საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს.
„მიდით არჩევნებზე, ნურაფრის გიშინიათ. საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი იყოს გადაწყვეტილი თქვენი ხმით. ნურავინ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია ხვალინდელი საქართველო როგორი იქნება.
მადლობა ყველას, ვინც დღეს რიგში დგას იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის რეგიონში და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქ არის ჩაწერილი. რაც არ უნდა სირთულეები იყოს, ტრანსპორტი არ იყოს, რაც არ უნდა სირთულეები იყოს, თქვენ მაინც მიდიხართ და თქვენ ხმას მისცემთ საქართველოს.
მადლობა ჩვენს მოქალაქეებს დიასპორაში, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ მათი ხმა ისმოდეს და მათი ხმა გაისმება ხვალ.
მადლობა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩართული არიან, ჩანან და ხვალაც მისცემენ ხმა იმ პარტიას, რომელიც აირჩიეს.
ვერავინ ვერ ნახავს, ვის მიეცით თქვენ ხმა და ხვალ ამის გამო, ვერავინ დაგსჯით. არანაირი რევანში არ იქნება არცერთი მხრიდან, ეს არის ჩემი, როგორც ყველას პრეზიდენტის დაპირება“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ხვალ, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია.
აჭარაში, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება.
მოსახლეობის დიდი ნაწილი, ამ არჩევნებს რეფერენდუმის მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ არჩევნების შედეგები განსაზღვრავს საქართველოს სამომავლო კურსს თუ ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირში.





