დღეს, 14 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სამშენებლო სექტორისთვის შეღავათებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეკონომიკის ზრდის მიზნით სახელმწიფო სამშენებლო კომპანიებს შეღავათს სთავაზობს.
„ჩვენ ამ სიტუაციაში გვჭირდება ეკონომიკური მაჩვენებლების ამაჩქარებლები. ამიტომ გვინდა, რომ სამშენებლო სექტორს გავუკეთოთ შეთავაზება, საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით.
ძალიან ბევრ სამინისტროს აქვს დასასრულებელი პროექტები წელს. მაგალითად, დევნილებისთვის ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრია ასაშენებელი, განათლების სამინისტროს 800 კვადრატამდე აქვს ასაშენებელი ბაღები და სკოლები, პოლიციის ქალაქის მშენებლობა უნდა დავიწყოთ და სხვა პროექტებია კიდევ დასასრულებელი.
ამიტომ სამშენებლო კომპანიებს გვინდა შევთავაზოთ, რომ მათ დამატებით მოიზიდონ ფინანსები ადგილობრივ ბაზარზე, ბანკებიდან, ჩვენი გარანტიით, მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ამ მოცულობაზე და ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას. 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას ვგეგმავთ წელსვე და ვფიქრობთ, რომ მილიარდ ლარამდე შეძლებენ კომპანიები ათვისებას“- ამბობს ღარიბაშვილი.
მან მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს სთხოვა, ამ თემაზე შეხვედრები გამართოს ბიზნესსექტორთან.
ჯერ კიდევ უცნობია, დატოვა თუ არა თანამდებობა ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა თემურ ხასიამ მას შემდეგ, რაც მან გუშინ, 13 თებერვალს, ღამით, მიწისძვრისშემდეგ ფეისბუქში დაწერა: „ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს“.
თემურ ხასიას პოსტი
ამ სტატუსიდან რამდენიმე წუთის შემდეგ თემურ ხასიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. საბოლოოდ მან ბოლო პოსტები წაშალა და ფეისბუქგვერდიც გააუქმა.
დაწერა თუ არა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ თემურ ხასიამ? – „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს თემურ ხასიამ არ უპასუხა. ბათუმის სპორტული ცენტრის პრესცენტრში გვითხრეს, რომ თემურ ხასია სამსახურში დღეს არ მისულა და ფეისბუქპოსტის გარდა დამატებით არაფერი იციან.
ბათუმის მერიის პრესცენტრში ვერ გვითხრეს, დატოვა თუ არა თანამდებობა ხასიამ.
თემურ ხასია „ქართული ოცნების“ აქტივისტია. ის თანამდებობაზე ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა დანიშნაორი თვის წინ.
თემურ ხასია არჩილ ჩიქოვანთან ერთად
თემურ ხასიას, როგორც „ოცნების“ აქტივისტის შესახებ, „ბათუმელები“ 2019 წელს წერდა, როცა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელს, ხათუნა ბერიძეს პარლამენტის წევრი – ანზორ ბოლქვაძე სასტუმროს დატოვებას აიძულებდა. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანდა თემურ ხასიაც, რომელიც ასევე მოუწოდებდა ხათუნა ბერიძეს სასტუმრო დაეტოვებინა.
იმ პერიოდში თემურ ხასია ბათუმის მერიის საქალაქო და ინფრასტრუქტურის სამმართველოს მარკეტინგისა და პიარის სამსახურის თანამშრომელი იყო და „ქართული ოცნებიდან“ ხულოს მერობის კანდიდატის, ვახტანგ ბერიძის წინასაარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული.
დღეს, 14 თებერვალს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, წელსვე დაიწყება დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებში მინიმუმ 50 ათასი სოციალურად დაუცველი დასაქმდება.
„200 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქე არ მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. მათ სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ რეალიზაცია. სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება სამუშაო ადგილები, სადაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე ადამიანს შეეძლება დასაქმება.
პროგრამა დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად შევიმუშავეთ 18 წლიდან, საპენსიო ასაკამდე პირებისთვის, ვისაც მინიჭებული აქვს სოციალური სტატუსი. პირველ ეტაპზე 200 ათასამდე ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი.
პრინციპში, ჩვენ არ გვაქვს ლიმიტი და წელსვე ავალთ 50 ათასზე“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, თუ სოციალურად დაუცველი პირი უარს იტყვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სამუშაოზე, ოჯახი ხელმეორედ გადამოწმდება.
„საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას, დასაქმებულს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება შემწეობა. პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს დამატებით მიეცემა 300 ლარი. შემწეობის გაცემა გაუგრძელდებათ მაშინაც, თუ მოქალაქე არ დათანხმდება არც ერთ შეთავაზებულ სამუშაოს, თუმცა ოჯახი ხელმეორედ გადამოწმდება“ – თქვა ღარიბაშვილმა.
მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა სფეროში აპირებს სახელმწიფო სოციალურად დაუცველი პირების დასაქმებას.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით[22:44], ბიძგების სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვემო ქართლში, სოფელ სამებასთან იყო.
მიწისძვრით გამოწვეული ბიძგები დაფიქსირდა ბათუმშიც. მაღლივი კორპუსების მცხოვრებლები ამბობენ, რომ რყევები საგრძნობი იყო.
ბათუმში ბოლო პერიოდში აშენებული ნაპირდამცავი ნაგებობების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს, რის გამოც ზიანდება როგორც თავად ეს ნაგებობები, ასევე სანაპირო, რომლის ნაწილი ზღვამ უკვე მიიტაცა.
ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების მთავარი მიზეზი ისაა, რომ აღარ შეაქვთ ზღვაში ნატანი ხელოვნურად.
ბოლო სამ თვეში შტორმმა ახალ ბულვართან [ინფრასტრუქტურაზე რომ არაფერი ვთქვათ] 300 მეტრი სიგრძის სანაპირო ისე დააზიანა, რომ სასეირნო ბილიკიდან ზღვაზე ჩასვლა სპეციალური კიბის მოწყობის გარეშე უკვე ვეღარ მოხერხდება.
ნაპირდამცავი ნაგებობების აღრიცხვასა და შემდგომში მის მოვლა-პატრონობაზე – როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული – ვერ თანხმდებიან: ბათუმის მერია, გარემოს ეროვნული სააგენტო და მუნიციპალური განვითარების ფონდი. ნაგებობების მშენებლობებში მერია ჩართული არ ყოფილა, თუმცა არც აშენებულ ქონებას იბარებს.
საუბარია ჯამში 68,8 მილიონი ლარის ნაპირდამცავ ნაგებობებზე, რომელთა ნაწილს, როგორც სახელმწიფო აუდიტი აღნიშნავს, შემოწმების პერიოდისთვის ვერც კი მიაკვლიეს.
აუდიტის მიხედვით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ბალანსზე ირიცხება ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებული 13 337 285 ლარის საწყისი ღირებულების ნაპირსამაგრი ნაგებობები, რომლებიც სააგენტოს არაერთი მიმართვის მიუხედავად, ბათუმის მერიამ საკუთრებაში არ მიიღო.
აუდიტის ინფორმაციით, მერიაში აღნიშნულის მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქონება, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში ნაპირსამაგრი ნაგებობებია, მდებარეობს ზღვაში და, შესაბამისად, ვერ განიხილება, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის ქონება.
„აუდიტის ჯგუფმა მერიის წამომადგენელთან ერთად, აღნიშნული ნაგებობების შესაძლო ადგილმდებარეობები დაათვალიერა, თუმცა მდინარე ჩაქვისწყლის სანაპიროზე ნაპირსამაგრი ნაგებობის [საწყისი ღირებულება − 141 250 ლარი] გარდა, სხვა ნაგებობები ვერ იქნა აღმოჩენილი“, – აცხადებს აუდიტი.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „ჭოროხის ხიდიდან მდინარის გასწვრივ [ორივე მხარეს] ნაპირსამაგრი კედლის [საწყისი ღირებულება − 12 977 492 ლარი], მწვანე კონცხზე − ნავმისადგომთან ტალღმტვრევის [საწყისი ღირებულება − 97 543 ლარი] და ტრავერსების [საწყისი ღირებულება − 121 000 ლარი] ფაქტობრივი მდგომარეობის გარკვევის მიზნით, აუდიტის ჯგუფის და შემდეგ მერიის მოთხოვნით საჭირო იყო ადგილმდებარეობის კოორდინატების დაზუსტება, თუმცა, პასუხი გარემოს ეროვნული სააგენტოდან არ მიუღიათ, რაც არამართლზომიერი ქმედებების რისკებს წარმოშობს.“
აღნიშნული საკითხით სამართალდამცავებიც დაინტერესდებიან, ვინაიდან შესაბამისი მასალები აუდიტმა გენერალურ პროკურატურას უკვე გადაუგზავნა.
„ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სხვა დაწესებულებების დაკვეთით აშენებული 68,8 მილიონი ლარის შენობა-ნაგებობების აღრიცხვასთან დაკავშირებით, არსებული შეუთანხმებელი საკითხები უარყოფითად მოქმედებს ქონების მოვლასა და სათანადო ექსპლუატაციაზე, რამაც შესაძლოა დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვა განაპირობოს“, – აცხადებს აუდიტი.
ბათუმის მერიის საკუთრებაში ამ დრომდე არ არის გადაცემული ნაპირდამცავი ნაგებობა ახალი ბულვარიდან/პირსიდან [რომელიც ზღვამ დეკემბერში ნაწილობრივ დაანგრია] აეროპორტის ასაფრენ ზოლამდე მონაკვეთში.
აქ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საქართველოს მუნიციპალური განვითაარების ფონდმა განახორციელა პროექტი, რომლის ღირებულებამ 55,6 მილიონი ლარია – სანაპირო ზოლზე აშენდა 1750 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობა [ქვის წყობა – ბერმა], დაიგო ბულვარის ახალი საფარი, პლაჟი შეივსო ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით.
„ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ წამოიჭრა საკითხი ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პოზიციის შესაბამისად, პროექტის ფარგლებში შექმნილი ქონების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები ბათუმის მერიამ უნდა განახორციელოს, მათ შორის, სანაპირო ზოლის კვება [ინერტული მასალის შეტანა]. მერიის განმარტებით კი, შესაბამისი დახმარების გაწევის გარეშე [იგულისხმება ფინანსური და ადამიანური რესურსი, ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება] ის ვერ აიღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაზე“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
„აუდიტის მიმდინარეობისას ჩატარებული დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ნაგებობის მოვლა-შენახვა არ არის უზრუნველყოფილი, სანაპირო ზოლში არ არის შეტანილი ინერტული მასალა, რის შედეგადაც ზღვაში აღმოჩნდა სანაპიროს გარკვეული ნაწილი. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსით შექმნილი ქონება, მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურას შორის შეუთანხმებლობის გამო, შეიძლება დაზიანდეს, რაც დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული“, – აცხადებს აუდიტი.
აღნიშნული ნაგებობა შტორმის დროს უკვე ზიანდება, თუმცა პროცესის შესაჩერებლად ამ დრომდე არაფერი კეთდება.
52 მილიონად გამაგრებული ნაპირი ბათუმში, სადაც პლაჟის აღდგენას ჯერ არავინ აპირებს
ნაპირდაცვითი ღონისძიებების არჩატარების გამო ბიუჯეტიდან დამატებით ფინანსები უკვე იხარჯება – დაზიანებულ სანაპიროსთან გადარჩენილი სხვადასხვა ინვენტარის დემონტაჟში, დასაწყობებაში [შემდეგ თანხა დაიხარჯება მათ ხელახლა დამონტაჟებასა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში – დანგრეულია პირსი, ზღვმ მიიტაცა სანაპირო, სკამები, დანგრეულია სასეირნო ბილიკი, დაზიანდა გარეგანათებისა და წყლის სისტემები].
ეს 300-მეტრიან მონაკვეთში ბოლო სამი თვის ზარალია, რომლის ოდენობაც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას ამ დრომდე არ დაუთვლია.
ზღვა ნელ-ნელა ანგრევს ანალოგიურ ნაგებობას [ქვის ბერმას], რომელიც ადრე აშენდა აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ჭოროხის შესართავის მიმართულებით. ამ ნაგებობის სიგრძე 1 კილომეტრია და მის ასაგებად სულ ცოტა 5 მილიონი ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან.
ნაპირდამცავ ბერმას, რომელიც 2015 წელს აშენდა, ზღვა შლის / 12.02.2022ნაპირდამცავ ბერმას, რომელიც 2015 წელს აშენდა, ზღვა შლის / 12.02.2022ნაპირდამცავ ბერმას, რომელიც 2015 წელს აშენდა, ზღვა შლის / 12.02.2022„ახალი“ და „ძველი“ ბერმა ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ / 12.02.2022
[crosslist]
ბათუმის პლაჟები საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებული იყო მდინარე ჭოროხის მიერ ზღვაში ჩატანილი ნატანით. გასულ საუკუნეში მდინარის კალაპოტის შეცვლამ ნატანის რაოდენობა შეამცირა – დელტაში თავმოყრილი ნატანის ძირითადი მასა ზღვაში არსებულ ღრმა კანიონში იკარგება;
ამას დაემატა მდინარე ჭოროხზე კაშხლების მშენებლობა თურქეთში, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა ნატანის რაოდენობა; შემდეგ ამას დაერთო ჰესების მშენებლობა ჭოროხზე საქართველოში და ასევე მდინარე აჭარისწყალზე;
შესაბამისად, ზღვას პლაჟების შენარჩუნებისთვის საჭირო მასალა აღარ დარჩა, შეწყდა ხელოვნური კვებაც. ამან გამოიწვია კატასტროფული ეროზიული პროცესები აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან, რაც დღესაც გრძელდება.
[/crosslist]
ბათუმის პლაჟების შესანარჩუნებლად არსებობს ერთადერთი გზა – ინერტული მასალის ზღვაში ხელოვნურად შეტანა:
ლონდა ხახიაშვილი საქართველოდან ისრაელში საცხოვრებლად 10 წლის წინ წავიდა. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, ერთდროულად სავსე სიხარულით და სირთულეებით.
ლონდა ხახიაშვილი, ქართველი ებრაელი:
ისრაელში 2012 წელს ჩამოვედი, 10 თვით ადრე ჩემი ქალიშვილი ჩამოვიდა სასწავლო პროგრამით. გარდა იმისა, რომ ისრაელი ჩვენი, ებრაელების ისტორიული სამშობლოა, ამ ქვეყანასთან დიდი ნათესაური კავშირები მქონდა, დედა, ახლობლები, თითქმის ყველა აქ მყავდა.
ისრაელის შექმნის დღიდან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შრომას და შრომამ აქცია ისრაელიც მაღალგანვითარებულ ქვეყნად. აქ ხალხმა იცის, თუ არ იმუშავა, ცხოვრების ელემენტარულ პირობებზე არ ექნებათ წვდომა. ენერგიას არავინ იშურებს შრომისას, ყველამ იცის, რომ საკუთარი ცხოვრება თავად უნდა მოაწყონ. ცხოვრობენ კიდეც შესაბამისად.
ძალიან მენატრება საქართველო. მინდოდა ერთხელ მაინც ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემი გეგმები გადაეწყო. ყველაფერი მენატრება საქართველოში: ადამიანები, მიწა, ხე, ბალახი, ცა, ყველაფერი. დიდი სიამოვნებით ჩამოვალ, როცა ამის საშუალება მომეცემა, თუმცა საქართველოში ცხოვრებას ვეღარ შევძლებდი, რადგან ისრაელში ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია და ამან შეჩვევა იცის.
ლონდა ხახიაშვილი
ისრაელში ჩამოსვლა და შეგუება აქაურ ყოფასთან ძალიან გამიჭირდა, თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყოველ ღამე ვტიროდი და ვსაყვედურობდი თავს, აქ არ უნდა ჩამოვსულიყავი-მეთქი. ენის ბარიერი, ხალხთან შეგუების ეტაპი, ყველაფერი რთულად მეჩვენებოდა. ალბათ იმიტომ, რომ ქართველი მგონი ყველაზე ბოლოს ეგუება უცხოეთში, სხვა ქვეყანაში ყოფნას.
