არჩევნები,მთავარი,სიახლეები

აჭარაში 26 ოქტომბერს ორი არჩევნები ჩატარდება – როგორ ბიულეტენს მიიღებს ამომრჩეველი

14.09.2024
აჭარაში 26 ოქტომბერს ორი არჩევნები ჩატარდება – როგორ ბიულეტენს მიიღებს ამომრჩეველი

26 ოქტომბერს აჭარაში საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც. შესაბამისად, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში [ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო] ამომრჩევლები განსხვავებულ ბიულეტენებს მიიღებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ინფორმაციით, აჭარაში ამომრჩევლებს, საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად სასურველი პარტიებისთვის ხმის მიცემა ერთ ბიულეტენზე შეეძლებათ.

ბიულეტენზე ცალკე სვეტში იქნება პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების ჩამონათვალი [სავარაუდოდ მწვანე ფერში], ხოლო მის გვერდით იმ პარტიების ჩამონათვალი [ყვითელ ფერში], რომლებიც უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობენ.

იმიტირებული არჩევნები ბათუმში / 11.09. 2024

ამომრჩეველმა თითოეულ სვეტში მხოლოდ ერთი, მისთვის სასურველი პარტიის გასწვრივ არსებული წრე უნდა გააფერადოს სპეციალური კალმით, რომელიც ხმის მიცემის კაბინაში დახვდება [ანუ, პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან ირჩევს მხოლოდ ერთს და აფერადებს წრეს, ხოლო უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიებიდანაც ირჩევს მხოლოდ ერთს და აფერადებს შესაბამის წრეს].

გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ სვეტში თითო წრეზე მეტის გაფერადების შემთხვევაში ბიულეტენი გაბათილდება.

ბიულეტენი გაბათილდება ასევე თუ არსებულ წრეს გაფერადების ნაცვლად, შემოხაზავთ, ხაზს გაუსვამთ და სხვა. ბიულეტენი გაბათილდება იმ შემთხვევაშიც, თუ არცერთი წრე არ იქნება გაფერადებული, ან თუ ყველა ან რამდენიმე სუბიექტი იქნება გადახაზული.

ცესკოს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აჭარის ოლქებში ბიულეტენების მოსათავსებელი ყუთები ისეა დაპროგრამებული, რომ ერთი ბიულეტენით ხმის მიცემისას ცალკე ითვლის პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ცალკე ითვლის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს.

შესაბამისად, აპარატი ცალ-ცალკე დაითვლის ბათილ ბიულეტენებსაც [მაგალითად, თუ აჭარაში ამომრჩეველი ბიულეტენზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში შემოხაზავს ერთ კანდიდატს, ხოლო მის გვერდით სვეტში არცერთს, ან ყველას გადახაზავს, ან არასწორად მონიშნავს, ამ შემთხვევაში სპეციალური მოწყობილობა ბიულეტენზე დააფიქსირებს საქართველოს პარლამენტში ასარჩევად კანდიდატისთვის მიცემულ ხმას, ხოლო უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში ბიულეტენს ჩათვლის ბათილად].

„ასეთი პრინციპით მოწყობილობები მხოლოდ აჭარაში იქნება დაპროგრამებული, ვინაიდან პარალელური არჩევნებიც ტარდება და საქართველოს სხვა ოლქებში ამის საჭიროება არ არის. რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს, აპარატი ისეა დაპროგრამებული, რომ ხმის მიცემის დასრულების შემდეგ შედეგები ამოიბეჭდება ცალკე პარლამენტის და ცალკე უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის“, – გვითხრეს ცესკოში.

აქვე აღსანიშნავია, რომ პროცედურა ბიულეტენების ხელით გადათვლასაც ითვალისწინებს, რაც საბოლოოდ აპარატის მიერ დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების საშუალებას იძლევა.

განახლება: ცესკომ 2024 წლის 14 სექტემბერს მიიღო დადგენილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „2024 წლის 26 ოქტომბერს ერთდროულად ორი სახის არჩევნების გამართვის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენი იყოფა ორ სვეტად და საარჩევნო ბიულეტენის:

  • ა) პირველ სვეტში შეიტანება საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემები;
  • ბ) მეორე სვეტში შეიტანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემები…“

იმიტირებული არჩევნები ბათუმში / 11.09.2024

2024 წლის 26 ოქტომბერს აჭარის საარჩევნო უბნების უმეტესობაში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება, თუმცა გამონაკლისია 66 უბანი, სადაც კენჭისყრა ძველი წესით ჩატარდება:

საარჩევნო უბნები აჭარაში, სადაც ხმის მიცემა ძველი წესით ჩატარდება

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აჭარის საარჩევნო ოლქებში, ჯამში, 312 328 ამომრჩეველია საერთო სიაში:

რამდენი ამომრჩეველია ბათუმისა და აჭარის სხვა ოლქებში – ცესკოს მონაცემები

ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანა კი, 2024 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლითაა შესაძლებელი:

როდის შეგიძლიათ საარჩევნო უბნის შეცვლა და რა დრო დაგრჩათ სიაში მონაცემების შესამოწმებლად

როგორ მივცეთ ხმა? – ნახეთ „ბათუმელების“ ლაივი საარჩევნო უბნიდან, სადაც იმიტირებული არჩევნები ჩატარდა:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: