საქართველოს მთავრობა კერძო პირებზე პირდაპირი წესით ყიდის ან იჯარით გასცემს სახელმწიფო ქონებას, მაგრამ ხშირად ამ პირების ვინაობას უკანონოდ მალავს. შესაბამის განკარგულებებს [სადაც სახელმწიფო ქონების მიმღების ვინაობა დამალულია], რომლებსაც მთავრობა ასაჯაროებს, ხელს პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.
ირაკლი კობახიძე პრემიერობის დასაწყისში აცხადებდა და შემდეგაც არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება და ისინი სრულიად გამჭვირვალეა.
მთავრობას „გამჭვირვალობაზე“ აპელირება სჭირდება რუსული კანონის კონტექსტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობოებისა და დამოუკიდებელი მედიის გასაქრობად მიიღო. მთავრობა ამ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანებისგან განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას ითხოვს, მაგალითად ისეთსაც კი, როგორიცაა სქესობრივი ცხოვრება ან რელიგიური აღმსარებლობა, მაგრამ თავად მალავს ყველაფერს, რაც საჯაროა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი.
„ბათუმელებმა“ 3 თვის წინაც დაწერა, რომ მთავრობა არათუ განკარგულების ტექსტში მალავს სახელებს, არამედ თვითონ განკარგულებებსაც კი მალავს და მათ არ აქვეყნებს. ნაწილი განკარგულებებისა მთავრობამ ჩვენი წერილობითი მოთხოვნის შემდეგ გაასაჯაროვა, ნაწილი კი დღემდე არ გამოუქვეყნებია და მოთხოვნის მიუხედავად არც ჩვენთვის მოუწოდებია
ამჯერად ისეთ განკარგულებებზე შევჩერდებით, რომლებსაც მთავრობა აქვეყნებს, მაგრამ განკარგულების ტექსტში წაშლილია და არ ჩანს იმ კერძო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების სახელები, რომლებსაც სახელმწიფო ქონებას გადასცემს.
მთავრობის განკარგულების ასე არასრულად გამოქვეყნება კი, კანონდარღვევაა.
„მთავრობის რეგლამენტის მიხედვით, განკარგულებების ტექსტი სრულად უნდა გამოქვეყნდეს, თუ საგამონაკლისო შემთხვევა არ არის სახეზე და [სახელმწიფო] საიდუმლო ინფორმაციასთან არ გვაქვს საქმე. ზოგადად, განკარგულებებში საჯაროობას აქვს უპირატესობა. ნებისმიერ შემთხვევაში, შემსყიდველი პირების ზოგადი, a priori დაფარვა არ არის შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება იურიდიულ პირებს – როცა ბიზნესს სახელმწიფო ქონება გადაეცემა და მას კონკრეტული პირობები უწესდება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნიკა ბოლქვაძე – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] იურისტი.
მაგალითად, მთავრობამ 2024 წლის 22 აგვისტოს განკარგულებით ჩხოროწყუში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის სამი ნაკვეთი [ჯამში 2 254 კვადრატული მეტრი] და მასზე განთავსებული მშენებარე ნაგებობა პირდაპირი მიყიდვით, 41 800 ლარად, საკუთრებაში გადასცა კერძო პირს/კომპანიას, თუმცა გამოქვეყნებულ განკარგულებაში მთავრობამ დამალა ვის მიჰყიდა ეს ქონება.
მომავალ მესაკუთრეს კი, რომელიც მთავრობამ ინკოგნიტოდ დატოვა, გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ 100 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელებაც დაავალა.
კიდევ ერთი, 2024 წლის 9 ოქტომბრის განკარგულებით, მთავრობამ სახელმწიფო ქონება კერძო პირს პირდაპირი წესით სენაკის სოფელ ნოქალაქევში მიჰყიდა და მისი ვინაობა ამ შემთხვევაშიც დამალა. ამავე განკარგულებით იგივე პირს მთავრობამ 49 წლით დამატებით მიწის ოთხი ნაკვეთი იჯარით გადასცა.
„ამ საკითხთან დაკავშირებით იმის თქმა შეიძლება, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული ინფორმაცია განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც პრივატიზაცია ხდება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ან უსასყიდლოდ [სიმბოლურ ფასად].
მთავრობის განკარგულებით, ქონების ამ ფორმით გადაცემა ხდება საგამონაკლისო შემთხვევებში, რომლებსაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს და მათ მიმართ განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი.
ინფორმაციის საჯაროობას აქ უფრო მომეტებული ღირებულება იმიტომ გააჩნია, რომ მთავრობის განკარგულებით გამარტივებული წესით [პირდაპირი მიყიდვით] ხდება სახელმწიფო ქონების გადაცემა და ბევრ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია კონკრეტული საპრივატიზებო პირობების, ანუ ვალდებულებების შესრულებასთან, რაც შემდგომში უნდა გაკონტროლდეს“, – ამბობს ნიკა ბოლქვაძე.
იურისტის თქმით, 2024 წლის თებერვლიდან განახლდა მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება, თუმცა წინა წლების განკარგულებები კვლავ არ არის ხელმისაწვდომი და ახლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, სრულად არ დევს მთავრობის ვებგვერდზე.
„განკარგულებების ხელმისაწვდომობა, ზოგადად პრობლემური საკითხია. საგულისხმოა ის, რომ სწორედ სახელმწიფო ქონების დაკავშირებული განკარგულებების გაცემა არ ხდებოდა და დღესაც არ ხდება…
არ გვაწვდიან იმ კომპანიების/ფიზიკური პირების სიას, რომლებსაც პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცათ სახელმწიფო ქონება, აგრეთვე არ გვაწვდიან ამ საპრივატიზებო ხელშეკრულებებს, მათ პირობებს, თუკი რაიმე შეიცვალა ამ პირობებში, სახელმწიფომ ხომ არ გადაუვადა ვალდებულების შესრულება და ა.შ. ეს ყველა ინფორმაცია არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და კანონის მიხედვით უნდა ექვემდებარებოდეს საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ხელმისაწვდომობა არ არის უზრუნველყოფილი“, – ამბობს ნიკა ბოლქვაძე.
მთავრობა დღეს აქვეყნებს ისეთ განკარგულებებსაც, რომლითაც კერძო პირებთან დადებულ ხელშეკრულებებში ცვლილებები შეაქვს, თუმცა ვინ არიან ეს პირები – გამოქვეყნებულ განკარგულებებში მთავრობა მალავს. მალავს იმ პირების ვინაობასაც, რომლებსაც სახელმწიფო ქონებას უცვლის. ასეთი უკანონო და უშინაარსო ფორმით განკარგულებების გამოქვეყნებას კი, მთავრობა საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობად აფასებს
ხელშეკრულებებში ცვლილება ძირითადად კერძო სუბიექტების მიერ ნაკისრი ვალდებულებების გადავადებას და სხვადასხვა შეღავათს ეხება, რომელსაც მას მთავრობა უწესებს. ასეთ ცვლილებებს მთავრობა კერძო სუბიექტისთვის „საქმიანობის ხელშეწყობის ღონისძიებას“ არქმევს. ასეთი ცვლილებების გარეშე ამ სუბიექტებს ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის ან პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრებოდათ, ან უფრო მეტი – ვალდებულების დროული შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულება შეუწყდებოდათ.
მაგალითად, ერთ-ერთ პირს, რომელსაც მთავრობა განკარგულებაში მალავს, 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2025 წლის 30 მაისამდე გადაუვადეს, ყოველგვარი დამატებითი პირობის გარეშე
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ მთავრობა ორმაგი სტანდარტით მუშაობს, ანუ ზოგჯერ განკარგულებებს ისე აქვეყნებს, რომ არ მალავს კერძო პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში რა ცვლილება შეიტანა.
ამ თემაზე: ივანიშვილის კომპანია განმუხურში ვალდებულებებს აღარ შეასრულებს – კობახიძის განკარგულება
რაც შეეხება ქონების გადაცვლას – მაგალითად, მთავრობის 2024 წლის 7 ოქტომბრის განკარგულებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, სოფელ ტაბახმელაში მდებარე 50 948 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცეს კერძო პირს [თუ ვის, ამას მთავრობა მალავს], ოღონდ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარე მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსთვის გადმოცემის სანაცვლოდ.
ანუ, სახელმწიფო კერძო პირს ქონებას უცვლის.
ამასთან, ამავე განკარგულებით პირი, რომელსაც მთავრობა მალავს, ვალდებულია უძრავი ნივთების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობა – 4 584 645 ლარი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში დაფაროს:
მთავრობა იმ კომპანიების სახელსაც მალავს, რომლებსაც მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს ანიჭებს. ასეთი სტატუსის მქონე საწარმოები კი მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობენ.
მთავრობა, მის მიერვე გასაჯაროებულ განკარგულებებში მალავს, თუ ვის გადასცემს იჯარით საძოვრებს, მიწის ნაკვეთებს, ასევე რომელ ფიზიკურ პირებს გადასცემს ბინებსა და მიწებს.
მთავრობამ 2024 წლის 20 მაისის განკარგულებით, დმანისში, მარნეულში, თეთრიწყაროში, ნინოწმინდასა და დედოფლისწყაროში 19 პირზე სამი წლით, ჯამში 18,5 მილიონი კვადრატული მეტრი [ანუ 1 854 ჰექტარი] საძოვარი გასცა იჯარით. საძოვრები მოიჯარეებს წლიური საიჯარო ქირის გადახდის სანაცვლოდ გადაეცათ, თუმცა მთავრობამ დამალა ვის გადასცა ეს საძოვრები.
„რაც შეეხება ფიზიკური პირების შემთხვევას, აქ, შეიძლება პერსონალურ მონაცემებზე აპელირებით იყოს კონკრეტული შემსყიდველი პირების მონაცემები დაფარული, მაგრამ, თითოეულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს საჯაროობისა და პერსონალური მონაცემების დაცულობის ფარგლები, რომელმა უნდა გადაწონოს თითოეულ შემთხვევაში.
განკარგულებით მოსაწესრიგებელი საკითხების ბუნების გათვალისწინებთ, საჯაროობას უპირატესობა უნდა მიენიჭოს უმრავლეს შემთხვევაში. მეტიც, მაგალითად იხილეთ ეს განკარგულება, აქ სწორედ ფიზიკური პირებისთვის [ამ შემთხვევაში, დევნილებისთვის] გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით არის მიღებული განკარგულება 2016 წელს და ამ განკარგულებაში არც ერთი ფიზიკური პირის მონაცემი არ არის დაფარული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნიკა ბოლქვაძე.
ათეულობით დევნილ ოჯახს ბინა მთავრობამ მიმდინარე წელსაც გადასცა, თუმცა მთავრობის განკარგულებაში ბინის მიმღები პირების ვინაობები დამალულია. მაგალითად, 2024 წლის 8 აპრილის განკარგულებით დევნილებს ბინები გადაეცათ როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ბინები კი უსასყიდლოდ შემდეგი ძირითადი პირობებით გადაეცათ:
- „ფიზიკური პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ ან ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა ამავე დანართით გათვალისწინებული უძრავი ნივთისა;
- ფიზიკურ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მოითხოვონ სახელმწიფოსაგან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისაგან ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ნივთის საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა“, – აღნიშნულია მთავრობის 2024 წლის 8 აპრილის განკარგულებაში.
მთავრობის 2024 წლის პირველი აგვისტოს განკარგულებით სამი ბინა ბათუმშიც გაიცა სიმბოლურ 1 ლარად, ოღონდ თანადაფინანსებით – ადლიის ქუჩის 112 ნომერში.
ბათუმში, ადლიის ქუჩის N112-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულებულიყო და პოლიციელებს ბინებიც უნდა მიეღოთ, თუმცა ეს ბინები 2023 წლის მაისში არ იყო დასრულებული.
აქედან გამომდინარე ბინები აქ დიდი ალბათობით პოლიციელებს გადაეცათ, თუმცა კონკრეტულად ვის – ეს მთავრობის მიერ გასაჯაროებული განკარგულების დანართში დამალულია:
„შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის ვადაში, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული პირების მიერ ამავე დანართით გათვალისწინებული შესაბამისი ბინის მშენებლობის ღირებულების 60%-ის 45 518 ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად, სს „ლიბერთი ბანკთან“ შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმება საბანკო კრედიტის გაცემის მიზნით ან/და შესაბამისი თანხის განთავსება ამავე ბანკში არსებულ საკუთარ ანგარიშ(ებ)ზე.“ – წერია მთავრობის 2024 წლის პირველი აგვისტოს განკარგულებაში.
მთავრობას დღემდე არ გამოუქვეყნებია 2024 წლის N267; N361; N425; N591; N879; N986; N987 განკარგულებები და ისინი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად არც „ბათუმელებს“ მიაწოდა. ჩვენი წერილის შემდეგ კი მთავრობამ კიდევ შვიდი განკარგულება დამალა: NN: 1044, 1047, 1209, 1210, 1314, 1315 და 1499.
________________________________________________________
რა ინფორმაციებს და განკარგულებებს მალავს მთავრობა ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:
საქართველოს მთავრობა რუსულ გაზს ყიდულობს, მაგრამ ხელშეკრულებებს ასაიდუმლოებს