მთავარი,სიახლეები

როგორ ეზიდებოდნენ მიწას ურმებით ბათუმის ბულვარის გასაშენებლად

25.01.2021 • 6678
როგორ ეზიდებოდნენ მიწას ურმებით ბათუმის ბულვარის გასაშენებლად

ბათუმის ბულვარის ისტორია მე-19 საუკუნის დასასრულს დაიწყო. ამ დროს ბათუმში ცხოვრობდა მწერალი დავით კლდიაშვილი, რომლის მოგონებებში – „ჩემი ცხოვრების გზაზე“ ვკითხულობთ, როგორ არ სჯეროდათ ბათუმში, რომ ზღვისპირას, ქვითა და ქვიშით დაფარულ ადგილას, მცენარეების გაშენება შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა დიდი ძალისხმევის შედეგად სანაპიროზე ბულვარი გაშენდა.

„ახლად დანიშნული პოლიცმეისტერი, ვინმე პოლკოვნიკი ვოზნოსენსკი სწორედ სასურველი პიროვნება აღმოჩნდა. დიდი ენერგია დახარჯა მან ბათუმის გალამაზებისთვის.

ფოთიდან მან გადმოიყვანა ნასწავლი მებაღე, გერმანელი რესლერი, თავისი ხელობის ზედმიწევნით მცოდნე მოხუცი კაცი. განიერი ქუჩების ნაპირები შეიმკო დარგული ჭადრებით. ზღვის ნაპირას გაჩაღდა მუშაობა, – შეუდგნენ ბულვარის კეთებას ქვიშიანზე.

ყველას ეცინებოდა ასეთი მუშაობის გამოწყობა. ეუცხოებოდათ, თუ სიპ ქვიშაზე რა ბულვარი უნდა გაშენებულიყო, მაგრამ ვოზნესენსკიც და მისი მუდამ გაყუჩებული ბებერი რესლერი არხეინად განაგრძობდნენ გამოწყობილ საქმეს, – აყრიდნენ ქვიშას ურმებით მოზიდულ მიწას, იღებდნენ ორმოებს, რგავდნენ მცენარეებს.

არავის სჯეროდა, თუ ამ მუშაობიდან რაიმე სახეირო გამოდნებოდა, მაგრამ რამდენიმე წლის გამუდმებული მუშაობის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ საკეთილო საქმე იყო დაწყებული – ზღვის ნაპირზე გადაიშალა ლამაზი ნორჩი ბულვარი, შემდეგში ბათუმის მშვენებად გამხდარი“. [„ჩემი ცხოვრების გზაზე“ – დავით კლდიაშვილი]  

მებაღე რესლერს ხელშეკრულება ათი წლის ვადით გაუფორმდა, მაგრამ 1884 წელს იგი გარდაიცვალა და ბათუმის გამწვანების საქმე ფრანგ მებაღე-დეკორატორს, დ’ალფონსს გადააბარეს.

ბულვარის გრუნტი რიყის ქვისა და ქვიშის ფენას წარმოადგენდა. ამიტომ ნარგავებისათვის საჭირო ხელოვნური ნიადაგის შექმნის მიზნით მიწას და ნაკელს ახლომდებარე ადგილებიდან ეზიდებოდნენ.

დ’ალფონსმა ბულვარი გაამდიდრა იშვიათი ჯიშის მცენარეებით, რომლებიც ჩაქვის საკუთარი მამულიდან გადმორგა. ბულვარის განვითარებაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საფრანგეთში განსწავლულ იასონ გორდეზიანს, რომელიც 1917 წელს დაინიშნა ქალაქის პარკის, ბულვარისა და სანერგის მმართველად.

ბათუმის ბულვარი, ღია ბარათი

____________

მთავარ ფოტოზე: ბათუმის ბულვარი, მიხეილ გლაუდანის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: