ქართველი იუთუბერები ავრცელებენ ვიდეოს, რომელშიც გმობენ რუსულ კანონს და ხელისუფლებას მოუწოდებენ მისი გაწვევისკენ. ისინი ამბობენ, რომ ამ ბრძოლაში არიან ხალხის გვერდით:
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს დღევანდელ რეალობაზე და მინდა თითოეულმა ადამიანმა, ვინც ყოველდღე გამოდის საქართველოს მომავლის დასაცავად, იცოდეთ, რომ ჩვენ ვართ თქვენს გვერდით და არა – ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მომავალს“.
„აუცილებლად ვემიჯნები ძალადობას და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კანონს უკან გაიწვევენ, იმიტომ რომ რაც მე წავიკითხე, არაფერში არ გამოგვადგება ეს კანონი“.
„არა ძალადობას, არა -ამ კანონს, რომელიც ამდენ პრობლემას იწვევს. ის ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში დგანან, თუ ნაციონალები და უცხოეთის აგენტები გგონიათ, ჩემი აზრით, ვერ ხედავთ ვერაფერს, რადგან ამ ადამიანებს მართლა თავისი ქვეყანა უყვართ და მზად არიან ბრძოლისთვის. ყოველგვარი იარლიყის მიკერება უადგილო და ზედმეტია“ – ამბობს იუთუბერი H1Ta იგივე დათო ალავიძე.
„მე ყოველთვის იმას ვიძახდი, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში და ახლაც იგივე აზრზე ვარ. არა რუსეთს და ყველაფერ იმას, რაც მიგვექაჩება რუსეთისკენ. ჩვენი მომავალი არის ევროპაში“, – ამბობს ცნობილი ვლოგერი სოსო ნებიერიძე იგივე – Soso Around The World
„ჩვენ ქართველი ბლოგერები ვართ რუსული კანონის მოწინააღმდეგენი. არა რუსულ კანონს და კი თავისუფალ და ევროპულ მომავალს“- ამბობს იუთუბერი და ბიუთივლოგერი Tako Sazina.
„ეს კანონი გვაშორებს უკეთეს მომავალს და გვაახლოებს ნაცნობ წარსულს, თან არც ისე სასიამოვნო წარსულს“ – ამბობენ შოუ „კაცების“ წევრები.
რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლისთვის განსხვავებული გზები მოძებნეს მათ, ვისაც ახლა აქციებზე გასვლა არ შეუძლია. მათ შორის არის სოფია კენჭიაშვილიც.
სოფია ჩაერთო კამპანიაში „დაიტოვე“ და საკუთარ სახლში მასპინძლობს მარიამს, რომელსაც თბილისში აქციებზე ჩასვლა და პროტესტის გამოხატვა სურდა, თუმცა ღამის გასათევი არ ჰქონდა.
„პატარა ბავშვები მყავს და ჩემთვის რთულია აქციებზე წასვლა. მენეჯმენტი სჭირდება ბავშვების დატოვებას, თუმცა ამჯერად, დაემთხვა ისიც, რომ ფეხი მოვიტეხე.
როცა გამოჩნდა ეს ჯგუფი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან მანამდე უმოქმედობის შეგრძნება მქონდა. მართალია, შემეძლო თანხის ჩარიცხვითაც დავხმარებოდი აქციის მონაწილეებს, ვიღაცისთვის საჭმელი მეყიდა, ამ ყველაფერში ჩართული ვიყავი, მაგრამ კამპანია „დაიტოვე“ რომ დაიწყო, ძალიან გამიხარდა, რომ შემეძლო რაღაც მნიშვნელოვნის გაკეთება.
ჯგუფში ქუთაისიდან დაწერა ერთმა გოგომ, რომელსაც პატარა ბავშვი ჰყავს, ვერ ტოვებდა ვერსად ბავშვს, ვერ მოდიოდა თბილისში, ეს იყო ნიშანი. ჩამოვიდა ჩემთან, მე ბავშვები დავიტოვე და თვითონ გაიქცა აქციაზე. ამით ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ დიდ საქმეში“ – ამბობს სოფია.
სოფია ერთ-ერთია იმ მოქალაქეებიდან, რომლებიც მკაფიოდ ეუბნებიან ხელისუფლებას, რომ რუსული კანონი არ არის მათი, როგორც მოქალაქის და ამომრჩევლის ნება:
„მე ჩემი შვილები იმისთვის არ გამიჩენია, რომ რუსეთში გავზარდო. რომ მდომოდა წავიდოდი და იქ გავზრდიდი. დღევანდელი რეალობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სადაც გვინდა იქ წავიდეთ და ვიცხოვროთ“.
სოფია გვიყვება, რომ აქციის მონაწილეები ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე:
„არ ტოვებენ ერთმანეთს, აქციაზე უცხოობის შეგრძნება არ არის. ყველა თითქოს მეგობარი და ოჯახის წევრია, არანაირი ბარიერი არ არის ის, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, არ ვიცით ერთმანეთის სახელები. ეს ძალიან მახარებს, პატარები კიდევ უფრო ორგანიზებულები არიან, მათ სხვანაირი თავისუფლება აქვთ.
ჩვენთან ჩამოსული გოგო 6 წელია, რაც არ ჩამოსულა თბილისში. ამ დროში ქალაქში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. პასუხისმგებლობას ვგრძნობ მის მიმართ, არამხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთან ვიტოვებ, მის გადაადგილებაზე ქალაქში, კვებაზე, ჩემმა პატარა დამ ჩაკიდა ხელი და წაიყვანა. იქაც არ მიატოვეს, მეც ხაზზე ვიყავი.“
კითხვაზე, რატომ არ არის დამაჯერებელი მოქალაქეებისთვის მთავრობის ნარატივი, რომ სწორედ ამ გზით, რუსული კანონით მიდის საქართველო ევროპაში, სოფია გვპასუხობს:
„კარგი, ვთქვათ გინდა გააკონტროლო ის თანხები, რომლებიც ისედაც კონტროლდება და ერთი თეთრიც ვერ შემოვა კონტროლის გარეშე. თავადაც ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და ვაგზავნიდი გზავნილებს ჩემს ოჯახთან. ზუსტად ვიცი, ეს რა პროცედურებთან არის დაკავშირებული. ხშირად 2 ან 3 დღე მიჰქონდა შემოწმებას.
მე, როგორც რიგით მოქალაქეს, დედისთვის გადარიცხულ თანხასაც მიმოწმებს და რატომ მატყუებს, რომ გრანტების შემოწმებისთვის უნდათ ეს კანონი.
გარდა ამისა, არცერთი სიტყვა არ თქმულა უამრავ ფულზე, რომელიც რუსეთიდან შემოდის, რუსეთის მხრიდან იხარჯება, თუნდაც „ალტ-ინფოს“ დაფინანსებაში, ან ნებისმიერი პრორუსული ორგანიზაციისთვის“.
სოფიას თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულებას კარგად გვაჩვენებს ე.წ. ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებაც:
„ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და სხვა სამომხმარებლო საჭიროებებს ძირითადად ვიწერ. უფრო ნაკლები მიჯდება. მეუბნები, რომ 300 ლარს თუ გადასცდა ჩემი შენაძენი, ზემოდან 18 პროცენტი უნდა გადავიხადო ტრანსპორტირების თანხის დამატებით და ამ დროს ამხელა თანხის შემოტანა გინდა გადასახადების გარეშე“.
სოფია ცდილობს მარტივად განმარტოს, თუ სად ხედავს პრობლემას, როცა ხელისუფლების პასუხებს ისმენს ათი ათასობით დემონსტრანტის მოთხოვნაზე:
„მე, როგორც აქტიურ მოქალაქეს, არ მომწონს ის ფაქტი, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდმა პროცენტმა არ იცის, რომ რეალურად ძალაუფლება მათ ხელშია.
ეს იმას ჰგავს, ადამიანი როცა მუშაობ, მაგალითად ოფისში, კომპანიაში, გყავს უფროსი და დასაქმებულმა დამსაქმებელს რომ ბოიკოტი გამოუცხადოს, მისი წესების წინააღმდეგ წასვლა დაიწყოს, კომპიუტერები დაამტვრიოს და ამ დროს დამსაქმებელმა ვერაფერი მოიმოქმედოს და ნაცვლად იმისა, რომ სამსახურიდან გაუშვას, ჩაიკეტოს ოთახში, ვერაფერი ვერ გააკეთოს და ხელფასი მაინც უხადოს დასაქმებულს.
რაღაცნაირად უნდა გაიაზროს ხალხმა, უნდა მივიდეს ცნობიერებამდე, რომ შენ ასაქმებ ხელისუფლებას. და შენ ხარ ადამიანი, რომელმაც უნდა მისცე დირექტივა, რა მინდა მე, რა სჭირდება ჩემს ქვეყანას. მე ვარ დამსაქმებელი ამ შემთხვევაში, მე და ყველა მოქალაქე ამ ქვეყნის. ამ დროს დასაქმებული ხტუნაობს მაგიდიდან მაგიდაზე, მირღვევს წესებს, კონსტიტუციას, ჩემს უფლებებს.“
სოფია ლოჯისტიკის მენეჯერია, ის ტვირთების გადაზიდვას უწევს მენეჯმენტს. „საერთოდ არ მინდა რუსეთიდან ვატარო ტვირთები“ – ამბობს სოფია.
ბათუმში ბევრი სტუდენტისთვის ნაცნობ ფეისბუქ ჯგუფში, „ბსუ 2024-ში“ პოსტების განთავსება ჯგუფის ყველა წევრისთვის შეიზღუდა. ამ ჯგუფში 10 ათასამდე მოქმედი თუ ყოფილი სტუდენტი, ლექტორი, ბსუ-ს მოწვეული მასწავლებლები თუ ადმინისტრაციის თანამშრომლები იყრიან თავს.
ეს ჯგუფი ბევრისთვის უნივერსიტეტთან დაკავშირებული თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისა და მიღების მნიშვნელოვანი წყარო იყო.
სქრინი ჯგუფიდან „ბსუ 2024“
ჯგუფის ერთადერთი ადმინისტრატორი ზურაბ პაპუნიძეა, ბსუ-ს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი. მან გვითხრა, რომ ჯგუფი გაყიდა.
„სიმართლე გითხრათ, ეს ჯგუფი მე გავყიდე. გერმანიაში მივდივარ საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ და ფული დამჭირდა. მან [მყიდველმა] მითხრა, რომ სანამ გადმოვიბარებ, იქამდე შეაჩერე ყველაფერი, ჯერ არ მინდა რომ დაიწეროს რაღაცებიო და შევაჩერე.
მყიდველს ბსუ-სთან არანაირი კავშირი არ აქვს. სხვა ტიპია საერთოდ, ინტერნეტიდან დამიკავშირდა. მე არ ვიცნობ მას, ჩვენი სტუდენტი არ არის“, – გვითხრა ზურაბ პაპუნიძემ. მისივე თქმით, მან არ იცის ჯგუფის მყიდველი რას გადაწყვეტს და ჯგუფს ისევ ექნება თუ არა რაიმე კავშირი უნივერსიტეტთან.
„ეს ჯგუფი მე შევქმენი 2017 წელს. თვითმმართველობის თავმჯდომარე რომ გავხდი, ეს ჯგუფი მეხმარებოდა ინფორმაციის გავრცელებაში. თანდათან გაიზარდა ჯგუფის წევრების რაოდენობა.
სიმართლე გითხრათ, იმდენად დაკავებული ვარ, რომ ჯგუფების და მსგავსი რაღაცების თავი აღარ მაქვს. გამომიჩნდა გაყიდვის შესაძლებლობა და თან, კი იცით, პატარა სიამოვნება არ არის გერმანიაში წასვლა თამაშის საყურებლად. თითო თეთრს ვეძებ.
უბრალოდ ვაფერხებ ჯგუფს და თუ ვინმე გამოიყენებს ჯგუფს ნორმალურად, ამის პრობლემა არ მაქვს”, – გვითხრა ზურაბ პაპუნიძემ. მას ვთხოვეთ, ჩვენთვის ჯგუფის მყიდველის ვინაობა დაეზუსტებინა, თუმცა მან უარი განაცხადა.
ბათუმში სტუდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ ჯგუფში პოსტების გამოქვეყნების შეზღუდვა საეჭვოდ ემთხვევა ქვეყნის მმართველი გუნდის მიერ რუსული კანონის მეორედ ინიციირებას და მის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციებს თბილისში თუ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბათუმშიც.
ზურაბ პაპუნიძეს ვთხოვეთ, ჯგუფის გაყიდვის და პოსტების გამოქვეყნების შეზღუდვის თარიღები დაეზუსტებინა.
„აქციებამდე იყო ეს [ჯგუფის გაყიდვა] მერე რაღაც კომენტარებსაც წერდნენ. უბრალოდ, ისე დაემთხვა, თორემ კონკრეტული აქციების წინააღმდეგი არაფერი მაქვს, პირიქით“ – გვითხრა მან.
პაპუნიძეს თქმით, მას ზუსტად არ ახსოვდა თარიღები და ტრანზაქციის თარიღს გადაამოწმებდა. მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ ჯგუფი 15 აპრილს გაყიდა.
მმართველმა ხელისუფლებამ კანონპროექტი ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 3 აპრილს დაარეგისტრირა, რასაც მალევე მოჰყვა საპროტესტო აქციები – „არა რუსულ კანონს“.
ბსუ-ს სტუდენტი, გიორგი ბოლქვაძე ამ ჯგუფის ერთ-ერთი მოდერატორია. ის ბსუ-ში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს.
„ჯგუფში პოსტების გამოქვეყნება რამდენიმე დღით ადრე შეიზღუდა. მანამ, სანამ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები დაიწყებოდა”, – გვითხრა გიორგიმ. მას ვკითხეთ, ხომ არ უცდია მიზეზის გარკვევა, რაზეც გვითხრა, რომ არა, რადგან მას შემდეგ ჯგუფის ადმინისტრატორი, ზურაბ პაპუნიძე პირადად არ უნახავს.
„მე არც პოსტების გამოქვეყნების აღდგენა შემიძლია და არც დაპაუზება. ჯგუფის მოდერატორი შარშან გავხდი, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის აქციები როცა იმართებოდა. ზურა ჩემი მეგობარია და პოსტების დადასტურება რომ მჭირდებოდა, მაშინ მითხრა – აი, თქვენ მოდერატორობაო. წარმოდგენა არ მაქვს რა მიზეზით დაპაუზდა პოსტების გამოქვეყნება ჯგუფში”, – ამბობს გიორგი.
„ბათუმელები“ ჯგუფის მეორე, მოქმედ ადმინისტრატორს, შოთა კახიძესაც ესაუბრა. მისი თმით, ჯგუფის ადმინისტრატორი დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა, როცა კალათბურთთან დაკავშირებით სჭირდებოდა პოსტების გამოქვეყნება. „ზურამ მითხრა, რომ დრო არ ჰქონდა და მოდერატორობას მომცემდა” – ამბობს ის.
რას ფიქრობენ ლექტორები?
„დიდი ხანია ვმუშაობ უნივერსიტეტში და ძალიან კარგად ვიცნობ ყველა ადამიანს ამ უნივერსიტეტში, მათ შორის სტუდენტებს, ვინც ამ ჯგუფში არიან. რაც ზურაბ პაპუნიძემ გითხრათ, ეს არის ტყუილი. ეს არის თაღლითობა უბრალოდ. სად გაყიდა ჯგუფი, ვის მიჰყიდა?
ზურა ახლაც ამ ჯგუფის ადმინისტრატორია. მე გუშინ მივწერე მესიჯი ჯგუფის ადმინებს. ჯგუფის ერთი მოდერატორი ჩემი სტუდენტი, რაფაელ დელავერიძე იყო. მივწერე რაფაელსაც და პაპუნიძესაც, რატომ ზღუდავთ ხალხს ამ ჯგუფში, რის საფუძველზე-მეთქი? პაპუნიძემ არაფერი მიპასუხა. დელავერიძემ კი მიპასუხა, რომ თითქოს ის არაფერ კავშირში არ არის ამ ჯგუფთან და არ აინტერესებს. რამდენიმე წუთში მან ჯგუფიდან მოდერატორობა მოხსნა.
ზურაბი არის ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელი და მართავს ჯგუფს, სადაც უზღუდავს ადამიანებს გამოხატვის თავისუფლებას. ეს არის უკანონობა. მე არ მჯერა, რომ ჯგუფი გაყიდა. არაფერი არ გაუყიდია, ის უბრალოდ თავს არიდებს და არასდროს არ პასუხობს კითხვებს. ეს არის ჩვეულებრივი თაღლითობა.
ჩემი აზრით, ეს ჯგუფი არის უნივერსიტეტის. უნივერსიტეტი მართავს და ადმინისტრაციის პირდაპირი დავალებებით აკეთებენ ყველაფერს, რადგან უამრავი ჩემი პოსტი დაბლოკეს.
კიდევ არის ერთი ჯგუფი „ბსუ-ს შესახებ“ და მასაც მართავს უნივერსიტეტი, სადაც ასევე ბლოკავენ სტატუსებს. წლებია ევროკავშირის დაფინანსებით პროექტებს ვახორციელებ უნივერსიტეტში, სადაც დაბლოკილია ჩემი პოსტები. მაგალითად, პოსტი სტუდენტებისთვის გამოცხადებული ზამთრის სკოლის შესახებ, რუსული კანონის წინააღმდეგ მოწოდებები და ა.შ. ამ ჯგუფის ადმინისტრატორიც ბსუ-ს თანამშრომელი, გოჩა სურგულაძეა. ორივენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მითითებებით მოქმედებენ.
არავის აქვს უფლება, რომ ამ ჯგუფებში დაგვბლოკოს ჩვენ და გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის გავრცელება შეზღუდონ“, – გვეუბნება მალხაზ ნაკაშიძე, ბსუ-ს პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი.
მალხაზ ნაკაშიძე
გოჩა სურგულაძე ფეისბუქ ჯგუფის -„ბსუ-ს შესახებ“ – ადმინისტრატორია. სწორედ ამ ჯგუფის შესახებ თქვა მალხაზ ნაკაშიძემ, რომ მის სტატუსებს ბლოკავენ. ამ ჯგუფს 11 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. სურგულაძე ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა.
იგი ამბობს, რომ მალხაზ ნაკაშიძე პოლიტიკური მოსაზრებებით აბრალებს ბსუ-ს ადმინისტრაციას, რომ ჯგუფს ადმინისტრაცია მართავს და მის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას ზღუდავენ:
„ბატონი მალხაზ ნაკაშიძე აზიარებდა ინფორმაციას ჟან მონეს კათედრასთან დაკავშირებით და ვუდასტურებდით პოსტებს, მაგრამ იყო შემთხვევები, რომ გაზიარება ჰქონდა, ჯგუფი კი შეზღუდულია გაზიარებების თვალსაზრისით, იმიტომ, რომ რიგი ინფორმაციები, რომელიც უნივერსიტეტს არ ეხება, ეს იქნება კომერციული თუ არაკომერციული, პირობითად ან ვთქვათ, მსგავსი რაღაცები, შეიძლება არ დაიდოს.
მალხაზს ჰქონდა საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური შინაარსის პოსტები არ იდებოდა, რაც სიცრუეა, თქვენ ნახავთ მალხაზის რამდენიმე პოსტს უშუალოდ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჯგუფში გაზიარდა“.
გოჩა სურგულაძე ამბობს, რომ ჯგუფს უნივერსიტეტი არ მართავს:
„ეს ჯგუფი არის 2010-11 წლიდან, რომლის ადმინი გახლავართ მე. იყვნენ სხვებიც, მაგრამ უარი თქვეს ადმინობაზე.
არანაირი შემოსავალი ან დამატებითი ფინანსური [სარგებელი] არ მაქვს, რომ სტუდენტების, თუნდაც ადმინისტრაციის თანამშრომლების პოსტები ვადასტურო ან ჩავუჯდე და ღამის 12 საათზე დადებს ამერიკიდან პოსტს თუ პირველ საათზე, ზუსტად იმ დროს დავუდასტურო. ეს არის ენთუზიაზმზე დაფუძნებული ჯგუფი“.
„ბათუმელები“ სტუდენტური ჯგუფის – „ბსუ 2024-ის“ შესახებ ლაშა ბაჟუნაიშვილსაც ესაუბრა. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
„ცოტა უცნაურია ჯგუფის გაყიდვა, თუკი ის არის უნივერსიტეტის და რაღაცების ერთმანეთისთვის გაზიარების მიზნით შეიქმნა.
ეს ჯგუფი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, საჯარო, ყველასათვის ხელმისაწვდომი. 10 000 ადამიანია აქ გაწევრიანებული, ყველას უნდა ჰქონდეს აზრის გამოხატვის უფლება. უნდა არსებობდეს ზოგადი წესები, სიძულვილის ენის დაუშვებლობა, დისკრიმინაცია და ა.შ.
თუ კი რაიმე აზრი ეხება საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ა.შ. მისი სელექცია, გადარჩევა-გადმორჩევა არ უნდა ხდებოდეს, იქნება ეს მაგალითად ღონისძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, კონკურსის, აქციის, პროგრამის შესახებ თუ ა.შ.
პოლიტიკა ვისაც ესმის, ბუნებრივია, ჩვენი საზოგადოებრივი საქმიანობა პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია და შესაძლებელია განცხადება და ჩემი აზრის გამოხატვა ამ კუთხით დაკვალიფიცირდეს და ეს შეზღუდული არ უნდა იყოს. არც ინფორმაციის გავრცელება, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ეს იმისთვის, ვინც მართავს ამ ჯგუფს.
ერთ-ერთი ჩემი თანამშრომლისგან გავიგე, რომ ის წერდა ამ ჯგუფში და ხშირად არ უდასტურებდნენ. სტუდენტებს და ზოგიერთ ლექტორს გამოუთქვამთ პირად თუ საჯარო საუბრებში წუხილი, რომ ჯგუფის ადმინისტრატორი, რომელიც ვერ გავარკვიე ვინ არის საბოლოო ჯამში, გადარჩევას ახდენს ამა თუ იმ პიროვნების და მათი პოსტების.
უნივერსიტეტი არის ყველასი, უნივერსიტეტის რესურსები და სიკეთეები არის საჯარო და და ის წესით არ უნდა ემსახურებოდეს ვიღაცის კომერციულ ან პოლიტიკურ ინტერესებს. ეს უნდა იყოს საჯარო და ემსახურებოდეს უნივერსიტეტის ინტერესებს”, – გვეუბნება ლაშა ბაჟუნაიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ლაშა ბაჟუნაიშვილი
„ბათუმელები“ დაინტერესდა, განიხილება თუ არა ჯგუფ “ბსუ 2024”-ს ბედი სტუდენტებში და რას ფიქრობენ ისინი.
„ჩემს გამოცდილებას და დაკვირვებას გიზიარებთ. ამ ჯგუფში ძირითადად ისეთი პოსტების დადასტურება ჭიანურდებოდა ხოლმე, რომლებიც ახალ ამბებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეეხებოდა. დანარჩენი შინაარსის პოსტები ჩვეულებრივ დასტურდებოდა.
თუ მართლაც გაყიდა ზურამ ჯგუფი, ძალიან ცუდად მოქცეულა, იმიტომ, რომ ეს იყო კერძო ჯგუფი უნივერსიტეტისთვის და ამ ჯგუფში იყვნენ და არიან ის ადამიანები, ვინც სწავლობენ უნივერსიტეტში და რას ნიშნავს ასეთი ჯგუფის გაყიდვა, მე არ ვიცი.
ვერ ვხვდები, რას ნიშნავს გაყიდა? ძალიან ცუდი თავის გამართლებაა.
ამ ჯგუფის გაყიდვაში არანაირი ლოგიკა არ დევს, რადგან აქ იდება საუნივერსიტეტო თემატიკის პოსტები. ჩემთვის ის უფრო ლოგიკურია, რომ ჯგუფში პოსტების გამოქვეყნების შეზღუდვა უნივერსიტეტს დაევალებინა და გვატყუებს, რომ გაყიდა.
ამ ჯგუფის ბედს სტუდენტები განვიხილავდით, თუმცა ჩვენგანაც არ ჰქონია დიდი გამოხმაურება, რადგან ვიცოდით, რომ ეს ჯგუფი და ზოგადად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს არ შეგვიწყობდა რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციებზე ინფორმაციის გავრცელებაში“, – ამბობს ილია აბულაძე, ბსუ-ს ევროპისმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 470 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030]
ტანკი – 7 332 ერთეული [+20]
ჯავშანტექნიკა – 14 096 ერთეული [+29]
საარტილერიო სისტემა – 12 044 ერთეული [+20]
MLRS – 1 053 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 784 ერთეული [+4]
თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 561 ერთეული [+23]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 126 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 224 ერთეული [+49]
სპეცტექნიკა – 1 988 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
593 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 673 უპილოტო საფრენი აპარატი
509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 898 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 277 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 246 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 441 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
სტუდენტები 2 მაისს,19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ.
აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა “მარტიანელებია”.
“თბილისში ჩვენს გამო ჩვენს თანამოქალაქეებს სცემენ… ჩვენთვის მებრძოლმა თანამოქალაქეებმა ბათუმის მხარდაჭერა უნდა იგრძნოს, ბათუმმა თავისი ღირსეული სიტყვა უნდა თქვას.
გელოდებით, 2 მაისს საღამოს შვიდ საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან. ბათუმის რუსთაველის ქუჩიდან გავაგონოთ ხმა თბილისის რუსთაველის ქუჩაზე მდგომ ქართველებს.
ბევრნი ვიყავით, კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ. გააგებინეთ ყველას, მეგობრებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს, კურსელებს, კლასელებს, ლექტორ-მასწავლებლებს, კოლეგებს და ერთად ვუთხრათ კი საქართველოს განვითარებას, საქართველოს ევროპულ მომავალს”,- განცხადებას ავრცელებენ აქციის ორგანიზატორები.
მარტიანელებმა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია ბათუმში დღეს, 1-ელ მაისსაც გამართეს.
საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს პრემიერის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს გამოეხმაურა. სადაც კობახიძემ გუშინდელ აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აქციის მონაწილეები ძალადობაში დაადანაშაულა.
დეპუტატმა თამარ კორძაიამ აქციის მონაწილეებს მიმართა:
„83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ღალატს. ერთი საათით ადრე, ირაკლი კობახიძემ დააანონსა სასტიკი მოპყრობა ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში. მან ტყუილები ილაპარაკა და დახატა რევოლუციური სცენარი, რომელიც არ არსებობს. გარეთ მყოფი თითოეული ადამიანი არის ამ ქვეყნის სადარაჯოზე, ევროპული არჩევანის სადარაჯოზე, ამიტომ, რომელიმე მათგანს რამე რომ დაემართოს დღეს, თავად ირაკლი კობახიძე და 83 ადამიანი აგებს პასუხს. ახალგაზრდებს მივმართავ, იყავით მედგრად, მშვიდობიანად და მტკიცედ.“
ამ წუთებში [20:00 საათი] თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილები პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებში მსვლელობასა და საკანონმდებლო ორგანოს ალყაში მოქცევას აპირებენ.
მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს მეორე მოსმენით სესიაზე მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას ითვალისწინებს.
დღეს, პირველ მაისს, საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სამინისტრო წერს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ აქციის მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას. ინფორმაციის წყაროდ სამინისტროს სოციალური ქსელი აქვს მითითებული:
„სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გეგმავენ საავტომობილო გზების ხელოვნურად გადაკეტვას და ქალაქის პარალიზებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის მიხედვით, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა“.
შსს მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება.
დღეს აქციის მონაწილეები რეგიონებიდან თანამოაზრეებს ელოდებიან და გზების პარალიზება მათ ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.
„ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროტესტის მონაწილეები კვლავ გეგმავენ საკანონმდებლო ორგანოს შენობის შესასვლელებისა და გასასვლელების პიკეტირებას.
ყველა მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან და გამოსასვლელებთან, განთავსება პოლიციის კორდონები. აქციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პროტესტი გამოხატონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ და უკანა შესასვლელთან.
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ გააჟღერონ მოწოდებები, რომლებიც შესაძლოა ძალადობრივი ქმედებების წინაპირობა გახდეს“ – აცხადებს შსს.
სამინისტრო თავის განცხადებაში ასევე განმარტავს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.
უწყება განცხადებაში აქცენტირებს ასევე აქციაში დაშავებულ პოლიციელებზე:
„ასევე, აღვნიშნავთ, რომ 30 აპრილს, აქციის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავებული ერთი სამართალდამცველის მდგომარეობა მძიმეა, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება“.
გურიაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების, ჩიბათის და ხაჯალიას საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა ბოლო ზარისთვის შეგროვებული თანხებით თბილისში, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე წამსვლელებისთვის ორი მიკროავტობუსი იქირავეს.
„შეგროვებული თანხა რაც ჰქონდათ ბოლო ზარისთვის, ამ ფულით ორი მიკროავტობუსი უქირავეს წამსვლელებს. რამდენი შეგროვდა არ ვიცი, რადგან კონკრეტული თანხები მოსწავლეებს არ დაუსახელებიათ, მაგრამ როგორც მითხრეს, რაც ჰქონდათ შეგროვილი თანხა, ყველა მოახმარეს ამ საქმეს.
როგორც ვიცი, ფოთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც ასევე ჩარიცხეს თანხები“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლადო აფხაზავა.
დღეს, პირველ მაისს, დილიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან მიდიან მოქალაქეები თბილისში ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე მონაწილეობის მისაღებად.
30 აპრილის საღამოს და 1 მაისს – გამთენიისას თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.
ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე აქციას.
„მთავრობამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა საკუთარ ხალხთან, თავისუფალ სამყაროსთან და ზურგი აქცია ჩვენს ევროპულ გზას… ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ: კი ევროპას და არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას! ხელისუფლების დრო ამოიწურა, ცვლილებების დროა“ – ამ განცხადებით დაასრულა ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება, რომლითაც 30 აპრილის აქციას და რუსული კანონთან დაკავშირებულ პროცესებს გამოეხმაურნენ.
ოპოზიციამ პარლამენტის დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის, გატაცებისა და ცემის ფაქტი შეაფასა, როგორც პერსონალური შურისძიება ოპოზიციის ლიდერზე და მოითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პერსონალური პასუხისმგებლობის დაყენება.
ოპოზიციის ერთობლივი განცხადება დეპუტატმა თამარ კორძაიამ წაიკითხა. ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ დაკვეთილი ბოროტი და დანაშაულებრივი ქმედებები გრძელდება. მშვიდობიანი, არაძალადობრივი საპროტესტო აქცია სასტიკად იქნა დარბეული ხელისუფლების მიერ. ღამემ გვაჩვენა, რომ მათ საქართველო და მისი მოქალაქეები არათუ არ ადარდებთ, არამედ ქალები და ბავშვებიც კი იყვნენ მათი უხეში ძალის გამოყენების სამიზნე.
ივანიშვილის რეჟიმმა შეიძლება ფიზიკურად დაგვაზიანოს, მაგრამ ვერასოდეს მოერევიან ქართველი ხალხის თავისუფლების სურვილს.
მივმართავთ ყველა პოლიციელს თუ პოლიციის ფორმაში გადაცმულ ადამიანს, როცა არბევთ, ძალას იყენებთ მშვიდობიანი მოქალაქის წინაშე, თქვენ სჩადიხართ დანაშაულს და არ შეასრულოთ ანტიქართული რეჟიმის წარმომადგენლების უკანონო ბრძანებები.
მიზანმიმართული შურისძიების და სასტიკი თავდასხმების მსხვერპლი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეც ლევან ხაბეიშვილი. ის სპეცრაზმმა გაიტაცა და სცემეს ტელეკამერის წინ. მას აქვს ტვინის შერყევა, ცხვირის და სახის ძვლების მოტეხილობა. ეს ძალადობრივი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე არის კრიმინალური ქმედება და მასში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს.
პირველ რიგში უნდა დაისაჯოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, ერთად ვგმობთ ამ დანაშაულებს, რაც ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მთავრობამ და პოლიციამ. ვუსურვებთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს სწრაფ გამოჯანმრთელებას და იმედი გვაქვს, რომ ის მალე შემოგვიერთდება ევროპისთვისა და დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვისა და საქართველოს გამარჯვებისთვის ბრძოლაში.
ამ ეტაპზე ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ხმის გაჟღერებას პარლამენტში და გამოვიყენებთ მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმას ჩვენს მოქალაქეებთან ერთად.
ჩვენ უზომოდ ვამაყობთ ყველა კაცით, ქალით და ახალგაზრდით ვინც იცავდა და იცავს საქართველოს ევროპულ მომავალს ქუჩებში, ვინც ბოროტებას სახეში შეჰყურებდა და უკან არ იხევდა. ჩვენთვის საამაყოა და პატივია დაგიძახოთ ჩვენი ძმები და დები. ჩვენი ერთად დგომა დაიცავს ჩვენს სამშობლოს და ეროვნულ ინტერესებს.
ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვამბობთ: „კი ევროპას და არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“.
დღეს, პირველ მაისს, ქობულეთში, მერიის წინ, გაიმართება აქცია „არა რუსულ კანონს“.
აქცია ქობულეთში საღამოს, 19 საათზე დაიწყება. მისი ორგანიზატორები ახალგაზრდები არიან.
ანტირუსული აქცია იმართება დღეს ბათუმშიც, საღამოს 19 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შადრევანთან.
მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ ხალხისთვის მიცემული პირობა კიდევ ერთხელ დაარღვია და ხელახლა შემოიტანა განსახილველად რუსული კანონი, საქართველოს დედაქალაქში და სხვა ქალაქებში აქციები არ წყდება.
მასშტაბური აქცია იგეგმება დღეს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან.
30 აპრილის საღამოს და 1 მაისს – გამთენიისას თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.
ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე აქციას.
29 აპრილს ივანიშვილმა პრაქტიკულად ყველა გზა მოიჭრა დასავლეთთან და – მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. მისი თქმით, ივანიშვილის დაპირება, რომ 2030 წელს საქართველო შევა ევროპაში, სხვა არაფერია თუ არა თვალთმაქცობა და გულუბრყვილო ამომრჩევლის დაცინვა.
რა იკვეთება „ქართული ოცნების“ ლიდერის 29 აპრილის განცხადებიდან? – „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა კახა გოგოლაშვილს.
ბატონო კახა, რა გამოიკვეთა გუშინ ივანიშვილის გზავნილებიდან?
მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა ბუნდოვანი გზავნილი ყოფილიყო, ის ძალიან მკაფიო გამოუვიდა.
მან ხაზი გაავლო თავისიანებსა და მათ შორის, ვინც არ არის მის ბანაკში.
ყველა, ვინც მის ბანაკში არ არის, აღმოჩნდა „კოლექტიური ნაცი“ და აგენტი. თვითონ დასავლეთი აღმოჩნდა მოწინააღმდეგე ბანაკში და ვინც კავშირშია დასავლეთთან, აღმოჩნდა აგენტურა.
ამით მოიჭრა ყველა გზა დასავლეთთან თუ ჯერ კიდევ ევაჭრება მათ?
პრაქტიკულად ყველა გზა მოიჭრა დასავლეთთან. ბოლოს ნათქვამი, ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშირშიო, იყო თვალთმაქცობა, პრაქტიკულად, დაცინვა იმ ხალხის, ვინც მას უსმენდა. მათ მიაყენა შეურაცხყოფა, რადგან იმ საუბრის შემდეგ გახდა ნათელი, რასაც ფიქრობს, რომ დასავლეთი არის მტრულად განწყობილი ცივილიზაცია და მათთან არაფერი გვესაქმება.
იმის თქმა, ჩვენ მაინც შევალთ ევროკავშირში 2030 წლისთვისო, ეს იყო პრაქტიკულად გაბითურება თავისივე მომხრეების, მცდელობა იმისა, რომ მაინც შეინარჩუნოს იმათი მხარდაჭერა, რომლებიც გულუბრყვილოდ ფიქრობენ, რომ „ოცნება“ ევროკავშირისკენ მიდის.
მას ძალიან კარგად ესმის, რომ უდიდესმა ნაწილმა ეს გაიგო, როგორც თვალთმაქცობა, მაგრამ ეს არის სკოლა თვალთმაქცობის, რომელსაც მან დაუმორჩილა თავისი მომხრეები. ფაქტობრივად ხდება თვალთმაქცობის, როგორც პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება.
ჩემი აზრით, აქ იყო რაღაც მისტერიის ტიპის აქტი, რომლითაც თითქოს კონტრაქტი დადო იმ ხალხთან, ვინც მას უსმენდა, რომ მოდით, ჩვენ ერთად ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეშმაკი მოქმედებს. ვთქვათ ერთი – ვიფიქროთ სხვა; ჩვენ „მტრებს“ თავზე ხელი გადავუსვათ და ვუთხრათ, რომ ისინი გვიყვარს, მაგრამ დანა გავუყაროთ მათ მაშინ, როდესაც მზად ვიქნებით და ა.შ.
პრაქტიკულად მან თავისი მოქმედების მეთოდოლოგია გაუზიარა ამ ხალხს და დიდმა ნაწილმა ეს მიიღო, სხვათა შორის. ეს არის ყველაზე დასანანი, როცა ასე ხდება მოსახლეობის გარყვნა. როცა შენ აღრეული გყავს მტერი და მოყვარე და ამაში იყოლიებ ყველას…
მაგრამ შეჰყვება საზოგადოება ამაში? თქვენ უშვებთ ამას?
ნაწილი შეჰყვება.
ეს ხომ აბსურდია. რომელ ევროპაში მიდის?
გეტყვით. ბოლშევიკები როგორც მოქმედებდნენ, იგივე 1918-დან 1921 წლამდე, ზუსტად ასე. ისინი იყვნენ უმცირესობაში, მაგრამ ბოლშევიკურ პროპაგანდა იყო უპრინციპო, მანიპულაციური, ისინი სულ სხვა რამეებს ქადაგებდნენ, მათ მოიმხრეს რაღაც პატარა ნაწილი, მაგრამ დანარჩენი საქმე გააკეთა გარე ძალამ, რუსეთმა.
აქ იმედი შეიძლება ასეთივე ჰქონდეს ივანიშვილს, რომ მოიმხრობს რაღაც ნაწილს, აი, ისინი, ვინც გამოიყვანა გუშინ. აჩვენებს, რომ თითქოს „ჩვენ ბევრი გვიჭერს მხარს“.
ამისთვის მობილიზაცია მოახდინა, უზარმაზარი რაოდენობა სატრანსპორტო საშუალებების, ყველა კუნჭულიდან წამოიყვანეს აბსოლუტურად საქმეში ჩაუხედავი ხალხი, საჯარო მოხელეები, რომელთაც სხვა გზა არა აქვთ, რადგან ერთადერთი საშუალება აქვთ გამოკვებონ საკუთარი ოჯახი, იმისთვის, რომ აჩვენოს, თითქოს მას საქართველოში ჰყავს მხარდამჭერები, თითქოს მის ანტიდასავლურ რიტორიკას უჭერს ხალხის დიდი ნაწილი მხარს.
ამას დასავლეთს აჩვენებს?
არა მგონია. დასავლეთს კი არ აჩვენებს, დასავლეთი ამაში არ მოტყუვდება და ძალიან კარგად იციან თვლა და უკეთესად ვიდრე საქართველოში…
მაშინ ქვეყანაში უნდათ გადატეხონ საზოგადოებრივი აზრი?
დიახ.
ქვეყანაში უნდათ გადატეხონ საზოგადოებრივი აზრი და მათ სჭირდებათ დადასტურება იმისთვის, რომ შემოიყვანონ მერე უცხო ძალა, რომ თქვან: აი, ხალხი იყო ჩემს მხარეს, მაგრამ სხვა ძალამ, რომელსაც მან დაარქვა ომის პარტია, გადაწყვიტა საქართველოსთვის წაერთმია სუვერენიტეტი, ამიტომ ჩვენ ვიხმობთ სხვა უცხო ძალას და ეს არის რუსეთი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება „ომის პარტიასთან“ გამკლავებაში.
უშვებთ, რომ შეიძლება ეს გააკეთოს?
დიახ, აბსოლუტურად. სხვაგვარად მას შეუძლებელია საქართველოში რაიმე რესურსი ჰქონდეს საკონსტიტუციო გადატრიალების განსახორციელებლად.
ევროპაზე უარის თქმა ისე, რომ მოსახლეობის 50-მა პროცენტმა დაუჭიროს ამას მხარი, წარმოუდგენელია, ამას ვერ შეძლებს. ის ულტრაკონსერვატორები თუ უბრალოდ შეუგნებელი ხალხი, რომელიც მას ჰყავს მობილიზებული, ეს არის სადღაც 5-დან 10 პროცენტამდე. მოსახლეობის დაახლოებით 85 პროცენტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე. ზოგი იბრძოლებს ამისთვის, ზოგი – არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მისი მომხრეები არ არიან.
საკონსტიტუციო გადატრიალებას ისე, რომ შეატრიალოს ქვეყნის კურსი სხვა მიმართულებით, ლეგიტიმურად ვერ შეძლებს, მაგრამ ის მას შეძლებს ილუზორულად. შეუძლიათ გააპიარონ ტელევიზიებით, რომ „ჩვენ ძალიან ბევრი ვართ“, ტროლების მეშვეობით და ა.შ..
ამასობაში მას დასჭირდება უცხო ქვეყნის ძალის დახმარება და ეს ძალა იქნება რუსეთი.
ახლა რა შანსი რჩება დემოკრატიას საქართველოში, რომ გადარჩეს?
დემოკრატიას ძალიან დიდი შანსი აქვს, იმიტომ, რომ სიმართლე მის მხარეზეა, მთელი დასავლური სამყარო მის მხარეზეა და ადამიანების უმრავლესობა ქვეყანაში, მის მხარეზეა.
შანსი არის კონსოლიდაცია, ერთმანეთთან კოორდინაცია, სელექცია ისე, რომ ჭკვიანი ხალხი მართავდეს პროცესს, რომ არ მოხდეს პოლიტიკური დაპირისპირება პარტიებს შორის, განსაკუთრებით.
კონსოლიდაცია და კოორდინაცია საზოგადოებაში აუცილებლად გაიმარჯვებს. შეიძლება გაფიცვები, მიტინგები – სულ იყოს საჭირო ფიზიკური მხარდაჭერა, მაგრამ სულ არ არის აუცილებელი რაღაც დაპირისპირება მოხდეს.
უშვებთ, რომ დაპირისპირებაზეც შეიძლება წავიდეს ხელისუფლება?
ასი პროცენტით. მაგალითად, ამაზე წავიდა ბელარუსის ხელისუფლება, რუსეთში ეს მიმდინარეობს, ძალის გამოყენებით მოისპო ყველაფერი, აქ არაფერი არ დაუდგება წინ…
მაგრამ ივანიშვილი არის ძალიან ფრთხილი კაცი, საკმაოდ, შეიძლება ითქვას, მხდალიც და ამიტომ, სანამ ასპროცენტიანი გარანტიები არ ექნება, რომ მისი ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება იქნება დაცული, ის ასეთ ავანტიურას არ წამოიწყებს, ასეთ გამწვავებაზე არ წავა.
მაგრამ ფაქტობრივად ეს ავანტიურა უკვე დაწყებული აქვს…
დაწყებული აქვს, ახლა პრაქტიკულად სანგრებს აშენებს და ემზადება ასეთი დაპირისპირებისთვის და ამზადებს ალბათ რუსეთს, ამზადებს თავის მომხრეებს.
ხაზი მინდა გავუსვა – ძალიან დიდი ეჭვი მეპარება იმაში, რომ მისი დაფუძნებული პარტიის ლიდერებიც კი ასე შორს წასვლაზე არიან მზად. მათი რიტორიკა კი არის თითქოს საომარი, მაგრამ სინამდვილეში, გუშინდელი სახეებით აშკარად ეტყობოდათ, რომ ძალიან ეშინიათ მოვლენების ასეთი განვითარების, იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, ეს არის ერთი კაცის ახირება, რომელიც შეიძლება არც იყოს ადეკვატური და ამ ერთი კაცის ახირებამ ესენი შეიძლება გადაჩეხოს.
მათ, ვინც შემოიკრიბა ივანიშვილმა, ძალიან ძლიერი თავდაცვითი, გადარჩენის ინსტინქტები აქვთ.
როგორ ფიქრობთ, ეს ახირებაა ერთი კაცის თუ რუსეთის დავალება?
რაც გვინდა დავარქვათ. ხანდახან დავალება და გამოუვალი მდგომარეობა აიძულებს ადამიანს დაიჯეროს რაღაც იდეების.
ივანიშვილი ჰგავს ნაკლებად განათლებულ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში ბევრი არ უფიქრია ცხოვრების არსზე, მისი მთელი ცხოვრებისეული ფილოსოფია არის გადარჩენის ფილოსოფია და ამ გადარჩენის ფილოსოფიაში თუ შემოიჭრება რაღაც ძალიან დიდი ფაქტორი, რომელიც მას აიძულებს გაჰყვეს რაღაც იდეას, ის მას გაჰყვება ფანატიკურად.
მაგრამ მას ხომ არ ჰქონდა ამის საფრთხე. თუ არ დააბრუნებდა რუსულ კანონს, არ მიიღებდა ამ პროტესტს და მას, დიდი ალბათობით, ჰქონდა არჩევნების მოგების შანსი, ოპოზიციის სისუსტის გათვალისწინებით…
არა მგონია. აქ ოპოზიციაზე არაა მხოლოდ საუბარი. საუბარია იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება გახდა სულ უფრო მეტად ხმამაღალი და მოსახლეობამ დაიწყო მისი მოსმენა. სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია უკვე აშკარად უგებდა არგუმენტებით და მათ არ იცოდნენ, როგორი მხარდაჭერით მივიდოდნენ არჩევნებამდე.
თანაც მას [ივანიშვილს] ალბათ პანიკური შიში ჰქონდა იმისა, რომ დასავლეთი ასე გულზე ხელდაკრეფილი არ დარჩება და გამოაჩენს საბოლოო ჯამში თავის დამოკიდებულებას ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ.
სანქციებს რა როლი შეუძლია ახლა შეასრულოს, რამდენად შეიძლება იყოს გარდამტეხი ამ პროცესში?
ძნელი სათქმელია. მე მგონი ამაზე უკვე მეტად ფიქრობენ დასავლეთში და ჩვენთვის ძნელი განსაჭვრეტია. თითქოს უკვე ითხოვს სანქციებს სიტუაცია, მაგრამ ადგილი აქვს ომს უკრაინაში, ასევე, არის საფრთხე, რომ რუსეთმა დაიკავოს საქართველო სამხედრო თვალსაზრისით და შემდეგ შეუტიოს სომხეთს, საკმაოდ პატარა ძალებით, დიდი ძალები ამას არ დასჭირდება კოლაბორაციონისტი მთავრობის ხელში.
ამიტომ არ არის გამორიცხული დასავლეთი არ აპირებდეს ამ სიტუაციის ტრიგერირებას და ისეთი სცენარის გაღვივებას, როცა მოწინააღმდეგეს სხვა გამოსავალს არ უტოვებ და ის მიდის ყველანაირ ხერხზე.
საზოგადოებას, მოქალაქეებს რა შეგვიძლია ამ პროცესში? რამდენად შეგვიძლია შევაჩეროთ ხელისუფლება ამ გზაზე?
მოქალაქეებს არ უნდა ეძინოთ. არ შეიძლება განცხრომა. ჩვენ გვჩვევია, რომ ყველაფერში ვეძებთ კომფორტს და კმაყოფილებას, ყველაფერს ვუყურებთ რომანტიზებულად. შეიძლება ეს კარგი თვისებაა ერისთვის მთლიანობაში, იმიტომ, რომ არ ვვარდებით დეპრესიაში არც ერთ სიტუაციაში, სადმე პატარა სიხარულს თუ ვნახავთ, იმ წუთას იმას წავეპოტინებით, ეს შეიძლება ჩვენი დადებითი მხარეა, მაგრამ არა დიდი საფრთხის პირობებში.
დიდი საფრთხის პირობებში საჭიროა სიფხიზლე.
მეორე – კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიძლება დავუშვათ სრული გახლეჩა და დაპირისპირება მოქალაქეებს შორის, უნდა ვეძებოთ ხიდები და საჭიროა ძალიან ძლიერი საინფორმაციო ველი, სადაც დისკუსია იარსებებს, დისკუსიის ველი არ უნდა დაიკარგოს.
ძალიან ბევრ მოქალაქეს, რომელსაც შეიძლება უბრალოდ არ ესმის რეალური არსი სიტუაციის, იმეორებს რაღაც მანტრებს და თავში ჩადებულ ლოზუნგებს, უნდა აეხილოს თვალი და შეხედონ ქვეყნის მომავალს ცოტა უფრო სტრატეგიული ხედვით.
_________________
მთავარი ფოტო: ზურაბ ქურციკიძე/ევროპის პრესფოტო სააგენტო – EPA
ქუთაისში საპირველმაისოდ ქალაქის მოედანზე სოლიდარობის წერილი გამოფინეს წარწერით: „ღირსეული ცხოვრების პირობები ყველას!“
„ეს მოწოდებაა, გარეთ გამოსვლის, სოლიდარობისა და ბრძოლისკენ უკეთესი ცხოვრების პირობებისთვის, პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ, იმპერიალისტური მთავრობის წინააღმდეგ“, – წერს ქუთაისის მშრომელთა კოლექტივი.
„მშრომელების არსებობა არის ფიზიკური საფრთხის შემცველი, ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი – ყოველთვის, როდესაც სახელმწიფოს მიერ მოწყობილ უსამართლობაზე ხმას ვიღებთ, გვიპირისპირდება ბოროტი პოლიციური მანქანა!
ცდილობენ დაგვაშინონ, დაგვყონ, ღირსება შეგვილახონ!
სახელმწიფოს მხრიდან პოლიციური მუშტით გვისწორდებიან სამართლიანად გაბრაზებულ მოქალაქეებს იმ უღირსი, მჩაგვრელი, სოციალური უთანასწორობის გაპროტესტების გამო, რომელშიც გვაცხოვრებს მმართველი კლასი!
პირველ მაისს ვაცხადებთ, რომ ძალმომრეობაზე, ერთიმეორის დაჩაგვრასა და გაყვლეფაზე დაშენებული წესწყობილება მოისპობა! ქუთაისი ბოროტი სახელმწიფოსა და მისი კერძო დარაჯი პოლიციის წინააღმდეგ!
შიში გაქრა! გაბრაზებულ ხალხს და მშრომელებს აღარაფერი გვაქვს დასაკარგი, ბოლო სიტყვა ყოველთვის ჩვენზეა! დამხობა რუსულ მთავრობას, დამხობა მყვლეფავი პოლიტიკური კლასის ბატონობას! ღირსეული ცხოვრების პირობები ყველას! სოლიდარობა მშრომელებს! ბრძოლა პერიფერიიდან იწყება!“ – წერია მშრომელების განცხადებაში.
ამ დროისთვის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრიდან სოლიდარობის წერილი ჩამოხსნილია.
დღეს, პირველ მაისს, ბათუმიდან თბილისში თვითორგანიზებული მოქალაქეები გაემგზავრნენ, რათა შეუერთდნენ აქციას რუსული კანონისაა და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლის წინააღმდეგ.
ბათუმიდან თბილისში წასვლა 30 აპრილს, სპონტანურად დაიგეგმა ფეისბუქზე. მოკლე დროის მიუხედავად, ევროპის მოედანზე, საიდანაც დაანონსებული იყო თბილისში გამგზავრება, ბევრი ადამიანი შეიკრიბა. მოქალაქეებმა ადგილზე მოიტანეს საგზალიც, აქციაზე მიმავალთათვის.
„ბათუმელები“ რამდენიმე მათგანს ესაუბრა. მოქალაქეებს ვკითხეთ, რას ფიქრობენ მიმდინარე მოვლენებზე და რატომ გადაწყვიტეს თბილისში, აქციაზე წასვლა.
„მეზღვაური ვარ და ახლა ვაპირებდი გემზე წასვლას, მაგრამ უარი ვთქვი საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, იმის გამო, რომ ქვეყანას მე, ერთი მოქალაქე ვჭირდები.
მივდივარ თბილისში, რათა გავაპროტესტო ის უსამართლობა, რასაც „ქართული ოცნება” გვიკეთებს. „ოცნება“ წლების მანძილზე ნელ-ნელა გადაიქცა იმ რეჟიმად, რომელიც დავამარცხეთ.
აუცილებლად წავა ივანიშვილი და თუ ამას საიდანღაც მოისმენს, მინდა ვუთხრა, რომ ეს არ არის მისი ბიზნესი და ქართველ ხალხს ვერასდროს ვერავინ ვერ დაჩაგრავს, ვერც ერთი ხელისუფლება, რაც არ უნდა ეცადონ ვერ დაგვაბეჩავებენ და თავისუფლებას ვერ წაგვართმევენ.
ჩვენ ყოველთვის ვირჩევდით ევროპისკენ მიმავალ გზას და არასოდეს არ გავხდებით რუსეთის გუბერნია”, – გვითხრა მეზღვაურმა ჯემალ კახიძემ.
ჯემალ კახიძე
„ამ წამამდე მეგონა, რომ ჩვენი ხელისუფლება მიხვდებოდა, რომ იმ ადამიანებს, ხალხს, ვინც რუსთაველზე დგას, ვერაფერი ვერ დაახევინებს უკან.
დღეს მივდივარ ჩემი მეგობრების, ჩემი ქართველის ხალხისა და ქვეყნის მომავლისთვის, რომ ვიყო პარლამენტის წინ.
ჩვენი მომავალი არის ევროპაში და ეს აუცილებლად უნდა გავაგებინოთ დღევანდელ ხელისუფლებას. არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ, – ამბობს ნინი ხიმშიაშვილი, ხელოვანი.
ნინი ხიმშიაშვილი
„რაც თავი მახსოვს, ვდგავარ პარლამენტთან და ყოველთვის სიტყვის თავისუფლებას და ჩვენს ღირებულებებს ვიცავ.
ეს მთავრობა სულ ძალადობისკენ იხრება, მშვიდობიან ხალხს არბევს და უკვე ამოვიდა ყელში. ხუთი წლიდან აქციებზე ვდგავარ და როდემდე უნდა ვიდგე აქციებზე? სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?
მორალურად დაცემული მთავრობა გვყავს. რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ახლაც. წაგებული აქვთ ეს ომი ჩვენთან.
შეხედონ იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც რუსთაველზე იკრიბებიან პოლიტიკოსების და ვიღაც ზემდგომების გარეშე. ვერავინ ვერ მოერევა ამ ძალას, ვერც ერთი დიქტატურა და ვერც ერთი ხელისუფლება. ბევრჯერ მოვყოლივარ დარბევაში და უკვე ცრემლსადენ გაზზეც იმუნიტეტი მაქვს, აღარ მეშინია”, – გვეუბნება შალვა კასრაძე.
შალვა კასრაძე
დღეს, 17:00 საათზე, პარლამენტის უკან გაიმართება მორიგი ანტირუსული აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ, საღამოს 19:00 საათზე კი ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტები შეიკრიბებიან და აქციას გამართავენ.
რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
____________
მთავარ ფოტოზე: მოქალაქეები ევროპის მოედანზე, თბილისში გამგზავრების წინ. ფოტო: დათო ტრაპაიძე
„გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას“ – განაცხადა საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს, პირველ მაისს, სპეციალურ ბრიფინგზე, სადაც მან გუშინდელ საპროტესტო აქციაზე რუსული კანონის წინააღმდეგ, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შეფასება გააცნო საზოგადოებას.
ნონა ქურდოვანიძის განცხადებით:
„2024 წლის 30 აპრილს ღამით და პირველ მაისს გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა, არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ხოლო ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლევა შეკრების თავისუფლების მომატებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა.
აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო ორი საფუძვლით, არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზნით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი. ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის სამართლებრივი წინაპირობა.
საპროტესტო აქციის დასაშლელად როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.“
ორგანიზაციების შეფასებით სახელმწიფომ დაარღვია აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები:
„აქციის დარბევისას ადგილი ჰქონდა მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობას, გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატა, დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში.
აქციის დარბევისას ადმინისტრაციული წესით მოქალაქეების დაკავების უკანონო პრაქტიკა გაგრძელდა.
ამ აქციაზე დაკავებამაც აჩვენა, რომ საპოლიციო ძალები ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე პერიოდულად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებისას პოლიციის კორდონში მოქცევამდე მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.“
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის წევრზე ძალადობასაც გამოეხმაურნენ.
„საყურადღებოა, რომ საპოლიციო ძალების წარმომდგენლებმა ადგილიდან გაიტაცეს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრი ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც სასტიკიად სცემეს.
პირველ მაისს შს სამინისტროს პრესკონფერენციაზე გაჟღერდა, რომ დაკავებულია 63 პირი ადმინისტრაციული წესით, ტრადიციულად აქაც საუბარია იმ მუხლებზე, რომლებსაც ტრადიციულად იყენებს პოლიცია. ხშირად ეს არის 166 და 173-ე მუხლები.
ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი სამართლებრივი მხარდაჭერის ქსელი ვიღებთ ცხელ ხაზზე ინფორმაციას დაკავებულების შესახებ“ – განაცხადა ქურდოვანიძემ.
მათ, ვისაც რეგიონებიდან თბილისის აქციებში სურთ მონაწილეობა, თბილისში მცხოვრებლები საკუთარ ჭერქვეშ ეპატიჟებიან.
სპეციალურად ამ ინიციატივისთვის შეიქმნა ჯგუფი ფეისბუკზე „დაიტოვე“.
ინიციატივა ხელს შეუწყობს რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტ პროტესტს, რადგან ადამიანები შეძლებენ თბილისში წასვლას და დარჩენას.
„დაიტოვეს“ ინიციატივა მარიამ ბაბუნაშვილსგან დაიწყო.
„გამარჯობა, ჩემი ორი მეგობარი, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობს, ჩამოდიან აქციაზე და შევთავაზე, რომ ჩემთან დარჩენილიყვნენ, ამხელა გზაზე წინ და უკან რომ არ ევლოთ.
აქედან გაჩნდა იდეა, რომ რამდენიმე ადამიანის დატოვებას ჩემი სახლის მონაცემები იძლევა. ასე რომ, თუკი აქეთ გსურთ, აქციას შემოუერთდეთ (რაიონული მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ ძალას შეგვმატებს), ჩემი კარი ორი-სამი ადამიანისთვის ღიაა“, – დაწერა მარიამ ბაბუნაშვილმა ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში.
იდეა ბევრმა ადამიანმა აიტაცა. ნეტგაზეთთან საუბრისას მარიამი ამბობს, რომ მის სახლში 4 ადამიანი დარჩება. ორს აქამდე არ იცნობდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების მხარდაჭერა, მათ შორის, აქ, თბილისში. ჩვენი პროტესტი ბუნებრივია და გულწრფელი. არანაირ აგიტაციას, ხალხის დამატებით მოტივირებას არ საჭიროებს. ჩემ გარდა, რა თქმა უნდა, სხვა ძალიან ბევრი ადამიანიც გამოჩნდა და გამოჩნდება, ვისაც ამის მზაობა აქვს.
ძალიან ბევრნი ვართ. ერთმანეთს შეიძლება არ ვიცნობდეთ, მაგრამ ვიცით, რომ უამრავი ჩვენი თანამოაზრე დადის დედაქალაქში და სხვა ყველა დასახლებაში, რომელიც ებრძვის ხელისუფლების იდეას და ხედვას — „უკან რუსეთში“. ამიტომ გვჭირდება ერთობა. რეგიონებიდან ხალხი თვითონ მოჰყავს ხელისუფლებას. ჩვენთან ეს ხალხი თავისი ნებით და სურვილით დადგება“ – გვეუბნება მარიამი.
„ადგილი არ მაქვს , მაგრამ მსუყე ვახშამზე შემიძლია დაგპატიჟოთ ხვალ და ზეგ”;
„უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ეს ჩვენი გამარჯვებით არ დასრულდეს. აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს. აქ დგას საქართველო. მადლობა ხალხო“, – ეს სოციალურ ქსელში დაწერილი გამოხმაურებებია, როგორც კი ინიციატივა გახმიანდა.
მიიღე ხარისხიანი განათლება შავი ზღვის საერთაშორისო სასწავლებელში ,,გოლდენ სიი“, გახდი კვალიფიციური ,,მეჩარხე-შემდუღებელი“.
თუ გსურთ მოკლე დროში დაეუფლოთ მოთხოვნად პროფესიას, შეძლოთ ლითონის დეტალების დამუშავება სახარატო, საფრეზი ლითონდამამუშავებელ ჩარხებზე, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ხელით ელექტრორკალური, MIG შედუღება (კემპის აპარატით), მიიღოთ ცოდნა და უნარები, სასწავლო პროგრამა „მეჩარხე-შემდუღებელი“ გაძლევთ შესაძლებლობას.
სასწავლო კურსი განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პრინციპით, პარტნიორ ორგანიზაციებში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ.
სასწავლო კურსის წარმატებულად გავლის შემთხვევაში კურსდამთავრებული მიიღებს სწავლის შედეგების მიღწევის დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, დღესაც, 2024 წლის 1-ელ მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ანუ ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის შენობაში შესვლა. შეზღუდვა მოქმედებს ონლაინ მედიაზეც.
„დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე [მათ შორის კომიტეტის სხდომებზე, პლენარულ სესიაზე] დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.“ – აღნიშნულია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პარლამენტი დღეს განაგრძობს რუსული კანონის განხილვას მეორე მოსმენით.
რუსული კანონის განხილვა პარლამენტში „უსაფრთხოების ყვითელი დონის“ პირობებში მიმდინარეობს. შენობაში არ უშვებენ არც ონლაინ მედიის წარმომადგენლებსაც.
ამასთან, კანონპროექტის განხილვის პარალელურად აქციები იმართება პარლამენტის შენობასთან.
გუშინ, 30 აპრილის საღამოს და 1 მაისის გამთენიისას თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.
ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, ასევე არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია თბილისში დღეს, პირველ მაისსაც გაიმართება:
დღეს, პირველ მაისს, ბათუმში, სტუდენტები აქციას – „არა რუსულ კანონს“ გამართავენ.
სტუდენტები 19:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეიკრიბებიან.
აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“.
„დღეს, საქართველო ტირის. სამშობლოს ვჭირდებით!!!
19:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან.“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
დღესვე, 1-ელ მაისს, ბათუმელი აქტივისტები თბილისში გამგზავრებას გეგმავენ, რათა შეუერთდნენ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ. დედაქალაქში წამსვლელები დღის 12:00 საათზე ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.
30 აპრილის საღამოს და 1 მაისის გამთენიისას თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.
ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, ასევე არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 469 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 120]
ტანკი – 7 312 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 14 067 ერთეული [+21]
საარტილერიო სისტემა – 12 024 ერთეული [+13]
MLRS – 1 053 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 780 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 538 ერთეული [+7]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 126 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 175 ერთეული [+33]
სპეცტექნიკა – 1 980 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
593 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 648 უპილოტო საფრენი აპარატი
509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 891 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 275 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 230 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 413 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ბათუმელი აქტივისტები პირველ მაისს თბილისში გამგზავრებას გეგმავენ, რათა შეუერთდნენ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ. გადაწყვეტილება ამის შესახებ 30 აპრილს იქნა მიღებული, მას შემდეგ რაც გავრცელდა თბილისში მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევის კადრები.
პირველ მაისს, ღამის ორ საათზე ბათუმიდან თბილისში გამგზავრების ინიციატორებმა, ჯგუფმა, რომელშიც შედიან მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები, ბრიფინგი გამართეს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან.
„პირველ მაისს, დილის 12 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, ყველაფერი ხდება თვითორგანიზებით, მივემგზავრებით თბილისში კოლონით, შემოგვიერთდებიან სამეგრელოდან, გურიიდან, იმერეთიდან და მთელი საქართველო ვიქნებით ხვალ რუსთაველზე.
ის, რაც დღეს მოხდა, ფაქტობრივად არის ომის გამოცხადება საკუთარი მოსახლეობისთვის. არ გამოუვათ, რა თქმა უნდა, წააგებს მთავრობა, იმიტომ, რომ ივანიშვილმა გუშინ რაც ილაპარაკა, უფრო გააღიზიანა ხალხი, აპირებს რეპრესიებს და დიქტატისკენ მიჰყავს ქვეყანა. ქართველი, თავისუფალი მოქალაქე ამას არ შეეგუება.
ამ ძალას ვერანაირი სპეცრაზმი და პოლიცია ვერ შეაჩერებს, ადრე თუ გვიან ისინი გადმოვლენ ხალხის მხარეს, იმიტომ, რომ ყველა სამსახური არის ხალხის სამსახურში და დღევანდელმა მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ ნამდვილი ხელისუფალი ამ ქვეყანაში არის ხალხი“ – ამბობს ოთარ ქათამაძე, რეჟისორი და მსახიობი. ~
საინიციატივო ჯგუფშია ვაჟ დარჩიაც, „ლელოს“ წარმომადგენელი ბათუმის საკრებულოში.
„რუსული ოცნება სასტიკად გაუსწორდა ჩვენს თანამებრძოლებს. ხვალ, 12 საათზე ბათუმელები ერთად წავალთ ჩვენი თანამებრძოლების დასაცავად და ბიძინა ივანიშვილი ნახავს, თუ რას ნიშნავს ამაყი, თავმოყვარე ხალხი. მოგიწოდებთ ბათუმელებო, მთელ აჭარას, მთელ საქართველოს, ყველას, ვინც ნახეთ თუ რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“ – ამბობს ვაჟა დარჩია.
30 აპრილს ზუგდიდში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ორი აქტივისტი, მაია კალანდია და მაია სიჭინავა დააკავეს. „ბათუმელებს“ ინფორმაცია ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა დაუდასტურეს.
აქციის მონაწილეები ზუგდიდის მერიის წინ არის შეკრებილი. „ბათუმელები“ ესაუბრა მასწავლებელს მანანა მიქავას, რომელიც ამ დროისთვის აქციაზე იმყოფება.
„ამ ეტაპზე მშვიდი სიტუაციაა. ხალხზე მეტი სამართალდამცავია მობილიზებული, დააკავეს მაია კალანდია და მაია სიჭინავა, სპეციალურად მოუწყვეს პროვოკაცია, ჯერ შეაგინეს და შემდეგ ძალის გამოყენებით წაათრიეს პოლიციის განყოფილებაში.
ახლა ჩემი კოლეგებიც შემოგვიერთდნენ, მასწავლებლები ჩხოროწყუდანაც კი ჩამოვიდნენ და ნელ-ნელა კიდევ ემატება ხალხი“ – ამბობს მანანა მიქავა.
მისი თქმით, დაკავებულებთან მივიდა იურისტი და სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
მანანა მიქავას თქმით, აქციის მონაწილეები არც ზუგდიდში აპირებს დაშლას, ხვალისთვის კი მასშტაბური აქციაა დაანონსებული წალენჯიხაში.
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია დღეს საღამოდან იმართება თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
დაკავებულების შესახებ შსს ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უარყოფს, რომ საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება.
მათივე ცნობით, „ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა“, თუმცა ცენტრი არ ასახელებს კონკრეტულად რამდენი ბრიგადაა ადგილზე.
საპირისპიროს ამბობენ აქციის მონაწილეები. სასწრაფოს ეკიპაჟებთან დაშავებული დემონსტრანტების რიგები დგას, მოქალაქეები ერთმანეთს უწევენ დახმარებას. ეკიპაჟის ნაწილს არ აქვს პირბადეები, რომ მოქალაქეებს მისცეს.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას“ – აცხადებს უწყება.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი წერს, რომ ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია სამი სამართალდამცველი. დაშავებული აქციის მონაწილეების შესახებ უწყება არაფერს წერს.
ჩიტაძის ქუჩაზე დაძაბულობიდან რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დაშლა რუსთაველის გამზირზე დაიწყეს. შსს იყენებს სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის, წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტი მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა:
„მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა.
მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძვლო და უადგილო სპეცდანიშნულების ძალების ქმედებები.
ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.
სირცხვილია შენს ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!“- წერს პრეზიდენტი.
განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენის თქმით, აქციაზე მოვლენები პერიოდულად იძაბება, რა დროსაც სამართალდამცავები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. ასევე, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე.
თბილისში, პარლამენტთან რუსული კაონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა. ვითარება განსაკუთრებით დაძაბული იყო პარლამენტის გვერდითა ჩიტაძის ქუჩაზე და საკანონმდებლო ორგანოს უკან, სადაც ტერიტორია პოლიციამ ადამიანებს ძალის გამოყენებით დაატოვებინა.
პუტინის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი დღეს, 30 აპრილს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება, სადაც პროტესტის მონაწილეებს უცხოელ აგენტებს უწოდებს:
„საქართველო. ასე იციან უცხოურმა აგენტებმა წიხლების ქნევა, როცა მასუვერენიზებელი ხელისუფლება მათ გადათვლითა და რეგისტრაციით ემუქრება. პირდაპირ სამარცხვინოდ გამოიყურება. ქართველები ამაყი და მორწმუნე ხალხია. უცხოელი აგენტების ქცევა, რომლებიც პარლამენტის კედლებს აწყდებიან ვნების კვირას, ყველაფერია გარდა ქართულისა“.
საპროტესტო აქციებზე ფოტო-ვიდეო გადაღება აპრობირებული მეთოდია არა მარტო ინფორმაციის გავრცელების, არამედ პროტესტის მონაწილეების უფლებების ნებისმიერი დარღვევის დასაფიქსირებლად. ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროტესტის მონაწილეებმა იცოდნენ, რისი უფლება აქვთ საპოლიციო ძალებთან მიმართებაში ფოტო-ვიდეო გადაღების დროს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი იურისტი, თეონა ზაქარაშვილი ამბობს, რომ ხშირად, სწორედ დემონსტრანტების, მათი გარშემომყოფების მიერ გადაღებული ან/და მედიაში გავრცელებული ფოტო-ვიდეო კადრები გამხდარა დემონსტრანტების უფლებების დარღვევის მნიშვნელოვანი მტკიცებულება ან დაცვის მექანიზმი იმის საჩვენებლად, რომ კონკრეტულ დემონსტრანტს რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია;
აქვს თუ არა პოლიციას უფლება მოგვთხოვოს საჯარო სივრცეში გადაღებული ფოტო/ვიდეოს წაშლა?
ნებისმიერ პირს შეუძლია საჯარო სივრცეში გადაიღოს ფოტო და ვიდეო მასალა. შესაბამისად, მისი წაშლის ან [მასთან დაკავშირებული] რაიმე მოქმედების მოთხოვნის უფლება პოლიციელს არ აქვს. მეტიც, სწორედ ამას გულისხმობს მოქალაქე ჟურნალისტის ცნება, რომ დღეს, უახლესი ტექნოლოგიების ერაში, ჩვენ გვაქვს გაჯეტები და შეგვიძლია პირდაპირ, ანუ ე.წ. ლაივ რეჟიმში გადავცეთ ინფორმაცია – ეს კანონით გარანტირებული უფლებაა, რომ ჩვენ მივიღოთ და გავავრცელოთ ინფორმაცია შეუზღუდავად.
პოლიციელს აქციაზე ჩვენ მიერ გადაღებული ფოტო ან ვიდეო მასალის არც ნახვის და მით უმეტეს წაშლის მოთხოვნის უფლება არ აქვს. ვინაიდან ვიმყოფებით საჯარო სივრცეში, სადაც მსგავსი ქმედებები აკრძალული არ არის; მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ამით ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი თავი. როცა საქმე საპროტესტო აქციას ეხება, მინდა გითხრათ, რომ უმეტესად სწორედ მსგავსი ფოტო და ვიდეო ჩანაწერები გვჭირდება იურისტებს, რათა ვაჩვენოთ, როგორ მოქმედებს პოლიცია, როგორ არღვევს დემონსტრანტების უფლებებს და დავამტკიცოთ, რომ კონკრეტულ პირს, რაიმე ქმედება, მით უმეტეს რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.
ასე რომ, აქციის მსვლელობისას ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ ფოტო-ვიდეო გადაღება, მათ შორის გავიდეთ ლაივ რეჟიმში ჩვენი სოციალური ქსელების მეშვეობით.
აქვს პოლიციელს უფლება ჩამოგართვას მობილური ტელეფონი?
თუ ჩვენ ვართ დემონსტრანტი და პოლიცია უბრალოდ გვთხოვს, რაიმე ჩვენი ნივთს, მათ შორის მობილურ ტელეფონს, ჩვენ გვაქვს უფლება არ გადავცეთ აღნიშნული ნივთი. მათ არ შეუძლიათ ძალადობრივად ჩამოგვართვან ტელეფონი, რადგანაც ეს არის ჩვენი საკუთრება და იმისთვის, რომ სახელმწიფოს (ამ შემთხვევაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს) ჰქონდეთ სათანადო უფლება რაიმე ნივთის ამოღების (ჩხრეკა- ამოღება) ეს უნდა იყოს სათანადოდ დადასტურებული კონკრეტული დოკუმენტებით, კერძოდ სასამართლოს განჩინებით;
სხვა შემთხვევაში პოლიციელს არ აქვს უფლება ჩამოგვართვას, წაგვართვას მობილური ტელეფონი. მიუხედავად ამისა, ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ აქციის მსვლელობის დროს პოლიციელები აქტივისტების წინააღმდეგ მსგავს ქმედებებს ჩადიან. ეს ცალსახად კანონდარღვევაა.
რა შემთხვევაში შეიძლება ჩვენი მობილური ტელეფონი აღმოჩნდეს პოლიციის ხელში?
დაკავების დროს, როდესაც პირს თავისუფლება აქვს შეზღუდული, ფორმდება შესაბამისი დოკუმენტები და მისი განთავსება ხდება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ამ დროს კეთდება აღწერა და დაკავების ოქმში ჩამოწერა იმ პირადი ნივთებისა, რაც მას თან აქვს.
მაგალითად სახლის, მანქანის გასაღები, საფულე, ჩანთა და მობილური ტელეფონი, რომელიც ყველას თან დაგვაქვს. ეს ხდება როგორც კონკრეტული საპროცესო მოქმედება, ამის შემდეგ ეს ნივთები დაილუქება და შეინახება მანამ, სანამ იქნება განთავსებული სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, რომელიმე დაწესებულებაში (ეს იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორი თუ გადაყვანილი იქნება სასამართლოში).
სხვა შემთხვევაში მათ არ აქვთ უფლება ჩამოგვართვან პირადი ნივთები.
კიბერუსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია ჩვენი ტელეფონები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები დაცული იყოს ე.წ. ორდონიანი ავტორიზაციით. ეს თითქმის ყელა აპლიკაციას აქვს.
აქვს თუ არა უფლება პოლიციას მოითხოვოს მობილურის პაროლი, მოითხოვოს სახის ან ანაბეჭდით ამოცნობის გამოყენება ტელეფონის განსაბლოკად?
რაც შეეხება პოლიციელის მიერ პინ კოდის გამორთმევას ან face ID-ს გამოყენებას, პირველ რიგში კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ თუ არ არსებობს შესაბამისი სასამართლო განჩინება, რომელიც გულისხმობს ჩვენი ელექტრონული მოწყობილობის დათვალიერებას, ანუ აპლიკაციების გახსნას, ნახვას, კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას და ა.შ. არავის აქვს უფლება აღნიშნული ინფორმაცია მოიძიოს, გახსნას ჩვენი ტელეფონი, მათ შორის აპლიკაციები. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება არ მისცეთ არანაირი პინ კოდი და არ მისცეთ საშუალება ფეის აიდით გახსნან თქვენი ტელეფონი.
ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ ასეთ სიტუაციაში მოხვდებით, ეგრევე გამორთეთ ტელეფონი და შეგიძლიათ მისი ჩართვისთვისაც დამატებითი პაროლები გქონდეთ.
აქვს თუ არა უფლება პოლიციელს [აქციაზე ან მის გარეთ] გახსნას შენი პირადი ნივთები [ჩანთა, საფულე] და გაგჩხრიკოს? რას მოიცავს ზედაპირული შემოწმება?
ზედაპირული დათვალიერება განსხვავდება ჩხრეკისგან, ამ დროს არ ხდება პირადი ნივთების გახსნა და შიგთავსის შემოწმება; პოლიციელს შეუძლია ჩვენი გარე, ვიზუალური დათვალიერებით დარწმუნდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს ის ნივთები, რომლებიც მას ან აქციის მონაწილეებს საფრთხეს შეუქმნის [შეკრების და მანიფესტაციის კანონში არის კონკრეტული ნივთები ჩამოთვლილი, რომლებიც არ უნდა იყოს აქციაზე].
რაც შეეხება ჩხრეკას, აუცილებელია ის ჩატარდეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დადგენილების საფუძველზე.
ზედაპირული დათვალიერება ასევე გულისხმობს ტანსაცმლის გარე ზედაპირის ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი დათვალიერებას.
ხშირად არის შემთხვევები, როცა პოლიციელი მკაცრი მენტორული ტონით ეუბნებიან მოქალაქეს – გვაჩვენე ჩანთა და ცდილობენ დაიყოლიონ, რომ კონკრეტულმა პირმა თვითონ გახსნას ჩანთა და თავისით ამოალაგოს პირადი ნივთები ჩანთიდან. მაგრამ კიდევ ერთხელ – ზედაპირული შემოწმება არ არის ჩხრეკა და ჩხრეკას სჭირდება ან სასამართლოს განჩინება, ან დადგენილება.
სოციალუი სამართლიანობის ცენტრი: საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, ჩხრეკის უფლება პოლიციას არ აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ზედაპირული დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ნივთი.
თუ თქვენ გაგაჩერეს, რეკომენდებულია თქვენმა მეგობარმა გადაიღოს ვიდეო ან ჩართოს ლაივი და შემდგომში თუ აუცილებელი გახდება ეს მასალა გამოყენებული იქნეს, როგორც მტკიცებულებები ამ საქმეზე;
თუ თქვენ ხედავთ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში პოლიციელი ჩადის ისეთ ქმედებებს, რაც თქვენს უფლებებს არღვევს, შეგიძლიათ გამვლელებს/აქციის სხვა მონაწილეებს სთხოვოთ, რომ უყურონ ამ შემთხვევას, რომ შემდგომ უკვე ამ ადამიანების განმარტებები და მათი ჩვენებები გქონდეთ, როგორც მტკიცებულება სასამართლოზე;
ასევე მაქსიმალურად მოითხოვეთ, რომ დაცული იყოს თქვენი უფლებები და სცადეთ, რომ იმ ცოდნით იყოთ შეიარაღებული, რაც გამოგადგებათ პოლიციელებთან ურთიერთობაში.
ეს არის ის ზოგადი წესები, რომელთაც შეგიძლიათ მიჰყვეთ და გამოიყენოთ ისინი თქვენი უფლებების და ინტერესების დასაცავად ნებისმიერთან, ვინც საპოლიციო ძალების წარმომადგენლის სახელით მსგავს კომუნიკაციაში შემოდის თქვენთან.
ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;
ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად;
ცრემლსადენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელი ნივთიერება;
„რუსეთი მტერია! არა რუსულ მთავრობას“ – ამ შინაარსის პლაკატები გამოჩნდა დღეს, 30 აპრილს ქუთაისის ქუჩებში. პლაკატები გაავრცელა ორგანიზაციამ – „ევროპა ჩვენი სახლია“.
„წნეხი ხელისუფლების მიმართ არის გასაზრდელი, რადგან რუსული კანონი ვერ უნდა მიიღონ. ივანიშვილი პირდაპირ ემუქრება ყველას, ვინც მისი აზრით მოპირდაპირე ბანაკშია“ – ამბობს თორნიკე ბარათაშვილი, „ევროპა ჩვენი სახლიას“ ხელმძღვანელი ქუთაისში. „ბათუმელები“ მას ქვეყანაში მიმდინარე პროცესზე ესაუბრა.
ბატონო თორნიკე, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ უარს ამბობს დასავლურ კურსზე, მიუხედავად იმისა, რომ „ღირსებით ევროპაში“ ბანერი აიფარეს წინ. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დაუყოვნებლივ, რომ ამ ქვეყანაში ვერ განხორციელდეს კრემლის გეგმა?
მგონია, რომ ეს საკითხი თითქმის კულმინაციას უახლოვდება, რადგან ივანიშვილმა დეკლარირება გააკეთა საკუთარი კურსის, გამიჯნა, სეგრეგაცია გაუკეთა საზოგადოებას. ის მოწინააღმდეგე ბანაკს პირდაპირ ემუქრება არჩევნების შემდეგ, ნაცებად იხსენიებს ყველას ვინც დარჩება წყალგამყოფს მიღმა.
ყველამ დავინახეთ რაც ხდებოდა ჩვენს რეგიონებში გუშინ, რა ფინანსური და ადამიანური რესურსების ფასად ჩამოიყვანეს ხალხი იმ აქციაზე და როგორ დარბოდნენ სიებით დღეების განმავლობაში.
ძალიან სევდიანი და ტრაგიკულია ის სურათი, რაც გუშინ ვნახეთ ივანიშვილის, დიქტატორობისკენ გადახრილი ხელისუფლების მხრიდან, თუ როგორ მოექცნენ თუნდაც მათ მხარდამჭერ ხალხს.
მკვეთრი წითელი ხაზია უკვე გავლებული ივანიშვილის ხელისუფლებასა და იმ საზოგადოებას შორის, რომელიც მის პოლიტიკას არ იზიარებს და ამ ადამიანებს პირდაპირ ემუქრება რეპრესიებით.
ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ევროპას უარს და გუშინდელი აქცია იყო მანიფესტი რუსული გზის.
თორნიკე ბართაშვილი
შედეგს რაც შეეხება, სასაცილოა, რადგან ერთი ადამიანის ანგარიშებს პუტინის ხელისუფლებასთან ვერ გადაჰყვება ქვეყანა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ირჩევს დასავლურ კურსს, ირჩევს ევროპას, რომელზეც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ოჯახი და ჩვენი სახლია.
რა უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ? – რა თქმა უნდა, აუცილებელია გაგრძელდეს საზოგადოების პროტესტის გამოხატვა იმ სტანდარტით, რაც გვაქვს ეს დღეები.
მე მგონი საზოგადოება არის მოწოდების სიმაღლეზე, იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც უნდა ჰქონდეს ევროპაზე ორიენტირებულ, ცივილიზებული სამყაროსკენ შეტრიალებულ ქართულ საზოგადოებას, მაგრამ მეორე ნაწილია აქ ასევე მნიშვნელოვანი – საზოგადოება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, პოლიტიკურ პროცესში საჭიროა პოლიტიკოსების არსებობა, განსაკუთრებით იმ პროცესის შემდეგ, რასაც ჰქვია რუსული კანონის ხელმეორედ შემოტანა.
ამიტომ, მგონია, რომ არცერთ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსს აღარ უნდა ჰქონდეს შინაგანი ენერგია იმისთვის, რომ იჯდეს ბიძინას „ბუტკაში“ და იქიდან რაღაც პროცედურულ ბრძოლებში იყოს ჩართული იმ ფონზე, როცა ამ ბრძოლებს არანაირი ტურბულენტობის უნარი არ გააჩნია.
მაშინ როგორ უნდა მოხერხდეს რუსული კანონის გაწვევა, თუ აღარც ოპოზიცია იქნება პარლამენტში?
ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში, ვხედავთ უკვე, რომ [განსაკუთრებით მეორე მოსმენის ფონზე] არის არაეფექტური. ჩემი აზრით, პოლიტიკური ოპოზიცია ახლა არის ვალდებული საკუთარ თავში ნახოს რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არ არის მეგობრული დამოკიდებულება, მაგრამ ერთმანეთს შორის სინერგიის პოვნის შესაძლებლობით უნდა შეძლონ უფრო დიდი ბოროტების, უფრო დიდი წინაღობის დაძლევა.
ვფიქრობ, ახლა მთავარია დაძლეული იქნას რუსული გავლენები საქართველოში, შემდგომ დემოკრატიულ პროცესს რაც შეეხება, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს მმართველობა საქართველოში, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ვინ მართოს ეს ქვეყანა – ეს იქნება შემდეგი ეტაპის საქმე.
ერთადერთი შანსი, რომ ოქტომბრის არჩევნებზე რუსეთმა აქ დათმოს ხელისუფლება, არის ოპოზიციის გაერთიანება. თუკი ბიძინას წინააღმდეგ მისივე ტრიუკი იქნება გამოყენებული 12 წლის თავზე და ყველა ერთის წინააღმდეგ შევა არჩევნებში.
არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუპირისპირდეს მთელი პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი, მაგრამ თუ ამ არჩევნებზეც შევდივართ დანაწევრებულად, მგონია, რომ ეს იქნება ძალიან არაეფექტური იმ მიზნის მისაღწევად, რაც ახლა უნდა დავისახოთ.
თუ რუსულ კანონს მიიღებენ, ფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდება?
არსად ბუნებაში, დედამიწაზე, რუსს თავისუფალი არჩევნები არ ჩაუტარებია. რა თქმა უნდა, ჯერ მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქეთ, რომ ვერ მიიღონ რუსული კანონი, შემდეგ კი, მე, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, ოპოზიციის გაერთიანებაში ვხედავ გზას.
თუ ივანიშვილი მეოთხედ დარჩება ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ივანიშვილის აღქმით მტრულ ბანაკში აღმოჩნდება, იქნება განადგურებული.
ამიტომ ვერ ვხედავ ოპოზიციის პარლამენტში დარჩენის აზრს, რადგან ვხედავდით გუშინ კომიტეტის სხდომაზე როგორ პანტაპუნტით ყრიდა ოპოზიციონერ დეპუტატებსოხანაშვილი. ეს არ არის ეფექტური პროცესი, ასე რომ ყველაზე კარგი საშუალებაა დიდ დემონსტრაციაზე ხალხისთვის მანდატების დაბრუნება.
ქუჩის პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
ქუჩიდან, საერთო ორგანიზებით, საკოორდინაციო რგოლის შექმნის საფუძველზე განისაზღვროს ყოველდღიური მოქმედების სტრატეგია.
როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის ღია რუსული პოლიტიკის შემდეგ, მისი მხარდამჭერების დამოკიდებულება შეიცვლება თუ არა იმის შემდეგ, რაც გუშინ ვნახეთ რუსთაველზე?
ივანიშვილს და მის შეგირდებს, რომლებიც აქციაზე გამოდიოდნენ, თითქოს უნდათ სხვაგვარი ევროპა, ისეთი ევროპა, რომელიც არ არსებობს.
ევროპა არის კონკრეტული სივრცე, კონკრეტული ოჯახი, რომელსაც შენ თუ უერთდები, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ მოსთხოვ რაღაცების შეცვლას. ევროკავშირის წევრები იღებენ მათ ოჯახში სხვისი შემოერთების გადაწყვეტილებას და ამ პირობებში, როცა შენ მიდიხარ რუსეთისკენ და თან იძლევი დაპირებას, მაინც გავხდებით ევროკავშირის წევრიო, რა თქმა უნდა, ეს იმთავითვე დიდი სიცრუეა.
ასე რომ ივანიშვილის ეკლექტური ამომრჩეველიც, თუკი აქამდე ფიქრობდა, რომ ივანიშვილი პროდასავლური მიმართულების ბელადია, გუშინდლის შემდეგ, უნდა დაფიქრდნენ, რადგან ივანიშვილის ყველა წინადადების მიღმა იყო ის განწყობა, რაც ნიშნავს ქვეყნის ძალიან სწრაფ დაბრუნებას რუსულ სივრცეში.
ამიტომ იყო ფსევდო ის პატრიოტული გზავნილები რაც გაჟღერდა გუშინ. რადგან ყველამ იცის, რომ ეს ხელისუფლება შორს დგას პატრიოტიზმისგან. ამაზე მეტყველებს თუნდაც მათი დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
„არა რუსულ მთავრობას, რუსეთი მტერია“ – პლაკატი ქუთაისში
ჩვენ ვიცით მათი დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ, მტრის მიმართ და თუკი ვინმე ხელს უშლის ქართულ სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოებრიობას საფუძველს უთხრის, ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც არის დეკლარირებული მტერი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთელი ისტორიის მანძილზე.
ამ ფონზე სასაცილოა ვისაუბროთ ბიძინას ხელისუფლების მიერ საქართველოს ევროინტეგრაციაზე.
ფაქტია, რომ ყველა, ვინც ივანიშვილის წყალგამყოფს მიღმა დარჩება, იქნება რეპრესირებული, თუკი რუსული ხელისუფლება დარჩება ამ ქვეყანაში.
უკვე ვხედავთ, რომ უბრალოდ გამოხატვის თავისუფლებაც კი აღარ არის ამ ქვეყანაში, ადამიანებს პირდაპირ ქუჩებიდან იტაცებენ და შემდეგ სასამართლოზე დადგმული სპექტაკლებით დამნაშავედ აცხადებენ. მეც, ჩემი ორგანიზაციის წევრებიც და სხვა არაერთი ადამიანი უკვე გახდა ამ სისტემის მსხვერპლი და კიდევ უფრო მძიმე სასჯელები აქვთ ადამიანებს მიღებული წლების მანძილზე.
ივანიშვილი უფრო ღრმად შევიდა იმ საქმეში, რასაც „ვა ბანკზე“ წასვლა ჰქვია და რა თქმა უნდა, ერთადერთი ფარი, რაც მას ამ პროცესში შეიძლება ეგულებოდეს, ეს არის რუსეთი, მისი პატრონები მოსკოვში.
დღეს, 30 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ქუთაისში ევროპულ მარშს აწყობენ. სტუდენტებმა მსვლელობა 17:30-ზე დაიწყეს უნივერსიტეტის კამპუსიდან.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.
„დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი აქტიურად ადევნებთ თვალს მიმდინარე პროცესებს. დღეს პარლამენტში იქნება კანონპროექტის მე-2 მოსმენა, რის პარალელურადაც თბილისში მასშტაბური აქციები მოეწყობა.
ამის ფონზე, ჩვენ, როგორც სტუდენტებს, მინიმალური რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, არის მხარდაჭერის ჩვენება და გამოცხადება იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენთვისაც იბრძვის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ცხადზე ცხადია სტუდენტების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია მასობრივად ამ პოზიციის დაფიქსირება (განსაკუთრებით გუშინდელი დღის მერე), რათა ყველამ იცოდეს, რომ კიუ-ს სტუდენტები დგანან იქ, სადაც დგას თავისუფალი საქართველო,” – დაწერეს სტუდენტებმა მარშის დაწყებამდე.
ამ წუთებში 18:40 სტუდენტები ფეხით მსვლელობას ახალგაზრდობის გამზირზე აწყობენ და ქუთაისის ცენტრისკენ მიემართებიან. მათი საბოლოო შეკრების ადგილი მესხიშვილის თეატრია.
არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი [SJC] მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებში სამსახურებრივი ფორმებისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის სისტემის შემოღებას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პოლიციელების იდენტიფიცირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.
„სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის და ამ ორგანოების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პოლიციელების სამსახურებრივ ფორმებსა და სპეციალურ საშუალებებზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნების/ნომრების დატანა;
ასევე მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატს – აქტიურად განახორციელონ სამართალდამცავთა იდენტიფიცირების მექანიზმების საჭიროების ადვოკატირება” – წერია განცხადებაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად პოლიციელს აქტიური და პასიური სპეციალური საშუალებების გამოყენების შესაძლებლობას ანიჭებს. პასიურ სპეციალურ საშუალებებში მოიაზრება ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხვა ისეთი საშუალებები, რომელიც პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს. გარდა ფიზიკური უსაფრთხოებისა, პასიური სპეციალური საშუალებები კონფიდენციალურობის დაცვის მიზანსაც შეიძლება ემსახურებოდეს.
„ბუნებრივია, რომ ფარის, ნიღბისა და სხვა საშუალებების გამოყენების განსაკუთრებული საჭიროება საპროტესტო აქციების ფარგლებში ვლინდება, ვინაიდან ამ დროს მაღალია ქიმიური გამღიზიანებლებისა და სხვა საფრთხეებისგან სამართალდამცავის ფიზიკური დაზიანების რისკები.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ანგარიშვალდებულების, სავარაუდო დანაშაულის გამოძიებისა და სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, აუცილებელია, რომ სპეციალურ საშუალებებზე ან სამსახურებრივ ფორმებზე დატანილი იყოს მაიდენტიფიცირებელი ნიშანი/ნომერი. არაიდენტიფიცირებადი ფორმა მნიშვნელოვნად აფერხებს სამართალდამცავების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შემთხვევების გამოძიებას და დაუსჯელობის განცდას იწვევს პოლიციელებში.
სამართალდამცავების იდენტიფიცირების შეუძლებლობას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც ასახელებს აქციის საქმეების გამოძიების მთავარ სირთულეებს შორის.
სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშში მითითებულია, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები აღჭურვილნი არიან სპეციალური ფორმებით (ე.წ. „რობოკოპით“/ჩაფხუტით ან/და ნიღბით), რომელზეც არ არის დატანილი მაიდენტიფიცირებელი მონაცემი. შესაბამისად, ძალადობის ფაქტების თვითმხილველი პირების არსებობის შემთხვევაშიც კი თითქმის შეუძლებელია არაპროპორციული ძალის გამომყენებელი სამართალდამცველის იდენტიფიცირება და ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვება.
სამართალდამცავების, განსაკუთრებით სპეცრაზმის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნიშნებით უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტებითაც არის განმტკიცებული. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო აღნიშნავს, რომ დამცავი საშუალებები პოლიციამ მხოლოდ აშკარა წინააღმდეგობის რისკის პირობებში უნდა გამოიყენოს და ამ შემთხვევაშიც მას მოეთხოვება საიდენტიფიკაციო ნომრების თვალსაჩინოდ გამოჩენა.
პოლიციელების სპეციალურ ფორმებზე საიდენტიფიკაციო ნომრების დატანის ვალდებულება ევროპის არაერთი ქვეყნის [გერმანია, დანია, ნორვეგია და სხვა] კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. უმეტეს შემთხვევებში რეგულაციები ძირითადად მოიცავს ციფრებსა და სიმბოლოებს, რომლებიც დეკოდირების შემდეგ სასამართლოებსა და საგამოძიებო ორგანოებს, სამართალდამცავის იდენტიფიცირების საშუალებას მისცემს.
ტერაბანკის ორგანიზებითა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პლატფორმა SaaSargeblo.ge-ის ინიციატივით, ბათუმმა პირველ რეგიონულ B2B შეხვედრას უმასპინძლა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებსა და SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი) კომპანიებს შორის ღირებული თანამშრომლობების ჩამოყალიბებას, მათი სერვისებისა და მომსახურებების სპეციფიკისა და უპირატესობების დეტალურ გაცნობას, შედეგად კი, ბიზნესსაქმიანობების გაციფრულებისა და ქვეყანაში მთლიანად SaaS ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერას.
შეხვედრის მიმდინარეობისას 10-მა SaaS სტარტაპმა სხვადასხვა ინდუსტრიის 200-მდე წარმომადგენელს ციფრული პროდუქტები და სერვისები, მათი გამოყენების დადებითი მხარეები და ეფექტიანობა გააცნო. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ იმ ციფრული გადაწყვეტილებებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც მათ საჭიროებებზეა მორგებული და ბიზნესსაქმიანობების განვითარებას ემსახურება. ტერაბანკის გენერალურ დირექტორთან, თეა ლორთქიფანიძესთან ერთად, სტუმრებს სიტყვით ბათუმის ვიცე მერმა, ლევან დავითაძემ და აჭარის ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემაც მიმართა.
SaaSargeblo.ge ტერაბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. ის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობების მარტივად გაციფრულებასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვაში უწყობს ხელს. პლატფორმაზე ვიზიტორებისთვის SaaS კომპანიების მუდმივად განახლებადი კატალოგია განთავსებული. ამას გარდა, ონლაინრესურსის დახმარებით, მათ უფასო საკონსულტაციო შეხვედრების ჩანიშვნაც შეუძლიათ.
„ჩვენთვის მცირე და საშუალო ბიზნესი სტრატეგიული მიმართულებაა, ამიტომ განსაკუთრებით გვახარებს, რომ SaaSargeblo.ge-ს შეხვედრების არეალი დედაქალაქს გასცდა და რეგიონული მასშტაბი მიიღო. უკვე გვაქვს მაგალითები, თუ რამდენად სასარგებლო როლი შეასრულა პლატფორმამ ბიზნესების საქმიანობების გაციფრულებაში და ვფიქრობთ, მისი მნიშვნელობა მეტად გაიზრდება. შედეგად, კიდევ უფრო ბევრი კომპანია შეძლებს ბიზნესპროცესების ეფექტიანად წარმართვას“, – აცხადებენ ტერაბანკში.
აღსანიშნავია, რომ SaaSargeblo.ge-ს B2B შეხვედრების დახმარებით, სტარტაპებსა და მცირე თუ საშუალო ბიზნესკომპანიებს შორის წარმატებული თანამშრომლობები უკვე შედგა.
პლატფორმა SaaSargeblo.ge ამგვარი ღონისძიებების გამართვას სამომავლოდაც გააგრძელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 30 აპრილს ქართულ ჯარს მიმართა საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე და „დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში, თუ კონფრონტაციაში“, რაც „დიდი ტყუილი და მავნებლობა“.
„მოგმართავთ ქართულ ჯარს, როგორც ქვეყნის საგუშაგოზე მდგარს და ჩვენს საიმედო ფარს.
დღეს მოვედი თქვენთან, რამეთუ თქვენ ხართ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის სიმბოლო. ამ მიზანს ემსახურებით 33 წელია, იმავე მიზანს, რომელსაც ემსახურებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარი 1918-1921 წლებში, ემსახურებოდნენ იუნკრები, რომელსაც საუკუნეების მანძილზე უკლებლივ ყველა საქართველოს გუშაგი ემსახურებოდა და რამაც მოგვიყვანა დღემდე!
მტერმა კარგად იცოდა და იცის, რომ საქართველოს სისუსტეს მხოლოდ საზოგადოებაში ბზარის გაჩენა იწვევს.
საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე; ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები.
საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს – ტერორიზმთან ბრძოლას.
დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი ოცდაათწლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოადგინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს იწვევს ავანტიურაში, თუ კონფრონტაციაში. ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა!
ჩვენ, და პირველ რიგში თქვენ, ყველამ კარგად ვიცით და არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა XIX საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას და ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას.
იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე მოკავშირე არაა, ეს იგივეა რაც იმის უარყოფა, რომ დედა-დედაა და მამა-მამაა!
ვინ, თუ არა ქართულმა ჯარმა, იცის – ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა როცა გვიჭირდა, როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ და დღესაც ვინ დგას ჩვენს გვერდში.
სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს – იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა. ჩვენ ყველას გვევალება მოვძებნოთ გზა ერთიანობის, ვაჩვენოთ გამძლეობა, მხნეობა, შემართების და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარის და სამშობლოს წინააღმდეგიც არის, ვინც ქადაგებს ერთობას ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 468 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250]
ტანკი – 7 307 ერთეული [+22]
ჯავშანტექნიკა – 14 046 ერთეული [+39]
საარტილერიო სისტემა – 12 011 ერთეული [+26]
MLRS – 1 053 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 779 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 531 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 126 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 142 ერთეული [+33]
სპეცტექნიკა – 1 977 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 30 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
593 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 619 უპილოტო საფრენი აპარატი
509 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 888 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 275 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 216 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 396 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
დღეს, 29 აპრილს, ნორვეგიაში მცხოვრებმა ქართველებმა ოსლოში აქცია გამართეს რუსული კანონის წინააღმდეგ.
აქციის მონაწილეები საქართველოს საელჩოსთან საქართველოს დროშებითა და ტრანსპარანტებით მივიდნენ. მათ საქართველოს ელჩთანაც სურდათ შეხვედრა და კითხვების დასმა, თუმცა საქართველოს ელჩი ნორვეგიაში, ზურაბ ბერიძე მათ არ შეხვდა. აქციის მონაწილეებს საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ ელჩი ადგილზე არ იმყოფებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორვეგიაში ვიზიტთან დაკავშირებითსაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორვეგიაში ვიზიტთან დაკავშირებითაქცია ოსლოში, საქართველოს საელჩოსთან
26 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ნორვეგიაში ვიზიტთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა ორგანიზაცია „კრებამ“, რომელიც ნორვეგიაში მცხოვრებ ქართველებს აერთიანებს. მიმართვა გადაეცა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნორვეგიის პარლამენტის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს.
„ჩვენ, ნორვეგიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოსთან ახლო კავშირის მქონე ადამიანები, ვგმობთ მმართველი პარტიის ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის თავიდან ინიციირებას, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. შარშან, კანონის უკან გაწვევის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ დადო პირობა, რომ ისინი აღარ დაუბრუნდებოდნენ ამ კანონს. თუმცა, მათ პირობა დაარღვიეს და კანონპროექტში იცვლება მხოლოდ ტერმინი “უცხოეთის აგენტი” “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით”.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს კანონი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, დააბრკოლოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და საფუძველი ჩაუყაროს ავტორიტარული მმართველობის მოდელს ქვეყანაში. ჩვენ ნორვეგიაში ვხვდებით უამრავ ადამიანს ამ ქვეყნებიდან, რომლებიც მსგავსი კანონმდებლობის გამო დევნის, სტიგმატიზებისა და ჩაგვრის მსხვერპლი გამხდარან.
…ჩვენ მოვუწოდებთ ნორვეგიის წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ესპენ აიდეს და პარლამენტის წარმომადგენლებს, მკაცრად დაგმონ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს აღნიშნული კანონის საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღება. ვიმედოვნებთ, რომ გამოიყენებთ თქვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა საქართველოს მთავრობამ უკან გაიწვიოს აღნიშნული კანონი.
კანონის მიღების შემთხვევაში კი, ვთხოვთ ნორვეგიის მთავრობას, დაიწყოს მსჯელობა, ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის, და კანონის მხარდამჭერი დეპუტატების წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ“ – ნათქვამია განცხადებაში.
მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა დაიწყო რუსული კანონის განხილვა, საზღვარგარეთ, ევროპის სხვადასხვა ქალაქში, საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან არ წყდება აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ.
თბილისში ათი ათასობით ადამიანი გამოდის მოთხოვნით – „ოცნებამ“ უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც განადგურებით ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას.
რა ხდება?
მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი ისევ დააბრუნა. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.
კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.
პარლამენტარი თამარ კორძაია სპეციალური განცხადებით მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს და მოუწოდებს, შეასრულოს თავისი პირდაპირი მოვალეობა, გამოვიდეს საჯაროდ და მოუწოდოს ხელისუფლებას არ მიიღოს რუსული კანონი, რომელიც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
„მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, ვაცნობიერებ იმ ტვირთს, რაც ავიღე მისთვის ხმის მიცემით და სწორედ ჩემი პასუხისმგებლობაა გამოვიყვანო დღეს ის იმ კომფორტიდან რომელშიც იმყოფება.
ბატონო ლევან, მოგმართავთ საჯაროდ, სახალხოდ და მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ და ჩაატაროთ ბრიფინგი და მოუწოდოთ ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონი, რომელთან დაკავშირებითაც, სწორედ სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ეუთოს დასკვნის თანახმად – დაირღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონსტიტუციური უფლება; დაირღვევა გაერთიანების თავისუფლება; ეს კანონი ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კანონიერების პრეზუმფციას.
პასუხისმგებლობა, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონი, არ შეიძლება მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში დარჩეს და ის აუცილებლად სასამართლოს მიერ უნდა იქნეს მიღებული ნებისმიერ შემთხვევაში.
ბატონო ლევან, სწორედ სახალხო დამცველის საფუძველზე ეუთომ დაწერა 70-გვერდიანი დასკვნა. ყოველ გვერდზე ის მიუთითებს, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს კანონი არ არის საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შესაბამისი.
ამიტომ მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ! ეს არ არის პოლიტიკური შეფასების საკითხი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები პრევენციულად.
ბატონო ლევან, კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი” – აცხადებს თამარ კორძაია.