რაც აქ ჩამოვედი, შევესწარი ალბათ დაახლოებით 5 ომს, თუ მეტს არა, ებრაელებსა და არაბებს შორის. ყველა ომი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა პოლიტიკური მიზეზებით და დაბომბვის სიხშირითაც.
ზოგჯერ იმდენად ხშირია დაბომბვა, რომ ადამიანი ვერ ასწრებს თავშესაფრიდან სახლში დაბრუნებას და გზაში ისევ განგაში უსწრებს.
როცა ომია აქ სამუშაო პროცესი არსად წყდება, ქარხნები, ფაბრიკები, საზოგადოებრივი ადგილები, დაწესებულებები – მუშობას განაგრძობენ. უბრალოდ, არის თავშესაფრები და ვისაც სადაც და როგორც შეუძლია, ისე განერიდება მოსალოდნელ საშიშროებას.
არ შემიძლია ზუსტად გითხრათ, რა მენატრება განსაკუთრებით საქართველოში. ყველაფერი მენატრება, მთლიანად ქვეყანა. ჩემს შვილებს ძალიან დიდი კავშირი აქვთ საქართველოსთან. ყველაფერი, რამაც დაიკავა მათი გული, გონება და ცნობიერება აქამდე, ყველაფერი საქართველოსთანაა დაკავშირებული.
აქ, რა თქმა უნდა, შეიძინეს მეგობრები, მაგრამ ბავშვობის მეგობრებს, რომლებიც მათ საქართველოში ჰყავთ, აქ ვერავინ შეედრება. ამას ვერაფერი შეცვლის, ეს სხვა ახლობლობა და ურთიერთობაა.
ჩემი ქალიშვილის, ანას ნამდვილი მეგობარი დღესაც საქართველოდან გამოყოლილი ქართველი გოგოა – ნინი გიორგაძე.
ქართულ დიასპორასთან კავშირების გაძლიერების მიზნით 2017-2020 წლებში გატარებული ღონისძიებები, აუდიტის დასკვნით, არაეფექტური იყო.
ხარვეზები იყო პროექტების დაგეგმვაში, დიასპორულ პროექტებზე არასაკმარისი წვდომა ჰქონდათ თვითონ ემიგრანტებს, არ შესრულდა დაგეგმილი ღონისძიებები სრულად, ხოლო პროექტების უმეტესობა არაეფექტურად განხორციელდა.
დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მონაცემებით კი, სხვადასხვა ქვეყანაში დღეისათვის, ჯამში, 284 დიასპორული ორგანიზაცია არსებობს. განსაკუთრებით დიდია მათი რაოდენობა აშშ-ში, რუსეთში, გერმანიასა და საბერძნეთში.
დღემდე არ არის შექმნილი პროფესიული დიასპორული ქსელი, რომელიც საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით იყო განსაზღვრული და რაც, აუდიტის განცხადებით, „უარყოფით გავლენას ახდენს ერთიანი და ძლიერი დიასპორის შექმნის მიზნებზე.“
სახელმწიფო აუდიტმა ანგარიში ორი დღის წინ, 11 თებერვალს გამოაქვეყნა.
„დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია 2016-2017 წლებში დიასპორული ქსელის შექმნასთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, ასევე დიასპორული ქსელის შექმნა-განვითარების ღონისძიებები 2018, 2019 და 2020 წლების სამოქმედო გეგმებში არ იყო განსაზღვრული. [აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება ევალებოდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, რომელიც 2017 წელს განხორციელებული რეორგანიზაციით შეერწყა საგარეო საქმეთა სამინისტროს და შეიქმნა დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი]“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მსოფლიოში მრავალი კარგი, ერთიანი და ძლიერი დიასპორული ქსელი არსებობს, თუმცა, მაგალითებად მოყვანილია „სხვადასხვა მაჩვენებლით საქართველოსთან უფრო მეტად შესადარისი“, სომხეთისა და ლიეტუვას დიასპორაში არსებული კავშირები.
„ლიეტუვაში, 2009 წელს ჩატარებული პირველი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შემდეგ, შეიქმნა პლატფორმა − „მსოფლიო ლიეტუველი ლიდერები“, რომელიც აერთიანებს ლიეტუვური წარმოშობის საერთაშორისო გამოცდილების მქონე 2 000 პროფესიონალს/ლიდერს, მსოფლიოს 40 ქვეყნიდან და ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური დიასპორის ერთმანეთთან დაკავშირებას [პროფესიული ქსელის შექმნას], რომლებსაც შეუძლიათ/სურთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში წვლილის შეტანა და გლობალურ სამყაროში ქვეყნის პოზიციის გამყარება“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
[toggle title=”ამ პლატფორმის შესახებ ვრცლად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]
„პლატფორმა − „მსოფლიო ლიეტუველი ლიდერების“ მეშვეობით მაღალკვალიფიციური დიასპორის წევრები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა პროგრამაში (10-მდე პროგრამა), დამწყებ ნოვატორული/საექსპორტო პოტენციალის მქონე ლიეტუვურ კომპანიებს და მეწარმეებს უზიარებენ იდეებს/საკუთარ გამოცდილებას და უწევენ კონსულტაციებს სხვადასხვა საკითხში.
ასევე, წლების მანძილზე წარმატებით ხორციელდება მენტორული პროგრამა, რომლის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლიეტუველი სტუდენტების დაკავშირება წამყვან ლიეტუველ პროფესიონალებთან ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად. შედეგად, ლიეტუვაში დაფუძნდა ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი − Iron Wolf Capital, რომელიც აფინანსებს დამწყებ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებით, ინოვაციური ტექნოლოგიებით ან უნიკალური ბიზნესმოდელის მეშვეობით, გლობალური მასშტაბით კონკურენტული უპირატესობის მოპოვების პოტენციალი.
2019-2021 წლებში ფონდმა 11 სტარტაპში განახორციელა ინვესტიცია, რაც უკვე აისახა დადებითად ლიეტუვის ეკონომიკის განვითარებაზე.
ლიეტუველთა გლობალური დიასპორული ქსელის ძალისხმევით მოზიდული ინვესტიციებით შეიქმნა:
SPRANA – სამეწარმეო პროცესების ანალიზის და მონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი;
LITILIT – ლაზერული ტექნოლოგიების მწარმოებელი;
PIXEVIA – „სმარტ მაღაზიების“ კომპანია;
REDTRACK – მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზისთვის პროგრამული უზრუნველყოფა;
EAGRONOM – ფერმერული მეურნეობების საქმიანობის წარმართვისთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა;
AMBERLO – თანამედროვე იურიდიული პრაქტიკის ეფექტურად წარმართვისთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა;
RENDIN – საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებისთვის შექმნილი ციფრული პლატფორმა;
PIPELINEPHARMA -ონლაინ აფთიაქი;
FOROS – ონლაინ პლატფორმა მწვანე ინვესტიციების განხორციელებისთვის.
მაღალკვალიფიციური პროფესიონალების ქსელი სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ქმნის პლატფორმებს (ფორუმები, საქმიანი შეხვედრები, დისკუსიები), სადაც ხდება ინფორმაციის გაცვლა, კონკრეტული საკითხების/პრობლემების გადასაჭრელად ინოვაციური იდეების/მიდგომების გაზიარება/დანერგვა და ინიციატივების წამოყენება.“
აუდიტის ანგარიშიდან
[/toggle]
„დიასპორასთან მჭიდრო კავშირების მქონე ქვეყნების ერთ-ერთი მაგალითია ასევე სომხეთის რესპუბლიკა, სადაც დიასპორა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში აქტიურადაა ჩართული. სომხეთის მთავრობამ და დიდმა დიასპორულმა ორგანიზაციებმა შექმნეს ფონდი − Hayastan All-Armenian Fund, რომელმაც დაარსების დღიდან სომხეთში 1 300-ზე მეტი მსხვილი პროექტი განახორციელა ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური კეთილდღეობის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროებში, რის შედეგადაც გაუმჯობესდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“ – აცხადებს აუდიტი.
დიასპორასთან სამეცნიერო კვლევებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მზარდი ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, წარმატებით განხორციელდა ინოვაციური IT პროექტი − Digital Pomegranate, მობილური და ვებ და ბიზნესაპლიკაციების მწარმოებელი (შექმნილია 274 გლობალური აპლიკაცია)
დაარსდა ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრი − TUMO.
TUMO Center for Creative Technologies – საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრი „თუმო“ ახალგაზრდებს ციფრული ტექნოლოგიებისა და დიზაინის 14 სამიზნე მიმართულებას სთავაზობს, მათ შორისაა: ანიმაცია, ვებდიზაინი, კინემატოგრაფია, მუსიკა, გრაფიკული კომპიუტერული თამაშები და სხვ.
UWC სისტემის პირველი საერთაშორისო კოლეჯი პოსტსაბჭოთა სივრცეში − UWC Dilijan. მსოფლიოს გაერთიანებული კოლეჯები დაარსდა 1962 წელს. UWC სკოლები 18 ქვეყანაში (მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე მდებარეობს) – საერთაშორისო პანსიონი არის სომხეთში 16-დან 19-მდე წლამდე სტუდენტებისთვის (228 სტუდენტი – მსოფლიოს 80 ქვეყნიდან), რომელიც სთავაზობს მათ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამას.
აუდიტის ანგარიშიდან
[/toggle]
აუდიტის მიხედვით, „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის პროგრამით“ განსაზღვრული იყო „თანამემამულეებისათვის ერთიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცის ვებპორტალის აპლიკაციის შექმნაც, რასაც ინფორმაციის ელექტრონული გაცვლის პლატფორმის სახე ექნებოდა და ხელს შეუწყობდა დიასპორის ქსელის შექმნისათვის განხორციელებულ ქმედებებს“.
ამ დროისთვის კი, არც ეს ვებპორტალი მუშაობს. აუდიტის ინფორმაციით, მათ მიიღეს განმარტება, რომ ვებ-პორტალი სატესტო რეჟიმშია.
აუდიტის მიხედვით, 2018-2020 წლებში დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა განახორციელა შემდეგი პროექტები:
• ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა; პროექტი „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“; მაღალპროფილური დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პროექტი; პროგრამა „მომავლის ბანაკი“; დიასპორის დღე; საგრანტო პროგრამა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ და უცხოეთში არსებული ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა.
ამ პროექტებში სამი წლის მანძილზე ბიუჯეტიდან ჯამში 4 946 200 ლარი დაიხარჯა.
„აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევაში ვერ ხორციელდებოდა პროექტში გამარჯვებულთა მიერ მიმდინარე ხელშეკრულების პირობების შესრულების ქმედითი და ეფექტიანი კონტროლი. რამდენიმე შემთხვევაში დეპარტამენტის მიერ სრულად არ არის დაანგარიშებული და გამოთხოვილი კონკურსანტების მიერ დასაბრუნებელი თანხები, რაც კონტროლის მექანიზმების არარსებობაზე მიუთითებს“ – აცხადებს აუდიტი.
[toggle title=”ვრცლად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]
• 2020 წელს დეპარტამენტის მიერ განხორციელებული „ახალგაზრდა ელჩების“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 25 კონკურსანტზე გაცემულია 175 000 ლარი. პროგრამის მონაწილე ბენეფიციარების მხოლოდ ნაწილმა წარმოადგინა ანგარიშები და ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ჩატარებული აქტივობის შესახებ, რამაც სრული თანხის (175 000 ლარის) 21% შეადგინა, ხოლო კონკურსანტების დანარჩენმა ნაწილმა სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა აუთვისებელი გრანტის თანხა 137 999 ლარის ოდენობით;
• 2019-2020 წლებში დეპარტამენტის მიერ განხორციელებული „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 73 ბენეფიციარმა, რომელთაც ჯამურად მიღებული აქვთ 1 316 955 ლარი. აქედან, 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან: ერთ ბენეფიციარს არ წარმოუდგენია შესრულებული სამუშაოს ანგარიშები, ჯამური თანხით − 20 140 ლარი, 2020 წელს ასევე ერთ ბენეფიციარს, ჯამურად − 14 300 ლარი. შესაბამისად, აღნიშნულ ბენეფიციარებთან პროექტების შესრულების და ანგარიშების წარმოდგენის ვადების გასვლის მიუხედავად, დეპარტამენტს აუდიტის პერიოდში არ წარმოუდგენია მიღება-ჩაბარების აქტები;
• „ახალგაზრდა ელჩების პროგრამის“ მონაწილე კონკურსანტთა უმეტეს ნაწილს (72%), გამოუყენებელი თანხა გადარიცხული აქვს ბიუჯეტში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1-4 დღის დაგვიანებით, ხოლო 2 შემთხვევაში, თანხის დაბრუნება დაგვიანებულია 13 და 22 დღით. მიღებული განმარტებით, თანხების ბიუჯეტში დაგვიანებით ჩარიცხვა გამოწვეული იყო პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით;
• „ახალგაზრდა ელჩების პროგრამის“ კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი ანგარიშები არ შეესაბამება საკონკურსო განაცხადებში მითითებულ სამოქმედო გეგმებს, ხოლო დაგეგმილი ღონისძიების შეცვლაზე რიგ შემთხვევებში შეთანხმება არ არის წარმოდგენილი.
მიმდინარე პროექტების შესახებ რიგ შემთხვევებში დიასპორის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია და წვდომა მათთვის საჭირო მიმდინარე აქტივობებზე.
კერძოდ, დეპარტამენტმა განახორციელა ქართული დიასპორისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციისა და სამედიცინო მომსახურების პროექტები.
პროექტი ითვალისწინებდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იურისტებისათვის და სამედიცინო პერსონალისათვის გრანტის სახით თანხის ანაზღაურებას, რის სანაცვლოდაც მათ უფასო იურიდიული და სამედიცინო მომსახურება უნდა გაეწიათ ქართული დიასპორის წევრებისათვის.
დეპარტამენტმა ვერ უზრუნველყო საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტებზე აღნიშნული ინფორმაციის სათანადო გავრცელება ვებ-პორტალითა და სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით. [/toggle]
აუდიტის დასკვნის მიხედვით:
„დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კვლევები საჭიროებების შესახებ, დიასპორული პროექტების ეფექტიანად დაგეგმვისათვის არ არის საკმარისი, ვინაიდან გამოკითხულია მხოლოდ დიასპორული ორგანიზაციები − საკვირაო სკოლები და
სამრევლოები, რომელთა საჭიროებები შესაძლოა განსხვავდებოდეს დიასპორის ცალკეული წარმომადგენლის საჭიროებებისგან.
არ არის განსაზღვრული პროგრამის შესრულებისა და მისაღწევი შედეგის ვადები, ასევე არ განხორციელებულა პროექტების ეფექტიანობისა და მიღწეული შედეგების შეფასება.
შედეგად, აუდიტის ჯგუფი მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი აქტივობები რამდენად სრულყოფილად მოიცავდა და ეფექტიანად მართავდა დიასპორის საჭიროებებს.
2016-2020 წლების საქართველოს მიგრაციის სტრატეგიით, „ერთიანი, ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორის პროგრამითა“ და საქმიანობის გეგმებით გათვალისწინებული 48 აქტივობიდან, 8 არ შესრულებულა. ამასთანავე, დიასპორული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო უწყებათა შორის კოორდინირებული სამუშაოები არ ჩატარებულა.“
„მინიმუმ 5 წელი დასჭირდება, მაგრამ ჯერ არავითარი ხელშეკრულება არ არის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის მერის მრჩეველმა, ზაურ ფატლაძემ. მას ვკითხეთ ბათუმისთვის შემოერთებულ ტერიტორიაზე კანალიზაციის და სასმელი წყლის სისტემის მოწყობის შესახებ. ამ დრომდე არათუ კახაბერსა და მახვილაურში, არამედ ზღვასთან ახლოს – ადლიაში, ანგისაში, აეროპორტის დასახლებაში, ახალ ბულვარში აშენებულ მრავალსართულიან კორპუსებშიც კი, კანალიზაციის სისტემა არ არსებობს.
ამ მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობა 2 აპრილს ისევ არჩევნებზე უნდა წავიდეს. დასახლებაში, რომელიც თითქმის 15 წელია ქალაქია, როგორც აქ მცხოვრებმა ერთმა ქალმა გვითხრა, ნუმერაციის მინიჭების გარდა, ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.
„შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ მალე დაიწყება,“ – მისთვის ჩვეული ზოგადი აქცენტით უპასუხა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა „ბათუმელების“ კითხვას შემოერთებულ ტერიტორიაზე კანალიზაციის სისტემის მოწყობაზე. არჩილ ჩიქოვანმა არ დააკონკრეტა: რა ეტაპზეა შეთანხმება KFW-თან, რომლის სესხის ფარგლებშიც კანალიზაციის სისტემის მოწყობა იქნება შესაძლებელი, ან რა დრო დასჭირდება ამას?
ადგილობრივი ხელისუფლების ბოლო დაპირების მიხედვით, საკანალიზაციო სისტემა ბათუმს შემოერთებულ დასახლებაში 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. ამისთვის KFW-მ სესხის სახით 60 მილიონი ევრო მოგვცა კიდეც, თუმცა ეს ფული ბათუმის მერიამ საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში – ეგრეთ წოდებულ კოვიდბიუჯეტში გადარიცხა.
როდის დაიწყება კანალიზაციის მოწყობა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე? – ეს ის კითხვა აღმოჩნდა, რაზეც პასუხის მიღებას „ბათუმელები“ სხვადასხვა უწყებიდან ორი დღეა ცდილობს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ უბანში ბოლო არჩევნებში ენმ-დან ნუგზარ ფუტკარაძემ გაიმარჯვა და მისი გარდაცვალების შემდეგ, თვე-ნახევარში ისევ არჩევნებია, მთავრობა ასეთი გზავნილით ირჩევს ფონს გასვლას: „მიღწეულია სამთავრობო შეთანხმება“.
მაგრამ მთავრობა ვერ ამბობს: რა სახის შეთანხმება არსებობს? როდის დაიწყება სამუშაოები ადლიის და ანგისის დასახლებაში? როდის დასრულება წყალარინების სისტემის მოწყობა? – ამ კითხვებს არ უპასუხეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში [თანხას სესხის აღების შემთხვევაში აძლევენ ჯერ მთავრობას, შემდეგ – მუნიციპალიტეტს].
„მოლაპარაკებების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში, შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ხელმოწერაა დაგეგმილი,“ – ეს თორნიკე რიჟვაძემ თქვა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, როცა ის საუბრობდა წყალარინების სისტემის მეხუთე ფაზის სამუშაოებზე ბათუმში.
ინფორმაცია არც ბათუმის მერიის პრესცენტრმა მოგვაწოდეს. პრესცენტრში განმარტეს, რომ დეტალები ზუსტდება და ამ ეტაპზე იმაზე მეტს ვერ გვეტყვიან, რაც არჩილ ჩიქოვანმა გვითხრა.
გამონაკლისი მერის მრჩეველი ზაურ ფატლაძე აღმოჩნდა, რომელსაც ამ მიმართულებით ბათუმში მუშაობს დიდი გამოცდილება აქვს. ზაურ ფატლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 60 მილიონი ევრო ბათუმმა ცენტრალურ ბიუჯეტს გადასცა, ჯერ კონკრეტული, ახალი ხელშეკრულება არ გვაქვს, თუმცა მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს.
მრჩეველი ამბობს იმასაც, რომ ამჯერად საუბარია 55 მილიონ ევროზე, საიდანაც 2 მილიონი ევრო გრანტი იქნება. „იმისთვის, რომ ამ დასახლებაში წყლის და კანალიზაციის სისტემა სრულად მოეწყოს, მინიმუმ ერთი ამდენის დამატება იქნება საჭირო, რაც მუნიციპალიტეტმა უნდა მოიძიოს,“ – აღნიშნა ზაურ ფატლაძემ.
ბათუმის მერის მრჩევლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ოქმებით დასტურდება მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი.
ზაურ ფატლაძე – ბათუმის მერის მრჩეველი
„საუბარია იმაზე, რომ სადღაც მაისის შემდეგ, ივნისში შესაძლოა ეს განხორციელდეს, თავდაპირველად პარლამენტმა უნდა მოახდინოს რატიფიცირება, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულება და შემდეგ გადმოსცემენ მუნიციპალიტეტს… ამ ეტაპზე მხოლოდ ოქმები არის, რომ საქართველოს მთავრობას გადაეცეს ეს თანხა ბათუმისთვის…
გათვალისწინებულია ამ თანხაში გამწმენდი ნაგებობაც და ჩაქვის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია…“ – გვითხრა ბათუმის მერის მრჩეველმა, ზაურ ფატლაძემ.
მრჩევლის თქმით, KFW-თან თანამშრომლობის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში ჩატარდა კვლევები იმისთვის, რომ განსაზღვრულიყო ამ დასახლებისთვის მოსაწყობი სისტემის საჭიროებები.
„თუკი მოგცემენ თანხას, ჯერ გასაკეთებელი იქნება პროექტები, შემდეგ რამდენიმე თვე ტენდერებს და სამშენებლო კონტრაქტებს დასჭირდება, სამი წელი მშენებლობას უნდა, ხუთწლიანია ეს პროგრამა.
ეს მოიცავს ძირითადად მეჯინისწყლის ირგვლივ ადგილებს – ადლიას, ანგისას, აეროპორტის დასახლებას, გონიოსა და კვარიათში უკვე მოვაწყვეთ ეს სისტემა, წყალი გავიყვანეთ, ქსელია დარჩენილი, რაც ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით უნდა გაკეთდეს,“ – აღნიშნა ზაურ ფატლაძემ.
„მიღწეულია შეთანხმება ბათუმისთვის 53 მილიონი ევროს სესხის გამოყოფის თაობაზე,“ – ამ ჩანაწერით მიიღო წერილობითი პასუხი ბათუმის მერისგან რეზო ხარაზმა, როცა მან იკითხა ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე კანალიზაციის მოწყობის პრობლემაზე. რეზო ხარაზი ბათუმის საკრებულოს წევრია და მიიჩნევს, რომ მერის პასუხი არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან შეთანხმების დოკუმენტი არ არსებობს და დეტალებზე მერმა მისი შეკითხვები უპასუხოდ დატოვა.
„ეს 60 მილიონი არ უნდა გადაერიცხა ჩიქოვანს კოვიდბიუჯეტში, ეს იყო კორუფციული ბიუჯეტი რეალურად… ახლა არჩილ ჩიქოვანი გვეუბნება, რომ არსებობს შეთანხმება, მაგრამ არ გვეუბნება, რა პირობით ვიღებთ სესხს? როგორ ვიღებთ? რას ვაკეთებთ? არავითარი კონკრეტიკა არ არსებობს. გამოდის, სიტყვაზე უნდა ვენდოთ არჩილ ჩიქოვანს?“ – კითხულობს საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან.
რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“
დოკუმენტი არ უნახავს, მაგრამ საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინო ცხვარაძე დარწმუნებულია, რომ შეთანხმება მიღწეულია და დაპირება ამჯერად მაინც შესრულდება. „შეიძლება გვიან, მაგრამ მათ ექნებათ წყალი და კანალიზაციაც“, – გვითხრა მან.
ნინო ცხვარაძის ინფორმაციით, ჯამში 88 მილიონი ევრო დაიხარჯება მე-5 ფაზის ფარგლებში და ამ პროექტის ფარგლებში მივიღებთ სესხს ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისგან – 53 მილიონ ევროს.
„დანარჩენი თანხა უნდა მოიძიოს მუნიციპალიტეტმა და იმედია მოხერხდება ამ თანხის დროულად მოძიება… როგორც ვიცი, ხელი მოეწერება გაზაფხულზე და შემდეგ დაიწყება საპროექტო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოხდება როგორც წყალარინების, ისე წყალმომარაგების ქსელის გაუმჯობესება – რეაბილიტაცია. წყალმომარაგების ნაწილში იგეგმება, როგორც ჩაქვის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია-მშენებლობა, ძირითადი მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაცია. ასევე მეჯინისწყლის სატუმბი ნაგებობის გაფართოება და ახალი რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს შემოერთებულ ტერიტორიებზე 24-საათიან უსაფრთხო წყალმომარაგებას… პროექტის ფარგლებში აეროპორტში, ინდუსტრიულ ზონაში და კახაბერში მოეწყობა წყლის და წყალარინების სისტემები,“ – გვიპასუხა ნინო ცხვარაძემ.
ნინო ცხვარაძე – ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“
რამდენად სწორად იმართება ქალაქი, როცა, მაგალითად, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ქვაფენილის ამოყრასა და ხელახლა ასფალტის საფარის დაგებაში 8 მილიონი ლარი იხარჯება, ათასობით ოჯახს კი, კანალიზაციაც არ აქვს? – ვკითხეთ საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“.
„მხოლოდ მოსახლეობის მოთხოვნა არაა საკმარისი, აუცილებელია ფინანსური რესურსიც… გასათვალისწინებელია, რომ ქუჩის კეთილმოწყობას ნაკლები თანხა სჭირდება, ვიდრე ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გაცილებით მოცულობითი სამუშაოა“.
„ქართული ოცნების“ კრიტიკას ბათუმის მერის არც ის გადაწყვეტილება იმსახურებს, რომლითაც არჩილ ჩიქოვანმა KFW-გან გამოყოფილი 60 მილიონი ევრო კოვიდბიუჯეტში გადარიცხა.
„იმ ეტაპზე ალბათ ასე იყო საჭირო. კოვიდპანდემიის მართვას თანხა სჭირდება და ამის საჭიროება იყო ალბათ. ვფიქრობ, ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობაა“, – აღნიშნა ნინო ცხვარაძემ „ბათუმელებთან“.
მოსახლეობის კანალიზაციით და სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი თანხის ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხვა კატეგორიულად მიუღებელია ნათია აფხაზავასთვის. ის „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელია და აქტიურად ადევნებს თვალს თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესებს.
„ცენტრალური ხელისუფლების გავლენის შედეგია ეს, თავსმოხვეული… რა თქმა უნდა, ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოებაზე წინ არაფერია, მაგრამ ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა არის ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი უფლებამოსილება. მუნიციპალიტეტი უნდა იყოს დამოუკიდებელი მსგავს სიტუაციაში. ეს რეალობა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, აჩვენებს მოსახლეობის მხრიდან ზედამხედველობის სისუსტეს,“ – მიიჩნევს ნათია აფხაზავა.
ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“
ამ თემაზე საუბრისას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს ის წლები ახსენდება, როცა დისკუსიის საგანი ეს იყო: უნდა გახდეს თუ არა ბათუმი ანგისა, ადლია, გონიო და კვარიათი?
„ახლაც ვახსენებთ ფრაზას – ახლადშემოერთებული ტერიტორია, არადა თითქმის 15 წელი გავიდა მას შემდეგ. შემოერთების პროცესზე როცა იყო მსჯელობა, შემოერთების არგუმენტად სახელდებოდა ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება, მაგრამ ამ უბნებში არაფერი შეცვლილა, იგივე პრობლემებია: კანალიზაცია, სასმელი წყალი, შიდა გზები… არჩევნებიდან არჩევნებამდე ვისმენთ დაპირებებს, მაგრამ ძირითადი ნაწილი ისევ არ არის გაკეთებული. ეს სესხები და ვალდებულებები უსასრულოდ იწელება.
ვფიქრობ ასევე, რომ არასწორად ხდება პრიორიტეტების გადანაწილება, მაგალითად, როცა გმირთა ხეივნის რეაბილიტაციაზე იხარჯება მილიონები, ამ თანხით მინიმუმ ერთი უბნის რეაბილიტაცია შეიძლებოდა. ეს პრიორიტეტები, როგორც ყოველთვის, უფრო პარტიულ პიარსაა მორგებული, ვიდრე ადგილობრივ საჭიროებებს,“ – აღნიშნა ნათია აფხაზავამ.
საცხოვრებელი კორპუსის ეზო ადლიის დასახლებაში, რომლის ქვემოთაც კანალიზაციისთვის „შამბოა“ მოწყობილი. ამ დასახლებაში ძირითადად საკანალიზაციო ჭები აქვს მოწყობილი მოსახლეობას. სასმელი წყალიც ჭებიდან საქაჩ სისტემაზეა დამოკიდებული.
ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე კანალიზაციის მოწყობაზე არაერთხელ იყო საუბარი, მაგალითად, 2017 წელს „ბათუმის წყალი“ სარეკლამო სტატიაში წერდა:
„ამჟამად ბათუმში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციის მე-3 ფაზა მიმდინარეობს. აღნიშნული ფაზის ფარგლებში, ბათუმის უბნებში: ჭაობში, გოროდოკში, ბენზესა და ასევე, ბათუმს ახალშემოერთებულ ტერიტორიებზე, ჩატარდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია“
„ბათუმელების“ არქივმა შეგვახსენა, რომ მოსახლეობას 2015 წელსაც ჰპირდებოდნენ ამ პრობლემის მოგვარებას:
„აღნიშნული პროცედურების გათვალისწინებით და დამატებით სესხის [„ბათუმელების“ ინფორმაციით, 30 მილიონამდე ევრო] აღების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, როგორც მერის მრჩეველი ამბობს, სამუშაოები 2016 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. რაც შეეხება დასრულების ვადებს, ჯაბა ტუღუშის თქმით, „ის, თუ რა პერიოდი დასჭირდება , შესწავლის შემდეგ გვეცოდინება. ზოგადად, მე-3 და მე-4 ფაზების დასრულებას 2018-2020 წლებში ვვარაუდობთ“, – ვკითხულობთ „ბათუმელების“ 2015 წლის ერთ-ერთ სტატიაში.
ადლიასა და ანგისაში რომ წყალი და კანალიზაცია უნდა მოეწყოთ, ეს ბათუმის მერიის 2018 წლის სტრატეგიული განვითარების გეგმაშიც ეწერა.
„ქ. ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების მაცხოვრებლები (ყოფილი ხელვაჩაური) ვერ სარგებლობდნენ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური ქსელით, რადგანაც აქამდე არ არსებობდა, დღემდე მოსახლეობა წყალმომარაგების მიზნით იყენებს მიწისქვეშა წყლებს…“, – ვკითხულობთ ბათუმის მერიის 2018 წლის სტრატეგიულ გეგმაში.
ყველა ქალაქს აქვს ისეთი პოპულარული ადგილები, ქუჩები, სადაც ტრადიციულად, შეყვარებულები ხვდებიან ერთმანეთს. ასეთი ადგილები, რა თქმა უნდა, ბათუმშიცაა. ამჯერად რამდენიმე მათგანზე გეტყვით, საზოგადოებრივ სივრცეებზე, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და რომანტიკული შეხვედრებისთვის შესაფერისი.
ბათუმში ყველაფერი ზღვით იწყება და ჩვენც ზღვით დავიწყოთ.
სანაპირო, პლაჟი
ბათუმის სანაპირო რომ რომანტიკული და პაემნებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილია ბათუმში, ეჭვგარეშეა. ზამთარ-ზაფხულ, ნებისმიერ თვეში და ამინდში, ნებისმიერ დროს ნახავთ ზღვის პირას ჩამომსხდარ წყვილებს. აქ შეგიძლია ზურგი შეაქციო მთელ ქალაქს და ყველა პრობლემას, ნახო მზის ჩასვლა, წვიმა, თოვა თუ შტორმი ზღვაზე.
კარგ ამინდში პლაჟზე უამრავი წყვილი ხვდება ერთმანეთს, თუმცა ბევრს არც უამინდობა აშინებს.
ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილიწყვილი ზღვის პირას. 31 დეკემბერი, 2015 წელი. ფოტო: „ბათუმელები“/ნანა კვაჭაძე2021 წლის იანვარი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილიმზის ჩასვლა ბათუმის სანაპიროზე
„ალი და ნინო“
თამარ კვესტაძის „ალი და ნინო“ ზედგამოჭრილი ადგილია შეყვარებულებისთვის. მობილური ქანდაკება სანაპიროზე, იქვეა იახტები, ბათუმის უძველესი შუქურა, ქუჩაში გასაყიდად გამოტანილი სასუსნავები და კაფე-ბარები.
თავად სკულპტურის ავტორი ამბობს, რომ პირადად მისთვის „ალი და ნინო“ შეხვედრა – განშორებაა და იმის შეხსენება, რომ გაერთიანება მხოლოდ ცოტა ხნითაა შესაძლებელი.
ალი და ნინო. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილიეს ადგილიც „ალი და ნინოს“ მიმდებარედაა. გაზაფხულზე აქ გლიცინია ყვავის.
ბათუმის ბულვარი
რა თქმა უნდა, ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილია ქალაქში. ზღვა ახლოსაა, ირგვლივ სიმწვანე და გრძელი ხეივნებია, სადაც დაუსრულებლად შეგიძლიათ ისეირნოთ, გზადაგზა შეისვენოთ, ძელსკამზე ჩამოსხდეთ ან შადრევანთან ახლოს, ბორდიურზე, ან კიდევ სულაც ხის ქვეშ, გაზონზე. ადგილი და სივრცე აქ ყველას ეყოფა.
უამრავი ბათუმელის ალბომში ნახავთ ქორწილის დღის ფოტოს, რომელიც მათ ბულვარში გადაიღეს. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება.
გახსოვდეთ, რომ ეს ისტორიული ადგილია, ბულვარის განაშენიანება მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო და მისი გაშენებიდან დღემდე ასი ათასობით წყვილს უსეირნია აქ.
ფოტო: ბათუმის ბულვარი FBწყვილი ბულვარის შესასვლელთან. ფოტო: „ბათუმელები“
კედელი „მე შენ მიყვარხარ“
ამ კედელს ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის №13-ში ნახავთ. ორსართულიანი, ძველი, ბათუმური სახლის კედელზე ბევრჯერ წერია – „მე შენ მიყვარხარ“. აქ თუ დაუნიშნავთ ვინმეს შეხვედრას, ამ სიტყვების თქმა იქნებ სულაც არ გახდეს საჭირო, ალბათ ისედაც ყველაფერი ცხადი იქნება.
კედელი ბათუმის ისტორიულ უბანშია, ღამით აქაურობა მბჟუტავი ლამპიონებით ნათდება, ვიწრო, მოკირწყლული ქუჩები სასეირნოდ შესანიშნავი ადგილია და ამ უბანშივეა ბათუმის ყველაზე მოდური ბარები.
კედელი „მე შენ მიყვარხარ“
ნავსადგური
ბათუმის ნავსადგური, თავისი კაფეებით, უდავოდ ცნობილი შეხვედრის ადგილია. აქაურობა ყოველთვის მიმზიდველია, ნავსადგურში პატარა გემები და იახტებია, მეთევზეები საათობით სხედან თევზის დაჭერის მოლოდინში, დღისით მთებით გარშემორტყმულ ქალაქი ჩანს, ღამით – ზღვაზე არეკლილი ღამის ბათუმი. აქ მდებარე კაფეებში კი ქვიშაზე მომზადებული ყავის დაგემოვნება შეგიძლიათ.
ყავა და წვიმა სანაპიროზე
ბოტანიკური ბაღი
თუ პიკნიკზე გინდათ წასვლა, განმარტოება და ხანგრძლივი სეირნობისთვისაც ხართ მზად, უკეთეს ადგილს ვერ ნახავთ.
ქალაქის ხმაურსა და გამონაბოლქვს მოშორებულ ბოტანიკურ ბაღში საათობით შეგიძლიათ ისეირნოთ და ჰიმალაის, ავსტრალიის, სამხრეთ ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის ტყეებშიც კი „იმოგზაუროთ“ – ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ამ რეგიონების ფლორაა წარმოდგენილი.
ბოტანიკური ბაღი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
ბათუმის ცენტრალური პარკი
ცენტრალური პარკი ბათუმში შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ტბის ირგვლივ ტირიფებია, სასეირნო ბილიკები, გაზონი. შესასვლელში მფრინავი ქალის ქანდაკება დგას, სადაც ხშირად იღებენ ფოტოებს.
ბათუმის ცენტრალური პარკი
ეს ბათუმის ერთ-ერთი რომანტიკული ადგილი რომ არის, ამ ვიდეოს ნახვითაც დარწმუნდებით.
არდაგანის ტბა
ეს ტბა ახალ ბულვარში მდებარეობს. ღამით აქ მოცეკვავე, ფერად შადრევნებს ნახავთ და ტბის ზედაპირზე არეკლილ ქალაქს.
არდაგანის ტბა ღამით. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
ბათუმის საბაგირო
საბაგირო ბათუმის ნავსადგურში მდებარეობს. აქედან 2586 მეტრს გაივლით გონდოლით ანურიის მთამდე, საიდანაც ბათუმის, ზღვისა და მთების ულამაზეს პეიზაჟებს ნახავთ.
ხედი ანურიის მთიდან. ფოტო: საბაგირო გზა „არგო“/FB
და თქვენ რას ფიქრობთ, რომელია ბათუმის ყველაზე რომანტიკული ადგილი?
ბათუმის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ კოვიდპაციენტების სამჯერადი კვების მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი პრეისკურანტით 2021 წლის დეკემბერში გამოაცხადა, თუმცა ერთ-ერთმა პრეტენდენტმა კომპანიამ ტენდერი დავების საბჭოში გაასაჩივრა.
საბჭოს გადაწყვეტილებამდე კი, საავადმყოფომ, თებერვლის თვის ჩათვლით პაციენტების კვების მომსახურებაზე ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა. სახელშეკრულებო თანხა 30 ათასი ლარია.
რაც შეეხება გასაჩივრებულ ტენდერს, 2022 წლის განმავლობაში პაციენტების სამჯერადი კვების მომსახურებაში რესპუბლიკური საავადმყოფო ხელშეკრულების გაფორმებას მაქსიმუმ ნახევარ მილიონ ლარზე გეგმავს. ტენდერის პირობის მიხედვით, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 262.75 ლარია, შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი – 500 000 ლარი.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სატენდერო კომისიამ დოკუმენტების დაზუსტება სწორედ შპს „დელფუდს“ მოსთხოვა, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა.
სატენდერო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი შპს „ჩიხურამ“ დავების საბჭოში გაასაჩივრა და მისი ბათილად ცნობა მოითხოვა.
„აღნიშნულ ტენდერში „დელფუდმა“ ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების ეტაპზე წარმოადგინა დაზუსტებული ფასების ცხრილი და აუდიტორული დასკვნა ფასთა ადეკვატურობის დადასტურების მიზნით 187.21 ლარზე. დაზუსტებულ ფასების ცხრილში, განფასებული თითოეული პოზოციის დაჯამების შედეგად კი დგინდება რომ, „დელფუდის“ მიერ სისტემაში ატვირთული ფასების ცხრილის [პრეისკურანტის] ჯამური ღირებულება გახლავთ არა 187.21 ლარი არამედ 187.48 ლარი. კერძოდ, გაზრდილია როგორც სტანდარტული მენიუს ფასი [91.42 ლარი] ასევე დიაბეტური მენიუს ფასი [96.06 ლარი] ამრიგად, მიუხედავად იმისა ,რომ ფასების ცხრილს ჯამურად აწერია 187.21 ლარი, ეს არ არის სიმართლე და თუ დავაჯამებთ „დელფუდის“ მიერ ატვირთულ პრეისკურანტს დავინახავთ რომ, როგორც ინდივიდუალურად პოზიციებზე აგრეთვე ჯამურად გაზარდილია წინადადების ფასი, 187.48 ლარამდე“ – აღნიშნულია „ჩიხურას“ საჩივარში.
მომჩივანი ასევე აღნიშნავს, რომ „დაზუსტებულ ფასების ცხრილში არის კიდევ უზუსტობა, ანუ შეუსაბამობა შემსყიდელის მიერ ატვირთულ ფასების ცხრილთან, კერძოდ გამქრალია მითითება სტანდარტულ მენიუში თუ რომელი განფასებაა N6 დღის ჩანაწერი და საუზმის დასათაურება, და ვინაიდან ანაზღაურება ხდება დღის შესაბამისი მენიუს მიხედვით, შემსყიდველს ვარაუდის სიზუსტით მოუწევს N6 მენიუს გამოცნობა“.
აღნიშნულ საჩივარზე შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის შესაბამის პორტალზე ატვირთული არ არის. შესაბამისად, ტენდერის ბედი საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით გაირკვევა.
[toggle title=”ტენდერის პირობების შესახებ უფრო ვრცლად ნახეთ აქ:“]
ტენდერის მიხედვით, სხვადასხვა მოთხოვნებთან ერთად:
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდველისთვის მზა საკვების (კერძების) მომზადება და მიწოდება ყოველდღიურად დანართი N1-სა და დანართი N2-ის შესაბამისად [დანართები, ანუ მენიუს ჩამონათვალი ტენდერს თან ახლავს], საქართველოში მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, კვალიფიციური კადრების მიერ.
მისაწოდებელი მზა საკვების რაოდენობა (პაციენტთა რაოდენობის შესაბამისად) წინა დღით ეცნობება მიმწოდებელს (ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია რაოდენობა დამატებით დაზუსტდეს დილის საათებშიც).
მზა საკვების მიწოდება უნდა განხორციელდეს ჰიგიენური წესების დაცვით, საკვების მომზადება- მიწოდება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით;
მიმწოდებლის მიერ მენიუში (დანართი 1) დაუშვებელია ცვლილებების შეტანა შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების გარეშე;
მიმწოდებლის მიერ დამზადებული/მიწოდებული კერძები უნდა იყოს საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი (არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას). აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
მიმწოდებელი ვალდებულია ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში ხორცპროდუქტების (სოსისი), რძის პროდუქტების (რძე, ყველი, არაჟანი, ხაჭო) და ნატურალური წვენის შემოტანა განახორციელოს მხოლოდ ISO ან/და HACCP სერთიფიკატის მქონე საწარმოდან;
საკვების მიწოდება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით და საკვებად ვარგისს, ერთჯერად კონტეინერებში ცალ-ცალკე (რომელიც უნდა იყოს ტემპერატურის გამძლე) თითო პერსონის ულუფის შესაბამისად განთავსებული.
შეფუთული საკვები, ასევე, ცალ-ცალკე მენიუს შესაბამისად უნდა შეიფუთოს ერთჯერად მუყაოს ყუთებში, რაზედაც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შესაბამისი ეტიკეტირება (დამატებით მითითებული უნდა იქნას შესმყიდველის დასახელება და საკვები პროდუქტების ჩამონათვალი).
[/toggle]
განახლება: სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ შპს „ჩიხურას“ საჩივარი სრულად დაკმაყოფილა.
„დაევალოს შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ სატენდერო კომისიას 2022 წლის 3 თებერვლის სხდომის №3 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და შპს „დელფუდის“ მიერ წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.“ – აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს“ 100 პროცენტი წილი მართვის უფლებით საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს 2021 წლის 21 ოქტომბრიდან გადაეცა. სამედიცინო ჰოლდინგს კი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მართავს.
ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ორი სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მიზნით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის. სააგენტომ პროექტის შედგენაზე ტენდერი 70 ათასი ლარით გამოაცხადა. პროექტები 2022 წლის ივნისამდე უნდა მომზადდეს.
ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია, ბათუმში:
[checklist]
მემედ აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე ძეგლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა.
დემეტრე თავდადებულის ქ. N10-ში მდებარე ძეგლის ფასადის [გარე და შიდა ეზოს, გვერდითი ფასადი] სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა.
[/checklist]
ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 20 თებერვალს დაიწყება და 23 თებერვალს დასრულდება.
პირობის მიხედვით, „2019 წლის 1-ლი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამდე [9.02.2022] პერიოდში პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 100 000 ლარის ჯამური ღირებულების ურბანული სახეობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება“.
საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შედგეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარებისათვის საჭირო ნებართვის მისაღებად.
ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე ძეგლი / 12.02.2022ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. N10-ში მდებარე ძეგლი / 12.02.2022
სინოპტიკოსების პროგნოზით კვირას, 13 თებერვალს, ბათუმში დღის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა, ორშაბათიდან კი, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ბათუმში, ძირითადად, უნალექო ამინდი იქნება სამშაბათსა და ოთხშაბათს – 15 და 16 თებერვალსაც.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 13 თებერვლის 21 საათიდან 14 თებერვლის 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო,
შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო,
მაღალ მთაში – ღამით 7-12 გრადუსი, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში; უმეტესად უნალექოდ; ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი). ზღვის წყლის ტემპერატურა +8 გრადუსია.
აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მონაცემებით, მომდევნო ორ დღეს, 15 და 16 თებერვალს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
მთავარი ფოტო: შტორმის შედეგად დანგრეული პირსი ბათუმის ახალ ბულვართან /ფოტო: „ბათუმელები“, 12.02.2022 /
13 თებერვლის დილის მონაცემებით აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში რეგიონში ვირუსისგან 5 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის აწარის კოვიდკლინიკებში 750 ადამიანი მკურნალობს; კოვიდსასტუმროებში – 424, ხოლო ონლაინკლინიკაში, ანუ ბინაზე 10 676 ადამიანი მკურნალობს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 13 თებერვლის კოვიდსტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია:
კოვიდის ახალი დადასტურებული შემთხვევები – 13 თებერვალი
—
13 თებერვლის დილის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან 40 პაციენტი გარდაიცვალა.
13 თებერვლის დილის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან 40 პაციენტი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 454 065 , ბოლო 24 საათში – 15 712
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 248 242 , ბოლო 24 საათში – 21 623
მათ შორის გარდაცვლილი – 15 556 , ბოლო 24 საათში – 40
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 46 425, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 163, PCR ტესტით – 20 262
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 33,84%, ბოლო 14 დღის – 31,66%, ბოლო 7 დღის – 32,85%
სულ აცრილია – 2 774 755, დღიურად აცრილია – 2 089
კარანტინის რეჟიმში – 21
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 123
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 581
გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურდა ომიკრონის 1 913 შემთხვევა.
საინიციატივო ჯგუფის, „არ გადადოს“აქტივისტებმა დღეს, 12 თებერვალს, ბათუმში, მერიის წინ პერფორმანსი გამართეს. მათ მერიის შენობის ფასადზე ბათუმის სკოლების წინ გადაღებული ვიდეოკადრები გაუშვეს, სადაც ნაჩვენები იყო ბავშვებისთვის სახიფათო გარემო გადასასვლელებზე.
„ჩვენ ვახორციელებთ პროექტს – ბავშვების საგზაო უსაფრთხოება სკოლებთან მიმდებარედ.
სიტუაცია ძალიან პრობლემური აღმოჩნდა ბათუმში, ბათუმის 25 სკოლიდან დაახლოებით 12 სკოლასთან სავალალო მდგომარეობაა. თორმეტივე სკოლასთან მოშლილია საგზაო უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ნიშნები, როგორიცაა, მაგალითად, გამაფრთხილებელი ნიშანი და ე.წ. მწოლიარე პოლიციელი. ზებრები წაშლილია ან საერთოდ არ არის.
ასევე, შუქნიშნებთანაც არის გარკვეული პრობლემები. ეს პრობლემაა როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მიმდებარედ.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მერიის პასუხისმგებლობაა, რადგან თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს ქალაქში გამართული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ბავშვები ყოველდღიურად გადაადგილდებიან“ – ამბობს ხატია რომანაძე, „არ გადადოს“ აქტივისტი.
„არ გადადოს“ აქტივისტები მერიასთან
„არ გადადოს“ წევრებმა სკოლებთან პიკი საათებში გადაღებულ კადრები აჩვენეს. ვიდეოჩანაწერში მოსწავლეები საუბრობდნენ, თუ რამდენად რთულია ქუჩის გადაკვეთა მათთვის და სკოლამდე უსაფრთხოდ მისვლა, მოშლილი საგზაო უსაფრთხოების პირობებში.
მირანდა იაკობიძე წალკაში, სოფელ ოზნის სომხურენოვან სკოლაში ათი წელია ქართულ ენას ასწავლის. ამბობს, რომ დღევანდელი ოზნის სკოლა „ცა და დედამიწასავით“ განსხვავდება იმ პერიოდისგან, როცა აქ პირველად მოვიდა. რა აკლიათ ყველაზე მეტად ოზნის ახალგაზრდებს, რა რესურსებს იყენებს ქართული ენის სასწავლებლად – სწორედ ამ თემაზე საუბრობს ქართული ენის მასწავლებელი „ბათუმელებთან“.
რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული ამ სოფელში გადასვლისას?
ალბათ ის, რომ სოფელში ქართულად თითქმის არავინ საუბრობდა. ოზნი სომხურენოვანი სოფელია და ქართული ნაკლებად იციან. სკოლის დირექტორი საკმაოდ კარგად საუბრობს და მასწავლებლებიც ცდილობენ უკეთ ისწავლონ ენა, თუმცა მოსახლეობა თითქმის არ ფლობს ქართულს.
მე სკოლაში ქართულს, როგორც მეორე ენას ვასწავლი. მევალებოდა რაღაც ახალი შემეტანა ქართული ენის სწავლებაში, უნდა შემექმნა ენის კლუბები და როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში დავხმარებოდი მოსწავლეებს.
როგორია მათი განწყობა, აქვთ ქართული ენის შესწავლის სურვილი?
ძალიან დიდი მოტივაცია აქვთ, როგორც ბავშვებს, ასევე მასწავლებლებსაც. ქართულის სწავლის მიმართაც აქვთ ენთუზიაზმი. სიცივე იყო, ქარი თუ თოვლი, არცერთი მოსწავლე არ აკლდებოდა გაკვეთილებს.
მასწავლებლებს ჟვანიას ცენტრში ენის შემსწავლელი კურსიც შევთავაზეთ. ამან საშუალება მისცა მასწავლებლებს სქემაში ჩართულიყვნენ და პროფესიული სტატუსი აემაღლებინათ. ბავშვებმაც კარგად ისწავლეს ენა, ბევრი აბიტურიენტი წავიდა ქართულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად. ჩააბარეს სამედიცინოზე, ერთი ქართულ ფილოლოგიასაც სწავლობს და უკვე ჩემი კოლეგაც გახდა. ცა და დედამიწასავით განსხვავდება ის პერიოდი დღევანდლისგან, როცა აქ პირველად ჩამოვედი.
რა რესურსებს იყენებთ ენის უკეთ სასწავლებლად?
დღეს ტექნოლოგიების საუკუნეა და რესურსების გასაჭირი არ გვაქვს. სკოლაში ძველი სახელმძღვანელოები გვაქვს, თუმცა მარტო წიგნს რომ არ მიეჯაჭვო, ამისთვის ბევრი ონლაინ რესურსი გვაქვს. ბევრი მიზნობრივი აუდიო, ვიდეო და ტექსტური მასალაა, რაც ძალიან ეხმარება ბავშვებს ქართულის კარგად გაგებაში.
სასკოლო გარემოც კარგია, რადგან ჩვენი სკოლა USAID -ის დაფინანსებით გაკეთდა და თითქმის ყველაფერი გვაქვს ამ ეტაპზე. დირექტორიც ხელს მიწყობს და თუ რამე ტექნიკური მხარდაჭერა გვჭირდება, გვეხმარება, იქნება ეს მუსიკალური ცენტრი, მიკროფონები თუ სხვა რამ ღონისძიებებისთვის.
რა აძლევთ ბავშვებს მოტივაციას, რომ ქართული ენა ისწავლონ?
ზოგადად, ჩვენს სოფელში მოტივირებული ბავშვები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალმთიანი სოფელია და არ აქვთ ხშირი კონტაქტი გარე სამყაროსთან.
არც ქართულ გარემოსთან აქვთ ხშირი შეხება, სომხურ და ქართულ სოფლებს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა არ აქვთ. ამის მიუხედავად, გააზრებული აქვთ, რომ თუ სახელმწიფო ენას კარგად ისწავლიან, უმაღლეს განათლებასაც მიიღებენ და სახელმწიფო უწყებებშიც დასაქმდებიან.
ამის არაერთი მაგალითი აქვთ სოფელში, რადგან ბევრი დაბრუნდა უკან და დასაქმდა ზოგი გამგეობაში, ზოგი ბანკში და ასე შემდეგ.
სომხურ და ქართულ სოფლებს ერთმანეთთან ურთიერთობა არ აქვთო – ამბობთ. ეს მხოლოდ ენის ბარიერის გამოა?
უბრალოდ, სართო საქმე არაფერი აქვთ. ვაჭრობაა თუ სხვა საქმე, ყველაფერი აქვთ თავიანთ სოფლებში. თანაც, არც ისე ახლოსაა გეოგრაფიულად ეს სოფლები ერთმანეთთან. ყველაზე ახლო სოფელი 12 კილომეტრითაა დაშორებული.
ყველაზე ახლოს სოფელი გუმბათი და ავრალოა, იქ შედარებით აქვთ მიმოსვლა, რადგან ავრალოში სტომატოლოგი ჰყავთ და ამიტომ გადადიან.
ჩვენ, ქართულის პედაგოგები, იმ მიმართულებითაც ვმუშაობთ, რომ ეთნიკური სომხების ინტეგრაციას შევუწყოთ ხელი საერთო ქართულ სივრცეში.
დავუმეგობრდით გუმბათის სკოლას და ბავშვები „შემოდგომის ზეიმზე“ წავიყვანე. ერთმანეთი გაიცნეს და ფეისბუკშიც დაიმეგობრეს თანატოლები. სადღაც ქუჩაში თუ შეხვდებიან ერთმანეთს, შემინიშნავს, რომ ახალგაზრდები ერთმანეთს ესალმებიან, აქვთ კონტაქტი და მისვლა-მოსვლა. თუმცა, რომ იმეზობლონ, რაღაც საერთო სუფრაზე მოხვდნენ, ასეთი რამ არაა.
თქვენ როგორ შეეჩვიეთ გარემოს?
ხანდახან მავიწყდება, რომ იქაური არ ვარ, იმდენად შევეჩვიე, შევეთვისე. მარტო ვცხოვრობ, მაგრამ დღე არ გავა ან მე არ შევიდე მეზობელთან, ან თვითონ არ შემოვიდნენ. თუ არ მიხვედი, გირეკავენ, მოგიკითხავენ, ძალიან ახლო კონტაქტი და ურთიერთობა მაქვს ადგილობრივებთან.
სომხურიც ისწავლეთ?
კი, თავისუფლად. არც კი ვიცი როდის და როგორ ვისწავლე. საგანგებოდ არცერთი სიტყვა არ გამომიკითხავს – ეს რას ნიშნავს-მეთქი. ბავშვების საუბარი მესმის, ირგვლივ სულ სომხური სამეზობლოა, მათი სოციუმის წევრი ვარ და ასე ვთქვათ, შემომესწავლა სომხური ენა. ანბანი არ ვიცი, მაგრამ საუბარი 90 პროცენტით მესმის.
ისინი არ ცდილობენ ქართულად საუბარს?
სკოლაში კი, მაგრამ სკოლის გარეთ, უფროსი თაობა ვერ საუბრობს ქართულად. როცა 5 ქალი ზის და სომხურად ლაპარაკობს, იქ ქართულად საუბარს ვერ დავიწყებ.
ყველა რეგიონს, სოფელს, თავისი სირთულეები აქვს. თქვენს სოფელში რა არის ყველაზე დიდი პრობლემა?
ზოგადად სოფელი საკმაოდ განვითარებულია. განათება გვაქვს. წყალი ადგილობრივი რეზერვუარებიდან მოდის. სოფლის გზა არ არის დაგებული და არც ბუნებრივი აირია შემოყვანილი, თუმცა სოციალური სიდუხჭირე სოფელში არ იგრძნობა.
ზამთარში თითქმის ყველა ოჯახიდან ერთი კაცი რუსეთში მიდის სამუშაოდ და ეს ძალიან ეხმარებათ. ქალები სოფელში არიან, კაცები – რუსეთში. ოჯახში თითქმის ყველას აქვს ტექნიკა, ინტერნეტი და კომპიუტერი.
თუმცა ყველაზე მეტად ბავშვებს გართობა აკლიათ, თეატრი, კინო, მოგზაურობა. რაიონის ცენტრსაც მოწყვეტილი ვართ და ხშირად ვერ წაიყვან ბავშვებს, რადგან ტრანსპორტი დღეში ერთხელ დადის.
ხანდახან ცირკი რომ მოვა, მთელი დღესასწაულია, ისეთი ბედნიერები არიან. ძალიან მწყდება გული, რომ ბავშვებისთვის ასეთი რამეები არ აქვთ.
ძალიან კარგი იქნება საბავშვო ბანაკები. 2014 წელს სამი მასწავლებელი გავუშვით ათდღიან ბანაკში ბაკურიანში, ბავშვებიც გვყავდა შერეულ ბანაკებში და თუ ეს ხშირად იქნება, ძალიან კარგი საშუალებაა, როგორც კულტურული ინტეგრაციისთვის, ასევე ენის კარგად დასაუფლებლად.
სოფლიდან მაღალია მიგრაცია?
ნაკლებად. რუსეთში გადავიდა 3-4 ოჯახი, თუმცა ისეთი მიგრაცია, როგორც ქართულ სოფლებშია, არა. თითქმის ყველა ახალგაზრდა უკან ბრუნდება.
ვინც სწავლობს, მინიმუმ კოლეჯს მაინც ამთავრებს. ძალიან უყვართ კულინარია, საკონდიტრო პროფესია, სალონებში მუშაობა და ამ პროფესიებს ეუფლებიან. ბრუნდებიან სოფელში და დასაქმებული არიან.
სკოლაზე მინდა გკითხოთ ისევ. როგორც ვიცი არაქართულენოვან სკოლებში ყველაზე მეტია პრაქტიკოსი მასწავლებელია. ახერხებენ პროფესიულ ზრდას?
დიახ, თუ არ ვცდები ჩვენს სკოლაშიც 13 უსტატუსო მასწავლებელია, თუმცა რადგან არაქართულენოვან სკოლებში გვიან დაიწყო მასწავლებლების კარიერ სქემაში ჩართვა, მათ უფლება მიეცათ 2023 წლამდე აიმაღლონ სტატუსი. ძირითადად ახალგაზრდა პედაგოგები გყავს და მათ სახელმწიფო პროფესიული ენის ტრენინგებს სთავაზობს.
A1 A2 და B1 დონეს უნდა ფლობდნენ პედაგოგები. ისინი, ვინც B1 დონის სერტიფიკატს აიღებენ, პროფესიული უნარების გამოცდის ნაცვლად გაივლიან მასწავლებლის პროფესიული უნარების 48-საათიან ტრენინგებს და ამის საფუძველზე მიიღებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს. რა თქმა უნდა, საგანშიც უნდა ჰქონდეთ კომპეტენცია დადასტურებული მინიმუმ 1 კრედიტზე.
დღეს, 12 თებერვალს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის მე-4 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატად მათე ფუტკარაძე წარადგინა.
ამ ოლქში 2021 წლის ნოემბერში გამართულ თვითმმართველობის არჩევნები ენმ-ს კანდიდატმა ნუგზარ ფუტკარაძემ მოიგო, თუმცა ის გარდაიცვალა. მათე ფუტკარაძე ნუგზარ ფუტკარაძის შვილია.
#4 ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე იქნება, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
ენმ-ის კანდიდატის, მათე ფუტკარაძის მამამ, ნუგზარ ფუტკარაძემ 2 ოქტომბრის არჩევნები 296 ხმით მოუგო „ოცნების“ კანდიდატს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩანაწერი გაავრცელა, იმის დასტურად, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს საკრებულოში „ნეიტრალურ პოზიციაზე“ დარჩენას სთხოვდნენ და მასზე ზეწოლას ახდენდნენ.
ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები 2022 წლის 2 აპრილს გაიმართება.
მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა ბათუმის საკრებულოში გადაწყვეტს პოლიტიკურ ძალთა ბალანსს. 35 წევრისგან შემდგარ ბათუმის საკრებულოში ამჟამად „ქართული ოცნებას“ 16 წევრი ჰყავს, ოპოზიციას – 17 [მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი, „გახარია – საქართველოსთვის“ – 2, „ლელო“ -1], ხოლო ერთი წევრი დამოუკიდებელი დეპუტატია, გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, რომელმაც ღიაც განაცხადა, რომ ენმ-თან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია.
მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებიდან უკვე 4 თვე გავიდა, ბათუმში საკრებულო ვერ იკრიბება და ვერ ირჩევს საკრებულოს თავმჯდომარეს.
იმ შემთხვევაში, თუ კი ბათუმში 2 აპრილის არჩევნების შემდეგ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად ოპოზიციის წარმომადგენელს აირჩევენ, საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ექნება, „ოცნების“ წარმომადგენლის შემთხვევაში კი – მმართველ პარტიას.
ბათუმის #4 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში 20 138 ამომრჩეველია. ამ ოლქში 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე მივიდა 11 535 ამომრჩეველი. მათგან 4838-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა ნუგზარ ფუტკარაძეს [ენმ], 4542- მა მამუკა კაკაბაძეს [ოცნება], 1481-მა კი – მინდია დევაძეს, „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატს.
„შენ ჩვენი შვილების მომავალი მოიპარე“, „მკვლელი და ქურდი“, – ეს წარწერები დღეს, 12 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე პუტინის პლაკატზე ბათუმში მცხოვრებმა უკრაინის, ბელარუსის და მოლდოვას რესპუბლიკების მოქალაქეებმა გააკეთეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პუტინის რეჟიმმა და ომის მუქარამ მათ მომავალი წაართვა.
აქციაზე ისმოდა უკრაინის და საქართველოს ჰიმნი.
„პუტინმა ჩვენი შვილების მომავალი მოიპარა“- ანტიპუტინისტური აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
„გაუფრთხილდით თქვენს ქვეყანას, საქართველოს, რადგან მისი დაკარგვა ძალიან იოლია და დაბრუნების შესაძლებლობა – ძნელი.
რუსეთში პუტინს ქურდს ეძახიან. პუტინმა მოიპარა უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს ტერიტორიები, პუტინმა მოიპარა ჩემი ქვეყანა – რუსეთი, მოიპარა ბელარუსი ერთი ბანდიტისთვის.
ყველა უნდა მიხვდეს, რომ ამ ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება. ისე უნდა ვქნათ, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს უფრო ხმამაღლა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიხვდეს – პუტინის მოსმენისას, შენ იქცევი ადამიანად, რომელიც თანამშრომლობს დამნაშავესთან.
პუტინი დამნაშავეა, ლუკაშენკო დამნაშავეა, მსოფლიოს ყველა დიქტატორი დამნაშავეა და ისინი ოდესმე დაისჯებიან. ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მალე მოხდეს“- განაცხადა აქციაზე რუსმა აქტივისტმა.
„მკვლელი და ქურდი“ – საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
სოლიდარობის ნიშნად აქციაზე საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
„ჩვენ საერთო ომში ვიმყოფებით, პუტინის რეჟიმი ცდილობს, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთის საფარქვეშ შეუძლებელია ადამიანი არ იყოს მკვლელი, ყაჩაღი და ცხოვრობდეს მშვიდად და ბედნიერად და ჩვენ არ გვინდა ასეთ არანაირ ალიანსში ცხოვრება და მეგობრობა ასეთ სახელმწიფოსთან.
ქართველი და უკრაინელი აქტივისტები პუტინის პოლიტიკას აპროტესტებენ. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
რუსეთი კი სწორედ ამ სისტემაში დაბრუნებით გვემუქრება.
თუ დღეს იქნება უკრაინა, შემდეგი შეიძლება ვიყოთ ჩვენ. როდესაც ჩვენი ხელისუფლება ასეთი პასიურია, ან მშიშარაა, ან შეკრულია რუსეთის ხელისუფლებასთან, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობამ დავანახოთ ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს, რომ მათ გვერდით ვართ“ – ამბობს ანდრია ფენი, აქციის მონაწილე.
ბათუმში მცხოვრები უკრაინელები, ბელარუსები და მოლდოველები პუტინის რეჟიმს აპროტესტებენ. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
აქციას ბათუმში „დროაც“ შეუერთდა. “დროას” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნათია ლეთოდიანის თქმით, პუტინი ისეთივე მტერია საქართველოსი, როგორც უკრაინის.
„აქ არიან ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ რუსეთის აგრესიას, იმას, რაც დღეს ხდება და რაც ხდებოდა ბოლო წლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა აქციას, სადაც მთავარი მესიჯი არის, რომ რუსეთი არის აგრესორი და პუტინი ჩვენი მტერია“ – ამბობს ნათია ლეთოდიანი.
ანტიპუტინისტური აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძებათუმი ევროპის მოედანი – ანტიპუტინისტური აქცია. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე
პარაცეტამოლი ძირითადად სიცხის დამწევად გამოიყენება, თუმცა მას ზოგჯერ ტკივილის გასაყუჩებლადაც იყენებენ.
ქართული სააფთიაქო ქსელები პარაცეტამოლის ჯენერიკ მედიკამენტებს სწორედ ამ ჩვენებით ყიდიან – „სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება; მიღების ჩვენება – სხვადასხვა ეტიოლოგიის ცხელების და საშუალოდ გამოხატული ტკივილის სინდრომი (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, შაკიკი…)” – ვკითხულობთ პარაცეტამოლის შესახებ ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის ვებგვერდზე.
ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც პარაცეტამოლის ხშირი გამოყენება არტერიული წნევის მატებასთან და სხვა უსიამოვნო გვერდით ეფექტთან არის დაკავშირებული.
ედინბურგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული რანდომიზებული საკონტროლო კვლევის ფარგლებში შეისწავლეს ის გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ამ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას.
უახლეს კვლევაში ვკითხულობთ, რომ 110 პაციენტს, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ მაღალი წნევა, ორი კვირით ენიშნებოდა ერთი გრამი პარაცეტამოლი დღეში ოთხჯერ – რუტინულად დანიშნული დოზა პაციენტებში ქრონიკული ტკივილისას – ან შესაბამისი პლაცებო.
მათ, ვისაც გამოუწერეს პარაცეტამოლი, აღენიშნათ არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ზრდა, მათთან შედარებით, ვინც იღებდა პლაცებოს.
„ასეთმა მატებამ შესაძლოა გაზარდოს გულის დაავადების ან ინსულტის რისკი დაახლოებით 20 პროცენტით“ – ამბობენ ექსპერტები.
მკვლევართა ჯგუფი ამბობს, რომ ამ აღმოჩენებმა უნდა გამოიწვიოს პარაცეტამოლის გრძელვადიანი რეცეპტების გადახედვა, განსაკუთრებით კი იმ პაციენტების შემთხვევაში, რომელთაც მაღალი არტერიული წნევა აქვთ ან არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარებისა და ინსულტის განსაკუთრებული რისკის ქვეშ.
ეს კვლევა აჩვენებს, რომ პარაცეტამოლი, მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებადი პრეპარატი, ზრდის არტერიულ წნევას, რაც გულის შეტევისა და ინსულტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. ექიმებმა და პაციენტებმა ერთად უნდა განიხილონ პარაცეტამოლის გრძელვადიანი გამოყენების რისკები და სარგებელი, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის მქონე პაციენტებში“ – წერს ედინბურგის უნივერსიტეტის კლინიკური ფარმაკოლოგიის კათედრის პროფესორი ჯეიმს დეარი.
გერმანულ გამოცემა “დოიჩე ველესთან” საუბრისას პალიატიური ზრუნვის ცენტრის ექიმი გერმანიის ქალაქ გოპინგენში, გერჰარდ მიულერ-შვეფე ამბობს, რომ ეს პრეპარატი სინამდვილეში არც ისეთი უვნებელია, როგორც მიიჩნევა: „დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პარაცეტამოლს შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, განსაკუთრებით ბავშვებში“.
ზოგიერთი პაციენტი, რომელიც მოკლე დროში ვერ გრძნობს პარაცეტამოლის ეფექტს, მალევე იღებს დამატებით მეორე და შემდეგ კიდევ მესამე აბს, იმ იმედით, რომ რაც უფრო მაღალია დოზა, მით უფრო დიდი იქნება ეფექტი. „ასეთ შემთხვევებში, მართლაც არსებობს ღვიძლის დაზიანების რისკი“, – ხაზს უსვამს მიულერ-შვეფე.
გარდა ამისა გერმანელი სპეციალისტები პარაცეტამოლთან მიმართებაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას გამოკვეთენ – მედიკამენტმა შესაძლოა გამოიწვიოს დამოკიდებულება.
„იმისდა მიხედვით, თუ რამდენ ხანს და რამდენ პარაცეტამოლს იღებს ადამიანი, შეიძლება წარმოიქმნას დამოკიდებულება. პარაცეტამოლი უპირატესად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ანუ ზურგის და თავის ტვინზე“ – წერს “დოიჩე ველე”.
„ეს დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ცნობილი“, – განმარტავს მიულერ-შვეფე, – “თვისებრივი კვლევის წყალობით, ჩვენ ახლა უკეთ გავიგეთ, რომ პარაცეტამოლი თავის გავლენას ახდენს ზურგის ტვინის სისტემაზე, რომელიც აკონტროლებს ტკივილის შეგრძნებებს“.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში სოციალურ შემწეობას 174 ათასი ოჯახი იღებდა, სოციალურ პაკეტს კი 178 ათასი ოჯახი.
სტატისტიკური მონაცემებით, ამავე პერიოდში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 794 ათასი იყო ქვეყანაში. აქედან 28.5 პროცენტი კაცია, 71.5 პროცენტი კი ქალი.
სოციალური პაკეტის მიმღები 178 ათასი პირიდან 63.3 პროცენტი კაცია, 34.7 კი ქალი.
სოციალური პაკეტის მიმღებთაგან 71.9 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოადგენენ, 12.4 პროცენტს – მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები, 9.9 პროცენტს – ომის მონაწილეები, 5.5 პროცენტს – სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები, ხოლო 0.3 პროცენტს – სხვა სახის სოციალური პაკეტის მიმღები პირები.
რეგიონების მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა 26.7 პროცენტი თბილისში ცხოვრობს, 16.9 პროცენტი – იმერეთში, 11.4 პროცენტი აჭარაში, 9.7 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამურად 35.3 პროცენტი ფიქსირდება.
რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, 2021 წლის მდგომარეობით, საქართველოში 178 ათასი შშმ პირი ცხოვრობს. აქედან 60.9 არის კაცი, 39.1 პროცენტი კი ქალია.
საქართველოში საარსებო შემწეობას 174 ათასი ოჯახი იღებს/საქსტატი
დღეს, 12 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზმა და ბაჩი მექვაბიშვილმა განცხადება გააკეთეს ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების თქმით, ბათუმის გარეგანათებისთვის გამოცხადებული 29-მილიონიანი ტენდერი „ქართული ოცნების“ დამფინანსებელ კომპანიას მოაგებინეს.
„განათების სისტემებზე გუშინ დასრულდა ტენდერი, რომელიც უკონკურენტოდ მოიგო შპს „აჭარგანათებამ“. ჩვენ 24 იანვარს გავუგზავნეთ ქალაქის მერს წერილი და ვითხოვდით ტენდერთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც არ მოგვაწოდეს.
ეს არის კომპანია, რომელიც არჩევნების დროს აფინანსებს „ქართულ ოცნებას“. ბევრი კითხვა არსებობს მისი მისამართით და ამის მიუხედავად მაინც კონკურენციის გარეშე მოიგო მოიგო „აჭარგანათებამ“ ტენდერი“ – ამბობს რეზო ხარაზი.
ბაჩი მექვაბიშვილის თქმით, 2020 წლის სახელმწიფო აუდიტის მასალების მიხედვით, „აჭარგანათებამ“ 827 333 ლარი, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს დადასტურების გარეშე გადაურიცხა მიმწოდებელს.
„ამავე დოკუმენტში წერია, რომ გარდა ამ დარღვევისა, მოქმედი რეგულაციებით, საბაზრო ფასებთან შედარებით არანაკლებ 41 668 ლარით მეტი გადაუხადა „აჭარგანათენამ“ მიმწოდებელს. ამის მიუხედავად, აღნიშნული კომპანია მაინც იგებს მილიონიან ტენდერებს“ – ამბობს ბაჩი მექვაბიშვილი.
საკრებულოს ოპოზიციის განცხადებით, გარე განათების შესყიდვაზე გამოცხადებულ 29 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერის დოკუმენტაცია სრულყოფილად არ იყო ატვირთული.
„არც განმარტებითი ბარათი არსებობს, არც ხარჯთაღრიცხვაა დეტალურად მოცემული.
ჩვენ ვიცით, რომ სატენდერო პირობები არა მერიაში, არამედ „აჭარაგანათების“ ოფისში იწერება.
ორშაბათს მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს და დაიწყონ გამოძიება ამ ფაქტზე. კომპანიამ, რომელმაც ჩააბნელა ქალაქი და განათების ერთი ბოძი არ არის ნორმალური ქალაქში, მაინც მოიგო ტენდერი. ახლა არჩევნები იქნება, რისთვისაც „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ფული და სწორედ ამიტომ მოაგებინეს ეს ტენდერი, რომ კომპანიისგან მიიღონ დაფინანსება საარჩევნოდ“ – ამბობს რეზო ხარაზი.
ბათუმის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 29 მილიონ 800 ათასი ლარი ახალი გარეგანათების დამონტაჟებაზე დაიხარჯება. მერიის ინფორმაციით, გარეგანათების ძველი სანათები LED სანათებით ჩანაცვლდება. შეიცვლება 14 555 ერთეული სანათი.
31 იანვარს, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა ქუჩების ჩამონათვალი, სადაც გარეგანათება თვეების განმავლობაშია გამორთულია, ან ქუჩა ნაწილობრივ არის განათებული.
დღეს, 11 თებერვალს, ბათუმში საინიციატივო ჯგუფი „არ გადადო“ ჟურნალისტებს შეხვდა და განხორციელებული პროექტები გააცნო.
„არ გადადო“ თავისუფლების აკადემიის სტუდენტების პროექტია, რომელიც ბათუმში ხორციელდება. საინიციატივო ჯგუფი 30-მდე წევრს აერთიანებს.
„არ გადადოს“ წევრები სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობენ – ავარიული სახლები, სკოლებთან საგზაო უსაფრთხოების მოთხოვნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკა ბათუმში.
თავისუფლების აკადემიის პროგრამის მენეჯერის, გვანცა კვარაცხელიას თქმით, მათი მთავარი ამოცანაა არ დაშორდნენ მოსახლეობის საჭიროებებს და მომავლისთვის გეგმავენ „არ გადადოს“ გაძლიერებას, რათა შეძლონ შერჩეულ თემებზე უკეთ მუშაობა და დაიმატონ სხვა მიმართულებებიც.
თავისუფლების აკადემია თავისუფლების ინსტიტუტის პროექტია, რომლის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის კონტროლის გაძლიერება მოქალაქეების გაძლიერებით.
პროექტის მონაწილეებმა ჯერ სალექციო კურსი გაიარეს და შემდეგ თვითონ აარჩიეს, რაზე ემუშავათ. ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ეს პრობლემები მათ ეხებათ, მათი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ნაცნობებსა და მეზობლებს.
„ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ვფიქრობთ „არ გადადოს“ გაძლიერებას. ჩვენ ამას თანმიმდევრულად ვიზამთ, იმიტომ რომ საზოგადოებას ახლა სწორედ თანმიმდევრულობა აკლია და გვინდა, რომ თანმიმდევრული აქტივიზმით შემოვიტანოთ ეს თემები საჯარო სივრცეებში.
არა მხოლოდ ბათუმში, არამედ სხვადასხვა რეგიონში მივიტანთ და გავაძლიერებთ აქტივიზმს, ვფიქრობთ, ეს იქნება იმ შედეგის მომტანი, რომ საჯარო პოლიტიკით იქნება გაჟღენთილი სივრცეები და არა პოლიტიკოსების პერსონალური გასაჭირით“, – ამბობს გვანცა.
ნიაზ ჩიტიძე
საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი აქტივისტი, ნიაზ ჩიტიძე ავარიული სახლების მიმართულებით მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელია. იგი მისი ჯგუფის გამოცდილებაზე გვიყვება.
„ჩვენმა ჯგუფმა მიმართა მერიას, გავუგზავნეთ ოფიციალური წერილი მეილზე. უკუკავშირი გვქონდა ავარიულ შენობებთან დაკავშირებით, გამოგვიგზავნეს სია, რომელ შენობებზე დაიხარჯებოდა 18 მილიონი, მაგრამ კონკრეტულად რაში უნდა დაიხარჯოს ფული და როგორ განაწილდება ეს რესურსი, ამაზე ინფორმაცია ვერ მივიღეთ. მხოლოდ კორპუსების ჩამონათვალი მოგვაწოდეს, რომელი კორპუსი რა სამუშაოებს ექვემდებარება – ეს არ უთქვამთ.
ერთ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა უშუალოდ ბათუმის მერთან გასაუბრება ავარიული შენობებთან დაკავშირებით, მაგრამ მისი პასუხები ყოველთვის იყო აბსტრაქტული, არანაირი კონკრეტიკა, არც იმას არ ამბობდა საჯაროდ დაიდებოდა თუ არა ინფორმაცია და ზუსტად რაში დაიხარჯებოდა ეს 18 მილიონი.
პრობლემა საკმაოდ სენსიტიური და მნიშვნელოვანია. თუ მერია არ დაიწყებს სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან აქტიურ თანამშრომლობას, არ მოგვაწვდის ზუსტად ინფორმაციას, თუ როგორ ხარჯავს ჩვენს, ანუ ქალაქის ფულს, ყოველთვის იქნება ეჭვი, რომ რაღაც არ ხდება სწორად“, – ამბობს ნიაზი.
„არ გადადოს“ შეხვედრა ჟურნალისტებთან
25 თებერვალს თავისუფლების აკადემიის პროექტი სრულდება, თუმცა საინიციატივო ჯგუფ „არ გადადოს“ წევრების თქმით, ისინი არ აპირებენ გაჩერებას.
როგორც ნიაზ ჩიტიძე ამბობს, მალე „არ გადადო“ იმუშავებს კორუფციისა და ფლანგვის მიმართულებით.
„არ ვაპირებთ გაჩერებას, მალე დავიწყებთ მეოთხე მიმართულებით მუშაობასაც, თუ როგორ იხარჯება ქალაქის ბიუჯეტი და გვაქვს თუ არა საქმე კორუფციასთან. აქტიურები ვიქნებით ტენდერების მიმართულებითაც“, – ამბობს ნიაზი.
ავსტრალიამ კოალა გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაში შეიყვანა. ამის მიზეზი გახდა ქვეყანაში კოალების პოპულაციის მკვეთრი შემცირება.
ავსტრალიის ფედერალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ კოალას სპეციალური სტატუსი ექნება ორ შტატში და, ასევე, ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიაზე.
კოალა მხოლოდ ავსტრალიაში ცხოვრობს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, გვალვის, ტყის ხანძრისა და ხეების გაჩეხის შედეგად ქვეყანაში დაიღუპა კოალების დაახლოებით 30% .
ხანძრის გარდა კოალებს ემუქრებათ ჩვეულებრივზე თბილი ამინდი, რაც კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ კოალების შემცირება ამ ტემპით გაგრძელდება 20-30 წლის განმავლობაში, კოალა შესაძლოა შუა ასწლეულში საერთოდ გაქრეს ველური ბუნებიდან.
„დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის მნიშვნელობა არა აქვს მძიმე შედეგის დადგომას. მაგალითად, ძალადობას შესაძლოა არ მოჰყვეს ფიზიკური ტკივილიც კი. ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას შესაძლოა არ მოჰყვეს მნიშვნელოვანი ზიანი და ა.შ,“ – ამ სახის განმარტება დასჭირდა მოსამართლე თათია გოგოლაურს „ძმები წულუკიძეების, ჭელიძეების და ელდარ ანთაძის საქმეში“.
მოსამართლის განმარტება განსაკუთრებით საინტერესოა მაშინ, როცა ამავე მოსამართლის მიერ მიღებული განაჩენის მიხედვით, დაზარალებულად ცნობილი „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ წევრები არიან „მსუბუქი ხარისხის“ დაზიანებით, ხოლო ბრალი, რომლითაც მოსამართლემ 7 კაცი ციხეში გაუშვა, ასეთია: „მონაწილეობა ჯგუფურ მოქმედებაში, რასაც თან ახლავს ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება“.
საქმეშია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ჩანაწერი დაზარალებულად ცნობილი „უძლიერესი კაცების“ შესახებ: „ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს“. კიდევ ერთი ექსპერტიზით კი, რაც დაზიანებულ ავტომანქანას უკავშირდება: „მატერიალური ზარალის ოდენობა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით შეადგენს 40 ლარს“.
მოსამართლე თათია გოგოლაურმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 25 დეკემბერს ძმებ – ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს 5 – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო ძმებ ჭელიძეებს და მათ ორ ბიძაშვილს – 4 – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ საქმეში სულ 7 მსჯავრდებულია.
ელდარ ანთაძე, ჭელიძეები და წულუკიძეები გასული წლის აპრილში დააკავეს მას შემდეგ, როცა ისინი ქუთაისში, რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაში მონაწილეობდნენ. დაკავებულები ამბობდნენ, რომ მათ პროვოკაცია მოუწყვეს, რადგან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები არიან. და მანამდე არაერთ საპროტესტო აქციაშიო მონაწილეობდნენ. დაზარალებულების მტკიცებით კი, ისინი რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაზე სცემეს.
ვიდრე სასამართლო დაიწყებოდა, ადვოკატი ირაკლი შავაძე რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებდა ყურადღებას, რაც, მისი აზრით, ადასტურებდა იმას, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და პოლიტიკურად აქტიური ადამიანები ციხეში გაუშვეს.
მაგალითად, ადვოკატი ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ გამოძიება შვიდივე ბრალდებულს ედავებოდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას იმ დროს, როცა იმავე მუხლის პირველი ნაწილით, ანუ უშუალოდ ჯგუფურ ძალადობაზე გამოძიება არც კი დაწყებულა.
პოლიტიკურ ინტერესზე ეჭვები გაჩნდა მაშინაც, როცა გაირკვა, რომ დაზარალებულად ცნობილი პირები „უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ ახვლედიანი, ასევე ამ ფედერაციის წევრები დავით ჭოხონელიძე და გიორგი ბარჯაძე არიან. ეს ორგანიზაცია კი, ბიუჯეტიდან ფინანსდება.
აქციაზე დაზარალებულები კიდევ ორ საჯარო მოხელესთან ერთად იყვნენ – ქუთაისის მერიის შიდა უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელი, ოთარ ბენდუქიძე და ერთ-ერთი სპორტული მოედნის დაცვის თანამშრომელი, გიორგი გორგიძე. ისინი სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში რიონის ხეობის დასაცავად გამართულ აქციაზე მივიდნენ „უძლიერეს კაცებთან“ ერთად.
დაზარალებულების მტკიცებით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ ბათუმიდან ჩასულმა ბიჭებმა სცემეს ისე, რომ დასახმარებლად 112-ზე დარეკეს. მოსამართლისთვის სწორედ დაზარალებულების ნათქვამი აღმოჩნდა სარწმუნო.
„…როდესაც საპროტესტო აქციაზე მივედით, იქ ნაცნობი სპორტსმენები ვნახეთ,“ – უთხრა მოსამართლეს ავთანდილ ახვლედიანმა – „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. – „შემდეგ ხალხი მომრავლდა და აქციის მონაწილეებმა სურვილი გამოთქვეს, რომ კომპანია „ენკას“ ოფისთან მისულიყვნენ. როდესაც კომპანია „ენკას“ ოფისთან მივედით, იქ დავინახე ბრალდებულები, რომელთაგან თავდაპირველად ვიცანი ფირუზ წულუკიძე და რეზო წულუკიძე. ვკითხე, იქ რა ესაქმებოდათ, ვინაიდან ბუკნარში მომხდარი ფაქტის შემდეგ, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. ამასთან, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზაციების განცხადებით, აქციაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ უნდა ყოფილიყვნენ.
მითხრეს, რომ პოლიტიკური პარტიის წევრები არ ვართო, თუმცა ტელევიზიიდან ყველასთვის ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს იცავდნენ… საპროტესტო აქციაზე მყოფმა ქალბატონებმა და სასულიერო პირებმა როდესაც გაიგეს, რომ ფირუზ წულუკიძე, რეზო წულუკიძე და მათი თანმხლები პირები ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ და ქრისტიანებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, მათ მიმართ უკმაყოფილება გამოთქვეს. ბრალდებულებს მიმართა, რომ უმჯობესი იქნებოდა ის ადგილი დაეტოვებინათ, რადგან მათი იქ ყოფნა ხალხს არ მოსწონდა,“ – ვკითხულობთ განაჩენში.
სასამართლოსთვის „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს უთქვამს ასევე, რომ ფიზიკური დაპირისპირება რეზო წულუკიძესთან დაიწყო: „თავი თავზე მომადო, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და ხელი დამარტყა სახის არეში, მას ფირუზ წულუკიძეც აჰყვა, ელდარ ანთაძემ კი, მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი სასულიერო პირები და პატრიარქი უწმაწური სიტყვებით მოიხსენია. შემდეგ ყველამ ფიზიკური ძალადობა დაიწყეს… მთელი მასა მე და დავით ჭოხონელიძეს გვირტყამდა, ერთ-ერთს კასტეტის მსგავსი რკინის საგანი ჰქონდა, რომელიც ცხვირში მოხვდა და დავზიანდი.. ქვების სროლასაც ჰქონდა ადგილი… რეზო წულუკიძე, ფირუზ წულუკიძე და ელდარ ანთაძე გამეტებით მცემდნენ, ასევე სხვებიც მირტყამდნენ გვერდებში და თავში… ფიზიკური ძალადობის დროს ელდარ ანთაძემ თავზე კაპიუშონიანი ქურთუკი გადმომაფარა და ვეღარ ვხდებოდი, ვინ მირტყამდა“, – უთქვამს სასამართლო პროცესზე „უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის“ წარმომადგენელს.
12 აპრილის ინციდენტი სასამართლო პროცესზე გაიხსენეს ბრალდებულებმაც, მათ შორის, ფირუზ წულუკიძემ, ევროპის ჩემპიონმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
„შუადღის საათებში მივედით ადგილზე, სადაც საპატრულო პოლიციას გზა ჰქონდა გადაკეტილი, დაახლოებით 500 მეტრი ფეხით გავიარეთ, აქციის მონაწილეები ტაშიც შეგვეგებნენ“, – უთხრა მოსამართლეს ფირუზ წულუკიძემ. – „შემდეგ აქციის მონაწილეებთან ერთად კომპანია „ენკას“ ოფისთან გადავინაცვლეთ, რა დროსაც ჩემთან ავთანდილ ახვლედიანი მივიდა და მითხრა, შენ ის ადამიანი არ ხარ, „ნაციონალების“ ოფისში, რომ ნ.მ.-ს იცავდი? [განაჩენი სასამართლომ დაშტრიხული ფორმით გამოგვიგზავნა] ეს არის ნაციონალების აქციაა და არც მეჩეთებს აშენებებო. მე ავთანდილ ახვლედიანთან პოლემიკაში არ შევსულვარ… აქციის მონაწილეებმა მითხრეს, რომ ავთანდილ ახვლედიანი პოლიციიდან არის, პროვოკატორია და მოვერიდოთო“, – ვკითხულობთ განაჩენში.
ამ შელაპარაკების შემდეგ ჩნდება თამაზ ჭილაძე, რომელსაც ასევე 4 წლით შეუფარდეს თავისუფლების აღკვეთა. ის ჰყვება, რომ ავტომანქანაში იჯდა, როცა „უძლიერესი კაცები“ სიტყვიერად დაემუქრნენ, რადგან წულუკიძეებს ახლდა და შემდეგ მანქანას ფეხები დაუშინეს.
თამაზ ჭელიძის ჩვენებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ადვოკატი ირაკლი შავაძეც, რადგან მისი თქმით, დადასტურებადი იყო, რომ თამაზ ჭელიძე ინციდენტის ადგილზე საერთოდ არ იყო და მეორე: მან გზიდან ფირუზ წულუკიძეს ტელეფონზე დაურეკა.
„თამაზი დამიკავშირდა და მითხრა, ქვევით არ ჩახვიდეთ, რადგან უცხო პირები მოვიდნენ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და ავტომანქანას ფეხები ურტყეს, გავიქეცი მეო…,“ – აღნიშნა ფირუზ წულუკიძემ, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა პოზიცია იმაზე, რომ ამ ნაწილშიც გამოძიება ობიექტურად და სამართლიანად არ ჩატარდა:
„სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ ჩატარდა ობიექტურად. კერძოდ, დაცვის მხარე უთითებს, რომ გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ, არ მომხდარა ვიდეო კამერების ჩანაწერების გამოთხოვა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მომხდარი ინციდენტის დროს, თამაზ ჭელიძე შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევისა და უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას,“ – წერს მოსამართლე თათია გოგოლაური.
ეს ის ეპიზოდია, რითაც შეიძლება გამოჩენილიყო, რამდენად ამბობდნენ სიმართლეს „უძლიერესი მამაკაცები“, თუმცა მოსამართლემ ეს გამოსავალი იპოვა: „თ—– ჭ–––ის ზუსტი ადგილსამყოფლის დადგენა შეუძლებელია,“ – აღნიშნულია განაჩენში.
ფირუზ წულუკიძის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, თამაზ ჭელიძესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჰქონდა ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებასაც, როცა მის ქუთაისელ მეგობარს, ქეთი კობაურს ავთანდილ ახვლედიანმა შეაგინა:
„ავთანდილ ახვლედიანმა ბორიდიურიდან დამიძახა, თქვენ კიდევ აქ ხართო?“ – განაგრძო თხრობა ფირუზ წულუკიძემ. – „მასთან მივედი და ვუთხარი, რატომ ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას. მან კვლაც მითხრა, რომ იქ არაფერი მესაქმებოდა და მეჩეთებს არავინ ამიშენებდა. ავთანდილთან ქეთი კობაური მივიდა და უთხრა: რა გინდა, მე და ჩემი ბიძაშვილიც ქუთაისელები ვართ, ჩვენთან არიან ეს ადამიანები და შეეშვითო. ავთანდილ ახვლედიანმა ქეთის ხელი ჰკრა, მოიშორა და შეიგინა.
ავთანდილთან რეზო მივიდა და მათ შორის შელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ავთანდილ ახვლედიანმა რეზოს თავი დაარტყა. ავთანდილ ახვლედიანის გვერდით დავით ჭოხონელიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ედგა, ორივე მხრიდან, ერთმანეთის მოცილების მიზნით ხელის კვრას ჰქონდა ადგილი. შეხლა-შემოხლა ავტომანქანას და ღობეს შორის გაგრძელდა, სადაც ჭიშკარი იყო. კონფლიქტი დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა, რა დროსაც, აქციის მონაწილეების მხრიდანაც იყო ძიძგილაობა და ავთანდილ ახვლედიანი და დავით ჭოხონელიძე
ჭიშკრის გაღების შედეგად ქვემოთ ჩავარდნენ…“ – დაასრულა ფირუზ წულუკიძემ.
მოსამართლისთვის სარწმუნო არ აღმოჩნდა ის, რაც ბრალდებულებმა თქვეს, რადგან ისინი მეგობრები არიან. მოსამართლემ ხაზი გაუსვა განაჩენში მოწმეებისგან ნათქვამ კიდევ ერთ ფრაზას:
„რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, სასამართლომ შეაფასა ისინი ყოველმხრივ და ობიექტურად და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული ჩვენებები არ არის სანდო რიგი გარემოებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში ცალსახად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაცვის მხარის მოწმეები, გარდა ნ— ნ——ისა, ბრალდებულების მეგობრები არიან, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნეს, რომ საპროტესტო აქციებზე ბრალდებულებთან ერთად დადიან და როდესაც გვერდში დგომა საჭიროა, ყოველთვის ერთად არიან,“ – ვკითხულობთ განაჩენში.
კიდევ ერთი დეტალი – ფირუზ წულუკიძემ 2020 წლის 15 ივნისს თქვა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის – თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძემ, მას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად შეხვდა და წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მონაწილეობით ე.წ. ზონდერჯგუფის შექმნა შესთავაზა. ამ დროს ფირუზ წულუკიძის ძმა რეზო წულუკიძე და მისი მეგობარი – ელდარ ანთაძე სხვა საქმეზე იყვნენ ბრალდებულები. წულუკიძეების თქმით, შეთანხმება მთავრობასთან არ შედგა. რამდენიმე თვის შემდეგ კი, წინასაარჩევნოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, წულუკიძეებმა სოფელ დიდაჭარაში არ შეუშვეს.
ბათუმში, ქიქავას ქუჩაზე მცხოვრებლებმა დღეს, 11 თებერვალს, საპროტესტო აქცია მოაწყეს და ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართეს. ისინი მთავრობისგან მათზე დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის – 18 984 ლარის ჩამოწერას ითხოვენ, ხოლო ენერგოკომპანიისგან ქიქავას ქუჩაზე ელექტროქსელის მოწესრიგებასა და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.
ქიქავას #9-ში 63 ოჯახი ცხოვრობს. ოჯახების ნაწილი ყოფილი საავადმყოფოს შენობაში თვითნებურადაა შესახლებული, ნაწილი კი ბარაკული ტიპის სახლებში ცხოვრობს.
იმის გამო, რომ ოჯახები თვითნებურად არიან შესახლებული, „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ არ არიან რეგისტრირებული ინდივიდუალურ აბონენტებად. აქვთ ინდივიდუალური მრიცხველები, რომლის მიხედვითაც, ქიქავას ქუჩის მცხოვრებლები თავად კრებენ ელექტროენერგიის გადასახადს და შემდეგ ერთიან თანხას რიცხავენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ მათთვის გამოყოფილ ანგარიშზე.
კითხვაზე, თუ რატომ უნდა ჩამოაწერონ მათ დაგროვილი დავალიანება, ქიქავას ქუჩის მცხოვრებლებს ერთი პასუხი აქვთ, რომ პანდემიის გამო გამოყოფილი კომუნალური სუბსიდიები, მათაც ისევე ეკუთვნით, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს.
„აქ ყოველ მეორე ოჯახს მცირეწლოვანი ჰყავს. ძალიან ვიწრო ფართობში ვცხოვრობთ – ღუმელს ფიზიკურად ვერ დავდგამთ. გაზი არ არის. დენის გამათბობლით ვთბებით მთელი ოჯახი. გაითიშა შუქი, გამიცივდა ბავშვი. გაუსაძლისია ასე ცხოვრება. ინჰალაცია უნდა გამეკეთებინა დღეს ბავშვისთვის, მთელი დღეა შუქს ველოდები, მაგრამ არ მოსულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქიქავას #9-ში მცხოვრებმა ირინა რიჟვაძემ.
შეშის ღუმელით თბება ქიქავას ქუჩის კიდევ ერთი მცხოვრები დარინა მჟავანაძე. უშუქობა მისთვისაც რთულია.
„სამი ბავშვი მყავს სიბნელეში, სანთლის შუქზე როგორ უნდა მყავდეს. პატარა ერთი წლისაც არაა და გიჟდება ბავშვი ისეთ დღეში შედის, როცა შუქი არაა,“ – ამბობს დარინა.
არასტაბილური ელექტროენერგიის მიწოდებაზე ჩივის ინგა ქარცივაძე. მისი თქმით, როცა მათ ქუჩაზე შუქი მოდის, ხშირად მიწოდება არასტაბილურია, რასაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანება მოჰყვება ხოლმე.
„დენი თამაშობს. ამის გამო ორჯერ გავაკეთე მაცივარი. გუშინ კონდიციონერის პრობლემა მქონდა. ვითხოვთ მოვიდნენ ენერგო-პროდან და გამართონ ქსელი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ინგა ქარცივაძემ.
„ექვსი თვის წინ ისეთი ცუდი დენი მოვიდა უცებ ყველაფერი დაიწვა – მაცივარი, გამწოვი, ინტერნეტის კაბელები – ყველაფერი დაიწვა,“ – ჩაერთო საუბარში დარინა მჟავანაძე.
ქიქავას ქუჩის მცხოვრებთა პრობლემების მოსაგვარებლად ბათუმის მერს მიმართა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნაზი ფუტკარაძემ. მაჟორიტარი დღეს საპროტესტო აქციაზეც იდგა.
„მერიდან ჯერ პასუხი არ მიმიღია. გუშინ მთავრობის აპარატშიც შევიტანე ამ პრობლემის მოგვარებაზე. ვნახოთ რა რეაგირება ექნება,“ – თქვა ნაზი ფუტკარაძემ.
რას ამბობს „ენერგო-პრო ჯორჯია“
„აბონენტად რეგისტრაციას განსაზღვრავს სემეკის შესაბამისი დადგენილება. აბონენტად რეგისტრაციისთვის საჭიროა აღნიშნულმა პირებმა კომპანიაში შემოიტანონ განაცხადი და თან დაურთონ დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტაცია. განაცხადის შემოტანის შემდეგ კომპანია იმოქმედებს არსებული კანონმდებლობის მიხედვით,“ – განგვიმარტეს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში.
კომპანიის განმარტებით, ქიქავას ქუჩას კომპანია ძაბვას აწვდის დაშვებული ნორმის ფარგლებში.
„რაც შეეხება დავალიანებას, რამდენიმე თვის დავალიანებაა. კომპანია ყოველთვის ითვალისწინებდა შესაძლებლობის ფარგლებში მათ თხოვნას, არაერთხელ გადავუნაწილეთ დავალიანება მოლაპარაკებების შედეგად,“ – განმარტავს „ენერგო-პრო ჯორჯია“.
ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე თანამდებობას ტოვებს.
როგორც ირაკლი შარაბიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ის ამჟამად შვებულებაში იმყოფება და სამსახურში 14 თებერვალს გავა.
„ორშაბათს ვაპირებ სამსახურში გასვლას და განცხადების დაწერას “, – გვითხრა მან.
კითხვაზე, თუ რატომ მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება, ირაკლი შარაბიძე ამბობს, რომ დიდი ხანია, რაც რექტორად მუშაობს და დაიღალა.
„ძალიან დიდი ხანია რაც რექტორი ვარ, ათი წელია უკვე და ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთე. ძალიან დავიღალე. როცა ამოწურავ რესურს, უნდა მიხვდე და გადააბარო სხვას. მე მაქვს აკადემიური თანამდებობა საზღვაო აკადემია და ვრჩები ლექტორად“, – გვითხრა ირაკლი შარაბიძემ.
ბათუმის საზღვაო აკადემია სამართლებრივად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექვემდებარება. შესაბამისად, აკადემიის რექტორსაც ეკონომიკის მინისტრი ნიშნავს.
პროკურატურის ცნობით, გორის საქალაქო სასამართლომ და არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გ.ზ. დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ზ. ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვან დაზარალებულს სხვადასხვა დროს აუპატიურებდა“ – წერს პროკურატურა.
გორის საქალაქო სასამართლომ გ.ზ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ნებისმიერი მკითხველის ურთიერთობა წიგნთან ძალიან ინდივიდუალურია და ინტიმურიც. ამ კავშირის დამყარება, ალბათ, ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება, როცა პირველად ვიწყებთ წიგნთან ურთიერთობას და ნელ-ნელა ვიცვლებით. სწორედ წიგნთან ამ ინდივიდუალური კავშირის ამბავს მინდა შევეხო, რომლის ახსნასაც საკუთარი დამოკიდებულების განხილვით შევეცდები.
ყოველთვის მინდოდა ისეთი მკითხველი ვყოფილიყავი, წაკითხვის შემდეგ წიგნის მთავარი პერსონაჟების სახელები თუ ავტორის მიერ ნახსენები დეტალები საფუძვლიანად რომ ებეჭდებათ მეხსიერებაში. მე კი ამ დროს, ხშირ შემთხვევაში, წიგნის დასასრულიც კი არ მახსოვს. ალბათ ძალიან უცნაურად ჟღერს, კითხულობ წიგნს და არ გახსოვს არათუ როგორ განვითარდა მოვლენები, არამედ საერთოდ, როგორ დასრულდა წიგნი. ერთადერთი, რაც წიგნის დასრულების შემდეგ მამახსოვრდება, არის ჩემი დასკვნითი ემოცია ამ წიგნის მიმართ. მარტივად რომ ავხსნა, თითოეული წიგნი ჩემთვის ქმნის ემოციას, რაც კონკრეტული წიგნის წაკითხვის შემდეგ რჩება ჩემში.
საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ წიგნებს ტყუილად ვკითხულობდი. ლოგიკურიცაა, თუ არც პერსონაჟი გახსოვს, არც წიგნის შინაარსი და მითუმეტეს არც დასასრული, მაშინ, რა აზრი აქვს წიგნის კითხვას. ეს პერიოდი გაგრძელდა მანამ, სანამ შემთხვევით არ დავიწყე წაკითხული წიგნებიდან გაუცნობიერებულად აღებული და ჩვევად ქცეული ღირებულებების მიგნება საკუთარ თავში. ეს ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რაც ჩემს თავზე გამიკეთებია.
ამ საკითხზე როცა ვფიქრობ, ყოველთვის ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული წიგნი – „თამაში ჭვავის ყანაში“ მახსენდება, რომელშიც წიგნის მთავარ გმირთან, ჰოლდენ კოლფილდთან ისედაც უამრავი მსგავსების გარდა, კიდევ ერთი საერთო აღმოვაჩინე, როდესაც ის ამბობს: საკმაოდ გაუნათლებელი ვარ, მაგრამ ძალიან ბევრს ვკითხულობ. (I’m quite illiterate, but I read a lot)
ამ სიტყვებმა აღმომაჩენინა, რომ ამ ამბავში მარტო არ ვარ და შემდეგ ჩემი ახალი აღმოჩენის ძიებას შევუდექი. ჩემი ფიქრი, რომ წიგნებს ტყუილად ვკითხულობდი, გაქრა და მივედი დასკვნამდე, რომ რასაც ვკითხულობ, არათუ დამავიწყდა, არამედ ძალიან ღრმად ილექება ჩემს ქვეცნობიერში, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ცოდნას და ამავდროულად არის გაცილებით მეტი, ვიდრე მხოლოდ შინაარსი. როდის და რა ფორმით იჩენს ეს თავს, ცალკე საკითხია.
მოგზაური ბიბლიოთეკის შესახებ რომ გავიგე, დავფიქრდი თითოეულ იმ ბავშვზე, რომელიც ამ პროექტის მეშვეობით მალე საკუთარ თავში ახალ აღმოჩენებს დაიწყებს. თითოეული წიგნის დასასრულს შეიძლება პერსონაჟების სახელებიც ახსოვდეს და დიალოგის თანმიმდევრობაც, ეს ყველა მკითხველის შემთხვევაში ძალიან ინდივიდუალურია. რაც ყველას გვაერთიანებს, არის შინაგანი სამყაროს ზრდა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მოგზაური ბიბლიოთეკა ამ ბავშვებისთვის ძალიან დიდი ცვლილებების დასაწყისია.
შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში
გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე
სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22; ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000103117598 ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
2021 წელს აჭარაში გამოკვლეული 6000 ორსული და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალიდან 3908-ს სისხლში ტყვია გამოუვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.
სისხლში ტყვიის ყველაზე მაღალი შემცველობა – 25 მიკროგრამი დეცილიტრი ტყვია გამოუვლინდა 62 (3%) ბენეფიციარს.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, კვლევის შედეგად 3908 (65.1%) ბენეფიციარს გამოუვლინდა სისხლში ტყვიის დონე ≥5 მკგ/დლ, მათ შორის:
≥5-<10 მკგ/დლ ჰქონდა გამოკვლეულთა 42%-ს (2519);
≥10 – <14 მკგ/დლ – 43.6%-ს(912);
≥15- < 25 მკგ/დლ – 6.9% (415);
≥ 25 მკგ/დლ -3% (62).
ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის [CDC] ცნობით, თუ ზრდასრული ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ექვემდებარებოდა ტყვიის ზეგავლენას ან წარსულში ჰქონდა სისხლში ტყვიის მაღალი დონე, მათ ძვლებში შენახული ტყვია შეიძლება გამოიყოს სისხლში ორსულობის დროს.
ხოლო, თუ ორსული ექვემდებარება ტყვიის ზეგავლენას ორსულობის პერიოდში, ტყვიის ზეგავლენა შესაძლოა გავრცელდეს მის განვითარებად ჩანასახზე.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის თანახმად, ორსულობის დროს სისხლში ტყვიამ შეიძლება გამოიწვიოს:
გესტაციური ჰიპერტენზია;
პრეეკლამფსია;
სპონტანური აბორტი;
ნაადრევი მშობიარობა
მცირე მასის ახალშობილით მშობიარობა
ნაყოფის ნერვული მილის დეფექტი.
ძუძუთი კვება დასაშვებია სისხლში ტყვიის მაქსიმუმ <40 მკგ/დლ მაჩვენებლის დროს.
ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით, ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს ყველა ახალშობილში, რომელთა სისხლში ტყვიის შემცველობა 5 მკგ/დლ-ზე ნაკლებია. თუმცა, არ არის რეკომენდებული ახალშობილის ძუძუთი კვება, იმ შემთხვევაში, თუ დედის სისხლში ტყვიის შემცველობა 20 მკგ/დლ-ზე მეტია, ჩვილის სისხლში ეს მაჩვენებელი ≥5მკგ/დლ-ია და ტყვიის ექსპოზიციის გარეგანი წყარო არ არის იდენტიფიცირებული.
რის გამო არის ტყვის მსგავსი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში და განსაკუთრებით აჭარაში, სათანადოდ შესწავლილი და დადგენილი კვლავაც არ არის.
NCDC-ის გაიდლაინით, სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 5 მკგ/დლ-ზე ნაკლები ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა გაიდლაინში ასევე განმარტებულია, რომ არ არსებობს ტყვიის შემცველობის უსაფრთხო დონე.
თუ ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 5-10 მკგ/დლ-ის ფარგლებშია ფიქსირდება ტყვიის ზეგავლენა მსუბუქი დოზით. ამან, შესაძლებელია, იმოქმედოს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
თუ ბავშვის სისხლში ტყვიის შემცველობის დონე 10-30 მკგ/დლ-ის ფარგლებშია ეს ბავშვის ჯანმრთელობისათვის პოტენციურ რისკებს ქმნის.
„ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის“ ღონისძიება ითვალისწინებდა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის განსაზღვრას გრაფიტული აბსორბციის ატომური სპეტრომეტრული ან/და პლაზმური მასპექტრომეტრული მეთოდით, აჭარის სამედიცინო დაწესებულებებში.
კვლევის მონაწილეები არიან 2021 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“ ანტენატალური კომპონენტით მოსარგებლე ორსულები და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ აჭარის ტერიტორიაზე.
საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა.
მთავრობის ცნობით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს, 11 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გაცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.
მთავრობის ცნობით, კომისიის გადაწყვეტილებით, საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც „მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს“.
დავითაშვილი იმედოვნებს, რომ კონკურსში ბანკების მხრიდან მაღალი კონკურენცია იქნება, რაც უზრუნველყოფს პენსიონერების უფლებების დაცვას და მათთვის მაქსიმალურად მისაღები პირობების შეთავაზებას.
უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კომისიის საქმიანობაში ასევე ჩართულია საქართველოს ეროვნული ბანკი.
აქამდე პენსიით აღებული სესხში პენსიონერები 30 პროცენტზე მეტს იხდიდნენ. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებს სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
დღეს, 11 თებერვალს, ავარია მოხდა ბათუმში, ლერმონტოვისა და ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად სამი მანქანა დაზიანდა, დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა შემთხვევის ადგილიდან.
11 თებერვლის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსის 1654 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი. დროის ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 834 მოქალაქე.
საყოფაცხოვრებო, განსაკუთრებით კი ელასტომერული მასალების ღია წესით დაწვა ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ასსაბურავებითი მასალაა საბურავიც, რომელსაც დაძველების შემდეგ ხშირად წვავენ, შიგთავსიდან მეტალი რომ გამოათავისუფლონ.
საბურავები შეიცავს მონომერებსა და პოლიმერებს, ესენი კი თავის მხრივ შეიცავენ ბენზოტრიაზოლს, ფორმალდეჰიდს, ფენოლსა და სხვა მავნე კანცეროგენულ ნივთიერებებს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დავით ჩხაიძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ არამცთუ წვის, არამედ ავტომანქანის ძლიერი დამუხრუჭების დროსაც კი ეს ტოქსიკური ნივთიერებები ჰაერში იფრქვევა და განსაკუთრებით საზიანოა ჯანმრთელობისთვის მისი შესუნთქვა, როცა ჯერ კიდევ 1 მეტრის სიმაღლეზეა მიწის ზედაპირიდან.
„საბურავების წვისას ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების ჟანგბადთან შეხებით ისეთი აგრესიული ნივთიერებები გამოიყოფა, როგორიცაა მაგალითად: იზოპრენი, პეროქსიდები, გოგირდის ორჟანგი, ტყვია, თუთიის სულფიდი და სხვა. ეს კანცეროგენები ადამიანებზე ძალიან მავნედ ზემოქმედებს.
სამწუხაროდ, გარკვეული კონცენტრაციით მათი შესუნთქვა იწვევს სიმსივნეებს. დედამიწის ზედაპირიდან 1 მეტრის სიმაღლეზე დატრიალებული ეს ნივთიერებები მოქმედებს ყველაზე მავნედ. ცოტა უფრო ზევით ასვლისას თანდათან განიფრქვევიან“, – ამბობს დავით ჩხაიძე.
ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ელასტომერული მასალის ღია წესით ან არადანიშნულებრივ საწვავ დანადგარში დაწვა კანონდარღვევად მიიჩნევა და გათვალისწინებულია ჯარიმაც – 1500 ლარი. ამავე კოდექსის მიხედვით, განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების უფროსის, ნატო დავითაძის თქმით, აჭარის და გურიის სამმართველოში გასული წლის განმავლობაში მსგავსი ტიპის სამართალდარღვევის დაახლოებით 10 ფაქტია გამოვლენილი:
„ყველა ამ ფაქტის გამო გატარდა ადმინისტრაციული ღონისძიება. ეს ნიშნავს იმას, რომ ოქმი გადაეცა სასამართლოს და სასამართლო დადგენილებით სახდელი დაეკისრათ სამართალდამრღვევებს“, – ამბობს ნატო დავითაძე.
მისივე განმარტებით, თუ მოქალაქე შეესწრება ფაქტს, როცა ღია წესით საბურავებს ან სხვა სახის ელასტომერულ მასალებს წვავენ, მას შეუძლია მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე: 153.