მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ დემონტაჟი შეიძლება დაიწყოს ბათუმიდან – არმაზ ახლედიანი 2 აპრილის არჩევნებზე

09.02.2022 • 1901
„ოცნების“ დემონტაჟი შეიძლება დაიწყოს ბათუმიდან – არმაზ ახლედიანი 2 აპრილის არჩევნებზე

2 აპრილს, ზუსტად 51 დღეში, ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები გაიმართება. ბათუმის #4 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ხელახალი არჩევნების გამართვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც არჩეული დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო.

რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის – ამ საკითხზე „ბათუმელები“ საქართველოს პარლამენტის წევრს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.

  • ბატონო არმაზ, 2 აპრილის არჩევნები ბათუმის საკრებულოში ფაქტობრივად გადაწყვეტს პოლიტიკურ ძალთა ბალანსს. „ოცნებამმაჟორიტარულ ოლქში, სადაც არჩევნები უნდა გაიმართოს, დაასახელა რამაზ ჯინჭარაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. თქვენი აზრით, მმართველმა პარტიამ ის რატომ აარჩია

„ოცნებისთვის“ ეს არის გადამწყვეტი არჩევნები ბათუმში. დარწმუნებული ვარ, კანდიდატურა შეარჩიეს იმ ნიშნით, რომ მას ჰქონდეს შანსი გამარჯვების. მე არ ვიცნობ რამაზ ჯინჭარაძეს, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ „ოცნება“ არ მოერიდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, უფრო მეტიც, ის ახლა არაფერს არ მოერიდება, რადგან კარგად ხვდება რა შეიძლება დაკარგოს.

  • რა შანსი აქვს ოპოზიციას ამ ოლქის მოსაგებად? ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე გახარიას კანდიდატმა ამ ოლქში 1400-ზე მეტი ხმა მიიღო.

ოპოზიციას, რა თქმა უნდა, აქვს შანსი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბათუმელების იმ ნაწილმა, რომლებიც ამ ოლქში ცხოვრობენ, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება იმის თაობაზე, გვინდა თუ არა ბათუმში ერთპარტიული მმართველობა, აჯობებდა თუ არა ბათუმისთვის კოალიციური მმართველობა. ეს არის უმთავრესი კითხვა.

შესაბამისად, ამის გათვალისწინებით, ამის გააზრებით უნდა გააკეთოს ყველა ამომრჩეველმა არჩევანი. ყველამ, ვინც აქამდე არჩევანი ვერ გააკეთა, ვერ ჩამოყალიბდა, ვინც ორჭოფობდა.

ვფიქრობ, არა კონკრეტულ პარტიულ ორგანიზაციას, არამედ მრავალპარტიულ კოალიციურ მმართველობას უნდა დაუჭირონ მხარი ბათუმში. ეს იქნებოდა შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენი ქალაქისთვის და არა მხოლოდ ბათუმისთვის.

  • პირველადი ინფორმაციით, ოპოზიციის კანდიდატი შესაძლოა იყოს ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე. ამასთან, ენმ-ის განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების მაპროვოცირებელი მიზეზი გახდა ის ზეწოლა, რომელსაც ხელისუფლება მასზე ახდენდა. ის, რომ საკრებულოს გარდაცვლილი წევრის შვილი შეიძლება გახდეს კანდიდატი, რამდენად იმუშავებს ოპოზიციის სასარგებლოდ

ნუგზარ ფუტკარაძის ბურუსით მოცული გარდაცვალება კიდევ ერთხელ გვეუბნება, რომ უსამართლო სახელმწიფოში სიმართლის მიღწევა ძალიან რთულია. თითქმის შეუძლებელია, მაგრამ საერთო მონდომებით, საზოგადოების საერთო მტკიცე ნებით, ეს მაინც შესაძლებელია. შეიძლება უფრო გვიან, მაგრამ შედეგი დგება. რა თქმა უნდა, პიროვნულ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთ პოლარიზებულ საზოგადოებაში, როგორც ჩვენია.

ვერაფერს გეტყვით მისი შვილის თაობაზე, არ ვიცნობ, მით უფრო, არც არის ეს ამბავი დადასტურებული, მაგრამ კვლავ გავიმეორებ იმას, რისიც მე მწამს, ვინც არ უნდა იყოს ოპოზიციის კანდიდატი და დარწმუნებული ვარ ოპოზიცია დიდი პასუხისმგებლობით შეარჩევს შესაბამის კანდიდატურას:

ჩვენ, მოქალაქეებმა, ვისაც ხმის უფლება გვექნება ამ არჩევნების დროს, უნდა გავიაზროთ, რომ არა უბრალოდ ერთი ოლქის მაჟორიტარს ვირჩევთ ბათუმის საკრებულოში, არამედ ჩვენი არჩევანი განსაზღვრავს ბათუმის მომავალს; იქნება თუ არა შესაძლებელი, რომ კოალიციური მმართველობის შედეგად ბათუმში დასრულდეს კორუფციული გარიგებები, ერთპარტიული მმართველობა, რომელიც შედეგად გვაძლევს ბიზნესგარიგებებს, ბათუმში, ბათუმელების ინტერესების გაუთვალისწინებლობას, დამახინჯებულ ბულვარს, დამახინჯებულ და განადგურებულ ქალაქის ისტორიულ ნაწილს და ვერ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი ქალაქი გამოვიდეს აი, ამ ჩაკეტილი წრიდან, სადაც იმყოფება მრავალი ათწლეულია.

ამის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს ოპოზიციამ კანდიდატი და სწორედ ამ პასუხისმგებლობით უნდა დაირაზმოს საზოგადოება მის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, ასეც მოხდება.

  • როგორ საარჩევნო გარემოს ელოდებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ოლქი არის გადამწყვეტი, როგორც „ოცნებისთვის“, ისე ოპოზიციისთვის?

სამწუხაროდ, მე არ გამოვრიცხავ „ოცნების“ მხრიდან ისეთი მიუღებელი, უკანონო მეთოდების გამოყენებას, რაც შესაძლოა მას არც კი გამოუყენებია აქამდე. სწორედ იმიტომ, რომ ბათუმის საკრებულოს დაკარგვა „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მწარე ახალი რეალობა იქნება.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ – კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება და ოპოზიციონერები ვიყოთ უიმედოდ. პირიქით, უნდა დავარწმუნოთ ერთმანეთი – მონდომებით, მტკიცე ძალისხმევით, შესაძლებელია ამ მოჯადოებული წრის გარღვევა და იმის ჩვენება, რომ „ოცნების“ დემონტაჟი შესაძლებელია დაიწყოს რეგიონებიდან.

ბათუმი ამ მხრივ შეიძლება აღმოჩნდეს საუკეთესო დასაწყისი საერთო ეროვნული მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყებად, რომელიც შედეგად მოგვიტანს სამართლებრივ სახელმწიფოს. მე არ მგონია ვინმეს მოეჩვენოს ეს შეფასება გადაჭარბებულად. ერთი არჩევნების შედეგად ამხელა პროცესი შეიძლება დაიწყოს რეგიონსა და ქვეყანაში.

სწორედ ასეთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ მე ამ საარჩევნო პროცესს და ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ ბათუმის მოსაგებად, ბათუმში სამართლიანობის დამკვიდრების ნანატრი პროცესის დასაწყებად. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კოალიციური მმართველობით. ასე რომ „ოცნების“ ხრიკებს ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპიროთ ჩვენი სიმტკიცე და სიმართლე. ასეთ შემთხვევაში გამარჯვება ახლოს იქნება.

პირდაპირ გეტყვით – უნდა ველოდოთ ყველაფერს. „ოცნება“ იკადრებს უკადრებელს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დავყაროთ ფარ-ხმალი.

უნდა შევძლოთ და ამ წარმოუდგენელი წნეხის, უსამართლობის, ადმინისტრაციული და ფულადი რესურსის უპრეცედენტო გამოყენების ფონზე, მაინც შევძლოთ გამარჯვება. ამ გამარჯვებაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ბათუმის მომავალი. აი, ეს დევს სასწორზე. შესაბამისად, ამის გაცნობიერებით და ამ პასუხისმგებლობით ვფიქრობ, რომ სავსებით შესაძლებელია ყველა პროგრესული ძალის გაერთიანება.

დარწმუნებული ვარ, ადამიანები არ შეშინდებიან და არ დაუთმობენ „ოცნებას“, ანუ არ დაუთმობენ კორუფციის შემდგომ აყვავებას ბათუმში, არ დაუთმობენ ვიწრო პარტიული ინტერესების გამარჯვებას ჩვენს ქალაქში. იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს სასწორზე, ვფიქრობ, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ბათუმის მომავალი, გადავდებთ ყველაფერს გვერდზე და შევძლებთ უპრეცედენტო მობილიზებას ამ გამარჯვების მისაღწევად.

  • პირადად თქვენ რას ელით, ვისი კანდიდატი მოიგებს 2 აპრილს არჩევნებს ბათუმში?

უპირველესად იმას გეტყვით, რომ ბათუმში კოალიციურმა მმართველობამ გაიმარჯვა. უბრალოდ, უსამართლო, ძალადობრივი სისტემის გამო ჩვენ კვლავ გვიწევს ახლა არჩევანის გაკეთება. კვლავ გვიწევს იმის დადასტურება, რაც ერთხელ უკვე დადასტურდა.

რა ვუყოთ, ამ მწარე რეალობაში გვიწევს ცხოვრება და ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალით, მეტი სიმტკიცით, მეტი სიმართლით დავუპირისპირდეთ ამ მახინჯ სისტემას. ვფიქრობ, პასუხისმგებლობიან, ბათუმის ნორმალურ მომავალზე გულშემატკივარ მოქალაქეს არავითარი სხვა გზა, სხვა არჩევანი არ გააჩნია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: