მთავარი,სიახლეები

საქართველოში ცხოვრების უფლება რუსეთის 16 567-მა მოქალაქემ მიიღო – 3 წლის მონაცემები

16.03.2023
საქართველოში ცხოვრების უფლება რუსეთის 16 567-მა მოქალაქემ მიიღო – 3 წლის მონაცემები

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, საქართველოში სხვადასხვა უფლებით ცხოვრების ნებართვა მიიღო რუსეთის 16 567-მა მოქალაქემ.

მათგან 10 043 პირს საქართველოში ბინადრობის ნებართვა მისცეს. საქართველოს მოქალაქეობა კი, რუსეთის 6 524 მოქალაქეს მიანიჭეს [მათგან 3200 პირს უშუალოდ 2022 წელს, მათ შორის, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებსაც].

ბინადრობის ნებართვა

მაგალითად, ამ პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვას მოითხოვდა რუსეთის 1068 მოქალაქე და აქედან უმრავლესობას – 996 პირს, მოთხოვნა დაუკმაყოფილეს. აღნიშნული პირები საქართველოს ყოფილი მოქალაქეები არიან.

გაცილებით ბევრმა მიიღო საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის უფლება. აღნიშნულ წლებში ამ უფლებას ითხოვდა რუსეთის 2 261 მოქალაქე, განცხადება დაუკმაყოფილეს 1 536 პირს.

საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა მოითხოვა რუსეთის 4 832-მა მოქალაქემ, დააკმაყოფილეს უმრავლესობა – 4076 პირი.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები საქართველოს მოაწყდნენ/ ლარსის საზღვარი

ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში ბინადრობის უფლება მოითხოვა რუსეთის 1482-მა მოქალაქემ, დააკმაყოფილეს 1306 პირი.

შრომითი ბინადრობის უფლება მიიღო რუსეთის 1232-მა მოქალაქემ, ხოლო საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა რუსეთის 119 მოქალაქიდან მისცეს 81 მოქალაქეს საქართველოში.

ამავე პერიოდში სასწავლო ბინადრობის უფლებას ითხოვდა რუსეთის 905 მოქალაქე, დააკმაყოფილეს 816 პირის განცხადება.

მოქალაქეობა

2020-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა მოითხოვა რუსეთის 38-მა მოქალაქემ, დააკმაყოფილეს მხოლოდ 9 განაცხადი.

საქართველოს მოქალაქეობის დროებითი აღდგენის უფლების თხოვნით საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის 4095-მა მოქალაქემ მიმართა, მათგან საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინეს 2 845 პირს [ესენი არიან ის პირები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებით დაკარგეს].

2020-2022 წლებში მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას ითხოვდა რუსეთის 14 მოქალაქე, თუმცა დაკმაყოფილდა მხოლოდ 4 პირი.

სამაგიეროდ, საქართველოს მოქალაქეობა გამონაკლისი წესით მიანიჭეს რუსეთის 3 666 მოქალაქეს და განხილვაშია კიდევ 1 417 პირის განცხადება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: