საქართველოში რუსეთიდან გაზის იმპორტი ბოლო წლებში გაიზარდა. სახელმწიფო ყიდულობს რუსულ გაზს და აწვდის მიმწოდებელ კომპანიებს, ისინი კი – მომხმარებლებს. მაგალითად, „სოკარის“ მომხმარებელი არა მთლიანად აზერბაიჯანულ, არამედ ნაწილობრივ რუსულ გაზს მოიხმარს.
„ბათუმელების” მიერ მოძიებული ინფორმაციით ირკვევა, რომ რუსულ გაზს თავად „სოკარიც” ყიდულობს. სემეკი რუსული გაზის იმპორტის ზრდას ქვეყანაში მოხმარების ზრდით ხსნის.
სემეკის მონაცემებით, გაზის იმპორტი რუსეთიდან 2019 წელთან შედარებით 2023 წელს 434 მილიონი კუბური მეტრით იყო გაზრდილი. საქართველომ გასულ 2023 წელს ჯამში 596 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზი შეისყიდა.
- „რუსული გაზის ხელშეკრულებები“
„ბათუმელებმა“ საქართველოს მთავრობისგან ის განკარგულებები გამოითხოვა, რომლებიც მთავრობამ ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა. ჩვენი წერილის შემდეგ რამდენიმე განკარგულება მთავრობამ გაასაჯაროვა. ეს განკარგულებები კი, ძირითადად სწორედ ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვას უკავშირდება.
მაგალითად, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის N326 განკარგულება [რომელიც მთავრობამ ჩვენი წერილის შემდეგ, ივლისში გამოაქვეყნა] სახელმწიფო კომპანიის – „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ რუსული „გაზპრომიდან“ გაზის შესყიდვას და ამ გაზის „სოკარისთვის“ მიწოდებას ეხება.
მთავრობის განკარგულებით ირკვევა, რომ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ შპს „გაზპრომ ექსპორტისგან“ 2024 წელს შესასყიდი/შესყიდული რუსული გაზის მთლიანი მოცულობიდან „სოკარ ჯორჯია გაზს“ უნდა მიაწოდოს 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი:
ჯამში რა რაოდენობის რუსული გაზის შესყიდვაა დაგეგმილი 2024 წლისთვის? – „ბათუმელები“ ამ კითხვით „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაუკავშირდა. კორპორაციის პასუხს მიღების შემთხვევაში აქვე მოგაწვდით.
დოკუმენტაციას, რომელიც გაზის ყიდვა-გაყიდვას უკავშირდება, საქართველოს მთავრობა, კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნევს და არ ასაჯაროებს:
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკის] 2023 წლის ანგარიშის მიხედვით:
„2023 წელს, წინა 2022 წლის მსგავსად შეინიშნებოდა რუსეთიდან ბუნებრივი გაზის მიღების შედარებით მაღალი მაჩვენებელი, რაც, თავის მხრივ, განპირობებული იყო ქვეყნის შიგნით ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოხმარებით. ამასთან, აზერბაიჯანის მხრიდან ბუნებრივი გაზის მიღების წერტილების დაკონტრაქტებული სიმძლავრეები ვერ უზრუნველყოფდა შიდა მოხმარების სრულად დაკმაყოფილებას და საჭირო გახდა დამატებითი ბუნებრივი გაზის შემოტანა.“
მიუხედავად ამისა, სემეკის ინფორმაციით, „საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროდ კვლავ რჩებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკა. სხვადასხვა კონტრაქტის მეშვეობით 2023 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან მიიღო მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭირო ბუნებრივი გაზის 80%.“
სემეკის ინფორმაციით, „სამხრეთკავკასიური მილსადენიდან საქართველო შეღავათიან ფასად იძენს ე.წ. სოციალურ გაზს, რომელსაც გამოიყენებს მოსახლეობისა და თბოსადგურების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, ამ სეგმენტში ბუნებრივი გაზის როგორც საბითუმო, ისე საცალო ფასები მნიშვნელოვნად დაბალია კომერციულ სეგმენტთან შედარებით.“
სამხრეთკავკასიური მილსადენით აზერბაიჯანული [კასპიის ზღვის შაჰ დენიზის საბადოდან] გაზი საქართველოს ტერიტორიის გავლით თურქეთში გადის.
სემეკი თავის ანგარიშებში ასევე წერს, რომ „მნიშვნელოვანია ბუნებრივი გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიება [მათ შორის, გათხევადებული ბუნებრივი გაზისა და თურქეთის ბაზარზე წვდომა, ე.წ. სვოპების მეშვეობით გაზის საქართველოს ბაზარზე შემოტანა], რაც სათანადო საკანონმდებლო ცვლილებებისა და მიმწოდებელთა დაინტერესების შემთხვევაში განხორციელდება. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების, მათ შორის, ბიოგაზების წარმოების წახალისება და ქსელში ინტეგრაციის ხელშეწყობა.“
თუმცა, სემეკი ბუნებრივი გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიების აუცილებლობას „გრძელვადიან პერსპექტივაში“ განიხილავს.
„ბუნებრივი გაზის მოხმარების მაჩვენებლით ქ. თბილისი ლიდერობს, სადაც საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ჯამურად მოხმარებული ბუნებრივი გაზის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მთლიანი მოხმარების 50%-ს აღწევს. თბილისის შემდეგ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობით ასევე გამოირჩევა იმერეთის, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონები“, – წერია სემეკის ანგარიშში.
ზემოთ აღნიშნული N326 განკარგულების გარდა, მთავრობამ „ბათუმელების“ მოთხოვნის შემდეგ კიდევ ხუთი განკარგულება გაასაჯაროვა, რომლებიც ასევე ენერგეტიკას, ძირითადად ბუნებრივ გაზს ეხება.
მაგალითად, 2024 წლის მაისში, საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთი განკარგულებით, მოიწონა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის შესახებ. მაისის ეს განკარგულებაც მთავრობამ ივლისში გაასაჯაროვა.
ამ განკარგულების დანართიდან ირკვევა, რომ საქართველოში „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ რუსული გაზი [„გაზპრომისგან“] აზერბაიჯანსაც შემოაქვს. ამ საქმეში კი აზერბაიჯანულ კომპანიას ქართული „კორპორაცია“ ეხმარება.
- „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ (შემდგომში: „SOCAR“) და „სოკარ ჯორჯია გაზმა“ (საქართველოში დაფუძნებული SOCAR-ის შვილობილი კომპანია, შემდგომში: „სგგ“) „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ (შემდგომში: „კორპორაცია“) მიმართეს თხოვნით 2024 წლის იანვრიდან (ჩათვლით) 2024 წლის მარტამდე (ჩათვლით) პერიოდში რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გავლით საქართველოში ბუნებრივი გაზის გარკვეული მოცულობის შემოტანის და „სგგ“-სთვის მიწოდების საქმეში დახმარების აღმოჩენის შესახებ.
- მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, SOCAR-ს წარმოეშვა მითითებული მოცულობების შპს „გაზპრომ ექსპორტისაგან“ მიღების სახელშეკრულებო უფლება.
- ზემოთქმულთან დაკავშირებით ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად, რომლებიც ქართული მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო 2024 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა, „კორპორაციის“, SOCAR-ის და „სგგ“-ს მიერ შემუშავებული იქნა შემდეგი ორი ხელშეკრულების პროექტი…“ – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 2024 წლის N710 განკარგულების დანართში.
„მნიშვნელოვანია, რომ „გაზის შესყიდვის ხელშეკრულება“ შეიცავს სპეციალურ დანაწესს, რომლის თანახმად მხარეები აღიარებენ და თანხმდებიან, რომ: შპს „გაზპრომ ექსპორტს“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შორის გაფორმებული რიგი ხელშეკრულებების [შემდგომში: „რუსული გაზის ხელშეკრულებები“] პირობების გათვალისწინებით, „კორპორაცია“ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილი ბუნებრივი გაზის ექსკლუზიურ მყიდველს…“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულების დანართში.
- აღნიშნული განკარგულება სრულად
- მთავრობის მიერ მოწონებული საიდუმლო ხელშეკრულებები და მათი ცვლილებები
„ბათუმელების“ მიერ მთავრობისგან გამოთხოვილ ერთ-ერთ განკარგულებაში მთავრობის მიერ მოწონებულია „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და მეორე მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა რისორსიზ იუ. ეს. ელ-ელ-სი-ს“ შორის 2022 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ცვლილება №8 და „წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესახებ“ 1997 წლის ივნისში გაფორმებული ხელშეკრულების ცვლილება“.
კიდევ ერთი განკარგულებით, მთავრობის მიერ „მოწონებულ იქნა სოციალური გაზის სექტორის გაზმომარაგების თაობაზე საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმება და „ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ“ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის 2011 წლის დეკემბერში დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმება.“
ამ განკარგულებებში აღნიშნული ცვლილებებისა და შეთანხმების დეტალებიც [ასევე განკარგულებების გამოსაცემად საქართველოს მთავრობაში წარდგენილი ყველა დოკუმენტი, განმარტებითი ბარათების ჩათვლით] კომერციულ საიდუმლოებადაა მიჩნეული და მათი შინაარსი ჩვენთვის უცნობია.
მთავრობის კანცელარიამ რამდენიმე განკარგულება, რომლებიც „ბათუმელებმა“ წერილობით გამოითხოვა, არც გამოაქვეყნა და არც ასლები მოგვაწოდა.
- პრემიერმა სრული გამჭვირვალობა დააანონსა, ზოგიერთ განკარგულებას კი ამ დრომდე არ ასაჯაროებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხშირად აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა და მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას მყისიერად ასაჯაროებენ. თუმცა საქართველოს მთავრობას, კობახიძის პრემიერობის დროს მიღებული რამდენიმე განკარგულება ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.
„მას შემდეგ, რაც დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, მე გადავწყვიტე, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება იქნას გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული გარემოებების პირობებში, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ არასამთავრობოებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით“, – ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 12 აპრილს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ანალოგიური განცხადება ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 3 აპრილსაც გაავრცელა [სწორედ ამ დღეს განაცხადა „ოცნებამ“, რომ აბრუნებდა რუსულ კანონს]: „პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ჩემი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ საქართველოს მთავრობის საქმიანობის სრულ გამჭვირვალობას უკავშირდებოდა. გადავდგით პრინციპული ნაბიჯი და პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას მყისიერად ვასაჯაროებთ.“
„მთავრობის გამჭვირვალობა“ კი კობახიძემ 2024 წლის 12 თებერვალს დააანონსა და განაცხადა, რომ „გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობა ყველასთვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს“.
სწორედ 12 თებერვლიდან დაიწყო მთავრობამ თავისივე განკარგულებების გამოქვეყნება [აღსანიშნავია, რომ მთავრობა 2020 წლის 26 სექტემბრის შემდეგ აღარ აქვეყნებდა საკუთარ განკარგულებებს ოფიციალურ ვებგვერდზე].
12 თებერვალს, ერთ-ერთი პირველი განკარგულება, რომელიც აიტვირთა მთავრობის ვებგვერდზე 181-ე ნომრით იყო. შემდეგი განკარგულებები ნუმერაციის დაცვით ქვეყნდებოდა და დღევანდელი მდგომარეობით, ბოლოს გამოქვეყნებულია N1049 განკარგულება.
„ბათუმელებმა“ ყველა განკარგულება გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ მთავრობა ზოგიერთ გადაწყვეტილებას „დროულად“ არ ასაჯაროებდა, ანუ მთავრობის გვერდზე არ აქვეყნებდა, ზოგიერთი კი, დღემდე არ არის გამოქვეყნებული.
ჩვენი გადამოწმებით, მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე 2024 წლის 18 ივლისის მდგომარეობით არ იყო გამოქვეყნებული მთავრობის შემდეგი განკარგულებები: N267, N326, N327, N353, N361, N425, N591, N710, N748, N879, N923, N986 და N987.
[ინფორმაციისთვის: აღნიშნული განკარგულებები მთავრობამ 2024 წლის 29 თებერვლიდან 12 ივლისამდე პერიოდში მიიღო, ვინაიდან N266 განკარგულება 29 თებერვლით თარიღდება, N988 განკარგულება კი – 11 ივლისით. შესაბამისად, პრემიერის განცხადება, რომ ყველა განკარგულებას დაუყოვნებლივ აქვეყნებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც აღვნიშნეთ, 18 ივლისს ეს განკარგულებები არ იყო გამოქვეყნებული მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე].
„ბათუმელებმა“ აღნიშნული განკარგულებებისა და ამ განკარგულებების განმარტებითი ბარათების ასლები მთავრობის ადმინისტრაციიდან წერილობით, ოფიციალურად გამოითხოვა. ასევე ვითხოვდით განმარტებას, თუ რატომ არ იყო ატვირთული მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ზემოთ აღნიშნული განკარგულებები.
„რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2024 წლის N326; N327; N353; N710; N748; N923 განკარგულებებს, აღნიშნული განკარგულებები განთავსებულია და შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო ამ განკარგულებათა განმარტებითი ბარათები წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას“, – მოგვწერეს მთავრობის კანცელარიიდან 25 ივლისს.
აღნიშნული განკარგულებები [რომლებიც ბუნებრივ გაზს ეხებოდა და ზემოთ განვიხილეთ] მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე „ბათუმელების“ წერილის შემდეგ, ანუ 18 ივლისის მერე არის დამატებული.
ამის საილუსტრაციოდ ნახეთ ვებგვერდის 18 ივლისის და 25 ივლისის სქრინები, სადაც განკარგულებების ნუმერაციას თუ დააკვირდებით აშკარად ჩანს, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი განკარგულებები ვებგვერდზე მოგვიანებით არის დამატებული:
მთავრობა მალავს ვის შეუმცირა გადასახადები
რაც შეეხება განკარგულებებს, რომლებიც მთავრობას არც დღემდე გამოუქვეყნებია და არც ჩვენთვის მოუწოდებია.
„გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის N267; N361; N425; N591; N879; N986; N987 განკარგულებები შეეხება გადასახადის გადამხდელებთან გაფორმებულ საგადასახადო შეთანხმებებს, რომლებიც შეიცავენ გადასახადის გადამხდელთა შესახებ ინფორმაციას, რაც წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის 275 დადგენილებით დამტკიცებული „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების წესის“ პირველი მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მათზე ვრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მოთხოვნები.“ – მოგვწერეს მთავრობის ადმინისტრაციიდან 2024 წლის 25 ივლისს.
აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეთანხმება ფორმდება შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს [იურიდიულ პირს] შორის, ამ პირის საგადასახადო დავალიანების ან ამ დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით; ასევე, მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით. ასეთ შეთანხმებას საბოლოოდ მთავრობა ამტკიცებს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა მალავს იმ პირების ვინაობას, რომლებსაც შეუმცირა დავალიანების, ან ბიუჯეტში გადასახდელი ჯარიმა/საურავის თანხა.
„ზოგადად, ამ ტიპის განკარგულებები [„საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“] მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხია. საგადასახადო შეთანხმება წარმოადგენს იმ ფორმას, რომლითაც ხდება საგამონაკლისო წესითა და პირობებით ამა თუ იმ კომპანიასთან/ორგანიზაციასთან საგადასახადო ურთიერთობის დარეგულირება [ე.წ. საგადასახადო შეღავათები].
ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილებითაც, რამდენჯერაც მოგვითხოვია ეს ინფორმაცია. მთავრობას ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი აქვს – საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლზე მითითებით ამბობს, რომ ინფორმაცია მიეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას და არ გასცემს, მათ შორის, ამ კომპანიების/ორგანიზაციების სახელწოდებებს [რაც, მედიას მნიშვნელოვან ინფორმაციას მისცემდა, ვის უდგენს საქართველოს მთავრობა ამ ტიპის შეღავათებს, მათგან რამდენია მმართველი პარტიის შემომწირველი, ან რა ტიპის აფილაცია აქვთ და ა.შ.]“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნიკა ბოლქვაძე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ [IDFI] იურისტი.
რაც შეეხება მთავრობის სამართლებრივ პოზიციას, იურისტის განმარტებით, მას რამდენიმე განზომილებით აქვს სამართლებრივი პრობლემა: პირველი და უმთავრესი არის ის, რომ თავად კოდექსის 39-ე მუხლი ადგენს გამონაკლისებს იმ ინფორმაციაზე, რომელიც არ მიეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. კერძოდ, ასეთი ინფორმაციაა მაგალითად: გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ; სტატუსი; სახელწოდება; სამართლებრივი ფორმა; მისამართი და ა.შ.
„აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მთლიანად ტექსტის [განკარგულების] არგაცემა და „საგადასახადო საიდუმლოების“ წესების გავრცელება ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც კანონით არ განეკუთვნება ამ საიდუმლოებას [არამედ პირდაპირ ამორიცხულია საიდუმლო ინფორმაციის ნუსხიდან], არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო, როგორც მინიმუმ, კოდექსის 39-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაცია გაეცა, ანუ განკარგულების ის ნაწილი, სადაც არის საგადასახადო შეთანხმების მეორე მხარეს მყოფი ორგანიზაციების დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომრები, ხელმძღვანელები და ა.შ. ხოლო თავად შეთანხმების პირობები [ანუ რა მოცულობით გადასახადის თაობაზე დაუწესა შეღავათი ან/და რა ტიპის გადასახადები „ჩამოაწერა“], ეგ ნაწილი არ გაეცა. შესაბამისად, ეს გადაწყვეტა კანონიდან გამომდინარე იქნებოდა ყველაზე ცალსახა და სწორი“, – ამბობს ნიკა ბოლქვაძე.
თუმცა, იურისტის პოზიციით, ამ განკარგულებების მთლიანი ტექსტი უნდა ექვემდებარებოდეს გაცემას [მათ შორის ის ინფორმაციაც, რომელიც 39-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის მიღმაა], რადგან „საგადასახადო საიდუმლოება“ არ არის აბსოლუტურად დაცული სიკეთე.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით „ა[ა]იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი [ახლანდელი მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი] არ მოითხოვს, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, სრულად დახურული უნდა იყოს.
პირიქით, ამავე კონსტიტუციურ დებულებაში მითითებულია ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობაზე – კანონით დადგენილ შემთხვევებში, როდესაც ეს აუცილებელია „სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.
საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სტანდარტით, ის ინფორმაცია, რომელიც თუნდაც კანონით დადგენილი წესით მიჩნეული იყოს „პირის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან“ [მათ შორის, ე.წ. „საგადასახადო საიდუმლოება“] დაკავშირებულ ინფორმაციად, არ სარგებლობს აბსოლუტური დაცვით და თითოეულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს მისი გაცემის აღმატებული ლეგიტიმური ინტერესი.
ჩვენს ორგანიზაციას აქვს მიმდინარე დავა ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. თუ საერთო სასამართლოები, მათ შორის, უზენაესი სასამართლო „საგადასახადო საიდუმლოების“ დაცვასთან დაკავშირებით არ ამოიკითხავს იმ შინაარსს, რაც ზემოთ აღვწერეთ და იტყვის, რომ რაც საგადასახადო საიდუმლოებას მიეკუთვნება ბლანკეტურად შეზღუდულია და დაცულია ნებისმიერ შემთხვევაში [რაც არ უნდა უპირატესი საზოგადოებრივი ინტერესი იყოს მეორე მხარეს], მერე უკვე შეიძლება თავად „საგადასახადო საიდუმლოების“ დამდგენი კანონის ნორმების კონსტიტუციურობაზე დავაც კი საკონსტიტუციო სასამართლოში [მაგრამ ეს შორეული პერსპექტივაა ამ ეტაპზე და, მათ შორის, დამოკიდებულია ამ მიმდინარე დავაში რა შედეგი დადგება ჩვენს საქმეში].“ – ამბობს ნიკა ბოლქვაძე.
„ბათუმელებმა“ მთავრობის ადმინისტრაციიდან წერილი 25 ივლისს მიიღო. 26 ივლისის მდგომარეობით კი, ვიდრე ეს სტატია მზადდებოდა, საქართველოს მთავრობამ კიდევ 2 განკარგულება დამალა.
ამჯერად მთავრობის ვებგვერდზე 2024 წლის 24 ივლისის N1044 და N1047 განკარგულებები არ არის გამოქვეყნებული: