მთავარი,სიახლეები

ოცნების აგიტატორი „ოცნებას“ სასამართლოში უჩივის – „ყელიდან ნავთობის სუნი ამომდის“| ვიდეო

14.10.2024 •
ოცნების აგიტატორი „ოცნებას“ სასამართლოში უჩივის – „ყელიდან ნავთობის სუნი ამომდის“| ვიდეო

„ივანიშვილმა თქვა, ბიუჯეტი გადატენილია, გვაქვს ფულებიო და მე მეუბნებიან, ფული არ არისო… ვიწამლებით ხალხი, გამიყვანონ აქედან, ნავთობის სუნი ამომდის ყელიდან“, – ამბობს ბათუმში, ბარცხანაში მცხოვრები იზოლდა ჯაბნიძე.

ერთ წელზე მეტია, რაც მისი სახლის ეზოში სავარაუდოდ ნავთობის ძველი მილიდან ნავთობის ნარჩენებმა გამოჟონა. ეზოში, სადაც ნავთობის სუნი შესვლისთანავე იგრძნობა, მოქალაქეს სხვადასხვა უწყებიდან მიღებული წერილები გამოაქვს.

„უშედეგოა ყველაფერი, უშედეგო. ყველა ამბობს, მე არ მეხებაო, კაბინეტშიც არ გიშვებენ“, – ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს იზოლდა ჯაბნიძე და ათეულობით წერილს მაგიდაზე გვილაგებს. წერილების გაცნობამდე კი გვთხოვს არხი ვნახოთ, სადაც ნაწვიმარი წყლის ზედაპირზე შემორჩენილი ნავთობი ახლაც ლაპლაპებს.

სანიაღვრე არხი იზოლდა ჯაბნიძის სახლთან, სადაც ნავთობის ნარჩენები პერიოდულად ხვდება

იზოლდა ჯაბნიძე აცხადებს, რომ ის „ქართული ოცნების“ აგიტატორია. მისი მეუღლეც სახელისუფლებო პარტიის სამსახურშია და „ოცნების“ კოორდინატორად მუშაობს ხულოში, თუმცა „ქართული ოცნების“ სამსახურში მყოფ ოჯახსაც კი, „ქართული ოცნება“ ყურადღებას არ აქცევს და პრობლემას არ უგვარებს.

იზოლდა ჯაბნიძეს 211 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი აქვს საკუთრებაში, რომელზეც ორსართულიანი სახლი დგას. მოქალაქე ამბობს, რომ საკუთრების დათმობის სანაცვლოდ 70 კვადრატულ მეტრი ფართობის ბინას სთავაზობენ, ან 45 ათას აშშ დოლარს. იზოლდა ჯაბნიძისთვის ეს ორივე შეთავაზება უსამართლო და მიუღებელია.

„მეუბნებიან, შენი მიწა უვარგისიაო, რატომ არის უვარგისი, ყველაფერი თუ ჩემს ეზოში გადის?  მე ვზივარ ოქროს კუნძულზე, აგერ კიდევ კუნძული შენდება,“ – ზღვისკენ მიგვითითებს „ოცნების“ კოორდინატორი – ხელოვნური კუნძული, რომელსაც ახლა „ამბასადორი“ აწყობს, ჯაბნიძეების ოჯახის უბანშია.

„ოცნების“ აგიტატორი გვიყვება, როგორ დატოვა „ოცნების“ ხელისუფლებამ უყურადღებოდ, საფრთხის შემცველ გარემოში, როგორ ამისამართებენ მოქალაქეს ერთი უწყებიდან მეორეში, წერენ წერილებს, პასუხებს, პრობლემა კი პრობლემად რჩება.

„2023 წლის 15 სექტემბერს დილას რომ ავდექი, პირველი სართულის კარი გავაღე და საშინელი სუნი მეცა. გამიკვირდა, ზევით დავუძახე, ბავშვები არ ჩამოიყვანოთ-მეთქი, თურმე სამზარეულოს კუთხიდან გამოჟონილა ნავთობი, რაღაც მაზუთი. ეს ყველამ ნახა მთავრობის ხალხმა,“ – სახლის კუთხეში ეზოს მხრიდან იზოლდა ჯაბნიძე იმ ადგილს გვაჩვენებს, საიდანაც პერიოდულად ისევ ამოდის ნავთობის ნარჩენები ეზოში.

იზოლდა ჯაბნიძის ეზოში რომ ნავთობი ამოდის, ეს დასტურდება, მაგალითად, ბათუმის მერიის მიერ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციისთვის მიწერილი პასუხით.

„აღმოჩნდა, რომ საცხოვრებელი სახლის ქვეშ და ეზოში გადის ნავთობის მილი, საიდანაც ხდებოდა ნარჩენი ნავთობის გაჟონვა, რომლის ნაწილიც გასულ წელს ბათუმის ნავთობტერმინალის მიერ იქნა ამოღებული, მიუხედავად ამისა, ჯაბნიძეების ოჯახი ისევ გამოთქვამს პრეტენზიას ეზოში აუტანელი სუნის გამო,“ – წერს წერილში ბათუმის მერია. თუმცა არ ხსნის, რატომ მიიჩნევს მოქალაქის მოთხოვნას პრეტენზიად, როცა ამავე წერილში თავად მერია ადასტურებს, რომ მხოლოდ „ნაწილია“ ამოღებული.

„ოჯახი ითხოვს დარჩენილი უმოქმედო [ცარიელი] მილების ამოღებას“, – წერს მერია 2024 წლის 27 აგვისტოს მომზადებულ წერილში.

„თავიდან ონკანივით ამოვარდა ნავთობი, ვიფიქრე, რამე მილი ხომ არ დავაზიანეთ- მეთქი. დავრეკეთ 112-ში და მოვიდა პოლიცია, მითხრეს: ქალბატონო, რაშია საქმე?“ – ქრონოლოგიურად გვიყვება იზოლდა ჯაბნიძე, ვინ გამოჩნდა მისი სახლის ეზოში მას აქეთ, რაც იქ ნავთობის ნარჩენების გაჟონვა დადასტურდა.

„ვუთხარი პოლიციას, არ ვიცი, სადღაც ნავთობია თუ მაზუთი, ცეცხლსაშიშროების მეშინია. ვუთხარი, რომ 2009 წლიდან აქ ვცხოვრობთ და აქამდე მსგავსი არაფერი იყო. პოლიციამ მითხრა, რომ ეს ძალიან სერიოზული ამბავია და დაურეკეთ ნავთობტერმინალსო.

დავურეკეთ ტერმინალს და იქიდან მოვიდა ქალბატონი, ლალი ერქვა, გადავთხრი აქაურობას და ვნახოთო. მოვიდა ტრაქტორი, მაგრამ ვერ გადათხარა – ეზოს ამ კუთხეში გადის თურმე ძაბვა, წყლის კანალიზაცია, სხვა კაბელები.

მერე გამოვიძახეთ გარემოს დაცვა. მოვიდნენ და ძალიან დიდხანს იარეს.

მერე ნოდარ თებიძე რომაა, უმოქმედო ნავთობბაზის დირექტორი, მაგიც მოვიდა. მუშები მოიყვანეს – გადათხარეს ეს ეზო და არხიც ღია დამიტოვეს. მთელი ზამთარი და ზაფხული მოვიწამლეთ აქედან ამოსული სუნით.

შემდეგ მივმართეთ მერიას და მთავრობას. თორნიკე რიჟვაძემ გამომიშვაო, მოვიდა კაცი და მითხრა. მან გადაიღო ყველაფერი, ქალბატონო, ძალიან სახიფათო მდგომარეობაში ხართ, სასწრაფოდ ქირით ხართ გადასაყვანი, აქ იწამლებით თქვენო.

ქმარმა ინსულტი მიიღო, წნევა აუმაღლდა, მე მარჯვენა მკერდი მტკივა, ბრონქებიც მაწუხებს, ბავშვებიც ხშირად იწამლებიან… ჩვილით ნუკრი დეკანაძესაც მივაკითხე, ვიცე-მერია, თუ ვინ არის, არ ვიცი, ვიღაც ახალდანიშნულია, მე არ მეხებაო და გამაგზავნა სადღაც სააგენტოში. კაცმა არ შეიწუხა თავი და კაბინეტშიც არ მიმიღო. ხომ შეიძლებოდა, ჩემი გაჭირვება მოესმინა?“ – გვიყვება იზოლდა ჯაბნიძე.

ამ ისტორიის შემდეგ როგორ არის მოქალაქე ისევ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და აგიტატორი? – იზოლდა ჯაბნიძე განმარტავს, რომ „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან უჭერს მხარს და პარტიის ერთგული რჩება, რადგან თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მისი „ხეობის შვილია“.

იზოლდა ჯაბნიძე არის პოლიტიკური პოლარიზების მსხვერპლიც – მას ქირით გაყვანაზეც უარი უთქვამს იმ არგუმენტით, რომ არჩევნების შემდეგ თუ ხელისუფლება შეიცვალა, შესაძლოა, დღევანდელმა ოპოზიციამ მას ქირის ფული აღარ გადაუხადოს.

„ოცნების“ აგიტატორი რომ „ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებული არაა, ამის შესახებ მას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვისაც უთქვამს:

„ამ ხელისუფლებამ რომ გადამიყვანოს ქირით, შემდეგი ხელისუფლება გადამიხდის ქირას? მე ეს ბატონ ჯაბასაც ვუთხარი [ჯაბა ფუტკარაძე – აჭარის ეკონომიკის მინისტრი]. აი, ამხელა ზვავია მომდგარი, თუ ჩამოიარა ამ ზვავმა და თქვენ წაგიღოთ, ვინ გადამიხდის ქირას-მეთქი? „ნაციონალები“ მე ქირას არ გადამიხდიან, კიდევ ამათი იმედი მაქვს,“ – ამბობს იზოლდა ჯაბნიძე.

„ოცნების“ აგიტატორს ბათუმში ჩამოსულ ივანიშვილისთვისაც დაუკრავს ტაში, წერილი კი, დაცვის სამსახურისთვის დაუტოვებია – არ ვიცი, თუ გადასცემენო. მოქალაქე ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლოშიც აპირებს ჩივილს.

„ისტორიული დაბინძურებააო, მაგრამ ისტორიულ დაბინძურებას რამე საშველი არ აქვს? ხალხი აგერ ვიწამლებით, ხალხი აგერ ვკვდებით.

ხვალ-ზეგ აქ რამე რომ მოხდეს, ვინაა პასუხისმგებელი? თუ ჩვენ დავიხოცებით, რა მოხდება მერე? დღე და ღამ აქ გზაზე ვდგავარ, რომ ვინმემ სადმე სიგარეტის ნამწვავი არ დააგდოს, მეშინია, ცოცხლად არ დავიწვათ. 112-დან როცა იყვნენ, მითხრეს, ეს ცეცხლსაშიშიაო, მაგრამ რა ვქნა, დავჯდე და დილამდე ვცავო?

მივმართავ სასამართლოს. რასაც სასამართლო იტყვის, დავეთანხმები. უნდა ვიდავო, მაგრამ მხოლოდ ბათუმის სასამართლოში არა. შეიძლება სტრასბურგის სასამართლომდე ჩავიდე, უნდა მოვძებნო სამართალი,“ – გვითხრა იზოლდა ჯაბნიძემ და მაგიდაზე მიმობნეული სამთავრობო უწყებებიდან მიღებული წერილების ხელახლა დალაგებას შეუდგა.

„სტრასბურგის სასამართლოს და ევროპული ინსტიტუტების რომ არ სჯერა „ოცნებას“, ვისაც თქვენ ეხმარებით? „ოცნება“ ამბობს, რომ ევროპულ ინსტიტუციებს გლობალური ომის პარტია მართავს“, – ვეუბნებით „ოცნების“ აგიტატორს.

„არ ვიცი, ჯერ აქაურ სასამართლოს მივმართავ, თბილისში წავალ, უნდა ვიმოქმედო, სანამ მოვკვდები, ვიწამლებით, ისეთი მოწამლული ვარ, ფეხზე დგომის ძალაც აღარ მაქვს,“ – ისევ სახლის გვერდით მდებარე არხთან ჩერდება იზოლდა ჯაბნიძე.

წერილებით, რაც ჩვენ იზოლდა ჯაბნიძემ გვაჩვენა,  ვერ დასტურდება საფრთხე, რა ელის იზოლდა ჯაბნიძის 10-სულიან ოჯახს გარემოში, სადაც ნავთობი ჟონავს. ამ ოჯახში ცხოვრობენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. იზოლდა ჯაბნიძის თქმით, ამ დრომდე არავის შეუფასებია ზიანი და საფრთხეები.

ხელისუფლებისგან იმედგაცრუებულ „ოცნების“ აგიტატორს თავდაპირველად პროსახელისუფლებო მედიისთვის მიუმართავს, თუმცა უშედეგოდ. მოქალაქეს ვუხსნით, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ის ისევ მხარს უჭერს, მიიღო რუსული კანონი და თუ „ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება ჩვენ, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, ვეღარ გავაშუქებთ მისი თუ სხვა მოქალაქეების პრობლემებს.

„მე პოლიტიკოსი არ ვარ, სიღრმეში შედიხართ.

არც „იმედი“ მოვიდა, არც აჭარის ტელევიზია… ჩვენი ტელევიზია მინდოდა, მაგრამ არ მოვიდა. მინდოდა, რომ ხმა მიმეწვდინა, მაგრამ არ მოვიდნენ. თქვენ მოხვედით“, – გვითხრა იზოლდა ჯაბნიძემ.

„ის, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება,“ არავის არ მოსწონს დასავლეთში და მოსწონთ მხოლოდ კრემლში – უფსკრულშიც რომ წაიყვანოს თორნიკე რიჟვაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა, მაშინაც მისაღები იქნება?“ – ესეც ვკითხეთ საუბრის ბოლოს „ქართული ოცნების“ აგიტატორს.

„მისაღები არ იქნება, მაგრამ თუ წავა, წავყვებით ალბათ. უფსკრულში თუ გადავარდა, ჩვენც წავყვებით, ჩვენი ხეობის შვილია,“ – უკან აღარ დაიხია იზოლდა ჯაბნიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: