განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

რასაც ვკითხულობთ, არის გაცილებით მეტი ვიდრე მხოლოდ შინაარსი | ლანა ჩადუნელი

11.02.2022 • 2101
რასაც ვკითხულობთ, არის გაცილებით მეტი ვიდრე მხოლოდ შინაარსი | ლანა ჩადუნელი

ავტორი: ლანა ჩადუნელი, ჟურნალისტი

___

ნებისმიერი მკითხველის ურთიერთობა წიგნთან ძალიან ინდივიდუალურია და ინტიმურიც.  ამ კავშირის დამყარება, ალბათ, ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება, როცა პირველად ვიწყებთ წიგნთან ურთიერთობას და ნელ-ნელა ვიცვლებით. სწორედ წიგნთან ამ ინდივიდუალური კავშირის ამბავს მინდა შევეხო, რომლის ახსნასაც საკუთარი დამოკიდებულების განხილვით შევეცდები. 

ყოველთვის მინდოდა ისეთი მკითხველი ვყოფილიყავი, წაკითხვის შემდეგ წიგნის მთავარი პერსონაჟების სახელები თუ ავტორის მიერ ნახსენები დეტალები საფუძვლიანად რომ ებეჭდებათ მეხსიერებაში. მე კი ამ დროს, ხშირ შემთხვევაში, წიგნის დასასრულიც კი არ მახსოვს. ალბათ ძალიან უცნაურად ჟღერს, კითხულობ წიგნს და არ გახსოვს არათუ როგორ განვითარდა მოვლენები, არამედ საერთოდ, როგორ დასრულდა წიგნი. ერთადერთი, რაც წიგნის დასრულების შემდეგ მამახსოვრდება, არის ჩემი დასკვნითი ემოცია ამ წიგნის მიმართ. მარტივად რომ ავხსნა, თითოეული წიგნი ჩემთვის ქმნის ემოციას, რაც კონკრეტული წიგნის წაკითხვის შემდეგ რჩება ჩემში.

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ წიგნებს ტყუილად ვკითხულობდი. ლოგიკურიცაა, თუ არც პერსონაჟი გახსოვს, არც წიგნის შინაარსი და მითუმეტეს არც დასასრული, მაშინ, რა აზრი აქვს წიგნის კითხვას. ეს პერიოდი გაგრძელდა მანამ, სანამ შემთხვევით არ დავიწყე წაკითხული წიგნებიდან გაუცნობიერებულად აღებული და ჩვევად ქცეული ღირებულებების მიგნება საკუთარ თავში. ეს ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რაც ჩემს თავზე  გამიკეთებია.

ამ საკითხზე როცა ვფიქრობ, ყოველთვის ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული წიგნი –  „თამაში ჭვავის ყანაში“ მახსენდება, რომელშიც წიგნის მთავარ გმირთან, ჰოლდენ კოლფილდთან ისედაც უამრავი მსგავსების გარდა, კიდევ ერთი საერთო აღმოვაჩინე, როდესაც ის ამბობს: საკმაოდ გაუნათლებელი ვარ, მაგრამ ძალიან ბევრს ვკითხულობ. (I’m quite illiterate, but I read a lot)

ამ სიტყვებმა აღმომაჩენინა, რომ ამ ამბავში მარტო არ ვარ და შემდეგ ჩემი ახალი აღმოჩენის ძიებას შევუდექი. ჩემი ფიქრი, რომ წიგნებს ტყუილად ვკითხულობდი, გაქრა და მივედი დასკვნამდე, რომ რასაც ვკითხულობ, არათუ დამავიწყდა, არამედ ძალიან ღრმად ილექება ჩემს ქვეცნობიერში, რომელიც ყოველთვის თან ახლავს ცოდნას და ამავდროულად არის გაცილებით მეტი, ვიდრე მხოლოდ შინაარსი. როდის და რა ფორმით იჩენს ეს თავს, ცალკე საკითხია.

მოგზაური ბიბლიოთეკის შესახებ რომ გავიგე, დავფიქრდი თითოეულ იმ ბავშვზე, რომელიც ამ პროექტის მეშვეობით მალე საკუთარ თავში ახალ აღმოჩენებს დაიწყებს. თითოეული წიგნის დასასრულს შეიძლება პერსონაჟების სახელებიც ახსოვდეს და დიალოგის თანმიმდევრობაც, ეს ყველა მკითხველის შემთხვევაში ძალიან ინდივიდუალურია. რაც ყველას გვაერთიანებს, არის შინაგანი სამყაროს ზრდა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მოგზაური ბიბლიოთეკა ამ ბავშვებისთვის ძალიან დიდი ცვლილებების დასაწყისია.

შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

 გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: