მთავარი,სიახლეები

„ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი“ – ამირან გამყრელიძე

01.02.2022 • 1705
„ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი“ – ამირან გამყრელიძე

ბუსტერიზაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. მისი თქმით, ბოლო მონაცემებზე დაკვირვების მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც ბუსტერდოზა გაკეთებული აქვთ, იშვიათია ომიკრონით ინფიცირების შემთხვევა.

„ბუსტერიზირებულებში ინფექციის განვითარება ომიკრონის შედარებით იშვიათია და ის მიმდინარეობს ბევრად უფრო მსუბუქად, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთავარ სლოგანს, რომ ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ ორჯერადად აცრისა და ბუსტერდოზის გაკეთებისკენ განსაკუთრებით 60 წელს ზევით მყოფ ადამიანებს მოუწოდებს.

„სადაც მეტი გვაქვს გართულებები, სადაც მოდის სიკვდილიანობის თითქმის 86 პროცენტი 60 წელს ზემოთ, რომ ეს ადამიანები აუცილებლად უნდა აიცრან, ვინც არ არის ორჯერადად აცრილი, ხოლო ვინც ორჯერადად აცრილია, გაიკეთონ ბუსტერი,“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, პირველ თებერვალს, საკოორდინაციო საბჭომ  „მწვანე პასპორტები“ გააუქმა. ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს არ უპასუხა კითხვას: დაუჭირა თუ არა მხარი „მწვანე პასპორტების“ გაუქმებას?

ხელისუფლებამ „მწვანე პასპორტი“ გააუქმა იმ ვითარებაში, როცა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დღე-ღამეში უკვე 24 ათასს გასცდა, ხოლო ქვეყანაში კორონავირუსით 15 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: