]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 311 ერთეული [+60]
  • სპეცტექნიკა – 2 079 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 601 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 419 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 523 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 097 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 305 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 700 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 843 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

დიდი ბრძოლა გველის წინ, მაგრამ ჩვენ არ გავიღვიძებთ რუსეთში – „ჯიუტელი“ აქტივისტი ბათუმიდან

„არ ვიცი, რამდენად სიმბოლურია, მაგრამ რუსულის მასწავლებელთან ერთად უშუალოდ გაკვეთილზე ვსაუბრობდით ოკუპაციაზე. მაშინ ვისაუბრეთ ანწუხელიძეზე. პირველად პროტესტი გამიჩნდა სკოლის პერიოდში, მე-11 თუ მე-10 კლასში ვიყავი…“ – გვპასუხობს მეგი დიასამიძე. ეს აქტივისტია სამოქალაქო მოძრაობა „ჯიუტიდან“, ბარიკადებთან საქართველოს დროშით, ან მეგაფონით ხელში რომ ხშირად შეხვდებით.

მეგი დიასამიძეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ვესაუბრებით, ვიდრე მორიგი საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბებოდნენ. აქტივისტისგან გვაინტერესებს: როგორ გამოხატავს პროტესტს ოკუპაციის მიმართ ყოველდღიურობაში, საპროტესტო აქციებს მიღმა? როდის გაუჩნდა პირველად პროტესტი? რა შეუძლია ინდივიდუალურ პროტესტს?

YouTube video player

„ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ გიორგი ანწუხელიძეზე, თუ როგორ აწამეს. მანამდეც მქონდა, რა თქმა უნდა, პროტესტის განცდა, მაგრამ როდესაც დეტალურად ვეცნობოდი მის პერსონაჟს, მისი ბრძოლის პროცესს, დიდი პროტესტის განცდა გამიჩნდა მე, როგორც ქართველს, გამიჩნდა იმის სურვილი, რომ მეც მეტი გამეკეთებინა და ანწუხელიძის ბრძოლა არ ყოფილიყო უშედეგო.

დღეს ისეთი პროცესია სახელმწიფოში, რაც არ არის მარტო: „არა რუსულ კანონს“, ეს არის „არა რუსულ რეჟიმს“ და „არა მოღალატე ხელისუფლებას“, რომელმაც ყველაფერი იკადრა იმისთვის, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა საქართველოს მოქალაქეებისთვის,“ – პარლამენტისკენ მიმავალ ადამიანებს გაჰყურებს მეგი.

უკვე ისმის საყვირების ხმა, შეძახილები, მოქალაქეები ჩქარი ნაბიჯებით მიდიან რუსთაველზე.

მეგი დიასამიძე ერთ-ერთია, ვინც რუსულ კანონს აპროტესტებს. ის ბათუმელია და 22 წლისაა. „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღებამდე, „ჯიუტელი“ მეგი დიასამიძე სხვადასხვა აქციაზე ჩნდებოდა, მაგალითად, აპროტესტებდა რუსული გემის შემოსვლას ბათუმში.

მეგი დიასამიძე რუსული გემის წინააღმდეგ

მანამდე, 2023 წელს მეგი დიასამიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ნათქვამი „ლაჩრულად წაგებულ ომზე“ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გააპროტესტა.

სამოქალაქო მოძრაობა „ჯიუტი“ 2022 წელს შეიქმნა. მეგი დიასამიძე გვიყვება, რომ მოძრაობაში სხვა აქტივისტებთან ერთად მას შემდეგ გაერთიანდა, როცა უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო და მკაფიოდ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ „რუსეთუმე პოზიციები“.

„ჩვენ ლიდერი არ გვყავს, ლიდერი არის აზრის თავისუფლად გამოხატვა… აქ სტუდენტებიც არიან, ლექტორებიც, ექიმებიც,“ – დასძინა მეგი დიასამიძემ. მისი თქმით, მოძრაობა ძირითადად თვითორგანიზების ხარჯზე და დაფინანსების გარეშე ერთვება სხვადასხვა აქტივობაში.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მეგი დიასამიძეს კატეგორიულად გადაუწყვეტია, რუსულად არ ესაუბრა. ამ დროს მეგი სტუდენტი იყო და პარალელურად მუშაობდა. ამის გამო მას სამსახურის დატოვებაც რამდენჯერმე მოუხდა:

„როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, აი, მაშინ გადავწყვიტე, რომ მომსახურების სფეროში მომხმარებელთან არ მქონოდა რუსულ ენაზე კომუნიკაცია და დღემდე ასე გრძელდება.

ეს საჭიროა და აუცილებელი. მართლა მგონია, რომ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დადის საქმე. ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ ადგილას, ჩვენს მაქსიმუმს თუ დავდებთ, შედეგსაც აუცილებლად მივაღწევთ.

ძალიან კარგად ვიცი, ბათუმში, თუნდაც თბილისში, რა რაოდენობით რუსი მოქალაქეები არიან. კატეგორიულად გადავწყვიტე, რომ მათთან რუსულად არ მესაუბრა. ბევრჯერ მქონია მომენტი, როცა ძალიან თამამები და აგრესიულები ყოფილან, თუ რატომ არ ვესაუბრები რუსულად. როცა უხსნი ამ ყველაფერს მათ ქართულად, რომ გააგებინო, ინგლისურადაც ესაუბრები, ვერ იგებენ, არ იგებენ, ჩემი აზრით, უფრო არ იგებენ…

ჩემთვის მარტივია, ვუთხრა დამსაქმებელს, რომ თუ ამის შესაძლებლობა არ მექნება, არ ვიმუშავებ. არის კომპანიები, სადაც მენეჯერს უთქვამს, რომ არ ვისაუბროთ რუსულად. მქონია მომენტი, – მომსახურების სფერო ვართ და მომხმარებელს უნდა შევუქმნათ კომფორტიო. ბევრი თანამშრომელი მყოლია, როდესაც ეს აზრი არ გვაინტერესებდა. ამიტომაც, სამსახურში ვუთანხმებდი მენეჯერებს, რომ მე ამას არ გავაკეთებ და თუ შენ ამაში შემზღუდავ, არ ვიმუშავებ.

მაგის გამო მეხუმრებიან, რომ ხშირად იცვლი სამსახურსო. ძირითადი მიზეზი ეს იყო, განსაკუთრებით მაგ პერიოდში, რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, რომ 2 თვის განმავლობაში 2-ჯერ შევიცვალე სამსახური: შესაძლებლობა არ მომცა ჩვენმა მხარემ, რომ რუსულად არ გვესაუბრა, არ გაიაზრეს, არ ადარდებდათ ეს ყველაფერი,“ – გვიყვება მეგი დიასამიძე.

მეგი დიასამიძე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ აქციაზე. 2022 წლის აპრილი

აქტივისტი მიიჩნევს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს ინდივიდუალურად პროტესტი ვაჩვენოთ და დისკომფორტი შევუქმნათ. მეგი დარწმუნებულია, რომ „მინიმალური ნაბიჯებით ხდება დიდ გამარჯვებამდე მისვლა.“

„თუ ვეტყვით რუსეთის მოქალაქეებს და არამხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს, არამედ საქართველოს ხელისუფლებას და ამით მთლიანად რუსეთს – „არას“, ეს იქნება პრინციპული ჩვენი მხრიდან და ნებისმიერ მომენტში დასტური იმისა, რომ ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია.

პირველ რიგში, ინდივიდები ვართ და მერე მოქალაქეები, მერე გუნდის წევრები, მერე სახელმწიფოს წევრები. ამიტომ, მე ნებისმიერ ადამიანს ვეტყოდი, რომ თუნდაც ისეთი მომენტი იყოს, რომ სხვამ ვერ გაიგოს და საქვეყნოდ ცნობილი არ გახდეს, ეს უნდა გააკეთო,“ – ამბობს მეგი დიასამიძე.

მეგი დიასამიძე აჭარის მთავრობის წინ გამართულ აქციაზე. 2022 წლის აპრილი

„მათთან დისკუსიაში შესვლას არსებითი  მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, მათგან მოდის აგრესია, რომელიც მე არ მაინტერესებს: მივყვები იდეას, რაც აერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს. ასევე ცდილობენ გაჩვენონ, რომ შენზე მაღლა არიან… წარსულში შენი ბატონები იყვნენ. ეს არის გამაღიზიანებელი, ისტორიის არასწორი აღქმა ხდება. ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ, შეიცვლება.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ჩემი ერთი პროტესტით რა უნდა მოხდეს? ჩემი აზრით, მსგავსი დამოკიდებულება ოკუპანტების მიმართ ამაღლებს თვითშეფასებას საზოგადოებაში. საკუთარი თავიდან თუ წამოვა იმის გააზრება, რომ მე, ერთიც შევძლებ, ყველა ასე იფიქრებს მერე: მაგალითს მაგალითი მოსდევს, გამოცდილებას – გამოცდილება. ინდივიდუალური პროტესტები შექმნის დიდ ქარცეცხლს,“ – თავდაჯერებულია მეგი დიასამიძე.

მეგი დიასამიძე სპეცრაზმელების წინ აქციაზე „არა რუსულ კანონს“

აქტივისტის დაკვირვებით, ხელისუფლების პროპაგანდა აღარ მუშაობს და მის ირგვლივ ადამიანები, რომლებიც რუსული კანონის მიღებამდე ამბობდნენ, რომ „აპოლიტიკურები არიან“, დღეს სამოქალაქო მოძრაობის წევრები გახდნენ – დაინახეს, რომ ქვეყანა „ოცნების“ ხელისუფლება რუსეთისკენ მიჰყავს.

„ეს ყველაფერი: გაერთიანება, ჯაჭვის შექმნა, მასობრივი დაუმორჩილებლობა, ყოველდღიური პროტესტი, „ქართული ოცნება“ დარწმუნებული იყო იმაში, რომ პროცესის გაწელვასთან ერთად, მუხტი დავარდებოდა და მუხტის დავარდნის ნაცვლად ლოკაციები შეიცვალა, საქართველოს მოსახლეობა ისევ აპროტესტებს, მასობრივი პროტესტი, გაფიცვა და დაუმორჩილებლობა არის ყველაზე დიდი და შედეგიანი გამოსავალი.

ჯენზი თაობა არის დაუმორჩილებელი… აბსოლუტურად პოზიტიური მოლოდინი მაქვს. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ბრძოლა გველოდება წინ, ერთ და ორ დღეში ეს ყველაფერი არ დასრულდება, მაგრამ გვექნება შედეგი. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის: ჩვენ არ გავიღვიძებთ რუსეთში, ყველანაირად ცდილობს ამას ხელისუფლება, მაგრამ ცხადია, რომ ეს ასე არ იქნება,“ – უთხრა მეგი დიასამიძემ „ბათუმელებს“.

წელს საქართველოში აივ-ით ინფიცირების 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს, მაისის მესამე კვირას, შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე საქართველოშიც აღნიშნეს.

2024 წლის 19 მაისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7945 კაცია და 2663 – ქალი. 2263 პაციენტი გარდაიცვალა.

შიდსის ცენტრს ცნობით, წელს საქართველოში გამოვლინდა აივ ინფექციის 217 ახალი შემთხვევა. არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6000-ზე მეტი პაციენტი, მათ შორის 42 – ბავშვი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:

  • 32.0 % – ნარკოტიკების ინექციური მოხმარება;
  • 52.0 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
  • 14.0 % – კაცები რომელთაც სექსი აქვთ კაცთან;
  • 1.1 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
  • 0.4 % – სისხლის გადასხმის შედეგად;
  • 0.5 % – გადაცემის გზა დაუდგენელია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მხრივ –აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, აფხაზეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში და ა.შ.

„ჩაიტარე აივ ტესტირება, რადგან დროული დიაგნოსტიკა სრულფასოვანი სიცოცხლის საწინდარია! აივ ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა! შიდსის ცხელი ხაზია – 239 80 18“ – მოუწოდებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი საზოგადოებას.

აივ/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საქართველოში უფასოა.

_____________

ფოტო: ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის აქცია – თეთრი და წითელი ბუშტების გაშვება შიდსით გარდაცვლილ პაციენტების პატივსაცემად

 

უკრაინელი მოკრივე მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში

უკრაინელი მოკრივე, ოლექსანდრ უსიკი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში.

18 მაისს უსიკმა დაამარცხა ცნობილი ბრიტანელი მოკრივე, ტაისონ ფიური. ბრძოლა 12 რაუნდის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამარჯვების შემდეგ უკრაინელმა მოკრივემ გარდაცვლილ მამას მიმართა: „მამა, გესმის? ჩვენ ეს შევძელით!“

თავის მხრივ ფიურიმ განაცხადა, რომ ბრძოლა მან მოიგო, მსაჯების გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი და უსიკთან განმეორებითი მატჩი დააანონსა. უკრაინელმა მოკრივემ განაცხადა, რომ მზადაა შემდეგი ბრძოლისთვის.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ALI HAIDER

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 მაისის 21 საათიდან 20 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 21 და 22 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 492 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
  • ტანკი – 7 576 ერთეული [+16]
  • ჯავშანტექნიკა – 14 630 ერთეული [+35]
  • საარტილერიო სისტემა – 12 687 ერთეული [+48]
  • MLRS – 1 074 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 803 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 354 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 155 ერთეული [+47]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 204 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 251 ერთეული [+82]
  • სპეცტექნიკა – 2 077 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 601 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 374 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 522 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 085 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 305 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 683 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 815 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩის მიმართვა მეგობრებს საქართველოში 

თარგმანი: ნიკა ბურდული

___

კურტ ვოლკერი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში და ამჟამად ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) მკვლევარი, აქვეყნებს მიმართვას თავისი მეგობრებისადმი საქართველოში: 

„ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო,

მსოფლიო თქვენ არ გიცნობთ. შეიძლება, თავადაც არ იცნობთ საკუთარ თავს.

საზღვარგარეთ, საქართველოს აქვს განუვითარებელი, ემოციური, ქაოსური, დაყოფილი, სასტიკი და ზოგჯერ კრიმინალური სახელმწიფოს იმიჯი. ეს ბოლომდე მცდარი არაა, მაგრამ შორსაა მთლიანი სურათისგან.

ნათელი წერტილები – მომღერლები, მოცეკვავეები, მშენებლები, დიზაინერები, ბიზნესმენები, მოჭადრაკეები, დიადი გონების ადამიანები, ხელოსნები… მათ არ იცნობენ.

1920 წლის დამოუკიდებელ საქართველოს, რომლის მეცნიერებითაც შეგიძლია დაიკვეხნო, რომლის პარლამენტშიც ქალები იყვნენ – ეს უცნობია.

მე ვიცნობ საქართველოს და ამ ქვეყნის მიმართ ღრმა სიყვარული მაქვს. მრავალჯერ ვყოფილვარ საქართველოში, პირველად 2005 წელს – პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან ერთად, უკანასკნელად კი ბოლო კვირას. ჩემი მეუღლე, ჩემი სიმამრ-სიდედრი, ჩემი გერი, დისწულ-ძმისწულები, ყველანი ქართველები არიან. საქართველოში ინვესტიციაც გვაქვს (ღვინოს ვაწარმოებთ) და გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის წარმატებაში.

დღეისთვის, ვითარება შავ-თეთრად მოჩანს. ბოლო დღეებში, როცა მთავრობა აწვებოდა „უცხოეთის აგენტების კანონს“ მიღებას  და პოლიტიკურ ოპონენტებს სცემდა, ხოლო საზოგადოებამ გადაავსო ქუჩები, საკითხის ყველა მხარეზე ბევრ მეგობარს ველაპარაკე. დასკვნა? მთავრობა ზედმეტად შორს წავიდა და კურსი უნდა შემოატრიალოს.

ეს არა მარტო კანონის გამოა, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო მარგინალიზებული ხდება სულ უფრო და უფრო სახიფათო სამყაროში. კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო რუსეთის იმპერიის პროვინციად გადაქცევისკენ მიდის.

ქართველებმა საკუთარი თავი მსოფლიოს უფრო ფართო სურათში უნდა დაინახონ, სადაც ადამიანთა უმეტესობას მათ ქვეყანაზე მხოლოდ თუ სმენია. უნდა დაფიქრდნენ, როგორ უნდა პოზიციონირებდეს ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში. დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე ქვეყანაზე იყვნენ ფოკუსირებული. იგივე შეუძლიათ პოლიტიკური ლიდერების ახლანდელი თაობის წარმომადგენლებს – როგორც მთავრობიდან, ასევე ოპოზიციიდან.

მსოფლიომ საქართველოს შესახებ რომ იცოდეს, გაიგებდა, რომ ეს ჯადოსნური ადგილია. ძველმა ბერძნებმა ეს იცოდნენ: ისინი მოვიდნენ საქართველოს შავი ზღვის ნაპირზე და გაოცებული იყვნენ მიწის მოსავლიანობით, ქვეყნის სილამაზით, ღვინით. სწორედ საქართველოში შექმნეს მათ ოქროს საწმისის ლეგენდა.

ქართველი ქალები მსოფლიოში ყველაზე ლამაზებსა და ძლიერებს შორის არიან. შემთხვევითობა არაა ის, რომ ვისაც დასავლეთში „დედოფალს“ დაუძახებდნენ, საქართველოში თამარ „მეფეა“. ქართველებს ჯერ კიდევ ძველი დროიდან ესმოდათ ქალების ნამდვილი ძალა.

ქართული საჭმელი გასტრონომიული თავგადასავალია. გემოებიანი, განსხვავებული, გაბედული, ზოგჯერ მარტივი, ზოგჯერ განურჩევადი, მაგრამ გემრიელი. ამავე დონეზე მხოლოდ ლიბანური, იტალიური და იაპონური სამზარეულოა.

ქართული გეოგრაფია საოცრებაა, სიამოვნება თვალისთვის. თოვლიანი მწვერვალები, გასაოცარი მთები, გადაჭიმული ვენახები, ველები, ზღვა, მზის სხივებითა და სუფთა ჰაერით დალოცვილი ბუნება. პოპულარული ანეკდოტის თანახმად, სწორედ ეს მიწა დაიტოვა ღმერთმა თავისთვის მას შემდეგ, რაც შვიდ დღეში დანარჩენი დედამიწა შექმნა.

საქართველომ მსოფლიოს ღვინო უბოძა – არქეოლოგიური მტკიცებულებების თანახმად, 8 000 წლის წინ იქ, სადაც ახლა საქართველოა, ღვინის კეთება დაიწყეს. მადლობა, საქართველო! 

ქართველები ევროპელები არიან და მათი ბედი არაა რუსეთის იმპერიის მონობა. ისინი ქრისტიანობის დასაწყისში გახდნენ ქრისტიანები, ბევრად ადრე, სანამ მოსკოვი საერთოდ იარსებებდა. მათი ანბანი შეიქმნა იერუსალიმისი სწავლულთა შორის. თბილისი საუკუნეების განმავლობაში იყო აქტიური ებრაელი თემის სახლი და ერთ თბილისურ რაიონში შეგიძლია ნახო სინაგოგა, ეკლესია და მეჩეთი. წმინდა გიორგის მიერ გველეშაპის განგმირვა ქართული კულტურული სიმბოლო გახდა, არადა ტრადიციით, ეს ისტორია ბევრად შორს მოხდა. საქართველოს პულსი, სტილი, გრძნობები – ყველაფერი ევროპულია.

თუმცა, მსოფლიომ ეს არ იცის. მსოფლიო ხედავს პატარა ქვეყანას. ღარიბ ქვეყანას, რომელიც ჩაჭედილია რუსეთს, ირანს, თურქეთსა და ცენტრალურ აზიას შორის. ქვეყანა ისეთი რეგულარობით იბრძვის საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ გარეშე პირებს აღარაფრის გაკეთება შეუძლიათ მის დასახმარებლად.

„პატარა ქვეყანა, ჩვენგან შორს, რომელზეც არაფერი ვიცით“, – ასეთი იყო ნევილ ჩემბერლენის მიერ 1938 წელს ჰიტლერისთვის ჯერ სუდეტის ოლქის, შემდეგ კი მთელი ჩეხო-სლოვაკეთის ჩაბარების გამართლება. ქართველებმა უნდა იდარდონ, რომ იგივე სენტიმენტით ახლა შეიძლება მოეკიდონ რუსეთის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს (სამხრეთ ოსეთს) და მთლიან საქართველოს.

ძვირფასო მეგობრებო, საქართველოში 3,5 მილიონზე ცოტა ქართველია, ორიოდე მილიონი კი საზღვარგარეთაა. უფრო მეტი ადამიანი ნიუ-იორკის გარეუბანში ცხოვრობს. დანარჩენი მსოფლიო თითქმის ვერც შეატყობს, თუ საქართველო წარუმატებლობას განიცდის. რატომ ებრძვით ერთმანეთს? არ გაქვთ ამის ფუფუნება. ერთმანეთი გჭირდებათ, ქვეყანა რომ გქონდეთ.

ჩემს მეგობრებს მმართველ პარტიაში, „ქართულ ოცნებაში“: რატომ გსურთ თქვენი ნება მოახვიოთ თავს თავისუფლების მოყვარე მოსახლეობას? გულში იცით, რომ „უცხოეთის აგენტების კანონი“ არა გამჭვირვალობას, არამედ ზოგი თანამოქალაქისთვის მოღალატის იარლიყის მიწეპებას ემსახურება, როცა ისინი მოღალატეები არ არიან.

კანდიდატის სტატუსის მიღწევით შეგეძლოთ ოქტომბერში არჩევნები მოგეგოთ. რატომ ჯიუტობთ? რატომაა, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, არ მუშაობენ ერთად ეროვნული ინტერესებისთვის?

ჩემს მეგობრებს ოპოზიციაში: რატომაა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაჟინებით ითხოვენ საკუთარ პარტიებს, გაერთიანების ნაცვლად? რატომაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკოსები კვლავაც ცალ-ცალკე დგანან, როცა ერთად ქართული საზოგადოების განსხვავებულობას წარმოადგენენ? პოლიტიკაში „უნაკლულობა“ არ არსებობს. ადამიანი ბუნებით არასრულყოფილია, მაგრამ ერთად მუშაობით შესაძლებელია იმას მიაღწიო, რასაც მარტო ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს.

ქუჩაში მყოფ პოლიციელებს და სპეცსამსახურების მუშაკებს: რატომ სცემთ თანამოქალაქეებს? ისინი თქვენი ძმები არიან. თქვენი მეზობლის შვილები და შვილიშვილები, თქვენი დეიდები, ბიძები, ბიძაშვილ-დეიდაშვილები. გაიღვიძეთ.

ქართველებმა ერთმანეთს ხელი უნდა გაუწოდოთ, ძირს კი არ დააგდოთ. ქართველი ხალხი, ყველა მათგანი, იმსახურებს მომავალს და არა ბრძოლას.

ყველა ლიდერს საქართველოში: გთხოვთ, გეყოთ ოპონენტების დემონიზება, იპოვეთ გზა, რომ პატივისცემით არ დაეთანხმოთ ერთმანეთს და ამავე დროს იმუშაოთ საერთო მიზნისთვის – გახადოთ საქართველო დიდებული ქვეყანა, როგორიც ერთ დროს იყო და როგორიც შეუძლია კვლავ გახდეს. მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება. ქვეყანა უპირველეს ყოვლისა, როგორც ჯონ მაკკეინი იტყოდა.

საქართველოს წარმატება ყველასთვის წარმატება იქნება, ისევე, როგორც ჩავარდნა. და თუ საქართველო დაეცემა, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შესაძლებლობას გამოიყენებს და საქართველოსგან მოიპარავს, რუსეთია.

ნუ დაიბნევით. დასავლეთის ქვეყნები საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს. რუსეთი საქართველოს თავს დაესხა და საქართველოსგან მოიპარა. ჩინეთი შორსაა და მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებს. რუსეთს კვლავაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და მთელი ტერიტორიის მადაც აქვს. პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობა საქართველოში მხოლოდ რუსეთს ახეირებს.

როგორ შეუძლიათ ქართველებს ერთად მუშაობა? აგერ, რამდენიმე მოკრძალებული იდეა.

  • გაიხმეთ უცხოეთის აგენტების კანონი

მთავრობის წარმომადგენლებმა იციან, რომ ესაა საბჭოთა სტილის რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც პუტინმა 2012 წელს რუსეთში გამოიყენა. ამ კანონს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან, ამერიკული სტილის კანონთან. თუმცა, ამ კანონს აქვს საერთო საზოგადოების ნაწილისთვის მოღალატის იარლიყის მიწებებასთან. არადა, ისინი არიან პატრიოტები, რომლებსაც უბრალოდ დამოუკიდებელი ხედვა აქვთ. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი კანონს ვეტოს დაადებს, გამოიყენეთ შესაძლებლობა, გაიხმეთ კანონი და სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ.

  • შეთანხმდით და დაიცავით საბაზისო პრინციპები

ირონია იმაშია, რომ როცა უყურებ დაპირისპირებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის, ორივენი, შინაარსობრივად, ამბობენ, რომ ერთი და იგივე სურთ: საქართველოს ევროინტეგრაცია. თუმცა, რეალურად მთავრობა ამისკენ გზას ხერგავს. კანონის გახმობის შემდეგ, უნდა იყოს ეროვნული დიალოგი, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ევროინტეგრაცია. უპირველეს ყოვლისა, ყველა ერთგული უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და ქართველი ხალხისთვის საკუთარი ბედის არჩევანის მიცემის.

  • ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია

ყველა ჯანსაღ დემოკრატიაში არის მთავრობა და ოპოზიცია, რომლებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს დემოკრატიული პოლიტიკის წესებით. საქართველოს ჰყავს მთავრობა და სრულიად დაყოფილი ოპოზიცია, რაც მთავრობას ეხმარება. რა მნიშვნელობა აქვს, თუ მოსახლეობის მესამედი ხმას აძლევს ძალებს, რომელთა ხმებიც ათობით ისეთ პარტიაზე იყოფა, რომელიც ვერასდროს ახერხებს ბარიერის დაძლევას? ყველა ამ ამომრჩევლის ხმა დაიკარგება.

ამის თავიდან ასაცილებლად ოპოზიციურმა პარტიებმა გვერდზე უნდა გადადონ პოლიტიკური უნიკალურობის სურვილი და ჩამოაყალიბონ ერთი პლატფორმა, რომელიც საზოგადოების საუკეთესო ხმებს წარმოადგენს – ახალგაზრდა მომიტინგეებს, პატივსაცემ დამოუკიდებელ ხმებს, ყოფილ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, დიასპორას და ასე შემდეგ. უნდა იყოს ნეიტრალური პლატფორმა, სადაც ყველა ქართველი პარტნიორი თანაბრადაა მისასალმებელი, მათ შორის ისინიც, ვინც დღეს მთავრობაში მუშაობს. ქართველი ხალხის წარმოსაჩენად მრავალფეროვანი/ მრავალფეროვანი/ფართომასშტაბიანი მოძრაობის შემნა აუცილებლობაა.

  • ტექნოკრატიული მთავრობა

ხელისუფლებაში პოლიტიკოსების შეყრის ნაცვლად, ლიდერები უნდა შეთანხმდნენ ტექნოკრატიული მთავრობის დანიშვნაზე – ერთი წლით მაინც, უბრალოდ ქვეყნის პროფესიონალურად სამართავად. პოლიტიკოსებს, რა თქმა უნდა, ექნებათ ვეტოს უფლება, მაგრამ, მინისტრებად ხალხის პარტიული კუთვნილებით დანიშვნა მხოლოდ განაგრძობს ცინიზმისა და შურის ციკლს, რომელიც საქართველოს დღემდე მოსდევს. მთავრობას პოლიტიკური კუთვნილების გარეშე შეუძლია შეაჩეროს ეს ციკლი.

  • უარის თქმა პოლიტიკური ოპოზიციის დემონიზებასა და დევნაზე

მთავრობამ უმალ უნდა შეაჩეროს პოლიტიკური ოპოზიციის და მთლიანად საზოგადოების დევნა და ძალადობა. წარმოვიდგინოთ, რაც ახლა შეუძლებელი ჩანს. საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება და მთავრობა აგებს. ვინც არ უნდა მოიგოს, მომავალი მთავრობისთვის აუცილებელი იქნება, არ წავიდეს პოლიტიკური ანგარიშსწორების და დევნის გზით. ეს მხოლოდ მეტ თვითგანადგურებას გამოიწვევს.

ამის ნაცვლად, ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში არჩევნების შემდეგ, ყველაფერი უნდა გააკეთოს ეროვნული ერთობის ასაშენებლად. უნდა იყოს სტაბილურობის, მშვიდობის, კანონის რეალური უზენაესობის და ევროინტეგრაციის დაპირება. წარსულისთვის ცეცხლის შენთება მხოლოდ მომავალ კონფლიქტს გამოიწვევს. „ქართული ოცნება“ 2012 წელს ამ პლატფორმაზე იღებდა მონაწილეობას არჩევნებში, მაგრამ ახლა ზუსტად იმას აკეთებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას აბრალებდა.

წარმატებები, ჩემო ქართველო მეგობრებო. ევროკავშირისა და ნატოს კარი ღიაა. იცდის თავისუფლება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება. გვსურს, შემოგვიერთდეთ, როგორც თანასწორნი და მზად ვართ დასახმარებლად.

რუსეთს თქვენი დამორჩილება სურს და ასეც იზამს, საშუალებას თუ მისცემთ. ისინი ამ მიზნის მისაღწევად რაც კი შეიძლება, ყველაფერს გააკეთებენ.

გთხოვთ, უარი თქვით მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებაზე, ააშენეთ დიდებული ქვეყანა, გაერთიანდით, იყავით მამაცნი და იყავით თავისუფალი და კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მქონე ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი.

ხელგაშლილები გელით“.

სპეცრაზმის ლანჩისთვის შსს-მ დამატებით 665 000 დახარჯა – ისინი აქციებს ხშირად არბევენ

თბილისში ანტირუსული აქციების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის ბიუჯეტიდან ერთ თვეში 665 244 ლარი დაიხარჯა. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი, 515 244 ლარი ტენდერის გარეშე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება, შესაბამისად, უცნობია ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები ამ პერიოდში – ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში კი – ვისგან შეისყიდა 515 244 ლარის ლანჩი.

თბილისში, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში „განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების ლანჩის ნაკრებით უზრუნველსაყოფად“ სამინისტრომ ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდა და დახარჯა:

  • 15 აპრილს – 3 200 კომპლექტი ლანჩის ნაკრები – 28 640 ლარი
  • 1 მაისს – 9 800 კომპლექტი – 82 816 ლარი
  • 2 მაისს – 6 220 კომპლექტი – 52 323 ლარი
  • 11-12 მაისს – 18 400 კომპლექტი – 162 840 ლარი
  • 13 მაისს – 5 500 კომპლექტი – 48 675 ლარი
  • 14-15 მაისს – 15 600 კომპლექტი – 139 950 ლარი

გარდა ამისა, 16 აპრილიდან პირველ მაისამდე პერიოდში შსს-მ 150 000  ლარი დახარჯა სპეცრაზმის ლანჩისთვის, თუმცა, ამ შემთხვევაში სამინისტროს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული.

ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია შპს „ევროპული საცხობი“ მონაწილეობდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2024 წლის 15 აპრილს გაფორმდა. სამინისტროს ლანჩი იმავე დღეს, 15 აპრილს დასჭირდა, რაც ცალკე, ტენდერის გარეშე შეისყიდა.

„15 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ევროპულ საცხობს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, თუმცა, მიმწოდებლის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ვერ ხერხდება შემსყიდველისათვის 3 200 კომპლექტი ლანჩის ნაკრების მიწოდება, ვინაიდან მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის მიწოდება ევალება შემსყიდველის მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში.

საჭირო გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების უზრუნველსაყოფად, უმოკლეს ვადებში შეძენილიყო ლანჩის ნაკრები გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“ – წერს შსს შესყიდვების სააგენტოს.

„ევროპულ საცხობთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებით კი, პრეისკურანტის მიხედვით იყო ლანჩის სამი სახის კომპლექტი, რომელშიც შედიოდა სხვადასხვა რაოდენობის პური[ბანი სეზამით], ყველი[დაჭრილი ჩედარი], ლორი[დედაქალაქური შაშხი], შოკოლადი „სნიკერსი“ და 0,5 ლიტრიანი „პეპსი“.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ხელშეკრულებით ლანჩ-მენიუში გათვალისწინებული იყო ბოსტნეულიც და „კოკა-კოლა“, თუმცა, 19 აპრილს შეტანილი ცვლილებით მენიუდან საერთოდ ამოიღეს ბოსტნეული, „კოკა-კოლა“ კი „პეპსით“ ჩაანაცვლეს.

„ლანჩის ნაკრების შემადგენლობიდან ამოღებულ იქნას ბოსტნეული/პომიდორი, სოუსი და სალათის ფოთოლი, ასევე აღნიშნული ლანჩის ნაკრებში გათვალისწინებული „კოკა-კოლა“ (0.5 ლიტრიანი) უნდა ჩანაცვლდეს „პეპსით“ (0.5 ლიტრიანი)… ცვლილება არ იწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გაუარესებას და არ ზრდის სახელშეკრულებო ღირებულებას“ – აღნიშნულია შეცვლილ ხელშეკრულებაში.

ერთ-ერთი ლანჩ-მენიუს ნიმუში „ევროპულ საცხობთან“ გაფორმებული შეცვლილი ხელშეკრულებიდან

შესყიდვების პორტალზე ატვირთული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ტენდერის ფარგლებში „ევროპული საცხობიდან“ შსს-მ ჩაიბარა:

  • 17 აპრილს – 6 000 კომპლექტი ლანჩის ნაკრები – 53 100 ლარის ღირებულების
  • 19 აპრილს – 200 კომპლექტი – 1 770 ლარი
  • 20 აპრილს – 500 კომპლექტი – 4 425 ლარი
  • 21 აპრილს – 500 კომპლექტი – 4 425 ლარი
  • 28 აპრილს – 2 450 კომპლექტი – 21 682.5 ლარი

სხვა მიღება-ჩაბარების აქტები პორტალზე ატვირთული არ არის. ამავე პორტალის მიხედვით კი, 2024 წლის 16 მაისის მდგომარეობით კომპანიისთვის შსს-ს გადარიცხული აქვს 147 ათას 352 ლარი და 50 თეთრი.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით „ევროპული საცხობის“ დირექტორია ალექსანდრე ნორაკიძე, კომპანიის წილებს კი შპს „დეგუსტო ინტერნეიშენალ“ და ვიტალიი ივახოვი [უკრაინა] ფლობენ.

„დეგუსტო ინტერნეიშენალ“-ის მეწილეები კი არიან ალექსანდრე ნორაკიძე [95%] და შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯია“ [5%]. ამ უკანასკნელი კომპანიის მესაკუთრე კი, არის ნიდერლანდებში რეგისტრირებული კოოპერატივი „გაზელ ფაინენს ჰოლდინგ კოოპერატივ“.

მიმდინარე წლის პირველი მაისიდან, ლანჩის შესყიდვა სამინისტრომ ტენდერის გარეშე იმ მიზეზით დაიწყო, რომ როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, შსს-სა და „ევროპული საცხობს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ამოწურული იყო.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე შს სამინისტროს მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფის“ მიზნით სამინისტრომ ახალი ტენდერი 200 ათასი ლარით, 2024 წლის 8 მაისს გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 20 მაისს დასრულდება.

შესაბამისად, ვიდრე გამარჯვებული არ გამოვლინდება და არ დაიდება ხელშეკრულება, მანამდე სამინისტრო ლანჩს კვლავ გამარტივებული წესით შეისყიდის, ვინაიდან თბილისში ანტირუსული აქციები გრძელდება.

ტენდერის გარეშე 58 720 ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯამში 9 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, თუმცა კონკრეტულად ვისთან, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. არცერთი ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება, რომელიც საჯარო უნდა იყოს, შესყიდვების პორტალის შესაბამის CMR გრაფაში არ იძებნება.

მეტიც, 2024 წლის 16 მაისის მდგომარეობით ამ CMR გრაფაში [ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშები] შსს-ს გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაციები მხოლოდ 2019 წლის ოქტომბრამდე იძებნება. ამ დროიდან დღემდე პერიოდისთვის კი, არცერთი ინფორმაცია [რა შესყიდვები განახორციელა სამინისტრომ და ვისთან გააფორმა ხელშეკრულება] შესყიდვების პორტალზე აღარ ჩანს:

2024 წლის 16 მაისის მდგომარეობით შესყიდვების პორტალზე CMR გრაფაში შსს-ს შესყიდვებზე ბოლო ინფორმაცია 2019 წლის ოქტომბრით თარიღდება

რატომ არ არის საჯარო ეს ხელშეკრულებები – ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გადაგვამისამართა.

შესყიდვების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამინისტროს განცხადებებთან დაკავშირებით „სავარაუდოდ, იყო და არის ტექნიკური პრობლემები პორტალზე და შესაბამისი სპეციალისტები მუშაობენ მის მოგვარებაზე“.

კონკრეტული ინფორმაცია – რა პრობლემები შეიქმნა, როდის, ან როდის უნდა მოგვარდეს; ასევე, შესაბამისი ხელშეკრულებების ასლები სააგენტოდან „ბათუმელებმა“ წერილობით ოფიციალურად გამოითხოვა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს უწყება არ ასაჯაროებს თუ რა ძალა გამოჰყავს შეკრების/მანიფესტაციის დროს, რამდენი პოლიციელი/სპეცრაზმელი მონაწილეობს და რა საშუალებებს იყენებენ ამა თუ იმ „სპეციალური ღონისძიების ჩატარებისას“ .

  • ხელფასები

სპეცრაზმელთა რაოდენობასა და მათ ანაზღაურებაზე, ასევე შესყიდვებთან დაკავშირებით, ინფორმაცია შსს-გან წერილობით ამჯერადაც გამოვითხოვეთ.

ანალოგიური ინფორმაცია „ბათუმელებმა“ სამინისტროდან 2023 წლის 7-8 მარტის მოვლენებთან დაკავშირებითაც გამოითხოვა გასულ წელს, თუმცა სამინისტრომ მაშინ მონაცემები არ მოგვაწოდა.

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, [ამ ინფორმაციის] ხელმისაწვდომობა შეზღუდულია საიდუმლოებაზე დაშვების არმქონე პირთათვის.“-ო, მოგვწერეს შარშან შსს-დან:

შსს-ს პასუხი

აღნიშნულიდან გამომდინარე უცნობია, მაგალითად, 2024 წლის პირველ მაისს სამინისტრომ რამდენი მოსამსახურისთვის [პოლიცია, სპეცრაზმი] შეიძინა 9 800 კომპლექტი ლანჩის ნაკრები. თუ, როგორც წესი, ერთჯერადი კვებისთვის იყო გათვალისწინებული, გამოდის რომ პოლიციას ამდენივე მოსამსახურე ჰყავდა გამოყვანილი მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ. 

და კიდევ, როგორც „ბათუმელებმა“ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით გაარკვია, სამინისტრომ სწორედ გასული წლის 7-8 მარტის მოვლენების შემდეგ გაზარდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელთა რაოდენობა.

ამავე დოკუმენტების მიხედვით, „გასამხედროებული დანაყოფის მოსამსახურეების უნიფორმებითა და შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფის“ მიზნით ამ უნიფორმებისა და აღჭურვილობის შესყიდვაც ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გადაწყდა, რაზედაც თანხმობა სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოსგან 2023 წლის 11 მაისს მიიღო.

შესყიდვების სააგენტოს 2023 წლის 11 მაისის განკარგულებიდან

საუბარია 5 925 740 ლარის შესყიდვებზე, თუმცა ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები უცნობია, ვინაიდან, როგორც ლანჩის შემთხვევაში, შესყიდვების პორტალზე არც ამ შესყიდვებზე იძებნება ხელშეკრულებები.

აღნიშნული 5,9 მილიონი ლარით კი, სამინისტროს გამარტივებული წესით სხვადასხვა ნივთები უნდა შეესყიდა; მათ შორის 3 000 ნიღაბი [აქედან 1 000 ალგამძლე]:

„საქონლის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, განსხვავდება მათი მიწოდების ვადები. ნაწილი საქონელი შესყიდული უნდა იქნას საზღვარგარეთ უშუალოდ მწარმოებელი კომპანიებისგან, რათა დაცული იქნას სახელმწიფო შესყიდვების რაციონალურად განხორციელების პრინციპი და მოხდეს საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა.

ნაწილი საქონლის წარმოება შესაძლებელია საქართველოში, თუმცა, მოითხოვს შესაბამისი ნედლეულის შეკვეთას საზღვარგარეთ. მოცემულ ეტაპზე დაგეგმილია, რომ შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდეს 2023 წლის მაისის ბოლომდე, ხოლო საქონელი მოწოდებული იქნას და შესაბამისი დანაყოფები სრულად დაკომპლექტდეს 2023 წლის ბოლომდე.“ – წერია შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისადმი 2023 წლის 25 აპრილს გაგზავნილ პატაკში.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

განახლება: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2024 წლის 28 მაისს, წერილობით მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ „ხელშეკრულებების მოდულში (CMR) გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, ამ ეტაპზე ხარვეზებით მუშაობს ზოგიერთი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადებულ ცალკეულ ხელშეკრულებებზე წვდომის ფუნქციონალი, რის თაობაზეც, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ხარვეზების იდენტიფიცირების დროიდან ხორციელდება საჭირო ტექნიკური სამუშაოები, რაც მოითხოვს ხანგრძლივი დროის პერიოდს.“

შესყიდვების სააგენტოდან „ბათუმელებისთვის“ 2024 წლის 28 მაისს გამოგზავნილი წერილიდან

საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ამ კანონის გასაპროტესტებლად გამოსულ ხალხს/აქციას კი ძირითადად სწორედ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გასამხედროებული დანაყოფებით არბევენ, მშვიდობიან დემონსტრანტებს აკავებენ, ფიზიკურად უსწორდებიან.

ამ თემაზე: აქციებზე დაკავებული 93 პირი პოლიციას არასათანადო მოპყრობაში ამხელს, 71-მა მიმართა საგამოძიებო სამსახურს – ომბუდსმენი

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ, აცხადებენ, რომ ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობს, არაადამიანურად ეპყრობა და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, მასობრივად აკავებს მათ.

  • ერთი თვის განმავლობაში, 2024 წლის 15 აპრილიდან  15 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ცხელ ხაზზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა 189 პირმა დარეკა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
  • ასევე, ორგანიზაციებს დასახმარებლად მიმართა 30-მა მშვიდობიანმა დემონსტრანტმა, რომელიც დააჯარიმეს გზის გადაკეტვაში მონაწილეობის, შენობებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე ან ხე-ნარგავებზე საპროტესტო ბანერების განთავსების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის მუხლებით.
  • ორგანიზაციების ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო აქციებზე დაკავებული 7 მოქალაქის მიმართ.

ვრცლად: რუსული კანონის დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობს – უფლებადამცველი NGO-ები

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები თამარ კორძაია და ხატია დეკანოიძე კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს მიმართავენ და მოუწოდებენ, გამართოს ბრიფინგი და საზოგადოებას გააცნოს მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაცია აქტივისტებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე პოლიციის მხრიდან ძალადობის საქმეების შესახებ.

ვრცლად: დეპუტატები სპეციალური საგამოძიებოს ხელმძღვანელს მიმართავენ

____

მთავარი ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

„ვისთან გაქვთ სექსი, თქვენი ძმაკაცი ვისთან დადის… არ ეტყვით – დაისჯებით“ – როგორ იმუშავებს რუსული კანონი

„კანონში ის წერია, რის გამოც პაოლო იაშვილმა მწერალთა სახლში ტყვია დაიხალა“ – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაზო კირტავა,  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადამიანის უფლებების პროგრამის ანალიტიკოსი. იურისტი პოსტში ფეისბუქის მომხმარებლებისთვის მარტივად განმარტავს, რა საფრთხეს შეიცავს რუსული კანონი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო.

„წარმოიდგინეთ, ხვალ დაგადგათ პატივცემული რატი ბრეგაძის უწყების წარმომადგენელი.

(არაა აუცილებელი NGO-ში ან მედიაში მუშაობდეთ. წარმოიდგინეთ, რომ საერთოდ არსად არ მუშაობთ).

გითხრათ, რომ მათი ვარაუდით, თქვენ გაქვთ ინფორმაცია უცხოეთის ინტერესების გამტარებზე.

მოგთხოვათ პირადი მიმოწერები, გამოგკითხათ, ვისთან გაქვთ სექსი, რომელ პარტიას ემხრობით.

მერე გამოგკითხათ, თქვენი ძმაკაცი რომ არის, ეგ ვისთან დადის ღამღამობით, რა იდეებს ატარებს, სად ლოცულობს და ა.შ.

არ ეტყვით – დაისჯებით.

არ მიაწვდით მოთხოვნილ მასალებს – დაისჯებით.

რაში სჭირდებათ ეგ ინფორმაცია? მონიტორინგში. „დანოსში“ რაღაცები წერია და უნდა გადაამოწმონ. და საერთოდ, რამდენ კითხვას სვამთ, კანონით სრული უფლება აქვთ ეს ყველაფერი მოგთხოვონ. მოკეტე და რასაც გეკითხებიან იმაზე უპასუხე, თორემ დაისჯები.

აი, ეგ წერია ამ კანონში, ადამიანური ენით რომ ითქვას.

თან თავიდან მთლად ასე ცხადად არ ეწერა, მერე გააპარეს.

და ამათთან ამ კანონის გაკეთილშობილებაზე და გაუმჯობესებაზე მსჯელობის სჯერა ვინმეს?

მოკლედ, კანონში ის წერია, რის გამოც პაოლო იაშვილმა მწერალთა სახლში ტყვია დაიხალა და ვინმეს თუ ჰგონია, ვაჭარბებ და ვაზვიადებ, თავს იტყუებთ, მეგობრებო“ – წერს თაზო კირტავა.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს.

აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ კანონპროექტში შევიდა ცვლილებები, რომლითაც ფიზიკური პირები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის გათვალისწინებული „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების“ რეესტრში მოხვდებიან, თუმცა სახელმწიფოს შეეძლება ფიზიკური პირებისთვის პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა და მათი დაჯარიმება.

ამავე თემაზე: რუსულ კანონში შესული ცვლილებით მონიტორინგი და ჯარიმები ფიზიკურ პირებსაც შეეხება

რა ხდება 

საქართველოში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ „ოცნებამ“ უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ „ოცნებამ“ კანონპროექტი უკან დააბრუნა.

ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტ და გაამყარა პუტინის რეჟიმი.

ქართველების აქცია ტალინში რუსული კანონის წინააღმდეგ

17 მაისს ქართველმა ემიგრანტებმა ტალინში რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გამართეს.

YouTube video player

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 491 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
  • ტანკი – 7 560 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 14 595 ერთეული [+43]
  • საარტილერიო სისტემა – 12 639 ერთეული [+36]
  • MLRS – 1 071 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 801 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 354 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 108 ერთეული [+35]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 203 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 169 ერთეული [+65]
  • სპეცტექნიკა – 2 075 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 601 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 271 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 522 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 074 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 304 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 664 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 783 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

სასამართლოდან მირეკავდნენ, თურმე პროცესი 20 მაისსაა ჩანიშნული – მსახიობი ნატალია ყიფშიძე

მსახიობი ნატალია ყიფშიძე წერს, რომ მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი.

მსახიობი წერს:

„გახსოვთ რამდენიმე დღის წინ სიცილით რომ მოვყევი ბოტებმა ჩემი ნომერიც გაიგეს-თქო? თურმე სასამართლოდან მირეკავდნენ. 20 მაისს პროცესია დანიშნული: ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს.

წელს 23 წლის ვხდები და ამ წლების განმავლობაში არცერთ წარმოდგენილ სცენარში სასამართლოში არ ვმჯდარვარ. არცერთ წარმოდგენილ სცენარში არ მითვალთვალებდა ადამიანი და მანქანით არ მომყვებოდა. თვეზე მეტია აქციაზე ვართ, ვიბრძვით სამშობლოსთვის. ვიბრძვით იმ გარემოს შესაქმნელად, რომლისგანაც გაქცევის სურვილი არ გვექნება. ვიბრძვით სამართლიანობისთვის. ვიბრძვით იმისთვის, რომ უსაფრთხო ქვეყანაში ვიცხოვროთ. ვიბრძვით იმისთვის, რომ ოკუპანტებისთვის ჩვენი მიწა „დაჩა“ არ გახდეს.

ამ სასამართლოში დაბარებით უნდათ, რომ შემეშინდეს, ჩავიკეტო სახლში და გამოსვლა არ მომინდეს. თუ გავჩერდებით და პირის ამოკერვის უფლებას მივცემთ, ისედაც გავიღვიძებთ ისეთ რეალობაში, რომელშიც სახლში გამოკეტვას გვაიძულებენ.

დღეს ცდილობენ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას: თურმე ქვეყნის სიყვარული სამართლებრივ ჩარევას მოითხოვს. მე მაინც სწორ მხარეს ვდგავარ იქ, სადაც რუსულ რეჟიმს არაფერი ესაქმება და შიშის ფაქტორი მხოლოდ დედაჩემის რისხვა დარჩება, მასზე მაღლა ვერ ახვალთ“, – წერს ნატალია ყიფშიძე.

ფოტო: ირმა შარიქაძე

18 მაისს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება – „გავიმარჯვებთ სახელოვნად“

18 მაისს ბათუმში განახლდება აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ.

ახალგაზრდები კვლავ მოუწოდებენ საზოგადოებას გაერთიანებისკენ.

„ბათუმი ყოველთვის დგას იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის ისტორია იწერება. ჩვენ ერთად, ჩვენი ერთობით ვწერთ ამ ისტორიას.

მარტიანელები გელოდებით ხვალ, 18 მაისს, 19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან, რუსთაველის ქუჩაზე. კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საქართველოს ჩვენი ერთობა.

მარტიანელებს გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად.

ჩვენ უარს ვეუბნებით ყველას და ყველაფერს, რაც არის რუსული“ – ნათქვამია სტუდენტური მოძრაობის განცხადებაში.

  • რა ხდება

საქართველოში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

პრეზიდენტს ვეტოს გამოსაყენებლად ორკვირიანი ვადა აქვს.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ „ოცნებამ“ უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა. ანალოგიურმა კანონმა რუსეთში გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და გაამყარა პუტინის რეჟიმი.

ბათუმში მოტოციკლი ავტომანქანას შეეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მოტოციკლი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა. მოტოციკლის დაშავებული მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს

შემთხვევა დღეს, 17 მაისს მოხდა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.

 

როგორ ვიბრძვი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ყოველ დღეს – 19 წლის ცოტნე | ვიდეო

ბათუმში დაიბადა, აქ გაიზარდა და მშობლიურ ქალაქად მიიჩნევს კიდეც, თუმცა არასდროს ავიწყდება გაგრა და სოხუმი – მისი მშობლების ქალაქები, სადაც არ შეუძლია წავიდეს, მოინახულოს მშობლების სახლი, ბებია-ბაბუა, მამიდები და ბიძები – ადგილები, რომელიც არ უნახავს, მაგრამ ენატრება. განცდა, რომ ვერ ჩავა მაშინ, როცა სურს და ვერ ნახავს იმას, რაც ასე შორეული, მაგრამ მშობლიურია, უჩენს ბრაზს იმ ძალის მიმართ, რომელმაც მავთულხლართები გააბა და ასე დააშორა მშობლების სახლს.

19 წლის ცოტნე მირცხულავა ახლა ამ ძალას ქუჩაში გამოსვლით ებრძვის. ოკუპანტს, რომელმაც რუსული კანონის სახით შემოაღწია ჩვენი ქვეყნის შიგნითაც. იბრძვის, რადგან მიაჩნია, რომ ეს მისი ინდივიდუალური ბრძოლაცაა რუსული რეჟიმის, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

  • როგორ ვებრძვი რუსულ ოკუპაციას ყოველდღიურობაში

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ყოველდღიურად ვცდილობდით დისკომფორტი შემექმნა რუსებისთვის, რომლებიც ჩვენს ქუჩებში გამოჩნდნენ და აქ ცდილობენ თავის დამკვიდრებას.

ვცდილობდი ჩამევლო იმ ქუჩებში, ადგილებში, სადაც რუსების ბარებია გახსნილი უკრაინის დროშებით, უკრაინული სიმღერებით, „რუსეთი ოკუპანტია“, „პუტინ ხუილო“ და მსგავსი შეძახილებით. ჩვენ გვაწუხებს ჩვენს ქვეყანაში შემოსული აგრესორი, რომელიც ფეხს იკიდებს ყოველდღიურად აქ და ჩვენ ვიცით, რომ ეს მავნებელია ჩვენთვის.

ის ფიქრობს, დაეპატრონოს ჩვენს ქვეყანას ამა თუ იმ გავლენებით და ამას ვხედავთ უკვე ყოველდღიურად“, – ამბობს ცოტნე „ბათუმელებთან“.

ცოტნე მიიჩნევს, რომ ამ ბრძოლაში ერთიანობაა მთავარი, სწორედ ამით იგრძნობს ოკუპანტი, რომ აქ მათი ადგილი არ არის და მათ აქ არავინ ელის.

„მე მესმის, რომ შეიძლება ვიღაც იყოს ტურისტი, მაგრამ ტურისტი მოდის კეთილი ზრახვებით შენს ქვეყანაში და რუსი, ჩემთვის ვერანაირად ვერ ასოცირდება კეთილ ზრახვასთან“, – გვეუბნება ცოტნე მირცხულავა.

  • ჩემმა მშობლებმა აფხაზეთში დატოვეს საკუთარი ახალგაზრდობის, ბავშვობის ნაწილი

„თუ არ ვცდები, მეხუთე კლასში ვიყავი, როცა ისტორიის სახელმძღვანელოში მეფის რუსეთის შესახებ შემხვდა ტექსტი, სადაც რუსეთი ძალიან დადებით კონტექსტში იყო წარმოჩენილი. როდესაც ამის გამო პროტესტი გამიჩნდა, საერთოდ არ მიგრძნია მასწავლებლისგან წინააღმდეგობა.

პირიქით, მითხრა, რომ მეც მაწუხებს ეს ყველაფერი, მაგრამ მე ერთი, ხანშიშესული ქალი ვარ და ვერ გამოვხატავ ჩემს პროტესტს ისე, როგორც საჭიროაო.

მაშინ ვიგრძენი ჩემი ძალა, თუ როგორ შემიძლია ავუბა მხარი სხვებს და ხმამაღლა ვთქვა ჩემი სათქმელი. პოზიტიური გაგებით რუსეთზე ვერ ვისწავლიდი გაკვეთილს მშვიდად, რადგან იმპერიალისტური რეჟიმის შესახებ არაფრის გაგონება არ მინდოდა. იმიტომ, რომ მათი ცუდი ზეგავლენები კარგად გვახსოვს და განვიცდით.

დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ამ ტკივილს დღესაც ისე განიცდის ჩემი ოჯახი.

როცა ჩემმა ოჯახმა აფხაზეთი დატოვა, მათ იქ დატოვეს ახალგაზრდობის და ბავშვობის ნაწილი. როცა ვგრძნობდი, რომ საკუთარ კუთხეში, საკუთარ სახლში ვერ მივდიოდი, ეს ბრაზი, ნელ-ნელა, ბავშვობიდან შემოდიოდა ჩემში.

მე დევნილი ვარ. მართალია, ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, ბათუმი ჩემი მშობლიური ქალაქია და ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რომელმაც მომიყვანა აქამდე, რომელმაც მაიძულა მეცხოვრა ჩემი სახლისგან, ჩემი სოფლისგან და ქალაქისგან შორს.

მაშინ ვიგრძენი ეს ტკივილი, მაშინ გაჩნდა ჩემში პროტესტი, როცა მივხვდი ჩემს სოფელში ვერ მივდიოდი მაშინ, როცა მე მინდოდა და ვერ ვხვდებოდი ბებიას, ვერ ვეხუტებოდი ბაბუას, ძალიან დიდი იყო ეს დისტანცია და ძალიან ხანგრძლივი.

შეიძლება წლები გასულიყო და ვერ მენახა ბიძები, მამიდები. ეს ძალიან ცუდად ისახებოდა ჩემზე. მაკლდა ის სითბო, რომელიც ბებია-ბაბუამ შეიძლება მოგცეს“, – გვიყვება თავის ტკივილზე ცოტნე. დედაზე, რომელმაც ოკუპაციის ტკივილი 14 წლის ასაკში განიცადა.

„მამა გალელია, დედა მყავს სოხუმელი.

დედაჩემმა ჩემზე პატარა ასაკში გამოიარა ის ტკივილი და დარტყმა, როდესაც სოხუმში მოუწია სახლ-კარის დატოვება. დედასთან და მცირეწლოვან ძმასთან ერთად წამოვიდა, სადღაც შორს, სადაც ნამყოფიც კი არ ყოფილა არასოდეს.

მამაჩემს ადიდებული ენგურის გადმოცურვაც კი მოუწია, რომ გამოეღწია აქამდე.

ამის შემდეგ, ძალიან ბუნებრივია ჩემი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ამ ისტორიაზე ვიზრდებოდი მთელი ბავშვობა, თუ როგორც ცდილობდნენ რუსები აფხაზეთში ქართველების გენოციდს, ეთნიკურ წმენდას.

YouTube video player

მახსოვს, ბაღიდან გამომიყვანა დედაჩემმა და სანაყინეში წაგვიყვანა მე და ჩემი ძმა. მაშინ რუსთაველზე ძალიან ცნობილი სოიას ნაყინი იყიდებოდა და ძალიან მიყვარდა იქ სიარული.

გვერდით მაგიდასთან რუსი ოჯახი მოგვისხდა. მახსოვს, რიგში ჩემ წინ ჩადგა ეს ბავშვი. საბავშვო ბაღის რუსულით რასაც თავი მოვაბი, ვუთხარი, რომ „ეს ჩემი ადგილია-მეთქი“.

ეს მახსენდება… დედა მახსენებს ხოლმე, როგორი პროტესტის გრძნობა გაგიჩნდა მაშინაც, რომ იცოდი, სად იყო შენი ადგილი და სად იყო იმ დამპყრობლის ადგილი, რომელიც ცდილობს შენს ყოველდღიურ რეალობაში შემოვიდეს და შენ წინ დადგესო“, – გვეუბნება ცოტნე.

ბათუმში რუსულ გემს პროტესტით დახვდნენ მოქალაქეები/ფოტო: ლელა დუმბაძე/ ბათუმელები
  • პორტიდან გაძევებული რუსული გემი

„როცა წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ეს პროტესტი იზრდებოდა და ღრმავდებოდა ჩემში.

მახსოვს ის დილა, როცა გავიღვიძე და დამხვდა ახალი ამბავი – ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერია შემოდის. ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ვიფიქრე, რომ არ ვიყავით ღირსი, ჩვენს ქვეყანაში რუსული გემი შემოსულიყო იმ პორტში, სადაც 30 წლის წინ, დევნილები შემოვიდნენ. დევნილები, რომლებმაც დაკარგეს ქმრები, დედები, მამები, შვილები… ჩვენ დევნილებს სტკიოდათ და არ იცოდნენ, სად მიდიოდნენ, მათ კი გაწერილი ჰქონდათ საკრუიზო გეგმა, – ბათუმში მოდიოდნენ გასართობად.

მეგობართან წავედი და ერთად შევეცადეთ პროტესტი გაგვეღვივებინა ადამიანებში, რომ შეგვექმნა დისკომფორტი რუსებისთვის, რომლებიც დამცინავი რიტორიკით გამოირჩეოდნენ  ქართველების მიმართ, და მათთვის კომფორტის ზონა არ ყოფილიყო ბათუმი“, – ამბობს ცოტნე.

ცოტნე აქციაზე – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. ბათუმი 10 მაისი, ევროპის მოედანი.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
  • დღეს რუსთაველზე საქართველოს ახალი ისტორია იწერება

21 დღეა, რაც ცოტნე და მისი მეგობრები რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე დგანან და ასე აკავებენ რუსულ რბილ ძალას, რომელიც ნელ-ნელა, „თავის მძიმე საცეცებს აჩენს“.

ცოტნე მიიჩნევს, რომ ის და მისი მეგობრები დღეს ისტორიის სწორ მხარეს დგანან. „რადგან დღეს რუსთაველის ქუჩა მიჯნავს თეთრსა და შავს“, – გვეუბნება ის.

„ეს დღეებია ჩვენ ვებრძვით რუსეთს საქართველოში, ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელიც პირდაპირ მართულია კრემლიდან. არანაირად არ გვსურს რუსული გავლენების ქვეშ მოქცევა. არ გვინდა ჩვენი მომავალი ისევ რუსეთს დაუკავშირდეს. იმ წარსულს, რომელიც იყო მჩაგვრელი და იყო დამაზიანებელი.

რუსთაველის ქუჩაზე იწერება საქართველოს ისტორია დღეს და ჩვენ ამ ისტორიის მონაწილეები ვართ, როგორც ისტორიის სწორ მხარეს მდგომი ადამიანები.

ინდივიდუალურად უნდა ვებრძოლოთ ყველამ რუსეთს, რომ საერთო სურათში ჩვენი ბრძოლისუნარიანობა უფრო ძლიერად აისახოს“, – ამბობს ცოტნე.

მისი აზრით, ბიძინა ივანიშვილი დღეს კრემლის დავალებებს ასრულებს, ახალი თაობა კი მას არ მისცემს ქვეყნის რუსეთიზაციის უფლებას.

„ჩვენ – ახალგაზრდები, სამოქალაქო აქტივისტები, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ბოლომდე რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოში, რადგან ჩვენი თვითმიზანი არის ევროკავშირი, ჩვენი თვითმიზანი არის დასავლეთი“, – ამბობს ცოტნე მირცხულავა.

როგორ გახდა სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ პროტესტის ლიდერი ბათუმში – ნაწილი მეორე

YouTube video player

ამავე თემაზე: 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 19 და 20 მაისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალგაზრდებისთვის ბულვარის ამფითეატრთან საჯარო ლექციები და დისკუსია გაიმართება

დღეს, 17  მაისს, სტუდენტური მოძრაობა ბათუმში საპროტესტო აქციას არ გეგმავს. სტუდენტები 18:30 საათზე ახალი ბულვარის ამფითეატრთან საჯარო ლექციებზე დასასწრებად ეპატიჟებიან ერთმანეთს. როგორც განცხადებაშია მითითებული, იქნება დისკუსიაც. ღონისძიების ორგანიზატორია მოძრაობა „ევროპისკენ“.

მომხსენებლები არიან და დისკუსიებს გაუძღვებიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.

  • ევროპული ცივილიზაციის ქართული საზომები – ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
  •  ევროპული განათლება, ტრადიციები და თანამედროვეობა – ინგა შამილიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
  • ოჯახი, როგორც კულტურა, ქართულ ლიტერატურულ კონტექსტში – ნანა ტრაპაიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურის კრიტიკოსი.
  • რუსული ოკუპაცია საქართველოში – კახა სურგულაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ საპროტესტო აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმში ერთი თვეა მართავენ. აქვთ მსვლელობები, რა დროსაც მოქალაქეებს მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ და გააპროტესტონ რუსული კანონი.

საქართველოს დიდ ქალაქებში ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უპირობოდ გაწვევის დაპირების მიუხედავად დააბრუნა პარლამენტში და მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მესამე მოსმენით მიღების შემდეგ რუსული კანონი პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის.

„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების პარალელურად გაიფიცა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი გაკვეთილი ახლა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ტარდება, მთავარი გამოცდა კი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვაა.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 489 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 410]
  • ტანკი – 7 547 ერთეული [+18]
  • ჯავშანტექნიკა – 14 552 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 12 603 ერთეული [+38]
  • MLRS – 1 071 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 800 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 353 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 326 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 10 073 ერთეული [+45]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 200 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 17 104 ერთეული [+56]
  • სპეცტექნიკა – 2 069 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 17 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 601 თვითმფრინავი
  • 274 ვერტმფრენი
  • 24 234 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 522 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 16 058 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 303 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 635 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 763 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

უქმე დღის გამო შსს-ს მომსახურების სააგენტო 17 მაისს არ იმუშავებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, რომ 17 მაისი სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის გამოცხადებულია უქმე დღედ.

სააგენტოს ცნობით:

ის პირები, რომლებსაც 17 მაისს უწევდათ ცნობის მიღება, დამზადებულ დოკუმენტს მიიღებენ 18 მაისს;

პირები, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა უწევდათ 17 მაისს, გამოცდით ისარგებლებენ 18 მაისს;

იმ პირებს, რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 17 მაისს აქვთ ჯავშანი, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღის განმავლობაში ეცნობებათ;

იმ პირებს, რომლებსაც შენახული აქვთ უფასო ან ფასიანი სანომრე ნიშნები და შენახვის ბოლო დღე უწევთ 17 მაისს, გამოცხადების ბოლო ვადად განესაზღვრათ 20 მაისი;

ხოლო იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 17 მაისს, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრათ 20 მაისი.

დღეს, 16 მაისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 მაისი დასვენების დღედ გამოაცხადა.

__________________________

ფოტოზე: მომსახურების სააგენტო ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

სოფელ კვირიკეში ფერდობი ჩამოიშალა და 50-წლამდე კაცი მოიყოლა

დღეს, 16 მაისს, სოფელ კვირიკეში ფერდობი ჩამოიშალა და ერთი ადამიანი მოიყოლა. დაღუპული კაცი 50-წლამდეა.

ინფორმაციას სოფელ კვირიკეში მერის წარმომადგენელი ზურაბ ლაზიშვილი გვიდასტურებს.

„სანიაღვრეს აკეთებდნენ, მოწყდა ფერდობი და ერთი ადამიანი მოიყოლა. საკმაოდ დიდი მასაა მიწის ჩამოშლილი, ერთი საათი დასჭირდა კაცის ამოყვანას, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო“, – ამბობს ზურაბ ლაზიშვილი.

მისი თქმით, დაღუპულია კაცი სოფელ ხუცუბანში ცხოვრობდა.

კითხვაზე, იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული სამშენებლო ობიექტზე, ზურაბ ლაზიშვილი ამბობს, რომ ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

რა დააშავა ჩემმა შვილმა, სანქცია რომ დაუწესონ? – „ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე

„ეს არის დემოკრატია, რომ უდანაშაულო ადამიანს სანქცია დაუწესოს? რა დააშავა ჩემმა შვილმა? გეკითხებით. ვთქვათ, მე დავაშავე. ეგ არის დემოკრატია? მე ეგეთი დემოკრატია არ მომწონს“, – ასე უპასუხა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტების შეკითხვას მისი და მისი ოჯახის წევრების შესაძლო სანქცირებაზე.

ვიქტორ ჯაფარიძე თავდაპირველად ენმ-ის მმართველობის დროს, 2004-08 წლებში იყო მაჟორიტარი დეპუტატი; მოგვიანებით, 2012 წელს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი გახდა, 2016-2020 წლებში ჩატარებულ არჩევნებში კი პროპორციული წესით გახდა პარლამენტარი კვლავ „ქართული ოცნებიდან“. ახლა იგი პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალა“, წევრია. ჯაფარიძე ფლობს ტელეკომპანია „პოსტტივის“ საკონტროლო პაკეტს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ცნობით, მხოლოდ 2018-20 წლებში ჯაფარიძისა და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის ნაწილობრივ მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა 6 254 688 ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, გამარტივებული შესყიდვის წესით.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ რუსული კანონის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ მასზე პასუხისმგებელ კონკრეტულ ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს.

აქტივისტი ხულოდან აცხადებს, რომ ხულოს მერის დავალებით აქცია ჩაუშალეს – „არა რუსულ კანონს“

ახალგაზრდა აქტივისტი ხულოდან, ლაშა ბოლქვაძე გვიყვება, რომ ხულოში 30-მდე აბიტურიენტი და სტუდენტი რუსული კანონის გაპროტესტებას გეგმავდა, თუმცა დაანონსებული აქცია ხულოს მერის დავალებით ჩაუშალეს.

„ახალგაზრდებს რუსული კანონის გაპროტესტება გვინდოდა. უფრო აბიტურიენტებისა და სტუდენტების ინიციატივა იყო. ოცდაათნი ვიყავით. უფრო მეტი არ ეთანხმება რუსულ კანონს, მაგრამ ეშინიათ სხვადასხვა მიზეზით, ძირითადად კი საჯარო სამსახურში დასაქმებული ახლობლების გამო. თუმცა, 30-მა დანამდვილებით თქვა, რომ აქცია უნდა გაგვემართა. დავგეგმეთ, მაგრამ ამბავი გავიდა და აქცია ჩაგვიშალეს“ – გვიყვება ლაშა ბოლქვაძე.

მისი ინფორმაციით, აქციის ინიციატორების მშობლებს ხულოს მერის სახელით დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ აქციას გამართავდნენ, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა, პრობლემები შეექმნებოდათ, განსაკუთრებით კი აქტივისტების საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ახლობლებს.

„ზოგმა კი პირდაპირ თქვა, რომ ოჯახში მივიდნენ ხულოს მერის დავალებით. ზოგის ოჯახის წევრს კი დაურეკეს. ვფიქრობ, ზოგს იმის თქმა ეუხერხულა კიდეც, რომ მამა არ უშვებს კონკრეტული მიზეზის გამო“ – ამბობს ლაშა.

ამის შემდეგ ახალგაზრდებმა აქციის გამართვა გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს ვიდეო გადაეღოთ, რომლითაც რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდნენ, შემდეგ კი ამ ვიდეოს გაავრცელებდნენ. ლაშას თქმით ესეც გაიგეს და ხულოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა, ვალერი შავაძემ გადაღებიდან დაბრუნებისას მათ ფოტოები გადაუღო.

„საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ვიდეო გადავიღეთ, როცა წამოვედით პოლიციელმა ბავშვებს ვიდეო გადაუღო, მათგან უმეტესობა არასრულწლოვანია. შემდეგ ოჯახებს შეუთვალა, ამ ფოტოებს გადავაგზავნი სადაც საჭიროა, თუ რამეს დააპირებთო, გულისხმობენ აქციას, ცხადია“ – ამბობს ლაშა. 

„ბათუმელები“ ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს დაუკავშირდა. ხულოს მერმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ჩვენს კითხვას ხულოში საპროტესტო აქციის მისი ჩარევით ჩაშლის შესახებ პროვოკაციულად მიიჩნევს და შეურაცხყოფად აფასებს:

„საქმეზე მირეკავთ თუ პროვოკაციაზე, რა შუაშია, ეს საიდან მოიტანა, ან ვინ მოიტანა? ეს არის პროვოკაციული კითხვა. დღეს საერთოდ ვინ ვის რა დაუშალა. ან თქვენ საიდან მოიტანეთ? ასეთი ლაპარაკი ქვეყანას არ წაადგება. ძალიან გთხოვთ იმ ხალხს, რომელსაც ქვეყანაზე გული შეგვტკივა, ქვეყნის სასიკეთოდ ვზრუნავთ დღე და ღამე, ამის მეტი საქმე არა აქვთ? ქვეყნის დაქცევისკენ და უკან სვლისკენ რომ იბრძვით, რა კითხვებია?“ – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ.

მერს ვკითხეთ, გვგულისხმობს თუ არა ჩვენ, მედიას, როცა ამბობს, რომ „პროვოკაციას ვუწყობთ“.

„მუნიციპალიტეტის მერი ვარ და მაგის გარდა საქმე დამელია, რომ მე ვიღაცის საქმეებში ჩავერიო? ამდენი საქმე მაქვს, ამდენ საქმეს ვაკეთებ და ხალხს ვემსახურები. დიახ, ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი კითხვა იყო. ასეთი შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო ადამიანს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ხალხს ვემსახურები და ჩემი ქვეყნის სამსახურში ვარ დაბადების დღიდან დღემდე.

დიახ, მე შეურაცხყოფად მივიღე. მე თქვენ კი არ გეჩხუბებით. ვამბობ, რომ ეს არის ძალიან არასწორი პროვოკაცია. ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც 75 პროცენტს ხმა აქვს ჩემთვის მოცემული, არჩეულ მერს ამის მეტი საქმე არა მაქვს? მე გეუბნებით, ეგ საიდანაც წამოვიდა, არის პროვოკაცია ქვეყნის მტრების, ქვეყანა რომ არასწორ გზაზე წავიდეს და თითქოსდა თავისუფლებას საფრთხე შეუქმნას, თუმცა მე გარწმუნებთ, რომ ვერცერთი ადამიანი, ჩვენი ქვეყნის მტერი ვერ მიაღწევს მის საწადელს, ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება, გაბრწყინდება და ევროპაში შევა თავის ღირსებით, კულტურით და ღირებულებებით“ – ამბობს ხულოს მერი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა დასახელებულ პოლიციელს, ვალერი შავაძესაც. ის ჩვენთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ აქციის შესაძლო გამართვის შესახებ არც კი გაუგია. მან რუსული კანონის წინააღმდეგ ვიდეოს გადაღების შემდეგ, მონაწილეებზე ფოტოების გადაღება და მუქარა უარყო:

„მე არც ვიდეოს გადაღება დამინახავს და არც სურათები გადამიღია. მე ვარ ფორმიანი პოლკოვნიკი. რა აქციას ატარებდნენ, რა ფოტოები გადავიღე… ვიღაცას ეშლება. 6-7 თვე ვიყავი განყოფილების უფროსი და აღარ ვარ, ალბათ ესეც არ იციან. დიახ, განყოფილებაში ვარ, მაგრამ უფროსი აღარ ვარ. გეუბნებით, რომ არაფერი ვიცი. თქვენ შაირზე ხართ?! მე თუ სადმე აქცია დავშალე, მაგას სახალხოდაც ვიტყვი“.

ლაშა ასევე გვიყვება, რომ მის ერთ-ერთ მეგობარს, რომელიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლაც მოსთხოვეს: „მაგრამ არ დაწერა, სახლშიც მივიდნენ, გააფრთხილეს, მაგრამ ვერ აშინებენ, არ აინტერესებს. მოგვიანებით კი მისი ზეწოლის მიზნით გაავრცელეს, რომ ვაკანსია ჰქონდათ და სწორედ მისი თანამდებობა დაასახელეს, თუმცა ამ მეგობრის გათავისუფლების ბრძანება არ დაუწერიათ“.

ლაშა ბოლქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს კრიტიკულ პოსტებს. მან ცოტა ხნის წინ შენიშნა ისიც, რომ მის გვერდზე კონკრეტული კომენტარები წაშალეს ავტორებმა.

„დავინტერესდი რა ხდებოდა, მითხრეს, რომ ოჯახის წევრებს დაურეკეს და კომენტარის თაობაზე შენიშვნა მისცეს. ვიცი, რომ ერთის დედას დაურეკეს, რომელიც საჯარო მოხელეა. მე ვერ დავასახელებ იმ ადამიანებს ვისაც ურეკავენ და ემუქრებიან“ – ამბობს ლაშა.

____________

ფოტოზე: ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე

Exit mobile version