განათლება,მთავარი,სიახლეები

„გაოცებული ვარ, რა უნდოდათ ჩვენგან?“ – ვინ ამოიღო პედაგოგები დასაჯილდოებელთა სიიდან

22.10.2024 •
„გაოცებული ვარ, რა უნდოდათ ჩვენგან?“ – ვინ ამოიღო პედაგოგები დასაჯილდოებელთა სიიდან

მესტიის რესურსცენტრმა ადგილობრივი მასწავლებლები დააჯილდოვა. ღონისძიებისთვის თანხა სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყო.

დასაჯილდოებელ პირთა სიაში იყვნენ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ წლევანდელი და 2017 წლის კონკურსის ფინალისტები – სოფიო ქუხილავა და ეკატერინე წულუკიძე. თუმცა, დაჯილდოების დღეს აღმოჩნდა, რომ ორგანიზატორებმა წარდგენილი მასწავლებლები ისე ამოიღეს სიიდან, რომ ამის თაობაზე არც სკოლის დირექტორებს აცნობეს და არც კონკურსანტებს.

სოფიო ქუხილავასა და ეკატერინე წულუკიძის გარდა ორგანიზატორებმა სიიდან კიდევ ხუთი მასწავლებელი ამოიღეს და მათივე სკოლის დირექტორებით ან სხვა კოლეგებით ჩაანაცვლეს.

ეკატერინე წულუკიძე სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, ასევე ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს სკოლაში ახალგაზრდებისთვის, აქტიურად არის ჩართული არაფორმალურ განათლებაში და არც კრიტიკული აზრის გამოხატვას ერიდება.

ამიტომ მას ვკითხეთ, როგორ მოხვდა ამ სიაში და შემდეგ რა მიზეზით ამოიღო ის რესურსცენტრმა სიიდან?

„რესურსცენტრის ხელმძღვანელმა სკოლებს დაავალა შეერჩიათ ადგილზე ორი კანდიდატი, ვისაც წარადგენდნენ მასწავლებლის ჯილდოზე. ასევე ყველა სკოლას ღონისძიებაზე უნდა წამოეყვანა ათი მასწავლებელი.

დაჯილდოება 20 ოქტომბერს ჩაინიშნა.

მოითხოვეს ჩვენი პირადი საქმეები, სერტიფიკატები, დიპლომები, ყველაფერი გადაეგზავნათ. ღონისძიების დღეს, როდესაც კანდიდატები სცენაზე აჰყავდათ და დაასახელეს წვირმის საჯარო სკოლა, საიდანაც წარდგენილი იყო „ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტი სოფიო ქუხილავა, მოულოდნელად არა სოფოს, არამედ სხვისი გვარი გამოაცხადეს.

დავურეკე სოფოს და ვკითხე, თუ იყო დარბაზში და რა მოხდა-მეთქი. ისიც გაკვირვებული იყო, წარმოდგენა არ მაქვსო. მივხვდი, რომ მომდევნო მე ვიქნებოდი და ასეც მოხდა. არც ჩემი გვარი ამოიკითხეს და ჩემ ნაცვლად ჩემი სკოლის დირექტორი გულო ვიბლიანი წარადგინეს.

ხომ წარმოგიდგენიათ იქ დირექტორს რა დაემართებოდა? ეს იყო დიდი სიურპრიზი, ჩვენთვისაც და იმ ხალხისთვისაც, ვისითაც ჩვენ ჩაგვანაცვლეს“, – ამბობს ეკატერინე წულუკიძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, ეს იყო იმ პედაგოგების დისკრიმინაცია, რომლებიც გაფრთხილების გარეშე სიიდან ამოიღეს.

„პირდაპირი დისკრიმინაციაა ჩემი, როგორც მოქალაქეობრივი ან პოლიტიკური ნიშნით, რადგან მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ ჩემ სამოქალაქო აქტივიზმს, სხვა დანარჩენს გამოვრიცხავ. თქვენ წარმოიდგინეთ, 24 სკოლის ყველა წარდგენილი მასწავლებელი ავიდა სცენაზე და მხოლოდ 6-7 მასწავლებელს მოექცნენ ასე“, – ამბობს ეკა.

რა თქვა დირექტორმა, რა რეაქცია ჰქონდა ამ ყველაფერზე? – ვკითხეთ ეკა წულუკიძეს.

მისი თქმით, ამ ფაქტის გამო დირექტორიც აღელდა.

„დირექტორიც აღელდა, ცუდად გახდა უხერხულობისგან. მისთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა არც ერთ დირექტორს ამაზე არ გამოუხატავს საჯარო პროტესტი.  შეიძლებოდა, მოეკრიბათ ძალა, დაეძლიათ შიში და იქვე დაეცვათ თავიანთი მასწავლებლები, პირველ რიგში, თავიანთი ავტორიტეტი და პრესტიჟი“, – ამბობს ეკა.

მისი აზრით, ბევრად ღირსეული იქნებოდა, სხვის ნაცვლად დაჯილდოებულ პედაგოგებს უარი ეთქვათ ამ ჯილდოზე, „ან უბრალოდ ის მაინც ეთქვათ, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა.

დღეს მე შემეხო ეს უსამართლობა, ხვალ სხვას შეეხება. მე დღეს მარტო ჩემთვის კი არ ვიბრძვი, არამედ ყველა მასწავლებლის სახელით. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, როგორი დამონებულია სისტემის მიერ სკოლები, რადგან ვერავინ გაბედა ხმის ამოღება. ამოკნავლებაც კი ვერ გაბედეს, რომ ეთქვათ, ეს რა გაუგებრობა და უსამართლობა არისო.

მესამე დღეა ვაკვირდები ამ ამბავს და სოლიდარობის გამოხატვაც კი გაუჭირდათ ადგილობრივ კოლეგებს, შიშის გამო ალბათ“, – ამბობს ეკა.

მისი აზრით, ამ ამბით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს განათლების სამინისტრო და მოახდინოს რეაგირება, „რომ სხვა დროს ვერავინ გაბედოს მასწავლებლების ასე აბუჩად აგდება“.

მან განათლების მინისტრს წერილობითაც მიმართა და რეაგირება მოითხოვა.

„მინდა პასუხი გამცენ იმაზე, თუ რატომ განხორციელდა 6 მასწავლებლის დისკრიმინაცია.

ჩემი ინიციატივით ხომ არ მიმიღია მონაწილეობა ჯილდოზე? სკოლამ წარმადგინა. თუ სხვა სკოლის წარდგენილი კანდიდატები არ ჩაანაცვლეს, რა დააშავა ჩვენმა სკოლამ“, – ამბობს ეკატერინე წულუკიძე.

მესტიის მერიის და რესურსცენტრის მიერ დაჯილდოებული პედაგოგები.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ პედაგოგს, ნაზი იოსელიანს ესაუბრა, რომელიც მულახის საჯარო სკოლიდან იყო წარდგენილი და რესურსცენტრმა ისიც ასევე ამოიღო დასაჯილდოებელი მასწავლებლების სიიდან.

მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვარ აფილირებული, ამიტომ არ ვიცი რა მოხდა. თუმცა არ ვარ ხელწამოსაკრავი მასწავლებელი ნამდვილად, ღვაწლმოსილი პედაგოგი ვარ.

საერთოდ არ მინდოდა ამ ჯილდოზე წარდგენა და უარიც კი ვუთხარი დირექციას, მაგრამ მაინც წარმადგინა დირექტორმა.

მივედი დაჯილდოებაზე, მაგრამ ჩემ ნაცვლად სხვა პედაგოგი დაასახელეს. ის სხვაც არ ელოდა და მოულოდნელობისგან გაშეშდა. არც დირექტორი იყო საქმის კურსში.

მე ვერ ვხვდები რას დავაბრალო, ჩემი გვარი არ მოეწონათ, სახელი  თუ დამსახურებები?“ – ამბობს ნაზი იოსელიანი.

მისი თქმით, მან სცენაზე ასვლა და თავისი პოზიციის დაფიქსირებაც სცადა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. „არაფრით არ მომცეს მიკროფონი. ეს ჩემი შეურაცხყოფა არ არის?

65 წლის პედაგოგი, რომელსაც შენიშვნაც კი არ მიმიღია ისე ვიმუშავე სკოლაში, ასე შემარცხვინეს. გაოცებული ვარ, რა უნდოდათ ჩემგან?“ – ამბობს ნაზი იოსელიანი.

მისი თქმით, სისტემა არა მარტო მას მოექცა უხეშად, არამედ ყველა იმ პედაგოგს, ვისაც სხვისი ჯილდო გადასცეს.

„იმ შვიდი პედაგოგის შემცვლელებიც ხომ დაიხოცნენ სირცხვილისგან, მოკვდნენ. „ეს ჩემი არ არის“ – ამბობდნენ და არ გადიოდნენ სცენაზე, სანამ მესამედ არ დაუძახეს. ღირდა ამდენი პედაგოგის შერცხვენა?

არ ვიცი რატომ ეწინააღმდეგება ეს მთავრობა საქართველოს წინსვლას, მის მომავალს, რატომ არ უნდათ, რომ ღირსეული ხალხი ჰყავდეთ სკოლებში.

ჩემი ჯილდო რა არის იცით? მთელი მულახი რომ მიცნობს და ყველა ჩემს მოსწავლეს რომ ვიცნობ, ვინც ამ 37 წლის განმავლობაში მყოლია. ეს არის ჩემი პრიზი“, – ამბობს ნაზი იოსელიანი.

„ბათუმელები“ მესტიის რესურსცენტრის ხელმძღვანელს, მარიამ ჯაფარიძესაც დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა მიზეზით ამოიღეს სიიდან სკოლების მიერ წარდგენილი კანდიდატები. ჯაფარიძემ ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.

„ამაზე კომენტარს არ ვაკეთებთ“, – გვითხრა მარიამ ჯაფარიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: