მთავარი,სიახლეები

ანტიკორუფციულს „ოცნებამ“ ბათუმში 4 ოფისის გახსნაზე აცნობა, რეალურად კი ბევრად მეტი ოფისი აქვს

23.10.2024 •
ანტიკორუფციულს „ოცნებამ“ ბათუმში 4 ოფისის გახსნაზე აცნობა, რეალურად კი ბევრად მეტი ოფისი აქვს

„ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე საარჩევნო კამპანიისთვის, 27 აგვისტოდან 8 ოქტომბრამდე, ჯამში, 13 მილიონ 372 ათასი ლარი დახარჯა, საიდანაც 8 მილიონ 334 ათასი ლარი მხოლოდ რეკლამაშია გადახდილი. მმართველ პარტიას მისივე ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ამ დროისთვის 51 მილიონი ლარის ვალიც აქვს.

ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენილი ბოლო ანგარიშის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ბათუმში წინასაარჩევნოდ 4 ოფისი აქვს აღებული იჯარით. თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, პარტიას ბათუმში აქვს სხვა საარჩევნო ოფისებიც/შტაბებიც, რომელთა მონაცემები ფინანსურ ანგარიშში შეტანილი არ აქვს, თუმცა ვალდებული იყო შეეტანა.

მაგალითად, ლერმონტოვის ქუჩაზე, მემედ აბაშიძის გამზირზე, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე, მელიქიშვილის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩაზე მოქმედი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბები პარტიას ფინანსურ ანგარიშებში არ აქვს შეტანილი. არ არის გამორიცხული მსგავსი დაურეგისტრირებელი ოფისები „ოცნებას“ ქალაქის სხვა უბნებშიც ჰქონდეს.

27 აგვისტოდან 8 ოქტომბრამდე პერიოდის ფინანსური ანგარიშები „ოცნებამ“ ბიუროში ორჯერ წარადგინა. 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის მორიგი ფინანსური ანგარიში კი პარტიამ ბიუროს 29 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს.

პარტიების მიერ წარდგენილი „საფინანსო ანგარიშების სისრულის, სისწორისა და კანონიერების“ შემოწმება ანტიკორუფციული ბიუროს ვალდებულებაა. ბიუროში აცხადებენ, რომ ასეთი შემოწმება უკვე მიმდინარეობს.

„ოცნების“ საარჩევნო შტაბი ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, რომელიც პარტიის ანგარიშებში არ ჩანს

დღემდე წარდგენილი ორი ანგარიშის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ უძრავი ქონების რეესტრში ბათუმში იჯარით აღებული 4 ოფისი აქვს შეტანილი:

  • ლადო ასათიანისა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში [121,64 კვ.მ, 6 თვით, თვეში 1 500 ლარად]
  • ფრიდონ ხალვაშის გამზირზე [172,33 კვ.მ, 6 თვით, თვეში 1 250 ლარად]
  • ჭავჭავაძის ქუჩაზე [411,57 კვ.მ, 2,5 თვით, თვეში 13 492 ლარად]
  • რუსთაველისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში [ 369,84 კვ.მ, 2,5 თვით, თვეში 6 042 ლარად]

„ქართულ ოცნებას“ 2024 წლის 27 აგვისტოდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების იჯარის ფაქტობრივი ხარჯი ჯამში 570 ათას 615 ლარი აქვს მითითებული, საიდანაც ამავე პერიოდში გადახდილი აქვს 553 ათას 845 ლარი.

„ოცნების“ საარჩევნო შტაბი ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, რომელიც პარტიის ანგარიშებში არ ჩანს

ის შენობები თუ ფართობები, სადაც პარტიის ოფისებია და რომლებიც „ოცნებას“ უძრავი ქონების რეესტრში შეტანილი არ აქვს, არც „შემოწირულებების და საწევრო შენატანების“ ჩამონათვალშია [თუ ქონება პარტიას უსასყიდლოდ დაუთმეს, ის ამ ჩამონათვალში უნდა იყოს.]

„ოცნების“ საარჩევნო შტაბი ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, რომელიც პარტიის ანგარიშებში არ ჩანს

ასეთ ჩამონათვალში „ოცნებას“ მხოლოდ 2 ქონება აქვს მითითებული და ორთავე საბერძნეთშია:

  • ქ. ათენი, ველარა #3, 61,61 კვ.მ, სარგებლობა 30 დღე, უსასყიდლოდ
  • ქ. სალონიკი, ფილიპპუ #35, 67 კვ.მ, სარგებლობა 28 დღე, უსასყიდლოდ

თუმცა, იგივე ფართობები, „ოცნებას“ იჯარით აღებული ქონების ჩამონათვალშიც აქვს შეტანილი:

ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენილი ანგარიშების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 27 აგვისტოდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში სულ 13 მილიონ 372 ათასი ლარი დახარჯა საარჩევნო კამპანიისთვის. აქედან 8 მილიონ 334 ათასი ლარი მხოლოდ რეკლამაში.

„ოცნების“ საარჩევნო შტაბი ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, რომელიც პარტიის ანგარიშებში არ ჩანს

„ქართულ ოცნებას“ ამ დროისთვის ვალიც აქვს, ჯამში 51,2 მილიონი ლარი, საიდანაც 49,9 მილიონი ლარი თბილისში, გორგასლის 20-ში მდებარე ოფისის შეძენის ფასია.

„ოცნებას“, საჯარო რეესტრის მიხედვით, უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება შპს „ნიუ ოფისთან“ 2024 წლის 15 ივლისს გაუფორმებია. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე დღეს კი „ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია სწორედ ამ ახალი ოფისის გახსნით დაიწყო.

„ნიუ ოფისის“ დირექტორი დავით ანდღულაძე „ქართული ოცნების“ შემწირველია. მან 2021-2024 წლებში „ოცნებას“ ჯამში 170 ათასი ლარი შესწირა.

პარტიის ფინანსურ ანგარიშში აღნიშნული ქონების ღირებულებად 49 921 050 ლარია მითითებული. ამავე ანგარიშის მიხედვით, „ოცნებას“ თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია და ის მთლიანად ვალდებულების ნაშთში აქვს შეტანილი.

აქვე აღსანიშნავია, რომ არაფინანსური აქტივების შეძენისათვის გადახდილი თანხების მუხლში „ოცნებას“ შენობა-ნაგებობების შეძენის თანხა ჯამში 1 355 425 ლარი აქვს მითითებული როგორც ხარჯი, თუმცა ამ ანგარიშებიდან არ ირკვევა კონკრეტულად რა შენობა-ნაგებობები შეიძინა პარტიამ ამ ფულით.

„ოცნების“ საარჩევნო შტაბი ბათუმში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, რომელიც პარტიის ანგარიშებში არ ჩანს

ვალდებულებების გრაფაში „ოცნებას“ 2012 წლიდან 2024 წლის 8 ოქტომბრამდე მიღებული სხვადასხვა მომსახურებისთვის გადასახდელი თანხებიც აქვს მითითებული. ანუ, ის თანხა, რომელიც ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე „ოცნებას“ ამ დრომდე არ გადაუხდია. მათ შორის ისეთ მომსახურებებზე, როგორიცაა: „სიების დაზუსტება“, „კოორდინატორის მომსახურება“, „ბუშტები, მაისურები“, „დისკების მოწოდება“, „სილიკონის სამაჯურები“, „სასცენო აპარატურით მომსახურება“, „ოფისის იჯარა“, „ავტოტექმომსახურება“ და სხვა:

„ქართული ოცნების“ ვალდებულებების რეესტრი – პარტიის ფინანსური ანგარიშიდან

„ქართული ოცნების“ ვალდებულებების რეესტრი – პარტიის ფინანსური ანგარიშიდან

„ქართულმა ოცნებამ“ პარტიის ფინანსური ანგარიშების მიხედვით, 27 აგვისტოდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში 6 491 678 ლარი შემოსავალი მიიღო, ძირითადად კერძო პირების შემოწირულებებით, ხოლო 428 ათას 335 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებაა.

„ოცნების“ საარჩევნო შტაბი [პარტიული ატრიბუტიკის გარეშე] ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, რომელიც პარტიის ანგარიშებში არ ჩანს

და ბოლოს, ანტიკორუფციული ბიუროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის გვერდზე მითითებულია, რომ საარჩევნო კამპანიის [2024 წლის 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის] ფინანსური ანგარიშები გამოქვეყნებულია 11 ოქტომბერს, თუმცა ეს ანგარიშები სინამდვილეში 16 ოქტომბრამდე არ იყო ატვირთული ბიუროს შესაბამის გვერდზე.

___

ამავე თემაზე:

ფარულად მოპოვებული ფაილები „ოცნების“ ოფისიდან

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: