ავტორი: ნათია როყვა
__
ნიკა კეპულაძეს საჯარო სამსახურებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. გურიის რეგიონში სააღსრულებლო ბიუროს ხელმძღვანელობდა.
„ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამერიკაში საცხოვრებლად დევნისა და შანტაჟის გამო 2013 წელს წამოვიდა. იქამდე კი 2 წელი იმერეთის სატრანსპორტო დეპარტამენტის უფროსადაც მუშაობდა.
ნიკა კეპულაძეს ტაქსების კომპანია აქვს და საქართველოდან ჩასულ ემიგრანტებს დასაქმებაში ეხმარება.
ყოფილი საჯარო მოხელე ახლა აქტიურად არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში. მან ასობით ადამიანი დაარეგისტრირა ნიუ იორკში, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
- ნიკა, რატომ ვირჩევთ ევროპას?
პირველ რიგში, ევროპა ჩვენი უსაფრთხოების შანსია. ევროპა კეთილდღეობაა, ადამიანების ნორმალურად ცხოვრების გარანტია. ევროკავშირის წევრი როცა გახდება საქართველო, გვექნება ცხოვრების ყველა ის სტანდარტი და სიკეთეები, რაც აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ქვეყანა არ დაიცლება ადამიანებისგან.
ახლა საქართველოდან მილიონ ორასი ათასი ადამიანი ემიგრაციაშია წასული სამუშაოდ. სამუშაო პირობების სტანდარტები, ხელფასი და შემდეგ პენსია იქნება ადეკვატური, როცა ჩვენ ვიქნებით ევროკავშირის წევრი.
იტალიელები, ფრანგები, გერმანელები, ევროპასა და ამერიკაში საპენსიო ასაკში ტკბებიან თავიანთი ცხოვრებით, მოგზაურობენ. ჩვენთან, საქართველოში გაჭირვებაში ცხოვრობენ, 70 წლის ადამიანები ვაჭრობენ ყინვაში, ღია ცის ქვეშ, ყვავილებს ყიდიან.
პენსიონერ ადამიანებს წამლის ფული არ აქვთ, საჭმლის ყიდვასაც ვერ ახერხებენ. თუ ადამიანი განვითარებულია, მან იცის, რას ნიშნავს ევროპის სიკეთეები და რას ნიშნავს ყოფილ საბჭოთა სივრცეში ჩარჩენა.
ამ გაუსაძლისი გაჭირვებიდან გამოსასვლელად, ჩვენ 26 ოქტომბერს რეფერენდუმი გვაქვს. დიდი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ვირჩევთ ევროპას, ჩვენ მივდივართ ევროპაში.
- თქვენ როგორ ემზადებით არჩევნებისთვის, ნიუ იორკში, ადამიანების აქტიურობა როგორია წინასაარჩევნოდ?
მე ათი წელია ვცხოვრობ ამერიკაში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დავტოვე ქვეყანა. მეც დამიწყეს პოლიტიკური დევნა. იყო მუქარა და შანტაჟი. სამსახურიდან გამათავისუფლეს.
ამ ათი წლის განმავლობაში მესამე არჩევნებში ვმონაწილეობ და არასოდეს არ მახსოვს ასეთი აქტიურობა. უამრავი ადამიანი დავარეგისტრირე, ასეთი აქტიური მოქალაქეები არც ერთ არჩევნებში არ მახსენდება. ისეთი ხალხი დავარეგისტრირე, არასოდეს რომ არ არიან ნამყოფები არჩევნებში.
ნიუ იორკში ხმას „ოცნებას“ ალბათ მარტო მათი კომისიის წევრები მისცემენ. ჩვენ, ამერიკაში მცხოვრები ქართველები, ვირჩევთ ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს. „ქართულ ოცნებას“ ნიუ იორკში გამარჯვების შანსი არ აქვს.
მილიონზე მეტი ადამიანი ემიგრაციაშია, მარტო ჩვენი ოჯახის წევრებია საკმარისი იმისთვის, რომ ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის, არჩევნებს ვერ გააყალბებენ. თუ გააყალბეს, იმდენს მაინც ვერ მოახერხებენ, რომ 50 პროცენტიანი ბარიერი გადალახონ.
რეალურად „ოცნებას“ ახლა მხარს უჭერს ამომრჩევლის 25%. მაქსიმუმ მოიპარონ 8-10%-ი, მეტს ვერ გაბედავენ, ვერც მოახერხებენ.
ჩვენ არანაირი კვლევა არ გვჭირდება, ჩვენ მაჯაზე გვიდევს ხელი და ვიცით, როგორ ფეთქავს საქართველო, რას ვირჩევთ საქართველოს მოქალაქეები. თუ „ოცნებამ“ გააყალბა, ამას ადამიანების ძალიან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება.
მე, პირადად, ეს არ მინდა, არავის არ უნდა რევოლუცია, ჩვენ გვინდა მშვიდობიან გარემოში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება. თუ „ოცნებას“ არ უნდა რუსული კანონის მიღების შემდეგ, მათი სახელი ისტორიას დარჩეს მხოლოდ მოღალატე, უნდა გადააბარონ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით.
- თქვენი აზრით, ვინ არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები?
ძირითადად ის ადამიანებია, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჰქონდათ წყენები. რა თქმა უნდა, არც ისინი იყვნენ ფრთიანი ანგელოზები. იყო შეცდომები.
დანარჩენებს აშინებენ ომის დაწყებით. ამ ადამიანებს აქვთ ნაკლები ინფორმაცია. ასევე, ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 80%, სხვა პარტიების ამომრჩევლებისგან დაბალი ინტელექტით გამოირჩევიან.
- თქვენი ინფორმაციით, როგორი წინასაარჩევნო გარემოა, მაგალითად, თქვენ სოფელში?
წყალტუბოში, ჩემ სოფელში ოფშკვითში და სხვა სოფლებში (გეგუთი, ტყაჩირი, საყულია) ბოლო სამ თვეში 100 ადამიანი დაასაქმეს. ადამიანებს ხელფასებს ურიგებენ 300-400 ლარს. დაახლოებით 80 ადამიანი ჰყავთ სასაფლაოს ყარაულად გაფორმებული. 300 ლარს უხდიან. ბაბუაჩემს საფლავში არ სჭირდება მაგათი ყარაულობა, მაგრამ ასე ყიდულობენ ადამიანებს.
დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს (სოფლები, საიდანაც მე ინფორმაცია მომდის ესაა ოფშკვითი, გეგუთი, ტყაჩირი, საყულია და ასევე ქალაქი ქუთაისი), რომ პასპორტები ჩამოართვეს ადამიანებს, იმიტომ რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლონ.
ჩემი ინფორმაციით, ამ პროცესში ჩართული არიან სკოლის დირექტორები, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და წევრები.
- რატომ ართმევენ პირადობის მოწმობებს?
თუ ადამიანს არ ენდობიან და ფიქრობენ, რომ არ არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, ცდილობენ არ მივიდეს ასეთი ადამიანი არჩევნებზე ხმის მისაცემად. ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით ფაქტობრივად უზღუდავენ ხმის მიცემის შესაძლებლობას. სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებზე უფრო ახდენენ გავლენას.
მამუკა მდინარაძე სოფელ-სოფელ დადის. არათუ ჩემ სოფელში, მის სოფელშიც არ მოუკითხავს არავინ ბოლო ათი წელია, ეგენი საოკუპაციო ხაზთან არ არიან ნამყოფები. ისე უჭირთ დედაქალაქში და დიდ ქალაქში, ახლა სოფლებში ცდილობენ გაყალბებას, მოსყიდვას.
მშვიდობა რომ გვინდა, ამიტომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე, ავირჩიოთ ევროპა და გავხდეთ ევროკავშირის წევრი.