განათლება,მთავარი,სიახლეები

ბავშვებს აღელვებთ, როგორ იკლო შემოსავლებმა მათ ოჯახებში – პედაგოგი მოსწავლეებზე

17.11.2021 • 3384
ბავშვებს აღელვებთ, როგორ იკლო შემოსავლებმა მათ ოჯახებში – პედაგოგი მოსწავლეებზე

როგორ აისახა პანდემია ბავშვებზე და როგორ რეაგირებენ მოზარდები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებზე. ამ თემაზე „ბათუმელები“ მესტიაში, სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ესაუბრა. ეკა წულუკიძე  მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრიცაა.

  • ქალბატონო ეკა, პირველ რიგში მინდა გკითხოთ პანდემიის გავლენებზე, როგორ აისახა თქვენს სოფელზე და სკოლაზე?

ჩვენ მცირეკონტინგენტიანი სოფლის სკოლა ვართ, 25 მოსწავლე გვყავს. თუმცა პანდემია ისევე აისახა ჩვენზეც, როგორც ბევრ სკოლაზე. როცა პირველად ჩაიკეტა ყველაფერი და ონლაინზე გადავედით, რთული იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის – არ გვქონდა ონლაინ მუშაობის გამოცდილება.

არ გვქონდა ინტერნეტი, ყველა ბავშვს არ მიუწვდებოდა ხელი ტექნიკაზე და ძალიან რთულ სიტუაციაში მოგვიწია მუშაობა. ხელით ვწერდი დავალებებს და ისე ვუგზავნიდი მოსწავლეებს. ჩაკეტილობამ, რა თქმა უნდა, არათანაბარ პირობებში ჩააყენა მოსწავლეები, რადგან ვიღაც ახერხებდა ონლაინზე შემოსვლას, ვიღაც ვერა. ამ ჩაკეტილობის შემდეგ ვერ მოვახერხეთ რემედიაცია, რადგან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო.

  • მაგალითად, რა ფაქტორები იყო?

თუნდაც ის, რომ შემცირებული იყო გაკვეთილების ხანგრძლივობა, ამას დაემატა დასვენებებიც და ასე შემდეგ.

როცა იმ წლის სასკოლო პროგრამაც გასავლელი გაქვს, უკვე გავლილის ხელმეორედ გავლისთვის დრო ნაკლებად გრჩება. რა თქმა უნდა, გვქონდა მცდელობები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრა.

ამასთან, რაღაც არასტაბილურობის განცდაც აქვთ ბავშვებს წელსაც. შარშან ჩვენს სოფელში არ იყო ვირუსი, მაგრამ წელს ორჯერ მოგვიწია ჩაკეტვა. ახლახან ვიყავით ონლაინსწავლებაზე და მუდმივად გვეშინია, რომ შეიძლება ისევ მოგვიწიოს დისტანციურზე გადასვლა. მუდმივად ვჩქარობთ, რომ მოვასწროთ პროგრამის გავლა. ფსიქოლოგიურად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოქმედებს ბავშვებზე.

წელს შევამჩნიე ის, რომ ბავშვები უფრო მოდუნდნენ. ქალაქისგან განსხვავებით სოფლის ბავშვებს სოციალიზაციის პრობლემა ნაკლებად აქვთ, მაგრამ ზოგადად, მაინც მოდუნებული არიან.

  • წელს პანდემიას და მისგან წარმოშობილ პრობლემებს პოლიტიკური კრიზისიც დაემატა. დღეს არსებული პოლიტიკური რყევები თუ ახდებს გავლენას ბავშვების განწყობაზე?

ვფიქრობ, სოფელში ნაკლებად, რადგან მოზარდები ტელევიზორს ნაკლებად უყურებენ, ბავშვები კი ჯერ ბოლომდე ვერ იაზრებენ რა ხდება. თუმცა, შესაძლოა ამდენი დაძაბულობა დროთა განმავლობაში აღიბეჭდოს მათ ფსიქიკაზეც. ეს პროცესები ჩვენთვის, უფროსებისთვის უფრო რთულია.

  • ის, რომ ადამიანის უფლებები ძალიან ხშირად ირღვევა ქვეყანაში, ამაზე არ საუბრობთ ხოლმე უფროსკლასელებთან?

კი, რა თქმა უნდა ვსაუბრობთ, მაგრამ რაღაცნაირად, ჩვენზე ამყარებენ ისევ იმედს ბავშვები და ფიქრობენ, რომ ჩვენ ვიპოვით ამ ყველაფრისგან გამოსავალს.

მათი შიშები სოციალურ პრობლემებს უფრო უკავშირდება. აღელვებთ თუნდაც ის, როგორ გაიყინა და გაჩერდა ყველაფერი, როგორ იკლო ეკონომიკურმა შემოსავლებმა ოჯახებში. ცხადია, ისინი დარდობენ იმაზე, რომ შეიძლება ეს ყველაფერი მათ მომავალზე აისახოს.

აღელვებთ უმუშევრობა, პროფესიის სწორად შერჩევა ადარდებთ, რადგან შეიძლება ისეთი პროფესია აირჩიონ, რაც მომავალში პურს ვერ აჭმევთ. ძიების პროცესში არიან.

უკვირთ, რატომ შეიძლება ჩვენი სახელმწიფო მუდმივად იყოს გაჭირვებული, ბევრმა სახელმწიფომ დაძლია კრიზისი და ჩვენ რატომ ვერ ვაკეთებთ. საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, რადგან არ შეიძლება ამხელა რესურსების მქონე ქვეყანა მუდმივად ხელგაშვერილი იყოს – აი, ეს კითხვები უჩნდებათ.

  • თქვენი პასუხები როგორია ამ კითხვებზე?

მე ვეუბნები, რომ, პირველ რიგში, საკუთარ პროფესიაზე დაფიქრდნენ, რომ ამ ყველაფერში სამომავლოდ მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დაფიქრდნენ თუნდაც პროფესიულ განათლებაზე, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადი გახდა ბოლო პერიოდში. მეწარმეობაზე დაიწყონ ფიქრი, რომ სხვას კი არ უნდა ელოდონ მუდმივად, არამედ თვითონ უნდა შექმნან რაღაც.

ხშირად ვამბობ, რომ არ უნდა იყვნენ დამოკიდებული „სიღარიბის პროგრამაზე“, რომელიც მე, პირადად, ძალიან მაღიზიანებს, რადგან ადამიანებს არ აძლევს განვითარების საშუალებას.

მესმის, რომ ბევრი ოჯახისთვის ეს პროგრამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგალითად მარტოხელა, დაუძლურებული ადამიანებისთვის, მაგრამ ბევრისთვის დამაბრკოლებელიც ხდება. აღარ ეძებენ სამუშაოს. თუმცა სამუშაო ადგილები სახელმწიფომ უნდა შექმნას, აქეთკენ უნდა მიმართოს რესურსები, ერთი ქარხანა მაინც გახსნას, რომ ადამიანები დასაქმდნენ. დოვლათიც შეიქმნება, სახელმწიფოც მოგებული იქნება და ოჯახებიც. ახლა კი ამ მიზერულ შემწეობებზეა ხალხი დამოკიდებული. როცა სამუშაო ადგილებს არ ქმნის სახელმწიფო, ადვილია მისცე შემწეობა და ასე დაიმშვიდო სინდისი. ამით არც სიღარიბე დაიძლევა და არც ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება.

  • პროფესიული განათლება ახსენეთ, მიუწვდებათ სოფლის ბავშვებს პროფესიულ სასწავლებლებზე ხელი?

ვფიქრობ, ყველაფერი აქედან უნდა დავიწყოთ. განათლებაში სწორად უნდა გადანაწილდეს თანხები, რადგან ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა თუნდაც მასწავლებლების გადამზადებაზე, მაგრამ ჩვენ მაინც იგივე პრობლემებში ვტრიალებთ. მაინც ბევრ მასწავლებელს ემუქრება სისტემიდან გასვლა და ვერ ამზადებს დღეს სკოლა მოსწავლეებს ცხოვრებისთვის.

პროფესიულ განათლებაზე რომ აქცენტი კეთდება ეს კარგია, ჩვენს რეგიონშიც არის კარგი პროფსასწავლებელი, მნიშვნელოვანი პროგრამებით, თუმცა ახალგაზრდებს არ მიუწვდებათ ხელი, რადგან სასწავლებელს არ აქვს კამპუსი, სადაც სოფლებიდან წამოსული ახალგაზრდები დარჩებიან. ჩვენი ხეობა ძალიან განფენილია და ვიწრო, არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. სოფლიდან სასწავლებელში რომ ჩამოხვიდე და უკან დაბრუნდე, სულ ცოტა 80 ლარი გიჯდება.

მოზარდი სხვაგან ვერ დარჩება. გამოდის, მხოლოდ დაბაში და მიმდებარე სოფლებში ვინც ცხოვრობს, მხოლოდ მათთვისაა ეს ხელმისაწვდომი.

წელს მეც ჩავაბარე პროფესიულში, სამკერვალო საქმე უნდა ვისწავლო, რადგან პანდემიაში თეთრეულის კერვა შემომესწავლა და მინდა პროფესიონალურად დავეუფლო. თანაც მეწარმეობის პროგრამა მაქვს სოფლის ქალებისთვის და სკოლაშიც ვასწავლი.

მე დევნილი ვარ და შესაძლოა რაღაც მიზერული თანხით დამაფინანსოს დევნილთა სამინისტრომ გადაადგილება, მაგრამ შეღავათები არ ვრცელდება ბავშვებზე, არც სოციალურად დაუცველებზე. როგორ უნდა იარონ კოლეჯში?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: