საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის სხვა სახელწოდებით დაბრუნებას ცდილობს.
ანალოგიური კანონპროექტი, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამჯერად „უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ მონიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ჩააგდო.
„ბათუმელები“ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მოსაზრებებს აქვეყნებს რუსულ კანონთან დაკავშირებით.
„არა რუსულ კანონს!“ – ამბობს პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე [ჟან მონეს პროფესორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟან მონეს მკვლევარი, რობერტ შუმანის ცენტრი, ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი, ფლორენცია, იტალია].
„ტყუილია, ეს კანონი არ ემსახურება გამჭვირვალობას. ამ კანონის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ცალკეული თავისუფალი პირების კონტროლი.
უცხოელი პარტნიორები საქართველოს ეხმარებიან, რათა საბოლოოდ გამოვიდეს საბჭოთა, ავტორიტარული წარსულიდან და გადაიქცეს დემოკრატიულ, განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოდ.
ერთადერთი სექტორი, რომელსაც დღეს მთავრობა ვერ აკონტროლებს, არის არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. კანონის მიზანია ამ ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვა და საბოლოოდ მათზე კონტროლის დამყარება. სხვა ახსნა არ არსებობს, როცა კანონი ყოველგვარი გამონაკლისის გარდა, საქმიანობის სფეროს მიუხედავად, ყოველგვარი შეფასების გარეშე, ყველა ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, უცხოური ძალის გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს.
ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება სამართლის ელემენტარულ პრინციპებს და მხოლოდ რუსეთში მოქმედებს, სადაც, მისი მიღების შემდეგ, დამოუკიდებელი ორგანიზაციები დაიხურა და ცალკეულმა პირებმა დატოვეს ქვეყანა.
გახსოვთ, 2022 წელს მთავრობას არ სურდა განაცხადის წარდგენა, 2023 წელს ელოდა, რომ საქართველო ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, ხოლო მას შემდეგ რაც ასე არ მოხდა, პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი ევროინტეგრაციის საბოტაჟისთვის. სხვაგვარად ვერ შევაფასებ ამ მოქმედებას.
მსგავსი კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ქვეყნის ეროვნულ მიზანს და ევროკავშირის სამართალს. ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკომისიის ბოლო რეკომენდაციებს და აფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადასვლას.
თავად ევროკავშირმა გააუქმა მსგავსი კანონი უნგრეთში, სადაც მთავრობამ კონტროლი დაამყარა კრიტიკულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის ქვეყნიდან გააგდო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი.
არავინ იფიქროს, რომ იგი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ეხება. საბოლოო ჯამში, ეს კანონი შეგვეხება ყველას, როცა ქვეყანაში აღარ იარსებებს დამოუკიდებელი, მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ორგანიზაციები, მთავრობის კონტროლისგან დამოუკიდებელი დაფინანსებით საქმიანობის შესაძლებლობა. ჩვენ ამ დროს დავბრუნდებით საბჭოთა და რუსულ სახელმწიფოში.
ჩემი პერსპექტივიდან ასევე გეტყვით, რომ ეს კანონი შეგვეხება აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, ვისი კრიტიკული პოზიცია მნიშვნელოვანია ამ კანონის წინააღმდეგ. დღეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ყველაფერს მთავრობა აკონტროლებს. ამ დროს, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დაფინანსება ევროკავშირისგან. მაგალითად, „ერაზმუს +“ პროგრამა სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, რომელიც მოიცავს ასევე ჟან მონეს პროგრამებს ევროკავშირის სწავლებისა და კვლევისთვის.
ეს არის დიდი შესაძლებლობები, რაც ევროკავშირის გარეშე არ იქნებოდა. მისი წყალობით, თითქმის ყველა კვირაში მოგზაურობენ პროფესორები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ძალიან მცირე ნაწილმა გამოხატა საჯაროდ პოზიცია ამ კანონის წინააღმდეგ. „ერასმუს +“ პროგრამა რუსეთში აღარ მოქმედებს, რადგან საბოლოოდ ეს ქვეყანა მსგავსი კანონების მიღებით დიქტატურად და აგრესიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.
გსურთ რუსეთის ტიპის ქვეყანაში ვიცხოვროთ? ალბათ არა. ამიტომ შევეწინააღმდეგოთ როგორც გასული წლის მარტში. ნუ გავხდებით ჩამორჩენილი რუსეთი, ჩვენი ადგილი განვითარებულ ევროპაშია!“ – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.