ავტორი: ნათია კაპანაძე
____
„არ მეგულება ემიგრანტი, ვინც არ ნატრობს საქართველოში დაბრუნებას. ჩვენ, ემიგრანტები ამისთვის ვიბრძვით და ვშრომობთ. 26 ოქტომბერს უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე“, – თქვა ნიუ იორკში, თბილისობის საღამოზე გამოსვლისას, მუსიკოსმა თამრიკო დავითაშვილმა.
მეგობრებთან ერთად თბილისობა პირველად 2005 წელს ჩაატარა ნიუ იორკში და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, Wall Street-ზე პირველად აღმართა ქართული დროშა. 2009 წლიდან კი მისმა კომპანიამ STVR წამოიწყო დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონიალი „ქართველები ამერიკაში“.
მას შემდეგ, წელიწადში ერთხელ ქართული კულტურას ამერიკელ მეგობრებს აცნობენ და წარმატებულ ქართველებს აჯილდოებენ. ქართველების ღონისძიებას ნიუ იორკის მერი და სენატორების წარმომადგენლებიც კი ესწებიან ხოლმე.
- ქალბატონო თამრიკო, თქვენ რატომ წამოხვედით საცხოვრებლად ამერიკაში?
26 წელია ამერიკაში ვცხოვრობ. სამშობლო შიმშილის გამო არ დამიტოვებია. სხვა მიზეზი მქონდა – როგორც ხელოვანი საქართველოში გამანადგურეს. იმ დროში პროგრესული ადამიანები არ უყვარდათ, ფაქტობრივად დაბლოკილი ვიყავი ყველგან.
ამერიკამ კი უამრავი შესაძლებლობა მომცა. აქ შრომა ფასობს. წლების განმავლობაში სხვადასხვა შტატში ვმართავდი კონცერტებს, დარბაზები სულ ივსებოდა. მე ქართულად ვმღეროდი, თუმცა ჩემი მსმენელი ძირითადად რუსულ ენოვანი ხალხი იყო.
2008 წელს, როცა რუსეთმა ჩვენი ტერიტორიები მიიტაცა და ომი დაიწყო, შევწყვიტე კონცერტები. არ შემეძლო მემღერა რუსებისთვის. იყო ძალიან დიდი შემოთავაზებები, 50-60 და 70 ათას დოლარიან პროექტებზე ვთქვი უარი. ამის შემდეგ მე და ჩემმა მეგობრებმა დავაფუძნეთ კომპანია „ქართველები ამერიკაში“. მას შემდეგ, ერთი დღე არ მიცხოვრია ჩემ ქვეყანაზე ფიქრის გარეშე.
იცით, მე საქართველოში სულ ინგლისურ ენაზე ვმღეროდი, ამერიკაში რომ ჩამოვედი, შემდეგ დავიწყე სიმღერა ქართულად. ემიგრაციაში უფრო გავაანალიზე, რამდენად ძლიერ მყვარებია ჩემი ქვეყანა. ჩემი ქვეყნის ისტორია. ჩვენ ხელისუფლებას კი უნდა ჩვენი ქვეყნის ისტორია წაშალოს.
ჩვენი ისტორიული არჩევანია ევროპა. ისტორიის გადაწერის უფლებას არავის არ მივცემთ.
- თქვენთვის რას ნიშნავს ევროპა?
ევროპა ჩემთვის თავისუფლებაა. თავისუფლების გარეშე არ არსებობს არც ერთი სიკეთე დედამიწაზე. ვისაც სურს ღირსეული მომავალი, კარგი განათლება და ჯანდაცვის სისტემა, თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო, ღირსეული სამუშაო და ღირსეული სიბერე, უნდა აირჩიოს ევროპა.
ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მალე გავხდეთ ევროკავშირის წევრები. 26 ოქტომბრის არჩევნები არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ქართველმა ხალხმა ამ ბრძოლაში უნდა გაიმარჯვოს.
მჯერა, ერთად გავიმარჯვებთ!
ევროპა ჩემთვის ერის გადარჩენის და უნიკალურობის შენარჩუნების შანსია. ჩვენი ენა და კულტურა მხოლოდ ასე გადარჩება. ამერიკაში ქართული სკოლებია, კულტურის ცენტრები – აქ ყველა ვცდილობთ უფრო პოპულარული გახდეს ქართველი ხალხის შექმნილი სიკეთეები.
ჩვენს ერთ-ერთ ღონისძიებას ნიუ იორკის მერი ესწრებოდა, თითქმის ორი საათი იჯდა დარბაზში, ქართულ ენაზე მიმყავდა შეხვედრა, მერს კი თარჯიმანი ჰყავდა, ღონისძიების დასრულებამდე დარბაზიდან არ გასულა.
ჩვენ გავაცანით ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ექიმები, პროფესორები, სტუდენტები. უფრო ხელშესახები რომ გამხდარიყო რა დიდი სიკეთის მოტანა შეგვიძლია ქართველებს დემოკრატიულ გარემოში, კარგი და საიმედო პარტნიორების დახმარებით.
ნიუ იორკის მერის ამ არცთუ უმნიშვნელო ჟესტითაც შემიძლია ვთქვა, ამერიკა და ევროპა აფასებს და პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას.
ამჟამად, როცა ჩვენი საზოგადოება განაგრძობს პროგრესისკენ სწრაფვას, როგორ შეიძლება ხელისუფლებამ უარი თქვას ამ ღირებულ სიკეთეებზე? ჩვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო პარტნიორებთან და როგორ გამოვიყენებთ მათ მიერ გაწვდილ ხელს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი კულტურა და შევქმნათ უკეთესი მომავალი.
საქართველო ევროპის ნაწილია ისტორიულად, ჩვენი ვალდებულებაა არჩევნებზე წავიდეთ და ჩვენი წინაპრების მონაპოვარი დავიცვათ, ჩვენ შვილებს ევროპაში ცხოვრების შესაძლებლობას ვერავინ წაართმევს, ამის უფლებას ქართველი ხალხი არავის მისცემს. ეს არჩევნები ბრძოლაა, ჩვენ უნდა ვიომოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
მჯერა, ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ.