მთავარი,სიახლეები

როგორ დავიცვა ჩემი ხმა? – „უბნებზეც დავრჩეთ, ეს იქნება სტიმული“

25.10.2024
როგორ დავიცვა ჩემი ხმა? – „უბნებზეც დავრჩეთ, ეს იქნება სტიმული“

„ამომრჩევლის საარჩევნო უბნებთან დარჩენა ნიშნავს იმის ჩვენებას, რომ ჩვენ, მოქალაქეები, არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, მით უმეტეს ხმების, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედს, ჩვენი შვილების მომავალს წყვეტს,“ – ამბობს გენო თებიძე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში.

პოლიტიკოსს ვესაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამომრჩევლების საარჩევნო უბანთან დარჩენა მას შემდეგ, როცა ისინი არჩევანს გააკეთებენ? არის ეს ხმის დაცვის ეფექტური საშუალება ამომრჩევლის მხრიდან?

გენო თებიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პროდასავლურ კოალიციას ყველა უბანზე ეყოლება კომისიის წევრები და დამკვირვებლები, თუმცა თავად ამომრჩევლის ჩართულობა ხმების დაცვის პროცესში და იმის ჩვენება, რომ „მე ჩემს ხმას ვიცავ“ და შინ არ მივდივარ, ყველაზე ეფექტურია.

„ვიცით, რომ „ოცნება“ ყველა სიტუაციაში შეეცდება ეს პროცესი სათავისოდ გამოიყენოს. რომ შევანელოთ ეს და გაყალბების სურვილი მოვუკლათ, საჭიროა თითოეული ამომრჩევლის მხარდაჭერა ამ პროცესში.

„ოცნებას“ ისევ ეყოლებათ ყველა უბანზე თავისი „ქუჩის ბიჭები“, სპეცსამსახურის ადამიანები, ისინი ადგილზე ეცდებიან ამომრჩევლების დათანხმებას, გადაბირებას, შეშინებას… მე ვეტყოდი ამომრჩეველს, რომ შესაძლოა, მათ გარეთ თავი დაუქნიონ ამ ადამიანებს, არ შევიდნენ პოლემიკაში, რაც მთავარია, საარჩევნო კაბინაში ვერავინ ხედავს, რა არჩევანს გააკეთებენ ისინი.

გენო თებიძე

ამომრჩევლის დარჩენა საარჩევნო უბანზე იქნება სტიმული ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საარჩევნო კომისიებში მუშაობენ, ვგულისხმობ, პირველ რიგში, პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ისინი არ შეშინდნენ და მყარად იდგნენ შიგნით ხმების დასაცავად. ეს იქნება გზავნილი ზოგადად კომისიისთვისაც, რომ ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ხმებს და გაყალბებას არ დავუშვებთ,“ – გვითხრა გენო თებიძემ.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ხმების დაცვა დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, თუ საარჩევნო უბნებთან იქნებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც და იქვე დარჩებიან ოპოზიციის მხარდამჭერებიც?

„ჩვენ ვიქნებით ყველა უბანთან მშვიდად და თუ ვინმე ეცდება სიტუაციის არევას, ამას წინ აღვუდგებით, არ მივცემთ უფლებას ხელისუფლებას, კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, ვიღაც ძველმა ბიჭებმა, თუ რუსეთიდან გადმოგდებულმა ივანიშვილმა დაგვახიოს თავზე.

მინდა, პირველ რიგში, ამომრჩეველი მშვიდად იყოს: ყველა უბანზე ჩვენ გვყავს გადამზადებული, პროფესიონალი ადამიანები, პატრიოტიზმით გამორჩეული ხალხი, მაგრამ საჭიროა მაქსიმალური აქტიურობა. ყველა ვაცნობიერებთ, რომ ეს არის არა რიგითი არჩევნები, არამედ ბრძოლა დასავლურ, ცივილურ სამყაროსა და რუსულ სამყაროს შორის. როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია.

„ოცნება“ ცდილობს, დაშინებით, მოსყიდვით მიიყვანოს ამომრჩეველი, ჩვენ კი, ვალდებული ვართ, დავუპირისპიროთ ამას ჯანსაღი ამომრჩევლის ძალა, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს ბედს“, – ამბობს გენო თებიძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: